რუსული იმპერიალიზმის შუქჩრდილები

როგორც ცნობილია, ბოლო კვირების მანძილზე მოსკოვში ოპოზიცია გააქტიურდა. რა თქმა უნდა, პუტინის მოწინააღმდეგეების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები არაა იმ მასშტაბისა და დონის, რომ საგრძნობი საფრთხე შეუქმნას იმპერატორის ძალაუფლებას, თუმცა თავად ფაქტი უკვე მეტყველებს რუსულ საზოგადოებაში უკმაყოფილების ზრდაზე.

მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, საკუთარი პრობლემა გვაწუხებს. როგორ შევაფასოთ რუსული ოპოზიციის გამოცოცხლება და, საერთოდ, რა აზრის უნდა ვიყოთ თავად ამ ოპოზიციის შესახებ?
ჩემი აზრით, საქართველოში ამასთან დაკავშირებით გავრცელებულია არასწორი პოზიცია _ ყველა რუსი იმპერიალისტია; ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი არაფრით სჯობს პუტინს; ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ის გააგრძელებს დღევანდელ პოლიტიკას მეზობლებისადმი.
ამის დასტურად მოჰყავთ რუსი ოპოზიციონერების, მათ შორის, პირადად ალექსეი ნავალნის გამონათქვამები საქართველოსა და საერთოდ რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, სადაც ძალიან მაღალი დოზით დაინახავთ ტრადიციულ რუსულ იმპერიალიზმს.
თუმცა არასწორია რუსეთის შიდა პოლიტიკური მოვლენების შეფასება, მხოლოდ და მხოლოდ, ქართული გადასახედიდან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსულ პოლიტიკაში საქართველო საერთოდ არაა არანაირი ფაქტორი და ბევრ რუს პოლიტიკოსსა თუ კერძო პირს საერთოდაც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ჩვენს შიდა კონფლიქტებზე.
ის, რაც ჩვენთვის პირველხარისხოვანია, რუსებისთვის მე-1000 ადგილზე დგას, ამიტომაც არასწორია მათი შეფასება ამ პარამეტრით.
რა თქმა უნდა, ყველა რუსი, მათ შორის, ლიბერალი, იმპერიალისტია, და ეს არის მოცემულობაა, რომელსაც ვერსად გაექცევი. 90-ანი წლების პოპულარული წარმოდგენა 2 რუსეთზე ბავშვური მიამიტობაა _ რუსეთი არის ერთი და ის არის იმპერიალისტური. ეს ცალსახაა.
თუმცა ამ სამყაროში ყველაფერი შედარებითია, მათ შორის, იმპერიალიზმი. ნებისმიერ მოვლენაში არსებობს უამრავი გრადაცია და განსხვავება _ თეორიულად, საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტი, რომელიც ნოსტალგიით იხსენებს ძველ დროს და რუსი ნაციონალისტი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, საერთოდ არ უნდა არსებობდეს _ ორივე იმპერიალისტია.
თუმცა ვინმე იტყვის, რომ ისინი ერთნაირები არიან?
რუსი იმპერიალისტებიც ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ქართველი ნაციონალისტები, _ მეტადაც.
სხვათა შორის, პუტინი არაა ყველაზე რადიკალური ფრთის წარმომადგენელი _ პირიქით, მას ხშირად აბრალებენ პროდასავლურობას(!!!), ლიბერალიზმსა(!!!) და მეზობელი ქვეყნების მიმართ ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებას. რადიკალი იმპერიალისტები აღშფოთდნენ, რომ პუტინმა შტურმით არ აიღო თბილისი და არ შემოუერთა რუსეთს მთელი აღმოსავლეთ უკრაინა _ თავისი ოდესა-ხარკოვი-დნეპროპეტროვსკით.
რუსულ პოლიტიკურ სისტემაში პუტინი საშუალო დონის იმპერიალისტია _ ის ერიდება ხანგრძლივ და ზედმეტად სისხლისმღვრელ ომებს, ცდილობს არ შეიჭრას ტერიტორიებზე, სადაც მას არ გააჩნია მკვეთრი მხარდაჭერა და, საერთოდ, პირველი რუსი პოლიტიკოსია, რომელსაც გაახსენდა, რომ ტანკებისა და რაკეტების გარდა არსებობს რბილი ძალა _ არანაკლებ კი არა, ზოგჯერ უფრო ეფექტიანიც კი.
რაც შეეხება ოპოზიციას, ისინიც იმპერიალისტები არიან, ოღონდ ბევრად უფრო მსუბუქი ფორმით. მათი გამონათქვამები ქართულ თემაზე საერთოდ არ უნდა მივიღოთ მხედველობაში, რუსებისთვის ამ საკითხის უმნიშვნელო ხარისხის გამო.
აი, უკრაინის საკითხში კი ბევრი რუსი ოპოზიციონერი გაცილებით მკაცრია პუტინის მიმართ ან ამჯობინებს ნეიტრალიტეტს და საერთოდ არ საუბრობს ამ თემაზე _ როგორც იგივე ალექსეი ნავალნი.
მათსა და პუტინს შორის ტოლობის ნიშნის დასმა დიდი შეცდომაა.
ხვალ ჰიპოთეტურად რომ დაუშვათ რუსული ოპოზიციის მოსვლა ხელისუფლებაში, რუსეთი მაინც დარჩება იმპერიალისტური, ოღონდ ბევრად უფრო რბილი. და ნუ შევადარებთ ელცინის პერიოდს, როგორც ესაა მიღებული, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ სწორედ დემოკრატი ელცინის პერიოდში წაგვართვეს ტერიტორიებს დიდი ნაწილი _ ელცინი ვერ აკონტროლებდა სიტუაციას ქვეყანაში და მით უმეტეს, რუსული ელიტის აგრესიულ ფრთას.
წარმოვიდგინოთ წარმოუდგენელი _ ნავალნი _ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც სრულად აკონტროლებს მთელ სახელმწიფო მანქანას.
რა იმპერიალისტიც არ უნდა იყოს ის, მაინც სხვა თაობის ადამიანია და მიდგომა შეიცვლება. რა თქმა უნდა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არავინ გვაჩუქებს და იქ ჯარებით წესრიგის დამყარების უფლებას არავინ მოგვცემს.
თუმცა უეჭველია, რომ აფხაზები და ოსები დაკარგავენ იმ უსაზღვრო და უპირობო მხარდაჭერას. რუსი ლიბერალ-იმპერიალისტის მესიჯი მათდამი იქნება შემდეგი _ ჩვენ არ ჩაგაბარებთ და არ მივცემთ ქართველებს თქვენი დაპყრობის უფლებას, თუმცა ის, რაც დღეს ხდება, ვერ გაგრძელდება დაუსრულებლად _ წადით და, ბოლოს და ბოლოს, რამეზე შეთანხმდით ქართველებთან.
ესეც ხომ იმპერიალიზმია, თუმცა პუტინისეული მიდგომისგან განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა. რუსულ ლიბერალურ იმპერიალიზმთან შეიძლება ლაპარაკი, აზრთა გაცვლა, კომპრომისი, ვაჭრობა… განსხვავებით პუტინისგან.
ამიტომაც რუსეთში ხელისუფლების ჰიპოთეტური ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს რაღაც ცვლილებებს და, საბოლოო ჯამში, წინსვლას.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ დღევანდელი რუსი ოპოზიციონერების უმრავლესობა არის თანამედროვე, პროევროპულად განწყობილი ახალგაზრდა, რომელსაც სურს ქვეყნის განახლება და მოდერნიზება. ეს კი ყველა შემთხვევაში შეცვლის რეალობას, რომელიც შეიქმნა ყრუ და ღრმა პუტინიზმის პირობებში.
რუსეთი, რომელიც მიდის ევროპული გზით _ ვერაფრით იქნება სეპარატისტების უპირობო და ცალსახა მხარდამჭერი.
დიახ, ყველა რუსი იმპერიალისტია, ოღონდ იმპერიალიზმის ზოგიერთ ნაირსახეობასთან შესაძლებელია საუბარი, ზოგთან _ გამორიცხულია.
სწორედ ესაა ორ იმპერიალისტს _ პირობითად, პუტინსა და ნავალნის შორის _ განსხვავება.
დღეს ამაზე საუბარიც სასაცილოა, ოპოზიციის მოსვლა ხელისუფლებაში _ ჰიპოთეტურიც კი არაა, თუმცა არასდროს თქვა „არასდროს“…

თენგიზ აბლოთია