გვანცა გიორგობიანი: „ძალიან მინდა ჩემს საყვარელ სოხუმის თეატრში დაბრუნება“

პროფესიაზე უარი არასდროს უთქვამს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მსახიობ გვანცა გიორგობიანს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან წამოსვლა რამდენიმე წლის წინათ მოუწია _ თეატრიდან, სადაც მან 11 წელი იმუშავა.

გვანცა აფხაზეთიდან დევნილია და მას განსაკუთრებით შესტკივა გული იმ მოვლენებზე, რაც დღეს საქართველოში ხდება. მომავალს ყოველთვის იმედის თვალით უყურებდა, თუმცა იმედი იმისა, რომ აფხაზეთში დაბრუნდებოდა, გაუქრა.
ბევრ რამეზე სტკივა გული… ფუტკარივით მშრომელია და თავისი საყვარელი საქმიანობის გარდა, პარალელურად, სხვა უამრავ საქმესაც ითავსებდა. დამახასიათებელი როლებით მან მაყურებელს როგორც სცენიდან, ასევე სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ დაამახსოვრა თავი.
„ქრონიკა+“ მსახიობ გვანცა გიორგობიანს სერიალზე, სოხუმის თეატრიდან წამოსვლის მიზეზებზე, აეროპორტში გატარებულ რვა წელზე, ახალ გეგმებზე, დღევანდელ მოვლენებსა და ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა:

_ გვანცა, ბოლოს მაყურებელს თავი დაამახსოვრეთ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ელისოს გმირს თამაშობდით, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენ ეკრანიდან გაუჩინარდით. სად არის დღეს გვანცა გიორგობიანი?
_ ეკრანიდან გავუჩინარდი და გავთხოვდი, სერიალიდან წამოვედი. ჩემი გმირი გაიყვანეს და თავიდან ბოლომდე ჩავერთე ახალ სამსახურში, ტელეკომპანია „იბერიაში“, სადაც ბედნიერი ოთხი წელი გავატარე.
_ ტელეკომპანია „იბერიაში“ რას აკეთებდით?
_ ძალიან ბევრ რამეს. ამ სამსახურს სამოთხე შევარქვი, რადგან იქ ვახმოვანებდი სერიალებს, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, მულტფილმებს, რეკლამებსა და ვიყავი „იბერიის“ ხმა. ეს იყო სამსახური, რომელსაც დღემდე მივსტირი. საოცრად მომეწონა ის საქმე, რომელსაც ხელი მოვკიდე, თუმცა, სამწუხაროდ, ტელეკომპანია „იბერია“ დაიხურა. დღეს ვარ უმუშევარი, ვდიასახლისობ, ვზრდი პატარა ნიკოლოზს და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან დედობა ყველაზე დიდი საჩუქარია ღვთისგან, მაგრამ როდესაც ამდენი წელი ერთი დღითაც არ მქონია სამსახურებრივი ჩავარდნა, ახლა ძალიან მიჭირს უმოქმედოდ ყოფნა. მუდმივად ვმუშაობდი, პარალელურად რამდენიმე თეატრში ვთამაშობდი. მოვიარე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თავისუფალი თეატრი, ასევე თეატრალური სარდაფი რუსთაველზე, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ტრაგიკომედიის თეატრი და ა. შ. პარალელურად დამატებით ვმუშაობდი სხვადასხვა სამსახურში: დაბადების დღის ცენტრებში, მიმყავდა კონცერტები, აეროპორტშიც ვიმუშავე და გულწრფელად გეტყვით, რომ ახლა ძალიან მიჭირს ასე ყოფნა. იმედს არ ვკარგავ, რომ მალე, ღვთის წყალობით, გამოჩნდება სამსახური, რომელსაც ხელს მოვკიდებ, რადგან ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი მხოლოდ სახლში. აუცილებლად უნდა დავიხარჯო, ვიშრომო და აქტიურად ვიცხოვრო. ნიკოლოზს სექტემბრიდან ბაღში გავუშვებ და ვგეგმავ, რომ ისევ სოხუმის თეატრში დავბრუნდე, იქ, სადაც 11 წელი გავატარე.
_ რატომ წამოხვედით სოხუმის თეატრიდან, რა იყო ამის მიზეზი?
_ ყველაფერს გულწრფელად გეტყვით: როცა თეატრში მივედი, ხელფასი 70 ლარი იყო. მოგეხსენებათ, ეს დევნილი თეატრი იყო, მაშინ მეტი საშუალება არ ჰქონდა და გასაგებიცაა. წლების მერე ხელფასი ნელ-ნელა გამეზარდა და მქონდა 80 ლარი, 100 და 115 ლარი. ბოლოს, როცა თეატრიდან წამოვედი, 219 ლარი მქონდა და ეს ფული არაფერში მყოფნიდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თეატრიდან წამოსვლაზე არც ვფიქრობდი, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში მამამ სამსახური დაკარგა, მთლიანი ოჯახის პატრონობა და რჩენა ჩემს თავზე ავიღე. ამ ყველაფერს არ შევუშინებივარ, რადგან ძალიან მებრძოლი ადამიანი ვარ. დავიწყე ფიქრი, თუ სად მემუშავა და ოჯახის სარჩენი ფული სად მეშოვა. ჩემმა მეგობარმა რეკომენდაცია გამიწია და სრულიად მოულოდნელად აეროპორტში მოვხვდი.
_ აეროპორტში რას აკეთებდით?
_ პირველად სტაფი ვიყავი მოფრენის დარბაზში და ინფორმაციას გავცემდი უცხოელებზე. შემდეგ ეს სამსახური მალევე დაიხურა. სიტუაციას გადავხედე და აეროპორტში დარჩენა გადავწყვიტე, მაგრამ პოლიციის აკადემიის დამთავრება მომიწია. ასე მარტივად საავიაციო უშიშროებაში ვერავინ მოხვდება, თუ მან რაღაც ეტაპები არ გაიარა. მე პოლიციელის სერტიფიკატი მივიღე, ჩავაბარე გამოცდები სროლაში, ვისწავლე იარაღის დაშლა-აწყობა, ჩავაბარე გამოცდა სისხლის სამართალში, რომელიც ძალიან წარმატებით დავასრულე. ამ ყველაფრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოს თანამშრომელი გავხდი, ჩავიცვი პოლიციის ფორმა და დავდექი საქართველოს საზღვარზე _ 8 წელი ვათენებდი ღამეებს და ვემსახურებოდი საქართველოს.
_ ძალიან კარგია, როცა ადამიანი საქართველოს ემსახურება, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი: თქვენ ხართ მსახიობი, რადიკალურად განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობდით. არ გაგიჭირდათ პოლიციის ამპლუაში ყოფნა?
_ რა თქმა უნდა, გამიჭირდა. ყველაზე მეტად მაშინ მიჭირდა, როდესაც ვხედავდი, თუ როგორ მიფრინავდნენ ჩემი კოლეგები სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. ეს მტკივნეული იყო, რადგან მე იქ ვიდექი და არა _ სცენაზე. ყველა მსახიობი, რომელიც აეროპორტში მხვდებოდა და პოლიციის ფორმაში მხედავდა, მეკითხებოდა, რომელ ფილმში გიღებენო, ეგონათ, რომ გადაღებისთვის მეცვა ფორმა და პოლიციის როლს ვთამაშობდი. ძალიან მინდოდა, რომ სადმე მეთამაშა და უცებ „ჩემი ცოლის დაქალებში“ როლზე დამამტკიცეს, რომელიც ორი სეზონი გაგრძელდა. საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა ჩემი პერსონაჟი, რომელიც იყო შინაბერა, გაუთხოვარი ქალბატონი ელისო, მასაც სწყუროდა დედობა, ოჯახი, თუმცა ვერ ახერხებდა. უბედნიერესი ვიყავი იმიტომ, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. ამ სერიალმა და როლმა უზარმაზარი წარმატება, ცნობადობა მომიტანა. ეს პერსონაჟი უკვე დიდი ხანია, რაც ეკრაზე აღარ ჩანს და დღესაც უამრავი ადამიანი მცნობს, მეფერება, ფოტოებს იღებს ჩემთან, რაც ძალიან სასიამოვნოა. ზოგადად ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ, ცხოვრებას ყოველთვის იმედის თვალით ვუყურებ და ზუსტად ვიცი, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. კიდევ უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი.
_ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ისევ რომ მიიღოთ შემოთავაზება, დასთანხმდებოდით?
_ რა თქმა უნდა, ამას შეკითხვაც არ უნდა. დამიჯერეთ, რომ საქართველოში ყველა მსახიობი შემოქმედებითად მშიერია, თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც თეატრში არიან, რადგან იმათ სწყურიათ ქართული ფილმის აღორძინება, სწყურიათ, რომ მათი სახე დარჩეს ქართულ კინოში, რომ რაღაც ღირებული ითამაშონ. ჩვენი დიდი ბუმბერაზი მსახიობებიც ხომ ფილმებიდან დაამახსოვრდა თაობებს, რადგან კადრი რჩება. შედევრები აქვთ ჩვენს რეჟისორებს გადაღებული, რომელიც არ ჩამოუვარდება მსოფლიო კინემატოგრაფიას. სამწუხაროდ, დღეს არავის აღელვებს ქართული ფილმის დაფინანსება, არავის უნდა მისი აღორძინება და გაცოცხლება. ქართული კინო უკვე წლებია, მკვდარია. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, როცა ჩვენს რეჟისორებს ვხედავ თუ როგორ აკეთებენ, იღებენ აქა-იქ ფილმებს, აკავებენ მსახიობებს და აღწევენ ძალიან დიდ წარმატებას. ზაზა ურუშაძე და სხვა უამრავი რეჟისორი გვყავს, რომელთაც უფულობის გამო ხელ-ფეხი აქვთ შეკრული და ვერაფერს აკეთებენ.
_ გვანცა, სოხუმის თეატრში დაბრუნებას გეგმავთ?
_ ძალიან მინდა, რომ ჩემს საყვარელ თეატრში დავბრუნდე, თუმცა, ამ ეტაპზე, არ ვიცი, რა როგორ გამოვა. ყველგან შტატის პრობლემაა, თუმცა ძალიან მინდა.
_ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი დაფინანსება იყო თეატრებში წლების წინათ და ამაზე თქვენც ისაუბრეთ, მაგრამ რა ხდება დღეს, რამდენად გაუმჯობესდა ანაზღაურების მხრივ სიტუაცია?
_ სულ ოდნავ კი გაუმჯობესდა ხელფასები, მაგრამ ლარი დღეს ისეა გაუფასურებული, რომ დღევანდელი 400 ლარი მაშინდელ 200 ლარს უდრის. აზრი მითხარით? რთულია, როდესაც ყველაფერს ცეცხლის ფასი ადევს, გადასახადები იზრდება და ხელფასები _ არა.
_ გვანცა, თქვენ ურთულესი პერიოდი გამოიარეთ სოხუმის თეატრთან ერთად, ასევე ხართ აფხაზეთიდან დევნილი, კერძოდ კი, კურორტ კინდღიდან.
_ მახსენდება ერთი პერიოდი, როდესაც მსახიობების დამატებითი დაფინანსება დაიწყეს: მე, რატომღაც, გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ორად-ორ დევნილ თეატრს (სოხუმისა და სამაჩაბლოს თეატრები), რომელმაც დაკარგა საკუთარი შენობა, მიხედავდნენ. ჩვენ 25 წელია, რაც რუსებმა გამოგვყარეს და ტერიტორია წაგვართვეს. ისეთ თეატრებზე დაიწყეს დახმარება, რომლებიც ყველა ადგილობრივი იყო და კარგად იცით, ვინც აფინანსებდა მათ, ჩვენ კი არავის გავახსენდით და არავის ვჭირდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცოტა შემოსავალი გვქონდა სხვა თეატრების მსახიობებისგან განსხვავებით, არც ერთ მეცენატს არ გავხსენებივართ და დახმარების ხელი არ გამოუწვდია.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ როგორც ჩანს, არავის აღელვებდა ჩვენი ბედი. თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორ დააფინანსეს სხვა დიდი თეატრები და დამატებითი ანაზღაურებაც რამდენი ჰქონდათ მსახიობებს. მრგონა, ცოტას ჩვენც მოგვხედავდნენ, მაგრამ არა. ჩვენ მაშინ არ ვიყავით ცნობადი სახეები, ვერ დავუდგებოდით გვერდით, ჩვენი ხმები არ სჭირდებოდათ და ის, რომ ჩვენ დევნილები ვიყავით, არავის აინტერესებდა. ის ცნობადი სახეები კი აწყობდათ, რადგან იცოდნენ, რომ, ადრე თუ გვიან, მათი სახეები გამოადგებოდათ და გვერდით დაიყენებდნენ, რასაც დღეს ფაქტად ვხედავთ. ჩვენ ვიწანწალეთ ადგილიდან ადგილზე, ძალიან დიდი მადლობა იმ უამრავ თეატრს, რომელმაც შეგვიფარა და სპექტაკლებს ვთამაშობდით. 25 წლის მანძილზე არ დარჩენილა სცენა, სადაც სოხუმის თეატრის მსახიობებს არ გვითამაშია, მაგრამ მართლა გულით მეგონა, რომ ვინმე პატარა კუთხეს გამოყოფდა. შტატები განახევრდა და თეატრში თითზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა.
_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ სერიალმა „ჩემი ცოლის დაქალებმა“ პოპულარობა მოგიტანათ, მაგრამ თქვენ დაახლოებით 2000-იან წლებში რუსთაველის სარდაფში ითამაშეთ სპექტაკლში „სექსუალური რევოლუცია“ და მე მახსოვს, რომ ამ პრემიერიდან მეორე დღეს სპექტაკლის განხილვა იყო. თქვენზე იწერებოდა პრესაში, გაკეთდა სატელევიზიო სიუჟეტები, ტოქშოუებში გიწვევდნენ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი პოპულარობა ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიწვია ამ სპექტაკლმა ასეთი დიდი რეზონანსი?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში და მსგავს თემებს ცოტა ტაბუ ადევს. ერიდებოდათ ხმამაღლა საუბარი, რცხვენოდათ. თვითონ ეს ჟანრი ვერბატინი, ახალი დაბადებული იყო და საქართველოში პირველად რეჟისორმა ნინო ბასილიამ დადგა. ჩვენ ხმამაღლა დავიწყეთ ლაპარაკი სპექტაკლში ამ თემაზე და ზოგადად სექსუალურ პრობლემებზე. რა თქმა უნდა, საკმაოდ ხმაურიანი სპექტაკლი გამოვიდა. მსგავსი სპექტაკლი ინგლისში გაკეთდა. ნინო ბასილიამ სახელიც თამამი დაარქვა და ამანაც ძალიან იმუშავა. გარდა ამისა, გამოცდილი მსახიობები შეგვკრიბა. უნიჭიერესი ადამიანების გვერდით მიწევდა თამაში ნინო ხომასურიძესთან, ნინო ლეჟავასთან და მაია ლომიძესთან ერთად. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ხმაურისა და განხილვის საგანი გახდა, დაინტერესდა პრესა, ტელევიზია და სპექტაკლი შედგა.
_ მახსოვს, რეჟისორმა თქვენზე გარისკა, რადგან იმ პერიოდში, როგორც მანდილოსანი, გამოუცდელი იყავით, თუმცა ისე ითამაშეთ, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთ.
_ კი, კი ნამდვილად. გარისკა არა თამაშის მხრივ, არამედ სხვა კუთხით. იქ უნდა ყოფილიყო ქალი, რომელიც ცხოვრება გამოვლილია, თამამია… თუმცა გავამართლე რეჟისორის იმედები და ოთხივე მსახიობმა ერთად მოვუტანეთ ამ სპექტაკლს დიდი წარმატება. ისეთი გუნდი შეიკრა, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა
_ უკვე დაოჯახებული ხართ. გყავთ მეუღლე და ერთი შვილი. რას გვეტყვით, ამ გადმოსახედიდან, არსებობს როლი, რომელზეც დღეს უარს იტყვით?
_ შეიძლება, ვიღაცას არაფერი ეცვლება დაოჯახების შემდეგ, მაგრამ გვანცა გიორგობიანს ნამდვილად შეეცვალა რაღაც საკითხებთან მიმართებით შეხედულებები. ადრე თუ მხოლოდ ჩემს თავს ვეკუთვნოდი, დღეს ასე არაა. პროფესიონალი მსახიობი თუ ხარ, ყველაფერს ლამაზად შეფუთავ, ითამაშებ და კარგი საყურებელია, მაგრამ ახლა ბევრ რამეზე ვიტყვი უარს იმიტომ, რომ ოჯახის ქალი, დედა, მეუღლე ვარ და ყველაფერზე და ყველა როლზე ხელს არ მოვაწერ.
_ აქამდე ყველაფერზე ხელს აწერდით?
_ აქამდე, როცა გასათხოვარი ვიყავი, თვითონ ვწყვეტდი, თუ რომელ როლზე უნდა მეთქვა უარი და რომელზე _ არა. ახლა მაინც სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს და ის, რაც არ შეგეფერება, ნამდვილად არ უნდა გააკეთო.
_ თამამი როლები გაქვთ მხედველობაში?
_ რა თქმა უნდა. ისეთ როლებს ვგულისხმობ, რაც მეუღლეს არ მოწონება. ამ გადასახედიდან გეტყვით, რომ გათხოვილი გვანცა ყველა როლზე ხელს არ მოაწერს და არ ითამაშებს.
_ გვანცა, თვენ ხართ აფხაზეთიდან დევნილი. დაკარგეთ სახლ-კარი და როგორც თქვენ აღნიშნეთ, 25 წელია, რაც რუსებმა გამოგყარეს საკუთარი მიწიდან. როგორ შეაფასებდით იმ მოვლენებს, რაც ხდება საქართველოში, ვგულისხმობ, „გავრილოვის სისხლიან ღამეს“ და დღემდე მიმდინარე პროცესებს?
_ ეს არის კატასტროფა. სავსე ვიყავი იმ იმედით, რომ ძალიან მალე დავიბრუნებდით აფხაზეთს, მაგრამ ბოლო მოვლენებმა ეს იმედი საერთოდ დამიკარგა. ძალიან განვიცდი იმ ყველაფერს, რაც დღეს ხდება საქართველოში. გული მტკივა, რომ ჩემს ქვეყანაში არ დალაგდა სიტუაცია და ამას ვუყურებ მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ქვეყანას არ ეღირსა დალაგება და დაწყნარება. მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღე ვკარგავთ ტერიტორიებს, რუსეთი ოკუპანტია!
_ მოლოდინი რა გქონდათ?
_ რატომღაც მეგონა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდოდა, სამუშაო ადგილები გამოჩნდებოდა, მაგრამ რას ვხედავთ? _ ადამიანები ყოველდღე კარგავენ სამსახურს და ტოვებენ ქვეყანას, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. თუ ყველა ქართველი გავიდა ქვეყნიდან, ვის დარჩება ჩვენი სამშობლო? _ რა თქმა უნდა, მტერს. ეს საკითხიც ძალიან მაწუხებს. ერთადერთი ღმერთის იმედი მაქვს, რომ სასწაულს მოახდენს.

გიორგი საკარული