გია ნოდია: „20-მა ივნისმა ხელისუფლებაში შიში წარმოშვა“

საქართველოში ბოლო პერიოდში პოლიტიკური პროცესები ისეთი ტრაექტორიით მოძრაობს, რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ როგორ მივა ქვეყანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ერთი რამ ცხადია, _ „გავრილოვის ღამემ“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია „ქართულ ოცნებას“ გავრილოვის ვიზიტით? როგორია ივანიშვილის პოლიტიკური სტრატეგია და რას შეცვლის მმართველი გუნდისთვის ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:

_ ბატონო გია, გავრილოვის ვიზიტის შემდეგ პოლიტიკური პროცესები დაჩქარებული ტემპებით ვითარდება, რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია „ქართულ ოცნებას“ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ და ამ მოვლენებმა შეიყვანა თუ არა ქვეყანა ჩიხში?
_ თავისთავად ძალიან საინტერესო შემთხვევა ვიხილეთ. გასაგებია, რომ ერთგვარად ემოციური რეაქცია იყო არა იმდენად გავრილოვის ვიზიტზე, არამედ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ჩასვა ის პარლამენტის სპიკერის სავარძელში. არავინ ელოდა, რომ ამას ასეთი სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. ამ ფაქტამდე ითვლებოდა, რომ ხელისუფლებას სანერვიულო მაინცდამაინც არაფერი აქვს, საპრეზიდენტო არჩევნები და შუალედური არჩევნებიც ყველგან მოიგო. ხალხი შეიძლება ბედნიერი არ იყო, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ საფრთხე არსაიდან ემუქრებოდა, მაგრამ უცებ გავრილოვის ვიზიტზე რეაქციამ ყველაფერი შეატრიალა. ძირითადი იყო ის, რომ თითქოს ახალი სოციალურ-პოლიტიკური ძალა გამოჩნდა, ანუ გავრილოვის ვიზიტზე რეაქცია მხოლოდ ოპოზიციის რეაქცია არ ყოფილა, ხელისუფლებას უნდა, რომ ეს ოპოზიციის რეაქციად წარმოადგინოს, მაგრამ ეს იყო მძაფრი საზოგადოებრივი რეაქცია. ამან კარტი მთლიანად არია ქვეყანაში, _ ერთი მხრივ, გამოაჩინა ხელისუფლების სისუსტე, მეორე მხრივ კი რუსეთის სისუსტე საქართველოში. ბევრს ვსაუბრობდით რუსეთის ე. წ. რბილ ძალაზე, აღმოჩნდა, რომ მაინცდამაინც მძლავრი არ ყოფილა ეს რბილი ძალა. ქვეყანაში რუსეთის, როგორც სახელმწიფოს საწინააღმდეგო განწყობა საკმაოდ ძლიერია და შეიძლება, ამის გარშემო ადამიანების მობილიზება მოხდეს, რასაც ხელისუფლება არ ფიქრობდა. მმართველ გუნდშიც და რუსეთშიც ეგონათ, რომ რუსეთის საწინააღმდეგო განწყობები არის „ნაციონალური მოძრაობის“ თემა, რომელიც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებისთვის არის ემოციურად მნიშვნელოვანი და მხოლოდ მათი მობილიზაცია შეიძლება ამ თემის გარშემო. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ყოფილა. ძირითადი სტრატეგიული შედეგები ეს არის და ამის ფონზე, რაც ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი მოხდა, ხელისუფლების დაპირებაა პროპორციულ სისტემაზე. უკვე გაჩნდა კიდეც შიში, აპირებს თუ არა ხელისუფლება ამ დაპირების შესრულებას, მაგრამ თუ ვიგულისხმებთ, რომ ეს დაპირება შესრულდება, მაშინ პრინციპულად სხვა პოლიტიკურ სიტუაციაში ვართ. თუ ჯერჯერობით არსებული სისტემით 2020 წლის არჩევნებს, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ მოიგებდა, ყოველ შემთხვევაში, ეს განწყობა საზოგადოებაში იყო, პროპორციული სისტემის შემთხვევაში არსებობს რეალური შანსი, რომ ოპოზიციამ არჩევნები მოიგოს ან მინიმუმ „ქართულმა ოცნებამ“ მარტო რომ მოიგოს არჩევნები, ამის შანსი მცირეა. ასე რომ, განწყობა ქვეყანაში პრინციპულად შეცვლილია, მაგრამ რაც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ხდება, ეს იმით არის განპირობებული, რომ ხელისუფლებამ თავისი სისუსტე გაიაზრა და კონტრშეტევაზე გადმოვიდა. ცდილობს აჩვენოს, რომ ის არის ძლიერი და მოწინააღმდეგეს არ ეპუება, ამ ყველაფრით კი საკუთარ მომხრეებს ამხნევებს.
_ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რატომ არ აქტიურობს ოპოზიცია?
_ ხელისუფლებამ ისე მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აპირებს, თითქოს უკვე ჯიბეში გვიდევს ეს პროპორციული სისტემა და ოპოზიციამაც გარანტირებულად ჩათვალა. ჯერჯერობით, ასეთი განწყობა რჩებათ, თუმცა ის რიგგარეშე სხდომა, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, არ ჩატარდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია ისეთი შეშფოთება, როგორიც შეიძლებოდა გამოეწვია.
_ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ოპოზიციას არ აწყობს პროპორციული სისტემა, მით უფრო, ბუნებრივი ბარიერის პირობებში?
_ ბუნებრივი ბარიერი, ცხადია, ივანიშვილის ხრიკია, ისევე როგორც ბლოკების აკრძალვა. რა თქმა უნდა, წამყვანი ოპოზიციური პარტიები ამას ნეგატიურად შეხვდნენ, მაგრამ მიიჩნიეს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დიდი და მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან ხელისუფლება აიძულეს, ამ ნაბიჯზე თანხმობა განეცხადებინა. მათთვის გასაგებია, რომ ყველაფერს ვერ მიაღწევდნენ, თავს ზემოთ ძალა არ არის და ბიძინა ივანიშვილის გუნდი თუკი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას დასთანხმდა, ისინიც მათთვის მომგებიანი პირობებით დასთანხმდებიან. არ მგონია, რომელიმე ოპოზიციურ პარტიას აწყობდეს არსებული სისტემით არჩევნების ჩატარება, პროპორციულ სისტემასთან შედარებით.
_ პროკურატურამ 16 754 000 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ფაქტზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალი წაუყენა და მათ 700 000 გირაო შეუფარდა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ფაქტი ხაზარაძის, როგორც მომავალი პოლიტიკური ლიდერის, განეიტრალების მცდელობა და რა პერსპექტივა აქვს მას პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში?
_ სანამ ხაზარაძე პოლიტიკური მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადებას გააკეთებდა, ეს საქმე უკვე მანამდეც ჰგავდა ანგარიშსწორებას. შეიძლება, ეს არ იყო ანგარიშსწორება ხაზარაძის, როგორც პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რადგან არ იყო ხაზარაძე პოლიტიკური მოთამაშე, მაგრამ ჩანდა, რომ ეს იყო ხაზარაძის წინააღმდეგ გამოჩხრეკილი საქმე. ვერ შევაფასებ, ამ საქმეში რამე დარღვევა საერთოდ არის თუ არა, მაგრამ ფულის გათეთრებასთან რომ არანაირი კავშირი არ აქვს, ამაზე, პრაქტიკულად, ყველა ექსპერტი საუბრობს. არა მაინცდამაინც ოპოზიციასთან დაკავშირებული ექსპერტები. აშკარად ჩანდა, რომ ხელისუფლებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს უნოდა ხაზარაძის გაფუჭება. დაავალეს კიდეც შესაბამის ორგანოებს, რომ რამე კომპრომატი ეპოვათ ხაზარაძეზე და ეს იპოვეს. ეს თავიდანვე საეჭვო საქმე იყო _ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, როცა ხაზარაძემ ეს განცხადება გააკეთა, საქმე უკვე დაწყებული იყო, ე. ი. ამასთან კავშირი არ აქვსო, _ ეს არგუმენტი მაინცდამაინც ძლიერი არ არის, რადგან ეს საქმე თეთრი ძაფებით შეკერილს ჰგავდა. რაც შეეხება ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას, რატომ მოინდომა მაინცდამაინც ახლა, არ ვიცი, შესაძლოა, მის მიმართ გარკვეულმა დევნამ, როგორც თვითონ თქვა, ორკესტრირებულმა შეტევამ, უბიძგა, რომ პოლიტიკაში მოსულიყო. პოლიტიკა ერთგვარი ფარი ყოფილიყო მისთვის ან შეიძლება გაბრაზდა, დასაკარგი არც არაფერი ჰქონდა და ჩათვალა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა. პროპორციული არჩევნების პერსპექტივის ფონზე ხაზარაძის პოლიტიკაში შემოსვლა „ქართული ოცნებისთვის“ გარკვეულ ხიფათს ქმნის. ხშირად ვსაუბრობთ, რომ არსებობს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი რაოდენობა, რომლისთვისაც მიუღებელია „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, „ევროპული საქართველო“ ცდილობს მათ მიზიდვას, მაგრამ ბევრი მათგანისთვის „ევროპული საქართველოც“ მიუღებელია. თითქოს ეს ამომრჩეველი პოლიტიკურად უპატრონოა, ვიღაცას უნდა მიეკედლოს და ხაზარაძე შეიძლებოდა, გამხდარიყო მიზიდულობის ცენტრი. ეს მხოლოდ ვარაუდია. გააჩნია, ხაზარაძე როგორ მოიქცევა, ვის დაიყენებს გვერდით, როგორ წარმართავს თავის პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ სასტარტო კაპიტალი მას ნამდვილი აქვს. პროპორციულ არჩევნებში, როცა შესაძლოა, 5, 10 ან 15%-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ხაზარაძე ხელისუფლებისთვის სახიფათო პოლიტიკური ფიგურა გახდება.
_ იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე პოლიტიკაში მოვა, აქვს თუ არა რესურსი, რომ მესამე ძალა გახდეს?
_ ჯერჯერობით ამის თქმა ნაადრევია. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი სტრატეგიაა, რომელიც შესაძლოა ოქრუაშვილთან მიმართებითაც მუშაობდეს, რომ ადამიანი ან ციხეში უნდა ჩასვა, ან ციხეში ჩასმის პერსპექტივა უნდა გაუჩინო იმისთვის, რომ მოელაპარაკო. ივანიშვილი ცდილობს, ყველასთან მოაგვაროს ურთიერთობა, მაგრამ როდესაც მეორე მხარე ჯიუტობს, მისი სიჯიუტის ხარისხი მცირდება, თუკი ის ციხეში ზის ან ემუქრება ციხეში ჩაჯდომა. შესაძლოა, ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა სცადოს და დაალაგოს ურთიერთობა მამუკა ხაზარაძესთან. ალბათ მას ამის იმედი აქვს.
_ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად იყენებს ივანიშვილი ამ სტრატეგიას, ნიკა მელია შიდაპატიმრობაშია, ოქრუაშვილი _ ციხეში, რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, ოლიგარქი თავს იზღვევს თუ შეშინებულია?
_ შიში ნამდვილად არის. 20-მა ივნისმა ხელისუფლებაში შიში წარმოშვა. შიში ხანდახან აგრესიას ბადებს. იმისთვის, რომ ეს შიში დამალო, შეტევაზე უნდა გადახვიდე. ეს არის არა უბრალო ემოციური კანონზომიერება, არამედ პოლიტიკური სტრატეგიაც. როდესაც ხელისუფლება სუსტდება და მის მიმართ ნდობა მცირდება, მისთვის ხიფათს წარმოადგენს მერყევი ხალხი საკუთარ რიგებში. წლის პირველ ნახევარში „ქართული ოცნების“ დასუსტების ყველაზე გამოკვეთილი ინდიკატორი იყო ის, რომ ხალხმა „ქართული ოცნებიდან“ გაქცევა დაიწყო და საკმაოდ ბევრი ადამიანი წავიდა. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრზე იყო საუბარი, რომ ისინიც მერყეობდნენ. როდესაც ხალხი ხედავს, რომ მისი გემი სუსტდება და შესაძლოა, უახლოეს ხანებში ჩაიძიროს, ამ ჩასაძირი გემიდან წასვლას ცდილობს. ხელისუფლების აგრესიული ქმედება სწორედ ამის პრევენციისთვის არის _ დაპატიმრებები, მუქარები, რომ თითქოს მაგრები არიან, არ იძირებიან. ცდილობენ, პარტიის წევრებს ან მომხრეებს გაუნელონ საკუთარი გუნდის დაკარგული რწმენა.
_ „რუსთავი 2-თან“ მიმართებითაც საუბრობდნენ ხელისუფლების ინტერესებზე, თუმცა ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ტელევიზია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, სარედაქციო პოლიტიკა უცვლელად დარჩა. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ეტაპობრივად შეცვლის სარედაქციო პოლიტიკას თუ ეს მართლა იყო სამართლებრივი დავა ქონებისთვის?
_ თეორიულად ვერ გამოვრიცხავთ, რომ ქიბარ ხალვაში მართლაც იბრძოდა მისი აზრით სამართლიანობის აღდგენისთვის და ეს იყო მისი მოტივი, ახლა კი, უბრალოდ, იქნება „რუსთავი 2-ის“ მფლობელი და ეს მედიაორგანიზაცია იქნება რეალურად დამოუკიდებელი, _ ამას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ეს გარკვეულ წინააღმდეგობაში შედის ბევრ რამესთან: როცა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ის“ მფლობელი იყო 2004-2006 წლებში, ყველა მიიჩნევდა, რომ ის არ იყო კომპანიის რეალური მფლობელი. მაშინდელი სარედაქციო პოლიტიკა იმჟამინდელი ხელისუფლების მაამებლური იყო, მკვეთრად სახელისუფლებო. ხალვაში არ ჩანს ის ადამიანი, რომელსაც მედიისადმი ინტერესი აქვს. თუ ჩავთვლით, რომ მაშინ ხალვაში იარაღი იყო იმისთვის, რათა იმის წინა მფლობელებისთვის წაერთმიათ „რუსთავი 2“, ახლა რატომ დავიჯეროთ, რომ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებელი მოთამაშე გახდა?! ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ქიბარ ხალვაში უბრალოდ ბიზნესმენია, რომელსაც ბიზნესწარმატება აინტერესებს. იმისთვის, რომ მისი ბიზნესი წარმატებით განვითარდეს, ის კარგ ურთიერთობაში უნდა იყოს ახლანდელ ხელისუფლებასთან, ასე ფიქრობს ქართველი ბიზნესმენების, ალბათ, 99%. ის სანამ კარგად იყო წინა ხელისუფლებასთან, ამ კარგად ყოფნის ნაწილი გახლდათ ფორმალურად მის სახელზე გადაფორმებული „რუსთავი 2“. რაც შეეხება იმას, რომ ჯერჯერობით „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეცვლილა, ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა. საზოგადოებაში იყო განცდა, რომ მეორე დღიდან შეიცვლებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამ შემთხვევაში შეიძლება ივარაუდო, რომ ხელისუფლებას არ უნდა მეტისმეტად აშკარა გახდეს ის ფაქტი, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე თავიდანვე პოლიტიკურად იყო მოტივირებული, სარედაქციო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება კი ამის მაჩვენებელი იქნებოდა. მათ სურთ, რომ ეს ცვლილება მოხდეს თანდათანობით, თვალში საცემი რომ არ იყოს. შესაძლოა, მათ არ ჰქონდათ მკაფიო გეგმა, რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. როგორც „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობისთვის იყო მოულოდნელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე ხელისუფლებისთვისაც მოულოდნელი იყო. შესაძლოა, რამდენიმე დღით ადრე გაიგეს ამ გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ არსებითი სტრატეგია არ ჰქონიათ. ამისთვის არ იყვნენ მზად და ახლა ფიქრობენ, რა გააკეთონ. ისედაც, როდესაც ახალი მფლობელი ხარ, არალოგიკურია, რომ არაფერი შეცვალო ტელევიზიაში. მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი დირექტორი რომ მოდის, ძველ გადაცემებს ხურავს, ახალს იწყებს და ა. შ. ნიკა გვარამიაც რომ მოვიდა „რუსთავი 2-ში“, მანაც შეცვალა. როცა არაფერს ცვლის, ესეც გარკვეულ ეჭვს ბადებს, რომ იმიტომ კი არ ცვლის, რომ შეცვალა არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ იმაზე ფიქრობს, ეს პოლიტიკურად როგორ გამოჩნდება; მეორე მხრივ კი არ იცოდა, რად უნდოდა „რუსთავი 2“. იცოდა, რომ უნდოდა „რუსთავი 2“, მაგრამ რისთვის უნდოდა, არ იცოდა. ასევე აუცილებლად მინდა აღვნიშნო: ყველამ ვიცით და ყველა მედიაექსპერტი ამბობს, რომ საქართველოში ტელევიზია მომგებიანი ბიზნესი არ არის. თუ ქიბარ ხალვაშს ან სხვა ვინმეს ტელევიზია უნდა, იმიტომ კი არ უნდა, რომ იქიდან დივიდენდებს მოიპოვებს და გამდიდრდება, პირიქით, ტელევიზიაში უნდა ჩადოს ფული, მაგრამ ეს ტელევიზია სხვა რამეში გამოადგება, პოლიტიკური, გავლენის ინსტრუმენტია. აქედან გამომდინარეც, გაუგებარი ხდება ხალვაშის მოტივი, რატომ იბრძოდა „რუსთავი 2-ისთვის“. ის იბრძოდა, როგორც ბიზნესმენი და იმედი ჰქონდა, რომ „რუსთავი 2-ით“ ფულს გააკეთებდა, ეს ძალიან ძნელი დასაჯერებელია, თვითონაც ამბობს, რომ პირიქით, ფული უნდა ჩადოს. მან ეს წინასწარაც იცოდა. თუ იმიტომ უნდოდა, რომ ქართული მედიის განვითარებისთვის ზრუნავს, მაშინ რაღაც გეგმა უნდა ჰქონოდა, რა ტიპის მედია უნდა გამხდარიყო „რუსთავი 2“ მას შემდეგ, რაც მისი მფლობელი გახდებოდა.
_ თქვენ როგორ ახსნით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე? ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმასაც კი ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა.
_ პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ევროპული სასამართლო განიხილავდა, ქართულმა სასამართლომ რამე წესები ხომ არ დაარღვია განაჩენის გამოტანის დროს. ეს არ იყო თავიდან იმის განხილვა, მართლაც წაართვეს თუ არა ქიბარ ხალვაშს ტელევიზია, თუ ნებაყოფლობით გაყიდა. მან გაყიდა და ფულიც გადაუხადეს, მაგრამ ქართულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ ეს ზეწოლის შედეგად მოხდა. იყო თუ არა ქიბარ ხალვაში ზეწოლის ქვეშ, ცალსახად ამაზე ქიბარ ხალვაშს გადაწყვეტილება არ მიუღია. მან, უბრალოდ, დაადგინა, რომ ქართულ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღების დროს აშკარა დარღვევები არ ჰქონია. ეს იყო ევროპული სასამართლოს ვერდიქტის შინაარსი. მე ეს ვერდიქტი წავიკითხე, არ ვარ კომპეტენტური იმ კუთხით, რომ იურიდიულ-ტექნიკური საკითხები დეტალურად განვიხილო. ძირითადად ვერდიქტში საუბარია ტექნიკურ საკითხებზე, მაგალითად: რამდენად სწორი იყო ყადაღის დადება იმ მომენტში და ა. შ. ასეთ დროს შესაძლოა, მოსამართლეების განწყობასაც ჰქონდეს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ერთ-ერთი მოსამართლე არ დაეთანხმა თავის კოლეგებს და განსხვავებული აზრი დააფიქსირა. რადგან ეს ერთი არ დაეთანხმა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოსამართლეების სხვა შემადგენლობაში ამ ერთი მოსამართლის აზრი უმრავლესობაში ყოფილიყო. არსებობს აზრი, რომ შეიძლებოდა, „რუსთავი 2-ის“ იურისტებს უფრო ძლიერი სარჩელი მოემზადებინათ. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რაზე ედავები სასამართლოს. ალბათ, შესაძლებელია, სხვა შედეგიც ყოფილიყო სტრასბურგში. ამის განმსჯელი მე არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ სტრასბურგში საქმის შინაარსობრივი განხილვა არ იყო, ქართულმა სასამართლომ განიხილა შინაარსობრივად, ევროპულმა სასამართლომ კი ვერ იპოვა ისეთი არგუმენტები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო. ერთსა და იმავე საქმეზე, შესაძლოა, კეთილსინდისიერ იურისტებს სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ და სხვადასხვანაირად აფასებდნენ. ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობა ან კორუფცია ვიგულისხმოთ სტრასბურგის სასამართლოს შემთხვევაში, მაგრამ განწყობას მნიშვნელობა აქვს. მაგალითს მოგიყვანთ: ფსიქოლოგებმა ისრაელის პრობაციის სასამართლოზე ექსპერიმენტი ჩაატარეს, _ უდოს კომისია მხოლოდ ამ მიმართულებით იხილავს საქმეებს, მოსამართლეებს ბევრი საქმე აქვთ, თითოს 10-15 წუთს ანდომებენ. ექსპერიმენტის დროს გამოითვალეს ლანჩამდე 2 საათით ადრე და ლანჩის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, ანუ მშიერ და მაღძარ კუჭზე მიღებული გადაწყვეტილებები შეადარეს. მროგორც აღმოჩნდა, მაძღარ კუჭზე გაცილებით კეთილები იყვნენ მოსამართლეები და ბევრ ადამიანს აძლევდნენ პრობაციას, როცა მშივრები იყვნენ, ბევრ ნეგატიურ გადაწყვეტილებას იღებდნენ. ამდენად, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე მოქრთამული იყო. ანუ ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ დროს, როცა საქმე ცალსახა არაა და შეიძლება, სხვადასხვანაირად დაინახო. ჩემი აზრით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში უფრო განწყობის ამბავი იყო, ვიდრე მოსყიდვის.
_ ამ ყველაფრის პარალელურად ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამ ფაქტს დღემდე 20 ივნისის მოვლენებსა და ოპოზიციას აბრალებს, რამდენად ლოგიკურია ეს არგუმენტი?
_ გასაგებია, რომ პოლიტიკური კრიზისი მოქმედებს ლარზე, მაგრამ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის ბრალია თუ ხელისუფლების?! ხელისუფლებამ თავად აღიარა, რომ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასმა შეცდომა იყო და მას შეეშალა. თუ მას შეეშალა, ე. ი. ხელისუფლების შეცდომაზე ხალხის რეაქცია სწორი ყოფილა. შესაბამისად, აქციები ხელისუფლების ბრალია, თავად აღიარებენ იმ მიზეზის სამართლიანობას, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ასე რომ, ოპოზიციისკენ ხელის გაშვერა ძლიერი არგუმენტი არ არის. ხელისუფლებას მაშინვე გაუხსენეს, 2009 წელს „საკნების ქალაქი“ რომ იყო, ამ პერიოდში ლარი არ გაუფასურებულაო, ამიტომ უბრალოდ გამოსვლების ფაქტი არაფერს ანიშნავს. ამ შიშს იწვევს თვითონ ხელისუფლების მოქმედება და მათი არასტაბილურობის განცდა, ამას ვერ დააბრალებ ოპოზიციას. გასაგებია, რომ 20 ივნისის ღამეს პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა, მაგრამ ამის შემდეგ სრულიად მშვიდობიანი გამოსვლებია, მთავრობის გადადგომას არავინ მოითხოვს, უბრალოდ, გახარიას გადადგომას მოითხოვენ კონკრეტული საქმის გამო.
_ 20 ივნისამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, თუმცა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა, რატომ ვერ თმობს გახარიას ივანიშვილი?
_ 20-21 ივნისის მოვლენებმა აჩვენა, რომ ვინ არის პრემიერ-მინისტრი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, ასეა. ფაქტობრივად, ბახტაძემ დარბევამდე 15 წუთით ადრე განაცხადა, რომ რეზინის ტყვიები მათი ხელწერა არ არის, თუმცა 15 წუთში აქციის დარბევა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ბახტაძეს არავინ არაფერს ეკითხება. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს მიიღო გახარიამ, ცხადია ივანიშვილთან შეთანხმებით, მაგრამ პრემიერთან შეთანხმება აზრადაც არ მოსვლია. ე. ი. ივანიშვილს აწყობს ეს ვითარება, რომ რეალურად გახარია გაცილებით ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე ბახტაძე. თუმცა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრი ჰქვია, გახარიას _ შს მინისტრი. მოლოდინი, რომ გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, მაინცდამაინც ძლიერ არუმენტებს არ ემყარებოდა, ეს უფრო ემყარებოდა იმ მოსაზრებას, რომ პრემიერ-მინისტრი ძლიერი ფიგურა უნდა იყოს, მაგრამ ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრი ძლიერი ფიგურა უნდა იყოს. აღმოჩნდა, რომ გახარია აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს და, ფაქტობრივად, ის არის პირველი კაცი აღმასრულებელ ხელისუფლებაში. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ თმობენ გახარიას, აქ ორი ფაქტორია: ერთი, რომ მართლაც გახარიას ენდობა ივანიშვილი, ის ხედავს, რომ ძლიერი ადამიანები არ ჰყავს ხელისუფლებაში. ვანო მერაბიშვილს ხერხემალი ერქვა, როგორც ჩანს, პოლიტიკური სისტემაა ისეთი, რომ შს მინისტრი, ფაქტობრივად, ხელისუფლების ხერხემალია. ამიტომაც ივანიშვილი ფიქრობს, რომ გახარია უნდა იყოს ამ პოსტზე. მეორე მხრივ, შეიძლება, ჩაეთვალათ, რომ გახარიას დათმობა მეტისმეტი სისუსტის გამოჩენა იქნებოდა და რადგან შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტეს, უფრო ლოგიკურია ეს შეტევები გახარიას არგადადგომის პირობებში.
_ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნდება. რამდენად რეალური გგონიათ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება?
_ არც მე და არც სხვა ვინმეს უწინასწარმეტყველია ივანიშვილის „დაბრუნება“ პარტიის თავმჯდომარედ, ეს სრულიად მოულოდნელი იყო. არც ის ჩანს, რა ხეირი მიიღო ივანიშვილმა ან პარტიამ ამ ნაბიჯით. მან იმ მომენტში ჩააქრო შიდა პარტიული პრობლემა, მაგრამ შემდეგ მაინც გაექცა პარტიიდან ხალხი. არ ჩანს, რომ პარტია შეკრული ყოფილიყო, თუნდაც ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ. შეიძლება, ივანიშვილი დაარწმუნონ, რომ მისი პრემიერობა უკეთესი იქნება არჩევნების მოსაგებად. ამიტომ შეიძლება პრემიერ-მინისტრის პოსტზე „დაბრუნების“ გადაწყვეტილება მიიღოს ან შეიძლება არც მიიღოს. შეიძლება მას ეგონოს, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში 2020 წელს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში მოსვლის შანსი გაიზარდოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს „ქართული ოცნების“ გამარჯვების გარანტია ვერ იქნება, როგორც მისი პარტიის თავმჯდომარედ „დაბრუნება“ ვერ აღმოჩნდა პარტიის შიგნით წინააღმდეგობების გადაჭრის გარანტია, ასევე არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ ხალხი დაიჯერებს, რადგან ბიძინა დაბრუნდა, საქმე კარგად წავაო.
_ მით უმეტეს, ივანიშვილს ერთწლიანი პირობა დადებული აქვს…
_ ერთწლიანი პირობა დადებულია. მალე გავა ეს ერთი წელი. რომ დაბრუნდეს, კიდევ ერთი პირობა უნდა დადოს, ახლა მაინც ვიზამ რაღაცასო. შემოდგომაზე თუ დაბრუნდა, გაზაფხულისთვის უკვე რაღაც შედეგი უნდა იყოს, რადგან ხალხმა ჩათვალოს, რომ მის დაბრუნებას დადებითი შედეგი მოჰყვა. ივანიშვილი თუ რამის მიმღწევი იყო, მას შემდეგ, რაც ერთწლიანი პირობა დადო, აქამდეც მიაღწევდა. წესით, უნდა გამოჩენილიყო, რისი მიმღწევიც იყო. პრემიერ-მინისტრს დაირქმევს თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ნენე ინჯგია