რატომ ვერ ვითარდებიან პატარა მუნიციპალიტეტები?

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ ინფორმაციით, ყველაზე მდიდარი ქალაქებია:
თბილისი _ დედაქალაქი ყველაზე მაღალშემოსავლიანია საქართველოს სხვა ქალაქებს შორის. მისი წლიური ბრუნვა 40873,6 მილიონი ლარია, რომელიც სხვადასხვა დარგის მიხედვით ასეთ სურათს გვაძლევს.
ბათუმი _ მისი შემოსავალი 3542,1 მლნ ლარია. მთლიანად რეგიონის, აჭარის წლიური შემოსავალი კი 4155,5 მლნ ლარი. აჭარის რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტია (1682,8 ლარის ოდენობით ვაჭრობა);
ქუთაისის წლიური შემოსავალი 1359,9 მილიონი ლარია, ხოლო იმერეთის რეგიონის _ 2591,4 მლნ. ლარი. რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ვაჭრობაა ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი. აღნიშნული დარგებისგან მიღებული წლიური შემოსავალი 1135 მლნ ლარს შეადგენს;
რუსთავის შემოსავალი 1448,2 მილიონი ლარია და ყველაზე მდიდარ ქალაქებს შორის მეოთხე პოზიციას იკავებს. ქვემო ქართლის წლიური შემოსავალი კი 3347,4 ლარს შეადგენს.
„საქსტატის“ მიხედვით, საქართველოს ყველაზე ღარიბი ქალაქებია:
ონი _ 11,5 მილიონი ლარი.
ამბროლაური _ 20 მლნ ლარი. რაჭის მეორე ქალაქი, რომელიც სხვა ქალაქებთან შედარებით დაბალი შემოსავლის მქონეა.
წალენჯიხა _ 39 მლნ ლარი.
სიღნაღი _ 41 მლნ ლარი. კახეთის წლიური შემოსავალი 963,4 მლნ ლარს შეადგენს.
ლანჩხუთი _ 56,6 მლნ ლარი. გურიის წლიური ბრუნდა 355 მლნ ლარს შეადგენს.
საშემოსავლო გადასახადი იყოფა ორ ნაწილად: მეწარმე ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი, რომლის გადახდა ხორციელდება გადამხდელების დეკლარირების საფუძველზე და საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც იხდიან დამქირავებლები. პირველ კომპონენტზე მიღებულია გადაწყვეტილება და 2016 წლის პირველი იანვრიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სრულად ირიცხება მეწარმე ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი. ამავდროულად, დაწყებული იყო მუშაობა იმაზე, რომ მეორე კომპონენტიდანაც თანხების გარკვეული ნაწილი მიმართულიყო ადგილობრივ ბიუჯეტებში. სწორედ ეს ნაწილი არის მთლიანად საშემოსავლო გადასახადის მნიშვნელოვანი წილი (დაახლოებით 80%-მდე).
უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების ზრდა და ეს უკანასკნელი ლოგიკურ თანხვედრაში უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებთან. მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების კვალდაკვალ უნდა გაიზარდოს მისი შემოსავლები, რათა უკეთესი და მეტი პროექტის განხორციელების მოტივაცია არსებობდეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დეცენტრალიზაციის 2019-2025 წლების სტრატეგიული გეგმა მოამზადა, რომლის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვა თელავში გაიმართა.
დოკუმენტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდის, ფინანსური დეცენტრალიზაციისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფას. სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან შენიშვნები აქვთ ექსპერტებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს.
დოკუმენტის პირველად ვერსიაში ხარვეზებს ხედავს აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის თელავის ოფისის კოორდინატორიც. ნიკოლოზ შარვაშიძე განმარტავს, რომ დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვანი კომპონენტები – საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვება, მოქალაქეთა ჩართულობა, თვითმმართველი ერთეულებისთვის ქონების გადაცემა დოკუმენტში არ არის ასახული:
„დეცენტრალიზაციის შესახებ მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში ბევრი მნიშვნელოვანი თემაა წამოჭრილი, თუმცა ზოგიერთი საკითხი არ არის ამ სტრატეგიაში გათვალისწინებული და ძირეულად ჩაშლილი. ესენია თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემა, საშემოსავლო გადასახადის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვება, მოქალაქეთა ჩართულობა და სხვა. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივა, იქნება უფრო დეტალური და კონკრეტული. ვისურვებდით, რომ ამ საკითხში ადგილობრივი თვითმმართველობები მეტად იყვნენ ჩართული, რომ მათი ხედვები და მოსაზრებები დოკუმენტში აისახოს, რადგან მათ უკეთ იციან პრობლემური საკითხები.
ძალიან კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩეს. რაც შეეხება დეცენტრალიზაციას, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩამორჩენა გვაქვს, რადგან კანონმდებლობა ამ კუთხით დაუხვეწავია. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა და ფიქრი დაიწყო და ამას ითვალისწინებს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებაც“.
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თელავის, სიღნაღის, ყვარლისა და ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს 2019-2015 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია გააცნეს.
შეხვედრაზე „დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები“ _ რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე და ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნესისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის მექანიზმებზე იმსჯელეს.
სტრატეგიის პროექტში რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილებების გაზრდა, მათი ფინანსური ავტონომია და ქონების გადაცემა, ანუ ის ყველაფერი, რაც მათი უფლებამოსილებების განხორციელებას სჭირდება.
მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებმა იცოდნენ, რა რაოდენობის მიწას ფლობენ, ჰქონდეთ საკუთრებაში როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწები, ისე საძოვრები. ეს მათ დაეხმარებათ, უკეთესად დაგეგმონ თავისი საქმიანობა და ხელი შეუწყონ არა მარტო თავის მუნიციპალიტეტში, არამედ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პროცესს.
ტურიზმის მოსაკრებლის შემოღება სტრატეგიით გათვალისწინებული არ არის. დოკუმენტში წერია, რომ გადახედილი იქნება მოსაკრებლების საკითხი. ზოგადად, მოსაკრებლების შესახებ კანონი მოძველებულია და ტექნიკური თვალსაზრისითაც გადასახედია.
შემდეგ შესაძლებელია თუნდაც ტურისტული მოსაკრებლების შემოღება გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც ტურისტული ცენტრებია.
ყველა თანხმდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეალურ დამოუკიდებლობამდე კიდევ ბევრი ღონისძიების განხორციელებაა საჭირო.
მმართველობის დეცენტრალიზაცია, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყნის წინაშე კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.

მაკა მოსიაშვილი