რა გახდა ენტეროვირუსის ეპიდემიის მიზეზი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურად დაადასტურა ქვეყანაში ენტეროვირუსის ეპიდემიის არსებობა, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანმა მოიხადა. რეციპიენტთა შორის ბევრია ბავშვი და მოზარდი.

ენტეროვირუსი გახლავთ ნაწლავური ინფექცია, რომლის ერთ-ერთი გამომწვევია საკვები პროდუქტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში საკვები პროდუქტების ხარისხისა და ინსპექტირების კუთხით დიდი პრობლემა დგას.
საქართველოში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) კომპეტენციაა. სესი ამოწმებს სურსათის საწარმოების მდგომარეობას და სავაჭრო ქსელში არსებული სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის) უვნებლობას, ქვეყანაში მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად. კანონდამრღვევი მეწარმეების მიმართ გამოიყენება სანქციები: საწარმოო პროცესის შეჩერება, მავნე სურსათის განადგურება, ჯარიმები.
„ქრონიკა+“-მა ამ საკითხის გაშუქება ზაფხულის დადგომისთანავე დაიწყო და ჩვენი წყარო გახდა, ფაქტობრივად, ერთადერთი ორგანზაცია _ „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, რომელიც ამ თემებზე მუშაობს. 2019 წლის 13 მარტს ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა სურსათის მძიმე მეტალებით დაბინძურების წყაროების გამოვლენას, სეს-ის რეაგირებას მავნე პროდუქტების გამოვლენისა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის შემთხვევებში. აი, რა მიიღო ორგანიზაციამ პასუხად:
რომ კვლავ პრობლემად რჩება სურსათის ტყვიით დაბინძურების წყაროების გამოვლენა. რომ სურსათის ეროვნული საგენტოს მიერ სუნელებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის შემთხვევებიდან, დაბინძურების წყაროები არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. ისმის კითხვა, მაშინ რატომ დაინახა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკითხის შესწავლის დროს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და საქმე სამართალდამცველ ორგანოს გადასცა?!
იმ შემთხვევებში, როდესაც სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათში მავნე ნივთიერებების ნორმების გადამეტებას ავლენს, საქმეს არასოდეს გადასცემს სამართალდამცველ ორგანოებს. გადაწყვეტილებებს აღნიშნული უწყება „საფრთხის პროპორციულად“ იღებს. მაგალითად, წინა წელს „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის“. კვლევის ერთ-ერთი დასკვნა ის იყო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების მიღება სამართალდამცველი ორგანოებისადმი საქმეების გადაგზავნასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული პროცესია. ხოლო სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველი უწყებები (ესენი არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური) ამ პროცესის მონიტორინგს არ ახდენენ.
რაც შეეხება რძის ნაწარმის დასახელებით მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტის გაყიდვას (რაც იკრძალება რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით), სურსათის ეროვნული სააგენტო არც ამას განიხილავს სისხლისსამართლებრივ დანაშაულად, შესაბამისად, ასეთი შემთხვევების შესახებ სამართალდამცველ უწყებებს არ მიმართავს. რა თქმა უნდა, უკანონობაზე თვალს ვერ დახუჭავს და ასეთ შემთხვევებს სურსათის ეროვნული სააგენტო უბრალოდ ფუთავს და მხოლოდ ეტიკეტირების წესების დარღვევად მიიჩნევს. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ, აჯარიმებს კანონდამრღვევებს.
„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ანგარიშით, სურსათის ეროვნული სააგენტო საკმაოდ დაგვიანებით უგზავნის შეტყობინებებს მეწარმეებს პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის უზრუნველსაყოფად. ახლავე აგიხსნით, გვიან რას ნიშნავს _ ლაბორატორიული დასკვნის მიღების შემდეგ 8 შემთხვევიდან 2-ში მეწარმესთან შეტყობინება გაიგზავნა 4 დღის, ხოლო 4 შემთხვევაში _ 9 დღის შემდეგ. არადა, როგორც კი პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის საჭიროება დგება, ბიზნესოპერატორს შეტყობინება დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს, ვინაიდან საკვები პროდუქტების ნაწილი მალფუჭებად კატეგორიას განეკუთვნება და ასეთი დაგვიანება გაუმართლებელია.
სანელებლებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილიდან ირკვევა, რომ 8-დან 5 შემთხვევაში ლაბორატორიაში შემოწმებულ პარტიებს რეალიზატორებთან უკვე ვეღარ მიაკვლიეს, ხოლო სუნელის ერთი მწარმოებელი საერთოდ ვერ მოიძებნა. ანუ ტყვიით დაბინძურებული ნიმუშები უკვე გაყიდული იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აუცილებელია, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევების გამოვლენისას მოსახლეობისთვის გაფრთხილებები გაავრცელოს, ხოლო მეწარმეებს დაბინძურებული პარტიების მომხმარებლებისგან გამოთხოვა დაავალოს.
მკითხველს აქვე შევახსენებთ, წინა წლებში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგადაც აღმოჩნდა ტყვიის გადამეტებული ოდენობა შემდეგი მეწარმეების მიერ რეალიზებულ სუნელებში: „გიგა შარანგია“, „მადონა თოდუა“, „ზაქრო კახაძე“.
ასე რომ, დღემდე ყველაზე დიდ გაურკვევლობად რჩება სუნელების ტყვიით დაბინძურების წყაროები. სურსათის ეროვნული საგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევებში, ტყვიით დაბინძურებული სუნელების საწყისი მიმწოდებელი იყო შპს „ჯეო“ _ ქართული და უცხოური სუნელების ყველაზე დიდი დისტრიბუტორი საქართველოში. თუმცა თავად „ჯეოში“ აღებულ ნიმუშებში ტყვიის გადამეტებული ოდენობა 2018 წელს არ გამოვლენილა. ამგვარად, გაუგებარი რჩება, თუ საიდან მოხვდა ტყვია სუნელებში?
არც ეს არის გამოძიებული, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ აღნიშნული ფაქტები სამართალდამცველებს არ გადასცეს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიმოწერის შედეგად, ერთი საგულისხმო ფაქტი გაირკვა: სს „ფუდმარტში“ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიით დაბინძურებული, გასანადგურებლად განკუთვნილი, დალუქული სურსათი (სვანური მარილი, 27 ცალი, მწარმოებელი შპს „ოლო“) ვეღარ აღმოაჩინა, რის გამოც ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდა.
სს „ფუდმარტის“ წარმომადგენლის სიტყვიერი განმარტებით, ამ უკანასკნელმა დაბინძურებული სურსათის პარტია მწარმოებელს დაუბრუნა, რომელიც სააგენტომ ვერც ერთ მისამართზე ვერ მოიძია. ეს ის გამონაკლისი გახლდათ, როდესაც ამის გამო საკითხი სამართალდამცველებს გადაეცა.
სააგენტოსთან ხანგრძლივი მიმოწერის მიუხედავად, მაინც გაურკვეველი რჩება, თუ რა ქმედებები განახორციელა ამ უწყებამ ი.მ. „მალხაზ კახაძესთან“ და შპს iProduct-ში აღმოჩენილი სურსათის ტყვიით დაბინძურების წყაროების მისაკვლევად. სურსათის ეროვნული სააგენტოს 13 მაისს გამოგზავნილი პასუხით ირკვევა, რომ სააგენტომ გვაცნობა ი.მ. „მალხაზ კახაძის“ შემთხვევასთან დაკავშირებით განხორციელებული მიკვლევადობის შესახებ, თუმცა კვლავ გაურკვეველი რჩება, რამ შეუშალა ხელი შპს iProduct-ში აღმოჩენილი სუნელების ტყვიით დაბინძურების წყაროების მიკვლევას. დიდი დაგვიანების შემდეგ, 2019 წლის 24 ივნისს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, თუ რატომ ვერ მოხერხდა შპს iProduct-ში აღმოჩენილი სუნელების ტყვიით დაბინძურების წყაროების მიკვლევა. კერძოდ, ი.მ. „ნანა ფალიანს“, რომელმაც სუნელები iProduct-ს მიაწოდა, თავის მხრივ, ეს პროდუქცია ბაზარზე, ფიზიკური პირებისგან ჰქონდა შეძენილი. ამ პირთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან ისინი სუნელ-სანელებლების რეალიზაციას აღარ ახორციელებენ.
ცენტრი და ჩვენც დავინტერესდით, პრაქტიკაში რამდენად ხდება ზემოაღნიშნულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. მოვიძიეთ ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან და ჩვენი კვლევის შედეგებს გთავაზობთ.
სეს-ის მიერ სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა ავტომატურად არ გულისხმობს იმას, რომ კანონდამრღვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევის ნიშნების არსებობისას გამოძიების დაწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაა, პასუხისგებაში მიცემა _ პროკურატურის, ხოლო განაჩენის გამოტანა _ სასამართლოსი.

თამარ როსტიაშვილი