მთავარი ბლოგი „ივანიშვილის დებიუტიდან“ „სააკაშვილის ენდშპილამდე“, ანუ „კუ-კუ-რუ-კუუუუ“…

„ივანიშვილის დებიუტიდან“ „სააკაშვილის ენდშპილამდე“, ანუ „კუ-კუ-რუ-კუუუუ“…

739
0
გაზიარება

„კუ-კუ-რუ-კუუუუ“… ყურადღება! ყურადღება! ეთერშია!..

საინფორმაციო-ეპოქალური დეჟავიუ ვის გჭირთ? რას ვგულისხმობ? აი, იმ ვითარებას, რომელიც დღეს მივიღეთ საინფორმაციო ველზე.

„ქართულმა ოცნებამ“ საინფორმაციო თვალსაზრისით, ოპოზიცია, თუ გნებავთ, ქვეყანა, ზუსტად იმავე მდგომარეობაში ჩააყენა, რაც თავის დროზე შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. პროფესიული დაკვირვებისთვის საკმაოდ საინტერესო კონფიგურაციაა, დამეთანხმეთ, განსაკუთრებით შეფასებებისა და სამომავლო ქმედებების, გათვლების თვალსაზრისით.
პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო სექტორმა, ექსპერტებმა, ანალიტიკოსებმა, „დამოუკიდებელმა“ ჟურნალისტებმა, რომლებიც დღეს „ოცნებას“ ამუნათებენ „რუსთავი 2-ის“ საკითხში, საკუთარი ინტელექტუალური ფიასკო უნდა აღიარონ. რატომ? იმიტომ, რომ მათი შეფასებები და კომენტარები უკვე მოსმენილი გვაქვს _ 2010-2011 წლებში. მათი უმრავლესობა 2004-2005 წლებში მეტწილად დუმდა, რაც იმის დასკვნის საშუალებას გვაძლევს, რომ ეს პერსონები ბიოლოგიურად გაიზარდნენ მხოლოდ და საზოგადოების ზრდისთვის არაფერი უკეთებიათ და არც არაფერს აკეთებენ _ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე რუდუნებენ და დღიდან დღემდე გვაბოლებენ როდენის მოაზროვნისა თუ აკაკი წერეთლის ცნობილ ფოტოზე გამოსახული პოზების ყალბი მიბაძვით.
გავაანალიზოთ, რა ხდება გარეთ, ანუ ქართულ მედიასივრცეში, თან ისე, რომ აქ „ოცნება“ და მისი პასუხისმგებლობა ნაკლებად მაინტერესებს. პოლიტიკა ჭადრაკს ჰგავს და ამ თამაშის ელემენტარულ ნიუანსებში გარკვეულმა ადამიანებმა იციან, რომ არსებობს გამზადებული კომბინაციები, რომელთაც კონკრეტული პერსონების სახელები ჰქვია. ჭადრაკის თამაში იმითაც არის საინტერესო, რომ ამ გამზადებულ კომბინაციებს ზოგი ერთი-ერთში იმეორებს, სხვები საკუთარი ინტერპრეტაციით გაითამაშებენ ხოლმე. ამიტომაც ახლა სულაც არ აქვს მნიშვნელობა, „ივანიშვილის დებიუტი“ როგორ განვითარდა და გადაიზარდა „ხალვაშის მიტელშპილში“ და საჭადრაკო დაფასთან ბობი ფიშერი ზის თუ მიხეილ ტალი, კარპოვი თუ კასპაროვი. ახლა მთავარია, რომ „რუსთავის 2-ისა“ და ზოგადად, ქართული საინფორმაციო ველის საჭადრაკო პარტიაში „სააკაშვილის ენდშპილს“ ვაკვირდებით. თუმცა ვაღიაროთ, აბსოლუტურად სხვა იმპროვიზაციით. გაგახსენოთ „სააკაშვილის ენდშპილის“ შინაარსი? _ სრულად მონოპოლიზებული მედიასივრცე _ საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“ და სამთავრობო პროპაგანდის მთავარი რუპორი _ „რუსთავი 2“. არ შეგაწყენთ იმის გახსენებით თავს, რის ფასად დაუჯდა მაშინ სააკაშვილის ხელისუფლებას ამ სივრცის უზურპაცია, „იმედის“ შემთხვევაში, განსაკუთრებით. „რუსთავი 2-ის“ განგრძნობად პროცესს კი ახლაც ვაკვირდებით. თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ „ოცნებამ“ ამ შედეგისთვის უფრო ფილიგრანული ხერხები გამოიყენა და (მი)საკუთრების საკითხი ყველა „საინტერესო“ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით არის გამყარებული და თან როგორი მაღალი დონის, ეს თავადაც მოგეხსენებათ.
ზემოთ, როცა საყვედურნარევი ფრაზები წარმოვთქვი, მაგას ერთი მოგონებით გავამყარებ: 2012 წლის მაისში საქართველოში ევროპის ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის გენერალური მდივანი, ერიკ ნულენი და დიდი ბრიტანეთის სააგენტოს „პრესასოციაციის“ გენდირექტორი, ამავე ალიანსის ბიუროს წევრი კლაივ მარშალი მესტუმრნენ. მათი ვიზიტის მიზანზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები პოლიტიკოსებთან, მედიაექსპერტებთან, ჟურნალისტებთან, გამომცემლებთან. ყველა ცალკ-ცალკე და ერთად იმაზე საუბრობდა, რომ საქართველოში არ არის თავისუფალი მედიაგარემო. საღამოს ვახშამზე კლაივ მარშალმა ასეთი რამ მითხრა: „ეტყობა, ქართველებს გიყვართ სირთულეები და ამ სირთულეებით, პრობლემებით ცხოვრება. თუ მიიჩნევთ, რომ დაუცველია საკუთრების საკითხი, გამუდმებით ირღვევა გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება და გულწრფელად ცდილობთ იბრძოლოთ ამ ვითარების გამოსასწორებლად, რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ცალ-ცალკე ამ ყველაფერთან ბრძოლა ძნელია? რატომ ცდილობთ, თევზი კუდით დაიჭიროთ? აქ ხომ მარტივი გამოსავალია _ იბრძოლოთ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის შესაქმნელად და ეს ყველაფერი, რაშიც ამდენ ენერგიას ხარჯავთ, წარმოუდგენლად სწრაფად მოგვარდება. სახელმწიფოს არსებობის ფუნდამენტური გარანტი სწორედ სასამართლო გახლავთ“. პირველად არ ვწერ ამ მოგონებას და ამ სიტყვებს ბოლო 7 წლის განმავლობაში, მაგრამ რა ხეირი?
და იცით, ზემოთ მოყვანილი საყვედურის საფუძველს რა წარმოადგენს? თუ იმას მიმტკიცებ, რომ ხარ მებრძოლი, ხარ დამაშვრალი, ხარ პრინციპული, ხარ „ასე“ და „ისე“ და თან მეუბნები, რომ არ ხარ კონიუნქტურას დაქვემდებარებული, როგორ ხდება, რომ შვიდი წლის თავზე ისევ „სააკაშვილის ენდშპილს“ უნდა ვუყურო? როგორ ხდება, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ახლა იმჟამინდელი ოპოზიციონერებისა და ამჟამად ხელისუფლებაში მყოფთა გამზადებულ ჰედლაინებს იყენებენ, ხოლო სხვა დანარჩენი საკუთარი მეხსიერების სკივრში იქექება და იმასვე იმეორებს, რასაც მაშინ ამბობდა? რა გამოდის, რომ ან საფრთხეები შეფასდა არასწორად, ან პროგნოზი გაკეთდა მცდარი, ან უფრო მდაბიო სურვილი _ მთავარია იტივტივო და გამჩნევდნენ? და მაშინ მისია?
ძნელი იყო ამ შედეგის პროგნოზირება? აი, 2014 წლის 28 ოქტომბრის ნიუსი: „ჯი-ეიჩ-ენის“ დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა მედიაში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება და წერს, რომ დეკემბერში „მაესტროსთვის“ მოიცლიან, იანვარში „რეაქციას“ დახურავენ და გაზაფხულზე ივანიშვილს „სანუკვარი მედიასივრცე“ ექნება:
„მაესტროს“ დეკემბრის ბოლომდე მოილევენ, იანვარში გრიგოლიას „რეაქციას“ დახურავენ, იანვარშივე მოიცლიან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მერე ინტერნეტმედიასა და გაზეთებს მიაყოლებენ _ ორ-სამთვიან ფინანსურ კრიზისს გაუჩალიჩებენ და მარტში-აპრილის დასაწყისში ბიძინას სანუკვარი მედიასივრცე უნდა ჰქონდეს.
მედიასერობის შედეგია ეს, რომელსაც დემოკრატ-ლიბერალი ტიპებიც ესწრებოდნენ. თვეზე მეტია, ამას გავყვირი, გესმით ვინმეს? დაისვით ეთერში ატროფირებული და ნაყიდი პოლიტიკანები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების შეუბღალავი ავტორიტეტები, რომლებიც ხმას არ ამოიღებენ თქვენს გარდაცვალებაზე.
მათგან გვირგვინს კი არა, პანაშვიდზე მოსვლასაც არ უნდა ელოდოთ. უყურეთ გულარხეინად ერთმანეთის გარდაცვალებას. უსმინეთ ბრძენი ქართველების გამონათქვამებს ჟურნალისტურ სტანდარტებზე. იხალისეთ დღევანდელი დღით. სხვა არაფრის თავი არც გქონიათ და არც გექნებათ არასოდეს…“, _ წერს გოჩა მირცხულავა „ფეისბუქზე“.
მაშინ სულ ცოტათი ავცდი ვადებს, ცოტათი, მაგრამ ის შედეგი დადგა? მაგრამ მაშინ ეს არ იყო პოზიორების ნაფიქრალი და გაცხადებული და ყურადღებას ვინ მიაქცევდა და ვინ იბრძოლებდა? მერე ყველაფერი ასე მოხდა და სამოქალაქო პანაშვიდიც გადავიხადეთ დამწუხრებული სახეებით. მაგრამ, აი, ისე _ სხვისი მკვდარი სხვას მძინარე რომ ეგონა და მორჩა… ზოგმა სიუჟეტები მოამზადა, ზოგმა _ ჩართვები, ზოგმა ერთი-ორი ტოქშოუც ხია და ვალი მოვიხადეთ ქვეყნისა და კოლეგების წინაშე.
აქვე ჩანართად _ რა გეშველებათ ზოგიერთ, ზემოთ ნახსენებ „დემოკრატ-ლიბერალ ტიპებს“, რომლებიც იმ სერობას ესწრებოდით? ბიძინამ ეს რომ გაგიხსენოთ? ახლა ხომ მას ეძახით უზურპატორს, ოლიგარქსა და დიქტატორს? მეტყვით, მანდ „რუსთავი 2-ზე“ არაფერი წერიაო. არ ვაპირებ ყველა ნიუსის აქ გამოტანას და ისე გიპასუხებთ, _ წერია! თუ კარგად წაიკითხავთ, რადგან „რუსთავი 2-მა“ და სხვებმა აირჩიეს პარტნიორებად ის ადამიანები, რომლებიც დღეს მის „გარდაცვალებაზე“ სულაც არ ღვრიან ცრემლებს. ბევრი მათგანი კი იმ მიმტირებელს ჰგავს, კუბოსთვის შემოვლისას ერთი სული აქვს, გარეთ გააღწიოს და იხარხაროს. მათ გადაწყვიტეს ისე მოქცევა, რაზედაც 2014 წელს ვწერდი: დაისვით ეთერში ატროფირებული და ნაყიდი პოლიტიკანები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების შეუბღალავი ავტორიტეტები, რომლებიც ხმას არ ამოიღებენ თქვენს გარდაცვალებაზე. ცალკეული მათგანის კნავილი რომ იმ მამლის ყივილს ჰგავს, ბიბილოზე რომ ჰკიდია, მისი „კუ-კუ-რუ-კუუუუს“ მერე გათენდება თუ არა, არ იცით?
და რეალურად რა მოხდა „რუსთავი 2-ის“ შემთხვევაში? _ თეორიულად, ნებისმიერმა გონიერმა ადამიანმა იცის, რომ ძალა ერთობაშია და არა იმაში, მუდამ იძახო, _ მე ვარ ერთადერთი, მე ვარ ფლაგმანი, ან აძახებინო „ისაა საუკეთესო“ და სხვას ამრეზით, ქედმაღლურად უყურო.
დროა, ვაღიაროთ, რომ არ არსებობს ნომერ პირველი მედია ამ ტოტალურ საინფორმაციო ეპოქაში, როცა ლამის ყველა ადამიანი სამოქალაქო ჟურნალისტია. უნდა აღიარო და მიხვდე, რომ რომელიღაც დაბის პორტალმა შესაძლოა, მსოფლიო ექსკლუზივი შენზე ადრე გააჟღეროს და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სწორედ ის არის ნომერ პირველი. ისევე როგორც არ ნიშნავს, რომ შენ რამით სჯობიხარ მას. უბრალოდ, ყველა იმას აკეთებს, რაც და როგორც შეუძლია. ამ ვითარებაში „მე ვარ პირველი“, „ის არის პირველი“ (იმიტომ, რომ ეკრანზე ჩანდე) არის სხვისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ექსკლუზივებზე არ განვევრცობი, გითხარით, უაზრო რამეა. შენ კი არ უნდა იძახო, რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი და ერთადერთი, არამედ ეს აღიარონ და განსაკუთრებით თუ ხარ ერთადერთი შენი გააზრებით, მაშინ ვისგან ითხოვ სოლიდარობას, როცა სხვა დანარჩენი მუდმივი დაკნინების რეჟიმში გყავს? მეტყვით, ასე არ არისო. მაგრამ მეც არაფერს ვამბობ ისე რა _ და ეს დაკვირვების კი არა, წლების განმავლობაში გამომცემლებთან და მაუწყებლებთან კომუნიკაციით მიღებული დასკვნა გახლავთ (იცით, როგორაა საქმე, აი, მთელი არსებობის განმავლობაში გამოცემა რომ მუდამ გრანტით ცხოვრობს, არასოდეს უფიქრია, მედიაბიზნესის პრიზმაში განეხილა საკუთარი საქმიანობა და იმ გამოცემების დაკნინებას რომ ცდილობს, რომლის მეპატრონე დღესა და ღამეს ათენებს საკუთარი სტაფისთვის ჯამაგირის საშოვნელად. ვის მიმართ გექნებათ უფრო მეტი პატივისცემა? თუმცა ეს ინდივიდუალური აღქმის საკითხია).
საქართველოში დიდი მედიაბაზარი არ არის. ამიტომ ნებისმიერი გამომცემელი და მაუწყებელი უნდა მიხვდეს, რომ აქ „მე ვარ მაგარი“ იმუშავებს ლოკალურ დროში. აქ აუცილებელია კორპორაციული თანამშრომლობა. და ის, რომ ახლა „რუსთავი 2-ის“ პანაშვიდზე (დამეთანხმეთ, სულ არაფერი და არავინ რომ არ შეიცვალოს, ხალვაშის „რუსთავი 2“ ვერ იქნება, რაც იყო მანამ, ისევე როგორც იმავე ხალვაშის „რუსთავი 2“ არ იყო ის, რაც იყო ეროსის „რუსთავი 2“) მისული ადამიანები მორიგ ქელეხში წასასვლეად ემზადებიან.

***
ქართული პოლიტიკური სპექტრი და მედია უნდა მიხვდეს _ აგრესია ვერ იმარჯვებს. აგრესიის დრომ და ეპოქამ ჩაიარა. ახლა „კოსმოსში“ სხვა რამეები ხდება. დაიწყო სხვა ეპოქა, სხვა რეალობა. ყველა, ვინც ეთიკის, ზრდილობის, ეტიკეტის სტანდარტს გასცდება, დამარცხდება. ვინ როგორ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენი? არც ამას. ლოკალური აგრესიული გამარჯვება კი პოზიტივით უნდა დაბალანსდეს და არა დაცინვით, ნიშნის მოგებით, ქილიკით. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება არ შეიძლება ჩვენი მეზობლის, მეგობრის ან ოჯახის წევრის დამარცხებად ვაქციოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩვენსავით არ ფიქრობენ და ქვეყნისთვის რუდუნების სხვა გზებს ხედავენ.
მედია უნდა მიხვდეს _ ექსკლუზივი კი არაა მთავარი და სხვისი ტალახში თრევა, არამედ ფაქტის ანალიზი. ანალიზი და არა ინტერპრეტაცია. ცოცხლად მკვდარი და წარსულში ჩარჩენილი პოლიტიკოსები უნდა წავიდნენ და მუდამ ნაფტალინში არ უნდა ვამყოფოთ ან მედიამ გაიყვანოს ისინი პოლიტიკური ველიდან და თან თავაზიანად: მადლობა დიდი გარჯისთვის, ბრძოლისთვის მაგრამ დაისვენეთ და დაასვენეთ სახელმწიფო (აქ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკოსი რომელი პოლიტიკური გუნდის წევრია). იგივე უნდა გაკეთდეს მედროვე და „ზუბრიაჩკა მოაზროვნე“ როდენისტების მიმართ, რომელთაც ხან ექსპერტებს ვეძახით, ხან პოლიტილოგებს და რომლებიც რეალურად ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის არაფერს ან ვერაფერს აკეთებენ (უხეშად ვიტყვი, _ რა ჩემი ფეხების ექსპერტია ის ადამიანი, რომელიც მთელი წელი იმ სფეროზე, რომელზედაც ქაქანებს, ერთ ანალიზს არ დაწერს დამოუკიდებლად და მხოლოდ ტელეეთერებიდან და გაზეთებისა თუ ინტერნეტგამოცემების გვერდებიდან გვმოძღვრავს?)
მედიამ და აქ, პირველ რიგში, ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემებზე ვსაუბრობ, უნდა აიძულოს ის ადამიანები, რომელთაც პოტენციალი აქვთ, ხარისხიანად და პროფესიონალურად აკეთონ ისეთი საქმეები, რაც მომავალი 7 წლის შემდეგ ისევ „სააკაშვილის ენდშპილის“ ყურებას არ გვაიძულებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ რეანიმაციაში მყოფი კი არ უნდა მოკლა, იმის გამო, რომ კარგი გამოსათხოვარი სიტყვა გსურს წარმოთქვა ან ამოლესილი თუ მოხრაკული ლობიო მოგენატრა, უნდა იბრძოლო, გადაარჩინო და მერე თავად გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოს და როგორ.
ჩვენ მცირერიცხოვანი ხალხი ვარ და უფრო მცირერიცხოვანი ერი. საკმარისია ამდენი აგრესია. პერსონალური ან ჯგუფის მიმართ აგრესიის გამოხატვისას გიფიქრიათ იმაზე, რას იზამთ ხვალ, მონტეგებისა და კაპულეტების როლში რომ აღმოჩნდეთ, თუნდაც ტრაგიკული ფინალის გარეშე? საკუთარი შვილების არ შეგრცხვებათ?
ჩვენ გვაქვს საოცარი შემეცნება, _ გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი. გვაქვს ნიჭი, გვაქვს შემართება და ეს ამდენი უარყოფითი როგორღაც უნდა შევცვალოთ პოზიტივით, თუნდაც იმით, რომ ღიმილი დავიბრუნოთ სახეზე. გავუღიმოთ სხვებსაც და სხვა თუ არაფერი, ეს ხომ მხოლოდ სიტყვები არაა _ რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია _ ეს წესია, ცხოვრების წესი, რომელიც არ გვახსოვს, რომელსაც კი ვამბობთ, მაგრამ არ ვასრულებთ. რატომ? განა, უფრო ადვილი არაა გათიშე და იბატონეს ან, გნებავთ, ქაოსის პირობებში ცხოვრება? შანსი გვაქვს, უფრო მეტს გამოვრჩებით… მაგრამ ამ გამორჩენის ფასი? და თუ ეს ფასი არნახულად დიდი იქნება… „ან სამწუხარო სხვა ამბავი იქნება განა, რომეოსა და ჯულიეტას ამბავისთანა?!“ ამის მოსმენა გინდათ?

***
და მაინც, რატომ დავიწყე საყვედურით? იმიტომ, რომ ეს განცდა და ემოცია მხოლოდ მე არ დამუფლებია. ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს შემოვიშველიებ: ცრუპენტელობად, თვალთმაქცობად და უტიფრობად მიმაჩნია, რომ ის ხალხი, ის „სტატუს-პერსონები“, რომლებიც ბევრს წერენ ქართულ მედიასივრცეში ბოლო 20 წელს არსებულ მარაზმზე („ვინ-ვის-სად-როდის-როგორ-რამდენად…“) თითქოს ვერ ამჩნევენ თვალსაჩინო გამოსავალს ამ მარაზმიდან, რაც გადაწყვეტს ამ „საშვილიშვილო პრობლემას“, თუ როგორ უზრუნველვყოთ, ერთი მხრივ, პლურალისტური მედიაგარემო, პროსახელისუფლებო თუ ანტისახელისუფლებო(!) ოლიგარქთა მიერ საკუთარ ტელევიზიების ინსტრუმენტად გამოყენება _ პროსამთავრობო თუ ანტისამთავრობო(!) მიზნებისთვის, და, მეორე მხრივ, დავიცვათ საზოგადოების უფლება, ჰქონდეს მრავალი წყარო ინფორმაციის მიღებისა პროპაგანდის (კვლავაც „ანტი“ თუ „პრო“) გამორიცხვით.
ამისთვის საკმარისია ავიღოთ ბრიტანეთის, გერმანიის ან საფრანგეთის კანონმდებლობა „თავისუფალი და პასუხისმგებელი“ მედიის შესახებ, მისი შესაბამისი რეგულაციებით ობიექტური და დაბალანსებული, იმავდროულად, ეთიკური და პასუხისმგებელი ჟურნალისტიკის უზრუნველსაყოფად და… მარტივად ვთარგმნოთ ქართულად.
ეს არის და ეს. არა? მაშინ გაგრძელდება მთელი ეს მარაზმი სამარადჟამოდ, როცა ტელევიზიები სხვადასხვა პროსახელისუფლებო თუ ანტისახელისუფლებო ოლიგარქთა ინსტრუმენტია _ პროსამთავრობო თუ ანტისამთავრობო ინტერესთა განსახორციელებლად.
ხოლო ჟურნალისტები დარჩებიან ამ ოლიგარქთა და მათთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ჯგუფთა მონებად, განურჩევლად იმისა, „პროსამთავრობოები“ არიან თუ „ანტისამთავრობოები“. ამით არსი იოტისოდენად არ იცვლება“.

***
ჰო, არაფერი განსაკუთრებული, თითქოს, ამობრუნებულ სარკეში ვიყურები. გარეთ ისევ ის ხდება, რაც ადრე. უბრალოდ, ადრე სააკაშვილმა ითამაშა პარტია და შექმნა სქემა _ „სააკაშვილის ენდშპილი“, რომელსაც ახლა „ოცნება“, გნებავთ, ივანიშვილი თამაშობს. და მაშინ მოთამაშეებს რას ვედავებით? ჩვენი ბრალი არ არის, რომ ამ თამაშის ცქერის სურვილი აღმოგვაჩნდა და სეირად ვაქციეთ. არადა, წესით, ეგ პარტია არ უნდა შემდგარიყო და არც შედგებოდა, რომ არა ის აგრესია, რომელიც ასე ბუდობს ჩვენში და მოსვენებას არ გვაძლევს.
საბოლოოდ? ეს ვითარებაც შეიცვლება აუცილებლად, მაგრამ ამისთვის გვინდა სიბრძნე, გონიერება და სულ ცოტა რამ _ აგრესიის დამარცხება, სხვა შემთხვევაში სწორედ აგრესია დაამარცხებს აგრესიულებს.
და სულ ბოლოს: „კუ-კუ-რუ-კუუუუ“… ყურადღება! ყურადღება! ეთერშია…

გოჩა მირცხულავა

 

დატოვეთ კომენტარი