„მინისტრი კი არა, ის ერთი კაცი უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას“

31 ივლისი არასდროს დამავიწყდებაო, _ ამბობს მსახიობი გოგა გველესიანი. არ დაავიწყდება, რადგან სწორედ 31 ივლისს რობერტ სტურუამ საკუთარ დაბადების დღეზე მსახიობი (და კიდევ რამდენიმე) „რუსთაველის თეატრიდან“ გამოუშვა.
„ქრონიკა+“-თან საუბრისას გველესიანი იმ რთულ გზას იხსენებს, რომელიც მან თეატრიდან წამოსვლის შემდეგ გაიარა. 36 წელი სცენაზე დგას, თუმცა მისი ეს სტაჟი, პროფესიონალიზმი, კარიერა და ცხოვრება, რაც მან „რუსთაველის თეატრის“ სცენაზე განვლო, სტურუამ ერთი ხელის მოწერით გაუნადგურა:

_ გოგა, რა პერიოდი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ და რამდენიმე მსახიობი „რუსთაველის თეატრიდან“ გამოგიშვეს?
_ 31 ივლისს წელიწადი გახდება. ეს არ დამავიწყდება არასდროს, რადგან ბატონი რობერტ სტურუას დაბადების დღეა და სწორედ ამ დღეს მიიღო ეს გადაწყვეტილება.
_ რის საფუძველზე მიიღო პირადად თქვენი განთავისუფლების გადაწყვეტილება? გისაუბრიათ რობერტ სტურუასთან ამ თემაზე?
_ არანაირი შეხვედრა არ გვქონია. მეტსაც გეტყვით: მოქმედი მსახიობი ვიყავი, სპექტაკლებში ვთამაშობდი და მართლა არ ვიცი, რა მოხდა.
_ ანუ განთავისუფლების მიზეზი თქვენთვის უცნობია?
_ ვარაუდით ცოტა უხერხულია, რამე ვთქვა, თუმცა არსებობს რაღაც ვერსიები.
_ ეჭვის დონეზე შეგიძლიათ, გვითხრათ, კონკრეტულად, რას უკავშირდება თქვენი განთავისუფლება?
_ ბატონ რობერტ სტურუას ვუთხარი, რომ თუ სხვა შემოთავაზება მექნებოდა, რა გამეკეთებინა? ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა, სხვა თეატრში მეთამაშა, რაზედაც თანხმობა განმიცხადა. ბევრ შემოთავაზებაზე იქამდე უარს ვამბობდი. ისე დაემთხვა, რომ „ქეთო და კოტეს“ პრემიერის თამაშის მეორე დღესვე ბატონი რობერტი თეატრიდან გაუშვეს. სავარაუდოდ, ბატონი რობერტი ფიქრობდა, რომ მეც უარი უნდა მეთქვა სპექტაკლში თამაშზე. ბევრი დრო მქონდა იმისთვის, რომ მეფიქრა, რის გამო გამიშვეს თეატრიდან. რეჟისორს თავისუფლად შეუძლია გითხრას, რომ აღარ ხარ საინტერესო მისთვის და გაგიშვას, რაშიც ვერ შეედავები, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ დაუკავებელი მსახიობები ჰყავს თეატრში, ფიქრს იწყებ იმაზე, თუ რა „შემეშალა“ ან „შევცოდე“. მით უმეტეს, ეს პროექტი თეატრს არ ეხებოდა, მხოლოდ ზაფხულში უნდა გვეთამაშა და არაფერში მიშლიდა ხელს. ბათუმიდან თბილისში შეკრებაზე ჩამოვედი, სადაც ხელი მოვაწერე მოთხოვნას ბატონი რობერტის თეატრში დაბრუნებასთან დაკავშირებით. შემდეგ ისევ უკან დავბრუნდი და საღამოს უკვე სპექტაკლში ვითამაშე. მახსოვს, მაშინ „ქეთო და კოტე“ „ნაციონალების“ სპექტაკლად შერაცხეს.
_ რატომ?
_ არ ვიცი, რატომღაც, ასე აღიქვეს.
_ იმიტომ ხომ არა, რომ სპექტაკლში ისეთი სახეები თამაშობდნენ, რომლებიც, ასე თუ ისე, მათ მხარდამჭერებად მიიჩნევიან?
_ დავით დოიაშვილმა დადგა, სპექტაკლში თამაშობდნენ პაატა ბურჭულაძე, ნანი ბრეგვაძე, ნინო ანანიაშვილი, სოფო ნიჟარაძე, ეკა კახიანი, ნინო ქათამაძე და რა ვიცი, მუსიკისა და დრამის სხვა მსახიობები. მე ამ მიუზიკლის წამყვანი-მთხრობელი ვიყავი. ბოლოს ისე აეწყო, რომ ბატონ რობერტს სპექტაკლებში აღარ დავუკავებივარ. მადლობელი ვარ დავით დოიაშვილის, რომ გავახსენდი და ასეთ არაჩვეულებრივ მიუზიკლში მათამაშა. მადლიერი ვიყავი ბატონი „მეცენატის“ და დღემდე ვარ, თუმცა დღეს ის მეცენატი აღარ არის, გარკვეული პერიოდი ვიღებდი მის დახმარებას, მაგრამ როგორც კი მან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა, უარი ვთქვი მის დახმარებაზე და აღარაფერი ამიღია. შეიძლება, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თეატრიდან გამომიშვეს და ასე ნელ-ნელა გროვდებოდა პატარ-პატარა მიზეზები.
_ დახმარებაზე უარი რატომ თქვით?
_ მეცენატისგან აღებული თანხა სხვა არის და პოლიტიკოსისგან _ სხვა. მე ასე მიმაჩნია, ვინ როგორ ფიქრობს, არავის განვსჯი. დღევანდელი გადასახედიდან მგონია, რომ ძალიან სწორად მოვიქეცი.
_ ანუ კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოდ: თქვენ ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე გამოგიშვეს თეატრიდან?
_ ნამდვილად.
_ ამის შესახებ დირექციამ გაგაგებინათ?
_ დირექციისგან სოფელში უწყება ჩამომივიდა ბატონ რობერტ სტურუას ხელის მოწერით.
_ თეატრიდან გამოგიშვეს და როგორ გრძელდება თქვენი ცხოვრება? რა ხდება ამ ყველაფრის შემდეგ?
_ მუსიკისა და დრამის თეატრში დავით დოიაშვილმა 5 წლის წინ დადგა სპექტაკლი „ფსკერი“, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი მათამაშა და სამი წლის წინ წარდგენილი ვიყავი ხუთ საუკეთესო მსახიობ მამაკაცს შორის. მინდა აღვნიშნო, რომ დავით დოიაშვილთან მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა, რაც გამოიხატება მის პროფესიონალიზმში, რის გამოც მე თავს კომფორტულად ვგრძნობ. სხვა თეატრებისგან განსხვავებით მუსიკისა და დრამის თეატრში საკმაოდ დაბალი ხელფასებია. ამასთანავე, მინდა შეგახსენოთ, რომ 16 წლის წინათ გავყიდე ჩემი ოთხოთახიანი ბინა. ეს 16 წელი ბინიდან-ბინაში, ქირიდან-ქირაში დავეხეტებოდი. ის ხელფასი, რაც რუსთაველის თეატრში მქონდა, ასე თუ ისე, მყოფნიდა. ისევ დათო დოიაშვილმა გადამარჩინა. გარდა ამისა, რამდენიმე მსახიობმა და ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანმა რაღაც კონკრეტული თანხა შეაგროვა და მეც ბანკიდან გამოვიტანე ვალი, რადგან ეს ბინა მეყიდა მთაწმინდაზე. ყოველთვიურ პროცენტს, 450 ლარს ვიხდიდი. რუსთაველის თეატრიდან გაშვების შემდეგ და მუსიკისა და დრამის თეატრში დარჩენილი 500 ლარით, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ ვიცხოვრე ეს ერთი წელიწადი.
_ კომპენსანცია არ გადაუხდიათ?
_ ერთი თვის კომპესანცია მომცეს.
_ ამჟამად მთაწმინდაზე ცხოვრობთ?
_ ამ ბინის გაყიდვაში თამარ ივერმა დამარწმუნა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა და დიდ დიღომში მაყიდინა პატარა ნაკვეთი, სადაც კოტეჯი უნდა ჩავდგა. ბანკის პროცენტი კი 10 წლის განმავლობაში უნდა დავფარო. აგრეთვე კინოლოგიურ ფედერაციაში ვარ გაწევრიანებული და ძალიან დავინტერესდი ამ სფეროთი, შემოქმედებითად მივუდექი. მყავს ძაღლები და წელიწადში ერთხელ, როცა მათი ლეკვები დაიბადებიან, ეს იქნება ჩემი ძირითადი შემოსავალი. დღევანელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, ძალიან კარგი რამ გააკეთა ბატონმა რობერტმა.
_ რას გულისხმობთ?
_ ეს რომ არ მომხდარიყო, ისევ ასე ვიქნებოდი.
_ ასე როგორ?
_ ისევ ამ ბინაში. იქ კი უფრო კარგი პირობები მექნება, ორი ძაღლი მყავს, მესამე ჩამოვიყვანე მოსამრავლებლად, თავი რომ ვირჩინო. ასეა ცხოვრება, ვინ როგორ, რითაც შევძლებთ თავის გატანას. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ ტაქსაობა დამეწყო, მაგრამ როცა ეს რეგულაციები და ათასი რამ შემოვიდა, მივხვდი, მაგდენს ვეღარ გავქაჩავდი.
_ რობერტ სტურუას პოლიტიკური პოზიცია თუ იგრძნობოდა თეატრში?
_ პოლიტიკური პოზიცია იგრძნობოდა, თუმცა ვერავის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. მის დადგმულ სპექტაკლ „გოდოს მოლოდინში“ 2003 წელს თეატრალურმა კრიტიკოსებმა წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შემსრულებლად მაღიარეს (მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მთავარი როლი). ბატონი რობერტი ყოველთვის კმაყოფილი იყო ჩემი შესრულებული როლებით. კმაყოფილი ვარ ყველაფრით, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. პირველად ბატონ მიშა თუმანიშვილის ხელში მოვხვდი, რომელმაც მასწავლა და დამაუფლა ამ პროფესიას და პროფესიონალი მსახიობი ვარ, შემდეგი ეტაპი იყო 20 წელი ბატონ რობერტ სტურუასთან და კიდევ უფრო გავიზარდე, დღეს კი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება უკავშირდება დავით დოიაშვილს და ბედნიერი ვარ.
_ ისე საუბრობთ, რომ თითქოს მსახიობობაზე ხელი ჩაიქნიეთ. ასეა?
_ არა, არა საერთოდ არ ჩამიქნევია ხელი. იმედს ვიტოვებ, რომ დოი მომავალშიც დამაკავებს ახალ სპექტაკლებში.
_ თუმცა სხვა თეატრიდან რომ გქონდეთ შემოთავაზება, შეზღუდვა არ გექნებათ, ხომ?
_ შეზღუდული არ ვიქნები, უბრალოდ, გააჩნია თეატრს, რეჟისორსა და მსახიობებს, ვისთან ერთადაც მომიწევს მუშაობა. ძალიან მომწონს და მაინტერესებს რეჟისორ დათა თავაძესთან მუშაობა. დათა ჩემი დიდი იმედია ახალგაზრდა თაობაში, ის ქართული თეატრის ერთ-ერთი რეფორმატორი იქნება. დანარჩენი, ყველასთან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ისეთ რეჟისორებთან მაქვს ნათამაშები, თუმანიშვილიდან დაწყებული და დოიაშვილით დამთავრებული, რომ ყველა რეჟისორთან ვერ წავალ. იმიტომ კი არა რომ არ წავალ, უბრალოდ, ვერ წავალ, რადგან არ მაინტერესებს. შეიძლება დამწყებთან წავიდე, მაგრამ ის იყოს ექსპერიმენტი, თუმცა ყოველი ახალი სპექტაკლი ნებისმიერ რეჟისორთან ექსპერიმენტია.
_ რა არის რეჟისორ დათა თავაძეში ის, რამაც თქვენი ყურადღება მიიპყრო?
_ აბსოლუტურად ყველაფერია მასში ის, რაც ჰქონდა თუმანიშვილს, რაც აქვს სტურუას, დოიაშვილს, თემურ ჩხეიძეს, ჭოლას და ა. შ. ამას დამატებული ის, რომ დათა არის ახალგაზრდა, ახალი სისხლი, ახალი თაობის, აბსოლუტურად ახლებურად აზროვნებს და დარწმუნებულია იმაში, რასაც აკეთებს. თეატრის გარდა მას ცხოვრება არ შეუძლია და რაც მთავარია, ის ძალიან ნიჭიერია.
_ რა გასწავლათ ამ ერთმა წელმა. არაფერზე გწყდებათ გული?
_ დღევანდელი გადასახედიდან უფრო არ მწყდება გული. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ბატონი რობერტი, მაგრამ შემაგუა იმას, რომ შესაძლებელია მის გარეშე ცხოვრება, თუმცა შეიძლება მე უფრო ადრე წავიდე ამ ქვეყნიდან და მასაც არ გაუჭირდება ჩემ გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლო ადამიანები ვიყავით. ბოლო პერიოდში „რუსთაველის თეატრის“ შენობაში მიმძიმდა შესვლა, სადაც სიცივესა და სიყალბეს ვგრძნობდი. განა კონკრეტულ ადამიანებში ან ჩემს კოლეგებში, _ არა. ყველაფერი კანონზომიერია. სავარაუდოდ, იმ გარემოცვაში და იმ თეატრში ვარ, სადაც მაფასებენ და ადამიანად მაგდებენ.
_ ამ ყველაფერს ვერ გრძნობდით „რუსთაველის თეატრში“?
_ როდესაც „რუსთველის თეატრში“ კარგი პერიოდი მქონდა და ყველა მიცინოდა, თქვენ რა გგონიათ, არ ვიცოდი, ვინ, როგორ და რა გულით იყო განწყობილი ჩემდამი? ეგ არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხედავთ, თუ რა ტრიალებს ქვეყანაში. საერთოდ, სახელმწიფოც აღარ გვქვია, საშინელება ხდება. ერთი კაცი წყვეტს, ბუჩქი სად დაირგოს. გახარიას გადადგომას რომ ითხოვენ, ძალიან მიკვირს, რადგან აქ კონკრეტული მინისტრი კი არა, ის ერთი კაცი უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას. იხაროს, გაიხაროს ცხოვრებით, გადარგას ხეები, დატკბეს თავისი შესაძლებლობებით, მაგრამ პოლიტიკას ჩამოშორდეს. გაგვამათხოვრა ხალხი. სიგარეტს გვიძვირებენ იმ მოტივით, რომ თითქოს ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და მაშინ საკვები პროდუქტი გააიაფონ. შიმშილისგან იხოცებიან ბავშვები და უპატრონო მოხუცი თაობა.
_ რა მოლოდინი გაქვთ?
_ პოზიტიური. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან საზოგადოება მეტად გაიზარდა და განვითარდა, მეტი მოთხოვნა ექნებათ ახლად არჩეული ხელისუფლების მიმართ, რის შემდეგაც, დარწმუნებული ვარ, საქართველო დაიბრუნებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებს და გახდება ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრი. მე მჯერა ჩვენი ახალგაზრდობის.

გიორგი საკარული