„დაინახე და დააფასე ჩვენი შესაძლებლობები“ _ გიგი სიჭინავას წარმატების ფორმულა

14 წლის მხატვარი, გიგი სიჭინავა, ქვეყნის მასშტაბით 200 ნიჭიერ ბავშვს შორის ერთ-ერთია, რომელიც „თიბისი ბანკის“ სტიპენდიანტი გახდა.

„გიგის სახელოსნო“ ზუგდიდში ძალიან პოპულარულია და მის ნამუშევრებს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. მას 270-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს შექმნილი. ის აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში და მომავალ წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ გეგმავს პერსონალური გამოფენის მოწყობას. პატარა ხელოვანი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია. გიგის დიაგნოზი 4 წლის ასაკში აღმოაჩინეს მშობლებმა და სწორედ იმ დღიდან დაიწყო ბრძოლა პატარა ხელოვანის წარმატებული მომავლისთვის.
ნათია სახოკია (გიგის დედა) ერთ-ერთი დამფუძნებელია ორგანიზაციისა, რომლის მიზანია, დაეხმარონ ზუგდიდში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირებს, საბაზისო უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ხელი შეუწყონ აუტიზმის მქონე ბავშვთა დროულ გამოვლენასა და ადრეული მკურნალობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას.

_ ნათია, პირველად, როდესაც გიგის დიაგნოზის შესახებ გაიგეთ, რა რეაქცია გქონდათ?
_ 2008 წელს გადავწყვიტეთ, რომ გიგი აუცილებლად უნდა მიგვეყვანა სპეციალისტთან, რადგან ვერ მეტყველებდა, დაძახებაზე არ რეაგირებდა, არაადეკვატური თამაშები ჰქონდა და პირველი, რაც ვიფიქრეთ, გვეგონა, რომ სმენის პრობლემა ჰქონდა. მერე როდესაც თბილისში წავიყვანეთ და ფსიქოლოგთან მივედით, აუტისტური სპექტრის აშლილობა დაუდგინდა. გიგი იმ დროს 4 წლის იყო. ძალიან რთულია იმ წამს ამ ყველაფერთან შეგუება, ძალიან რთულად მისაღებია ყველა დედისთვის, ეს მტკივნეულია, როდესაც კითხვები გაქვს საკუთარ თავთან: „მე რატომ დამემართა? რატომ მოხდა ასე? რა დავაშავე?“ თავიდან ძალიან გიჭირს ამ პრობლემის აღიარება საკუთარ თავთან, თუმცა მერე უკვე ფიქრს იწყებ, თუ როგორ დაძლიო მდგომარეობა და იბრძვი.
_ ბრძოლის პირველი ეტაპები როგორი იყო?
_ პირველი, რაც გავაკეთეთ, აუტიზმის ირგვლივ ინფორმაცია მოვიძიე და ლიტერატურას გავეცანი. ყველაფერს ვეძებდი, რომ გამეგო, ეს რა იყო, რას ნიშნავდა და რა შანსები გვქონდა. დავიწყეთ ნეიროფსიქოლოგის რეკომენდაციების გათვალისწინება, ასეთ დროს ყოველი წუთი და წამი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალო. ამ ყველაფერში მაქსიმალურად ჩავერთეთ მეც და ჩემი მეუღლეც.
_ გასულ წლებში ჩვენს ქვეყანაში ამ დიაგნოზის მიმართ გარკვეული სტიგმა არსებობდა საზოგადოებაში, თითქმის არ გვქონდა მათი განვითარებისთვის სერვისები. დღესაც აუტიზმის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშეა. კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან აუტიზმის მქონე პირები და მათი მშობლები საქართველოში?
_ აუტისტური სპექტრის ბავშვები ძალიან ბევრი პრობლების წინაშე დგებიან დღესაც. ამ პრობლემას 10 წლის წინათ წავაწყდით. წარმოიდგინეთ, საქართველოში რა უნდა ყოფილიყო…
დღესაც არ არსებობს სრული სერვისები და სრული კომფორტი ამ მიმართულებით.
ბევრი ყოფითი პრობლემის წინაშე იდგნენ და დღესაც დგანან მშობლები. დღეს საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, ამ ბავშვებს აფინანსებენ, რაც მოიცავს რეგიონებში 15 და თბილისში 20 საათს. ეს არის (ABA) _ ქცევითი თერაპიის სეანსები, რომელიც უშუალოდ აუტისტური სპექტრის ბავშვებთან ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი, კვლევებზე დაფუძნებული თერაპიაა _ დადებით შედეგზე ორიენტირებული. ეს სერვისი ხელმისაწვდომია, თუმცა ვერ გეტყვით, რომ საკმარისია. კიდევ სხვა ბევრი რიგითი საჭიროებაა, მაგალითად, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, სკოლა, ბაღი… არ არიან გადამზადებული სპეციალისტები, ცნობადობის დონე რეალურად არ არის განვითარებული ამ კუთხით. ყოველთვის მომყავს მაგალითად საოცნებო ქვეყანა ამერიკა, სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა განვითარებული და თუ ჩვენ ამ მიმართულებით საქართველოს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის არაფერს ნიშნავს ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ასეთი ტიპის ბავშვებს.
თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არაფერი კეთდება, რა თქმა უნდა, კეთდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გამოსასწორებელი.
_ ასოციაცია „გზამკვლევის“ შესახებ მინდა გკითხოთ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თქვენ ბრძანდებით, იმ დედებთან ერთად, რომლებსაც საერთო გამოწვევა გაერთიანებდათ…
_ დიახ, ჩვენივე პრობლემებიდან გამომდინარე, სამივე მშობელს გვქონდა ერთი გულისტკივილი, სამივეს აუტისტური სპექტრის ბავშვი გვყავდა და სამეგრელოში კი არა, იმ დროს თბილისის გარდა არსად არსებობდა რაიმე ცენტრი, სადაც შეიძლებოდა ამ ბავშვების მიყვანა და შესაბამისი თერაპიის ჩატარება. ამიტომ ჩვენ გავერთიანდით და დედების ინიციატივით 2016 წელს დაარსდა ასოციაცია „გზამკვლევი“, ფუნქციონირება დავიწყეთ 2017 წლიდან. ჩვენი მიაზანია, დავეხმაროთ ზუგდიდში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირებს საბაზისო უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში; ხელი შევუწყოთ აუტიზმის მქონე ბავშვთა დროულ გამოვლენასა და ადრეული მკურნალობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას.
გვყავს გადამზადებული კადრები, ასევე არიან ფსიქოლოგები და მიმდინარეობს ქცევითი თერაპია, რაც იმ დროს არ იყო ზუგდიდში. ნამდვილად უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ჩვენ შემოვიტანეთ ამ კუთხით განათლება. დღესდღეობით ჩვენს ცენტრში ზუგდიდში 30-მდე ბენეფიციარს ვაწვდით ამ სერვისებს.
_ ადგილობრივი თვითმმართველობა რამდენად არის ჩართული და რაიმე ტიპის დახმარებას თუ გიწევთ?
_ ადგილობრივი თვითმმართველობა უკვე ჩაერთო და ურთიერთთანამშრომლობით მივაღწიეთ, რომ 15 საათით ფინანსდება თითო ბავშვი. ამისთვის დიდი მადლობა ზუგდიდის მერიას მხარდაჭერისთვის. იმედია, სამომავლოდ 15-საათიან დროს გაზრდიან და როგორც დედაქალქში, 20-საათიანი მომსახურება იქნება. ეს თერაპია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ამერიკაში კვირაში 40 საათია სტანდარტი და რეალურად სწორედ ამდენივე სჭირდება ჩვენს ბავშვებსაც. თვეში 15-20 საათი კი, შეიძლება ვთქვათ, რომ საერთოდ არაფრის გაკეთებას სჯობს და რაც უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება ამ ბავშვებს, მეტი შანსი გაუჩნდებათ საზოგადოებაში რეალიზების.
_ გიგი დღეს ცნობილი ბიჭია, ის საოცრად ხატავს… როდის აღმოაჩინეთ მასში ეს ნიჭი?
_ ძალიან დიდ დროს უთმობს ხატვას, 3-4 წლიდან გაუჩნდა ხატვის მიმართ ინტერესი, იმ დროს კონკრეტულ ფიგურებს არ ხატავდა, მაგრამ მისი ინტერესის სფერო ნამდვილად იყო ხელოვნების ეს მიმართულება ადრეული ასაკიდან. ამ დაკვირვებით მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო მისთვის, რადგან შეიძლებოდა, ხატვის სერიოზული ნიჭი განვითარებულიყო მასში. თუ რამე მოუნდებოდა, შეძლებისდაგვარად, ყველა საშუალებას ვიყენებდით, რომ ეხატა. როდესაც ხატავდა და ხატვისთვის საჭირო ინვენტარს ვყიდულობდით, მათ დანახვაზე ძალიან გახარებული იყო. მერე უკვე კიდევ უფრო დაინტერესდა და სადღაც 6-7 წლის ასაკში პირველი სრულყოფილი ნამუშევარი დახატა.
_ გიგი, შენ რას გვეტყვი შენს ნახატებზე?
გიგი: ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც დავხატე და კონტურების მოხატვა დავიწყე ფუნჯით, ჩემით ვისწავლე. ძერწვაც ძალიან მიყვარს, ბევრ სხვადასხვა რამეს ვაკეთებ, ასევე ვქმნი მანქანებს. ადამიანების პორტრეტები გამოვიგონე და 260 დავხატე, ბავშვებს ვაჩვენებ, მათ კაცების სახელები დავარქვი.
_ ძალიან ბევრი მშობელი ხშირად ყურადღებას არ აქცევს ბავშვის ინტერესებს ადრეულ ასაკში, ამ შემთხვევაში თქვენი გამოცდილება რომ გაგვიზიაროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს მხარდაჭერა და ხელშეწყობა?
ნათია: ყველა მშობელს მინდა ვურჩიო პირადი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან: პირველ რიგში, არ არსებობს უნიჭო ბავშვი და არ არსებობს ბავშვი, რომელსაც რაიმე ინტერესის სფერო არ აღმოაჩნდეს. და თუ კონკრეტულ ინტერესს შეამჩნევთ, რომელზეც დიდხანსაა კონცენტრირებული, მას შეიძლება ნიჭი ჰქონდეს და მაქსიმალური ხელშეწყობით აუცილებლად გახვალთ შედეგზე.
ჩვენი მაგალითიც სწორედ ეს არის, რომ ჩვენ გიგიში ეს ნიჭი დავინახეთ, განვავითარეთ, მერე ამ ყველაფერზე გიგის მომავალი ავაგეთ. ზუსტად გიგის მაგალითი ცხადყოფს, რომ მან საკუთარი თავი ხატვაში იპოვა. ყოველი მისი გამოფენა და ნამუშევრების ჩვენება მისთვის თერაპიაა. გიგი გაიზარდა ამ ყველაფრით და სრულიად უკონტაქტო ბავშვი დღეს საზოგადოებისკენ მიილტვის და სრულიად კონტაქტურია. ჩვენ ეს შევძელით, რისთვისაც წლების მანძილზე ვიბრძოდით.
_ გიგი, ცოტა ხნის წინ შენი პერსონალური გამოფენა მოეწყო დადიანების სასახლის ეზოში, უამრავი სტუმარი მოვიდა, შენი განცდები როგორი იყო?
გიგი: ძალიან კარგი დღე იყო, ბედნიერი ვიყავი, ბევრი სტუმარი მოვიდა, ყველა განსაკუთრებული სტუმარი იყო ჩემთვის.
_ ყველაზე მეტად რომელი ნახატი გიყვარს?
გიგი: ბევრი ნახატი მაქვს, თუმცა განსაკუთრებით ჩემი დახატული დელფინარიუმი მომწონს, შარშან ვიყავი ბათუმის დელფინარიუმში, დოკუმენტურ ფილმში გადამიღეს, დელფინებს მოვეფერე და მათთან ერთად გავცურე.
ნათია: 70 ფერწერა აქვს, ნაძერწების მთელი კოლექცია, რასაც ნამდვილად ვერ დავითვლი, ძალიან ბევრია. ყველაფრის ფოტომასალა არსებობს. სამწუხაროდ, ნაძერწები ფორმას იცვლის და ვერ ვინარჩუნებ. ასევე გიგი ქმნის ინოვაციურ მანქანებს, ეს არის ძალიან საინტერესო დეტალები, თითქმის მანქანის ყველა დეტალი აქვს ამ ქაღალდის ფურცლისგან დამუშავებული და, ასე ვთქვათ, საინტერესო მაკეტებია. ყველას ფერები ადევს და შუშებიც კი ჩაუსვა. გიგიმ მინირების ფურცელი მოიფიქრა. რობოტების სერიაც აქვს გაკეთებული, მის მიერ გამოგონილი და შექმნილი. ძალიან ბევრ ნივთს, ფურცლის ყველა ნაგლეჯსაც კი, ვინახავ წლების მანძილზე. მგონია, რომ ერთ დღეს გიგი თავად ისაუბრებს ამ ყველაფერზე, რადგან ბევრი რამე ჩემთვის დღემდე გაუგებარია.
_ შთამბეჭდავია გიგის მიერ შექმნილი პორტრეტები, ვინ არიან ისინი?
ნათია: მე გამუდმებით ვაკვირდები საკუთარ თავს და გიგისაც, ბევრ რაღაცაზე, გულწრფელად გითხრათ, არ მაქვს პასუხი. არ ვიცი, საიდან ქმნის ამ ყველაფერს, მაგრამ მაქვს ჩემი ვარაუდები, ჩემი ხედვით, თუნდაც, ეს 260 პორტრეტი, პერსონაჟი, არის ეტაპობრივად დახატული, თითქმის ერთ წელიწადში, რაღაც მუზა მოსდის… ასე დააგროვა 260 პერსონაჟი, თან ყველას წინასწარ აანონსებდა, ჩამოწერილი ჰქონდა სახელები და გვარები, ვინ უნდა დაეხატა, შემდგომი ვინ იქნებოდა. ჯერ დახატული არ იყო და უკვე მოგონილი ჰქონდა სახელები და გვარები. მხოლოდ მამაკაცების პორტრეტებს ხატავს. სახელებსა და გვარებს იგონებს. ყველა ნახატს თავზე ლათინურად აწერია ინიციალები. ვერ ვთარგმნით, რას ნიშნავს. როდესაც ვეკითხებით, ვერ გადმოსცემს, რა წარწერებია. ყველას პიროვნებებად აღიქვამს. როდესაც ალაგებს, ერთი დიდი სილამაზეა, რაღაც გარდამავალი ფერები იქმნება. ეს ჩემთვის ყველაზე საოცარი მოვლენაა და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს დაებადება კითხვა. მართლა მაინტერესებს, ამ ყველაფრის ახსნა მინდა, რომ ჩემზე მეტად გამოცდილმა პროფესიონალური კუთხით განიხილოს.
_ ერთი კვირის წინ გიგის გრანდიოზული გამოფენა მოეწყო დადიანების სასახლის ეზოში, ამაზეც ვისაუბროთ…
_ გიგის სახელზე უკვე არის ექვსი პერსონალური გამოფენა, 4 წლის წინ იყო პირველი გამოფენა ზუგდიდში, თბილისში იყო ორჯერ და დანარჩენი ისევ ჩვენს ქალაქში. გიგის შემოქმედებითი საღამო, რომელიც დადიანების ეზოში გაიმართა, ჩემი განსაკუთრებული და დიდი ხნის ოცნება იყო. გიგი ჩემთვის ყველაზე სენსიტიური და ემოციურია თემაა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად აქვს. საოცნებოა ის, რაც გიგის ირგვლივ ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთვის მაინც რთულია ემოციების გარეშე საუბარი. ეს იყო საოცარი საღამო დადიანების ეზოში, ხშირად ჩემს ფიქრებში წარმოვიდგენდი ზაფხულის საღამოს, სადაც ირეოდა ხალხი, იყო სასიამოვნო მუსიკა და მუსიკის ფონზე გიგის ლამაზი ნახატები. ზუსტად ასე მქონდა წარმოდგენილი ეს საღამო ჩემს ფიქრებში. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი გულწრფელი ემოცია სტუმრებამდე მივიდა. ეს საღამო შენს თანაქალაქელებთან ასე ცოცხლად ბევრად უფრო რთული და ემოციური ყოფილა. საღამო გიგისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო _ გიგი ნამდვილად შედგა და ჩვენ გამარჯვებულები ვართ.
_ საინტერესო იყო გამოფენაზე წარმოდგენილი გიგის ნახატებით გაკეთებული პაზლები…
_ მოგეხსენებათ, აუტიზმისა და პაზლის ურთიერთკავშირი, ეს საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია. გიგის ნახატებს ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს და ვერ ვიმეტებთ გასაჩუქებლად. გამომდინარე აქედან, ასეთი ალტერატივა მოვიფიქრეთ: ძალიან ლამაზი სამაგიდო ნივთი შევქმენით, რომელიც არის ფუნქციური, რომელზედაც შესაძლებელია ითამაშონ დიდებმაც და პატარებმაც და მათ თვალწინ ეს თამაში გადაიქცეს გიგის მიერ დახატულ ლამაზ პეიზაჟებად.
ამასთან ერთად, გიგის თავისი შემოსავლის წყარო ექნება, რადგან გიგის საქმიანობა მოითხოვს ფინანსურ მხარდაჭერას, გიგის ნახატებით შექმნილი პაზლები უკვე იყიდება.
_ როგორც ვიცი, გიგის ოცნებაა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოეწყოს მისი გამოფენა. ხომ არ გეგმავთ უახლოეს პერიოდში და ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ გიგის მომავალი მის პროფესიაში?
_ მუდმივად სიახლეს ვეძებთ, რადგან სიახლის გარეშე არც მე და არც გიგის არ შეგვიძლია, სიახლე გვასაზრდოებს… თუ რაიმე ახალი იდეა არ გვამოძრავებს, ძალიან ცუდ ხასიათზე ვართ. ჩვენი დიდი ხნის ოცნება და გეგმაა, რომ ევროპაში გავაკეთოთ გიგის გამოფენა. კონკრეტული ქვეყანა ამ ეტაპზე არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანთან სივრცის შესარჩევად და მერე რიგი პროცედურები იქნება გასავლელი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს გიგის ძალიან უნდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, გიგის სურვილებს ვითვალისწინებთ, ყოველთვის მხარს დავუჭერთ მისი მშობლები. იმედი მაქვს, გაისად ეს იდეა განხორციელდება.
რაც შეეხება მომავალს, ჩვენ ერთად ძალიან ბევრი წელი გამოვიარეთ და ყოველთვის ვგრძნობდი გიგისგან, რომ ჩემ გვერდით ძალიან დიდი ადამიანი იყო, ჯიუტად მჯეროდა ყოველთვის, რომ აუცილებლად დიდ წარმატებებს მივაღწევდით. მომავალში ჩემი სურვილია, გიგი იყოს მეტად დამოუკიდებელი, ბედნიერი, აკეთოს ის, რაც მას ძალიან მოსწონს, უყვარს და მგონია, რომ 14 წლის ასაკში წარმატებულია და თუ ამ ტემპით გავაგრძელეთ, ბუნებრივია, რომ ის ძალიან წარმატებული ბიჭი იქნება. მინდა, რომ გიგის ნიჭი უფრო განევითარებინოს, მან იცის, რომ ძალიან დიდი შრომის ფასად მიიღწევა წარმატება.

ლევან ქემოკლიძე