ნიკოლოზ შენგელია: „ეროვნული ბანკი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას ახორციელებს“

საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ შენგელია:

_ მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს შევეხოთ. მესმის, ისეთ კონკრეტულ რიცხვებსა და ციფრებს, ანუ პარამეტრებს გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ ეს მით უფრო საინტერესო ხდება მოვლენების გასაანალიზებლად. მოკლედ, როგორია ქვეყანაში მიმდინარე მიმდინარე ძირითადი ეკონომიკური ტენდენციები?
_ აქ უმთავრესი ყურადღება უნდა მივაპყროთ მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკას. მთლიანი შიდა პროდუქტი _ ეკონომიკური ზრდა. 2018 წელი ეკონომიკური აქტივობის მზარდი ტრენდით დაიწყო და, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა 4.7%-ზე აღინიშნა. 2019 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 3.5% შეადგინა, თებერვალში _ 4.6%, მარტში _ 6.0%, აპრილში _ 5.1%, ხოლო მაისში _ 4.7%; 2019 წლის პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 4.7%-ს, ხოლო პირველი ხუთი თვის საშუალო ზრდა 4.9%-ს შეადგენს.
_ საინტერესოა, როგორია ეკონომიკური ზრდის დარგობრივი სტრუქტურა?
_ 2018 წელს ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი წვლილი ინვესტიციებმა და მარაგების ცვლილებამ შეიტანა. წმინდა ექსპორტის წილი 2018 წლის პირველ ნახევარში უარყოფითი იყო 2017 წლისგან განსხვავებით, რაც გამოწვეული იყო იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდით ექსპორტთან შედარებით. მესამე კვარტალში წმინდა ექსპორტი კვლავ გაუმჯობესდა და დადებითი წვლილი შეიტანა ზრდაში. 2018 წლის 4.7%-იან ეკონომიკურ ზრდაში ძირითადი წვლილი შეიტანა მოხმარებამ (3.7%), ინვესტიციებმა და მარაგების ცვლილებამ _ 3.1%, ხოლო წმინდა ექსპორტის წვლილი უარყოფითი იყო. 2019 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში _ ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში.
_ ეკონომიკურ მაჩვენებლებში ხომ მთავარია მშპ ერთ სულ მოსახლეზე. აქ რა ხდება?
_ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მზარდი ტემპით ხასიათდება. წინასწარი შეფასებით, 2018 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 11 059 ლარს _ 4 364 აშშ დოლარს შეადგენს.
_ აქ სადავო ხდება გადანაწილების პრინციპი. ხომ ცხადია, რომ თბილისსა და მაგალითად, რომელიმე რეგიონში ეს სიკეთე თანაბრად არ არის გადანაწილებული. ამავდროულად, ის საკმაოდ ჩამორჩება საერთაშორისო მაჩვენებელს.
_ დიახ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით მშპ ერთ სულ მოსახლეზე 11 600 აშშ დოლარს შეადგენს. ანუ აქამდე მისვლას კიდევ გვაკლია.
_ მნიშვნელოვანია შედარება, თუ როგორია ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში?..
_ ბოლო წლებში, მიუხედავად ეკონომიკური აქტივობის შენელებისა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი იყო. საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი მდგრადობა 2014-2016 წლებში რეგიონში არსებული ზრდის შენელების ფონზე. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 3.4%-ით იზრდებოდა, 4.6-ით 2014 წელს, 2.9%-ით 2015 წელს და 2.8%-ით 2016 წელს მაშინ, როცა მეზობელ ქვეყნებში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ექნება ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა 2018-2023 წლებში რეგიონის ქვეყნებთან შედარებით და, საშუალოდ, 5.2%-ს შეადგენს.

_ ამ ფონზე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ფასების საკითხი. ამ მიმართულებით, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, რა ვითარებაა?
_ საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს ახორციელებს. 2019 წლის თარგეთი 3%-ია; 2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.0%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივ ინფლაციაზე მაღალია _ საშუალო 6 თვის 3,55%;
აქციზის განაკვეთის ცვლილების ეფექტი ასევე ასახული იქნება 2019 წლის ინფლაციაზე. ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ფასის ცვლილების ეფექტი 2019 წლის ივნისში ინფლაციაში 1,33 პუნქტს შეადგენს.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.94%-ია. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 20.1%-ით, რაც 1.33%-ია. ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2%-იანი მატება, რაც 0.4%-ია. დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.0%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.29% შეადგინა. ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 2.9%-ით, რაც 0.24%-ია;
_ რა მდგომარეობაა ბიზნესსექტორში?
_ ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წელს, გასული წელთან შედარებით, 19.5%-ით გაიზარდა. პროდუქციის გამოშვება 10.5%-ით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 3.7%-ით, ანუ 24,457-ით. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 684,517 ადამიანი შეადგინა. 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 27.5%-ით არის გაზრდილი, პროდუქციის გამოშვება 9.0%-ით, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა და 663,804 ადამიანი შეადგინა.
_ თქვენ საუბრობთ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე, ამ დროს უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფოში…
_ 2019 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2%-ული პუნქტით შემცირდა და 12.8% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს მოსახლეობის აღწერის შედეგად შეიცვალა მოსახლეობის რაოდენობა კლების მიმართულებით. გადაანგარიშდა სამუშაო ძალის მაჩვენებლებიც, რამაც ცვლილება გამოიწვია ასევე უმუშევრობის დონეში. გადაანგარიშებით მიღებული უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, თუმცა ტენდენცია მაინც იგივეა და 2017-2018 წლებში უმუშევრობის კლება შეინიშნება.
_ პოზიტიურობის თვალსაზრისით რას მიაპყრობდით გამორჩეულ ყურადღებას?
_ 2017 წელს დაწყებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია 2018 წელსაც შენარჩუნდა: 2018 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 11.9% შეადგინა, მეორე კვარტალში _ 8.8%, მესამე კვარტალში დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი 0.2%-ზე, რაც ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 10.9% შეადგინა. შესაბამისად, 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 7.7%-მდე შემცირდა. აღნიშნული გაუმჯობესება გამოწვეულია მომსახურების ბალანსის დადებითი სალდოს მნიშვნელოვანი ზრდით. 2019 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 47.7%-ით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა 11.9%-დან 6.2%-მდე შემცირდა. მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო.
_ რა მდგომარეობა გვაქვს საგარეო ვალის მიმართულებით?
_ საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17.8 მლრდ აშშ დოლარი _ 48.0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის 110.1%-ია.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 18.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2018 წლისთვის პროგნოზირებულ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 44.6%-ია.
_ ამ ფონზე საინტერესოა, როგორია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში?
_ 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მშპ-ს 7.6% შეადგინა. პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 8.2%-ის ტოლია, მეორე კვარტალში _ 9.4%-ის, ხოლო მესამე კვარტალში 8.2%-ის, მეოთხე კვარტალში კი _ მშპ-ს. მეოთხე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიციები განხორციელდა საფინანსო სფეროში _ 42.7%, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში _ 10.7% და დამამუშავებელ მრეწველობაში _ 10.4%; ხოლო 2018 წელს მთლიანად ინვესტიციები დიდი მოცულობით განხორციელდა საფინანსო სექტორში _ 22.5%, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში _ 14.2% და ენერგეტიკაში _ 12.8%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურად ეს მაჩვენებელი 6.3%-ით შემცირდა.
_ რა მდგომარეობა გვაქვს საგარეო ვაჭრობაში?
_ 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 4 959.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1 466.8 მლნ. აშშ დოლარი იყო _ 14.2%-ით მეტი, ხოლო იმპორტი 3 492.3 მლნ. აშშ დოლარი _ 3.6%-ით ნაკლები. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მაისში 2 025.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა.
ექსპორტისა და იმპორტის ცვლილებისას მნიშვნელოვანია რეალური ზრდისა და ფასისმიერი ეფექტის გამოყოფა, რათა ზუსტად გაანალიზდეს, რამდენი იყო რეალური ცვლილება. 2018 წლის მეორე ნახევარში გაუმჯობესებულია ექსპორტის რეალური ზრდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სექტემბრიდან ექსპორტის ცვლილების ფასისმიერი ეფექტი უარყოფითი იყო, რაც რეალური ექსპორტის ცვლილების ნომინალური ექსპორტის ცვლილებაზე უფრო მაღალ დონეს გულისხმობს. აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდა 2019 წელსაც. 2019 წლის აპრილში ექსპორტის რეალურმა ზრდამ 40.5% შეადგინა, ხოლო ნომინალურმა ზრდამ _ მხოლოდ 34.2% პროცენტი.
_ ფულადი გზავნილებს ქართულ ეკონომიკაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. აქ რა ხდება?
_ 2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში შემოსული წმინდა ფულადი გზავნილები თვეში 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს და აღემატება წინა წლის ანალოგიურ თვეებს. აპრილში წმინდა ფულადმა გზავნილებმა 118.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.3%-იან ზრდას გულისხმობს. აპრილში გზავნილები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იტალიიდან _ 3.6%-იანი წვლილი მთლიან ზრდაში, აშშ-დან _ 1.8%-იანი წვლილი მთლიან ზრდაში და პოლონეთიდან _ 1.4%-იანი წვლილი მთლიან ზრდაში. შემცირებულია გზავნილები თურქეთიდან _ 2.2%-იანი წვლილი მთლიან ზრდაში, ჩინეთიდან _ 0.2%-იანი წვლილი მთლიან ზრდაში და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან _ 0.2%-იანი წვლილი მთლიან ზრდაში).
_ რა მდომარეობა გვაქვს კერძო სექტორის დოლარიზაციის კუთხით?
_ სესხების ლარიზაციას მზარდი ტენდენცია აქვს. მთლიანი სესხების ლარიზაცია მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ლარიზაციით. 2019 წლის მაისისთვის ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ლარიზაციამ 55.9% შეადგინა, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ლარიზაციამ _ 29.1%, ხოლო მთლიანად სესხების ლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 1.6%-ული პუნქტით გაიზარდა და 45.1% შეადგინა.
რაც შეეხება სესხების ლარიზაციას უზრუნველყოფის მიხედვით, მზარდი ტენდენცია აქვს როგორც იპოთეკური ასევე სამომხმარებლო სესხების ლარიზაციას, მაგრამ სამომხმარებლო სესხების ლარიზაცია მნიშვნელოვნად აღემატება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების ლარიზაციას. 2019 წლის მაისისთვის სამომხმარებლო სესხების ლარიზაცია 85.7%-ს შეადგენს, ხოლო იპოთეკური სესხების ლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 1.1%-ული პუნქტით გაიზარდა და 2019 წლის აპრილისთვის 31.2%-ს გაუტოლდა.
დეპოზიტების ლარიზაციას მნიშვნელოვნად განაპირობებს იურიდიული პირების დეპოზიტების ლარიზაცია. 2019 წლის მაისისთვის მთლიანი დეპოზიტების ლარიზაციამ 37.2% შეადგინა, იურიდიული პირების დეპოზიტების ლარიზაცია ამავე პერიოდში 49.5%-ს გაუტოლდა, ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაცია კი, წინა თვესთან შედარებით, 1.3%-ული პუნქტით გაიზარდა და 26.2%-ს გაუტოლდა.
მიმდინარე ანგარიშების ლარიზაცია 2019 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 1.5%-ული პუნქტით გაიზარდა და 47.2% შეადგინა, ამავე პერიოდში მოთხოვნამდე დეპოზიტების ლარიზაცია 36.2%-ია, ხოლო ვადიანი დეპოზიტების _ 31.6%.
_ რა ხდება ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მიმართულებით?
_ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.50%-ზეა. 2019 წლის 30 იანვრის მონეტარული კომიტეტის სხდომაზე განაკვეთი ჯერ 7.0%-დან შეამცირეს 25 საბაზისო პუნქტით, ხოლო 13 მარტს კიდევ შეამცირეს 25 საბაზისო პუნქტით. შემცირების გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად დასახელდა საგარეო რისკების შენელება და ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხის შესუსტება. შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას ახორციელებს. განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მოთხოვნის პოტენციური დონიდან ჩამორჩენის აღმოფხვრის სისწრაფესა და საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების სიძლიერეზე.

არმაზ მეტრეველი