გიორგი ტიგინაშვილი: „საქართველოს ეკლესიის საბოლოო რუსიფიკაცია იგეგმება“

საქართველოს საპატრიარქოს მიზანმიმართული იზოლაციონისტური კრიზისი აქვს, რომლის მიზანი საქართველოს ეკლესიის სრულად და ერთმნიშვნელოვნად რუსული გავლენის სფეროში დატოვება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალ საჭეთმპყრობლად მის მიერ გამორჩეული ეგზარქოსის დანიშვნაა.
ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ესაუბრა:

_გიორგი , რამდენიმე დღის წინ გამოთქვი მოსაზრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, უფრო კონკრეტულად, საპატრიარქოს იზოლაციონისტური კრიზისის შესახებ. ასე აქტუალურია ეს პრობლემა?
_ გარდა იმ შიდა საეკლესიო დიდი პრობლემებისა, რაც უკანასკნელ წლებში უმწვავესად გამოვლინდა საქართველოს ეკლესიაში _ ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ფანატიზმი, ეთნოფილეტიზმი, ობსკურანტიზმი, ჰომოსექსუალური ლობი, არასწორი და მოუწესრიგებელი საკადრო პოლიტიკა, საეკლესიო ფინანსების არამართლზომიერი განკარგვა და გაუმჭვირვალობა, სამღვდელოების უხელფასობა, ჰუმანიტარული და სოციალური საქმიანობის მიზერული მასშტაბი, საეკლესიო კულტურული მემკვიდრეობის გახშირებული დაზიანება სასულიერო პირების მიერ კუსტარული სამუშაოებით, ლიტურგიკის გაუმართაობა და შესასწორებელი საღვთიმსახურო წიგნები, სინოდის ფიქტიური სახე და ფორმალური მუშაობა, საეკლესიო ხარისხებში _ თვით ეპისკოპოსებადაც კი _ პირთა კურთხევა, რომელთაც არასოდეს უსწავლიათ სასულიერო სასწავლებლებში, დიახაც, განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს საქართველოს საპატრიარქოს იზოლაციონისტური კრიზისი საგარეო საეკლესიო ურთიერთობებში, რაც, პრაქტიკულად, სექტანტური სისტემის მაგვარ მონოლითს წარმოადგენს.
_ პრობლემების ისეთი ჩამონათვალი გააჟღერე, გასაკვირიც კია, ასეთ გავლენას როგორ ინარჩუნებს საპატრიარქო ამ ყველაფრის ფონზე… მაგრამ მივყვეთ მაინც თემას…
_ უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ინტრონიზაციისთანავე, 1977 წლიდან, კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მიზნად დაისახა აქტიური ურთიერთობა საზღვარგარეთის საეკლესიო ცენტრებთან, რკინის ფარდით დაგმანული და შეწყვეტილი საეკლესიო კავშირების განახლება, რაც წარმატებით განახორციელა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტის პოსტის დაკავებით.
_ ანუ თანათავმჯდომარეობას გულისხმობ. თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ ეს პროცესი სრულად ჯდებოდა იმ პერიოდის საბჭოთა ხელისუფლების რელიგიურ პოლიტიკაში.
_ გეთანხმებით და ამ თემაზე დავას აზრიც კი არ აქვს. თუმცა ამ პოლიტიკის რეალიზატორი გახლდათ პატრიარქი, რომელსაც, რასაკვირველია, ჰქონდა საკუთარი სურვილებიც, პოლიტიკაც და შესაძლებლობებიც. ამ ურთიერთობათა გვირგვინი კი იყო 1990 წელს კოსტანტინოპოლთან მიღწეული შეთანხმება ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღიარებისა და საპატრიარქო ტიტულის ცნობის შესახებ.
_ მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ უკვე შექმნილი ურთიერთობების ნგრევა.
_ დიახ, ეს საგარეო ურთიერთობები ჩიხში შედის 1997 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დატოვებით, ხოლო განსაკუთრებით საგრძნობი შეიქმნა 2010-იან წლებში. ამ კრიზისის კულმინაცია იყო კრეტის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წაუსვლელობა და ბოიკოტირება, რომელსაც 10 ავტოკეფალიური ეკლესია დაესწრო და ხელი მოაწერა განჩინებებს, ხოლო ოთხმა _ ანტიოქიის, რუსეთის, საქართველოს, ბულგარეთის _ ეკლესიებმა ბოიკოტი გამოუცხადა.
_ რაც კრეტასთან დაკავშირებით მოხდა, ნამდვილად დიდი უხერხულობაა და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს რუსულ გავლენას საქართველოს ეკლესიაზე…
_ რა თქმა უნდა… და არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიაზე. რეალურად ამ სამმა ეკლესიამ ორბიტიდან გამომდინარე განახორციელა რუსული სცენარი.
_ ამის მიუხედავად საქართველოს ეკლესია ხომ ინარჩუნებს ურთიერთობებს სხვა ეკლესიებთან? რა გაძლევს იმის საფუძველს, რომ იზოლაციონიზმზე ვისაუბროთ?
_ დეტალურად განვიხილოთ საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობები ავტოკეფალიურ ეკლესიებთან: ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა მოსკოვის საპატრიარქოსთან საბჭოთა ხანაში ჩამოყალიბებული უმჭიდროესი კავშირების გამოკლებით _ გამომდინარე საერთაშორისო საეკლესიო მოცემულობიდან, საქართველოს ეკლესიას უწევდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან. მაგრამ 2016 წელს კონსტანტინოპოლის მიერ მოწვეულ კრეტის მსოფლიო კრებაზე წაუსვლელობით და მოსკოვური პოზიციის მხარდაჭერით, რაც პროვოცირებული იყო საეკლესიო კრების ჩაშლისა და კონსტანტინოპოლის დასუსტება-დამცირების მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობა კონსტანტინოპოლთან უკიდურესად გაფუჭდა.
_ თუმცა ეს განაწყენება ან, როგორც თქვი, ურთიერთობის გაფუჭება, კონსტანტინოპოლს საჯაროდ არც გამოუხატავს…
_ მართალია! ფანარი _ მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრი _ დიპლომატიურად იქცევა და ზედმეტად არ ძაბავს ურთიერთობას საქართველოს საპატრიარქოსთან.
_ სამაგიეროდ საქართველოში არაერთი ღვთისმსახურის მძიმე განცხადებები მოგვისმენია კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ…
_ დიახ, მსოფლიო საპატრიარქო იქცევა მართლაც დიპლომატიურად, იმის მიუხედავად, რომ არაერთი ქართველი მღვდელმთავარი და მღვდელი ფანატიკური და პრორუსული პოზიციების საფუძველზე, ლანძღვისა და ცილისწამების კორიანტელს არ იშურებს მსოფლიო პატრიარქისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსადმი. რა თქმა უნდა, ფანარში ეს ყველაფერი კარგად იციან.
_ და რა არის კონსტანტინოპოლის დიპლომატიური ქცევის საფუძველი?
_ მათი თავშეკავებული მოთმინება განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერისადმი პატივისცემითა და სოლიდარობით.
_ სხვა მიმართულებით რა ვითარება გვაქვს?
_ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდოროსი 2008 წელს საქართველოში ბრძანდებოდა, საქართველოს პატრიარქი კი საპასუხო ვიზიტით მასთან არ ჩასულა. ანტიოქიის პატრიარქი იოანე მეათე (ინტრონიზებული 2012 წელს, _ ავტ.) საქართველოში აქამდე არ ჩამობრძანებულა, წინამორბედი პატრიარქი ეგნატე მეოთხე კი მხოლოდ 1981 წელს ბრძანდებდა ვიზიტით. 1981 წლიდან დღემდე ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქი არ სწვევია საქართველოს საპატრიარქოს. არც საქართველოს პატრიარქი ყოფილა საპასუხო ვიზიტით ანტიოქიის საპატრიარქოში. შეიძლება ითქვას, რომ, პრაქტიკულად, ნულოვანი კავშირია.
_ თუ სწორად მახსოვს, არც იერუსალიმის პატრიარქი ყოფილა საქართველოში…
_ იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე (ინტრონიზებულია 2005 წელს, _ ავტ.) დღემდე არ ყოფილა ვიზიტით საქართველოში. ურთიერთობა ხაზგამით ცივია, რადგან დასაწყისში მის პატრიარქად არჩევას საქართველოს პატრიარქი ილია არ აღიარებდა.
_ მიზეზი?
_ ილია მეორე გაკვეული პერიოდი კვლავ პატრიარქად იხსნიებდა გადაყენებულ ირინეოსს. რა თქმა უნდა, ამან დიდად დააზიანა ურთიერთობა იერუსალიმის პატრიარქთან და საპატრიარქოსთან. იერუსალიმის საპატრიარქოსთან ურთიერთობა ასევე დაძაბა საქართველოს საპატრიარქოს მიერ ბეთლემსა და ლოდში სამონასტრო კერების თვითნებური დაფუძნების მცდელობამ. ასევე უკიდურესად სუსტია ურთიერთობა სერბეთის საპატრიარქოსთან. საქართველოს პატრიარქის ვიზიტი სერბეთში არც ერთხელ არ შემდგარა. რუმინეთის პატრიარქი დანიელი, არც მისი წინამორბედი პატრიარქი თეოკტისტე არ ყოფილან ვიზიტით საქართველოში. საქართველოს პატრიარქი რუმინეთის ეკლესიას შორეულ 1995 წელს ესტუმრა. ურთიერთობები, პრაქტიკულად, ნულოვანია. ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე (პატრიარქია 2013 წლიდან, _ ავტ.) არ ყოფილა ვიზიტით საქართველოში, არც პატრიარქი ილია სწვევია მას. ბულგარეთის პატრიარქის ვიზიტი საქართველოში უკანასკნელად 1980-იან წლებში შედგა. საქართველოს პატრიარქისა ბულგარეთში კი _ 1990-იან წლებში.
_ სამაგიეროდ პოზიტიურია ურთიერთობა კვიპროსთან…
_ დიახ, პოზიტიური და გარკვეული მიზეზების გამო.
_ რა მიზეზებს გულისხმობ?
_ პირველ რიგში, ქართველი მოძღვრისა და სამრევლოს ნაყოფიერ და აქტიურ საქმინობას კვიპროსზე. სწორედ ამის გამო კვიპროსის ეკლესიასთან დღეს შედარებით მყარი და პროდუქტიული კონტაქტებია.
_ გავაგრძელოთ…
_ ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე (საბერძნეთის ეკლესიის მეთაურია 2008 წლიდან, _ ავტ.) დღემდე არ სტუმრებია საქართველოს ეკლესიას, რაც მეტყველებს საბერძნეთის ეკლესიასთან სუსტ ურთიერთობებზე, რაც ყოვლად ოდიოზურია.
ალბანეთის ეკლესიას არასოდეს სწვევია საქართველოს პატრიარქი. თავისთავად, ეს უკვე ურთიერთობათა რეზულტატია. ობიექტური მიზეზებით, პოლონეთის ეკლესიასთან შედარებით მეტი კონტაქტია და აქ გადამწყვეტია წმ. გრიგოლ ფერაძის პერსონა. საქართველოს ეკლესიას არ სწვევია დღემდე ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის ახალი მეთაური, მიტროპოლიტი როსტისლავი (ინტრონიზებულია 2014 წლიდან, _ ავტ.), არც საქართველოს ეკლესიის მეთაური სწვევია მას.
_ საკმაოდ დამაფიქრებელი ვითარება წარმოაჩინე, თუმცა ფაქტებს ვერავინ გაექცევა…
_ ამ ფონზე, მარტო 2000 წლიდან დღემდე, საქართველოს პატრიარქის უამრავი ვიზიტი განხორციელდა მოსკოვის საპატრიარქოში. პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მართალია, მოსკოვის პატრიარქი კირილე ვერ ჩამოდის საქართველოში, სამაგიეროდ, მისი ემისრები, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ჩათვლით, წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობენ საქართველოს საპატრიარქოს. ლოგიკური დასკვნები პირუთვნელი მკითხველისთვის მიმინდვია.
_ ვიზიტები გასაგებია, მაგრამ ეკლესიების ურთიერთობა არ არის მხოლოდ პატრიარქების მიერ განხორციელებული ვიზიტები. რა მდგომარეობა გვაქვს საგანმანათლებლო თანამშრომლობის კუთხით?
_ არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყველო სასწავლებელთან საქართველოს საპატრიარქოს ან მის აკადემია-სემინარიებს დღემდე არ დაუდევს თანამშრომლობის მემორანდუმი, არც გაცვლითი პროგრამები მოქმედებს. ერთადერთი გამონაკლისია მხოლოდ ფოთი-ხობის ეპარქიის ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, რომელმაც წელს გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი ამერიკის წმ. ვლადიმირის სახ. თეოლოგიურ სასწავლებელთან.
მაგრამ ცნობილია, რომ არაერთი, მართალია ბევრი არა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ახალგაზრდა განათლებას იღებს უცხოეთში…
იმ რამდენიმე ქართველმა სტუდენტმა, ვინც სწავლობს საბერძნეთის, რუსეთისა თუ ევროპის შესაბამის თეოლოგიურ სასწავლებლებში, ეს პირადი დიდი მონდომებისა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ აღმართული წინააღმდეგობრივი ბარიერების თავდადებული ბრძოლით გადალახვის ფასად მოახერხა.
_ რა მდგომარეობაა უცხოელი სტუდენტების მიერ საქართველოში ჩამოსვლისა და თეოლოგიური განათლების აქ მიღების თვალსაზრისით?
_ აღსანიშნავია, რომ საქართველოში არავინ ჩამოდის თეოლოგიური განათლების მისაღებად, რაც აიხსნება ჩვენი საპატრიარქოს ჩაკეტილობით, სასწავლებლების დაბალი დონით, უკეთ რომ ვთქვათ, სრული უავტორიტეტობით. არადა, ეს ფაქტი იქნებოდა მეტად მნიშვნელოვანი საეკლესიო კავშირების გასაძლიერებლად, ქართველოლოგიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და ქართული ენის შესასწავლად და პოპულარიზებისთვის. თუმცა როგორ უნდა მოვიწვიოთ უცხოელი სტუდენტები, როდესაც ჩვენი საპატრიარქოს სასწავლებლების უმეტესობას არ აქვს აკრედიტაცია გავლილი თვით საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებშიც კი, და ამ დიპლომებს არ აქვთ საერთაშორისო აღიარება. ვწუხვარ, მაგრამ როგორც ვხედავთ, საქართველოს ეკლესიაში თავისუფლების, სინდისიერებისა და ჭეშმარიტების აღქმა დაქვეითებული აქვს მმართველ მენეჯმენტს, რაც მათსავე გადაწყვეტილებებზე დამაკნინებლად ისახება. როგორც იაპონელი მწერალი რიუნოსკე აკუტაგავა იტყოდა: „სინდისი წვერივით არ ამოსდის ადამიანს“.
_ მოკლედ, ამ საკმაოდ დამაფიქრებელი პასაჟის პოლიტიკური და გნებავს, მორალური დასკვნა ასეთია: საქართველოს საპატრიარქოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და ცოტაღა დარჩათ, მოსკოვი აღიარონ იერუსალიმად…
_ როგორც ვხედავთ, პრაქტიკულად, საპატრიარქო ვეღარ ფარავს რუსულ ორბიტასა და ვექტორზე საკუთარ იდენტიფიცირებას, რაც ურთიერთვიზიტების სიუხვეშიც ნათლად გამოიხატება. შესაბამისად, ეს ძალა არც ერთ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს არასდროს არ მისცემს უფლებას, რომ პროდასავლური ფასეულობები დანერგოს და სუვერენული გადაწყვეტილებები მიიღოს. საეკლესიო მეხუთე კოლონა რენეგატი საპატრიარქოს სახით სახეზეა, რომლის ამჟამინდელი ამოცანაც რუსოფილი მოსაყდრის _ შიოს გაპატრიარქებაა.
_ ჩემი შეფასებით, ეს თუ მოხდა, მაშინ გაპატრიარქებასთან კი არ გვექნება საქმე, არამედ გაეგზარქოსებასთან…
_ ზუსტად!!! აქვე უნდა ითქვას, რომ საკუთრივ „მოსაყდრის“ ინსტიტუტი არაკანონიკურია და სამართლებრივად უსაფუძვლო, მით უფრო იმ სახით, როგორადაც ის ამჟამად გვევლინება. მისი უფლებამოსილება მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში შედის ძალაში და ისიც მხოლოდ ორმოცი დღით, როცა მოსაყდრის ერთადერთ ვალდებულებას წინასაარჩევნო პროცესის მომზადება წარმოადგენს! მოსკოვს იმპერატიულად სურს, რომ საქართველოში პატრიარქობა იყოს დანიშვნით-მემკვიდრეობითი და არა არჩევითი.
_ ამ ყველა ქმედების საბოლოო მიზანი ხომ ყველაზე უმეცარი ადამიანისთვისაც ნათელი უნდა იყოს…
_ საქმეც ეს არის და რაოდენ საგანგაშო და სამწუხაროა, როდესაც ამ მიმართულებით ადამიანები თავს იტყუებენ. საქართველოს ეკლესიის საბოლოო რუსიფიკაცია იგეგმება, რაც უკვე პროცესშია. ბიზნესმენი ლევან ვასაძეც ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომელიც რაინდი თუ ვერა, მეგობრის პოლიტიკური ბუცეფალი ნამდვილად არის, რომლის მსოფლმხედველობრივი გახედნვაც პირდაპირ კრემლის მთავარ იდეოლოგ ალექსანდრე დუგინს უკავშირდება. ამდენად, ამ რეტროგრადული და რეგრესული ტანდემის გააქტიურება მოსკოვისთვის უკანასკნელი ბასტიონია, რომლის გამარჯვებასაც ძალზე სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან ახალ თაობასა და საზოგადოების დიდ ნაწილს წარსულში დაბრუნება და დეფორმირება არ სურს!
_ ინტერვიუს ფორმატს გავცდები და ორ სიტყვას ჩემგანაც ვიტყვი. ვასაძის მზე ვერ ამოანათებს. რა თქმა უნდა, ის ისევ შექმნის პრობლემებს, მაგრამ თუნდაც პრაიდის თემამ და მერე გატრუნვამ, არც ერთი საპროტესო სიტყვის გაჟღერებამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მისი „სურვილების“ სრული ლუსტრირება მოახდინა. თუნდაც მისი და მისი რაზმის დისლოკაციის ადგილიდან სულ რაღაც ორას მეტრში პრაიდის ყველაზე მასშტაბური ღონისძიების გამართვამ და რაინდის მდუმარებამ დაადასტურა, რა მოტივებიც აქვს ამ ადამიანს და ეს სულაც არ გახლავთ „სიწმიდეებისა და ტრადიციებისთვის“ რუდუნება. მას აქვს პოლიტიკური დავალებები, რომელსაც ამ დრომდე ოროსანი მოსწავლესავით ასრულებს, ხოლო დაზუთხული საზეპიროები იმისთვის სჭირდება, რომ იმავე კლასში არ ჩატოვონ.

კოკა წერეთელი