„მცირე ჰესებთან ბრძოლა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლაა!“


მცირე ჰესების შესახებ ბოლო დროს საქართველოში ბევრს მსჯელობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თემას მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც, თუმცა, როგორც ირკვევა, მცირე ჰესების მოწინააღმდეგეთა არგუმენტები უფრო ემოციურია, ანუ ისინი, უმეტესად, იმით აპელირებენ, რომ მცირე ელექტროსადგურები გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
ამასთან, „ანტიჰესების“ კამპანიის მიმდევრები კიდევ ერთ არგუმენტს იშველიებენ, _ 21-ე საუკუნეა, მთელი მსოფლიო ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადადის და ჩვენ ამ ჰესებს რატომ ჩავაცივდითო? ერთი შეხედვით, ეს ისეთი არგუმენტებია, რომელსაც ვერაფერს დავუპირისპირებთ, მაგრამ თუ ენერგეტიკოსებს მოვუსმენთ, სურათი რადიკალურად შეიცვლება.

დიახ, ყველა ის ადამიანი, რომელიც ენერგეტიკაში ერკვევა, ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ მცირე ჰესები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია.
იგივე აზრს ავითარებას „ქრონიკა+“-თან საუბრისას ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი გია არაბიძეც, რომელიც მცირე ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას მოსახლეობის ნაკლებინფორმირებულობით ხსნის.
ამას გარდა, ბატონი გია ამბობს, რომ გარემოზე ზემოქმედების კუთხით მთლად უსაფრთხო არც ე. წ. მზის სადგურებია, თან იმისთვის, რომ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადავიდეთ, ქვეყანაში არსებული ჰიდრორესურსები მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ.

_ ბატონო გია, ბოლო დროს იმის შესახებ ბევრს მსჯელობენ, მცირე ჰესები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის საჭიროა თუ არა. თქვენი, როგორც პროფესიონალის აზრით, მცირე ჰესები გვჭირდება?
_ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, გინდ ეკონომიკური იყოს და გინდ პოლიტიკური, აბსოლუტურად ყველა ის ობიექტი უნდა ავაშენოთ, რომლის სარგებელიც იმ უარყოფით გავლენაზე მეტი იქნება, რასაც ამ ობიექტის მშენებლობას გარემოზე მოაქვს. მცირე ჰესებზეც ზუსტად იგივეს თქმა შეიძლება.
რაც შეეხება ენერგეტიკულ თვალსაზრისს, ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ეს ტენდენცია არ შემცირდება და არც უნდა შემცირდეს.
სხვათა შორის, მიმდინარე წლის ხუთი თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცოტა ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ, ამასთან, შარშანდელზე მეტი მოვიხმარეთ და, შესაბამისად, მეტი ელექტროენერგია ვიყიდეთ.
როცა ჩვენი ქვეყნიდან, წლის განმავლობაში, 70-80 მილიონი დოლარი ელექტროენერგიის საყიდლად გადის, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან ცუდია, ამიტომ უკვე იმ ზღვარზე მივედით, რომ მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება აღარ შეგვიძლია. მოკლედ, თუ ახალი ელექტროსადგურები არ აშენდა და ისინი ექსპლუატაციაში არ შევიყვანეთ, სერიოზული დეფიციტი შეგვექმნება.
სხვათა შორის, ჩვენ არც გაზი გვაქვს და არც _ ნავთობი, სამაგიეროდ, გვაქვს წყალი, ამიტომ გვრჩება ერთადერთი ვარიანტი _ ჰიდროენერგეტიკის განვითარებას სერიოზული ყურადღება მიექცეს. ასევე სერიოზულად უნდა დავიწყოთ შენელებული, გაჩერებული თუ გეგმიდან ამოღებული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ სადგურების სარგებელი იმ ზიანზე მეტი იქნება, რასაც ამ სადგურების მშენებლობა გარემოზე მოახდენს.
_ იმ მცირე ჰესების სარგებელი, რომელიც ახლა შენდება, ბუნებაზე უარყოფით ზემოქმედებას აღემატება?
_ დიახ, მცირე ჰესების მიერ გამოწვეული პრობლემები ამ ჰესების მიერ მოტანილ სარგებელზე გაცილებით მცირეა, თუმცა კონკრეტულ სადგურსაც გააჩნია. მაგალითად, თუ ახმეტის ორ და სამმეგავატიან ჰესებზეა საუბარი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ბუნებაზე უარყოფითი გავლენა მინიმუმია.
_ თუ ასეა, აბა, მცირე ჰესების საწინააღმდეგო კამპანია რატომღა დაიწყო? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ისტერიას ვინმე კულისებიდან მიზანმიმართულად მართავს?
_ პრინციპში, არც უამისობაა. ამას გარდა, მოსახლეობისა და განსაკუთრებით იმ ფენის, რომელიც უშუალოდ მცირე ჰესების მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, ცუდი ინფორმირება მიმდინარეობს, ანუ ხალხს ჩვენ, პრაქტიკულად, არაფერს ვეუბნებით, რომ ენერგეტიკული პრობლემა მისთვის და ასევე სახელმწიფოსთვისაც გაცილებით რთული გადასატანი იქნება, ვიდრე ის პრობლემები, რასაც მცირე ჰესის მშენებლობა შექმნის.
საერთოდ, მიმაჩნია და მუდამ ვიმეორებ, რომ ნებისმიერ ინვესტორსა თუ მესაკუთრეს მოსახლეობისა და ქვეყნის წინაშე გარკვეული ვალდებულებები აქვს, ანუ როცა ამბობს, ამას და ამას გავაკეთებ და, ვთქვათ, გზასაც გავიყვანო, სახელმწიფომ ეს დანაპირები სერიოზულად უნდა გააკონტროლოს. მეტიც, ყველა ეს პირობა მანამ უნდა შესრულდეს, სანამ სადგურის მშენებლობა დაიწყება, რადგან ამით მოსახლეობა დაინახავს, რომ სადგურის მეპატრონე ამ სადგურისგან მარტო სარგებელს კი არ ელოდება, არამედ ის ხალხისთვის გარკვეულ სიკეთეს აკეთებს.
აი, ეს საკითხები ძალიან ცუდად არის მოგვარებული, ანუ ჰესის მშენებლობა რომ დამთავრდება, მშენებლობამდე გაცემულ დაპირებებს ან ასრულებენ, ან _ არა.
_ ე. ი., ბატონო გია, როგორც ვხვდები, მცირე ჰესები ზიანის მომტანი არ არის, მაგრამ მთელი ეს ისტერია იმის ბრალია, რომ მოსახლეობა სათანადოდ არ არის ინფორმირებული, არა?
_ დიახ, ასეა. კომუნიკაციის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ვარგისიანობა და მისი ეკოლოგიური პრობლემები ადგილობრივმა მოსახლეობამ და, საერთოდ, მთელმა საზოგადოებამ გაითავისოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ ვაკეთებთ. არის ზიგიერთი პროექტი, რომლის აშენება არ შეიძლება.
_ მაგალითად, რომელი პროექტის აშენება არ შეიძლება?
_ ავიღოთ, ვთქვათ, შუახევის პროექტით სადგურის აშენება არ შეიძლებოდა. ამიტომაც სადგურმა, პროექტირებიდან დაწყებული, მშენებლობის დასრულებამდე, სახელმწიფოსა და სპეციალისტების მხრიდან სერიოზული მონიტორინგი უნდა გაიაროს.
ძალიან ხშირად არის საუბარი, არიქა, გარემოზე ზემოქმედების დასკვნა ამა თუ იმ ფირმამ გააკეთა და ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ჰესების მშენებლობაში ქართული საინჟინრო აზრი და გონი სერიოზულად უნდა იყოს ჩართული, მით უმეტეს, რომ ჩვენ, საბედნიეროდ, გვყავს ადამიანები, რომლებსაც კომპეტენტური დასკვნის გაცემა შეუძლიათ.
მოკლედ, აუცილებელია ჰესების პროექტების, ასევე მშენებლობების მონიტორინგი. გარდა ამისა, მოსახლეობის სერიოზული ინფორმირება და კომუნიკაციაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან ხალხმა იცოდეს, ესა თუ ის ჰესი რა სარგებელს ან ზიანს მოგვიტანს.
_ მცირე ჰესების მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ასეთია: მთელი მსოფლიო მზისა თუ ქარის ენერგიაზეა გადასული და ჰესებს ჩვენ რატომ ვაშენებთო? ამ არგუმენტის საპირწონედ რისი თქმა შეგიძლიათ?
_ მესმის, საუბარი რაზედაც არის. განახლებადი, ანუ მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება აუცილებელია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ვინც განახლებად ენერგიაზე საუბრობს, მინდა, ვკითხო: შეუძლიათ, დამისახელონ ქვეყანა, სადაც მზის ენერგიის გამოყენება სახელმწიფოს მიერ არ იყო სუბსიდირებული?
_ ეს რა შუაშია?
_ დღევანდელი ტექნოლოგიებით მზის ენერგიის მიღება საკმაოდ ძვირია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკის პატრონ ქვეყანას იმის საშუალება არ გააჩნია, რომ მზის ენერგიაში სუბსიდირება მოახდინოს, თან არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დიდი რაოდენობის ჰიდროენერგია გვაქვს ასათვისებელი. როცა ამ ჰიდროენერგიას ბოლომდე ავითვისებთ, მაშინ ჩვენი ენერგეტიკული განვითარება, ბუნებრივია, მზისა და ქარის საშუალებით მოხდება, მაგრამ, ამ ეტაპზე, ვიმეორებ, ეს ძვირი სიამოვნებაა, გარდა ამისა, ტექნიკური პობლემებიც არსებობს.
_ კერძოდ?
_ როცა მზის სადგური შენდება, ამ შემთხვევაში, ისევ ენერგოდამოუკიდებლობიდან გამომდინარე, მეტი სიმძლავრის, მინიმუმ, ორი-სამი სადგური უნდა იყოს დარეზერვებული, რადგან როცა დაღამდება და მზე აღარ იქნება, მზის სადგურის ჩანაცვლება რომ მოხდეს.
გარდა ამისა, მზის ენერგია ეკოლოგიურად არცთუ ისეთი უსაფრთხოა, როგორც ამბობენ.
_ რატომ, იქნებ, უფრო დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
_ იმისთვის, რომ დღის განმავლობაში, მაგალითად, ხუდონის მიერ გამომუშავებული ელექტრონული ენერგია, ანუ მილიარდ-ნახევარი კილოვატსაათი მივიღოთ, ხუდონის შემთხვევაში, ამისთვის საჭირო 400 ჰა, მზის სადგურისთვის კი 1200 ჰა ფართობია საჭირო.
მოკლედ, არც მზის ენერგიაა მაინცდამაინც ისეთ სიტუაციაში, რომ ეკოლოგიური პრობლემები არ შეგვიქმნას, თან მცირემიწიანი ქვეყნებისთვის მზის ენერგიით სრულფასოვანი სიმძლავრეების მიღება ცოტა პრობლემურია, მაგრამ ეს, ბუნებრივია, იმას არ ნიშნავს, რომ სხვადასხვა საქმიანობისთვის ამ დარგის განვითარებაზე არ ვიფიქროთ.
_ თუ სწორად გავიგე, გარემოს ზიანი შესაძლოა, მზის სადგურებმაც მიაყენოს?
_ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ სერიოზული ფართობების დაკარგვა მოგვიწევს _ მზის ენერგიის სადგურების კოლექტორები ხომ უნდა აშენდეს და გაიშალოს? მზის ენერგია უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ თანაფარდობაა დასადგენი, მით უმეტეს, მაშინ, როცა ჩვენი ჰიდროსადგურების 20-25%-იც არ გვაქვს გამოყენებული. თუ ჩვენ ჰიდროსადგურების მშენებლობას არ დავიწყებთ, მათი მზის სადგურებით სრულფასოვან ჩანაცვლებას ვერ მოვახერხებთ.
_ იმას რით ხსნით, რომ მცირე ჰესების მოწინააღმდეგეებს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ? ყველაფერ ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ანტიჰესურ კამპანიაში დიდი ფული იხარჯება?
_ დიახ, გეთანხმებით, რომ ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოსახლეობასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია აქვთ, თან ხშირად ხალხს მწარე სიმართლეს ტკბილი ტყუილი ურჩევნია.
სხვათა შორის, ზოგიერთი სადგური, როგორც წეღან გითხარით, პროექტის დასაწყისშივე დავბლოკეთ, მაგრამ ის პროექტები, რომელიც შესწავლილია და შესაძლებელია, რომ აშენდეს, ამ შემთხვევაში, წინააღმდეგობები შეიძლება, მართულად ჩავთვალოთ!
_ ენერგეტიკაში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ ერკვევა. შესაბამისად, შეგიძლიათ, მარტივად ამიხსნათ, მცირე ჰესებს რა სიკეთე მოაქვს?
_ ჩვენ სერიოზული პრობლემები უფრო იმ სადგურებზე გვაქვს, სადაც კაშხლებია. მცირე ელექტრონული სადგურები კი, ბუნებრივია, ჩვენს ენერგოსიტუაციას აუმჯობესებს, მაგრამ პრობლემას გლობალურად ვერ გადაგვიჭრის.
საქართველოში იმ პროექტებით, რაც არსებობს _ ასაშენებელი თუ აშენებული მცირე ელექტროსადგურებით 5-6 მილიარდი კილოვატ/საათის გამომუშავება შეიძლება. მცირე ელექტროსადგურებს კაშხლები არ სჭირდება და შესაბამისად, გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, არც დატბორვა ხდება. ამას გარდა, მცირე ჰესები იმ სიკეთესაც იძლევა, რომ მეტი ელექტროენერგია გვიჩნდება და აღარ ვყიდულობთ, ანუ თითოეული ჩვენგანის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოებაც გაცილებით იზრდება.
_ ვთქვათ, მე იქ ვცხოვრობ, სადაც ეს მცირე ჰესი შენდება. ჩემთვის ელექტროენერგიას ის ფასი უნდა ჰქონდეს, რაც მთელ ქვეყანაში ღირს თუ გაცილებით იაფი უნდა გადავიხადო?
_ ეს შეკითხვა აბსოლუტურად მესმის და ამ საკითხზე ფიქრი შეიძლება. მეტსაც გეტყვით: ვთქვათ, იმ რეგიონის მოსახლეობას, რომელიც ჰესების მშენებლობის პირდაპირ თუ ირიბ ზეგავლენას განიცდის, სააქციო საზოგადოებისგან გარკვეულ პროცენტსაც კი მივცემდი, ანუ ეს მოსაფიქრებელი და მოსალაპარაკებელი საკითხია. მაგალითად, ზემო სვანეთში დღეს მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის.
_ ამას, როგორც ვიცი, მთის კანონი არეგულირებს.
_ დიახ, გასაგებია, მაგრამ თუ სახელმწიფო ხედავს, რომ ამ მცირე ჰესის მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, მაგრამ მოსახლეობისგან გარკვეული პრობლემები აქვს, მაშინ პროტესტის შერბილება ამ გზითაც შესაძლებელია, ანუ თითოეული მოსახლისთვის დამატებითი სარგებლის მიცემაზე ფიქრი, რა თქმა უნდა, შეიძლება.
_ სხვათა შორის, მცირე ჰესები 2012 წლამდეც შენდებოდა, თუმცა მაშინ ასეთი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. მეტიც, იგივე პანკისის ხეობაში ერთ-ერთი მცირე ჰესი ზარზეიმითაც კი გაიხსნა. დღეს ასეთი აგრესიული გარემო რატომ არის?
_ დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში პირველი ხადორი აშენდა, მაშინ ელექტროენერგიის საშინელი დეფიციტი იყო და ამიტომ სადგურის მშენებლობას არათუ წინააღმდეგობა ჰქონდა, არამედ ხალხი სიხარულით ხვდებოდა და ერთი სული ჰქონდა, ექსპლუატაციაში როდის შევიდოდა, რათა კახეთის რეგიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოფილი ყოფილიყო.
წლების გასვლასთან ერთად კი, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ინფორმაციის მიტანა გაიოლდა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობამდე ჰესების მოწინააღმდეგეების ინფორმაცია უფრო იოლად მივიდა, ვიდრე _ მომხრეების, რაც მარტო სახელმწიფოსი კი არა, ჩვენი ბრალიცაა.
_ მცირე ჰესებთან ბრძოლა სახელმწიფოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია?
_ ბუნებრივია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სადგური, რომლის მშენებლობის პროექტი სრულყოფილია და ვიცით, რომ მისი სიკეთე გარემოზე ზემოქმედებაზე გაცილებით დიდი იქნება, უნდა აშენდეს და ასეთი სადგურის წინააღმდეგ ბძროლა, რასაკვირველია, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლაა!
_ მცირე ჰესების უმეტესობა გარემოზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს, არა?
_ მცირე ჰესი გარემოზე იმაზე ნაკლებ უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ვიდრე დიდი ჰესი, რომელსაც წყალსაცავი აქვს.

გოჩა მირცხულავა