ლადო პაპავა: „ივანიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ახალ მთავრობას ჩაუდგეს სათავეში“

საქართველოდან, ქართველი ხალხის მასშტაბური პროტესტის შედეგად, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გაძევება, როგორც ჩანს, უსიამოვნო აღმოჩნდა ვლადიმირ პუტინისთვის, რომელმაც გადაწყვიტა, საპასუხოდ მტკივნეული დარტყმა მოეყენებინა. პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან აიკრძალა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე რეკომენდაცია მისცა რუსულ ტუროპერატორებს, საქართველოში ტურების გაყიდვისგან თავი შეიკავონ.

რამდენად დამაზიანებელია ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის? როგორ აისახება ლარზე პოლიტიკური პროცესები? როგორ უნდა იმოქმედოს მთავრობამ კრიზისის დასაძლევად?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა:

_ როგორ შეცვალა „გავრილოვის ღამემ“ პოლიტიკური ვითარება ჩვენს ქვეყანაში?
_ ზოგადი ფონი ქვეყნისთვის არასტაბილური და არასასურველია. იმავდროულად, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს არსებული რეალობა, რომელზეც, სამწუხაროდ, პასუხები ან არ არის, ან არაადეკვატურადაა გაცემული. პირველი კითხვა მაქვს ასეთი: რატომ არ გაუჩნდათ პროტესტი პარლამენტის წევრებს, როცა გაიგეს, რომ მართლმადიდებლური ასამბლეის თავმჯდომარე არის კომუნისტური პარტიის წევრი? როგორ შეიძლება, თავისუფალ საზოგადოებაში მართლმადიდებელი კომუნისტური პარტიის წევრი იყოს? ასევე რატომ ჩატარდა მაინცდამაინც საქართველოში ეს ასამბლეა იმ პირობებში, როცა მისი თავმჯდომარე რუსეთის დუმის წევრია? ნუთუ, არ შეიძლებოდა, ეს სხდომა საქართველოში მაშინ ჩაგვეტარებინა, როდესაც თავმჯდომარე იქნებოდა, მაგალითად, უკრაინელი, რუმინელი ან ბულგარელი? არსებობს ასევე კითხვაც, რატომ ჩატარდა ეს ასამბლეა, მაინცდამაინც, პარლამენტის შენობაში? ამ კითხვებზე პასუხები არ გვაქვს. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბატონი კობახიძე გადადგა, მაგრამ საზოგადოებას არ აქვს აღქმა, რომ კობახიძე გადადგა, არამედ კობახიძე პარტიის ხელმძღვანელობამ გადააყენა იმიტომ, რომ განცხადება გადადგომის შესახებ ჩვენ კობახიძისგან არ მოგვისმენია. არ გვაქვს პასუხი იმაზეც, თუ რატომ იყო საჭირო საპროტესტო აქციის დაშლისას ის გადამეტებული აგრესია, რომელიც ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გამოიყენა ახალგაზრდებისა და აქციის მონაწილეების მიმართ? რატომ არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე განცხადება იმის შესახებ, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება? 21 ივნისს დილიდან იყო საკმაოდ დაძაბული სიტუაცია და ხელისუფლების მხრიდან დუმილი. არავინ არაფერს ამბობდა, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ვერსია მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა, მაგრამ გავიხსენოთ, რა განცხადებებს აკეთებდა ქალბატონი რულოვსი ზუგდიდში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, რას მოუწოდებდა პოლიციელებს მისი მეუღლე, „ნაციონალების“ არაფორმალური ლიდერი უკრაინიდან. ის ხომ მათ მოუწოდებდა, რომ არ დამორჩილებოდნენ ბრძანებებს. ამასთანავე, გავიხსენოთ ქალბატონი სალომე სამადაშვილის მიერ ღია ეთერში გაკეთებული განცხადება, როდესაც მან გახარიას უთხრა, რომ მალე პარლამენტის შენობაში შევიდოდა ხალხი. ამ კითხვებზე პასუხები არ არის, ამიტომ მე ვიტყოდი, რომ დღევანდელი სიტუაცია არის საკმაოდ ბუნდოვანი, მაგრამ იმედისმომცემი.
_ მიუხედავად ყველაფრისა, თქვენთვის სიტუაცია იმედისმომცემია. ამასთან დაკავშირებით საუბრის ბოლოს… მანამდე კი თქვენ ახსენეთ, რომ გაქვთ კითხვა: რაში დასჭირდათ ძალის გამოყენება და სპეცრაზმის ჩარევა? ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები შესაძლო გადატრიალებაზე საუბრობენ, ხელისუფლებაც მუდმივად აცხადებს, რომ სწორედ ამასთან გვქონდა საქმე. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესებს, რამდენად სანდოა მმართველი გუნდის განცხადებები?
_ არა მხოლოდ ეჭვი მიჩნდება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, უბრალოდ, მოქმედების სხვა სტილი არ გააჩნია. მათ იციან მხოლოდ გადატრიალებები, შეჭრა, დამხობა. ამ სტილშია ბატონი მელიას განცხადება: ერთ საათში თუ არ გადადგება შინაგან საქმეთა მინისტრი, მშვიდობიანად შევიდეთ პარლამენტშიო. ამ მომენტში გახარიას აქციის დარბევასთან დაკავშირებით არაფერი გაუკეთებია. მეორეც, მშვიდობიანად როგორ შევიდოდნენ პარლამენტში, როდესაც, კანონიდან გამომდინარე, პარლამენტის შენობას პოლიცია იცავდა? რისთვის შედიოდნენ პარლამენტში, მერე რომ ეთქვათ, პარლამენტი აღებულია და ახლა სხვა სამთავრობო შენობებზე გადავალთო? ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, იკვეთება ის ნიშნები, რომლითაც ადვილად ვიჯერებ, რომ რაღაც დონეზე სახელმწიფოს გადატრიალების განწყობა აშკარად იყო. ასევე იყო ქმედებაც, რადგან პარლამენტში შესვლის მოწოდებაც გაჟღერდა. საპროტესტო აქცია უნდა განეხორციელებინათ იქ, სადაც იდგნენ. ამ აქციაზე ძალიან ბევრი რიგითი მოქალაქე სავსებით სამართლიანი პროტესტის გრძნობით მივიდა, რომ არ შეიძლებოდა ბატონი გავრილოვის პარლამენტში მიყვანა და შემდგომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მისი ჩასმა. ეს იყო დანაშაულის ტოლფასი შეცდომა. საზოგადოების პროტესტი სრულიად გასაგებია, მაგრამ რა უნდოდათ „ნაციონალების“ წინამძღოლობით ცარიელ პარლამენტში, მით უმეტეს, როცა ყველამ იცოდა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო? პარლამენტის სასესიო დარბაზში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ისხდნენ. საბოლოო ჯამში, სააკაშვილის მოწოდებებიდან დაწყებული, აქციაზე პარლამენტში შესვლისკენ მოწოდებით დამთავრებული ეს ყველაფერი კონტრრევოლუციის კონტურებს იძენდა.
_ გასაგებია, რომ თქვენ გადატრიალების ნიშნები დაინახეთ, რამდენად ადეკვატურად მოქმედებდა ხელისუფლება?
_ პოლიცია თავიდანვე იცავდა პარლამენტში შესასვლელ პერიმეტრს და საკმაოდ მშვიდი იყო, ცალკეული მოქალაქეები კი პოლიციელების მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ცდილობდნენ სამართალდამცველების გამოთრევას, ართმევდნენ მათ ფარებსა და აღჭურვილობას. პრაქტიკულად, პოლიციელები ნებისმიერ შეურაცხყოფასა და ზეწოლას ითმენდნენ. ეს ყველამ ვნახეთ, რომ ამ დროს პოლიციელები ღირსეულად იქცეოდნენ. მას შემდეგ, რაც ნიკანორ მელიამ მომიტინგეებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა, გარკვეული აგრესია დაიწყო, ამ შემთხვევაში შსს-ს შეეძლო, უფრო ზომიერად ემოქმედა. როგორც მოქალაქეს, მიჩნდება პროტესტი, რატომ უნდა გამოეყენებინათ რეზინის გაურკვეველი წარმომავლობის ტყვიები? ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მძიმედ დაშავდნენ ახალგაზრდები. ეს ბუნებრივია, იწვევს საზოგადოების დიდ უკმაყოფილებას. ერთი მხრივ, იყო სახელმწიფო გადატიალების მცდელობა, მაგრამ, ამავდროულად, პოლიციის მხრიდან იყო გადამეტებული ქმედება. ჩვენ ვნახეთ კადრი, სადაც ორ პოლიციელს მიჰყავდა დაკავებული პირი, გზად მომავალი პოლიციელი კი დაკავებულს სახეში აფურთხებს, _ ეს პოლიციელი, რა თქმა უნდა, დასასჯელია. ვერ წარმოვიდგენ, რომ ამ პოლიციელს ვიღაცამ ასეთი ქმედების ჩადენის ბრძანება მისცა.
რაც შეეხება გახარიას გადადგომას, ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, ასეთი საკითხები პარლამენტში უნდა წყდებოდეს, პარლამენტმა უნდა მოუსმინოს ბატონ გახარიას. არ შეიძლება მის მიერ გადადგომის გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში მისვლის გარეშე, ეს სავალდებულო სტანდარტი უნდა გახდეს. ის, რომ პარლამენტში მივიდეს, მიზანშეწონილია, გამოძიება უკვე დასრულებული იყოს. გამოძიების ობიექტურობის შესაძლებლობას კი ამ გამოძიებაში სახალხო დამცველის ჩართულობა იძლევა. არ დაგვავიწყდეს, რომ ქალბატონი ლომჯარია, რომელიც საკმაოდ აქტიურია და გარკვეულ პატივისცემას იმსახურებს, არ არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და არც არასდროს ყოფილა. მეტიც, ის ებრძოდა „ქართულ ოცნებას“, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობდა. ამიტომ სახალხო დამცველის ჩართულობა იქნება გარკვეულად დამაბალანსებელი და სინათლის მომფენი.
ახლა რომ მოუწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გახარიას გადადგომას, მერაბიშვილს რატომ არ მოუწოდებდნენ, როცა ორი გვამი მინდაო, ამბობდა ან 26 მაისის, ან 7 ნოემბრის დარბევების შემდეგ არ მოუწოდეს?!
თუ ხელისუფლების შეცვლა გვინდა, უნდა შევცვალოთ არჩევნების გზით, არანაირი რევოლუციები და გადატრიალებები არ გვჭირდება, ვისწავლოთ მშვიდობიანად ცხოვრება და პასუხისმგებლობის თავზე აღება. პასუხისმგებლობის აღებაზე საუბრისას მხოლოდ გახარიას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ბატონ კობახიძეს, რომელსაც გადადგომაზე განცხადება არც კი გაუკეთებია და მეტიც, რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა საზოგადოებაში და საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისე მსჯელობდა, ვითომც არაფერი დაუშავებია…
_ გამოძიების ობიექტურობას ეჭვქვეშ დააყენებს სწორედ გახარიას მინისტრად დარჩენა, ამიტომაც არის მოთხოვნა მისი გადადგომა…
_ თუ მაინცდამაინც გადადგომის საკითხი დადგება, არ მგონია, მხოლოდ გახარია უნდა გადადგეს, მთელი მთავრობა უნდა გადადგეს. ახალ მთავრობაში შესაძლოა, ზოგიერთი მინისტრი დარჩეს კიდეც, მაგრამ ასეთ დროს ყველაზე სწორია მთავრობის გადადგომა. შემიძლია, ყველაზე ცუდი სცენარიც გითხრათ: თუ ეს აქციები გაგრძელდება, ხელისუფლება იძულებული გახდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება მოქმედი კანონმდებლობით მოუწევთ, ანუ შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით. ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს, რასაც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება ჰქვია, _ დავკარგავთ. რაც შეეხება გახარიას, ის დიდი ხანია, მიზანშია ამოღებული. გავიხსენოთ აქციის პირველი დღე, გახარიას არც ჰქონდა აქცია დარბეული და უკვე მოითხოვდნენ მის გადადგომას, რადგან ის გამოიკვეთა, როგორც მეტ-ნაკლებად ძლიერი ფიგურა შედარებით სუსტ მთავრობაში. დააკვირდით, ვინმემ დააყენა პრემიერ-მინისტრის გადაყენების საკითხი? _ არა. დღეს საზოგადოებას არ აქვს აღქმა, რომ ის, ვინც პრემიერ-მინისტრია, სწორედ ის არის პირველი პირი. ქვეყანას სჭირდება ასეთი პრემიერი?!
მინდა, ასევე ყურადღება გავამახვილოთ არაპროფესიონალიზმის კიდევ ერთ მაგალითზე _ დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. რატომ უნდა აფინანსებდეს „ქართუ“ და არა სახელმწიფო? მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ „ქართუს“ მოწინააღმდეგე ვარ, პირიქით კეთილშობილური საქმეა, მაგრამ ეს ადამიანები ხომ სახელმწიფოს მხრიდან დაზარალდნენ, მაშინ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე. ჩვენ ქველმოქმედება და ვალდებულება უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან.
არასდროს ასე მკაფიოდ არ მოვითხოვდი ამას, როგორც დღეს ვითხოვ: აუცილებელია ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ახალ მთავრობას ჩაუდგეს სათავეში, რადგან არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.
_ გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ვლადიმირ პუტინმა საპასუხო ნაბიჯები გადადგა და 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, ასევე ტუროპერატორებზე გასცა რეკომენდაციები, რომ თავი შეიკავონ ტურისტების საქართველოში შეყვანისგან. რა ზარალი შეიძლება, მოგვადგეს ეკონომიკური კუთხით?
_ ჩვენ რომც გვქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რომც გვქონდეს სამთავობოთაშორისო ხელშეკრულებები, მაინც არ ვიქნებოდით რამისგან დაზღვეული, რადგან რუსეთი არ არის პროგნოზირებადი და არ უყვარს თავისი საქმიანობის შეზღუდვა საერთაშორისო ვალდებულებებით. ეს ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა 2008 წლის აგრესიის დროს. იგივეა უკრაინის შემთხვევაშიც, ამიტომ რუსეთი დიდად არ იზღუდავს თავს ხელმოწერილი ვალდებულებებით. ერთადერთი, რაც რუსეთს აჩერებს, ეს არის ძალის პოლიტიკა. ჩვენს ვითარებაში საქართველო იმ ძალას ვერასდროს უჩვენებს რუსეთს, რომ ეს მონსტრი შეაშინოს. როდესაც 2013 წლიდან გარკვეულად დაიწყო ეკონომიკური ურთიერთობების დალაგება, მაშინ ძალიან ბევრი ვამბობდით, რომ ბიზნესმა უნდა გამოიყენოს რუსეთის ბაზარი, მაგრამ არ უნდა ვიყოთ სრულად ამაზე დამოკიდებული, რადგან ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, კრემლმა გამოიყენოს გარკვეული სანქციები. ის, რაც რუსეთმა ტურისტებთან მიმართებით გააკეთა, მან არა იმდენად საქართველო დასაჯა, რამდენადაც საკუთარი მოქალაქეები, ავიაკომპანები. გაყიდული ბილეთები უნდა დაბრუნდეს, დაგეგმილი შვებულებები უნდა შეწყვიტონ ან გადაითამაშონ, რაც დამატებითი ხარჯია, ბილეთებს კი ავიაკომპანიები ასე სწრაფად ვერ დააბრუნებენ, ტუროპერატორები გადახდილ თანხებს სწრაფად ვერ დაუბრუნებენ ტურისტებს, ამიტომ რუსეთმა, პირველ რიგში, თავისი მოსახლეობა დასაჯა.
რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის შეფასებით 300 მილიონი დოლარის ზარალზეა საუბარი. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის შეფასებაში ეჭვი არ შემაქვს. მთავარი არის ის, რომ ამან ლარის რყევა გამოიწვია. თუ რატომ გამოიწვია ლარის რყევა, ამის კლასიკური მაგალითი დღეს გახდა თურქეთი, სადაც ნებისმიერი პოლიტიკური ძვრა ლირის რყევას იწვევს. მაგალითად, როდესაც აშშ-ში გარკვეული სახის კონფლიქტია პრეზიდენტსა და სენატს შორის, ასეთ დროს დოლარის არასტაბილურობა იჩენს თავს. ეს ყველა ქვეყანაში ასეა. არასტაბილურობა, პირველ რიგში, ყოველთვის აისახება ეროვნულ ვალუტაზე, რადგან თავდაცვითი ქცევა გაზრდილი რისკების შემთხვევაში აიძულებს ბიზნესსა და მოქალაქეებს, გარკვეული თადარიგი დაიჭირონ, რომელიც შესაძლოა, საბოლო ჯამში, მათთვის უარყოფითიც იყოს. როდესაც ჩვენს ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო და ამის პარალელურად პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ უკრძალავდა რუს ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას, ეს ინფორმაცია ნიშნავდა, რომ რუსი ტურისტების შემცირებასთან ერთად, შემცირდებოდა დოლარის შემოდინება. თუ დოლარის შემოდინება შემცირდება, მაშინ ლარი გაუფასურებას დაიწყებს. ამიტომ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა და რიგითმა ადამიანებმა სასწრაფოდ გადაწყვიტეს ხელთ არსებული ლარის დოლარში გადაყვანა. სანამ რუსი ტურისტების შემოსვლა შემცირდებოდა, უკვე დაიწყო ლარის გაუფასურება, რადგან დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა, ანუ ჯერ სანქცია არ ამოქმედებულა, ისე გაუფასურდა ლარი. ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა მოლოდინების თეორიასთან, ანუ დოლარის შემოდინების შემცირების განცდა მოსახლეობასა და ბიზნესს აიძულებს, არსებული თანხები სასწრაფოდ გადაცვალონ დოლარში, რომ შემდეგ დოლარის შემოდინების შემცირების კვალობაზე ლარის გაუფასურებისგან დაზღვეულები იყვნენ. თავიდანვე დოლარზე მოთხოვნის გაზრდა კი უკვე აუფასურებს ლარს. ამ შემთხვევაში თუკი პასიურ პოზიციას იკავებს ეროვნული ბანკი და მისი ხელმძღვანელობა, რომელიც ამბობს, რომ ეროვნული ბანკისთვის გაცვლითი კურსი პრობლემა არ არის და ის მხოლოდ ინფლაციას უყურებს, ეს კიდევ უფრო ზრდის უნდობლობას სავალუტო ხელისუფლების მიმართ, რადგან ლარის მშობელი სწორედ ეროვნული ბანკია. ამას ემატება ისიც, რომ ოპოზიცია ტრადიციულად უტევს არა ეროვნულ ბანკს, არამედ მთავრობას, რადგან ეროვნული ბანკი აპოლიტიკური სტრუქტურაა, მთავრობა კი _ პოლიტიკური. ამიტომაც ლარის სტაბილურობას აბრალებენ არა იმას, ვისაც ეს უშუალოდ ეხება, არამედ იმას, ვისაც ეს შედარებით ნაკლებად ეხება, ანუ მთავრობას. მთავრობა, რადგან პოლიტიკური ინსტიტუციაა, ისიც იძულებულია, რაღაც სანუგეშო მაინც თქვას. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ჩვენ უფრო მეტი განცხადება მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისგან, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისგან, ვიდრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან, _ ეს ხომ კურიოზია!
_ ხელისუფლება მომიტინგეებს აბრალებს ლარის გაუფასურებას, _ ეს რამდენად შეიძლება არგუმენტად განვიხილოთ?
_ ასეთი რამ გავიარეთ. კარგად მახსოვს 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ ან 2007 წლის 7 ნოემბერი, მაშინაც ეკონომიკურ რყევებს საპროტესტო აქციებს აბრალებდნენ. რა თქმა უნდა, აქციებს აქვს ზემოქმედება ეროვნული ვალუტის სტაბულურობაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ლარის კურსი არ გაგვექცესო, ადამიანები, რომლებსაც პროტესტის განცდა აქვთ, სახლში ვერ დარჩებიან. ლარის კურსის შესანარჩუნებლად საპროტესტო აქციებზე ვთქვათ უარი _ ეს ძალიან სუსტი არგუმენტია მთავრობის მხრიდან.
აუცილებელია თანდათან მოხდეს ქვეყნის გადართვა სხვადასხვა სახელმწოფოდან ტურისტების მოზიდვაზე. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების საყოფაცხოვრებო კულტურა იმდენად დაბალია, რომ მათ მიერ ნაქირავები ბინები მათი წასვლის შემდეგ გაუბედურებულიც კი რჩება. განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა საზაფხულო მოგზაურობას, სულ ცოტა, ერთი წლით ადრე მაინც გეგმავს, ამიტომ ის, რომ ხვალ ვიღაც დასავლეთ ევროპის ქვეყნიდან მასობრივად სასწრაფოდ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და, მაგალითად, კანარის კუნძულების ნაცვლად ბათუმში ჩამოვა, ეს ნაკლებად სავარაუდოა. უბრალოდ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული. ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო და ვთქვათ, რუსეთში შექმნილიყო ეკონომიკური კრიზისი, რუსი ტურისტები ასეთ ვითარებაშიც ხომ ვერ ჩამოვიდოდნენ. ამიტომ ტურიზმი სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული დარგია. ტურიზმი ეკონომიკის არა განმავითარებელი, არამედ გადამრჩენი დარგია.
_ თუმცა ჩვენს შემთხვევაში ტურიზმი ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური კუთხით, რაც არასაიმედო საყრდენია ეკონომიკის განვითარებისთვის, რა შეიძლება იყოს ამის ალტერნატივა ისე, რომ ნაკლებ რისკებთან იყოს დაკავშირებული?
_ დიახ, ასეა და სამთავრობო პოლიტიკაში დაშვებული გვაქვს შეცდომა, ეს შეცდომა, ჯერ კიდევ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობიდან მოდის. ორიენტაცია უმთავრესად ტურიზმზე გვაქვს აღებული.
ამჟამად გამოიკვეთა ზოგიერთი დადებითი სიმპტომი. მაგალითად, ძალიან მომწონს პროექტი, რომ ქუთაისში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა. ეს უკვე მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაა, რომელსაც სჭირდება მაღალკვალიფიციური კადრები, მუშები, ინჟინრები, ანუ სერიოზული ცვლილები უნდა განხორციელდეს სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში. შენ თუ ელექტრომობილს აწარმოებ, რომელსაც ექსპორტზე გაიტან, ეს ბევრად მეტ შემოსავალს მოგცემს, ვიდრე ჩამოსული ტურისტი. ეს უფრო სტაბილური შემოსავალია. მეტსაც გეტყვით, შვეიცარია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია _ ეს ტურისტული ქვეყნებია, მაგრამ ამის გარდა ამ ქვეყნებში განვითარებულია ეკონომიკის რეალური სექტორი. ამიტომ ისინი არ არიან მხოლოდ ტურიზმზე დამოკიდებულნი, ჩვენ კი _ ვართ. ჩვენი იმპორტი, ლამის, 3-ჯერ მეტია ექსპორტზე, სამომხმარებლო კალათაში 80% იმპორტული საქონელია. ჩამოსულ ტურისტს იგივე სამომხმარებლო კალათა ხომ უნდა დავახვედროთ, ანუ ისევ იმპორტი უნდა გავზარდოთ. ექსპორტის გაზრდა კი შეიძლება მხოლოდ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკით, მაღალტექნოლოგიური პროდუქციის შექმნით. ამიტომ მომწონს ელექტრომობილებისა და საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებული საავიაციო ქარხნის პროექტი. მე ტურიზმის წინააღმდეგი არ ვარ, მე იმის წინააღმდეგი ვარ, რომ მთავრობა მხოლოდ ტურიზმზე ფიქრობდეს. ამჟამად შექმნილი ვითარების გამო, კრემლის გადაწყვეტილების შედეგად, ტურიზმის სექტორი გადასარჩენია.
_ რა არის ამ ვითარებაში გამოსავალი, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ტურიზმი გადარჩეს, რამდენად მნიშვნელოვანია კამპანია „დაისვენე საქართველოში“? აღვნიშნავ, რომ მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“ უერთდება კამპანიას #დაისვენე საქართველოში და ყველა ტუროპერატორს, სასტუმროსა და ტურისტული დანიშნულების სხვა ობიექტებს უფასო რეკლამას სთავაზობს.
_ პირველ რიგში, ძალიან აქტიური სარეკლამო კამპანია უნდა დაიწყოს, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ ტურისტები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოწოდება, რომ ჩვენმა მოსახლეობამ საქართველოს კურორტებზე დაისვენოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველები სხვა ქვეყნებში არ უნდა წავიდეთ, უბრალოდ, ახლა ნუ წავალთ, რადგან სწორედ ახლა უჭირს ჩვენს ქვეყანას. დღეს ჩვენი პატრიოტიზმი უნდა გამოვხატოთ ჩვენს ქვეყანაში შვებულების გატარებაში.
_ ინტერვიუს დასაწყისში აღნიშნეთ, რომ მიუხედავად მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარებისა, მაინც იმედისმომცემი მდგომარეობაა, რა გაძლევთ ამ იმედს?
_ ორი რამ მაძლევს იმედს. დავიწყებ მთავარზე საუბრით _ ეს არის ახალგაზრდობა. უკვე ბანალურად ფრაზად იქცა, რომ „ახალგაზრდები ჩვენი მომავალია“, მაგრამ ამ დღეებმა ეს ნამდვილად დაადასტურა. საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა ყაიდის ახალგაზრდა დგას, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ზოგი მოსაწონია, ზოგი _ ნაკლებად, ზოგიც კი _ გამაღიზიანებელი, მაგრამ მთლიანობაში ჯანსაღი ძალა გამოიკვეთა. ყველაზე მკაფიოდ ეს ჯანსაღი ძალა 20 ივნისს გამოჩნდა, როცა ახალგაზრდებს ჰქონდათ ყველაზე დიდი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობაში. ახლა ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური სახეები გამოიკვეთოს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების რიგებიდან. ეს არის პირველი იმედისმომცემი გარემოება.
მეორე: მაინცდამაინც ეს უბედურება უნდა მომხდარიყო, რომ „ქართული ოცნება“ მიმხვდარიყო, პროპორციული-მაჟორიტარული სისტემიდან მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საჭიროებას? მე პირადად ძალიან მომწონს ბუნებრივი ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ ხმების 0,67% უნდა მიიღონ პარლამენტში მოსახვედრად, რადგანაც ხმების 100% უნდა გაიყოს 150 ადგილზე. ბუნებრივი ბარიერი ნიშნავს, რომ ბევრი მცირე ზომის პარტიაც შევა პარლამენტში. ხელოვნური ბარიერის შემთხვევაში გამარჯვებული პარტიები ინაწილებენ იმ ხმებს, რომლებსაც ბარიერგადაულახავი პარტიები იღებენ. როგორც წესი, გამარჯვებული პარტიები „ითვისებენ“ იმ ხმებს, რომელიც მოსახლეობას მათთვის არც მიუცია. ამ ხმებით კი გაჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რაც არ არის სამართლიანი. ბუნებრივი ბარერის შემთხვევაში მსგავი უსამართლობა თითქმის არ იქნება. ამასთანავე, მაჟორიტარულ სისტემაში აშკარად გამოიკვეთა ბიზნესის ინტერესები. ბიზნესმენები, როგორც წესი, ცდილობენ, მაჟორიტარული არჩევნებით მოხვდნენ პარლამენტში, რადგან ფიქრობენ, რომ ამომრჩეველთან ეკონომიკური გარიგება მაჟორიტარული სისტემით უფრო ადვილია. პროპორციული სისტემის დადებითი მხარეა ისიც, რომ დღეს ამ კრიზისულ სიტუაციაში საზოგადოების თითქმის ყველა წევრის ინტერესი დაფიქსირდება და თითოეულის ხმა დაცული იქნება. მთავარი მინუსი კი ის არის, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში სირთულე შეიქმნება. დადგება კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხი, მაგრამ ეს სირთულე პირიქით, დადებითია, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვისწავლოთ საპარლამენტო ცხოვრება? მერე რა, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები შედარებით ხშირად ჩატარდება, ან თუნდაც ყოველ 2-3 თვეში მთავრობის ცვლილება იქნება აუცილებელი _ არც ეს არის ტრაგედია. ეს არის ის გზა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს საზოგადოებამ პოლიტიკური სიმწიფის მისაღწევად,
_ პროპორციულ სისტემაზე საუბრისას ხშირად იხსენიებენ 1992 წლის პარლამენტს და მაშინ არსებულ გამოწვევებს. თქვენ იმ პერიოდში მინისტრთა კაბინეტის წევრი იყავით, რა რეალური პრობლემების წინაშე იდგა იმ დროს საკანონმდებლო ორგანო?
_ დიახ, მე საქართველოს მთავრობაში მიმიწვიეს და ეკონომიკის მინისტრი გავხდი 1994 წლის ივნისში, ამ დროს საქართველოს პარლამენტი სწორედ პროპორციული სისტემით იყო არჩეული და ძალიან ბევრი პარტია 1 კაცით იყო წარმოდგენილი. როგორც მინისტრს, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რა რთული იყო პარლამენტში გადაწყვეტილებების გატანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ ჭრელმა პარლამენტმა შეძლო უნიკალური გადაწყვეტილების მიღება: 1995 წელს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი! აღსანიშნავია, რომ იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება და ცხელი დებატები, მაგრამ კონსენსუსი შედგა. ამიტომ ნუ შევხედავთ მრავალპარტიულ პარლამენტს ნეგატიური კუთხით, პოზიტიური გამოცდილებაც გვაქვს. როდესაც უმრავლესობას „მოქალაქეთა კავშირი“, „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნება“ ქმნის, მთავრობა ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. როცა ასეთი უმრავლესობა არ იქნება, ის ვერ გრძნობს თავს კომფორტულად და ნურც იგრძნობს! ყოველთვის უნდა იყოს პარლამენტი მისი გამომაფხიზლებელი და მინისტრებმაც უნდა ისწავლონ გადადგომა. კოალიციურ მთავრობაში ეს ინსტიტუციაც ამოქმედდება. გადადგომა არ უნდა იყოს ტრაგედია და პრობლემა, ეს კი მხოლოდ კოალიციურ მთავრობაში იქნება მიღწევადი.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბუნებრივი ბარიერის პირობებში ახალგაზრდებს აღარ დასჭირდებათ მიეკედლონ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მათ თვითონ შეუძლიათ შექმნან პოლიტიკური გაერთიანებები და თუნდაც მცირე ჯგუფებით იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილი, ისწავლონ პოლიტიკოსობა და საზოგადოებასაც უჩვენონ, ვინ არიან, რათა შემდეგ არჩევნებში უფრო მეტი ამომრჩეველი დაუდგეს მათ გვერდით.

ნენე ინჯგია