მთავარი საზოგადოება CSRDG – სკანდალური კვლევა _ საკვებით მოწამლული 70 000 ადამიანი და დაჯარიმებული...

CSRDG – სკანდალური კვლევა _ საკვებით მოწამლული 70 000 ადამიანი და დაჯარიმებული კომპანიების სია

274
0
გაზიარება

„ქრონიკა+“ გთავაზობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგებს. ამჯერად ვაქვეყნებთ 2019 წლის პირველ კვარტალში დაჯარიმებული მეწარმეებისა და ლაბორატორიულად შემოწმებული სურსათის (ხორცის სახეობრივი კვლევის) სიებს.
რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, სააგენტოს ლაბორატორიულად შემოწმებული სურსათის სია გამოექვეყნებინა საკუთარ საიტზე, მაგრამ ვეცდებით, დანაკლისი „ქრონიკა+“-მა შეავსოს.

„ქრონიკა+“-ისთვის სულ 100 პროდუქტის შესახებ გახდა ცნობილი, რომელთა მავნეობაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) 2013-2017 წლებში ლაბორატორიულად დაადგინა, მაგრამ მოსახლეობის სათანადო ინფორმირება არ მოუხდენია. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) აზრით, ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. ცენტრის არაერთი მიმართვის მიუხედავად, სეს-ი ამ პრობლემის არსებობას არ აღიარებს, ამიტომაც შემდგომი ადრესატი სეს-ის ზემდგომი უწყება _ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გახდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი მიმართვიდან გავიდა ერთი წელი, თუმცა სამინისტროს არაფერი გაუკეთებია აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა 2019 წლის 6 მარტს წერილით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე შიდა აუდიტის დეპარტამენტს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, სამწუხაროდ, არ გაიზიარა აღნიშნული მოთხოვნა და მიიჩნია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო კანონის შესაბამისად მოქმედებს.
რაზეა საუბარი?
არასასურველი ნივთიერებები სურსათში! სეს-ი ამოწმებს სურსათის საწარმოების (მწარმოებლები, სავაჭრო ქსელი, კვების ობიექტები) ჰიგიენურ მდგომარეობას და სავაჭრო ქსელში არსებული სურსათის (მათ შორის, სასმელი წყლის) უვნებლობას, ქვეყანაში მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად. კანონდამრღვევი მეწარმეების მიმართ გამოიყენება სანქციები: საწარმოო პროცესის შეჩერება, მავნე სურსათის განადგურება, ჯარიმები.
დავინტერესდით, პრაქტიკაში რამდენად ხდება ზემოაღნიშნულ შემთხვევებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. „ქრონიკა+“-მა ინფორმაცია მოიძია და გთავაზობთ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან კვლევის შედეგებს.
სეს-ის მიერ სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა ავტომატურად არ გულისხმობს კანონდამრღვევის სისხლის სამართლის პასუხისგებას. სეს-ი ვალდებულია, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას ინფორმაცია მიაწოდოს შსს-ს ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. გარდა ამისა, შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შეუძლია გამოძიება დაიწყოს ინფორმაციის სხვა წყაროების მიღების შემთხვევაშიც.
ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ სეს-ი არცთუ ისე ხშირად ავლენს სსკ-ის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევის ნიშნებს. 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ეს სულ 21 შემთხვევაში მოხდა, მაშინ როდესაც ამ ხნის მანძილზე სეს-მა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საფუძველზე ათასობით დარღვევა გამოავლინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სეს-ის ზედამხედველი უწყებები (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური) არ ახდენენ იმის მონიტორინგს, თუ როგორ ხორციელდება სეს-ის მიერ გადაწყვეტილებების მიღება სამართალდამცველი ორგანოებისადმი საქმეების გადაგზავნასთან დაკავშირებით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ათი ათასობით ადამიანი იწამლება და ავადდება. 2017 წელსა და 2018 წლის პირველ ნახევარში დაზარალებულთა რიცხვმა 70 000-მდე მიაღწია. ნიშანდობლივია, რომ ამ შემთხვევების დიდი უმრავლესობა (ისევე როგორც წინა წლებში) აღრიცხულია, როგორც „სავარაუდო“, ვინაიდან ინდივიდუალური მოწამვლებისა და დიარეების შემთხვევებში, (როგორც წესი) ეპიდემიოლოგიური კვლევა არ ტარდება იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რომელმა ინფექციამ გამოიწვია მოწამვლა და რომელი სურსათის მოხმარების შედეგად. დკსჯეც ეპიდკვლევას ატარებს ჯგუფური შემთხვევების დროს (1-ზე მეტი დაზარალებული), ხოლო ზოგიერთი განსაკუთრებით საშიში დაავადების ნიშნების არსებობისას _ ერთი დაზარალებულის შემთხვევაშიც.
ეპიდკვლევის დაწყებისას დაავადებათა ეროვნული ცენტრი ახდენს სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინფორმირებას, რათა ეს უწყება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს კვლევაში და გამოავლინოს ის სურსათი, რომელმაც მოწამვლა გამოიწვია. თუმცა ეს სეს-ისთვის წლების მანძილზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა და თითქმის არასოდეს ხერხდებოდა, მათ შორის, 2017 წელსა და 2018 წლის პირველ ნახევარში სეს-ში დკსჯეც-იდან 39 შეტყობინება შევიდა. თუმცა სეს-მა ვერც ერთ შემთხვევაში შეძლო მოწამვლის გამომწვევი სურსათის გამოვლენა და, ამგვარად, ვერ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები მოწამვლის/დაავადების რისკების შესამცირებლად.
რაც შეეხება იმ სახელმწიფო უწყებების რეაგირებას, რომლებიც გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ახდენენ, სურსათის საშუალებით ადამიანისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევებში, ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სსკ-ის შესაბამისი მუხლების საფუძველზე მათ მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ 2017 წელსა და 2018 წლის პირველ ნახევარში. შედეგები ასეთია:

შინაგან საქმეთა სამინისტრო:
გამოძიება დაიწყო 8 საქმეზე, ხოლო შეწყდა 4 საქმეზე, მტკიცებულებების არარსებობის გამო.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური:
9 საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას, რომელთაგან ყველა სურსათთან იყო დაკავშირებული.
პროკურატურა:
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ
(ამ შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა იმის დაზუსტება, დაკავშირებულია, თუ არა ეს საქმეები სურსათთან. ვინაიდან ასეთი ტიპის ინფორმაციის აღრიცხვას პროკურატურა არ აწარმოებს).
ამავე დროს, პროკურატურა სისხსლისსამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაციას ასახავს მხოლოდ პირთა რაოდენობის მიხედვით. ამგვარად, რამდენ შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყო დევნა, ესეც უცნობია.
სასამართლო:
სასამართლოებმა განიხილეს 5 საქმე. ყველა მათგანი სურსათთან იყო დაკავშირებული და ყველა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.
დასკვნა: საქართველოში სათანადოდ არ მიმდინარეობს სურსათის გზით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულთან ბრძოლა. მაშინ, როდესაც 18 თვის მანძილზე (სავარაუდოთ, სურსათით) 70 000-მდე ადამიანის მოწამვლა და დაავადებაა აღრიცხული, ხოლო ეპიდაფეთქების _ 39 შემთხვევა, როცა სეს-ს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების ათასობით დარღვევა აქვს აღმოჩენილი, მხოლოდ ხუთ საქმეზეა გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი და მათზეც არ არის სათანადო რეაგირება. სახელმწიფო უწყებები ვერ ატარებენ სათანადო ზომებს რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, დამნაშავე პირების კანონის შესაბამისად დასასჯელად.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დასკვნით, სურსათის ეროვნული სააგენტო არცთუ ისე ხშირად ავლენს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების დარღვევის ნიშნებს, რაც სურსათის გზით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებასთანაა დაკავშირებული. 2017 წლისა და 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სულ 21 შემთხვევაში მოხდა, მაშინ როდესაც ამ ხნის მანძილზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საფუძველზე ათასობით დარღვევა გამოავლინა.
კიდევ უფრო აღსანიშნავია დასკვნის ის ნაწილი, სადაც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აღნიშნავს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ძალიან უჭირს იმ სურსათის გამოვლენა, რომელმაც ადამიანის მოწამვლა ან დაავადება გამოიწვია. 2017 წელსა და 2018 წლის პირველ ნახევარში ეპიდაფეთქებების შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში 39 შეტყობინება შევიდა, თუმცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლო მოწამვლის გამომწვევი სურსათის გამოვლენა და, ამგვარად, ვერ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები მოწამვლისა და დაავადების რისკების შესამცირებლად.
შსს-სა და პროკურატურის მიერ წარმოებული სტატისტიკა არ იძლევა იმის საშუალებას, ზუსტი მონაცემები მივიღოთ იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა ტიპის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დევნა და რამდენ საქმეზე (პროკურატურის შემთხვევაში).
სურსათის გზით ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებული ის საქმეები, რომლებიც სასამართლომდე მიდის, როგორც ჩანს, სათანადოდაა გამოძიებული და მტკიცებულებებით გამყარებული, რაზედაც სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები მოწმობს.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის დასკვნის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ უფრო აქტიურ ზომებს უნდა მიმართოს სურსათის გზით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულთან საბრძოლველად. ყველა შესაბამისმა უწყებამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
2019 წლის 14 იანვარს ცენტრმა მთავრობის ადმინისტრაციიდან მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხი მის წერილზე, სადაც არსებითად ახალი არაფერი ეწერა. პარალელურად, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სხვადასხვა ხარვეზთან დაკავშირებით, 2017-2018 წლებში ორგანიზაციას არაერთი წერილი აქვს გაგზავნილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მათ მიერ წამოწეული პრობლემები გადაუჭრელი რჩება.

თამარ როსტიაშვილი

 

დატოვეთ კომენტარი