ქუთაისის მერის მრჩევლები _ დიდი გაურკვევლობა და ახლობლების დასაქმების წყარო?

ორი პირადი მრჩეველი და 21-კაციანი მრჩეველთა საბჭო _ ასე გამოიყურება ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიასთვის რეკომენდაციის მიმწოდებელთა წრე, რომლებმაც მისი მუშაობის მიმართულებები უნდა განსაზღვრონ და რჩევები მისცენ.

განვიხილოთ, თუ როგორ ჯდება ეს საკითხი საკანონმდებლო ჭრილში:

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მერი აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირია, იგი ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მოქალაქეების წინაშე.
მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს _ მერის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. იგი შედგება მერის, ვიცე-მერის, მოადგილეების, სამსახურების, განყოფილებების, პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთაგან.
ასევე კანონში ვკითხულობთ, რომ მერიის თანამდებობის პირებად ითვლებიან მერის პირველი მოადგილე ან ვიცე-მერი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები.
მერი ვალდებულია, როგორც აღმასრულებელმა ორგანომ, მასზე დაკისრებული მოვალეობები თავად განახორციელოს.
ქუთაისის მერს უფლებამოსილების განხორციელებაში ერთი ვიცე-მერი, ორი მოადგილე, ორი მრჩეველი და 21-კაციანი მრჩეველთა საბჭო ეხმარება.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება კანონს მსგავსი სტრუქტურის არსებობა:
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ჩანაწერი 2015 წელს ჩნდება. კანონში ვკითხულობთ, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოა. სამოქალაქო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭოს ქალაქის მერი ამტკიცებს და ის არანაკლებ 10 ადამიანისგან შედგება. მრჩეველთა საბჭოში მონაწილეობა არაანაზღაურებადია.

ეგნატე შამუგია _ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ანალიტიკოსი:
„მრჩეველთა საბჭო თვითმმართველობის, როგორც მოქალაქეთა უფლების რეალიზების კარგი საშუალება და საერთაშორისო დონეზე მიღებული პრაქტიკაა. გარდა ქუთაისისა, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო საქართველოს სხვა ქალაქის მერებსაც ჰყავს. რაც შეეხება ვიცე-მერსა და მერის მოადგილეებს, მერიაში მათი საჭიროებაც არსებობს.
მერია ორგანიზაციული სტრუქტურაა, რომელსაც დანაყოფები აქვს, შესაბამისად, ამ დანაყოფებს საერთო ნიშნით დაჯგუფების მიხედვით სჭირდება კურატორი, რომლის როლსაც მერის მოადგილეები ასრულებენ, მაგრამ რაც შეეხება მერის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, ეს თემა დიდი გაურკვევლობაა. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო არის მერი და მერია აღმასრულებელი ორგანოს, ანუ მერის უფლებამოსილების განხორციელებაში დამხმარე აპარატი. შესაბამისად, მერს უფლებამოსილების განხორციელებაში არ უნდა ეხმარებოდნენ თანაშემწეები, მრჩევლები და ა.შ. ამ უფლების განხორციელებისას მისი დამხმარე უნდა იყვნენ მერიის პირველადი სტრუქურული ერთეულების _ სამსახურების უფროსები და სხვა თანამშრომლები. მრჩეველთა საბჭო სხვა საკითხია _ ის არის იმისთვის, რომ ურთიერთობა ჰქონდეს საზოგადოებასთან. საბჭო ერთგვარი შუამავალი რგოლია ხალხთან და ეს ინსტიტუცია რიგით ადამიანებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ თვითმმართველობის უფლება“.

მერის მრჩევლის შესახებ ჩანაწერს ვერ შევხვდებით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, თუმცა მის შესახებ ჩანაწერის პოვნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში შეგვიძლია.
დებულების მიხედვით მერის მრჩეველი მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია, რომელსაც მერი ნიშნავს და ათავისუფლებს. მრჩეველი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და კონსულტაციას უწევს მერს კანონმდებლობითა და დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქუთაისის ყოფილ მერს, შოთა მურღულიას, ექვსი მრჩეველი ჰყავდა. თითოეული მათგანის შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან 960 ლარი იხარჯებოდა. ამჟამინდელ მერს, გიორგი ჭიღვარიას, ქალაქის სათავეში მოსვლისას ჯერ ხუთი, შემდეგ სამი მრჩეველი ჰყავდა: კულტურის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და ინფრასტრუქტურული პროექტებს მიმართულებით. მრჩეველი კულტურის მიმართულებით ჭიღვარიამ მაშინ დანიშნა, როდესაც მერიაში კულტურის სამსახური გაუქმდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად ქუთაისის მერიაში ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური არსებობს.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მრჩევლების რაოდენობა ორამდე შემცირდა. მრჩევლები ქალაქის მერს კონსულტაციას კულტურისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის საკითხებზე გაუწევენ. ამ თანამდებობაზე პირები ერთწლიანი ხელშეკრულებით ინიშნებიან და მათი ანაზღაურება კვლავაც 960 ლარია.
ქალაქის მერის მრჩევლების პრაქტიკა საქართველოს სხვა ქალაქებშიც არსებობს. მაგალითად, 2017 წლის დასაწყისში გორის მერს სამი მოადგილე, სამი მრჩეველი, სამი თანაშემწე და სამი კონსულტანტი ჰყავდა, მოგვიანებით კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში აცხადებენ, რომ ეს სისტემა ძალიან უპასუხისმგებლო, გაუგებარია და ძირითადად ბიუჯეტის ხარჯზე ახლობლების დასაქმებას ემსახურება.

სოსო ცისკარიშვილი _ პოლიტოლოგი:
„ყველასთვის ცნობილია _ მრჩევლები, თანაშემწეები თუ კონსულტანტები განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ, რისი გაკეთებაც მერიაში შესაბამის სამსახურს არ შეუძლია. ამასთანავე, თუ საკითხს საკანონმდებლო ჭრილში შევხედავთ, უმჯობესია, ქალაქის მერიაში არსებობდეს მრჩევლის თანამდებობის შესაბამისი სამსახური და მერს უფლებამოსილების განხორციელებისას სწორედ ეს სამსახური დაეხმაროს“.

შორენა ლაღაძე