რუსულ-ქართული მარადიული დეჟავიუ

ჩვეულებრივი, ბანალური სიტყვებით, ისეთებით, როგორიც არის: „ხომ გაფრთხილებდით“, _ ვერ აღწერ იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება. ამისთვის საჭიროა ბევრად უფრო მკვახე და კატეგორიული შეფასებები.
მაშ, ასე! _ მოსახდენი მოხდა. ის, რაც სრულიად ნათელი იყო ნებისმიერი, მეტ-ნაკლებად, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, გაუგებარი აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის და „ბიზნესმენებად“ წოდებული, სინამდვილეში კი წვრილი ვაჭრუკანების ფსიქოლოგიის მქონე საქმოსნებისთვის.

პუტინს ისევ რაღაცა არ მოეწონა საქართველოში და ისევ, უკვე მერამდენედ, გამოგვიცხადა ეკონომიკური სანქციები.
ეს მეორდება ყოველ 5-6 წელიწადში _ მოსკოვი ცდილობს საქართველოს ეკონომიკურად გატეხას, შემდეგ საქართველო დიდი ნერვებისა და გაჭირვების ფასად ახდენს არსებულ მდგომარეობასთან ადაპტირებას, მომდევნო 5-6 წლის მერე რუსეთი რბილდება და ისევ ითრევს გულუბრყვილო და ხარბ ქართველებს ჭაობში და კიდევ 5-6 წლის შემდეგ ისევ უცხადებს სანქციებს.
ეს მოჯადოებული წრე უკვე 30 წელია, გრძელდება და მთელი ეს დრო საქართველოსთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ გაეგო, რამდენად მართალი იყო კახა ბენდუქიძე, რომელიც ამბობდა, _ წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის ადგილას არის ოკეანე.
2012 წელს საქართველს ექსპორტი რუსეთში იყო ნული დოლარი. საქართველოში რუსეთიდან ჩამოდიოდა, საშუალოდ, 300 000 ტურისტი, რაც იყო, ერთი მხრივ, საკმაოდ დიდი მაჩვენებელი, თუმცა, რაც მთავარია _ არა კრიტიკული.
2012 წელს საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე და რუსულ ბაზარზე იყო ნული. ამას არ დაუნგრევია ეკონომიკა, რომელიც პირიქით, საკმაოდ კარგი ტემპებით იზრდებოდა.
2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყნის მართვა ჩაიბარა ბიძინა ივანიშვილმა. ის მოვიდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების ლოზუნგით და რუსული ბაზრის გახსნის დაპირებით.
პირველი 2 წელი ქართული მხარე მაინც იჩენდა სიფრთხილეს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარების დროს: მაგალითად, მეღვინეები არ იღებდნენ საბანკო სესხებს რუსულ ბაზარზე გასასვლელად.
თუმცა, ნელა-ნელა, ეს სიფრთხილე გაქრა და ყურადღება მოდუნდა, ხოლო რუსეთი გახდა ქართული ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა.
„გაიზარდა ტურისტული ნაკადი და ტურისტული შემოსავლები!!!“ _ ტრაბახობდნენ ქართველი მაღალჩინოსნები. ოღონდ ზრდა იყო, ძირითადად, რუსეთის ხარჯზე.
„ამხანაგებო, ქართულმა ექსპორტმა მიაღწია არნახულ სიმაღლეებს! ვაშა, მეგობრებო!“ _ ხარობდნენ „ქართული ოცნების“ მთავარი სახეები. ოღონდ არ აზუსტებდნენ, რომ ზრდის 99% მოდიოდა რუსეთზე…
იმის ნიშანი, რომ საქმე ცუდად მიდის და რუსეთზე დამოკიდებულება იღებს საშიშ მასშტაბებს, პირველად გამოჩნდა 2014 წელს, როდესაც რუსული რუბლის დევალვაციას ავტომატურად მიჰყვა ლარის კურსიც.
ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო თუნდაც ერთი, მეტ-ნაკლებად, ჭკვიანი ადამიანი, რომელიც იყურება თუნდაც 2 ნაბიჯით წინ, მაშინ, 2014 წელს, უნდა მიეღოთ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი ზრდის შეჩერების გადაწყვეტილება.
ეს არც ისე ძნელი გასაკეთებელია _ საკმარისი იყო ტურისტული რეკლამის შეჩერება რუსეთში, ავიარეისების გაზრდაზე უარის თქმა, სპეციალური კანონის მიღება, რომელიც შეზღუდავდა სტრატეგიული მნიშვნელობის საქონლის გაყიდვას ერთ ქვეყანაში მთლიანი ექსპორტის, დავუშვათ, 40%-ზე მეტი რაოდენობით.
ბიზნესში ჩარევაა? დიახ, ჩარევაა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი არაა ჩვეულებრივი ბიზნესპარტნიორი.
კარგი, მოხდა, რაც მოხდა, და იმედია, რომ მომავალში უკვე არავინ იქნება იმდენად გულუბრყვილო რომ დაივიწყოს _ ხარბი იხდის ორჯერ.
რა გამოსავალი არსებობს დღეს? არ გვინდა ილუზიები და დამაიმედებელი საუბრები იმაზე, რომ რუსები ცოტას ხარჯავენ საქართველოში _ შესაძლებელია ასეც იყოს, თუმცა ისინი ყველა მეტი იყვნენ.
უახლოეს კვირებში საქართველოს უმძიმესი ეკონომიკური გამოწვევები ელის და, პირველ რიგში, ლარის დევალვაცია, რომელიც ისედაც გვაქვს, მაგრამ სიტუაციას გაართულებს ასობით მილიონი რუსული დოლარის დანაკლისი.
ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება დოლარები, თანაც დიდი რაოდენობით. „დივერსიფიკაცია“, „ეკონომიკის ამუშავება“ და ა. შ. _ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ დროს მოითხოვს. აი, დრო კი არ გვაქვს.
პირველი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ _ პოლიტიკური ხასიათის ქმედებაა _ მან, ბოლოს და ბოლოს, უნდა შეწყვიტოს ქსენოფობების, ნაციონალისტების, ბაზრის მოვაჭრეებისა და ტაქსისტების ჭკუაზე სიარული. ბოლო დღეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო _ არავითარ ნაციონალისტებს, „ასავალ-დასავლისტებსა“ და გეებზე მონადირეებს არ გააჩნიათ რეალური გავლენა საზოგადოებაში. მათ ჰყავთ მხარდამჭერები, მაგრამ ეს არის, ძირითადად, უსარგებლო ლუმპენპროლეტარიატი, რომელიც ვერასდროს იტყვის გადამწყვეტ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში.
ამიტომ ხელისუფლებამ საბოლოოდ უნდა თქვას უარი მათი მავნებლური აზრების გათვალისწინებაზე _ კერძოდ, დროა, შეწყდეს გაუგებარი, აგდებული დამოკიდებულება ისეთ დიდი და, ტურიზმის თვალსაზრისით, პერსპექტიული ქვეყნების მიმართ, როგორიც არის ირანი, ინდოეთი და ჩინეთი.
დღეს ქსენოფობების გასახარად საქართველოს ხელისუფლება ყველა გზით იშორებს ირანელ და ინდოელ ტურისტებს, ამცირებს მათ საზღვართან და არ უშვებს ქვეყანაში.
გასაგებია, რომ ისევ ჩრდილოეთისკენ იყურება _ არ გვინდა ირანელი, რუსი ხომ გვყავს საკმარისი რაოდენობით… აი, ბატონებო, არ გყავთ და მორჩით აგდებით ყურებას სხვა ქვეყნებზე. თქვენი ასაგდები არაფერი სჭირს უძველესი და მაღალი კულტურის ერს, რომელიც აწარმოებს ავტომობილებს და ამუშავებს ატომურ რეაქტორებს.
ხო, ყველას გვინდა ევროპელი ტურისტები, თუმცა საუბარი იმაზეა, რომ მისაღებია სასწრაფო ზომები, ევროპელი ტურისტების დიდი რაოდენობით მოზიდვა კი წლების ამბავია.
კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი? საქართველოს მთავრობა უნდა მიხვდეს, რომ საჭიროა ადგილობრივი წარმოების განვითარება, თუნდაც ცალკე აღებულ დარგებში, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში იმისთვის, რომ შემცირდეს კვების პროდუქტების იმპორტის სამარცხვინო მაჩვენებელი.
ამისთვის არაა საკმარისი გლეხებისთვის ფულის ჩუქება _ საერთოდ დაივიწყეთ ცნება „გლეხი“ _ დღეს საქართველოს სჭირდება არა უბადრუკი გლეხობა, რომელიც 2 ყუთ ვაშლს ყიდის თბილისის მეტროს სადგურებთან, არამედ მძლავრი ბიზნესკომპანიები და აგროჰოლდინგები. ამისთვის კი აუცილებელია უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის უფლების აღდგენა _ შესაბამისი რეგულაციებით, რაც გამორიცხავს სპეკულაციას და მიწის დაუმუშავებლობას.
მთავრობამ, რაღაცნაირად, უნდა დაქოქოს, ბოლოს და ბოლოს, დიდი ჰესების პროექტები, რომელიც მსხვილი ინვესტიციების შემოდინების წყარო გახდება.
დაბოლოს, ხელისუფლებამ უნდა სთხოვოს უცხოელ დონორებს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შევსებაში ხელშეწყობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლარის კურსს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.
დრო არ ითმენს და ეს ყველაფერი სასწრაფოდაა გასაკეთებელი. და კიდევ: ამ წელიწადში გაირკვევა, რა არის საქართველო _ მტკიცე პრინციპებისა და ღირსების მქონე საზოგადოება თუ, როგორც იტყვიან, „გათითოკაცებული, საშოვარზე გაშვებული ყოფილი ერი“…

თენგიზ აბლოთია