რა შემთხვევაში უნდა შეუჩერდეს პარლამენტის წევრს მანდატი?

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დავით ჯანდიერი:
_ დავით, როგორ შეაფასებ პარლამენტის გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებაზე? რამდენად დემოკრტიული პროცესი ვიხილეთ საკანონმდებლო ორგანოში?
_ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, მათ შორის, არც ევროპის ქვეყნებში, თუმცა არის რამდენიმე საბაზისო პრინციპი, რომელსაც პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის გაცემა უნდა აკმაყოფილებდეს. საქართველოს კონსტიტუცია იმპერატიულად ადგენს, რომ პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტის რეგლამენტი აზუსტებს ამ პროცედურას. კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას 5 დღის ვადაში შეისწავლიან და წინადადებას განიხილავენ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ისინი წერილობით დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ეს პროცედურა სრულად იქნა დაცული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია სწორედ ის თუ რამდენად დემოკრატიული იყო ეს პროცესი. კერძოდ, მიუხედავად ერთიანი სახელმძღვანელო მოდელის არარსებობისა, დაიცვა თუ არა საქართველოს პარლამენტმა საერთაშორისო სტანდარტი. ეს სტანდარტი აღიარებულია „ვენეციის კომისიის“ მიერ და გახლავთ შემდეგი:
პირველ რიგში, ამგვარი პროცედურა უნდა იყოს ყველა შემთხვევაში რეგულირებული გარკვეულ დეტალებში და უნდა აკმაყოფილებდეს საბაზისო პროცედურულ პრინციპებს, როგორიც არის მკაფიოობა, გამჭვირვალობა, განჭვრეტადობა, ობიექტურობა, არათვითნებობა და ორივე მხარის უფლება, იყოს მოსმენილი. პარლამენტის შესაბამისმა რგოლმა, რომელიც განიხილავს საქმეს, გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს ფაქტებსა და საქმის არსებით მხარეს, პარლამენტის წევრის პიროვნებას და არა პოლიტიკურ ან სხვა მოსაზრებებს; პროცედურა უნდა იყოს მარტივი და საზოგადოებისთვის გასაგები.
ამ ზოგადი ხასიათის წესების მიუხედავად, არსებობს რამდენიმე წინაღობა, რომლის არსებობის შემთხვევაში, პარლამენტმა არ უნდა გასცეს თანხმობა, კერძოდ, როდესაც: 1. ბრალდებები აშკარად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია;
2. სავარაუდო დარღვევა პოლიტიკური მოქმედების გაუთვალისწინებელი შედეგია;
3. ბრალდება აშკარად პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი იმისთვის, რომ მოხდეს დევნა ან დააშინოს პარლამენტის წევრი ან ხელი შეუშალოს მას მანდატის განხორციელებაში; 4. სამართალწარმოება სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარლამენტის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ან მისი წევრების ან პარლამენტის ჯგუფის ძირითად უფლებებს.
ბუნებრივია, პარლამენტი ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურას და ვერც სასამართლოს, ეს იქნებოდა კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების უხეში დარღვევა, მაგრამ ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ზემოხსენებული საერთაშორისო სტანდარტის პირველი პუნქტის დაცულობის შემოწმება პარლამენტის მიერ _ ანუ იმის, ბრალდებები აშკარად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია თუ არა _ შეუძლებელია მტკიცებულებების, მათი სანდოობის შესახებ მინიმალური წარმოდგენის ქონის გარეშე. პარლამენტის რეგლამენტი კი არ შეიცავს სათანადო ჩანაწერს იმის შესახებ, თუ რა დოზით უნდა მოხდეს პარლამენტის ინფორმირება მიმდინარე გამოძიების თუ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა შესახებ. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი წარიმართა გარკვეული საკანონმდებლო ვაკუუმის ფარგლებში, რომლის პირობებშიც, უმრავლესობის წევრებს არ უცდიათ გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი, ისე დაუჭირეს მხარი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების _ პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვას.
_ არის თუ არა საშიშროება, რომ მელიას შეუჩერდეს უფლებამოსილება მიმდინარე გამოძიების გამო?
_ ეს საშიშროება მას აღარ ემუქრება, ვინაიდან რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით. ამდენად, პარლამენტის თანხმობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობა დაპატიმრების თაობაზე დაკმაყოფილებული უნდა იყოს, რომ პარლამენტმა მისი უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელოს. მოცემულ შემთხვევაში ამგვარ გარემოებას ადგილი არ აქვს. ამდენად, ნიკა მელია სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საშიშროების წინაშე არ დგას.
აქ არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ყურადღებას იქცევს: მოსამართლე თემურ გოგოხიას გადაწყვეტილებით, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ნიკა მელიას საცხოვრებელი სახლის დატოვება ეკრძალება, რაც არ მოდის შესაბამისობაში ამ უკანასკნელის სადეპუტატო მანდატთან, განახორციელოს თავისუფლად სადეპუტატო უფლებამოსილება. ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მოუწევს მსჯელობა, ვინაიდან ორივე მხარემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება.
_ დავით, რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრისა და რუსეთის დუმის მოქმედი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის სტუმრობამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, ჩვენ ქუჩაში ვიხილეთ ათასობით ადამიანი, რომელიც მომხდარს აპროტესტებდა. ხელისუფლების თქმით, პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს და შედეგად მივიღეთ უმძიმესი სურათი. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს 240 დაშავებული და დასახიჩრებული ადამიანი. რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლება და როგორ ფიქრობთ, უნდა გადადგეს თუ არა გიორგი გახარია? შს მინისტრის გადადგომას დღემდე ითხოვენ აქციის მონაწილეები, რამდენად ლეგიტიმურია მათი ეს მოთხოვნა?!
_ რა თქმა უნდა, შეუძლებელია, უმძიმესი შეფასება არ მიეცეს იმას, რაც ვიხილეთ _ ანტიქართული განწყობების მქონე რუსი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაბრძანება. ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფილები იყვნენ მომხდარით, სამართლიანი პროტესტი ჰქონდათ.
მომიტინგეთა ჯგუფი ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისთვის პარლამენტის შენობის შესასვლელში. თუკი ხელისუფლებას შეუძლია მიუთითოს, რომ გარკვეულ მომენტში მას ლეგიტიმურად ჰქონდა ზომების გამოყენების უფლება პარლამენტის შენობაში შესვლის აღსაკვეთად, გამოყენებული ზომები ძალიან შორს იყო თანაზომიერებისგან, თანაზომიერების დაცვა კი მნიშვნელოვანი ელემენტია საპოლიციო ოპერაციის კანონიერად მისაჩნევად.
დაზიანებები მომიტინგეთა სხეულზე ნათელს ხდის, რომ რეზინის ტყვიები პირდაპირი დამიზნებით ისროლეს. იგივეს ადასტურებენ თავად მომიტინგეები. არ არსებობდა სროლის აუცილებლობა მოქალაქეთა შეკრების პერიფერიულ ადგილებში, ისევე როგორც მათი დევნის, როდესაც ისინი ცდილობდნენ გაქცევას რუსთაველის გამზირიდან ან მათი დევნის რუსთაველის გამზირის მიღმა. მე პირადად ვიმყოფებოდი იქ და არ არსებობდა ასეთი დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის გამოყენების საჭიროება. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმის შესახებ, რომ რამდენიმე პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა, თუმცა სხვა ინფორმაცია საზოგადოებისთვის უცნობია.
საერთო ჯამში, მომხდარი რომ შევაფასოთ, მიუხედავად განმარტებებისა, რომელიც მოვისმინეთ, შს მინისტრმა, როგორც პასუხისმგებელმა პირმა საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, მათ შორის იმაზე, რაც იმ ღამეს მოხდა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება გულისხმობს დაკავებული თანამდებობის დატოვებას. დანარჩენი _ სისხლის სამართლებრივი მხარე უნდა გამოიძიოს შესაბამისმა საგამოძიებო ორგანომ.
სხვა, იმ ღამის არანაკლებ აღმაშფოთებელი ნაწილი უკავშირდება იმას, რაც ხდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამართლიანი სასამართლოს მინიმალური გარანტიების არარსებობა. პროცესები გრძელდებოდა 5 წუთი, უმეტეს შემთხვევებში _ ადვოკატების გარეშე. პატიმრობას უსჯიდნენ მტკიცებულებების გარეშე და მხოლოდ პოლიციელთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომელიც იდენტური იყო სხვადასხვა საქმეზე. საკნების გადატვირთვისა და არასამთავრობოების პროტესტის შემდეგ, მოსამართლეებმა ერთსულოვნად დაიწყეს პატიმრობის ნაცვლად ჯარიმის გამოყენება.
ამდენად, 20-21 ივნისს თბილისის ქუჩებში მომხდარ სისხლიან დარბევას არავითარი გამართლება არ აქვს _ ხელისუფლებამ გადალახა ლეგიტიმურობის ზღვარი და გამოჩენილი სისასტიკის, დაუნდობლობის, ველურობის, დასახიჩრების, საკუთარი მოქალაქეების ღირსების შელახვის გამო საზოგადოების ნდობა ერთმნიშვნელოვნად დაკარგა. შექმნილი სიტუაციის არაადეკვატურმა შეფასებამ კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი, რაც, დიდი ალბათობით, განაპირობებს ხელისუფლების ცვლილებას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. ასეთ რამეს ხალხი არ პატიობს.
_ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება, ეს მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის განცხადებით შესრულდება და 2020 წელს აღნიშნული სისტემით ავირჩევთ 150 დეპუტატს. რამდენად პოზიტიურია აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის?
_ უდავოდ პოზიტიურია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც მხოლოდ 2024 წლისთვის იყო კანონმდებლობით აქამდე გათვალისწინებული. სამწუხაროდ, შერეულმა სისტემამ და მაჟორიტარების არსებობამ ამ სისტემაში მნიშვნელოვნად შეაფერხა წლების განმავლობაში ჯანსაღი საპარლამენტო საქმიანობის შესაძლებლობა. მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში შევლენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც გადალახავენ 5%-იან ბარიერს, თუმცა ბარიერთან დაკავშირებულ წესს ცვლის მმართველი პარტია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აწესებს ნულოვან ბარიერს, იკრძალება საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება, რითაც, ფაქტობრივად, თავის თავზე ირგებს პროპორციულ სისტემას. არსებობს საშიშროება, ამ სიტუაციამ შესაძლებლობა მისცეს ხელისუფლებას, რომელსაც ყოველთვის აქვს ყველაზე მეტი რესურსი, პატარა პარტიებთან ივაჭროს და ამ შეკოწიწებული უმრავლესობით შეეცადოს ხელისუფლებაში დარჩენას. ნულოვანი ბარიერი გამოიწვევს არაერთი მცირე მარგინალური ფაშისტური და პრორუსული ჯგუფის გააქტიურებას, რაც პოლიტიკურ ფონს დაამძიმებს.
რთული სათქმელია რა რაოდენობის ამგვარი დეპუტატი მოხვდება პარლამენტში, მაგრამ ცხადია, ძირითად შემთხვევებში, პარლამენტში მოხვედრილ თითო-ოროლა ადამიანს რაიმე პოლიტიკური ამბიცია და დღის წესრიგი, სავარაუდოდ, ნაკლებად ექნება (თუკი ეს არ იქნა მდგრადი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი) და არსებობს რისკი, რომ ასეთი დეპუტატები დაინტერესებული იქნებიან სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობით შესაბამისი სარგებლის მისაღებად. ეს საშიშროება, ამის ალბათობა არსებობს. ამასთან, ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა ოპოზიციის ერთობას, საერთო საარჩევნო პლატფორმით გამოსვლის შესაძლებლობას შეასუსტებს.
თუმცა თავი რომ დავანებოთ ნულოვან ბარიერს, უმნიშვნელოვანესი საკითხი მდგომარეობს მთლიანად საარჩევნო რეგულაციების ცვლილებაში. თუკი არ შეიცვლება კომისიების შემადგენლობა, მათი დაკომპლექტების წესი, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები, კვლავ არასამართლიან არჩევნებს მივიღებთ.

ლევან ქემოკლიძე