1921 წლის იანვარი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8-19.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელი დამოუკიდებელი თვე

1921 წლის თებერვალში უკვე ბოლშევიკთა სამხედრო ინტერვენცია დაიწყო და რუსეთმა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა შეწყვიტა. რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე 1921 წლის იანვრის გაზეთებში აშკარად იგრძნობა. თუმცა ერთიც არის _ ბოლშევიკების აგრესიული მიზნების შესახებ ქართული გაზეთები მუდმივად წერდნენ, ამიტომ ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული არც არაფერი იყო.
გაზეთი „საქართველო“ 1921 წლის პირველ დღეს _ პირველ იანვარს _ დიდ მეწინავე სტატიას აქვეყნებს სათაურით: „თავდადებისაკენ!“ სტატია ემოციურია. ის განვლილი 1920 წლის ერთგვარ შეჯამებასაც მოიცავს და _ ბრძოლისკენ მოწოდებასაც. ეს არ გახლავთ საახალწლო მოლოცვებით დატვირთული მიმართვა. ეს უფრო გაფრთხილება, ერის გამოფხიზლებისა და შეკავშირებისკენ მიმართული მოწოდებაა. მართალია, სტატია საკმაოდ მოცულობითია, მაგრამ იმდენად კარგად ასახავს ოკუპაციის პირას მდგომი საქართველოს მდგომარეობას, რომ მას მხოლოდ მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ: „არ გვცალია საახალწლო მოლოცვებისათვის. მხიარული გუნება, ლხინი და მორჭმულობა არ არის შესაფერი აწინდელი მდგომარეობის. კიდევ ბევრი წელიწადი გაივლის, სანამ ეროვნული ენერგიის ზედმეტობა და ნივთთა სიმრავლე ნებას მოგვცემდეს ჩვენს მკითხველებს საახალწლოდ „სალაღობო“ სურვილები მიუძღვნათ. ექვსი წელიწადი გავატარეთ შეუწყვეტელ ომში.
საქართველომ ბევრი სისხლი დაღვარა და ბევრი ნივთიერი ქონება დაკარგა. ბევრი გაჭირვება და დანაკლისი შეგვემთხვა. რაც დრო გადის ერთიც მატულობს და მეორეც. ამ ექვსი წლის წარსულიდან არაფერი გვენანება. ყოველი მსხვერპლი, ყოველი გაჭირვება და დანაკლისი ჭარბად ავინაზღაურეთ. ყველა ამის საფასურში ხელში ისეთი რამ გვიჭირავს, რომლისათვის ყველაფერი ალალია _ ეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო! აგვისრულდა თაობათა უწმინდესი მისწრაფება. ქართველი ერი და ქართველთა ქვეყანა მკვდრეთით აღსდგა! ჩვენი თაობა ბედნიერია, რომ საქართველოს ახალი ისტორია მისით დაიწყო. ბედნიერების გამოსასყიდად მას ვერ შეაწუხებს ვერავითარი მიწიერი ტანჯვა და მსხვერპლი! ჩვენ ვხედავთ, რომ განვლილი ექვსი წლის ვაებათა ძვირფასი საფასური მომავალ წელშიაც მოითხოვს ახალ ახალ მსხვერპლებს, ახალ ახალ ტანჯვას. ვხედავთ, რომ მომავალი წელიწადი გაგრძელება იქნება განვლილი ექვსი წლის. ისევ ბრძოლა, ისევ იარაღი, ისევ ნივთიერი დანაკლისი და სივიწროვე! ჩვენ ამას უნდა შევეწყოთ! უნდა ვისწავლოთ მრისხანება, გავაფოლადოთ ხასიათი, ავიტანოთ გაჭირვება და გამოვიწრთოთ ბრძოლაში.
სამშობლოს თავისუფლებას ხონჩით არავინ მოგვართმევს. ცა და ქვეყანა მის მოტაცებას ლამობს, ყველა უნდა შევიქმნეთ მრისხანე მეომარი, წინ და წინ ყოველი გაჭირვებისათვის განმზადებული! მიმდინარე დრო არ არის ჩვეულებრივი, იგი იშვიათია და ისტორიული. დღეს იჭედება ბედი და მომავალი ქვეყნის. ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ თავდადებით. ჩვენი საახალწლო სიტყვაც ვერ იქნება ჩვეულებრივი მასლაათი. ყველაფერი უნდა დავაფასოთ იმის მიხედვით თუ რას შემატებს იგი საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას.
ამ მხრივ გასული წელი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ანტანტამ იცნო საქართველოს დამოუკიდებლობა „დე-ფაკტო“. არის დაპირებები და ნიშნები, რომ დე-იურეთაც“ გვიცნობენ. გერმანიამ სხვებს გაუსწრო და საქართველოს დამოუკიდებობა იურიდიულათაც იცნო. ანტანტამ ჩაგვაბარა სამუსლიმანო საქართველოს თვალი _ ბათუმი და მისი ოლქი! გამარჯვებათა გვერდით წარსულმა წელმა დამარცხებებიც ჩაგვიწერა თვის კალენდარში: ერთა ლიგაში მიღებაზე უარი გვითხრეს. რუსეთთან შევკარით ისეთი ხელშეკრულობა, რომელიც მისი ძალაში შესვლის პირველ დღიდანვე გვასუსტებს და შინაურ სიმტკიცეს გვირღვევს. ვერ გამოვიყენეთ წითელ აზერბაიჯანის ჯარებზე გამარჯვება და შევქმენით ისეთი პირობები, რომ საქართველოს თავმოყვარეობა და მისი ეროვნული ინტერესი ილახება…
გასული წელი ერთობ საბედისწერო შეიქმნა საქართველოს ეკონომიურ-ფინანსურ მდგომარეობისათვის. ჩვენი ფულის კურსი საშინლად დაეცა. სიძვირემ მეტის-მეტი იმატა. საზღვარგარეთ ვერაფერი გაგვაქვს და ყველაფრის შემოტანა კი გვჭირდება. საქართველოს დამოუკიდებლობის ციხე შიგნიდან ტყდება. უმთავრესი ბრალი ყველა ამაში მთავრობას მიუძღვის. მისი ეკონომური პოლიტიკა, წარმოების კოლეკტივიზაციის ცდა, კერძო მწარმოებელთა შებორკვა, წართმევა-გატაცება კერძოთა ქონებისა ამა თუ იმ სახით, ძირითადი სამოქალაქო უფლებათ არაუზრუნველყოფა, ჰქმნის ისეთ ატმოსფერას, რომ შეუძლებელი ხდება ნივთიერი შემოქმედება…
ამ მხრივ მოელის ხიფათი ჩვენს თავისუფლებას. წარსულის შეცდომა უნდა გამოსწორდეს. უნდა შევიმციროთ მოთხოვნილება და გავზარდოთ წარმოება. მაშასადამე, უნდა ვემზადოთ მეტი დანაკლისის ასატანად. სპარტანული ცხოვრება უნდა შემოვიღოთ…
დავკარგეთ ძველი მეზობლები, რომელნიც ჩვენსავით დაინტერესებულნი იყვნენ თავიანთი თავი დაეცვათ რუსეთისაგან, რომელიც ამავე დროს ჩვენი მტერი იყო და არის დღესაც. სომხეთი და აზერბაიჯანი აღარ არის. მათ მაგივრად გვმეზობლობს საბჭოთა რუსეთი, რომელიც ეხლა სამის მხრით შემოგვეჭდო და თავის მკლავებში მოხრჩობას გვიპირებს. საქართველომ თავისი გმირი მხედრობა ფეხზე დააყენა. მოსალოდნელია შეტაკება. უნდა ვემზადოთ გამარჯვებისთვის. საბჭოთა რუსეთის საფლავი ჩვენს საზღვარზე უნდა გაითხაროს _ აი, რა არის ჩვენი საახალწლო დევიზი. აი, რა არის მომავალი წლის სამოქმედო პროგრამა. თავდადებით, მსხვერპლით და ტანჯვით უნდა განვახორციელოთ იგი. საქართველო საბოლოოდ უნდა განმტკიცდეს! ერო, თავდადებისკენ!“

ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დე-იურე ცნობის საკითხი

1921 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ანტანტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურედ ცნობის საკითხი დადგა. ეს ნიშნავდა მსოფლიო საზოგადოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის უპირობო აღიარებას. ამის შესახებ 1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მოკლე ცნობაა დაბეჭდილი, რომლის თანახმადაც მოკავშირეთა კონფერენციამ თანხმობა განაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობაზე, თუ ქართული მთავრობა ასეთ სურვილს გამოთქვამდა. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე მიმართა მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს შესაბამისი განცხადებით.
ერთი დღით ადრე, 29 იანვარს, გაზეთი „საქართველო“ დე-იურე აღიარების თემასთან დაკავშირებით დიდ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „სრული ცნობისთვის“. როგორც ამ სტატიიდან ჩანს, ანტანტის ოფიციალური აღიარების შესახებ საქართველოში წინასწარი ინფორმაცია უკვე ჰქონდათ: „ამ სამი წლის მოქმედებით საქართველომ დაამტკიცა, რომ იგი დიდი სახელმწიფოებრივი ტრადიციის პატრონია და რომ მას ხელთ აქვს ყველა საჭირო ელემენტი და რესურსები, მმართოს და განამტკიცოს ახლად აღდგენილი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ცხოვრება. მიუხედავათ განსაკუთრებული რთული მდგომარეობისა, რომელშიაც იგი იმყოფებოდა დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, მიუხედავათ იმისა, რომ გამარჯვებული ანტანტი უნდობლად ეკიდებოდა ქართველი ერის დიდს სამშენებლო მუშაობას და მის ისტორიულ უფლებას საკუთარი სახელმწიფოს მოწყობაზედ, მიუხედავათ იმისა აგრეთვე, რომ მას არავითარი დახმარება არ მიუღია ანტანტის სახელმწიფოებისაგან, როგორც ღებულობდნენ მაგალითად: პოლონეთი, ფინეთი, სომხეთი და სხვანი, _ საქართველომ მაინც შესძლო დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და განმტკიცება. ირგვლივ ანარქიის ალყა შემორტყმული საქართველო ამკვიდრებს დემოკრატიულ რეჟიმს და რაც დღე გადის, უფრო და უფრო უახლოვდება უფლებრივი სახელმწიფოს ნორმებს.
იმდენად ცხადი და აშკარაა საქართველოს ენერგია, სახელმწიფოებრივ თვითგანმტკიცებისაკენ მიმართული, რომ ყველა სკეპტიკი იძულებული გახდა, ეს ეწამა და დაეჯერებია. ეს დაიჯერეს და იწამეს ანტანტის სახელმწიფოებმაც, რომელთა წარმომადენელნი საქართველოში ამ ორი წლის განმავლობაში ცოცხალი მოწმენი იყვნენ ქართველი ერის დიდი შემოქმედებითი მუშაობისა…
გვქონდა რწმუნება, რომ ანტანტა მომხრე იყო ჩვენი „დე-იურე“ ცნობისა და რომ იგი ამისთვის ეძებდა შესაფერ მომენტს. დღეს ლიონის რადიო სადგური 27 იანვრის თარიღით გადმოგვცემს, მოკავშირეთა კონფერენციამ თანხმობა გამოაცხადა საქართველოს ცნობაზე, თუ კი ეს უკანასკნელი ამის შესახებ სათანადო სურვილს გამოსთქვამს. ამ ცნობის განმარტება სხვანაირად არ შეიძლება თუ არა ისე, რომ ანტანტა სცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას „დე-იურე“.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოსთვის ნავთობის შეზღუდვა

1920 წლის დეკემბრის ბოლოს და 1921 წლის იანვარში საქართველოს რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის საპროტესტო ნოტების ომი დაიწყო. 30 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლშევიკური რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ჩიჩერინს მისწერა, რომ 1920 წლის 5 დეკემბრიდან საქართველოში ნავთობით დატვირთული არც ერთი ცისტერნა არ შემოსულა. ნოტიდან ვიგებთ, რომ საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაჩერებულია საქართველოს სამარშრუტო მატარებლების 6 შემადგენლობა მომსახურე პერსონალით, 240 სანავთობო ცისტერნითა და 12 ორთქმავლით. ამავე ნოტიდან ჩანს, რომ საბჭოები საქართველოსთვის განკუთვნილ ნავთობს აზერბაიჯანული რეზერვუარების ასავსებად იყენებდნენ. გაზეთ „საქართველოს“ 4 იანვრის ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლშევიკურმა რუსეთმა ოფიციალურად შეაჩერა ყველა სახის სარკინიგზო მიმოსვლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ამონარიდი საპროტესტო ნოტიდან: „ჩვენ ხელთა გვაქვს ოფიციალური დეპეშა 6 დეკემბრის თარიღით #379, რომელსაც ხელს აწერს სახალხო კომისარი შუშკოვი, როგორც ამ დეპეშებიდან სჩანს, აზერბაიჯანის რკინის გზათა სამმართველოს წინადადება მიეცა შეეჩერებინა საქართველოს რკინის გზისათვის გადმოსაცემად დანიშნული ყველა ვაგონების გზავნა, ხოლო უკვე გზაში მყოფი სათბობი მასალით დატვირთული საქართველოს მატარებლები დაეკავებინა განმანაწილებელ სადგურებზე ახალ განკარგულებამდის.
ამის გარდა, იმავე კომისრის შუშკოვის 9 დეკემბრის ოფიციალური დეპეშით ებრძანა სათანადო მმართველობას საქართველოს ორი ნავთით დატვირთული მატარებელი დაუყოვნებლივ განჯაში დაეცალათ და ორიც ასეთივე მატარებელი სასწრაფოდ გაეგზავნათ დარუბანდს დასაცლელად. ამავე დროს რსფსრ და ასსრ მართველობის მიერ შეპყრობილ იქმნა სამი საქართველოს რკინის გზის აგენტი.
სამარშრუტო მატარებლების დაჭერას, საქართველოს რესპუბლიკის ქონების, თვითნებობით სარგებლობას და საქართველოს ბრიგადების შემადგენლობაზე ძალადობის მიყენებას, ჩემი მთავრობა სთვლის მისი უფლებების და 14 ნოემბრის სავაჭრო სატრანზიტო შეთანხმების პირობების აშკარა დარღვევად და საქართველოს მიმართ მტრულ აქტად, რომელიც ძირს უთხრის კეთილმეზობლობის პრინციპს და გაუსწორებელ ზიანს აყენებს ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს.
ჩემი მთავრობის სახელით ვაცხადებ ენერგიულ პროტესტს საქართველოს ბრიგადების და სამარშრუტო მატარებლების მიმართ თვითნებურ მოქმედებათა წინააღმდეგ, რომელიც ჩვენის მხრით არაფრით არ არის გამოწვეული, და მოვითხოვ ამ ბრიგადებისა და მატარებლების დაუყოვნებლივ საქართველოში დაბრუნებას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამ ნოტას რუსეთმა პასუხი იმავე დღეს _ ქართველი ბოლშევიკის, სერგო ქავთარაძის პირით გასცა, რომელიც საქართველოში მყოფი ბოლშევიკური რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლის დროებითი აღმასრულებელი გახლდათ. ქავთარაძე საქართველოს ხელისუფლებას აუწყებდა, რომ აზერბაიჯანში ქართული სარკინიგზო შემადგენლობების გაჩერების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლშევიკებთან დადებული პირობების შეუსრულებლობა გახლდათ. ქავთარაძის განცხადებით, ქართული მხარე არ ასრულებდა პირობას რუსეთის კუთვნილი გემების გადმოცემის თაობაზე და ამ პრობლემის მოსაგვარებლად შექმნილ ორმხრივ კომისიაში განზრახ აჭიანურებდა საკუთარი წარმომადგენელის დანიშვნას.
თუმცა, როგორც ქავთარაძის პასუხიდან ჩანს, საბჭოთა რუსეთის მხრიდან საბოტაჟის მთავარი მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე ბოლშევიკების დევნა და დაპატიმრება იყო. ქავთარაძის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება წინასწარ არსებულ შეთანხმებას არღვევდა და არ ათავისუფლებდა დაპატიმრებულ კომუნისტებს: „16 დეკემბრის შემდეგ, საგანგებო რაზმის აგენტები სრულებით ანადგურებენ თბილისისა და პროვინციის ქართულ კომუნისტურ პარტიის ყველა ორგანიზაციებს: დახურეს ამ პარტიის თბილისის კომიტეტი, მიკეტ-მოკეტეს სარაიონო ორგანიზაციები, გაზეთები _ და კვლავ მოუხდენიათ ახალ-ახალი მასიური დატუსაღება, რომელიც გრძელდება ამ ხნობამდისაც.
აღნიშნული ფაქტები მხოლოდ ერთს გვიჩვენებენ, ბატონო მინისტრო; რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას და არღვევს 7 მაისის ხელშეკრულების საზღვრულ პუნქტებს. 16 დეკემბრის ხელშეკრულებით მიღწეული შეთანხმება, რომლის ძალითაც უნდა გაგენთავისუფლებინათ და შემდგომში დაგეცვათ შეუვალობა საქართველოში მყოფ რსფსრ სრულუფლებიან წარმომადგენელის თანამშრომელთა, თქვენ მიერ სავსებით გაბათილებულია ამ თანამშრომელთა ახალ-ახალი დატუსაღებით და ნოტებიც ამის შესახებ თქვენ მიერვე უპასუხოდ დატოვებულია…
ყველა ზემოთ ნათქვამის შემდეგ, მე უფლება მაქვს განგიცხადოთ, ბ-ნო მინისტრო, რომ აზერბაიჯანიდან ნავთის მიღება სავსებით დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მიერ სხვა და სხვა დროს დადებულ პირობათა შეუსრულებლობაზე“.

მზადება ქალაქის არჩევნებისთვის

1921 წლის თებერვალში თბილისში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და ამიტომ ქალაქის ხელისუფლება ამისთვის წინასწარ ემზადებოდა. პირველ რიგში საჭირო იყო თბილისის მოსახლეობის სრულფასოვანი აღწერა, რადგან როგორც გაზეთი იუწყებოდა, ომისა და შიდა არეულობების შედეგად ძველი სიები იმდენად შეიცვალა, რომ ამ სიებით ხელმძღვანელობა შეუძლებელი იყო. თბილისის გამგეობის ანგარიშით, არჩევნების ჩატარება 4 მილიონ 410 ათასი მანეთი დაჯდებოდა.
1921 წლის 15 იანვრის გაზეთი „საქართველო“ თბილისის მცხოვრებლებს აუწყებდა ქალაქის გამგეობის განცხადებას, რომ 16 იანვარს მოსახლეობის აღწერა დაიწყებოდა: „ამით ცხადდება ყველას საყურადღებოდ, რომ კვირას 16 იანვარს დაიწყება აღწერა იმ პირთა, რომლებსაც უფლება აქვთ ქალაქის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა. აღწერა გაგრძელდება 6 დღე. რომ არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სიის გარეშე, გამგეობა სთხოვს მოქალაქეთ ამ დღეებში შეძლების დაგვარად დარჩნენ სახლში თვითონ ან ოჯახის წევრები და აღმწერლებს მისცენ ყოველივე ცნობები ოჯახის შემადგენლობისა და ამომრჩეველთა შესახებ.
ის პირი, რომელიც ამ დროს სხვა და სხვა გარემოებით ვერ დარჩება ბინაზე, დასტოვებს სახლში პასპორტს, ან სხვა დოკუმენტს დამამტკიცებელ საბუთს, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. გამგეობა სთხოვს მოქალაქეთ აღმწერელებს აღმოუჩინონ ყოველივე დახმარება დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაში“.
19 იანვრის გაზეთი კი საარჩევნო აღწერასთან დაკავშირებით მოქალაქეებს დამატებით ინფორმაციას აწვდის და მოსახელობას აფრთხილებს, რომ: „ის პირნი, რომელნიც არსებული კანონების ძალით მოკლებულნი არიან საარჩევნი უფლებებს და შეცდომით შეატანინებენ თავს აღწერის ბარათში აღმწერლებს, მიცემულნი იქნებიან პასუხისგებაში სასჯ. დებულ. 328 მუხლის ძალით, როგორც დამრღვევნი ხმოსანთა არჩევნების სისწორისა. ქალაქის გამგეობამ დაიქირავა რამდენიმე ათეული საიმედო კონტროლიორები, რომელნიც აღმწერლების მიერ შედგენილ აღწერის ბარათებს ხელახლა იკვლევენ ადგილობრივათ და იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება ბარათში ყალბათ შეტანილი მოქალაქე, დამნაშავის წინააღმდეგ მიღებულ იქნება ზომები არსებული კანონების მიხედვით“.
26 იანვარს გაზეთი უკვე აღწერის დასრულების შესახებ გვამცნობს, საიდანაც ირკვევა, რომ 1921 წლის თებერვლისთვის თბილისში 68 ათასი ამომრჩეველი ირიცხებოდა. აქვე ცნობაში განმარტებულია, რომ შესაბამისი გადამოწმების შემდეგ საარჩევნო სიები მზად იქნებოდა პირველი თებერვლისთვის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილე

1921 წლის 26 იანვრის ნომერში გაზეთი „საქართველო“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით, შალვა ამირეჯიბის ვრცელ მიმოხილვით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია თუ რა დიდი როლი მიუძღვის ქართულ უნივერსიტეტს ერის ცხოვრებაში და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში.
ამავე ნომერში გაზეთი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იასონ ჯავახიშვილის წერილსაც ბეჭდავს, რომელიც უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას ეხება: „დღეს სამი წელი შესრულდა, რაც დაარსდა ჩვენი უნივერსიტეტი და მეცნიერება კვლავ ალაპარაკდა ქართულად. ამ ხნის განმავლობაში უნივერსიტეტი საგრძნობლად გაფართოვდა. მასში ყველა ფაკულტეტებია, გარდა იურიდიულისა! იმედია, რომ ეს ნაკლიც მალე იქნება გამოსწორებული.
უნივერსიტეტის გარშემო შემოიკრიფნენ ყველა ქართველი მეცნიერები, რომლებიც აქამდის რუსეთში მოღვაწეობდნენ. მხოლოდ ორი თვალსაჩინო მეცნიერია დღეს საქართველოს გარეშე: პროფესორი მარი, რომელიც, ამბობენ რუსეთიდან წამოსული, ეხლა დასავლეთ ევროპაში იმყოფება, და _ საქართველოს დელეგაციის წევრი ზურაბ ავალიშვილი. მეცნიერების ტაძრის დაარსება საქართველოში მისწრება იყო ჩვენი ახალგაზრდობისათვის; დასავლეთ ევროპაში ჩვენთვის ფრიად ძვირია უმაღლეს სწავლის მიღება და რუსეთში კი _ მეცნიერების შესაძენად, რასაკვირველია, ეხლა ვეღარავინ წავიდოდა!
მით უმეტეს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს უნივერსიტეტს დღეს, რომ ამიერკავკასიის უნივერსიტეტი უკვე დაიხურა, ხოლო პოლიტეხნიკუმი იყო ცნობა, შეუერთეს საქართველოს უნივერსიტეტს. ვუსურვებთ ჩვენ საქართველოს უნივერსიტეტს, რომ მან სავსებით გაამართლოს ქართველ საზოგადოების იმედები და დაიჭიროს საპატიო ადგილი დაწინაურებულ ქვეყნებთა უნივერსიტეტთა შორის“.

მოკლე ამბები

1921 წლის 15 იანვრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა სამინისტროს მოხსენება სათამაშო ქაღალდის (ბანქო) დასურათების შესახებ. როგორც ამ ცნობიდან ჩანს, ბანქოს მოხატვა მხატვარ შარლემანს ჰქონდა დავალებული და მან სხდომაზე შესაბამისი ესკიზებიც წარმოადგინა. მხატვრის ჩანაფიქრით, ბანქო დასურათებული უნდა ყოფილიყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოტივებით. ქაღალდზე გამოხატული იქნებოდნენ ქართლელები, კახელები, იმერლები, მეგრელები და ა. შ. მთავრობამ შარლემანის ჩანაფიქრი მოიწონა და უმნიშვნელო შენიშვნების შემდეგ პროექტი დაამტკიცა.
21 იანვარს გაზეთი „საქართველო“ საინტერესო ინფორმაციას ბეჭდავს საქართველოში ჩაის კულტურის მდგომარეობის შესახებ. როგორც მიწათმოქმედების სამინისტროს მიერ შედგენილი მოხსენებიდან ირკვევა, 1918 წლამდე ჩაის გაშენებას საქართველოში დიდი ინტერესით ეპრობოდნენ, მაგრამ ეკონომიკური ვითარების გაუარესებისა და ქვეყანაში პურის მწვავე დეფიციტის გამო, ეს ინტერესი თანდათან ჩაქრა: „ბათომის ოლქში _ ჩაი გაშენებულია 825 დესეტინაზე; გურიაში და სამეგრელოში _ 75 დესეტინაზე. სულ რესპუბლიკაში 900 დესეტინაა. მიმდინარე 1921 წლის განმავლობაში მოელიან 500 ათას გირვანქა ჩაის შეკრებას. ამ რიგად ყოველ დესეტინაზე, შეიკრიბება 544 გირ. გამხმარი ჩაი. ჩაქვის სახელმწიფო მამულში ჩაის კულტურას დაკავებული აქვს 500 დესეტინა; მანდარინის კულტურას _ 32 დესეტინა და ბამბუკის ხეებს კი 30 დესეტინა. ჩაქვის მამულში 1920 წელს შეიკრიბა 200 ათასი გირვანქა ჩაი და 800 ათასი ცალი მანდარინი“.
26 იანვრის გაზეთი „საქართველო“ სარეკლამო განცხადების მეშვეობით თავის მკითხველს ამცნობს, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო „ინტერნაციონალს“ ახალი მეპატრონე ჰყავს, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს სამზარეულოს და საზოგადოებას დილის 11 საათიდან ყოველდღე სთავაზობს პროფესიონალი და გამოცდილი კულინარების მიერ მომზადებულ საუზმეს. განცხადება იუწყება, რომ თბილისის საზოგადოებას სადილი და ვახშამი 2-დან 6 საათამდე შეუძლიათ დააგემოვნონ. განცხადება შემდეგი ტექსტით სრულდებოდა: „ნაირ-ნაირი და საუკეთესო ღირსების საჭმელები. სასურველია ყველა თითონ დარწმუნდეს. ოთხშაბათობით და შაბათობით _ მოსკოვის კულებიაკა (ერთგვარი რუსული ღვეზელი). პარასკევობით და სამშაბათობით და კვირაობით: ციმბირის პილმენი. ორშაბათობითა და ხუთშაბათობით: რუსული ბლინები. პატივისცემით აპ. კუზნეცოვი“.
18 იანვარის გაზეთი „საქართველო“ გვამცნობს, რომ 11 იანვრის სამთავრობო სხდომაზე მთავრობამ ფოსტალიონთა შუამდგომლობის შესახებ იმსჯელა, რომელიც მათ სათანადო შემოსვას ეხებოდა. ფოსტალიონები ხელისუფლებას საწვიმარებითა (პლაშჩები) და ფეხსაცმელებით უზრუნველყოფას სთხოვდნენ. მთავრობამ ეს თხოვნა დააკმაყოფილა: „მიეცეს ფოსტალიონებს თითო რწყვილი ფეხსაცმელები და ბუშლატები. ამისათვის საჭირო თანხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გადასცეს შრომის სამინისტროს, რომელსაც ევალება ამ დადგენილების ცხოვრებაში გატარება“.

მიხეილ ბასილაძე