გიორგი ტიგინაშვილი: „პროვოკაცია მოაწყო საქართველოს რუსიფიკატორულმა საპატრიარქომ“

„ქრონიკა+“ ცალკეულ სასულიერო პირთა აქტივობებსა და ლევან ვასაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრება თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს:

_ მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა პრობლემებმა თითქოს გადაფარა წინა დღეების მოვლენები, მაგრამ საზოგადოების მეხსიერებაში კარგად დაილექა ლევან ვასაძისა და ცალკეული სასულიერო პირების აქტივობები და მათი საკმაოდ მძიმე განცხადებები. ფაქტობრივად, ჩვენ აღმოვჩნდით ახალი ფორმირების შექმნის წინ, რომელსაც სასულიერო პირების გარკვეული ნაწილის კურთხევა ჰქონდა. იმ დღეებში ვიხუმრე კიდეც, _ გასული საუკუნის 90-იან წლებში ავტომატიანებმა ჯვრები მოიმარჯვეს და ახლა ჯვრებიდან კომბალზე გადადიან-მეთქი.
_ მე უფრო დავკონკრეტდები და ცალკეულ სასულიერო პირებზე კი არა, მოსაყდრესა და ვასაძეზე შევაჩერებ ყურადღებას. მოსაყდრე შიოსა და ლევან ვასაძის ტანდემი არის კრემლის პროექტი. ეს რომ ასეა, ამაზე მეტყველებს, როგორც ამ ორი ადამიანის ბექგრაუნდი, დოსიე, „შემოქმედებითი ცხოვრება“ და კონტაქტები, ისე მათი რიტორიკა, მსოფლშეგნება, გემოვნება და მიზანსწრაფვა.
_ რას გულისხმობ, იქნებ, დააკონკრეტო?..
_ თვალსაჩინოებისთვის მივყვეთ მოვლენათა ქრონოლოგიას: 2017 წლის პირველ ნოემბერს საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის ეკლესიის ყველაზე ოდიოზური ფიგურა, მოსპატის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი _ მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი, რომელმაც დახურულ კარს მიღმა კონფიდენციალური მოლაპარაკება გამართა რუსეთში დაბადებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან, რომელიც ყოველთვის ითვალისწინებდა ჩრდილოვან დირექტივებსა და ÊÃÁ-ს, შემდგომში ÔÑÁ-ს მითითებებს დიდი პიეტეტით!
ამ შეხვედრიდან ზუსტად სამი კვირის თავზე მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ქაშუეთის ტაძარში, გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს, „მოულოდნელად და საკრალიზებულად“ გამოაცხადა მოსაყდრის ვინაობა და, რაღა თქმა უნდა, დაასახელა პატრიარქ კირილის სიმპათია _ ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სენაკისა და ჩხოროწყუს „ღვაწლმოსილი, ამაგდარი და დამაშვრალი“ მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც მანამდე „თბილისელობისა და ელეგანტურობის“ გამო რეკორდული სისწრაფით წინაურდებოდა საპატრიარქოს ადმინისტრაციის კარზე. შეგახსენებთ, რომ ეს ის მეუფე შიოა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საკუთარი ეპარქია, სადაც თვეში ორი დღითაც არ არის ხოლმე, განსაცდელში მიატოვა, მაშინ, როცა მისი სულიერი სამშობლოდან _ რუსეთიდან, „ბრძენი“ პუტინის ჯარისკაცები მაროდიორობდნენ, ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ ქალაქ სენაკს!
ეს ბრალდება მის მიმართ არაერთმა თეოლოგმა გააჟღერა, თუმცა მახსოვს, ლაშა ჟვანიამ, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ პატრიარქს ახლდა გორშიო. მახსოვს, „საპატრიარქოს უწყებანიც“ კი ააფრიალა, მაგრამ ფოტოზე შიო მუჯირი აშკარად არ ჩანს…
მიტროპოლიტი შიო _ ეს არის ადამიანი, რომელსაც 16-წლიანი მღვდელმთავრული „მოღვაწეობის“ მანძილზე ერთი აგურიც არ დაუდევს საკუთარ სამწყსოში, რომელსაც არასდროს არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია არც რელიგიური, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც კულტურული საკითხების შესახებ. ეს არის კაცი, რომელსაც სადოქტორო ნაშრომიც კი სხვებმა დაუწერეს, ეს არის „ინტელექტუალი“, რომელიც დაუსწრებელზე სწავლობდა და, შესაბამისად, მოსალოდნელიც კია, რომ არ იცოდეს თუ რამხელა ანტიკანონიკური ნონსენსი და მკრეხელური ფენომენია სადღეისოდ „მოსაყდრის ინსტიტუტი“… ეს არის პიროვნება, რომელიც ასოცირებული და დაახლოებულია ისეთ დესტრუქციულ, რეტროგრადულ, მარგინალურ, შავრაზმულ, ექსტრემისტულ ჯგუფებთან, როგორებიცაა: მმკ, ქართული იდეა, ქართული მარში, ნეონაცისტები, ქართველი დუგინისტები და ა. შ.
_ საკმაოდ მძიმე ბრალდებებია…
_ მეტიც: შიო მუჯირი არის იზოლაციონისტი და ობსკურანტი მღვდელმთავარი, რომელიც გახლავთ სულიერი მოძღვარი ღია რუსოფილისა, ნატურით პოპულისტი ნარცისისა და „კავკასიელობის მოსკოვური ნარატივის“ კულტივატორისა _ ლევან ვასაძისა. ადამიანისა, რომელიც სარწმუნოებას იდეოლოგიად მოიაზრებს და ქრისტეს _ საშუალებად! დიახ, მისი შეხედულებები ჩვეულებრივ ერეტიკული და უბირია, რადგან ჭარბად შეიცავს ეთნოფილეტურ, მესიანისტურ და სოციოპათიურ აქცენტებს!
მოარული ხმები ამბობს, რომ სულ ცოტა ხნის წინ _ მარტის ბოლოს, სწორედ მასთან იმყოფებოდა სტუმრად რუსი მილიარდერი ვლადიმირ ევტუშენკოვი.
ევტუშენკოვი ვასაძის შეფია. როგორც ცნობილია, სწორედ მან აღმოაჩინა აშშ-ში სწავლას მოწყურებული ვასაძე და გაუღო რუსეთის კარი…
დიახ, ევტუშენკოვი ცნობილი მეწარმე, რუსული საინვესტიციო კომპანია „სისტემის“ მსხვილი აქციონერი და თავმჯდომარე გახლავთ, რომელსაც იმპერიალისტური და კოლონიალისტური განწყობებით იცნობენ. დიახ, ეს არის „წმინდა რუსეთის“, სხვაგვარად, რომ ვთქვათ, Ðóññêèé ìèð-ის ქომაგი ბიზნესმენი. რა არის ეს კრედო? „Ðóññêèé ìèð — êóëüòóðíî-èñòîðè÷åñêàÿ èäåÿ ìåæäóíàðîäíîãî, ìåæãîñóäàðñòâåííîãî è ìåæêîíòèíåíòàëüíîãî ñîîáùåñòâà, îáúåäèí¸ííîãî ïðè÷àñòíîñòüþ ê Ðîññèè (Ðóñè) è ïðèâåðæåííîñòüþ ê ðóññêîìó ÿçûêó è êóëüòóðå“.
_ ამით რისი თქმა გინდა?
_ იმისი, რომ მოსაყდრე-ვასაძე _ ეს ის რენეგატული კონგლომერატია, რომელსაც თუ ნებას მივცემთ, საქართველოს ეკლესიას მტარვალი რუსეთის ოფიციალურ საეგზარქოსოდ, ხოლო სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის ავტონომიად აქცევს „ზნეობის“ შირმითა და „კონსერვატიზმის“ ეგიდით! მათ ტექნოლოგიურად იციან, თუ როგორ მონუსხონ იმპულსური, ემოციური და გულწრფელი ქართული საზოგადოება, რომელიც პუტინის ემისართა აგიტაცია-პროპაგანდით დაზაფრული და დაბნეულია. ახლა შერჩეულია ყველაზე მოწყვლადი და რბილი ძალის გამტარიანობისთვის წამოსაკიდი თემა…
_ კონკრეტულად?
_ ვითომ და „ოჯახის სიწმინდე“ და ანტიLGBTQ მოძრაობა, რაც სინამდვილეში ცოდვის წინააღმდეგ არა ქრისტიანული სწავლებისა და სახარებისეული პრინციპებით მოქმედებას, არამედ ქურდულ-„კაგებეშნიკურ“ მიდგომებს გულისხმობს! დიახ, კიკეთელი რაინდი სარგებლობს მოცემულობით, აწყობს ბუფონადას და წყალს ამღვრევს „ვოლგის“ აქოთებული შლამით, რათა ანტიLGBTQ პროტესტი გადაზარდოს ანტიდასავლურ კონტენტში და ბეჯით-წარჩინებული ანდრია ჯაღმაიძის მსგავსად, რომელმაც დაწერა, რომ „TV პირველი“ = LGBTQ-ს შესაძლოა, EUROPE = LGBTQ ლოზუნგად დაამკვიდროს!
_ რა არის მიზანი?
_ სახელდობრ, დასავლური ცივილიზაციის დემონიზება და რუსიფიკაციის იდეალიზებაა მათი ძირითადი პლატფორმა! ანუ რეალური მტრის _ ოკუპანტის, დამპყრობლის ჩანაცვლება ხდება კონსპიროლოგიურ-მითიური მტრით _ აშშ-ევროპა. ეს არის ამ კოლაბორაციონისტების მზაკვრული სპეკულაცია, რომელიც ანგაჟირებულ სარჩულს ატარებს!..
_ და ამ ყველაფერს საპატრიარქო რატომ უჭერს მხარს, ან რატომ არის ლოიალური?
_ სად არის საპატრიარქო? ამის მერე რომელ საპატრიარქოზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც წინ გვიდევს თვალნათელი გროტესკული თემა.
_ რას გულისხმობ?
_ გროტესკული თემაა, რომ მკვდრადშობილი „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის“ სახელს ცოცხალი და არგადამდგარი პატრიარქის პირობებში ასისტენტი ჰყავს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის სახით. დაუბადებელ ბავშვს რომ ძიძა დაუქირავოთ, მაგ დღეშია მისი საქმე, მაგრამ რას ვიზამთ? _ ეს ხომ საქართველოს საპატრიარქოა, რომელსაც წარმართული პანთეონის საგმირო ეპოსი აქვს მდგენელად და არა წმინდა წერილი და საეკლესიო _ კანონიკური სამართალი!
_ თემას დავუბრუნდეთ…
_ რა თქმა უნდა და ერთ საგულისხმო დეტალზეც გაგიმახვილებთ ყურადღებას. დააკვირდით, თუ როგორ უნისონურად და ორკესტრირებულად დაათბეს რიტორიკა შევჩენკო-სალავიოვი-დუგინის ტრიომ საქართველოსადმი! ეს ტენდენცია სწორედ კიკეთელის რჩევის საფუძველზე შემუშავებული ქურქია, სადაც „ტრანსფორმირებული, სოლიდარული, მეგობრული და გაკეთილშობილებული“ რუსეთი უნდა გამოჩნდეს, რომელიც სენტიმენტებს აღძრავს, მათი აზრით, ბნელ ახალგაზრდებში და ნოსტალგიას _ შუა ხნის ან მოხუც ჰომოსოვიეტიკუსებში! იცოდეთ, ეს თეატრალური დადგმა და კაკანათია!
_ ანუ კვლავინდებურად გჯერა, რომ ეკლესია რუსეთის თამაშს თამაშობს?
_ ეკლესია რომ ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს და ვერ ფარავს რუსეთისადმი სერვილიზმს (მონური ქედმოხრა, ფეხქვეშ გაგება, _ რედ.), ეს უკანასკნელი მოვლენების ანალიზითაც ზედაპირზე ჩანს. მივმართავ ყველას _ იყავით ობიექტურნი და გაიაზრეთ: ბოლოდროინდელი ე. წ. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია ემსახურებოდა დაუოკებელ პიეტეტს (მოწიწება ვინმესადმი, _ რედ.) კრემლის მიმართ. მთელი ეს დისონანსი, სკანდალი და პროვოკაცია მოაწყო სწორედ საქართველოს რუსიფიკატორულმა საპატრიარქომ, რომელმაც ოკუპანტი გავრილოვი (თანაც სიმბოლურია, რომ პარტიული კუთვნილებით კომუნისტი) მოიწვია საქართველოში და რომელსაც „ნამუსი მოწმინდა“ პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკ. ანდრია ჯაღმაიძემ, როცა განაცხადა, რომ „იგი არასდროს იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგო!“ დიახ, საპატრიარქოს დღევანდელი მენეჯმენტი პასუხისმგებელია იმ კოლაბორაციონიზმე, რაც მათი მხრიდან სახეზეა!
_ კიდევ ერთი მძიმე ბრალდება…
_ არავითარი ბრალდება, ეს ფაქტია. ასე იყო იმთავითვე, როცა საქართველო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. თავიდანვე ყველაზე დიდ წინაღობას სანუკვარი იდეის სისრულეში მოყვანის გზაზე, ჩვენს სულკურთხეულ მამულიშვილებს, სწორედაც რომ ილია II-ის რენეგატი კოლეგია ებრძოდა. მოვა დრო და ქართველი ერი მოუბოდიშებს სულმნათ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას იმ მუხანათური დევნის, რეპრესიისა და მტრობისთვის, რაც მას მიადგა გაორებული ქართველი ავტორიტეტებისგან! იგი ილიას, კირიონისა და ამბროსის სულიერი მემკვიდრე აღმოჩნდა! ის გრძნობდა რეალობას, აცნობიერებდა ქართული სახელმწიფოებრიობის უმთავრეს საფრთხეებს და გულწრფელად და უზადოდ ასახელებდა პრობლემათა სათავეს. მან შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაცია დაკომპლექტებული იყო ÊÃÁ-ს ემისრებით, ხოლო ინტელიგენცია _ კრემლის მეხოტბე კულტურული ავტონომიის სინდრომით დაკმაყოფილებული კონფორმისტებით. მან იმთავითვე სწორად შეაფასა მოსკოვის მეხუთე კოლონის როლი მომავლის პერსპექტივაში, რის შედეგებსაც აწმყოშიც მტკივნეულად ვგრძნობთ ამჟამინდელი თაობის წარმომადგენლები! როგორც ინდოეთის პირველი პრემიერი, ჯავაჰარლალ ნერუ იტყოდა: „წინსვლისა და თავისუფლებისთვის არაფერია იმაზე უფრო საშიში და საფრთხის შემცველი, ვიდრე კოლაბორაციონისტების მიერ აღზრდილი ინტელიგენცია!“
ჩვენ არცერთხელ არ შევაფასეთ სამართლებრივად და მორალურად, თუ რა მოვლენებთან გვქონდა საქმე ანექსიისას, გასაბჭოებისას, კომუნიზმის ათვისებისას, ხუნტის პარპაშისას. ანუ ჩვენ არცერთხელ „არ დავმარხეთ ჩვენი მიცვალებული!“ სწორედ ობიექტური კვლევის, ანალიზისა და შეფასების არქონამ მოგვიყვანა ასეთ მოჯადოებულ წრემდე! სანამ ცოდვებს არ მოვინანიებთ, სანამ არ დავგმობთ საკუთარ შეცდომებს, ღალატსა და სულმდაბლობას, მანამდე ასე ზიგზაგისებურ შარაგზაზე ვიხეტიალებთ მოსესადმი ყვედრებაში!
ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ რამდენიმე „არასამთავრობოს“ სახელს ამოფარებული ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია თუ შავრაზმელთა მარგინალური მოძრაობა დაუფარავად ეწევა „უძლეველი, ზნეობრივი და წმინდა რუსეთის“ საკრალიზაციასა და რეკლამირებას.
დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ მკრეხელობა და ცინიზმია, როცა მავანნი ამ „გამაჯანსაღებელ“ პროცესს „მართლმადიდებლობის“ ეგიდით ახორციელებენ. შესაბამისად, მათი მხრიდან, პარალელურ რეჟიმში, პროპაგანდისტული ტექნოლოგიების მეშვეობით მუდმივად მიმდინარეობს დასავლეთის ისტერიული დემონიზაცია, სადაც ვითომდა მორალური თუ სულიერი საზრდო არ მოიპოვება. ამგვარად შეფუთული სიცრუით, ემოციური ტემპერატურის აწევითა თუ სენსიტიური საკითხების ტირაჟირებით ხშირ შემთხვევაში ხდება გულწრფელი ხალხის სრული ზომბირება და ინტოქსიკაცია, რაც ჩვენს რეალობაშიც სახეზეა.
რუსეთის ეკლესია გადაიქცა კრემლის აგრესიული პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობ ინსტრუმენტად, იდეოლოგიურ მანქანად, რომელსაც უკიდურესად ეთნონაციონალისტური და ფაშისტური ზრახვები ამოძრავებს. სინამდვილეში ფილეტისტური, ცრუმესიანისტური, ქსენოფობიური და შოვინისტური კონტენტის ომახიანი ქადაგება პირდაპირ წინააღმდეგობაშია მაცხოვნებელ, ანუ ჭეშმარიტ ცნობიერებასთან. ასეთი დამღუპველი მექანიზმის წახალისება, თავის მხრივ, წარმოადგენს ცეზაროპაპიზმსა და კვაზირელიგიურ კლერიკალიზმს. მისთვის დამახასიათებელია პატრიოტული პოპულიზმი და მტრის ხატის გამოგონება. ამ კონტენტს უნისონურად ეხმიანება საქართველოს საპატრიარქოც, რომელიც უკვე მრავალგზის ლუსტრირებულია სატელიტურ კავშირებში კრემლთან.
დასკვნის სახით მე, როგორც თეოლოგმა, პროფესიული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ვიდრე არ მივბაძავთ ბულგარეთის ეკლესიას, სადაც ლუსტრაციის კანონის მიღების შემდეგ ეკლესია განთავისუფლდა ჩანერგილი კადრებისგან, მანამდე არც ერთ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს მოსვენება არ ექნება ქვეყნის განვითარებისა და აღმავლობის გზაზე!

კოკა წერეთელი