შეთითხნილი ბრალდება თუ გახსნილი დანაშაული?

ერთი წლის წინ, 2018 წლის ივნისში, ზესტაფონში პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროს მამუკა ჭელიძის განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს. მათ შორის იყვნენ 1984 წელს დაბადებული თ.კ. (თენგო კეთილაძე), 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. _ მეტსახელად „ბახა-ბახა“ (მალხაზ ბახია).
აღნიშნულ პირებთან ერთად შესაბამისმა სამსახურებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1968 წელს დაბადებული ა. ბ. დააკავეს. ამავდროულად, ძებნა გამოცხადდა ე. წ. კანონიერ ქურდ ფრიდონ სულაქველიძის (მეტსახელად „პაწუა ზესტაფონსკი“) ძმაზე, ხვიჩა სულაქველიძეზე, რომელიც, მოგვიანებით, საკუთარ სახლში აიყვანეს.
ამ მოვლენების პარალელურად, ზესტაფონში წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული ორი პირი დააკავეს: 1980 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1981 წელს დაბადებული ჯ.ო.

დავუბრუნდეთ ზემოთ ნახსენებ ოთხ პირს _ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებდნენ ე. წ. ქურდულ სამყაროს, თუმცა არ აღიარებდნენ ამ სამყაროსთან კავშირს. ოთხი პირიდან ორი _ თ.კ. და ა.ბ. მოგვიანებით გაათავისუფლეს. მალხაზ ბახია და ხვიჩა სულაქველიძე პატიმრობაში ამ დრომდე რჩებიან. მათ საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
„ისინი მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში, კერძოდ კი რუსეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ _ ფრიდონ სულაქველიძესთან და მის ძმასთან, ხვიჩა სულაქველიძესთან, რომლისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ წესებით მოქმედებდნენ“, _ აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბრალდების მხარის თანახმად, ბრალდებულები ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთი კაფეს მფლობელისაგან, 1977 წელს დაბადებული გიორგი ჯიხვაშვილისგან, „კანონიერი ქურდის“, ფრიდონ სულაქველიძის მიერ მისი სამეწარმეო საქმიანობის მფარველობის („კრიშა“) სანაცვლოდ, მუქარითა და ქურდული გარჩევის გზით, ყოველთვიურად მოგების 30 პროცენტის გადახდას მოითხოვდნენ.
საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარიმართა, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად გაირკვა დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ვინაობა ან მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისთვის არსებითი პირობები. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ბოლო ცვლილების თანახმად, რომელიც გასული წლის 18 აპრილს შევიდა, ისჯება არა მხოლოდ ქურდული სამყაროს წევრობა, არამედ წევრებთან თანამშრომლობაც.
ნიშანდობლივია ის დეტალი, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე პრიმა მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის მიხედვით ასევე შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის, „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად სარგებლისა და მატერიალური უპირატესობის მიღება.
ზემოთ აღნიშნული საქმე ზესტაფონში ასე დაიწყო: გიორგი ჯიხვაშვილი მრავალშვილიანი მამაა. ის ოჯახით 2012 წლიდან უცხოეთში ცხოვრობდა. 2010 წელს საქართველოში მის წლინახევრის ვაჟს ლეიკემია დაუდგინდა. თითქმის გამოჯანმრთელებულ ბავშვს დამატებითი მკურნალობა რეციდივის გამო საფრანგეთის კლინიკაში დასჭირდა. ჯიხვაშვილმა და მისმა მეუღლემ ორი არასრულწლოვანი შვილი _ 16 წლის გოგონა, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და 10 წლის ვაჟი საქართველოში, ნათესავებთან დატოვეს და უმცროსი შვილის გამოჯანმრთელების იმედით საფრანგეთში გადავიდნენ. მრავალწლიანმა მკურნალობამ, ქიმიოთერაპიების კურსმა, ოპერაციებმა უშედეგოდ ჩაიარა. რამდენიმე წლის შემდეგ ბიჭი გერმანიაში გარდაიცვალა. ამ დროის მანძილზე გიორგი ჯიხვაშვილის მეუღლეს სამი შვილი შეეძინა. გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა ბიჭი ზესტაფონში ჩამოასვენა და დაკრძალა. ამ ამბის შემდეგ ჯიხვაშვილები ზესტაფონში გადმოვიდნენ და როგორც ოჯახის უფროსი აცხადებს, იქვე დამკვიდრება გადაწყვიტეს. ზესტაფონიდან ჯიხვაშვილის მეუღლეა. ქალის მშობლები ქალაქის მახლობლად, სოფელში ცხოვრობენ.
გიორგი ჯიხვაშვილმა ზესტაფონში საკუთარი ბიზნესის წარმოება გადაწყვიტა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ჯიხვაშვილმა კაფეს მშენებლობა ე. წ. წყალსადენის ტერიტორიაზე დაიწყო. ამ ადგილას სხვადასხვა ტიპის სახელოსნო მდებარეობს. ადგილობრივები მამაკაცს მშენებლობაში აქტიურად ეხმარებოდნენ. ის ყველასთან ჰყვებოდა თავისი გარდაცვლილი შვილის ისტორიას, სწორედ ამიტომ ხელოსნების უმრავლესობა მას უსასყიდლოდ ან თანხის წინასწარ გამორთმევის გარეშე ემსახურებოდა.
მალე ჯიხვაშვილი წყალსადენის ტერიტორიაზე მომუშავეებს _ დიმა ხიჯაკაძეს, გოჩა ფართლაძესა და პეტრე გორდეზიანს დაუახლოვდა. სწორედ ხიჯაკაძესთან მუშაობდა ზემოთ ნახსენები, დაკავებული თ.კ. (თენგიზ კეთილაძე, მეტსახელად „ფაშისტა“’). თ.კ. ჯიხვაშვილისთვის ავეჯს ამზადებდა და როგორც თავად ისხენებს, მამაკაცი მას ზესტაფონში კინოთეატრის გახსნას სთავაზობდა.
ხვიჩა სულაქველიძის ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ხვიჩა ჯიხვაშვილს გოჩა ფართლაძემ დააკავშირა.
„ფართლაძე ჯიხვაშვილს ეუბნებოდა, რომ მას მფარველობდნენ ქურდები და ზოგადად „კრიშა“ ზესტაფონში აუცილებელი იყო. ამ დროს ჩემი მაზლი, ფრიდონ სულაქველიძე, წლებია, საქართველოში აღარაა. ხვიჩასა და ოჯახს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს. წლებია, ვცდილობთ გავაკრვიოთ, სად, რომელ ციხეში ან ქალაქშია ფრიდონი, თუმცა ამაოდ. მიუხედავად მისი ძმის ცხოვრებისა, ჩემს ქმარს არასოდეს ჰქონია კავშირი ქურდულ სამყაროსთან“, _ ამბობს ხვიჩა სულაქველიძის ცოლი „ქრონიკა+“-თან.
ფრიდონ სულაქველიძის შესახებ ბოლოს ცნობები ქართულ მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა. იგი პირველ მარტს რუსეთში, ვლადიმირის ოლქში დააკავეს. 53 წლის „კანონიერ ქურდი“ ბოლო სასჯელს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდა, რომელიც „ვლადიმირსკი ცენტრალის“ სახელწოდებითაა ცნობილი.

სულაქველიძის ოჯახის წევრების განცხადებისგან აბსოლუტურად განსხვავდება ჯიხვაშვილის მიერ ნაამბობი ისტორია:

„ჩემმა კაფემ გახსნაც კი ვერ მოასწრო. თავიდანვე მქონდა პატარ-პატარა შემოტევები „ქურდებისგან“, რასაც დამოუკიდებლად ვუმკლავდებოდი. თავდაპირველად მეგობრობას მთხოვდნენ, მერე მითხრეს, წილი უნდა მოგვცე, 30 პროცენტიო. მე რომ მათთან მეთანამშრომლა, მეც შემექმნებოდა პრობლემები. კაფეს გახსნა გათვლილი იყო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდზე. ვაპირებდი მქონოდა ჩამოსასხმელი ლუდი და დიდი ეკრანი, სადაც ფეხბურთის მატჩები გავიდოდა“, _ ამბობს გიორგი ჯიხვაშვილი.
ტერიტორია, სადაც ჯიხვაშვილი კაფეს აშენებდა, მან საკუთარი ბიძისგან, რამინ გაბრიჭიძისგან მიიღო. როგორც თავად აღნიშნავს, ბიძას ტერიტორია თბილისის ბინაში გადაუცვალა, თუმცა ბინის გადაფორმება გააჭიანურა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მუშებმა ჯიხვაშვილს კაფეს გასარემონტებლად ყველა სამუშაო უფასოდ ან თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით გაუკეთეს. მუშები ამბობენ, რომ შვილმკვდარი მამა შეიცოდეს და მის დახმარებას შეეცადნენ.
სულაქველიძისა და ბახიას ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ყველაფერი მართლაც მეგობრობის სურვილით დაიწყო, თუმცა ამ საზღვრებს არ გასცდენია. ისინი აცხადებენ, რომ ორივე მამაკაცი ჯიხვაშვილმა ობიექტზე თავად დაიბარა. ჯერ კიდევ დაუსრულებელ კაფეში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა მათი საუბარი ნაწილობრივ ჩაიწერა.
ხვიჩა სულაქველიძის მეუღლე ამბობს, რომ მისი ქმრისა და ბახიას ხმები ჩანაწერებში არ ისმის, ისმის მხოლოდ ჯიხვაშვილის ჩხუბი და ლაპარაკი, სადაც ის ქურდებს წილს და „კრიშას“ ახსენებს.
„ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს ჯიხვაშვილმა სპეციალურად მოუწყო ყველაფერი. ამ ეჭვს აჩენს ის, რომ ყველა ჩანაწერში მხოლოდ ჯიხვაშვილის ხმა ისმის. კადრებს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ დამატებული, დამონტაჟებული ან წაშლილი არაფერია, თუმცა ექსპერტიზის ობიექტურობის არ გვჯერა. კადრები პოლიციაში სართულიდან სართულზე დალუქვის გარეშე გადადიოდა“, _ ამბობენ ბახიას ოჯახის წევრები.
„მალხაზი წლების მანძილზე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. წარსულში ის ნარკოდამოკიდებულებით იტანჯებოდა და ამის გამო ნასამართლევია კიდეც. სწორედ ამიტომ გახდა ის „იოლად ხელწამოსაკრავი“ პირი პოლიციისთვის. ქურდულ სამყაროსთან კავშირი არასოდეს ჰქონია. მისი ერთადერთი სისუსტე ნარკოტიკი იყო. ბოლოს მეტადონის პროგრამაში ჩართო. გავიდოდა შინიდან, აიღებდა მეტადონს, დალევდა და ისევ შინ მოდიოდა. ხვიჩა სულაქველიძე ჩვენი ნათესავია. მალხაზი მისი შვილის ნათლიაა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდნენ ისინი ერთად ამ გაუგებრობაში. მალხაზს თენგო კეთილაძემ დაურეკა და სთხოვა, ჯიხვაშვილს დახმარებოდა. როგორც თენგო ამბობდა, ჯიხვაშვილს ხშირად აწუხებდნენ სხვადასხვა პირები, ეჩხუბებოდნენ და ა. შ. გიორგი ჯიხვაშვილმა ადგილობრივებისგან დახმარება თავად ითხოვა. მალხაზი და ხვიჩა ზესტაფონში ყველას იცნობენ და გადაწყვიტეს, შვილმკვდარ მამას დახმარებოდნენ“, _ დასძენენ ბახიას ოჯახის წევრები.
„სანამ კაფეს ვარემონტებდი, უცხო პიროვნებები სხვადასხვა ადგილას მპატიჟებდნენ, შემიტყუებდნენ კაფეში და მიწყებდნენ ბიზნესსა და წილებზე საუბარს. ახლა იმ ტერიტორიას ვყიდი და საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებ. ჩემი შვილები და მეუღლე დაცვის ქვეშ იმყოფებიან“, _ ამბობს ჯიხვაშვილი.
ჯიხვაშვილი სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ხშირად აღნიშნავს, რომ თუ ის „ქურდების“ წინადადებას დასთანხმდებოდა, თავადაც დამნაშავე გახდებოდა. მისი ნათქვამი რეალობას შეესაბამება _ სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-3 პუნქტით თუკი პირი „ქურდული სამყაროს“ წევრს საკუთარი მატერიალური უპირატესობის მისაღებად მიმართავს, დამნაშავედ ითვლება და ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც პირი თავად მიმართვას და ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ამ შემთხვევაში მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებენ.
დაკავებულების ოჯახის წევრებს რამდენიმე ვერსია აქვთ. მათი თქმით, ჯიხვაშვილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელია, რომელიც სპეციალურად მოაგზავნეს ზესტაფონში, რათა ხალხი დაეჭირა და დაეშინებინა. ასევე ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, მისი შვილები და მეუღლე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები არიან.
ჯიხვაშვილის ოჯახში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ იმ საბავშვო ბაღშიც, სადაც ბავშვები დადიოდნენ. პედაგოგები იხსენებენ, რომ სამი ბავშვიდან არც ერთი არ მეტყველებდა, არ ეკონტაქტებოდა ამხანაგებს და დათრგუნულები, შებოჭილები ჩანდნენ. მოგვიანებით, მასწავლებლებს იმდენად შეეცოდათ ბავშვები, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათი ერთ ჯგუფში დასმა გადაწყვიტეს, თუმცა ისინი კვლავ არ მეტყველებდნენ და ერთმანეთსაც არ ეკონტაქტებოდნენ. ბაღში ეჭვობენ, რომ ბავშვებს მეტყველების პრობლემა აქვთ და სპეციალისტის დახმარება ესაჭიროებათ, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ თემაზე ოჯახი არ საუბრობს და არც პრობლემას აღიარებს.
ახლა ბავშვები საბავშვო ბაღში აღარ დადიან. ჯიხვაშვილების ოჯახს დაცვა იცავს. სახლის კარი დაკეტილია და იშვიათად იღება. ეზოში არ ჩნდებიან გიორგის შვილები და მეუღლე. ქალაქში ამბობენ, რომ ჯიხვაშვილის მეუღლეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ქმარი მას საკუთარ მშობლებთან კავშირსაც უკრძალავს.
ზესტაფონელები ოჯახთან კონტაქტს ერიდებიან. მეზობლები აცხადებენ, რომ ხმაურიანი დაკავებების შემდეგ მათი ერიდებათ და ცოტა ეშინიათ. ქალაქში მათზე მხოლოდ ანონიმურად საუბრობენ. ამბობენ, რომ გიორგი ჯიხვაშვილი საზღვარგარეთ წასვლას სულაც არ აპირებს და კიდევ ერთი, ახალი სარემონტო სამუშაო აქვს წამოწყებული. ამჯერად ის ე. წ. აბანოს ტერიტორიაზე, ბანკ „კრედოს“ ყოფილ შენობაში მუშაობს, კაფე-ბარის ტერიტორია კი მიტოვებულია და იყიდება. იმასაც ამბობენ, რომ ჯიხვაშვილების საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მათთვის გაურკვეველმა პირებმა დაიქირავეს, ხშირად გამოდიან ხელჩანთებით დატვირთული სამოქალაქო პირები, ჩანთებით მანქანებს ტვირთავენ და გაურკვეველი მიმართულებით მიდიან. ყველაფერი, რაც ზესტაფონში ამ ოჯახს უკავშირდება, ტაბუდადებული და გასაიდუმლოებულია.
ხვიჩა სულაქველიძე და მალხაზ ბახია დღემდე პატიმრობაში რჩებიან. პირველი ინსტანციის სასამართლომ, სადაც საქმე ცხრა თვის მანძილზე მიმდინარეობდა, ისინი დამნაშავეებად ცნო. საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია. ბრალდებულების უდანაშაულობის სჯერათ მათი ოჯახის წევრებს. ისინი უკმაყოფილოები არიან იმ სატელევიზიო გადაცემისაც, რომელიც საქმესთან დაკავშირებით მომზადდა. ამბობენ, რომ გადაცემაში მხოლოდ იმაზე იყო საუბარი, თუ როგორი გმირია ჯიხვაშვილი და როგორ დაამარცხა „ქურდული სამყარო“. ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში საწინააღმდეგო მტკიცებულებები მეტია, ვიდრე ბახიასა და სულაქველიძის სასარგებლოდ არსებული. რთული მოსაძებნია მოწმეებიც, რადგანაც ქალაქში ჯიხვაშვილს ყველა უფრთხის.
რეალურად, ჰქონდათ თუ არა კავშირი „ქურდულ სამყაროსთან“ ზემოხსენებულ პირებს? არის თუ არა გიორგი ჯიხვაშვილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის აგენტი თუ უბრალო მსხვერპლია? _ ამის დადგენა გამოძების პრეროგატივაა.

„ქრონიკა+“ თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას და უახლოეს ინფორმაციას გზადაგზა მოგაწვდით.

შორენა ლაღაძე