ოთო ნემსაძე: „ევროვიზიაზე ყველაფერი იყიდება“

ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსი თელ-ავივში გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით მომღერალი ოთო ნემსაძე გამოდიოდა. ის ასევე მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულია.

ქართველი მომღერალი ევროვიზიის მაყურებლის წინაშე ეფექტური შოუთი წარდგა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა _ „სულ წინ იარე“ შეასრულა, თუმცა ათეულში ვერ მოხვდა.
გამოსვლის სასცენო დადგმაზე საქართველოს პირველი არხის რეჟისორმა, ირაკლი გოქაძემ და გრაფიკოსმა ლევან ლორთქიფანიძემ იმუშავეს.

თელ-ავივიდან დაბრუნებული მომღერალი „ქრონიკა+“-ს შეხვდა:

_ ოთო, ძალიან ბევრ კონკურსში გაქვთ მონაწილეობა მიღებული და ბოლოს კიდევ ხელმეორედ მიიღეთ მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობა. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ წინ „ევროვიზიის“ კონკურსი გელოდებოდათ?
_ რა თქმა უნდა, ერთადერთი მიზანი იყო „ევროვიზია“. „საქართველოს ვარსკვლავი“ 10 წლის წინ მოვიგე და, რეალურად, ჩემთვის ეს იყო რისკიანი ნაბიჯი, რადგან რთულია, როცა პროექტის გამარჯვებული ხარ და ანალოგიურ პროექტს უბრუნდები, თუმცა ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მონაწილეობა მიმეღო. სანამ ასაკიც მიწყობს ხელს, ხმაზე და ჯანზე ვარ, რატომაც არა.
_ რისკი აღმოჩნდებოდა მაშინ, თუ თქვენ პროექტს ვერ მოიგებდით?
_ რა თქმა უნდა.
_ ვისაუბროთ სიმღერაზე „სულ წინ იარე“, რომლითაც გაიმარჯვეთ და რომელიც „ევროვიზიაზე“ იმღერეთ.
_ მუსიკა ეკუთვნის საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკოს რომა გიორგაძეს, ხოლო ტექსტი ეკუთვნის მის დას, დიანა გიორგაძეს. დოგმა იყო ის, რომ სამი სიმღერიდან ერთ-ერთი უნდა ამერჩია, რომელიც გაიმარჯვებდა და ის მიდიოდა „ევროვიზიაზე“.
_ სიმღერას ვერ შეცვლიდით?
_ სიმღერის შეცვლის შანსი არ არსებობდა და არც მე მინდოდა, რომ შემეცვალა.
_ გაიმარჯვეთ პროექტში და რა ხდება შემდეგ? რა წინააღმდეგობების წინაშე დადექით?
_ იქიდან გამომდინარე, რომ „ევროვიზია“ მხოლოდ მუსიკის კონკურსი არ არის, მასშტაბურ პრობლემებს შევეჯახე და ძალიან დიდი ენერგია დაიხარჯა სხვა რაღაცებზე ფიქრში. მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა, იმიტომ რომ ჯერ „საქართველოს ვარსკვლავი“ იყო. მაგალითად, სხვა ქვეყნები ერთი წლით ადრე იწყებენ „ევროვიზიისთვის“ მზადებას და მე მხოლოდ თვე-ნახევარი მქონდა. ხელი შემიშალა ასევე პიარკამპანიამ, იმისთვის რომ მხოლოდ მუსიკისთვის მეფიქრა.
_ პიარკამპანიაზე უნდა ეზრუნათ ორგანიზატორებს, თქვენ ამ მხროვ რატომ შეგექმნათ პრობლემა?
_ ეგრეც იყო, ვინმემ რამე კი არ დააკლო, უბრალოდ, ცოტა დრო იყო და ძალიან ბევრი საქმე. ხელისშემშლელი ფაქტორი იყო თუნდაც ის, რომ მე ცალკე პროდიუსერ არ მყავდა, როგორც სხვა მონაწილეებს და ცალკე თანხებს ვერ ვიძიებდი, თუმცა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა, რაც შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო.
_ გარდა ამისა, ამ ყველაფერში აქტიურად უნდა იყოს სახელმწიფო ჩართული, რასაც ჩვენს შემთხვევაში ვერ ვიტყვი.
_ ჩემი მთავარი კარიერული ტკივილი არის უპროდიუსერობა. მთელი ცხოვრება იმიტომ დავდივარ კონკურსიდან კონკურსზე ბოშა ქალივით, რომ პროდიუსერი ვიპოვო. ახლა ალბომზე ვმუშაობ, რომელიც უკვე 2 წელია, კეთდება და სულ ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ. ჩემი რიგით მეორე სოლო ალბომი გამოვა ჩემს ჯგუფთან ერთად, ქართული როკმუსიკაა და ყველაფერზე ძალიან წვალება გვიწევს.
_ გიღირთ ამდენი წვალება?
_ კი, იმიტომ რომ ეს ჩემი ცხოვრებაა. ერთმა ძალიან მაგარმა ქართველმა მომღერალმა მითხრა, რომ პირელ რიგში მუსიკაზე იფიქრე და შემდეგ _ ფულზეო. პრინციპში, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ასე იყო და ასეც იქნება.
_ თუმცა კომერციული დაინტერესებაც აუცილებელია. სხვანაირად ვხედავთ, რომ არაფერი გამოდის.
_ რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში შეუძლებელია არაკომერციულად ცხოვრება და მე არ მიმაჩნია, რომ არაკომერციული მომღერალი ვარ.
_ კომერციაში ვგულისხმობ იმ თანხებს, რომელიც ალბომის გამოსაშვებად, კლიპის გადასაღებად და ბევრი სხვა საქმის გასაკეთებლად გეხმარება. აქ არაა მხოლოდ ჰონორარებზე საუბარი, იგივე ალბომის გაყიდვა და ა. შ.
_ ალბომის გაყიდვით ფულს დღეს ვერავინ იშოვის, თუ არ ხარ ბიონსე და საუკეთესო ქვეყნის საოცარი მუსიკოსი. მიმაჩნია, რომ ფული უნდა იშოვო კონცერტებიდან, რის გაკეთებასაც ასევე თანხა სჭირდება. წუწუნში არ ჩამომართვათ, მაგრამ ყველაფრის გასაკეთებლად ფული არის საჭირო.
_ ბევრმა მომღერალმა ამის გამო ხელი ჩაიქნია. სტიმული არ გეკარგებათ ხოლმე?
_ არასდროს! ყოფილა შემთხვევები, არ მიჭამია და სტუდიაში გადამიხდია. რეალურად, მუსიკის გარეშე მოვკვდები და 2 დღე საჭმლის გარეშე არ მოვკვდები.
_ ევროვიზიას დავუბრუნდეთ. რა მოლოდინი გქონდათ ამ კონკურსის გარშემო და რა დაგხვდათ?
_ დაახლოებით ვიცოდი, „ევროვიზია“ რა ტიპის კონკურსი იყო და ზუსტად იმიტომ ვამბობ, რომ სიმღერის შეცვლას არანაირი აზრი არ ჰქონდა. „ევროვიზია“ არის კონკურსი, სადაც პატარა ქვეყნებს პატარა შანსი აქვთ. ეს არ არის მხოლოდ მუსიკისა და სიმღერის კონკურსი, ეს არის მთლიანად პიარკონკურსი.
_ პოლიტიკა რამდენად დიდ როლს თამაშობს?
_ პოლიტიკა არის, მაგრამ ლოკალურ დონეზე და არა მასშტაბურად. ეს არის პირდაპირ დიდ ფინანსებზე გათვლილი კონკურსი. „ევროვიზიაზე“ იყიდება ყველაფერი.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას არა, რომ შენ შეგიძლია იყიდო ეს კონკურსი. უბრალოდ, შენ შეგიძლია გაყიდო საკუთარი თავი ნებისმიერი მასალით. ვფიქრობ, რომ პიარკამპანია უნდა შეიცვალოს.
_ რა კუთხით?
_ გადავხედოთ თუნდაც იმას, თუ რას აკეთებენ სხვა ქვეყნები ამ კონკურსისთვის. თუნდაც ის ბლოგერები, რომლებიც ყველანაირ ჭუჭყს გაშორებენ, მაგრამ აქ ძალიან დიდ ფულზეა საუბარი. დიდი ფული იხარჯება იუთუბზე, რეკლამებზე, ინსტაგრამზე. ასევე იყო რამდენიმე გამოცემა, რომელსაც ძალიან დიდი ფული გადაუხადეს, რომ კონკრეტულ კონკურსანტებზე დაეწერათ, ეს ჩვეულებრივი რამეა.
_ რამდენად მაქსიმუმი გააკეთეთ ამ კონკურსზე?
_ იმ მოცემულობით, რაც იყო, მე მგონი, ყველაფერი გავაკეთე. უბრალოდ, ოთო ნემსაძე სხვა მიმართულებით ვერ იმუშავებდა. მე ვერ ვიქნებოდი ბოლომდე ევროპული პოპ-მუსიკოსი და გამიჭირდებოდა „სეი-ნანას“ სიმღერა სცენაზე, მე უფრო სხვა მიმართულების მომღერალი ვარ. მიმაჩნია, რომ სწორი იყო იმ მესიჯის ირიბად გაგზავნა, რა მესიჯიც გავაგზავნეთ ევროპაში. დღეს ძალიან ბევრი მწერს და ბევრმა ევროპელმა გაიგო, რომ რუსეთი ოკუპანტია.
_ ფიქრობთ, რომ თქვენი მთავარი მესიჯი სწორად გაიგო ევროპამ?
_ რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი გამოცემა მირეკავდა სწორედ ამაზე, რუსეთი ოკუპანტიას მესიჯიც იდო ამ სიმღერაში და აქ იყო ზოგადად გლობალურ პრობლემებზე საუბარი, ოკუპაციასა და ხალხის ერთმანეთისგან დაშორებაზე. ჩვენს შემთხვევაში ეს არის აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამ სიმღერამ თავისი საქმე გააკეთა.
_ რამდენად წამგებიანი აღმოჩნდა ეს სიმღერა თქვენთვის?
_ „ევროვიზიისთვის“ წამგებიანი სიმღერა აღმოჩნდა. ბევრი ქართველის კომენტარი წავიკითხე, რომ რატომ იმღერე ქართულ ენაზეო და ყველას ვეტყვი, რომ მსგავსი რაღაც აღარ დაწეროთ, მეგობრებო. ძალიან ბევრი ქვეყანა თავის ენაზე მღერის და მე ჩემი დამწერლობა მაქვს, თოთხმეტიდან ერთ-ერთი საუკეთესო და შესაბამისად, ძალიან ბედნიერი კაცი ვიყავი, როდესაც სცენაზე ვიდექი და ქართულად ვმღეროდი. ხელისშემშლელ ფაქტორზე მინდა გითხრათ კიდევ ერთი რამ: ჩემთვის გაუგებარი იყო „ევროვიზიის“ ქართული ფანკლუბი, რომელიც ასევე გაუგებარი ადამიანების დაჯგუფებაა და როგორც აღმოჩნდა, ისინი ყოველ წელს საქართველოს ესხმიან თავს და საერთაშორისო ფორუმებზე მიწასთან ასწორებენ თავიანთ ქვეყანას. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართო მათ: მეგობრებო ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, პირველ რიგში, საკუთარ თავთან და ქვეყნის წინაშე. არ შეიძლება საკუთარი ქვეყნის ლანძღვა საერთაშორისო მასშტაბით, არც ერთი უცხოელი ამას არ გააკეთებს და არც იკადრებს. უცხოელები ეკითხებოდნენ, რატომ ლანძღავთ ოთო ნემსაძესო და პასუხი არ ჰქონდათ. ბევრი წერდა, რომ ნეტა, მოკვდესო და ა. შ. აქამდე თუ სხვადასხვა პროექტში ვიყავი, ვიმარჯვებდი, ახლა გავხდი ყრუ და უსმენო? შესაცვლელია მიდგომები. რანაირადაც არ უნდა მომწონდეს ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი, ყოველთვის გვერდით დავუდგები, სულ რომ „იურმალაზე“ გამოდიოდეს ან „სლავიანსკი ბაზარზე“. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ფეხბურთში წარმატებებს ვერ ვაღწევთ, მაგრამ მაჩტს არ ვტოვებ და საყურებლად მივდივარ, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის სახელია.
_ იმოქმედა თქვენზე ამ უარყოფითმა მესიჯებმა?
_ რა თქმა უნდა, იმოქმედა, რადგან მე არ ვარ ეპატაჟური ან სკანდალური მომღერალი, რომელიც ამით გახდა ცნობილი.
_ ქართველებს ერთმანეთის ლანძღვა რომ გამოგვდის, ვიდრე შექება, ეს ახალი არაა…
_ ეს ბულინგის ეპოქა ქვეყნებმა 5 საუკუნის წინ გაიარეს და ჩვენთან ძალიან სამწუხარო რეალობაა. 24 წლის ბიჭი რომ გოგოს საჯაროდ აგინებს, არაკაცი ხარ. არ შეიძლება, არანაირ მენტალიტეტში არ ჯდება, არც ქართულში, არც ევროპულში, არც ამერიკულში და არც რუსულში. ეს არის ის, რაც ჩემს ქვეყანას ძალიან უკან წევს საერთაშორისო ასპარეზზე.
_ მოკლედ, იყო როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი შეფასებები. ერთ-ერთ ძალიან ხმაურიან პოსტს მინდა შევეხო, რაზედაც უამრავი ნიუსი დაიწერა, სადაც ნიკა გვარამიამ თქვენს ნამღერს და გამოსვლას საჯაროდ უწოდა პროვინციული, გულისამრევი, ქაჯური…
_ ალბათ, გვარამიას ძალიან არ მოსწონს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართულებები და ეს სამწუხაროა. ადამიანი, რომელიც ხშირად აყენებს სხვას პირად შეურაცხყოფას. მე მასთან არასდროს მქონია ახლო და მით უმეტეს, მეგობრული ურთიერთობა, თუმცა ვმეგობრობდი და დღემდე ვმეგობრობ ადამიანებთან, რომლებიც დღეს „რუსთავი 2-ში“ მუშაობენ. მასზე ბევრს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჩემთვის გადამწყვეტ, მნიშვნელოვან როლს იგი არ თამაშობს. ლანძღვით და გინებით ვერაფერი გაკეთდება და, ალბათ, მისამართი შეეშალა. ყველაზე დიდი პროვინციალიზმი, შური და ბოღმა მასში დავინახე. ერთს ვეტყვი, რომ ნუ იქნები ტუტუცი, შე ქინძისთავო. ზედმეტად სუფთა ვარ ამ სფეროში და სამწუხაროდ, ასეთი პროვოკატორი ადამიანები არსებობენ და ცდილობ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჭუჭყი, ტალახი გესროლონ. არასწორი ხარ, მეგობარო!
_ თქვენმა კოლეგებმა რა გითხრეს, თუნდაც იმ ადამიანებმა, რომლებიც უკვე ნამყოფები არიან „ევროვიზიაზე“?
_ პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სოფო ნიჟარაძეს, ნოდიკო ტატიშვილს, ანრი ჯოხაძეს, სალომე ბაკურაძეს და რავი, ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას. მადლობა, რომლებიც გვერდში მედგნენ და ეს ძალიან მახარებს, თუმცა იყვნენ კოლეგები, რომლებმაც, უბრალოდ, ნეიტრალური დაიჭირეს და საერთოდ არ ამოიღეს ხმა. ყველას დიდი მადლობა. მადლობა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომ მაპოვნინა არაჩვეულებრივი ადამიანები: „გოქა“ _ ადამიანი, რომელმაც საოცრება შექმნა სცენაზე.
_ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველი ქართველი მომღერალი ხარ „ევროვიზიაზე“, ვის ჩაცმულობაზეც იზრუნა დიზაინერმა გიორგი შაღაშვილმა.
_ ეს არის ოქროს გულის კაცი და ძალიან დიდი მადლობა მას, რადგან ყველაზე კომფორტულად ვიყავით მეც და ბიჭებიც („შავნაბადას“ წევრები) მის სამოსში. ეს არის საოცარი, თანამედროვე საქართველოს დიზაინერი. „შავნაბადას“ ასევე ძალიან დიდი მადლობა, მათ უანგაროდ გაწიეს ამხელა შრომა.
_ რა მოგცათ „ევროვიზიის“ კონკურსმა?
_ ვიცი, რა არ უნდა გავაკეთო ცხოვრებაში.
_ ანუ რა?
_ არასდროს არ წავალ მსგავს მასშტაბურ კონკურსზე, თუ არ იქნება შესაბამისი პიარკამპანია, თუ არ მეყოლება პროდიუსერი, რადგან უბრალოდ მუსიკა ამხელა მანქანის წინაშე ვერაფერს აკეთებს. თუ ვინმე მიიღებს „ევროვიზიაზე“ მონაწილეობას, ყველას ვურჩევ, რომ იზრუნონ კარგ პიარკამპანიაზე, რადგან ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი მუსიკოსი და ასევე ჩემი ბიძაშვილი, რომელსაც არ ვიცნობდი.
_ აქამდე არ იცნობდით?
_ ერთი წლის რომ ვიყავი, ბიძაჩემი რუსეთში გარდაიცვალა, იქ ცხოვრობდა და დაკრძალულია საქართველოში. დარჩა მეუღლე და შვილი სოსო ნემსაძე, რომელთანაც 6 წლამდე გვქონდა მიმოწერა, მაგრამ უცებ გაქრა და 2 წლის წინ სოციალური ქსელით ვიპოვეთ ერთმანეთი. ახლა თელ-ავივში ცხოვრობენ, იქაური მოქალაქეა და პირველად ვნახე.
_ დაბოლოს, „ევროვიზიიდან“ დაბრუნებულს რა გეგმები გაქვთ აქ?
_ ძალიან ბევრი კონცერტი მაქვს. ტურნე იწყება ესპანეთიდან, მადრიდში; უკრაინაში მაქვს 5 კონცერტი ჩემს ჯგუფთან ერთად. ვმუშაობ, როგორც წეღან გითხარით, ახალ ალბომზე და მინდა, რომ მთელი საქართველო კონცერტებით შემოვიარო.

გიორგი საკარული