„ბრავო, ქუთაისი, ცეცხლი დაანთეს“

31 მაისს თბილისში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სოლო კონცერტი გამართა. მაყურებლის შეფასებებით ეს იყო ქართული გენის ზეიმი, გასაოცარი პროფესიონალიზმი, სცენაზე დანთებული ცეცხლი, ხარისხით დადგმული ნახაზები და მოცეკვავეთა უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობის გამოვლინება.

ილიკო სუხიშვილი _ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:
_ ძალიან ვგულშემატკივრობ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს. შოთიკო ჯიშკარიანი (მთავარი ქორეოგრაფი, _ ავტ.) „სუხიშვილების“ მოცეკვავე იყო და ძალიან კარგად იგრძნობა მისი სტილი, ქორეოგრაფიული და ინდივიდუალური მიდგომა, რაც ძალიან მახარებს. ქართულ ცეკვაში რთულია შექმნა გამორჩეული და ეს მოაწონო მაყურებელს. დღეს ჩვენ ვიხილეთ ქართული სულის ზეიმი და ეს ყველაფერი გამოჩნდა სცენაზე. მინდა, წარმატებები ვუსურვოთ ანსამბლს. რა თქმა უნდა, მათ აუცილებლად ექნებათ წარმატებები, თუ ასე გააგრძელებენ.

ომარ მხეიძე _ საქართველოს სახალხო არტისტი:
_ ძალიან გახარებული ვარ! მთელი ჩემი ცხოვრება ხალხურ შემოქმედებაში ვტრიალებ და თამამად შემიძლია გითხრათ, _ ეს იყო უაღრესად აკადემიური კონცერტი და შინაარსობრივად დატვირთული, რაც სასიამოვნო საყურებელია. აღფრთოვენებული ვარ და ვულოცავ ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლს. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ქუთაისი უდიდესი ტრადიციების მატარებელი ქალაქია. საქართველოსაც ვულოცავ ასეთი ბრწყინვალე ანსამბლის არსებობას და შემართებას. ქუთაისი ხელოვნების აკვანია, მით უმეტეს, საცეკვავო ხელოვნებაში: ტეხვითი მოძრაობები, შენ გენაცვალე, შენი ჭირიმე და ა. შ. ეს ყველაფერი ქუთაისიდნ მოდის. დათიკო უშვერიძე, რომელიც სცენაზე ბრდღვნიდა ყველაფერს და სასწაული იყო, ასევე იაშა ზედაშიძე, ძალიან ბევრი კარგი მოცეკვავე გვახსოვს ქუთაისიდან და იმათი შთამომავლები ვართ ჩვენც! ქუთაისი ყოველთვის იყო მაღალ სიმაღლეზე და არც გამკვირვებია. ველოდებოდი ასეთ კონცერტს და ასეც უნდა ყოფილიყო!

სულიკო იოსელიანი _ წყალტუბოს საპატიო მოქალაქე, რესპუბლიკისა და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი:
_ ქუთაისმა თავისი შესანიშნავი სახე აჩვენა, ბრწყინვალედ მუშაობდა ყველა მოცეკვავე, განსაკუთრებულად ახალი იმერული ცეკვა მომეწონა თავისი კოლორიტული სახეებითა და მოძრაობებით. მეამაყება, რომ იმერელი ვარ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ანსამბლის ხელმძღვანელებს ასეთი შესანიშნავი კონცერტისთვის. ყველა მოცეკვავე განსაკუთრებულია, რაც დღეს ვიხილეთ გრიბოედოვის თეატრის სცენაზე. მინდა, ეს წარმატებული კონცერტი მივულოცო შოთიკოს, შესანიშნავი ქორეოგრაფია. ამხელა მასა როგორ მუშაობდა სცენაზე? ეს იყო პროფესიონალიზმის ზეიმი!

„ქრონიკა+“ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახლმწიფო ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფ შოთა ჯიშკარიანს გაესაუბრა:
_ შოთიკო, გილოცავ წარმატებულ კონცერტს! ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინეთ, თავად როგორ შეაფასებ დღევანდელ კონცერტს?
_ მაყურებელმა უნდა შეაფასოს დღევანდელი დღე. მე ერთი რამე ვიცი და გულწრფელად ვიტყვი, რომ მოცეკვავე გოგონებმა, ბიჭებმა, მუსიკოსებმა, მომღერლებმა მთელი გული და სული ჩადეს და ბოლომდე დაიხარჯნენ დედაქალაქელი მაყურებლის წინაშე.
_ რამდენიმე ახალი ცეკვა ვიხილეთ, ეს ყველაფერი მაყურებლისთვის სასიამოვნო იყო…
_ რაც შეეხება ახალ ცეკვებს, ახლის შეთავაზება ზედმეტი არასდროს არის მაყურებლისთვის და ვფიქრობ, ჩვენმა სიახლემ გაახალისა დღევანდელი დღე. მაყურებლის დადებითი შეფასება და მიდგომა ახალი ცეკვების მიმართ სტიმულს მოგვცემს, რომ კიდევ გავაგრძელოთ სიახლეებზე მუშაობა.
_ შოთა, ანსამბლს არც ისე დიდი ისტორია აქვს, ის 2010 წელს შეიქმნა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მოკლე დროში დაიკავა ღირსეული ადგილი… ვიცი, რომ არაერთი წარმატებული გასტროლი გქონდათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
_ გასტროლი დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ქვეყანაში. პირდაპირ გეტყვით: დღეს ძალიან რთულია ქვეყნებში მოგზაურობა, ყველამ კარგად იცის, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. მე არ ვსაუბრობ „სუხიშვილების ანსამბლზე“, უდავოდ პირველები არიან, საუკეთესოები! მათ საგასტროლო რეჟიმს ჩვენ ვერ შევედრებით, არ ვართ გათამამებულები, თუმცა ვცდილობთ, რომ ჩვენი ნიჭიც ვაჩვენოთ მსოფლიოს და ძალიან კარგი სტარტი გვაქვს _ წინ მივიწევთ, ვვითარდებით და, გარკვეულწილად, შედეგებსაც ვიმკით. ზუსტად ვიცი, რომ ქუთაისის სახელმწიფო ანსაბლს ისეთი წუთები ექნება, რომელიც აუცილებელია მოცეკვავეებისთვის და მომღერლებისთვის, ჩვენ ამისთვის ვცოცხლობთ და ვმუშაობთ.
_ რამდენად აქვს მხარდაჭერა ანსამბლს ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლებისგან?
_ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ქუთაისიდან, მთელი გულით და სულით მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რადგან მხარი დაგვიჭირეს, რომ ეს კონცერტი გაგვეკეთებინა დედაქალაქში. წინა დღეს გამოგვიშვეს, სასტუმროში დაგვაბინავეს და ყველანაირი პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ დღეს თბილისელ მაყურებელს წარმოდგენა ენახა.

ქრონიკა+ ანსამბლის დირექტორის მოადგილე რუსუდან მილორავას გაესაუბრა:
_ ქალბატონო რუსუდან მოგვიყევით ანსამბლის შექმნის ისტორია, საიდან გაჩნდა იდეა?
_ წლების წინათ ქალბატონ ზეინაბ ბურჯანაძეს დავალება მიეცა, შეექმნა ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსაბლი. მანამდეც არსებობდა, მაგრამ წყვეტა იყო და ამიტომ ფოლკლორის ცენტრში, რომელიც ადრე საბავშვო შემოქმედებით იყო დაკავებული, გადაწყვეტილება მიიღეს, სახელმწიფო ანსაბმლი შექმნილიყო. კასტინგით მოვიზიდეთ ახალგაზრდა მომღერლები, მოცეკვავეები. ზეინაბ ბურჯანაძემ (ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, _ ავტ.) ძალიან ბევრი ჭვიანი და უნიჭიერესი ადამიანი შემოიკრიბა: მთავარი ქორეოგრაფი შოთა ჯიშკარიანი, ქორეოგრაფი ია ესვანჯია და ლოტბარი ქეთევან ბანცაძე. მეცხრე წელია ვარსებობთ და ჩვენ უკვე დავიმკვიდრეთ ჩვენი ადგილი საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც.
_ დღეს რა გამოწვევების წინაშე ხართ და სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
_ სამომავლო გეგმა ასეთია: არ ვჩერდებით! გვაქვს ახალი იდეები და დღეს ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ ახალი ცეკვები. მომავალშიც ასე ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მაყურებელს შევთავაზეთ ახალი ფარიკაობა, ახალი იმერული სახალისო ცეკვა, ახალი ნანინასი, საჭიდაო… ეს ყველაფერი იყო ახალი თემები და როგორც დავინახეთ, მაყურებელმა დადებითად მიიღო. ჩვენ ყველა ვცდილობთ, რომ არ გავჩერდეთ და წინ წავიდეთ. ანსამბლი ცოცხალი ორგანიზმია, ერთ ადგილას გაჩერება არ შეიძლება, ჩვენ უკეთესი და უკეთესი გვინდა, რომ ვიყოთ.

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 2010 წელს დაარსდა, მის შემოქმედებას კარგად იცნობენ საქართველოში. ანსამბლი გასტროლებით იმყოფებოდა თურქეთში იტალიაში, უნგრეთში, უკრაინაში, ლიეტუვასა და შვეიცარიაში. მომავალში იგეგმება გასვლა შევიცარიაში, კანადასა და დუბაიში. ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია შოთა ჯიშკარიანი, ქორეოგრაფი ია ესვანჯია, ხოლო ლოტბარი _ ქეთევან ბანცაძე.

ლევან ქემოკლიძე