ლაშა ხუსკივაძე: „ახალგაზრდების პროტესტი ივანიშვილის შუშის კოლბას ზვავივით გადაუვლის“

რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „ქრონიკა+“ „თავისუფალი ზონის“ წევრ ლაშა ხუსკივაძეს ესაუბრა, რომელმაც ხმაურიანი განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის ქვეყნებში თავის კოლეგებთან შეხვედრებზე მათ არასწორ ინფორმაციას აწვდის და აგულიანებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ქართველებს დასაქმების საშუალება არ მიეცეთ:

_ლაშა, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მარცხი? ერთ-ერთი მიზეზი იყო თუ არა ის, რომ ოპოზიციამ შესაძლებლობები სათანადოდ არ გამოიყენა?
_ ოპოზიცია შუალედური არჩევნებისთვის საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ზესტაფონშიც, მარნეულშიც და იმ ოლქებში, სადაც შუალედური არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ აფერისტთან, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. მან თავისი ჩვეული მაქინაციებით, მათ შორის, ამომრჩევლის დაშინებით, მოსყიდვითა და ხალხის გატაცებით მოახერხა არჩევნების „მოგება“. ჩვენ ვნახეთ ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი, როდესაც ზუგდიდში პირადად ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი ცენტრალური შტაბიდან მიღებულ დავალებას თანაგუნდელებს აცნობდა. სწორედ ამიტომ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდში არჩევნები წააგო. ჩემი აზრით, გაერთიანებულ ოპოზიციას ზუგდიდში არჩევნები წაართვეს, მოპარეს. ამის ნათელი მაგალითი იყო ის ფაქტები, რომელსაც არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ ოპოზიცია არჩევნებამდეც ამჟღავნებდა. ზუგდიდში, სოფელ კახათში, დაახლოებით 300 ადამიანს წაართვეს პირადობის მოწმობა. ჩვენ ვნახეთ, როგორ მანიპულირებდნენ ადამიანებზე. ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა: სოფელ კახათის მცხოვრები მძიმე სენით იყო დაავადებული, „ქართული ოცნების“ შტაბიდან მის ოჯახს დაჰპირდნენ, რომ თუ სოფელ კახათში „ქართული ოცნების“ კოორდინატორს კონკრეტული ადამიანები მისცემდნენ პირადობის მოწმობას, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაუფინანსებდნენ ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომელიც ამ ადამიანის სამკურნალოდ აუცილებელი იყო. ასეთი მიუღებელი და წარმოუდგენლად ბინძური მეთოდებით მოიგო არჩევნები ზუგდიდში „ქართულმა ოცნებამ“, არა მხოლოდ ზუგდიდში იყენებდნენ ამ მეთოდებს, არამედ სხვა ქალაქებშიც. ჩვენ ვნახეთ, რა ხდებოდა არჩევნების დღეს მარნეულში, ზესტაფონში, წინასწარ ჰქონდათ „ოცნების“ კოორდინატორებისთვის გადაცემული სიები. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მმართველი გუნდის სასარგებლოდ იმუშავა, მაგრამ სამომავლო პერსპექტივაში საქართველოსთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება.
_ თუ ვამბობთ, რომ არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა, მაშინ რატომ არ მოყვა ამას საპროტესტო მუხტი? მით უმეტეს, ჩვენ გვახსოვს ნიკა მელიას განცხადება, რომლითაც გამოჩნდა, რომ თავად ოპოზიციის შიგნით იყო აზრთა სხვადასხვაობა პროტესტთან დაკავშირებით.
_ რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა არის, თუმცა ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიაში დაპირისპირებაა. პარტია გაერთიანებულია ერთი მთავარი მიზნისთვის და ეს მიზანი ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაა. მოგეხსენებათ, რომ ამ პარტიის ირგვლივ გაერთიანებულია 10-ზე მეტი სუბიექტი და ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობაა გარკვეულ ადამიანებს შორის. ხოლო თუ რატომ არ მოყვა საპროტესტო მუხტი არჩევნების შედეგებს, ამაზე ძალიან მარტივად გიპასუხებთ: ყველაფერს თავისი დრო აქვს! ქვეყანაში გაბრაზებული ადამიანების მთელი არმია გროვდება, დედაქალაქში თუ სხვა რეგიონებში ისინი აუცილებლად იტყვიან თავიანთ სათქმელს და მათი სიტყვა ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვად დაუჯდება.
_ არსებობს მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა ხელს უშლის ოპოზიციას იმ კუთხით, რომ მიშას ფაქტორს „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებს და პოლიტიკურ ქულებს იწერს, რის გამოც ოპოზიცია ზარალდება, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს მიშას ფაქტორი?
_ შესაძლოა, მსგავსი მოსაზრება იმ შემთხვევაში გამჩენოდა, რომ არ ვყოფილიყავი საქართველოს უამრავ ქალაქსა თუ სოფელში და არ მენახა ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ. რამდენადაც მე ეს ადამიანები ვნახე და საუბარი მაქვს ათობით ათასზე, რომლებსაც გულწრფელად რომ გითხრათ, ერთადერთ იმედად მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ესახებათ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურად იყო ჩართული და მიუხედავად „ქართული ოცნების“ ბინძური მეთოდებისა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა მილიონზე მეტი ხმა აიღო და დღეს გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი უნდა იყოს, რომ არა გამყალბებელი და ივანიშვილის ბრძანებების შემსრულებელი თამარ ჟვანია. მიხეილ სააკაშვილი ნეგატიურ როლს რომ თამაშობდეს, დამერწმუნეთ, 3-მილიონიან ქვეყანაში, რომელსაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, მილიონ ხმაზე მეტს ვერ მივიღებდით.
_ თქვენ არაერთხელ ახსენეთ ივანიშვილის ბინძური მეთოდები, 2020 წელს რას დაუპირისპირებს ოპოზიცია ივანიშვილის უკვე კარგად ნაცნობ სტრატეგიებს?
_ „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ჯერ 2020 წლამდე მიაღწიოს და ამაზე შემდეგ ვისაუბროთ. მაინც გეტყვით, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ძალიან ბევრი მექანიზმი შეიმუშავა, ეს მექანიზმები იხვეწება. აღსანიშნავია, რომ სრულიად ახალ თანამედროვე ტექნოლოგიებზეა მორგეული არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ კონტროლი.
_ უშუალოდ ახალგაზრდულ პრობლემებს რომ შევეხოთ, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გარბის. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მთავარი მიზეზი?
_ ძალიან მიხარია, რომ ამ აქტუალურ თემაზე გვიწევს საუბარი. ქვეყანაში სრული უპერსპექტივობაა და შესაბამისად, ახალგაზრდები უკეთესი ცხოვრების გზებს ეძებენ, მიდიან სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა არც იქ ხვდებათ ია-ვარდით მოფენილი გზები. მე გამახსენდა თქვენი კითხვის დასმის პარალელურად, საფრანგეთში ქალაქ მონპელიეში, ასევე ბარსელონაში თუ რა პირობებში ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი ქვეყნის სრული უპასუხისმგებლობა. ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიან ამ ქალაქებში და იმ ქვეყნის ხელისუფლებას თუ ადგილობრივი ქალაქის ხელმძღვანელობას აგულიანებენ, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაადეპორტონ.
_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?
_ რამდენიმე ემიგრანტმა ინფორმაცია მომაწოდა, რომ როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპის ქვეყნებში თავის კოლეგებთან შეხვედრებზე იყო ჩასული, მათთან ვიზიტისას კონკრეტულად დასვა საკითხი, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების ძალიან მაღალი დონეა, ემიგრანტებს არ უჭირთ საქართველოში ცხოვრება, საკმარისი შემოსავალი აქვთ და ამიტომ მათ არ უნდა მიეცეთ ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების საშუალება. სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი დეპორტირებული ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა მიიღო საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში. ეს პრობლემაა საზღვარგარეთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რატომ გარბიან საქართველოდან ახალგაზრდები, ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს, _ ქვეყანაში სრული უპერსპექტივობა სუფევს, ჩვენი ქვეყანა ბანკროტია. ახალგაზრდებს განცდა აქვთ, რომ არც ერთი ინსტიტუცია არ ზრუნავს მათზე. არ აქვთ დასაქმების არანაირი პირობა და გარანტია, არ აქვთ საზაფხულო ბანაკებში დასვენების შესაძლებლობა. ზოგადად, ახალგაზრდებს რაც სჭირდებათ, მსგავსი არაფერი არსებობს.
_ გასაგებია, რომ ხელისუფლება ახალგაზრდებს ყურადღებას არ აქცევს, თუმცა ამ შემთხვევაში თავისი წილი პასუხისმგებლობა ახალგაზრდებსაც ხომ ეკისრებათ? ისინი რატომ არ გამოხატავენ პროტესტს?
_ სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც შექმნილ მდგომარეობას უნდა აპროტესტებდნენ, პროტესტს საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებენ. მე ძალიან მომწონს კამპანია „ერთად სახლში“, რომლის ახალგაზრდულმა ფრთამაც აქციები გამართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ამ აქციების მთავარი პათოსი იყო: „დარჩი სახლში, არ წახვიდე“. მსგავს აქციებს აუცილებლად უნდა შეურთდეს ძალიან ბევრი ადამიანი, რათა ხელისუფლებამ გამოიღვიძოს და დაინახოს ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც ყურადღება სჭირდებათ. რაც შეეხება პროტესტის არგამოხატვის მიზეზს, იმდენად დიდი დოზით სუფევს უიმედობის განცდა, რომ ახალგაზრდებიც ფიქრობენ, აზრი არ აქვს. თუმცა ახალგაზრდებში უკვე გროვდება საპროტესტო მუხტი, რომელიც ზვავივით გადაუვლის ბიძინა ივანიშვილის შუშის კოლბას სოლოლაკში.
_ რამდენად მნიშვნელოვანია ახალი სახეების გამოჩენა პოლიტიკაში და ახალგაზრდების ჩართულობა ამ კუთხით?
_ ვფიქრობ, რომ ახალი სახეების გამოჩენა და, ზოგადად, ახალგაზრდების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი დაწყებულია. ამ პროცესს ნამდვილად ვერავინ შეაჩერებს, რადგან ის ბუნებრივია. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ე. წ ახალ სახეებს, თქვენ გახსოვთ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ აღმასრულებელი მდივნის პოსტზე წარადგინა „ახალი სახე“ ირაკლი კობახიძე, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა. ჩვენ ვნახეთ, რა შედეგიც გამოიღო ამ გადაწყვეტილებამ. ირაკლი კობახიძე არის ერთი ჩვეულებრივი გაზულუქებული ჩინოვნიკი, რომელიც ემსახურება არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს. ირაკლი კობახიძე არ ემსახურება საქართველოსთვის სასარგებლო კანონშემოქმედებას, ის მუდმივად ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ მოარგოს ესა თუ ის კანონპროექტი. ამიტომ „ქართულ ოცნებაში“ სანამ არ იარსებებს ნება (100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნება არც არასდროს იქნება) იმისა, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, მანამდე არათუ ახალი სახეები, არამედ თვით ტომას ჯეფერსონი რომ გააცოცხლონ და ჩამოიყვანონ, მაინც არაფერი ეშველებათ. „ქართული ოცნება“ უკვე პოლიტიკური სუიციდის პროცესშია.

ნენე ინჯგია