მერაბ ბლადაძე: „ტყუილების გამო აჭარაში ხალხს „ოცნების“ გაგონებაც არ უნდა!“

გასულ კვირას აჭარა სკანდალში ორჯერ გაეხვია _ ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისა და სხვა ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების კორუფციის ბრალდებით დაჭერამდე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა თანამდებობა განათლების მინისტრს დაატოვებინა. ამის მიზეზი კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჩატარებული ფესტივალი „ოქროს დელფინი“ გახდა, რომლის ფარგლებშიც ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მოწყობილ საზეიმო მსვლელობაში, რუსული დროშები და წარწერა _ „Russia“ გამოჩნდა. მართალია, ფესტივალის ორგანიზატორი, აჭარის განათლების სამინისტროსთან ერთად, ბათუმის მერიაც იყო, მაგრამ მარტო ინგა შამილაშვილი დაისაჯა _ მთავრობის თავმჯდომარემ მას განათლების მინისტრის პოსტი დაატოვებინა. რაც შეეხება მერიას, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი მერაბ ბლადაძე გვეუბნება, მერიის საიტიდან გაქრა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ოქროს დელფინის“ ორგანიზატორი ბათუმის მერიაც იყო.

ზოგადად, ბლადაძე „ქრონიკა+“-თან ავტონომიურ რესპუბლიკაში ფესვგამდგარ კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ უწყებები „უამრავ საციხო საქმეს აკეთებენ“. სხვათა შორის, მერაბ ბლადაძესთან ინტერვიუ ერმაკოვისა და სხვა ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების დაჭერამდე ჩავწერეთ, შესაბამისად, ამის თობაზე ჩვენს რესპონდენტთან არ გვისაუბრია, თუმცა ეს მოცემულობას არ ცვლის _ აჭარაში, როგორც დანარჩენ საქართველოში, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონია და ეს მაშინ, როცა ჩინოვნიკები მდიდრდებიან და ბედნიერად ცხოვრობენ!

_ ბატონო მერაბ, თქვენი ინფორმაციით, 26 მაისს ბათუმში რუსული დროშების ფრიალზე ნებართვა ვინ გასცა და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების აწ უკვე ყოფილ მინისტრს რატომ დაეკისრა?
_ ჩვენს ხელისუფლებას ან ძალიან ცუდად ესმის, ან 2008 წლის ის სიმწარე დაავიწყდა, რომელიც ქართველმა ხალხმა რუსეთის მხრიდან განიცადა! ჩემთვის გაურკვეველია, თუ ვის მოუვიდა აზრად, რომ 26 მაისს _ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის ოფიციალური დელეგაცია თუ საკონცერტო ანსამბლი მოეწვია!
_ აღნიშნული ღონისძიება ქალაქის ცენტრში ჩატარდა. შესაბამისად, უმაღლესი საბჭო საქმის კურსში არ უნდა ყოფილიყო?
_ არა, ეს თემა უმაღლეს საბჭოსთან შესათანხმებელი არ არის იმიტომ, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორები ბათუმის მერია და აჭარის განათლების სამინისტრო იყვნენ. მოკლედ, ამ ძალიან ცუდი ფაქტისთვის განათლების მინისტრი დაისაჯა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაჟღერდა, რომ განათლების მინისტრი გადააყენეს, მერიის საიტიდან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი მერიაც იყო, გაქრა.
_ ანუ სხვა დამნაშავეებს ხელი დააფარეს და მარტო განათლების აწ უკვე ყოფილ მინისტრზე გადატეხეს ჯოხი?
_ დიახ, თუმცა აქ ერთი ფაქტორიცაა.
_ კერძოდ?
_ მინისტრის მოხსნა რიჟვაძის პრეროგატივაა. მერს კი ვერ მოხსნის, თუმცა მომხდარის გამო ბათუმის მერის დისციპლინური საკითხი უნდა დადგეს და უმაღლესი საბჭოს ტრიბუნიდან ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ!
_ ე. ი. თქვენ, როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ბათუმის მერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მოითხოვთ?
_ დიახ, მით უმეტეს, რომ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, „ქართული ოცნების“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა!
_ ბათუმის მერი გასაგებია, მაგრამ მგონია, რომ პასუხისმგებლობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რიჟვაძემაც უნდა გაინაწილოს.
_ ახლა, მომისმინეთ.
_ დიახ, გისმენთ.
_ რიჟვაძე ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურია და თუ ყველა უწყების შეცდომაზე მთავრობის თავმჯდომარეს გადავაყენებთ, მაშინ ყოველ თვე ახალი თავმჯდომარის არჩევა მოგვიწევს. კი ბატონო, მთავრობის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობაცაა, როცა მის, ასე ვთქვათ, სამწყსოში ასეთი რაღაც ხდება _ ეს დიდი დარღვევაა, მაგრამ ამის გამო ვერ გადავაყენებთ.
_ ბატონო მერაბ, დარღვევა რბილად ნათქვამია, რადგან, ჯერ ერთი, რუსეთი ოკუპანტია. მეორეც, ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციის კანონი მოქმედებს და რუსული პროპაგანდა დასჯადია!
_ იურისტი არ ვარ და ჯობია, ეს შეკითხვა იურისტებს დაუსვათ, მაგრამ რახან ეს კანონი არსებობს, მაშინ რუსი ტურისტებიც ხომ არ უნდა შემოვუშვათ?
_ კანონი ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდას კრძალავს და არა _ ტურისტების საქართველოში შემოსვლას.
_ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაყენება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია! წეღანდელი თქმისა არ იყოს, თუ ყველა უწყების შეცდომასა და დანაშაულზე მთავრობის თავმჯდომარე გადავაყენეთ, მაშინ ახალი თავმჯდომარის არჩევა ძალიან ხშირად მოგვიწევს, რადგან აქ უამრავი დანაშაული ხდება და ზოგიერთი უწყება საციხო საქმეს აკეთებდა და აკეთებს!
ერთსაც გეტყვით: ამ ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის მთავრობა რომ ყოფილიყო, მაშინ რაზეა საუბარი, რიჟვაძის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებდით!
_ ბატონო მერაბ, წეღან თქვით, აჭარაში უამრავი უწყება საციხო საქმეებს აკეთებსო. კონკრეტულად, რომელ უწყებასა და რომელ საქმეს გულისხმობდით?
_ აჭარის სოფლის მეურნეობის ახლანდელ მინისტრთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ სოფლის მეურნეობის წინა მინისტრების, მაგალითად, ავთანდილ მესხიძის საქმიანობა გამოსაძიებელია. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში აუდიტი უნდა შევიდეს და მაშინდელი საქმეები შეისწავლოს!
_ რატომ?
_ მაშინ უამრავი კორუფციული სქემა მუშავდებოდა და ბიუჯეტი უმიზნოდ იხარჯებოდა. ქვეყანაში, სადაც ხალხი შიმშილობს, ბიუჯეტის უმიზნო ხარჯვა დანაშაულია! იმედია, ჩვენი ჩინოვნიკები ბიუჯეტის ყაირათიან ხარჯვას ოდესმე ისწავლიან. ამასთან, ყველა გამფლანგველი უნდა დაისაჯოს და ციხეში ჩაჯდეს!
_ სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, როცა ინტერვიუ პირველად ჩავწერეთ, მახსოვს, თქვით, რომ უმაღლეს საბჭოში საგამოძიებო კომისიის შექმნასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის შესწავლას მოითხოვდით. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეთ?
_ დიახ, ეს საკითხი სესიაზეც დავაყენე და აგროკომიტეტშიც, რომლის წევრიც ვარ, მაგრამ უმცირესობაში აღმოვჩნდი. ხომ იცით, რომ ძალა აღმართს ხნავს!
_ საგამოძებო კომისიის შექმნას არც აჭარის უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაუჭირეს მხარი?
_ კი, „ნაციონალებმა“ მხარი დამიჭირეს, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებებს უმრავლესობა იღებს, ჩვენ კი უმცირესობა ვართ.
_ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებულ კორუფციულ სქემებზე თუ კონკრეტული მაგალითები გაქვთ და ვარაუდებით არ საუბრობთ, საგამოძიებო უწყებებს რატომ არ მიმართავთ?
_ მაგის შესაძლებლობა არ მაქვს, რომ გამოძება ჩავატარო, მაგრამ კორუფციის კონკრეტული ფაქტები არსებობს. მაგალითად, ნერგების დარიგების პროგრამა იყო, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობისთვის თხილის, კაკლისა და სხვა ხეხილის გამოყვანილი და ჯიშიანი ნერგები უნდა მიეცათ, მაგრამ, სინამდვილეში, ხალხს ველური ჯიშის ნერგები დაურიგეს, ანუ როგორც ინფორმატორები მეუბნებიან, ეს ნერგები სანერგე მეურნეობებში კი არ გამოიყვანეს, არამედ კერძო პირებისგან შეიძინეს. თითო ნერგში ერთი-ორი ლარი გადაიხადეს, სახელმწიფო შესყიდვაში კი 5-6 ლარი აჩვენეს.
_ ანუ ფული გაათეთრეს. ჰოდა, სწორედ ამას გეკითხებით: ყველაფერ ამის შესახებ საგამოძიებო უწყებებს რატომ არ აცნობეთ?
_ საგამოძიებო უწყებას ფაქტებით უნდა მიმართო. დამამტკიცებელი მასალები არ მაქვს, თორემ ასე ნებისმიერი ოპოზიციონერი ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციაა. ისე, დასაბუთებული ფაქტები რომც იყოს, ქვეყანაში გამოძიების პოლიტიკური ნება არ არსებობს, ანუ მაკონტროლებელი და საგამოძიებო ორგანოები პასუხს მარტო დაბალი რანგის ჩინოვნიკებს სთხოვენ! აბა, ბოლო წლების განმავლობაში გსმენიათ, რომ ერთი მაღალჩინოსანი მაინც დაეჭიროთ? არადა, ყველამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში კორუფციაა! სოფლის გამგებელს, მერის მოადგილეს ან საკრებულოს წევრს იჭერენ და მორჩა, ამის ზემოთ აღარ მიდიან!
_ ბატონო მერაბ, კორუფციის გარდა აჭარაში კიდევ რა პრობლემებია? ადგილობრივი სამართალდამცველები და სხვა ჩინოვნიკები ადამიანის უფლებებს კიდევ არღვევენ?
_ ჯერ ურბანული თემა ავიღოთ: აი, მაგალითად, წყალგაყვანილობის ე. წ. არხებს თითქმის ყოველ წელს ერთსა და იმავე ადგილზე აკეთებენ. ესეც კორუფციაა და მაკონტროლებელიც არავინაა _ ყველაფერი უხარისხოდ კეთდება.
_ საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ ურბანულ პროექტებში ადგილობრივი ჩინოვნიკები „შავ ფულს“ აკეთებენ?
_ საქმე რომ უხარისხოდ კეთდება, ვინმე მაკონტროლებელი ხომ უნდა იყოს?
სხვათა შორის, კარგი ამბები არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს აჭარის ფილიალში ხდება.
_ ამას რის ნიადაგზე ამბობთ, ბატონო მერაბ?
_ ყველაფერი უხარისხოდ კეთდება, მაგრამ სამხარაულის ექსპერტები მაინც იბარებენ. სახლები ისე შენდება, რომ ეზოები უკვე ჭიანჭველის ბუდეებს ჰგავს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო დროს 200 თუ 300 K2-ია ხელმოწერილი. 9-სართულიან კორპუსს რომ ააშენებენ და ნახავენ, ხარჯები გაეზარდათ, მივლენ მერთან, გადაიხდიან, მაგალითად, 200 ათასს, ანუ ადგილს გააჩნია და სამ სართულს დაამატებენ.
სხვათა შორის, მთავრობის წინა თავმჯდომარე, პატარაძე, პირწავარდნილი კორუმპირებული იყო _ მისი სიმამრის გარეშე ბათუმში „ბუტკაც“ არ იხსნებოდა! მაშინაც ვამბობდი, _ ის ბათუმი შევარცხვინე, პატარაძის სიმამრს, თემურ ბაკურიძეს, წილში რომ ჩაისვამს-მეთქი!
_ პატარაძის თავმჯდომარეობის დროს ტრიბუნა არ გქონდათ, დღეს კი გაქვთ _ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხართ, მაგრამ ამ თემებზე საჯაროდ არ ლაპარაკობთ. რატომ?
_ როგორ არ ვლაპარაკობ? _ თითქმის ყველა სატელევიზიო გამოსვლაში ვამბობ, რომ პატარაძე, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს, დააწინაურეს და აზერბაიჯანში ელჩად დანიშნეს! ეგ რისი გამკეთებელია? დარწმუნებული ვარ, მაგი დავითგარეჯასაც გაყიდის!
_ სატელევიზიო გამოსვლები ერთია, მაგრამ ყველაფერ იმაზე, რასაც ახლა ამბობთ, უმაღლეს საბჭოში რომ ილაპარაკოთ, მერწმუნეთ, უკეთესი ეფექტი ექნება!
_ როგორც ჩანს, ჩემს გამოსვლებს არ უყურებთ! ზოგადად, თბილისელები აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თვალს არ ადევნებთ, თორემ რას ჰქვია, არ ვლაპარაკობ? სესია არ ჩატარებულა, კრიტიკული გამოსვლა რომ არ მქონოდა! ყველაფერს ვამბობ, რაც კი სათქმელია! პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ და უმაღლეს საბჭოში გამოსვლისას მხოლოდ ერთადერთ რამეს ვითხოვ _ ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდეს და კორუმპირებულები დავსაჯოთ, რათა ყველამ დაინახოს, რომ კორუფცია დასჯადია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობ ხოლმე, ივანიშვილისადმი შეთქმულება ხომ არ არის და ამ აშკარა კორუფციას რატომ არ ავლენენ-მეთქი?!
_ ბატონო მერაბ, ამ თემებზე საუბარი რიჟვაძესთან თუ გქონიათ?
_ დიახ, მქონია _ ერთმანეთს სხვადასხვა ფორუმზე ვხვდებით ხოლმე. ზოგადად, ბათუმი ძალიან პატარა ქალაქია და არაფერი იმალება, ანუ ამ ახალგაზრდაზე ჯერ არავის უთქვამს, ფულს აკეთებსო და არც ის ხმა გამოსულა, უკანონო მშენებლობა დაუშვაო. ვიცი, რომ რიჟვაძე ინვესტიციების მოზიდვასა და ბათუმის გალამაზებაზეა მოტივირებული. ავიღოთ, თუნდაც, ე. წ. ოცნების ქალაქი _ ხუთი წლის განმავლობაში მე და თამაზ ბაკურიძეს ამაზე მეტი სალაპარაკო არ გვქონდა. როგორც კი ეს ახალგაზრდა მოვიდა, თქვა, _ რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განხორციელდება, კორპუსები აშენდება და ეს ადამიანები ბინებს მიიღებენო. სხვათა შორის, ოცნების ქალაქში მცხოვრებთა პრობლემის მოგვარება აქამდეც შეიძლებოდა და ამას სულ 100 ათასი ლარი დასჭირდებოდა, ანუ ეს ხალხი თავის დროზე ითხოვდა, საცხოვრებელი პირობები შეგვიქმენით და თუნდაც სამცხე-ჯავახეთში ან წალკაში წავალთო, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ ყურადღება არ მიაქცია. ახლა კი ამ პრობლემის მოგვარება მილიონები ჯდება, რადგან ბავშვები გაიზარდნენ, ანუ ახალი თაობა არც ახალქალაქში წავა და არც _ წალკაში!
ერთი სიტყვით, ხელისუფლებას არც ტემპი აქვს და არც _ ინიციატივა. „ოცნებას“ ინიციატივის ეშინია! რიჟვაძეში კი სწორედ ეს ინიციატივა დავინახე და ღმერთმა ხელი მოუმართოს. სხვათა შორის, იმდენი მოახერხა, რომ ქობულეთში ჭაობში 500 მილიონის ინვესტიცია იდება და ეს ქობულეთისთვის პატარა თანხა არ არის!
_ რაც ქვეყნისთვის კარგი გაკეთდება, მისასალმებელია, მაგრამ მეჩვენება, რომ რიჟვაძის მიმართ არაოპოზიციურად ხართ განწყობილი და ამას რით ახსნით?
_ დიახ, კონსტრუქციულად ვარ განწყობილი. წარმოიდგინეთ, ხუთი წელი ხელისუფლებას ვთხოვდი, ხალხი უკიდურეს პირობებშია _ თურქეთში მონებად არის წასული და „ოცნების ქალაქს“ ყურადღება მიაქციე-მეთქი, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებდა. რიჟვაძემ კი, მოვიდა თუ არა, თქვა, ამ ადამიანებს ბინებს ავუშენებო და ამას არაობიექტურად როგორ შევხედო?
_ ისე, ბატონო მერაბ, აჭარაში „ოცნებას“ ისევ ჭარბი ნდობა აქვს თუ როგორაა საქმე?
_ ჭარბი ნდობა კი არა, ტყუილებისა და შეუსრულებელი დაპირებების გამო აჭარაში „ოცნების“ გაგონებაც არ უნდათ!
_ ამის მიუხედავად, ხულოში მერის შუალედური არჩევნები მაინც „ოცნების“ კანდიდატმა მოიგო. ამას რით ხსნით?
_ მთავრობის თავმჯდომარე ხულოელია და შუალედურ არჩევნებში უფრო კერძო სიმპათიებმა იმუშავა. ზოგადად, ხულო და მთიანი აჭარა ყოველთვის მთავრობას აძლევს ხმას ხოლმე და ბევრი არც უნდა მოვთხოვოთ.
_ რას ჰქვია, ბევრი არ უნდა მოვთხოვოთ? ე. ი., ხალხს აშინებენ და მთიანი აჭარა ხელისუფლების მხარდამჭერიც ამიტომ არის, არა?
_ შიში კი არა, არჩევნები ბიზნესია! ხალხს ფული არ აქვს, შიმშილობს და რომ მიხვალ და ფულს დაურიგებ, ხმას შენ მოგცემს, აბა, რა იქნება!
_ ეს პოლიტიკური კორუფცია და ამომრჩევლის მოსყიდვაა, რაც დასჯადია, ბატონო მერაბ!
_ ისე მელაპარაკებით, გეგონება, მთვარიდან იყოთ ჩამოსული! არჩევნებზე მილიონები იხარჯება და ამის გამო ქვეყანაში ინფლაცია ხდება. მერე ექსპერტები გამოდიან და რაღაც ზღაპრებს გვიყვებიან, ლარი თურქეთისა და რუსეთის გამო გაუფასურდაო. ქვეყანაში ფულის მეტობაა! დააკვირდით, ყველა არჩევნების შემდეგ ინფლაცია იწყება.
_ გეთანხმებით, მაგრამ ამაზე პასუხს მე ნუ მომთხოვთ _ ამომრჩევლის მოსყიდვასა და კორუფციას, უპირველესად, თქვენ, პოლიტკოსები უნდა ებრძოლოთ!
_ ამაზე მეტს რას ვლაპარაკობთ? სხვათა შორის, „პატრიოტთა ალიანსმა“ წამოვაყენეთ წინადადება, რომ არჩევნებზე მისვლა საქართველოშიც ისეთი სავალდებულო გახდეს, როგორც ევროპის უმეტეს ქვეყანაშია. როცა ადამიანს ეცოდინება, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, დააჯარიმებენ, ხმის მისაცემად აუცილებლად წავა! თუ არჩევნებში არმონაწილეობა დასჯადი გახდება, მაშინ ამომრჩეველსაც ვეღარავინ მოისყიდის! ჩვენთნ არჩევნებზე ამომრჩევლის მეოთხედი მიდის და არჩევნებს ასე იგებენ.
_ სამწუხაროდ, ასეა… წეღან გკითხეთ და არ მიპასუხეთ: აჭარაში ძალოვნები ხალხზე ისევ ძალადობენ?
_ მთელი სისტემაა შესაცვლელი, რადგან ძალადობა იქნება თუ არა, პიროვნებებზეა დამოკიდებული. ადრე ამირანაშვილი იყო, რომლის დროსაც ხალხს აწამებდნენ. მაშინ ქობულეთში, დაახლოებით, ხუთი დღე ვიშიმშილე, რადგან პოლიციაში მყოფი ახალაიას გადმონაშთები ხალხს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ახლა ეს ადამიანი გუბერნატორად ჰყავთ. შს მინისტრი მღებრიშვილი რომ იყო, აჭარაში ფულს პარკინგებში აკეთებდა. მოკლედ, მაშინ ხმა ამოვიღე და საზოგადოებაც ამყვა. ახლა კი არ მსმენია, რომ ვინმეს აწამებენ და თავში ბოთლს ურტყამენ.
_ რას ნიშნავს, მღებრიშვილი პარკინგებში ფულს აკეთებდაო?
_ ჩემი წყაროები მეუბნებოდნენ, თურქეთში ტრაილერები რომ მიდიან, მათი ფასიანი სადგომი ახალსოფელშია. ჰოდა, ამ ავტოსადგომს პატრული აკონტროლებს და ეს ფული მღებრიშვილთან მიდისო. ამაზე მთელმა აჭარამ იცის.
_ აჭარლები ოპოზიციას ენდობიან?
_ იცით, როგორი ვითარებაა? _ ხალხს ნდობა არავის მიმართ აქვს და ამბობს, ყველა გვატყუებსო. მართლაც, ასეა: ამ 30 წლის განმავლობაში ხალხი ყველა პარტიამ მოატყუა.
_ ანუ ხალხს „პატრიოტებიც“ ატყუებთ?
_ ჩვენ ახალი ძალა ვართ და ამიტომ ამას ჩვენს თავზე ნაკლებად ვიღებთ. „პატრიოტთა ალიანსს“ ქვეყნის განვითარებისა და ადამიანების დასაქმების თვისი ხედვა აქვს.
_ არ მიწყინოთ და, „პატრიოტთა ალიანსს“ „ოცნების“ სატელიტ ოპოზიციად მიიჩნევენ.
_ ჩვენ რომ „ოცნების“ სატელიტები ვიყოთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ქალბატონი ირმა ინაშვილი იმას იტყოდა, რასაც ამბობს ხოლმე? _ „ოცნებას“ პირში ეუბნება, უანითო ხარ და 2020 წელს „პატრიოტთა ალიანსი“ ჩაგანაცვლებსო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ რადიკალური კი არა, კონსტრუქციული ოპოზიციაა, ანუ თუ ხელისუფლება ხალხის საკეთილდღეოდ რამე კარგს გააკეთებს, ეს გაგვიხარდება. აი, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, ხელისუფლებამ მთლად ოქროს კოშკებიც რომ ააგოს, მაინც გადატრიალებასა და რევოლუციაზე ფიქრობს! ჩვენ შორის განსხვავება სწორედ ეს არის… აჭარის გადმოსახედიდან ვსაუბრობ _ იგივე „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობისთვის ბინების აშენება კარგი არ არის?
_ ახლა ისე არ გამოიყვანოთ, რომ აჭარაში ყველაფერი კარგადაა.
_ ამას როგორ ვიტყვი? პროდუქტი ყველაზე ძვირი აჭარაშია. აი, მაგალითად, ერთი ცალი პომიდორი 1.50 ღირს. აჭარაში სოფელი შიმშილობს და ამ ვითარებაში რამე კარგი რომ გაკეთდება, პატარა ბავშვებივით გვიხარია! აი, ხელისუფლებამ ამ დონემდე მიგვიყვანა.
_ მოკლედ, ჩვენი საუბრის რეზიუმე რომ გავაკეთოთ, დღეს აჭარის მთავარი პრობლემა ბათუმის მერია, რომელიც, ამავდროულად, „ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობს, არა?
_ დღეს აჭარის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სიძვირე და ისაა, ბათუმის აეროპორტი „უბორნიას“ რომ ჰგავს _ ისეთი სიბინძურეა, შეგრცხვება! ისიც პრობლემაა, რომ ჩინოვნიკები იპარავენ და მერე სახლში მშვიდად მიდიან!

გიორგი აბაშიძე