ანზორ ბიწაძე: „არავის აქვს უფლება, პრორუსული პარტია დაგვიძახოს“

ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენის პროცესი აქტიურ ფაზაშია გადასული. ნინო ბურჯანაძის შვილმა, ანზორ ბიწაძემ, საჯარო პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. უახლოეს დღეებში „დემოკრატიული მოძრაობის“ ყრილობაზე ის ოფიციალურად წარდგება.

რატომ მიიღო ანზორ ბიწაძემ ეს გადაწყვეტილება? როგორ იხსენებს იგი 2011 წლის 26 მაისს? როგორ უყურებს პოლიტიკურ პროცესებსა და რა გეგმები აქვს პოლიტიკაში ახალგაზრდა პოლიტიკოსს?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრ ანზორ ბიწაძეს ესაუბრა:

_ პირველ რიგში, გავიხსენოთ 2011 წლის 26 მაისი. ამ თემაზე ბევრჯერ გისაუბრიათ. ამჯერად სხვა კუთხით მინდა გკითხოთ, _ რამდენად დაზარალდა „დემოკრატიული მოძრაობის“ იმიჯი 2011 წლის 26 მაისის შედეგად?
_ პირველ რიგში, დიდი მადლობა კითხვის ასეთი ფორმულირებისთვის. საერთოდ, იშვიათი შემთხვევაა, რომ ერთი ორგანიზაციიდან ამდენმა ადამიანმა სასწორზე დადოს მთელი თავისი ცხოვრება და სიცოცხლეც კი. მაგალითად, ჩვენი მხრიდან, ერთი ოჯახიდან, სამი ადამიანის სიცოცხლე იდგა რისკის ქვეშ.
მაშინ პოლიტიკური პროცესი მკვდარი იყო. გახსოვთ, ძირითად ეროვნულ მედიასაშუალებებს მაშინდელი ხელისუფლება აკონტროლებდა და აბსოლუტურად შეუძლებელი იყო არჩევნების ნორმალურად ჩატარება იმ გადმოსახედიდან, როგორიც გვქონდა 2011 წელს. ამიტომ სახალხო კრებამ ძალიან გაბედული და ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგა, _ ვიბრძოდით ბოლომდე.
ძალიან ბევრი ადამიანი კი გვაკრიტიკებს სწორედ ამისთვის, რატომ იბრძოდით ბოლომდეო, მაშინ, როცა ამ ბრძოლით ის ადამიანები დაზარალდნენ, რომლებმაც ბოლომდე გარისკეს და ვაჟკაცურად, თანმიმდევრულად დადგნენ ჩვენს პოზიციაზე.
26 მაისი რამდენიმე დღის წინ იყო და ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია. თუმცა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს მოვლენები ბოლომდე კარგად გამოძიებული არ არის, გახლავთ ის, რომ ვინც 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლებაში იყო, ახლა ოპოზიციაშია, ხოლო ვინც მაშინ ოპოზიციაში გახლდათ და ამ პროცესს არ შემოუერთდა, ახლა ხელისუფლებაში არის. როგორც ჩანს, არც ერთი მხარის ინტერესში არ შედის ამ მოვლენების ობიექტური შეფასება, მაგრამ 26 მაისი უკვე ისტორიის საკუთრებაა და დარწმუნებული ვარ, 26 მაისი გადაფასდება, ისე როგორც საჭიროა და ადეკვატური შეფასება მიეცემა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს.
რაც შეეხება პარტიის იმიჯს, იმიჯს ვინ ჩივის?! ჩვენს პარტიას 2011 წლის 26 მაისის შემდეგ 41 პოლიტპატიმარი ჰყავდა. მე არ ვიცი პოსტსაბჭოთა სივრცეში არც ერთი ქვეყანა, სადაც არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც 41 პოლიტიკური პატიმარი ჰყავდეს. გარდა ამისა, დაკავებული იყო 800-მდე ადამიანი, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომელთა წინააღმდეგაც ცემისა და წამების სხვადასხვა მეთოდი გამოიყენეს, რომ სასურველი ჩვენებები მიეღოთ.
მადლობა ღმერთს, ეს ადამიანები, მიუხედავად ამ მძიმე წარსულისა, დღემდე ჩვენ გვერდით არიან. შეგიძლიათ, ნებისმიერ მათგანს გაესაუბროთ და გეტყვიან, რამდენად უსამართლოდ და სასტიკად ეპყრობოდნენ მათ. რაც შეეხება პარტიის იმიჯს, მაშინ 5 ტელევიზია იყო, რომელსაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აკონტროლებდა, ეს ტელევიზიები მიზანმიმართულად მუშაობდნენ ჩვენ წინააღმდეგ, არ გვქონდა ჩვენი სიმართლის დაფიქსირების საშუალება, ელემენტარულად, იმის საშუალებაც კი არ მოგვეცა, რომ სათვალთვალო კამერებიდან, რომელიც რუსთაველის გამზირზე ეყენა, ერთი ფირი მაინც ამოგვეღო და ადამიანებისთვის დაგვენახვებინა, რეალურად რა მოხდა 26 მაისს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ჩვენი იმიჯი დააზარალა, მით უმეტეს, ისეთი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მაშინ იყო აწყობილი, შეუფერხებლად მუშაობდა ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. ამით დავზარალდით, მაგრამ როდესაც საქმეს გააკეთებ, თანმიმდევრული იქნები და ბოლომდე იბრძოლებ, ის შელახული იმიჯი, ადრე თუ გვიან, გამოსწორდება _ ხალხი თვითონ დაინახავს სიმართლეს. სანთელ-სარკმეველი თავის გზას არ დაკარგავს…
_ შელახულ იმიჯზე საუბრისას თქვით, რომ თუ საქმეს გააკეთებ, ამას ხალხი აუცილებლად დაინახავსო. ამ ეტაპზე რამდენად სწორად არის ინფორმირებული საზოგადოება 2011 წლის 26 მაისის შესახებ?
_ სამწუხაროდ, ხალხს ამ ეტაპზეც არ გააჩნია სათანადო ინფორმაცია. ჩვენ შეგვიძლია, ადამიანებს დეტალურად მოვუყვეთ, რა და როგორ იყო, ამას ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ თუ სამართლიანი გამოძიება არ ჩატარდა და არ იქნება პოლიტიკური ნება, რომ ეს მოვლენები ობიექტურად შეფასდეს, ასეთ შემთხვევაში საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებული იქნება. მიუხედავად ამისა, ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა დრო ნამდვილად ყველაფრის მკურნალია. თუ საზოგადოების რაღაც ნაწილამდე ბოლომდე ვერ მივიდა სიმართლე, გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად მივა და თავის გზას იპოვის.
_ მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადეთ, საზოგადოების რაღაც ნაწილმა გაიხსენა, რომ, ჯერ კიდევ, 2016 წელს თქვენ საპარლამენტო სიის ერთ-ერთი პირველი ნომერი იყავით. რატომღაც, ეს ფაქტი უარყოფით კონტექსტში გაიხსენეს. რას უპასუხებდით საზოგადოების ამ ნაწილს და რამ განაპირობა მაინცდამაინც ახლა პოლიტიკაში თქვენი ჩართვა?
_ რატომ გაიხსენეს უარყოფით კონტექსტში, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და ამას ვერ დავეთანხმები, რადგან უკვე მე-11 წელია, რაც ჩვენს პარტიაში ვსაქმიანობ. ყველა საფეხური გავიარე, რაც საჭირო იყო.
ისეთი პერიოდებიც მქონია, როცა საქმიანობა ძალიან შრომატევადი, რისკიანი იყო. როცა საპარლამენტო სიაში გახლდით, არც მაშინ გამოვჩენილვარ უცებ და არ განმიცხადებია ჩემი ამბიცია ან პარტიის თავმჯდომარისთვის, ან პარტიის საბჭოს მთავარი წევრებისთვის. მაშინაც და ახლაც გადაწყვეტილება მიღებულია არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, არამედ პარტიის მთავარ საბჭოსთან და მის აქტიურ მხარდამჭერებთან ერთად. რაც შეეხება პოლიტიკაში მოსვლას, ამ შემთხვევაში საუბარია, საჯარო პოლიტიკაში მოსვლაზე. ახლა ვფიქრობ, რომ სწორედ ის დროა, როცა ყველამ უნდა გააკეთოს, რაც შეუძლია. ვინაიდან და რადგანაც, 10 დღეში ჩვენი პარტიის დელეგატთა ყრილობა ჩატარდება, სადაც დავსახელდები მთავარი საბჭოს ერთ-ერთ წევრად, ჩავთვალეთ, რომ საზოგადოების წინაშე არასწორი იქნებოდა, პარტიის საბჭოს მთავარი წევრი ვყოფილიყავი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს და არ მქონოდა კომუნიკაცია ჩემს მოქალაქეებთან. სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ ახლა არის ის დრო, როცა საჯარო ასპარეზზე მეტად უნდა გავაქტიურდეთ. თორემ უკვე 11 წელია, ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, რაც ამ ორგანიზაციაში მომხდარა, გამოვლილი მაქვს. ასე რომ, ვერ დავეთანხმები იმ ადამიანს, ვინც 2016 წელს პარტიის სიაში ჩემი ყოფნა უარყოფით კონტექსტში გაიხსენა. შეიძლება, ეს ადამიანი არ არის სათანადოდ ინფორმირებული იმ გზასა და ბრძოლაზე, რომელიც უკანასკნელი 11 წლის მანძილზე გამოვიარე და ამიტომ არავის განვსჯი, ამაზე სამომავლოდ ვისაუბროთ.
_ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური საკითხია პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა. როგორ ფიქრობთ, რას ითხოვს საზოგადოება და რამდენად აუცილებელია ახალი სისხლი ქართული პოლიტიკისთვის?
_ სამწუხაროდ, ძალიან ბევრჯერ მოხდა ტერმინის, _ ახალი სახეები პოლიტიკაში, _ დისკრედიტაცია. ძალიან ბევრჯერ მივიღეთ ის, რომ სხვადასხვა მმართველი ძალა წარმოგვიდგენდა ახალ სახეებს, რომელზედაც შემდეგ გარკვეული იმედი მყარდებოდა, მაგრამ უკუშედეგს ვიღებდით. ორგანიზაციის თვითმიზანი ახალი სახეების წარმოჩენა არ უნდა იყოს. საქმე უნდა აკეთოს გამოცდილმა ხალხმა. ჩვენ დღეს პოლიტიკაში გვყავს ადამიანები, რომლებიც დილით რომ მოვლენ პოლიტიკაში, უკვე საღამოს თანახმა არიან მინისტრის თანამდებობაზე. მათ ჰგონიათ, რომ ადვილია სახელმწიფო სამსახურში უმაღლესი თანამდებობების დაკავება. ზემოთაც მოგახსენეთ: პირადად მე ყველა ის საფეხური გავიარე, რომლის გავლაც შესაძლებელია პოლიტიკურ ორგანიზაციაში, დავაგროვე გამოცდილება, რომ საჯარო პოლიტიკაში საქმიანობა შემძლებოდა. დღეს საზოგადოების მოთხოვნა არა მხოლოდ ახალი სახეებია, არამედ ახლებური მიდგომებიც. ფაქტია, რომ ის სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ის საკადრო პოლიტიკა, რაც დღეს ქვეყანაშია, სიკეთისკენ ნამდვილად არ წაგვიყვანს. თუ ახალი სახის უკან არ დგას გამოცდილება, გაკეთებული საქმე, თუნდაც დაშვებული შეცდომები, მაშინ ეს ახალი სახე მნიშვნელობას კარგავს. პოლიტიკოსი, სანამ გამოჩნდება და იტყვის, მე გამომყევით და მხარი დამიჭირეთო, მანამ თავისი ქვეყნისთვის ნაბრძოლი ხომ უნდა ჰქონდეს? ამიტომაც მეტი პასუხისმგებლობა მართებს იმას, ვინც ახალ სახეს წარმოადგენს პოლიტიკაში და იმასაც, ვისაც ამბიცია აქვს, რომ ახალი სახე იყოს. ზოგი იმდენად თავშეუკავებელიც კი არის, რომ გამოჩენისთანავე ჭკუას ასწავლის საზოგადოებას. ახალ სახეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა უნდა ჰქონდეს: რა უნდა მას თავისი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის და რა უნდა თავისი ქვეყნისთვის. წარმოგიდგენიათ კარგი ფეხბურთის გუნდი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელს მოიყვანს და იტყვის, რომ ჩვენს გუნდს განახლება სჭირდება და რადგან ეს ახალი სახეა, ამიტომ უნდა ვათამაშოთო. თუ იმ ფეხბურთელს კარგად თამაშის შესაბამისი უნარები არ გააჩნია, მხოლოდ იმიტომ, რომ ახალი სახეა, ვინ ათამაშებს? დაახლოებით იგივე პრინციპებია პოლიტიკის შემთხვევაშიც.
_ როგორ უყურებთ ქართულ პოლიტიკურ მოცემულობას? ფიქრობთ თუ არა, რომ პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია?
_ პოლარიზება უფრო ხელოვნური მგონია და ფაქტებით დაგიდასტურებთ, რატომაც ვფიქრობ ასე. შორს ნუ წავალთ და იმაზე ვისაუბროთ, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა, ვგულისხმობ ზუგდიდში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს: ზუგდიდში მოხდა ოპოზიციური პარტიებისა და მედიის უპრეცედენტო მობილიზება. გაითვალისწინეთ, ზუგდიდში სულ 107 უბანია და რამხელა პოლიტიკური დატვირთვა იყო ამ ქალაქზე. მეორე მხრივ, სახელმწიფომ ასევე უპრეცედენტო მობილიზება გაუკეთა მხარდამჭერებს, ადმინისტრაციულ რესურსს, სახელმწიფო მოხელეებსა და ა. შ. ზუგდიდში ორივე მხარე სრული რესურსით წარდგა… მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზუგდიდში, სადაც, როგორც წესი, ყველა არჩევნებზე ერთ-ერთი მაღალი აქტივობაა, მოსახლეობის 46% მივიდა, ანუ ნახევარი მაინც არ გამოცხადდა. კიდევ უარესი მდგომარეობა იყო მთაწმინდაზე, სადაც ამომრჩევლის 70%-მა საერთოდ უარი თქვა საარჩევნო პროცესში მონაწილეობაზე. ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ პოლარიზება ხელოვნურადაა შექმნილი, რადგან საზოგადოებაში სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალებისადმი მაღალი მოთხოვნაა. ეს აუცილებლად აისახება 2020 წლის არჩევნებში. ზუგდიდში, ძირითადად, ორი მხარე იყრიდა კენჭს, ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ამ არჩევნებს ორივე მხარისთვის და ორივესთვის იყო პრინციპული ბრძოლა. სამწუხაროდ, ამას არაფერი ჰქონდა საერთო ზუგდიდლების ინტერესებთან. არც ერთი მხარე მისულა ადგილობრივ მოსახლეობასთან და არ უკითხავს, რა გაწუხებთო, უბრალოდ, ზუგდიდი ერთ დიდ ბრძოლის ველად გადააქციეს, მაგრამ ეს შემდეგ არჩევნებზე აღარ განმეორდება და მოსახლეობის ის 70%, რომელიც უარს აცხადებს, მხარი დაუჭიროს ერთ ან მეორე პოლიტიკურ ძალას, აუცილებლად მოვა და საკუთარ აზრს დააფიქსირებს.
_ ოპოზიცია აქტიურად განიხილავს რევოლუციურ სცენარს, ქუჩაში გამოსვლის მცდელობა ჰქონდათ საპრეზდენტო არჩევნების შემდეგაც და ახლაც, შუალედური არჩევნების შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად მოქმედებს ოპოზიცია?
_ დღეს საქართველოს რევოლუცია არ სჭირდება, ამაზე შეთანხმებული იყო სრულიად პოლიტიკური სპექტრი და ოპოზიციაც. მოგეხსენებათ, 20 პოლიტიკური პარტია 2 თვის წინ შეიკრიბა, მიუხედავად ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის აზრთა რადიკალური სხვადასხვაობისა, ხელმოწერების შეგროვების პროცესი დაიწყო. ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდა, რომ საქართველოს დღეს სჭირდება არა რევოლუცია, არამედ ადეკვატური, სამართლიანი, ნორმალური წინასაარჩევნო გარემო და საარჩევნო კანონმდებლობა. ეს სჭირდება ოპოზიციას და დამერწმუნეთ, კიდევ უფრო მეტად _ ხელისუფლებას, თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე ხელისუფლებას სხვა მოსაზრება აქვს. ასეთ ფონზე, როდესაც სრული ოპოზიციური კონსოლიდაცია არსებობს, რომ უნდა მოხდეს საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფა, რევოლუციისკენ მოწოდებები არასწორია. რევოლუციას ახდენს ხალხი. რატომღაც, ზოგიერთმა ლიდერმა მიიჩნია, რომ ხალხს აზრი არ უნდა ჰკითხოს და ისე უნდა გააჟღეროს რევოლუციისკენ მოწოდება. საერთოდ, ზუგდიდში წინასაარჩევნო პროცესი და კამპანია აბსოლუტურად არასწორად წარიმართა, შეიძლება ვთქვათ, რომ „გრანდიოზული შოუ“ დაიდგა. ხალხისთვის არავის უკითხავს მათი პრობლემების შესახებ. ამ დროს კი ზუგდიდის მცხოვრებლებს აწუხებთ, ზუგდიდი აღარასდროს იყოს ჩიხი (რას ვგულისხმობ, მეგრელები კარგად გაიგებენ), მათი უმთავრესი ინტერესია, სამეგრელო განვითარდეს, რისი გასაღებიც, რა თქმა უნდა, აფხაზეთის დაბრუნებასა და საქართველოს გაერთიანებაში დევს. არავინ მისულა და არავის აუხსნია 16 000 იძულებით გადაადგილებული პირისთვის, რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. წინასაარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც აწუხებს მოსახლეობას, მით უმეტეს, ამ პირობებში რევოლუციური მოწოდების არსი საერთოდ ვერ გავიგე. ისეთი სახით გაჟღერდა ეს მოწოდება, რომ ადამიანი მარტივად დაიბნეოდა. ამიტომაც მეტი პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკურ პარტიებს, არ აქვს მნიშვნელობა, პარტია ოპოზიციაშია თუ ხელისუფლებაში.
_ თქვენ განაცხადეთ, რომ ზუგდიდში „გრანდიოზული შოუ“ დადგეს. რა გარანტია გაქვთ, რომ იგივე შოუს არ ვიხილავთ 2020 წელს?
_ „გრანდიოზული შოუ“ ვახსენე სწორედ იმიტომ, რომ ზუგდიდლები დაღალეს და შეაწუხეს ამ ყველაფრით.
ამის გარანტია, სამწუხაროდ, არ გვაქვს. უბრალოდ, ერთადერთი, მარტივი, ყველასთვის ადვილად გასაგები და ყველას ინტერესში რომ შედის, ისეთი გამოსავალია საარჩევნო სისტემის სრულყოფა. შეხედეთ ახლად არჩეულ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, _ ერთ-ერთი პირველი, რაც მან თქვა, იყო ის, რომ უკრაინამ უნდა მოახდინოს საარჩევნო სისტემის რეფორმირება და მთლიანად უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზეო. შური არ არის კარგი საქმე და რა თქმა უნდა, არავისი უნდა გვშურდეს, მაგრამ ამიხსენით, რატომ უნდა გაგვასწროს უკრაინამ და რატომ უნდა დაგვასწროს ასეთი მკვეთრი დემოკრატიული შემობრუნება მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესები საქართველოში ყოველთვის უფრო ადრე ხორციელდებოდა, ვიდრე უკრაინაში? ბუნებრივია, მათ წარმატებას ვუსურვებ.
_ როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის საზოგადოების თვითშეგნების პრობლემა ის, რომ მას „გრანდიოზული შოუებით“ ართობენ ყველა არჩევნების წინ და, რეალურად, არავის ახსოვს საარჩევნო პროგრამა?
_ ხშირად წამიკითხავს და მომისმენია, რომ თითქოს ჩვენს საზოგადოებას რაიმე თვითშეგნება აკლია. არაფერი აკლია ჩვენს საზოგადოებას და მადლობა ღმერთს, ჭკვიანი ხალხის დეფიციტი არასდროს ყოფილა საქართველოში და არც იქნება. პრობლემა არის პოლიტიკურ ელიტაში, რომელიც ამ ჭკვიან ხალხს არ უსმენს. პოლიტიკური ელიტა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი აზრის გამოხატვის სამართლიანი და გარანტირებული საშუალება. ასეთ შემთხვევაში იმ ადამიანების მხრიდან, ვისთვისაც ჭკუის სწავლება დამახასიათებელია, არანაირი კრიტიკა საზოგადოების თვითშეგნებაზე აღარ იქნება. საზოგადოებას თვითშეგნება ნამდვილად არ აკლია, საზოგადოებას არჩევნებზე თავისი აზრის ნორმალურად გამოხატვის საშუალება არ გააჩნია. ხელისუფლება, რომელიც შეცვლის საარჩევნო კანონმდებლობას და ხალხს თავისუფლად არჩევის საშუალებას მისცემს, სწორედ ის იქნება საუკეთესო ხელისუფლება, რომელიც ჰყოლია საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული.
_ გასაგებია, რომ ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით გაერთიანდა და ხელმოწერებს აგროვებს, თუმცა ეს ნაკლებად რეალური ჩანს, ხალხსაც აღარ სჯერა ამ ხელმოწერების. უფრო კონკრეტულად, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ?
_ ეს ხელმოწერების საკითხი მითად ნამდვილად არ იქცევა, იმიტომ, რომ დღესდღეობითაც, სანამ თქვენ გესაუბრებით, ჩვენი პარტიის აქტივისტები სხვადასხვა ადგილზე აგრძელებენ მუშაობას, რათა ხაელმოწერები შეაგროვონ. იმედია, დანარჩენი პარტიებიც, რომლებიც ამ ოცეულში შედიან, პროცესს არ შეანელებენ. ეს ხელმოწერები აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და შემდეგ პარლამენტმა განიხილოს საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ხელისუფლების როლი, ამას ვერსად გავექცევით, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების ინტერესშიც შედის ნორმალური, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პროცესის პარლამენტში შესვლა. ყოველ 5-6 წელიწადში არ უნდა ვიდგეთ იმ კრიზისის წინაშე, რომ საქართველოს ბედი წყდებოდეს პარლამენტის წინ გამზირზე და არა პარლამენტში. სამწუხაროდ, ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამას ავუხსნით და როგორმე გავაგებინებთ არსებულ ხელისუფლებას. რაც შეეხება ამის მიღწევის გზებს, ოპოზიცია უნდა იყოს უფრო თანმიმდევრული, ხელმოწერები უნდა შეგროვდეს და შევიდეს პარლამენტში. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მისთვისაც უკეთესია პროპორციული საარჩევნო სისტემა და მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება.
_ ოპოზიციის თანმიმდევრულობას უშლის თუ არა ხელს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი?
_ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის. ჯერ ჩვენ ვერ გავიგეთ, ის ქართველ პოლიტიკოსად რჩება თუ უკრაინელი პოლიტიკოსი ხდება? ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთი განცხადება კეთდება, შემდეგ პირდაპირი ეთერით სულ სხვა განცხადებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათ ამომრჩეველში დაბნეულობას იწვევს და პოლიტიკურ პროცესსაც აზარალებს. იმისთვის, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებაზე წამოვიდეს, უნდა დაინახოს, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულია, როდესაც ერთ დღეს ჟღერდება მოთხოვნა პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომ ისინი მზად არიან საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად, მეორე დღეს კი ისმის რევოლუციისკენ მოწოდებები, ამის შემდეგ გამოვა ხელისუფლება და იტყვის, რომ ჯერ ოპოზიცია თვითონ ჩამოყალიბდეს, რა უნდა და შემდეგ დაველაპარაკებითო.
_ „დემოკრატიული მოძრაობა“ პრორუსულ ძალად მიიჩნევა. რატომ აქვს საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილს ეს დამოკიდებულება თქვენი პარტიის მიმართ?
_ ძალიან კარგად მესმის საზოგადოების იმ ნაწილის, რომელსაც ასეთი დამოკიდებულება აქვს. ჩვენ წინააღმდეგ ასეთი კლიშე არსებობს, რომ ჩვენ ვართ პრორუსული ორგანიზაცია. ეს პროცესი 2009 წელს დაიწყო მაშინ, როდესაც იმჟამინდელი ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა ბოლომდე დაქოქილი იყო. ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, სანამ ნინო ბურჯანაძე ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში წავიდოდა. ბუნებრივია, 7-8 წლის მანძილზე ყველა მედიასაშუალებიდან გეუბნებიან, რომ ბურჯანაძე პრორუსული პოლიტიკოსია _ ამას გარკვეულწილად იჯერებს საზოგადოების რაღაც ნაწილი. მე მათი მესმის და არავისზე ვბრაზდები, მაგრამ ვერავინ ნახავს ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ ვერც ერთ პრორუსულ განცხადებას, უყურეთ მის გამოსვლებს რუსეთის ტელევიზიებში და მასზე უფრო ეროვნულად ვინ შეიძლება ისაუბროს, მე არ ვიცი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ურცხვად გამოაცხადა, ბურჯანაძეს არასდროს უთქვამს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებულიო. ასეთი ურცხვი განცხადებების წინააღმდეგ არანაირი ხერხი არ არსებობს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ევროკავშირის დროშა თვალთმაქცურად არ ჩამოგვიკიდებია ჩვენს ოფისთან, რადგან ეს არაფერს ცვლის და ამის გამო არ მიგვიღებენ ევროკავშირში. უბრალოდ, მე ყველასთან თხოვნა მექნება, სანამ თავისით გადაწყვეტენ, რომ პრორუსები ვართ, იქნებ ჩვენც გვკითხოთ ჩვენი აზრი, ჩვენ მაგივრად ნუ გადაწყვეტენ ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტია, ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადებები, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, არის ყურადღებით დაგეგმილი, იმისთვის, რომ არ დავაზარალოთ ჩვენი ქვეყანა და არ დავარღვიოთ ის ანა-ბანა, რის დარღვევასაც ძალიან მიეჩვია არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, ოპოზიციაც. არავის აქვს უფლება, პრორუსული პარტია დაგვიძახოს.
_ როგორია თქვენი და პარტიის პოლიტკური გეგმები?
_ ამ კვირის ბოლოს გაიმართება „დემოკრატიული მოძრაობის“ დელეგატთა ყრილობა, სადაც პარტიის ბირთვი წარდგება. ყრილობაზე გაჟღერდება ბევრი საინტერესო გეგმა, წარმოდგენილი იქნება მთავარი საბჭოს განახლებული შემადგენლობა, სადაც ძალიან ბევრი უნარიანი, გამოცდილი ახალგაზრდა იქნება, რომელსაც თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ უშრომია. ვფიქრობთ, რომ ნინო ბურჯანაძის გამოცდილება და პარტიის განახლებული შემადგენლობა ძალიან კარგ სინერგიას შექმნის, რაც ჩვენს ამომრჩეველს ნათლად დაანახვებს, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ვიყურებთ წინ, ვფიქრობთ ხვალინდელ დღეზე და რომელსაც ნათლად ესმის, რომ საქართველოს ასეთი ასეთი გიჟური ტემპის სამყაროში არც ერთი წამი დასაკარგი აღარ აქვს.

ნენე ინჯგია