გივი ხაჭაპურიძე: „თუ ოპოზიციური ძალები ვერაფერზე შეთანხმდნენ, ქართული ოცნება“ ხელისუფლებას შეინარჩუნებს“

შუალედურმა არჩევნებმა კვლავ მძაფრად გააშიშვლა საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება. მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების _ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ უკიდეგანო ურთიერთსიძულვილი დიდი ხანია, გასცდა პოლიტიკური პრაგმატიზმისა და გონიერების საზღვრებს. მერამდენე არჩევნებია, ეს პოლიტიკური ძალები საარჩევნო სტრატეგიასა და ტაქტიკას, ფაქტობრივად, არ ცვლიან. ამ ფონზე ოპოზიცია კვლავ დამარცხებული აღმოჩნდა, ხელისუფლებას კი სულ უფრო და უფრო უჭირს წონადი გამარჯვების მოპოვება. ამის მიუხედავად, არჩევნებს მაინც ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც ყურადღების ღირსია.

ჩავლილი შუალედური არჩევნების შესაფასებლად „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს პიარსაკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი ხაჭაპურიძე:

_ ჩაიარა შუალედურმა არჩევნებმა. მართალია, წინ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მეორე ტური გველოდება, მაგრამ უკვე შეიძლება პირველი _ „დინჯი“ შეფასებების გაკეთება. ვიდრე თემას გავშლით, მაინც, რა იყო ამ არჩევნების უმთავრესი მახასიათებელი?
_ შუალედურ არჩევნებზე, ისევე როგორ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ისევ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირება იყო წინა პლანზე. უკვე ტრადიციად მკვიდრდება ამომრჩევლის უკიდურესი პოლარიზება. მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი იყო ის, რომ გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ. მათ ერთმანეთის ხმების წართმევაზე თქვეს უარი და ამასთანავე რიგ შემთხვევებში დამოუკიდებელ კანდიდატებს დაუჭირეს მხარი. მართალია, არჩევნების პირველსავე ტურში მმართველი ძალისთვის მეორე ტურის მოწყობა ვერ შეძლეს, თუმცა ამის ჩანასახი გაჩნდა. გარკვეულწილად თითქოს შეინიშნება, რომ ოპოზიცია ცდილობს, ისეთი ფორმულა მოძებნოს, რომელიც ორპოლუსიანობას გაარღვევს. ჭიათურის შემთხვევა კარგი მაგალითი იყო. ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა „მომავლის ჭიათურის“ მიერ დაყენებულ კანდიდატს დაუჭირა მხარი. მართალია, მან მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ თავად ფაქტია მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ოპოზიციურ ძალებს რომ მეტი ყურადღება დაეთმოთ ჭიათურისთვის, შედეგიც მაღალი იქნებოდა.
_ ანალიტიკოსების აზრი რეალურად ორ ნაწილად გაიყო: ერთნი აცხადებენ, რომ „ოცნება“ იქნება ის ძალა, რომელიც 2020 წელს კვლავ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, მეორენი დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ „ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. რეალურად, რამდენად იძლევა ჩავლილი არჩევნები ან ერთი ან მეორე პროგნოზის გაკეთების საშუალებას?
_ ცხადია, რომ ეს სტატუს-კვო მისაღებია როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ასევე „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამით სხვა ძალებს საშუალება არ ეძლევათ, რეიტინგულები გახდნენ. ასეთ რეალობაში „ქართული ოცნება“ კვლავ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, რადგან ამომრჩეველი კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაბრუნების შიშით აკეთებს არჩევანს. „ქართულ ოცნებას“ უკვე წლებია, მრავლად ჰყავს განაწყენებული ამომრჩეველი, მაგრამ მათი უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანის გაკეთებისას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იხრება, რადგან სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნების საფრთხეს ხედავს. იმ შერეული საარჩევნო სისტემით, რომლითაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს, „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, თუ ოპოზიციურმა ძალებმა შეთანხმება ვერაფერზე შეძლეს. თუ სტრატეგიულად და ტაქტიკურად სწორი ნაბიჯები გადაიდგა, კოალიციურ მთავრობას უნდა ველოდოთ.
_ ამ არჩევნებზეც ამომრჩევლის უმეტესობა სახლში დარჩა. რატომ ვერ ახერხებენ პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის საარჩევნო უბანში მიყვანას? _ ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდაზე დაფიქსირდა, რაც, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელია. საპარლამენტო რესპუბლიკას ვაყალიბებთ და ამომრჩევლის 65% არჩევნებზე არ მიდის. ვფიქრობ, ისევ ზუგდიდის გამო დადგა ეს შედეგი. ეს შემთხვევაც ადასტურებს, რომ არსებული დაძაბული საარჩევნო გარემო მთავარი ოპოზიციური ძალებისთვის მისაღები და სასურველი იყო.
ყველას გვახსოვს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობა 10-მა დეპუტატმა დატოვა. საუბარია იმაზე, რომ კიდევ რამდენიმე აპირებს წასვლას. ამ ფონზე მთელი აქცენტი ზუგდიდის მერის არჩევნებზე გადაიტანო და კიდევ ერთი საპარლამენტო მანდატის მოპოვებაზე თქვა უარი, ვფიქრობ, არ იყო სწორი.
თავად შავგულიძის კანდიდატურის „ევროპული საქართველოს“ სახელით მონაწილეობამაც შექმნა პრობლემები. მართალია, ის საარჩევნო ბიულეტენში 13 ნომრით იყო და არა 2-ით, მაგრამ ბოკერიას, უგულავასა და სხვების გვერდით მან ამომრჩეველში ის ხიბლი დაკარგა, რაც მურუსიძის ფაქტორით მოიხვეჭა. გირგვლიანის საქმეზე მურუსიძის გამართლებამ და შავგულიძის დადანაშაულებამ დადებითი როლი შეასრულა. დარწმუნებული ვარ, გაცილებით დიდი ელექტორალური რესურსი იყო მთაწმინდაზე, რომელიც შეიძლებოდა, შავგულიძის სასარგებლოდ გამოყენებულიყო. საპრეზიდენტო არჩევნებზე მთაწმინდის აქტივობა 50% იყო. უფრო ადრე, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე _ 48%, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე _ 55%. შუალედურ არჩევნებში მთაწმინდაზე 34%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც ისტორიას არ ახსოვს.
გამომდინარე იქიდან, რომ მთაწმინდაზე მიშა არ იყო დასამარცხებელი, „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ყურადღება ზუგდიდს დაუთმო. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ადარდებდა დანარჩენი არც ერთი საარჩევნო ოლქი, რადგან თითქმის არსად მერობის კანდიდატი არ ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით ზესტაფონს. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ოპოზიციურმა ძალებმაც ვერ იმუშავეს სათანადოდ, რათა შავგულიძეს ეს ბრძოლა მოეგო.
_ საპრეზიდენტო არჩევნებმა უკიდურესი აგრესიის ფონზე ჩაიარა. ანალოგიური ვითარება არ შექმნილა, მაგრამ ურთიერთმიუღებლობა სახეზე იყო. ამ ფონზე დაიკარგა უმთავრესი, ჩვენ კვლავაც ვერ გავიგეთ, ვინ რას ჰპირდებოდა ამომრჩეველს. ისე, ეს დაპირისპირებაც ერთგვარი ხრიკი ხომ არ არის, რომ არაფერი შეჰპირდნენ და არაფერი შეასრულონ?
_ წინასაარჩევნო დაპირებებს ამ დაპირისპირების ფონზე აზრი ეკარგება. არც არავინ არაფერს ჰპირდება ამომრჩეველს. უბრალოდ, ერთი ეუბნება, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უნდა გავაგდოთ, ხოლო მეორე _ მიშა და „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვუშვათ. ასეთი არჩევანის დროს ამომრჩეველი სააკაშვილს ივანიშვილს ამჯობინებს. რეალურად, კამპანია მომართულია იმისკენ, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. რაც შეეხება დანაპირების შესრულებას, შემიძლია ასე გითხრათ, _ თუ ამომრჩეველს არაფერს დაჰპირდები, ყველა გაკეთებული საქმე ზეგეგმურად ჩაითვლება.
_ რამდენად გაიზრდება დაპირისპირების მუხტი 2020 წლისთვის?
_ ვფიქრობ, დაპირისპირება პიკზეა. 2020 წლისთვის მთავარია, ამ დაპირისპირების ფონზე ახალი შეთავაზება მიიღოს ამომრჩეველმა. თუ იგივე ვითარებაში მოუწია ამომრჩეველს არჩევნის გაკეთება, არ არის გამორიცხული, „ნაციონალური მოძრაობა“ მეტი მანდატით ვიხილოთ პარლამენტში. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს პროცესის მართვა შედარებით მარტივი იყო, რადგან მხოლოდ ერთ კანდიდატს ირჩევდა ამომრჩეველი. საპარლამენტო არჩევნებისას ყველა ოლქში სხვადასხვა მაჟორიტარია, დამოუკიდებელი კანდიდატები და ა. შ. რთულია ამ ყველაფრის მართვა ასეთ დაძაბულ ვითარებაში. ამომრჩეველიც, ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა, ისე განაწყენდეს, რომ არჩევნებზე მივიდეს და ყველა კანდიდატი გადახაზოს ან საერთოდ არ მივიდეს. შესაბამისად, ბათილი ბიულეტებისა და დაბალი აქტივობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ დარაზმული ამომრჩეველი, რომელიც თუ ცოცხალია, ე. ი. არჩევნებზე მიდის, შესაძლოა, პროცენტულად წინ წაიწიოს და მეტი მანდატი მიიღოს.
_ ცხადია, რომ არსებულ პოლიტიკურ აქტორებს არ აწყობთ მესამე ძალის ფორმირება. სურვილები საუბარს ვერ გასცდა. რამდენად არის შესაძლებელი, მართლა გამოჩნდეს ახალი ძალა და რა პოლიტიკური მიმართულების უნდა იყოს ეს ძალა, ხალხის მხარდაჭერა რომ მოიპოვოს?
_ არსებულ ვითარებაში ცალკე აღებული ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ გახდება მესამე ძალა. ამომრჩეველი უარს ამბობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და განაწყენებულია „ქართულ ოცნებაზე“. ოპოზიციისთვის მთავარი იქნება გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, იმ მესიჯით, რომ თუ პარლამენტში მანდატებს მიიღებენ, ითანამშრომლებენ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ „ქართულ ოცნებასთან“. ანუ სასურველი შედეგის დადების შემთხვევაში შექმნიან კოალიციურ მთავრობას „ქართულ ოცნებასთან“. ამომრჩეველს სურს დაინახოს ბერკეტი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ერთპიროვნული მმართველი არაა. თუ ოპოზიციური ძალები შეძლებენ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გაერთიანებას და ბრძოლას იმისთვის, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობა“ შეასუსტონ, რათა „ქართულ ოცნებას“ სხვა მოპაექრე გაუჩნდეს პოლიტიკურ ველზე, მაშინ შესაძლებელია, „ოცნებისგან“ განხიბლულმა ამომრჩეველმა ამ ერთობას დაუჭიროს მხარი. თუ მსგავსი რამ მოხდა, არ არის გამორიცხული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვიხილოთ მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად შეიქმნება. ეს დაახლოებით 2012 წლის მოდელს გვაგონებს და შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ეს ხომ უკვე გავიარეთ? დიახ, მაგრამ აქ არის ერთი დიდი განსხვავება _ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ყველა საპარლამენტო არჩევნები, თუნდაც რიგგარეშე, ტარდება პროპორციული სისტემით, რაც ერთპარტიულობას, პრაქტიკულად, გამორიცხავს.
_ რა არის მმართველი პარტიისა და ოპოზიციური ძალების უმთავრესი ნაკლი და პრივილეგია?
_ მმართველი ძალის მთავარი ნაკლი თვითდაჯერებულობა და წარსულზე აპელირებაა. გასაგებია, რომ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებით მოსალოდნელი რეპრესიების შიშის ტირაჟირება, მაგრამ ამ ურთიერთდაპირისპირების ფონზე ამომრჩეველმა მომავლის რწმენა დაკარგა. ნაკლია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ ჩამოაყალიბა გუნდი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის გარეშე რეიტინგი გაეზომებოდა. „ოცნება“ მთლიანად არის დამოკიდებული პარტიის ლიდერის არსებობაზე. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ 2020 წლის არჩევნები ამ პიროვნებასთან ასოცირების გარეშე და რა შედეგს მივიღებთ? _ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში. პრივილეგიაც სწორედ ის არის _ ბიძინა ივანიშვილი.
ოპოზიციური ძალების ნაკლი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც ცდილობს, თავის დაკრულზე აცეკვოს დანარჩენი ოპოზიცია და თავად „ქართული ოცნებაც“. ნებისმიერი ოპოზიციური ერთობა ან ინდივიდუალური ინიციატივაც კი, თუ როგორმე დაუკავშირდა „ნაციონალურ მოძრაობას“, განწირულია და ვერ იღებს მხარდაჭერას. ასეთ ვითარებაში უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, რომ გარდატეხა მოხდეს. ამომრჩეველთან უშუალო კომუნიკაციის გარეშე წარმატება შეუძლებელია. ოპოზიციას არ აქვს ფინანსური რესურსი, რითაც შეძლებს ის პიარკამპანია გადაფაროს მედიაში, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. შუალედური არჩევნების დროს სარეკლამო კამპანიას თუ დავაკვირდებოდით, დავინახავდით, რომ სანდრა რულოვსის სარეკლამო კლიპებს „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ შემავალი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი ეწერა, რომელსაც უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესაძლებლობა ჰქონდა. ზედიზედ 3-4-ჯერ გადიოდა ერთ სარეკლამო ჭრაში. ჭიათურის კანდიდატს საერთოდ სატელევიზიო სარეკლამო დრო არ ჰქონია და საკუთარი ძალებით სოციალურ ქსელში აქტიურობდა მოხალისეობრივ საწყისებზე.
_ შეგიძლია გამოყო რამდენიმე პიარსვლა, რომელიც ყურადღების ღირსად მიიჩნევა?
_ მიჭირს რაიმე გამოვყო. კამპანია ნეგატივითაა დახუნძლული. კრეატივსა და პიარზე არავინ იწუხებს თავს. სოციალურ ქსელს თუ გადავხედავთ, უამრავი ფეიკ მომხმარებლით იპოსტება დამახინჯებული ინფორმაცია. უმრავლეს შემთხვევაში სიცრუის ტირაჟირება ხდება. ჩვეულებრივ მომხმარებელს უჭირს იმ ინფორმაციის გაფილტვრა, რომელიც სიცრუეა ან დამახინჯებულია. თქვენც შეამჩნევდით ვიღაცის დაპოსტილის განიუსებას, სადაც არც ფაქტის გადამოწმება ხდება და არც მეორე მხარისთვის კითხვის დასმა, სანამ რაიმე ნიუსი გავრცელდება. რეალურად, პოლიტიკური ძალები დაკავებულები არიან არა პიარით, არამედ პროპაგანდით.
მთელი პიარკამპანია მიმართულია ნეგატივისკენ. მთავარი მესიჯია ან ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გაგდება, ან მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ არმოშვება. სხვა რამეზე თავს არავინ იწუხებს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ თუ გვინდა, საარჩევნო კამპანია რამეს დაემსგავსოს, მოსახლეობას მომავლის რწმენა გაუჩნდეს და არჩევნებზე გადაწყვეტილებები რაიმეს ან ვინმეს შიშით კი არ მიიღოს, არამედ დაპირებებზე, პროგრამებზე, კანდიდატების ავკარგიანობაზე იფიქროს და ისე გააკეთოს არჩევანი, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა განეიტრალდეს. ამით მმართველ ძალას ბერკეტი გამოეცლება, რომლითაც ამომრჩეველს ესაუბრება, ხოლო ამომრჩეველი იმაზე ფიქრს დაიწყებს, თუ ვინ სთავაზობს მას მისთვის და მისი შვილებისთვის უკეთეს მომავალს.
_ არჩევნები და მედია _ აქ რა მდგომარეობა გვაქვს?
_ ისევე როგორც საზოგადოებაში, აქაც პოლარიზაციაა. ორივე ლიდერი არხი აცხადებს, რომ თავისი ფავორიტი პოლიტიკური ძალა ჰყავს და მას უჭერს მხარს. უკვე წლებია, ჩემი კომპანია მედია მონიტორინგს ახორციელებს. იმდენ საინტერესო ფაქტს აწყდებიან ჩემი ანალიტიკოსები, რომ გაოცებას ვერ მალავენ. ერთ-ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომელიც მოვლენების გაშუქებას უკავშირდება: ყველას ახსოვს უკრაინაში განვითარებული მოვლენები, როდესაც შენობის სახურავზე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აპირებდნენ. ეს მოვლენა „რუსთავი 2-მა“ იმ დღეს ყველა საინფორმაციოში პირველ სიუჟეტად გაუშვა და 2-3 სიუჟეტი გადასცა ეთერში საინფორმაციოს დასაწყისში. იგივე მოვლენა ტელეკომპანია „მაესტრომ“ უცხოეთის ბლოკში გააშუქა, საინფორმაციოს თითქმის ბოლოს. ასეთი რეალობა გვაქვს დღესაც და როცა არჩევნები მოდის, ტენდენციურობა მით უფრო თვალში საცემია. თუ დააკვირდებით სიუჟეტებში სინქრონებს, მოწვეულ სტუმრებს გადაცემებში და ა. შ., ტენდეციურობა აშკარაა. არაერთი ანგარიში გამოუქვეყნებიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ტელეკომპანიების დაბალანსებულობა გაიზარდა და უმჯობესდება მდგომარეობა, რადგან ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეთმობა ეთერი. ეთერის დათმობა მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ არხმა გააშუქა პოლიტიკური პარტიების ან კანდიდატების კონკრეტული აქტივობა, მოსახლეობასთან შეხვედრა და ა. შ., რომელსაც 30-წამიანი სიუჟეტი მიეძღვნა? ყველა მთავარ თემაზე, მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე კომენტარს აკეთებს ან „ნაციონალური მოძრაობიდან“ 3-4 რესპონდენტი, ან ხელისუფლებიდან. არის საკითხები, რომელზედაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებმა უნდა ისაუბრონ, მაგრამ როდესაც რამის შეფასებაა საჭირო, რომელიც ხელისუფლების საქმიანობას ან თუნდაც ვალუტის კურსს ეხება, რატომ, მაინცდამაინც, „ნაციონალური მოძრაობიდან“ 3-4 რესპონდენტი? ეს ხომ მათთვის დათმობილი საეთერო დროა? იგივე ითქმის ტელეკომპანია „იმედზე“, რომელიც პირიქით ახდენს ამ ყველაფერს. შესაძლოა, ისე მძაფრად არა, მაგრამ შესამჩნევად. რეალურად, ეს არის მედიასივრცის ოკუპაცია, რაც, ისევ და ისევ, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს ხელს უშლის, ამომრჩევლამდე მიიტანოს თავისი შეხედულებები. სატელევიზიო სივრცეზე იმიტომ გავაკეთე აქცენტი, რომ იგი დღეისთვის ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ამომრჩეველზე. NDI-ის კვლევებიც და ფიფლმეტრიის სატელევიზიო რეიტინგებიც ამბობს, რომ მოსახლეობის 55-60% „იმედსა“ და „რუსთავი 2-ს“ უყურებს და აქ გასულ ინფორმაციას ენდობა.
_ არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენა NDI-ის ბოლო კვლევა…
_ ზუსტად ახლა ვაპირებდი მესაუბრა NDI-ის ბოლო კვლევაზე, სადაც ბევრი ჩემთვის საინტერესო რამ აღმოვაჩინე. ზოგი მათგანი კითხვებს ბადებს და ზოგიც არსებულ ვითარებაზე მიგვითითებს.
_ მაინც, რა?
_ ყველაზე მნიშვნელოვანი მოხდა ის, რომ NDI-მ არ აქცია კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად. თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ შედეგები არა 20-21 მაისს, არამედ 16-17 მაისს გვეხილა, რაც დანამდვილებით გახდებოდა პოლიტიკური ძალების მიერ სპეკულირების საგანი. მგონი, პირველი შემთხვევაა, როდესაც NDI-ის შედეგები არჩევნების შედეგებზე მანიპულირებისთვის არ გამოიყენეს.
ჩემი ყურადღება მიიქცია იმ მონაცემმა, სადაც საუბარია, თუ ვის მისცემდა ხმას ამომრჩეველი, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს? უკვე წლებია, რაც NDI-ის კვლევებში ჩანს, რომ მოსახლეობას მეორე არჩევანი, პრაქტიკულად, არ გააჩნია. ბოლო კვლევაში გამოკითხულთა 26% ამბობს, რომ მას მეორე არჩევანი არ აქვს. საინტერესოა, ეს ამომრჩეველი ვის მიმართ გამოხატავს სიმპათიებს? როგორ აფასებს მთავრობისა თუ ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლის საქმიანობას? რომელი პოლიტიკური ძალაა მათთან უფრო ახლოს და ა. შ. ეს მონაცემები პოლიტიკურ ძალებს საშუალებას მისცემდა, გარკვეული სტრატეგიული ან ტაქტიკური ქმედებები განეხორციელებინათ. კარგი იქნებოდა, NDI-ის შემოეთავაზებინა მსგავსი კროსტაბულაციები.
გარდა ამისა, საინტერესოა, რატომ დაავიწყდა NDI-ის ირაკლი ღარიბაშვილი? ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომამდე ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 40%-ის მოწონებას იმსახურებდა. ვერ ვხვდები, NDI-ისთვის რატომ არ იყო საინტერესო ღარიბაშვილი დაბრუნების შემდეგ?
_ ცოტა დამაბნია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობის შეფასებამ. ამაზე რას იტყვი?
_ რაც შეეხება მოქმედ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობის შეფასებას, ანგარიშის ერთ-ერთ სლაიდზე მოცემულია დინამიკა 2015 წლის აპრილიდან დღემდე. 2015 წელს, რეალურად, პრემიერ-მინისტრი, ჯერ კიდევ, ღარიბაშვილი იყო. ის 8 თვის შემდეგ გადადგა და 2018 წლის ივნისამდე ეს თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილს ეკავა. ანუ მამუკა ბახტაძის საქმიანობის შეფასების დინამიკაში დანახვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან თავად NDI-მ კვირიკაშვილის გადადგომამდე 3 თვით ადრე ჩაატარა კვლევა 2018 წელს. შესაბამისად, როდესაც თავად კვლევითი ორგანიზაცია მედიას ასეთ მონაცემს აწვდის, ეს ხდება არასწორი მონაცემების ტირაჟირების საგანი. ამ კვლევით ვერ ვიმსჯელებთ, ბახტაძის რეიტინგი, წინა პერიოდთან შედარებით, დადებითისკენ შეიცვალა თუ პირიქით. იგივე ხდება პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დინამიკაში ჩვენების შემთხვევაში.
ერთადერთი შემთხვევა გვხვდება კახა კალაძესთან მიმართებით, როდესაც მეტ-ნაკლებად ადეკვატური მონაცემი მოგვაწოდა NDI-მ. დინამიკა 2017 წლიდან წარმოგვიდგინა. აშკარაა, დავით ნარმანიას მერობის შემდეგ მის საქმიანობას გამოკითხულთა ნახევარი დადებითად აფასებს. ამასთანავე ის პოლიტიკოსებს შორის ყველაზე რეიტინგულია. აქაც არის ერთი ნიუანსი, რომელიც, საინტერსო იქნებოდა, NDI-ის წარმოედგინა. ანგარიშში მითითებულია, რომ კალაძის რეიტინგი დათვლილია თბილისის მოსახლეობის კვოტის შესაბამისად, რაც თავისთავად მართებულია. თუმცა საინტერესოა, სხვა პოლიტიკური ფიგურების რეიტინგები როგორია დედაქალაქში?! ამ მონაცემით გამოჩნდებოდა, პოლიტიკოსების საქმიანობას თბილისში როგორ აფასებს მოსახლეობა და როგორია დანარჩენი საქართველოს განწყობები.
_ დაბოლოს, პოლიტიკური პროცესების როგორ განვითარებას ელოდები?
_ ველოდები ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის მცდელობებს. „ქართული ოცნების“ რიგებიდან წასული დეპუტატები შეეცდებიან, პოლიტიკურ ორგანიზმად ჩამოყალიბდნენ. ვფიქრობ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები რაიმე ერთობაზე შეთანხმდებიან ერთიანი ფრონტით საბრძოლველად, რადგან ამის ჩანასახი შუალედურ არჩევნებზე გამოჩნდა, როდესაც ერთმანეთის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.
„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მწვავე პაექრობა გაგრძელდება, რადგან ამის განელება ცუდი შედეგის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის საპარლამენტო არჩევნებზე. ცვლილებები იქნება პარტია „ქართულ ოცნებაშიც“.
_ და სამთავრობო ცვლილებები?
_ სამთავრობო ცვლილებებიც სავსებით მოსალოდნელია, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, საზოგადოებას უნდა დაანახოს, რომ დაიწყო რეალური ქმედებები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაკეთებული მისი განცხადება ერთწლიანი ვადის შესახებ მდგომარეობის რადიკალურად შესაცვლელად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე აისახება. თუ არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა არ იქნება, სავარაუდოდ, ისეთივე დაბალ აქტივობას უნდა ველოდოთ, როგორიც მთაწმინდის შემთხვევაში დაფიქსირდა. ამომრჩეველი დარჩება სახლში, რაც, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხამს წყალს.

კოკა წერეთელი