მთავარი პოლიტიკა დავით ჯანდიერი: „ნიჟარაძე უდრის ქიბარ ხალვაშს და ქიბარ ხალვაში უდრის ხელისუფლებას“

დავით ჯანდიერი: „ნიჟარაძე უდრის ქიბარ ხალვაშს და ქიბარ ხალვაში უდრის ხელისუფლებას“

330
0
გაზიარება

„რუსთავი 2“ საფრთხეშია! _ ნიკა გვარამია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის, ლადო ჭანტურიას „რუსთავი 2-ის“ საქმიდან აცილებას მოითხოვს. გვარამიას განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელ ლადო ჭანტურიას კომუნიკაცია აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და ინსტრუქციებს იღებს, როგორ უნდა იმოქმედოს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით.

გაიზიარებს თუ არა სტრასბურგის სასამართლო გვარამიას მოთხოვნას და სამართლებრივად რა შემთხვევაში მოხდება ეს?!
„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი _ დავით ჯანდიერი:

_ დავით, ნიკა გვარამიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის, ლადო ჭანტურიას „რუსთავი 2-ის“ საქმიდან აცილება მოითხოვა. რა შემთხვევაში ხდება ეს და რამდენად რეალისტურია მისი ეს მოთხოვნა აცილებასთან დაკავშირებით?
_ ნებისმიერი სასამართლოს მიმართ სანდოობა დამოკიდებულია მის დამოუკიდებელობასა და მიუკერძოებლობაზე, ასევე უნდა გამოირიცხოს მიკერძოების გარეგნული იერსახე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისა და მოსამართლის არჩევის პროცედურების გამჭვირვალობას. ეს საერთაშორისო სტანდარტი მოქმედებს ასევე ევროპის საბჭოში. თქვენ გახსოვთ, დიდი კრიტიკა ისმოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეროვნული მოსამართლის შერჩევის პროცედურის ირგვლივ. ზოგადად, მთელი კონვენციის სისტემის ინტერესია, რომ მართლმსაჯულება სტრასბურგის სასამართლოში სამართლიან პრინციპებზე დაყრდნობით მიმდინარეობდეს. ამიტომ მოცემულია წესები, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დაცულობას. მოსამართლე საქმის განხილვაში ვერ მონაწილეობს, თუ მან განაცხადა თვითაცილება ან პალატამ გადაწყვიტა ასე. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სახის დაინტერესების ან მიკერძოების ეჭვები შეიძლება არსებობდეს. ასეთ შემთხვევაში ამ მოსამართლეს ჩაანაცვლეს Ad hoc მოსამართლე, ანუ სპეციალურად მივლენილი მოსამართლე. ამგვარი ჩანაცვლების აუცილებლობის წინაშე სასამართლო არაერთხელ დამდგარა, მაგ.: 2007-2010 წლებში 77 Ad hoc მოსამართლე მიავლინეს. ადრე არსებული სისტემა სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევდა, კონკრეტულ საქმეზე Ad hoc მოსამართლე დაენიშნა, რაც ამ მოსამართლის ლეგიტიმაციის ხარისხს ძალიან დაბლა სწევდა. ასე იყო, როდესაც „გირგვლიანის საქმეზე“ მაშინდელმა მოსამართლემ სტრასბურგში აცილების შესახებ განაცხადა და ხელისუფლებამ რამდენიმე თვით დრო გაწელა, სანამ Ad hoc მოსამართლეს მიავლენდა. რა თქმა უნდა, ამ მოსამართლემ მხარი არ დაუჭირა უმრავლესობას და თავის განსხვავებულ აზრში ბევრი უმეცრება დაწერა. მე, როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატს სტრასბურგის სასამართლოში, სხვა მოლოდინი არც მქონია. სხვათა შორის, თავის დროზე, იუკოსის საქმის განხილვაც ასეთი ხრიკების გამო გახანგრძლივდა. ამიტომ Ad hoc მოსამართლის დანიშვნის სისტემის მიმართ კრიტიციზმი ისმოდა და ის შეიცვალა. 2010 წლის პირველ ივნისს ძალაში შევიდა მე-14 ოქმი, რომელმაც ცვლილება შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტესტში, მათ შორის, Ad hoc მოსამართლის დანიშვნის წესთან დაკავშირებით. ცვლილებები შევიდა სასამართლოს რეგლამენტშიც. დღეს მოქმედი წესების მიხედვით: თუ მოსამართლის დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა ლეგიტიმურად იწვევს ეჭვს, პალატა მოუსმენს შესაბამის მოსამართლეს და შემდგომ მის გარეშე განიხილავს და კენჭს უყრის ამ მოსამართლის აცილების საკითხს (სასამართლოს რეგლამენტის 28-ე პრიმა მუხლის მეოთხე პუნქტი). თუკი მოსამართლე აცილებულ იქნა, პალატის თავმჯდომარე დანიშნავს საქმეზე აცილებული მოსამართლის შემცვლელად hoc მოსამართლეს სახელმწიფოს მიერ წინასწარ წარდგენილი სიიდან (რეგლამენტის 29-ე sekunda მუხლის I (a) პუნქტი).
საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ Ad hoc მოსამართლეთა სია შემდეგნაირად გამოიყურება: მინდია უგრეხელიძე; ფრანსუაზ ტულკენსი (ბელგიიდან ყოფილი მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში _ „გირგვლიანის საქმის“ განმხილველი პალატის თავმჯდომარე); დრაგოლუბ პოპოვიჩი (სერბეთის ყოფილი მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში _ მხარი დაუჭირა „გირგვლიანის საქმეში“ მე-2 მუხლის არსებით დარღვევასაც პროცედურულთან ერთად). უნდა აღინიშნოს, რომ Ad hoc მოსამართლეთა სიაში ყოფილი მოსამართლეების შეყვანა სახელმწიფოს მიერ სავალდებულო არ არის. რეგლამენტის მიხედვით, სია უნდა შეიცავდეს ორივე სქესის წარმომადგენელს, მათ ბიოგრაფიასა და ისინი არ უნდა იყვნენ მხარესთან დაკავშირებულნი. აღსანიშნავია, რომ თავად მოსამართლეს შეუძლია განაცხადოს თვითაცილება და აცნობოს პალატის თავმჯდომარეს ამის შესახებ (რეგლამენტის 28.3 მუხლი).
ევროპული სასამართლოსთვის მისი რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის, დიდი სიფრთხილით შეხედავს „რუსთავი 2-ის“ ამ მოთხოვნას და განსაკუთრებით _ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე. შექმნილი ვითარებიდან ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა მიუკერძოებლობის საკითხზე მსჯელობის გარდა, პალატას თავისი იურისდიქცია დაეთმო დიდი პალატისთვის, რაც ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებს მოხსნიდა, მით უფრო, რომ ჩემი აზრით, განსახილველი საქმე წამოჭრის კონვენციის განმარტების სერიოზულ საკითხს.
_ წლებია, ხელისუფლება აქტიურად ცდილობს სხვადასხვა მეთოდით „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ხელისუფლების ამ სურვილმა?
_ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით, პრინციპში, ის პრობლემა გვაქვს, რა პრობლემაც არის სხვა მედიასაშუალებებთან და, რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ხელისუფლების ინტერესს, გააკონტროლოს ის, თუ რა ითქმება მედიაში და ამის მაგალითებიც ახსოვს საზოგადოებას სხვა ტელეკომპანიებთან მიმართებით. უბრალოდ, „რუსთავი 2-ის“ ქეისი განსაკუთრებულია, რადგან მას აქვს აბსოლუტურად გამორჩეული დატვირთვა, ის არის ეროვნული მაუწყებელი წლების განმავლობაში და „რუსთავი 2-ის“ მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება, პირველ რიგში, გამოვლინდა იმ ცნობილ დავასთან დაკავშირებით სასამართლოში. ეს ნათელი დადასტურებაა ხელისუფლების სურვილისა, რომ მას არ უნდა, თავისუფალი სიტყვა და მისთვის მიუღებელი ინფორმაცია ისმოდეს, რომელიც უხერხულობას უქმნის. სააპელაციო სასამართლოში ყველა სხდომას ვესწრებოდი და მოსამართლეების „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენლებისადმი დამოკიდებულება ადასტურებდა ხელისუფლების სურვილს, შეცვლილიყვნენ არხის მეპატრონეები. ამ საქმის განსაკუთრებულ სამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის განჩინება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა, თავის დროზე, როდესაც უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება შეაჩერა და ის დღემდე არ არის აღსრულებული. სავარაუდოდ, ხელისუფლება ხედავს თავის პრობლემებს „რუსთავი 2-ის“ სამომავლო ბედთან დაკავშირებით, ამიტომ ის ახალი სარჩელი, რომელიც ნიკა გვარამიას წინააღმდეგ შეიტანეს, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ხელისუფლებამ განაახლოს პროცესი და სტრასბურგის სასამართლოს სამომავლო გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპისთვის მოემზადოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას არ სურს დათმოს ის გზა, რომელიც მან აირჩია და ის ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად. განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ის ვითომ კანონიერი გზით სასამართლოს მეშვეობით ცდილობს საკუთარი მიზნის მიღწევას. ხელისუფლების ეს ხედვა ზოგადად მედიასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არის ძალიან პრობლემური, რადგან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს დემოკრატიის ხარისხზე. არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც შეიძლება ეწოდოს სამართლებრივი სახელმწიფო, თუკი ის არ იზიარებს დემოკრატიის ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება. ჩემი აზრით, ყველას ინტერესი უნდა იყოს ის, რომ ნებისმიერ მედიასაშულებას და, მათ შორის, „რუსთავი 2-ს“, რომელზედაც გადის ეს ბრძოლა სიტყვის თავისუფლების შესანარჩუნებლად, უნდა დავუდგეთ გვერდით და ხელისუფლებამ უნდა იცოდეს _ მედიაზე ნებისმიერი სახით შეხება მისთვის არ დასრულდება იოლი შედეგებით. ეს ასეც იქნება, თუკი ის შეეცდება, გვერდი აუაროს სტრასბურგის გადაწყვეტილებას ან ახალი გზების ძიება დაიწყოს ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად. ეს რეალობა საკმაოდ სერიოზულ პრობლემას შექმნის ქვეყნის გარეთაც, _ თუკი რაიმე შეიძლება იყოს საქართველოსთან მიმართებით სიმპათიის აღმძვრელი, ეს არის სწორედ რეგიონში არსებული ქართული დამოუკიდებელი მედია, სადაც შეგვიძლია მივიდეთ და ნებისმიერ აზრი გამოვთქვათ. ამ ღირებულების გარეშე საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი მკვეთრად დაეცემა უცხოელი პარტნიორების თვალში.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლება სასამართლოს გზით ცდილობს გააჩუმოს კრიტიკული მედია. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს ხელისუფლებას, თუნდაც, ნიჟარაძის გააქტიურების ფონზე?
_ არ მგონია, ნიჟარაძე საკუთარი ინიციატივით გააქტიურდა. ვფიქრობ, ნიჟარაძე უდრის ქიბარ ხალვაშს და ქიბარ ხალვაში უდრის ხელისუფლებას, _ ეს ფორმულა სწორედ ამგვარად არის წარმოსადგენი. თავი რომ დავანებოთ ყველაფერს, თუკი ნიჟარაძე ითვლება 9%-იანი წილის მფლობელად, სწორედ იმის გამო ითვლება, რომ ნიკა გვარამიამ და „რუსთავი 2-მა“ გაასაჩივრა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეჩერებულია და არ დარეგისტრირდა, ის არ გადავიდა ქიბარ ხალვაშის ხელში. სხვა შემთხვევაში, 9%-იანი წილის მფლობელი ის ვერ იქნებოდა. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ის არ შეერთებია იმ სარჩელს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უცნაურია ის პოზიცია, რომელიც „რუსთავის 2-ის“ დღევანდელი მენეჯმენტის მიმართ ფიქსირდება სარჩელში აღნიშნული პრობლემის ირგვლივ. იქ მოთხოვნებია პარტნიორთა კრების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, რომლის ხანდაზმულობის ვადა ძალიან დიდი ხანია, გავიდა და სამართლებრივად არავითარი სიმყარე არ გააჩნია. ამიტომ არ მგონია, ეს ცალკე აღებული იზოლირებული თამაში იყოს ერთი პარტნიორის, ეს უფრო კოორდინებული სვლა მგონია იმისკენ, რომ თუკი ქიბარ ხალვაშის გზა სამომავლოდ არ გაამართლებს და, სავარაუდოდ, ხელისუფლებას მოუწევს განაახლოს პროცესი, შესაძლოა, ეს მიზნად ისახავდეს, რომ შემცირდეს სხვა პარტნიორების წილობრივი მონაწილეობა „რუსთავი 2-ში“ და გაიზარდოს იმ პარტნიორების წილის რაოდენობა, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან შეიძლება იყოს კონტროლირებული.

ლევან ქემოკლიძე

 

დატოვეთ კომენტარი