ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გარანტიაა


საქართველოში მცირე ჰესების წინააღმდეგ აშკარად ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს. არგუმენტები, როგორც წესი, გაუაზრებელი ჭორებია, მოსახლეობაც ხშირად ხდება ამ ჭორების მსხვერპლი და მშენებლობის პროცესს ისე უწევს წინააღმდეგობას, არც კი აინტერესებს, რას გეგმავს და სთავაზობს მათ ინვესტორი.

„ქრონიკა+“ იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია, მოუსმინოს ყველა მხარეს: ჰესების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს, ექსპერტებს, ინვესტორებს და მიმდინარე პროცესზე საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს.

ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარია ბიძინა იმნაძე. კომპანია „დეკა“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ლაფანყურში გეგმავს:

_ ბატონო ბიძინა, მოგვიყევით თქვენს კომპანიასა და გეგმებზე.
_ ჩვენი კომპანიაა შპს „დეკა“, რომლის საქმიანობა გახლავთ ჰიდროელექტროსადგურების განვითარება. შპს „დეკას“ აქვს შვილობილი კომპანია შპს „ართანა ლოპოტა“, რომელმაც შეიმუშავა ერთი პროექტი, იგი დასრულებულია და ნებადართულია. ეს არის მცირე ჰიდროელექტროსადგური მდინარე ლოპოტის ხეობაში. ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს სამი წელია, დაახლოებით ამდენი ხანი სჭირდება პროექტის ორგანიზებულ განვითარებას. პროექტი 6-მეგავატიანია, კლასიკური მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგური, არ იქნება არც რეზერვუარი და არც დაგუბება, ხდება მდინარის დინების ნაწილის გადაგდება მილსადენში, რამდენიმე კილომეტრში მილსადენი უერთდება ტურბინას და ელექტროენერგია გამომუშავდება. კონკრეტულად ჩვენი პროექტი არის მდინარე ლოპოტის ხეობაში, ჰესიდან უახლოესი დასახლებული სოფელია ლაფანყური, რომელიც ჰესის შენობიდან, დაახლოებით, ორ-ნახევარი კილომეტრის მანძილზეა.
_ ამ დრომდე ჰესები თუ აგიშენებიათ? სხვა პროექტები თუ განუხორციელებია თქვენს ინვესტორს და რა ტიპის გამოცდილება აქვს, სანამ საქართველოში, კონკრეტულად, ლაფანყურში მცირე ჰესის მშენებლობას დაიწყებდით?
_ ჩვენს კომპანიას პარტნიორი ჰყავს, ეს არის იტალიური კომპანია, რომელსაც მსგავსი ჰესების მშენებლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს _ ისევ და ისევ კლასიკური მცირე ზომის მოდინებაზე აგებული ჰიდროელექტროსადგურების განვითარების. პორტფელი აქვთ ჰესების მშენებლობა (ასი ჰესი ააშენეს), მათი უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ იტალიაშია; ასევე რამდენიმე ჰესი ააშენეს ალბანეთსა და ჩილეში. ამ კომპანიას აქვს არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გამოცდილება, არამედ ელექტრომექანიკური მოწყობილობების დამზადების გამოცდილება და ძალიან კარგად ჩამოყალიბებული კომპანიაა. მას ჰიდროელექტროსადგურების მიმართ ჯანსაღი ფინანსური და საინჟინრო თუ საპროექტო მიდგომა აქვს. საქართველომ მათი დაინტერესება, ძირითადად, იმიტომ გამოიწვია, რომ დასავლეთ ევროპაში, პრაქტიკულად, ამოწურულია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის რესურსი, განსაკუთრებით მათ რეგიონში: ავსტრია, იტალია, ჩრდილოეთ იტალია, შვეიცარია, _ იქ აღარ დარჩა მდინარე, რომელზედაც შესაძლებელია ჰესის აშენება და არ არის აშენებული. შესაბამისად, საქართველო, თავისი ჰიდრორესურსიდან გამომდინარე, ინვესტორისთვის საინტერესო ქვეყანაა.
_ ბატონო ბიძინა, შევეცდები ვიყო თქვენი ოპონენტი და დაგისვათ ის კითხვა (ზოგჯერ ჭორიც), რომელიც გავრცელებულია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხრიდან. პირველი: ეს არის გავლენა ადგილობრივ ბუნებასა და ეკოლოგიაზე, რომ იქ მოხდება კატასტროფული შედეგები, ჩამოინგრევა მთები, განადგურდება გარემო, აღარ იარსებებს მდინარე და ა. შ. რას უპასუხებდით თქვენს ოპონენტებს ამ კითხვაზე?
_ ჩვენ მიერ ინვესტირებული კონკრეტული ელექტროსადგურის მაგალითზე ვისაუბროთ: უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია პროექტის ზომის აღქმა, _ 6 მეგავატი არის მცირე პროექტი. ჩვენ შემთხვევაში იქნება ორი სათავე ნაგებობა. თითო არის, დაახლოებით, 6 მეტრი სიგანის და, სადღაც, 5 მეტრი სიმაღლის კედელი. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, ეს არ არის გიგანტური კაშხალი, ეს არ არის „ჟინვალი“ და „ენგური“ ან მსგავსი ჰესი, ეს არის ძალიან პატარა ორი შენობა, სადაც წყლის მოძრაობა ჩერდება, ნელდება, წყლის ნაწილი გადადის და შედის მილსადენში. მილსადენი არსად ჩანს, მიწისქვეშ არის. ჩვენ შემთხვევაში, დაახლოებით, 4,5 კმ. მილსადენი ამოდის და შედის ჰესის შენობაში. ამ შემთხვევაში მილსადენი საერთოდ არ ახდენს გავლენას გარემოზე. არც ჰესის შენობა არის მასიური და ინდუსტრიული, პირობითად ვთქვათ _ საშუალო ზომის სახლია. მაქსიმალურად შევეცდებით, ადგილობრივ ტრადიციებთან და პირობებთან შესაბამისობაში ავაგოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ტერიტორია შემოისაზღვრება და ისე კეთილმოეწყობა, რომ მინიმალური ვიზუალური კი არა, პოზიტიური ვიზუალური გავლენაც კი ჰქონდეს გარემოზე.
_ რაც შეეხება მდინარეს, არსებობს მისი დაშრობის საშიშროება?
_ რაც შეეხება მდინარის დაშრობას, ამაზე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შემდეგ ჭორი არ გავრცელდეს: მდინარის წყლის ნაწილი შედის მილსადენში და თავისთავად ცხადია, მდინარეში წყლის რაოდენობა დაიკლებს. ჩვენ შემთხვევაში, ისტორიულ მოდინებაზე გათვალისწინებით დაანგარიშებული გვაქვს, რამდენი იქნებოდა, 40 წლის განმავლობაში ეს ჰესი რომ ყოფილიყო. საშუალოდ, წყლის 30% დარჩებოდა მდინარეში და დანარჩენს გამოვიყენებდით ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. ამ 30% წყლის დატოვება მდინარეში უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნებისა და ეკობალანსის შენარჩუნებას. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ჰიდროელექტროსადგურები არ არის ჩვენი მოგონილი, ჰესები საქართველოში 100 წლის მანძილზე არსებობს, არის 30-იან წლებში აშენებული პატარა სადგურების მაგალითი , შეიძლება მისვლა და ნახვა, რომ არაფერი შეცვლილა, არც ბუნება, არც ხე-ტყე განადგურებულა და არც არაფერი დანგრეულა. მეტიც, ჩვენ შემთხვევაში ისევე, როგორც ყველა კარგი სადგურის აშენების დროს, გათვალისწინებულია თევზსავალი და თევზიც შენარჩუნებულია მდინარეში. თავისთავად ცხადია, ისევ და ისევ, როგორც სხვა საქმიანობა ადამიანისა, გავლენას ვახდენთ გარემოზე, მაგრამ ვაბალანსებთ, არ ხდება ეკოლოგიური სისტემის, არც ბიომრავალფეროვნების დარღვევა. ეს არ არის ჩვენი მოგონილი, ამაზე სამი წლის განმავლობაში კვლევები ჩატარდა, გაცემულია გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვა, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც არსებობს უზარმაზარი გამოცდილება.
_ ვინ იმუშავებს ჰესის მშენებლობაზე? ხშირად საუბარია, რომ ჩამოჰყავთ იაფი მუშახელი. ადგილობრივ მოსახლეობას თუ სთავაზობთ დასაქმებას?
_ კანონმდებლობით მოვალეობა გვაქვს ,ჩვენ მიერ დაქირავებულ სამშენებლო კომპანიებსაც , რომ უპირველეს ყოვლისა სამუშაოდ დაიქირავოს ადგილობრივი მოსახლეობა. ვისაც სურს და კვალიფიკაცია ვისაც აქვს, ყველა პრიორიტეტული იქნება სამშენებლო პროექტზე. უკვე გვაქვს ადგილობრივი მოსახლეობის დაქირავების გამოცდილება, გვჭირდებოდა მანქანები, ბულდოზერები, სხვადასხვა პატარა ტექნიკა. კვლევების დროს ყოველთვის იყვნენ დაქირავებულები ან თვითონ სოფელ ლაფანყურიდან, ან სოფელ ნაფარეულიდან, რომელიც არის შედარებით ახლოს მდებარე სოფელი ჩვენს სამშენებლო დერეფანთან. ამის გამოცდილება არსებობს და ყველას ინტერესშია, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივები დასაქმდნენ. არსებობს სხვა პლუსები, მაგალითად საკვებით მომარაგების. თავისთავად ცხადია, გვირჩევნია, ადგილობრივებმა მოგვამარაგონ საკვებით, ვიდრე შორიდან ვატაროთ. არის დასახლების პლუსი: თუკი ისეთი მუშახელი გვყავს, რომელიც იქ არ ცხოვრობს, ყოველთვის გვირჩევნია, იქვე, სოფელში დაბინავდეს, პროექტთან ახლოს, რაშიც ადგილობრივ მოსახლეობას მოგება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა ჰესია, ვფიქრობთ, 4-5 ადამიანი ჰესის ოპერირებაზე მუდმივად მუშაობდეს. აქედან მინიმუმ ორი ადგილი კვალიფიციური სამუშაოა, ადამიანს ვასწავლით ტურბინა-გენერატორის ოპერირებას, შენახვასა და მოვლას. მან შესაბამისი უნარ-ჩვევები უნდა გამოიმუშავოს. ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტია. გარანტიას ვიძლევით, რომ ასე მოხდება. გარდა ამისა, ვიცით, რომ სოფელს ჰქონდა და აქვს არაადეკვატური სასმელი წყლის მომარაგება და შევთანხმდით, რომ კვალიფიციურ სპეციალისტებს მოვიყვანთ, რაც სოფელს წყლით მომარაგების სისტემას გაუუმჯობესებს, შესაბამისი ზომის წყლის რეზერვუარის დადგმა დამატებითი წყაროა. ასევე შევთანხმდით, რომ მოწესრიგდებოდა მელიორაციული _ სარწყავი წყლით მომარაგების სისტემა. იქ არის საკმაოდ დანგრეული ხიდი, რომელიც მდინარეზე გადადის და ამის მოწესრიგების ვალდებულებაც საკუთარ თავზე ავიღეთ. ამასთანავე იყო რამდენიმე მცირე სატკივარი: სასაფლაოსთან ხდებოდა ნაპირის გამორეცხვა და ამის აღდგენით სამუშაოზე შევთანხმდით. ეს ყველაფერი არის ჩამოწერილი, შეთანხმებული და დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენს საქმიანობაში ჩართული ადამიანი ასეთივე ტიპის თანამშრომლობაზე მიდის სოფელთან ერთად. ეს საუკეთესო პრაქტიკაა ამ ხალხთან მიმართებით, ვინც ყველაზე ახლოს იქნება ობიექტთან. მგონი, ყველას უნდა გვქონდეს მორალური უფლება, ეს გავაკეთოთ. კიდევ არის პრობლემები, რაც სოფელს სტკივა და აწუხებს, მაგრამ, ამ ეტაპზე, ვერ ვპირდებით რამის გაკეთებას, რადგან ჩვენი საქმე გვაქვს დასასრულებელი, თუმცა იქ ვიქნებით, იქ დავრჩებით და ყველანაირად გვერდით დავუდგებით.
_ ფერდების ჩამოშლის საშიშროებასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით?
_ ნებისმიერი მშენებლობის დროს, თუ პროცესი სწორად ტარდება, ფერდი არ უნდა ჩამოიშალოს და არ უნდა დაინგრეს. აქვე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თუ ფერდი ჩამოინგრა და რაღაც დაზიანდა, ჩვენ დაგვიშავდება, სათავე-ნაგებობაში ჩაცვივდება ეს ჩამონაშალი, ჩვენი გასაწმენდი და ჩვენი ზარალი იქნება. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ჩვენსავე ინტერესში შედის, ყველაფერი სწორად გაკეთდეს და ჩამოშლა გამოირიცხოს. ასეთი კატასტროფა რატომ უნდა მოხდეს მაინცდამაინც ჰესის მშენებლობის დროს? ეს აბსოლუტურად გაუგებარი ლოგიკაა. ყველას ჰგონია, რომ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ჩვენი კერძო ინტერესის გამო მაინც უნდა მიექცეს ამას უზარმაზარ ყურადღება. შესაბამისად, სადაც არის ფერდის ჩამოწოლის საშიშროება, სადაც არის რისკიანი უბნები, იქ დეტალური გეოლოგიური კვლევები ტარდება ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბურღის ჩათვლით, რომ დავაზუსტოთ რა ქანებია, რა პროცესები მიმდინარეობს, რათა შესაბამისი ღონისძიებები მივიღოთ ოპერირების დროს.
_ რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის ჰესს, რომელსაც ააშენებთ ლაფანყურში? ქვეყანას რა მოგება რჩება და რატომ ნიშნავს ეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, რაც როგორც წესი თქვენი მთავარი არგუმენტია, როცა ჰესების მშენებლობაზე მიმდინარეობს კამათი?
_ თუ იზოლაციაში შევხედავთ თითო ექვს თუ ხუთმეგავატიან ჰესს, თავისთავად ცხადია, იკითხავთ, _ ეს ჰესი თუ არ იარსებებს, მერე რა? ამიტომ ამას იზოლაციაში არ უნდა ვუყურებდეთ, რადგან ეს არის ნაწილი იმ დიდი პროგრამისა, _ შეიძლება აშენდეს ერთი და ორი კი არა, 20-30 ჰესი, რაც ჯამში არის სადღაც 180 მეგავატი სიმძლავრის საქართველოს მასშტაბით. ეს დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში. პირიქით ვიტყოდი, რომ გარემოსთვის კარგია, ბევრი 5-6-მეგავატიანი აშენდეს, ვიდრე ერთი მასიური ჰესი. არასწორად არ გამიგოთ, ეს არ არის ჩემი პოზიცია დიდ ჰესებზე, მაგრამ ეს არის მსჯელობა კონკრეტულად იმ პლუსზე, რაც მცირე ჰესებს აქვს. მინიმალური გავლენა გარემოზე, მინიმალური გავლენა ვიზუალურად ბუნებაზე, სწრაფი პერიოდი მშენებლობისთვის, წელიწად-ნახევარში შეიძლება ამის დამზადება და სწრაფი შეყვანა ოპერირებაში.
_ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის დროს ქვეყანა აღარ შეიძენს ელექტროენერგიას გარედან და ამ ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით დაკმაყოფილდება შიდა მოხმარებისთვის?
_ გათვლებით და ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით საქართველოს აქვს საშუალება, საკუთარი თავი უზრუნველყოს ელექტროენერგიით. ეს არის უნიკალური პლუსი, რომელიც საქართველოს გააჩნია. თუ ასეთი ჰესები აშენდა, ნაკლებად ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებულები. ვისაც 90-იან წლებში უცხოვრია, იცის, ეს რასაც ნიშნავს. არა მარტო ელექტროენერგიის, არამედ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს გაზისა და ქვანახშირის მხრივ იმპორტზე დამოკიდებულება. შეგვიძლია, ეს იმპორტი ჩავანაცვლოთ სუფთა ადგილობრივი ენერგიით, აქ დასაქმებით და აქ შექმნილი აქტივით…
მინდა, კვლავ ხაზი გავუსვა იმ პლუსს სოფლისთვის თუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რასაც ხეობაში ჰესის მშენებლობა გამოიწვევს: ადამიანები მხოლოდ ამ კონკრეტულ ჰესში არ დასაქმდებიან, ამით აქტიური ეკონომიკური აგენტი ჩნდება რეგიონში, სადაც, როგორც წესი, ეკონომიკური აქტიურობა ძალიან მცირეა. თავისთავად ცხადია, იმ სოფლის მეზობლები ვხდებით და თუ სოფელს რაღაც დასჭირდა, გვერდით დავუდგებით. შეიძლება, სულ სხვა ეკონომიკური აქტივობა და ეკონომიკური საქმიანობაც მოყვეს ჩვენ იქ ყოფნას: თუ არის ტურისტული პოტენციალი, სხვა სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი, იქ ვიქნებით და ერთიანი ძალით შევძლებთ ამ სხვა დამატებითი პლუსების გააქტიურებას.
_ მცირე ჰესები ელექტროენერგიის ტარიფს, გარკვეულწილად, შეამცირებს? შორეული პერსპექტივისთვის გეკითხებით, მაგრამ, ალბათ, ეს ფაქტიც მნიშვნელოვანია
_ ეს ცოტა რთული საკითხია, რადგან, თავისთავად ცხადია, წარმოება შერწყმულია მოთხოვნილებასთან, მაგრამ ფაქტია, რომ თუ არ მოხდა დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავება ამ მცირე ჰესების სახით, მაშინ ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის პირობებში ფასები გაიზრდება. ასეთი დამატებითი სიმძლავრის ამუშავება უსათუოდ ანელებს ამ პროცესს. ცალსახად იმის თქმა ძნელია, რომ იმდენი აშენდება, რომ დენის ფასი დაეცემა, რადგან ბევრი ფაქტი მოქმედებს საბოლოო ფასის განსაზღვრაზე. აშკარაა, რომ თუ დამატებითი სიმძლავრე არ შეიქმნა, ფასი უსათუოდ გაიზრდება.
_ ბატონო ბიძინა, ადგილობრივ მოსახლეობასთან რა ტიპის წინააღმდეგობები გხვდებათ და რატომ? ყველაზე მეტად მინდა, მიზეზი გავარკვიო, რატომ ხდება ეს, მით უმეტეს, თქვენ თქვით, რომ უახლოესი სოფელი არის ჰესისგან საკმაოდ მოშორებული და რატომ არის წინააღმდეგობა? როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ ჭორებია, მართული და ორგანიზებული პროცესია, თუ ინფორმაციის ნაკლებობაა?
_ ყ მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მდინარიდან ამოღებული წყალი არ ჩაბრუნდება სოფელში, სოფელს დააკლდება სარწყავი და სასმელი წყალი. ეს ძალიან გამართლებული შიშია და ზუსტად ამიტომ ცდილობენ ყოველთვის ჩემი კოლეგები, რომ სოფლის ზემოთ აიგოს ჰესის შენობა. ჰესში გამომუშავებული წყალი მდინარეში ბრუნდება და ჩვენ შემთხვევაში სოფელს საერთოდ არ ეხება წყლის ნაკლებობა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ წყალი, რომელიც მილში შედის ტურბინაში, ისევ მდინარეში ბრუნდება და ისეთივე სუფთაა, როგორც მდინარის წყალი. არც საპოხი მასალა და არც საწვავი მასალა მილსადენსა და ტურბინაში არ გადის. ჩვენი პროექტის შემთხვევაში ჰესი ორ-ნახევარი კილომეტრით არის მოშორებული სოფლიდან, წყალი დაბრუნდება მდინარეში და სოფელი ვერც შეატყობს მდინარის წყლისა და სასმელი წყლის სიმცირეს. ამას არა მხოლოდ მე ვამბობ, არამედ სპეციალური კვლევა ჩატარდა, რომ სოფლისთვის გვეჩვენებინა. მეორე გასაგები შიში, ალბათ, ის არის, რომ ამ მშენებლობით რაღაც იცვლება და ა. შ. ამ ვერსიას ვუშვებ და კიდეც ვვარაუდობ, რომ შეიძლება საკმარისი კომუნიკაცია არ იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან. არ არის კარგი თავის მართლება, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. შეიძლება, ჩვენ გვგონია, რომ საკმარისი კომუნიკაცია იყო, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს არასაკმარისია, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს ახსნა-განმარტება, კონკრეტულად რა შენდება, სად შენდება, როგორ შენდება და რა იქნება შედეგი. მაგრამ, ამავე დროს, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, თუ არის მათთვის რაღაც მართული პროცესი, არსებობენ ადამიანები, ვის ინტერესშიც შედის, მსგავსი დონის ეკონომიკური აქტიურობა საქართველოში არ დაფიქსირდეს, საქართველომ ვერ მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, ამიტომ ხალხში ჭორებს ავრცელებენ და შიშს ნერგავენ.
_ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, შესაძლებელია თუ არა, ამ პროცესების უკან იდგეს რუსეთი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი?
_ გაზსა და ელექტროენერგიას საიდანაც ვყიდულობთ, ლოგიკურია, ის ქვეყანა უნდა იდგეს ასეთი პროცესების უკან, ჩემთვის ეს ლოგიკა სწორია. ამის გამო ჭორები გორდება და შიში ითესება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უზარმაზარ რეზერვუარს ვაგებდით, რომელიც სოფელს წაიღებდა, შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდინარე დაშრება, შემდეგ ითქვა, რომ მთა ჩამოინგრევა, რადგან იქ გეოლოგიაა ცუდი. ვიღაც ამ ინფორმაციას მიზანმიმართულად აწვდის სოფელს და დეზინფორმაციის საფუძველზე ეს შიშები ჩნდება. არის კიდეც იმაზე ვარაუდი, რომ კონკრეტულად ვიღაცა მუშაობს ამაზე და ფულს უხდიან, რომ ხელი შეუშალონ ამ საქმიანობას.
_ სავარაუდოდ, როდის დაიწყება მშენებლობა და როდის მივა იმ კონდინციამდე, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება შესაძლებელი იქნება?
_ ყველა ნებართვა აღებული გვაქვს. შევეცდებით, მაქსიმალურად თავი ავარიდოთ რაიმე კონფლიქტს. იმედია, ასეც მოხდება. შესაბამისად, ერთ თვეში შეგვიძლია მშენებლობის დაწყება. ასეთი ტიპის მშენებლობას, დაახლოებით, 12 თვე სჭირდება. ჩვენი ვარაუდით, თუკი შევძლებთ ივნის-ივლისში მშენებლობის დაწყებას, მომავალი წლის აპრილში, თუ ექსპლუატაციაში გაშვება არა, პრაქტიკულად, ყველაფერი დამთავრებული იქნება. თავისთავად მშენებლობა არ არის რთული პროცესი, ელექტრომექანიკური დანადგარებია მოსამზადებელი, ჩამოსატანი და ელექტროდანადგარის დამზადებას რაღაც დრო სჭირდება, ამას ვერ გავექცევით.
იმედი მაქვს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია შედგება და მოვახერხებთ, მათ მკაფიოდ და ნათლად ავუხსნათ, რომ ჰესის აშენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.

ელისო კილაძე