თამაზ სოზაშვილი: „17 მაისს ყოველთვის გაგვახსენდება „ტაბურეტკიანი“ მღვდელი“

2019 წლის 17 მაისი, შეიძლება ითქვას, მშვიდობიანად დასრულდა, რადგან ამ დღეს „ლგბტქ“ აქტივისტებმა ღონისძიების გამართვაზე უარი თქვეს. მათი შეფასებით, „ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და „ლგბტქ“ ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს“.

თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით „ლგბტქ“ პრაიდი გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ღონისძიებას ვიხილავთ.
კვირეულის ფარგლებშივე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სახალხო დამცველის აპარატის, საზოგადოებრივი ჯგუფების , უმცირესობებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და „ლგბტქ“ თემის წევრები დაესწრებიან. საერთაშორისო კონფერენციას ასევე დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები.
კვირეულის ფარგლებში ასევე ფრანც კაფკას მოთხრობის მიხედვით წარმოდგენილი იქნება სოციალური სპექტაკლი. სპექტაკლს 600 ადამიანი დაესწრება და დიდ თეატრალურ დარბაზში გაიმართება.
„ლგბტქ“ კვირეული ღირსების მარშით დასრულდება. ორგანიზატორების თქმით, მარშს საზეიმო ან კარნავალის სახე არ ექნება. ღირსების მარშით აქციის მონაწილეები საზოგადოებას აჩვენებენ, რომ მათაც აწუხებთ სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია და ა. შ.
საპროტესტო მსვლელობით ისინი კიდევ ერთხელ გააჟღერებენ მესიჯებს, რომ მათ მშვიდობიან და არაძალადობრივ გარემოში სურთ ცხოვრება.

„ქრონიკა+“ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთ ორგანიზატორ თამაზ სოზაშვილს ესაუბრა:
_ თამაზ, მინდა გავიხსენოთ 2013 წლის 17 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევა, დღეს რა შეფასება შეგიძლიათ გააკეთოთ და ზოგადად, რა შეცვალა ამ დღემ „ლგბტქ“ თემისა და ქართული საზოგადოების ცხოვრებაში?
_ 2013 წლის 17 მაისის აქციის ორგანიზატორი და მონაწილე არ ვყოფილვარ, იმ დროს ძალიან პატარა ვიყავი. თუმცა კადრები ნანახი მაქვს და ინფორმაციას ვფლობ ჩემი მეგობრებისგან, აქტივისტებისგან, თანამშრომლებისგან თუ რა ხდებოდა იმ დროს აქციაზე. ჩემი შეფასებით, ეს იყო კარგი ლუსტრაცია ეკლესიისა, თუ როგორი ფარისეველი შეიძლება იყოს ის. ქართულმა საზოგადოებამ დაინახა სასულიერო პირების მიერ დარაზმული ადამიანები, როგორ მისდევდნენ მშვიდობიანი აქციის ათეულობით მონაწილეს ჩასაქოლად. ბუნებრივია, ეს უმძიმესი აქცია იყო და დღემდე მტკივნეულია ქართველი ქვიარ (ქვიარი _ განსხვავებული; ჰეტერონორმატიულ წესრიგს რადიკალურად დაპირისპირებული აქტივისტი, _ რედ.) ადამიანებისთვის და ქვიარ აქტივისტებისთვის ეს დღე გასახსენებლად. 2013 წლის 17 მაისმა უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმები მიაყენა ადამიანებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ყვითელ ავტობუსებში იმყოფებოდა. ეს არ იყო არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის მშვიდად საყურებელი. მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდა ამ დღის შემდეგ მოვლენები! _ საპატრიაქო ორგანიზატორი იყო ძალადობისა და ის, შეიძლება ითქვას, თანამშრომლობდა ქართულ სახელმწიფოსთან…
_ რას გულისხმობთ?
_ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, არ გამოიყენა ყველა ბერკეტი და რესურსი, რათა დაეცვა აქციის მონაწილეები… პოლიციამ თავად გახსნა დერეფანი და მოძალადე ადამიანთა ჯგუფი გაუშვა აქციის მონაწილეების მიმართულებით. ეს ყველაფერი კადრებში ჩანს, რომელიც ასახავს იმ სისატიკეს, რაც 2013 წელს ხდებოდა თბილისში. რა მოხდა ამის შემდეგ? 2014 წელს, იმის ნაცვლად, რომ საპატრიარქოს ეს ყველაფერი გაეაზრებიანა და ხმამაღლა ეთქვა ძალადობისთვის არა! _ მივიღეთ ოჯახის სიწმინდის დღე… ეს არის ნიღბის ქვეშ დაკანონებული ჩაგვრა ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ, იმიტომ რომ მათ 17 მაისი წაგვართვეს.
_ სახელმწიფოს მხრიდან რამდენად ადეკვატური იყო სამართლებრივი შეფასება იმ ძალადობაზე, რაც 2013 წლის 17 მაისს ვიხილეთ?
_ საქალაქო სასამართლომ გაამართლა ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც „ტაბურეტკით“ მისდევდა აქციის მონაწილეებს და ასევე ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც უშუალოდ ძალადობაში იყო ბრალდებული. მათ მინიმალური ჯარიმები (100 ლარი) დაეკისრათ. ამ ფაქტებმა ცხადყო სახელმწიფოს პოზიცია, რომ იმ პერიოდში არ იყო პოლიტიკურ ნება, სახელმწიფოს ხმამაღლა ეთქვა: „ლგბტქ“ ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და მათ შეუძლიათ ისარგებლონ ყველა იმ უფლებით, რომლითაც სარგებლობენ საქართველოს სხვა მოქალაქეები.
_ საპატრიარქოს განცხადებებს თუ გადავხედავთ, ის ამბობს, რომ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, თუმცა ვითარება არ იცვლება…
_ სხვათა შორის, ეს ტენდენცია მეც შევამჩნიე, ახალი ნარატივი შემოიტანეს და ამბობენ, რომ ისინი ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას, თუმცა, ამავე დროს, ამბობენ, რომ ისინი პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ იმაზე, თუკი ძალადობის ფაქტები მოხდება მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე. შეიძლება რაღაცები გაიაზრეს კიდევაც, არ ვიცი… 2013 წლის 17 მაისმა, გარკვეულწილად, მათზეც იმოქმედა ნეგატიურად, რადგან აჩვენეს, თუ როგორი ძალადობრივი
ინსტიტუტია საპატრიარქო „ლგბტქ“ თემის მიმართ. ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს დღე იყო შოკისმომგრველი, ვინც მანამდე ცოტა ნეიტრალურად იყო განწყობილი „ლგბტქ“ თემის მიმართ. დაინახეს, რომ ის ძალადობა თავიდან ბოლომდე პროვოცირებული იყო ეკლესიის წარმომადგენლების მიერ და 17 მაისს ყოველთვის გაგვახსენდება „ტაბურეტკიანი“ მღვდელი. შესაძლოა ვივარაუდოდ, რომ რაღაცები თავად საპატრიარქოშიც გადაიაზრეს, თუმცა, მეორე მხრივ, ვერ თმობენ ძალაუფლებას, რადგან ეს თემები მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია; ძალაუფლების დემონსტრაციის საშუალება, რომ ყოველ 17 მაისს ადამიანები ქუჩაში გამოიყვანონ და, რაღაცნაირად, მათთვის ეს დღე დაკანონდა ჩაგვრის ინსტრუმენტად, რათა გავლენები ჰქონდეთ კონკრეტულ ჯგუფებსა და ინსტიტუტებზე.
_ პოლიტიკური სპექტრი ძალიან ხშირად ბოროტად იყენებს „ლბგტქ“ თემის პრობლემებს ქულების დასაწერად, როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ ყველა გამოკითხვით ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, უმთავრესსა და უმნიშვნელოვანეს პრობლემებს შორის გამოარჩევს: სიღარიბეს, უმუშევრობასა და ოკუპაციას. ეს არის ის ძირითადი სამი პრობლემა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს, შესაბამისად, პოლიტიკოსებს, რომლებსაც არ გააჩნიათ პოლიტიკური ნება ან არ შეუძლიათ პრობლემების მოგვარება, ისინი სულ სხვა რამეს სთავაზობენ მოსახლეობას და ხელოვნურად აღვივებენ შუღლს, ზიზღსა და აგრესიას „ლგბტქ“ ადამიანების მიმართ, რათა მთავარი პრობლემები გადაფარონ. ამის ნათელი მაგალითია საკონსტიტუციო ჩანაწერი ქორწინებასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს საკითხი არ დგას და არც იდგა ქვიარ ადამიანების დღის წესრიგში, თუნდაც სამოქალაქო პარტნიორობა, ან ქორწინების თანასწორობა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი სხვა პრობლემის წინაშე ვდგავართ, თუმცა ხელოვნურად წამოწიეს, რადგან ეს იყო მათი წინასაარჩევნო კამპანია. მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობა ისედაც არ გვაძლევდა ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობას, უბრალოდ, პოლიტიკოსებმა დამატებითი გარანტიები შემოიტანეს და ყველას გვახსოვს, როგორ დადიოდნენ განხილვებზე. ასევე 19 მაისს გამართულმა შუალედურმა არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ მხოლოდ სიძულვილსა და ჰომოფობიაზე აგებულ საარჩევნო კამპანიას წარმატება არ მოაქვს! „ლგბტქ“ ადამიანების ჩაგვრა და განდევნა საჯარო სივრცეებიდან არ აგვარებს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დგას. ეს უნდა იყოს გაკვეთილი სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც, რათა სამომავლოდ რეალური პრობლემების გადაჭრაზე მიმართონ ძალისხმევა. კობა დავითაშვილმა 3%-იც ვერ აიღო, მისი წინასაარჩევნო კამპანია კი სრულად იყო ჰომოფობიასა და ტრასფობიაზე აგებული.
_ და მაინც, რატომ არ აღინიშნა წლევანდელ წელს 17 მაისი?
_ ამ კითხვაზე სრუყოფილ პასუხს ვერ გაგცემთ, ამაზე სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ. მე გესაუბრებით, როგორც „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და ჩვენი პოზიცია ასეთია: ჩვენ უკვე ორგანიზებას ვუწევთ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ღონისძიებას _ კვირეულს. იმდენად ბევრი რამ სჭირდება ამ ყველაფრის ორგანიზებას, ფიზიკურად დრო და რესურსი აღარ გვქონდა, 17 მაისზეც გვეზრუნა. ჩემი პირადი პოზიცია კი ასეთია: ყველასთვის ცნობილია, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2014 წლიდან კი პატრიარქის ინიციატივით მართლმადიდებელი ეკლესია „ოჯახის სიწმინდის დღეს“ აღნიშნავს. შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე, რეალურად, ეკლესიამ წაგვართვა. ე. წ. ოჯახის სიწმინდის დღედ შეფუთეს, თითქოს ისინი ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ საზოგადობის დიდმა ნაწილმა კარგად დაინახა, რომ ეს არის დაკანონებული ჩაგვრა და სიძულვილი „ლგბტქ“ თემის მიმართ და ამას ცხადყოფს იმ ცნობილი ადამიანების უარი, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო კონცერტში მიეღოთ მონაწილეობა. საზოგადოების ნაწილმა და ცნობილმა მომღერლებმა გაიაზრეს, რომ ეს რეალურად იყო დაკანონებული ჩაგვრა და ძალადობა „ლგბტქ“ პირების მიმართ. ფაქტობრივად ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საჯარო სივრციდან გაგვაძევეს _ წელსაც და შარშანაც მოგვიწია, პარტიზანულად მიგვეწვდინა ხმა საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის. „თბილის პრაიდმა“ წლევანდელი 17 მაისისთვის, თავის მხრივ, გამოაქვეყნა გზავნილი ვიდეოს სახით: „ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ მშვიდობიან, არაძალადობრივ, შემდგარ საზოგადოებაში, რომელშიც ყველა დაცულია. ჩვენ ვებრძვით უსამართლობას, ყველა ჩაგრული ჯგუფის მიმართ ვართ სოლიდარულები. ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, ასე ცხოვრება გაუსაძლისია. ჩვენ ვიბრძვით ღირსებისთვის, ჩვენ არ ვართ ცოტა და არავის დავტოვებთ მარტო“. ვიდეოში თემის წევრების მესიჯები მკაფიო იყო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მიმართ. აი, ეს არის ჩემი პოზიცია, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ დაკანონებული ჩაგვრის მომსწრე და ჩვენთვის ყოველი წელი ბრძოლაა. სახელმწიფო არანაირ ეფეტიან ნაბიჯებს არ დგამს, თუნდაც იმ აგრესიული, ფაშისტური დაჯგუფებების ქმედებეზე. ეს აგრესიას ახალისებს. ამ შემთხვევაში ასეთი მოცემულობა გვაქვს: საპატრიარქო ამბობს, რომ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, „ქართული მარშიც“ იგივეს იმეორებს და გმობს ყოველგვარ ძალადობას, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ გარეთ ვერ გავდივართ…
_ რატომ გახდა საჭირო კვირეულის გაკეთება ივნისში? როგორ მიმდინარეობს კვირეულის სამზადისი და როგორი იქნება პირველი ქართული პრაიდი? თქვენ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს არ იქნება საზეიმო მსვლელობა.
_ იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ლგბტქ“ ადამიანებს არ გვეძლეოდა თავისუფლად შეკრებისა და მანიფესტაციით სარგებლობის უფლება, რადგან საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღე დააწესა და ხელოვნურად გამოგვდევნა საჯარო სივრციდან… ყოველ 17 მაისს მუდმივი დაპირისპირების საგანი იყო, ვინ რომელ ადგილს დაიკავებდა ამ დღეს, ამიტომ აქტივისტების ნაწილმა გადავწყვიტეთ, ივნისში გაგვეკეთებინა პრაიდის კვირეული. კვირეული შედგება სამი მთავარი ღონისძიებისგან: ეს არის საერთაშორისო კონფერენცია, სოციალური თეატრი და ღირსების მარში… ღირსების მარში არ იქნება საზეიმო და კარნავალის სახით წარმოდგენილი, ეს იქნება, ძირითადად, პოლიტიკური მესიჯებით დატვირთული საპროტესტო ხასიათის მსვლელობა. ჩვენი მიზანია, „ლგბტქ“ ადამიანებს საშუალება მოგვეცეს, რომ ვისარგებლოთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, რაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, რომლითაც ვერ ვსარგებლობთ ბოლო რამდენიმე წელია. რატომ დავაანონსეთ 4 თვით ადრე კვრეული? იმიტომ, რომ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს, რომელიც ნეიტრალურად არის განწყობილი, მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რა არის პრაიდი, რა ფორმით ტარდება იგი და ა. შ.
_ თუმცა სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფებისგან მუქარის შემცვლელი განცხადებები კეთდება. უსაფთხოების რა გარანტიები მიიღეთ სახელმწიფოს მხრიდან?
_ ეს ადამიანები არიან მარგინალური ჯგუფები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები ჩვენს ქვეყანაში. მათ უკვე გასცა საზოგადობამ საკადრისი პასუხი. ასევე პასუხს გასცემს სანდრო ბრეგაძეს… ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში მის მიერ ორგანიზებულ აქციებზე, მცირე რაოდენობის ადამიანები გამოდიან, რადგან ხალხი ხვდება, რომ ჰომოფობიით და ადამიანების ჩაგვრით საკუთარ მდგომარებას ვერ გაიუმჯობესებს! სანდრო ბრეგაძე ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებს, დაჩაგრონ და იძალადონ მეორე ჯგუფზე, რაც, ბუნებრივია, ვერ აგვარებს მოსახლეობის უმრავლესობის პრობლემებს: ეს არის სიღარიბე და უმუშევრობა. ის ცდილობს, რომ გადაფაროს ეს პრობლემები. ამ შემთხვევაში შსს-ს როლი უმნიშნველოვანესია, მათ უნდა გაატარონ ეფექტიანი ღონისძიებები, გასაკუთრებით პრაიდის წინა პერიოდში. ყოველ საჯაროდ დაფიქსირებულ და გამოთქმულ მუქარაზე მათ უნდა ჰქონდეთ ადეკვატური რეაგირება, რათა მათი ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები არ წახალისდეს. შინაგან საქმეთა სამინიტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ის ამჯერად უსაფრთხოების გეგმაზე მუშაობს. ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინიტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება დაცული იყოს.
_ თუმცა უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებიც არსებობს…
_ რა თქმა უნდა! სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ, აქტიურად მიმდინარეობს შს სამინისტროსთან მოლაპარაკებები. ჩვენ მოვისმინეთ მამუკა ბახტაძის განცხადება, ასევე მთავრობის სხვა წარმომადგენლებისგან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს და აკეთებს, რომ „ლგბტქ“ ადამიანების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცული იყოს, ხოლო ჩვენი უსაფრთხოება _ მაქსიმალურად გარანტირებული. ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ვიყავი ჩართული 17 მაისის ორგანიზებაში და შემიძლია ვთქვა, „თბილისი პრაიდის“ უსაფრთხოების გეგმაზე მუშაობა დაიწყო, ჯერ კიდევ, 2018 წელს. დაანონსებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდით და დამოუკიდებელი სამოქმედო გეგმაც გვაქვს _ ვგულისხმობ უსაფრთხოების გეგმას, სადაც მეტ-ნაკლებად ყველა რისკი გათვლილია. ასეთი მობილიზაცია და მომზადება უსაფრთხოების კუთხით აქამდე არ მახსოვს. ორგანიზების საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გვაქვს. სწორედ ამიტომ გავწიეთ „თბილისი პრაიდის“ დაანონსებამდე დიდი შრომა. სამოქმედო გეგმას მივყვებით და ამასთანავე დავიწყეთ შსს-სთან მოლაპრაკებები, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და, ბუნებრივია, გრძელდება.
_ ძალიან დიდი ინტერესი არსებობს, თუ სად გაიმართება „ღირსების მარშის“ მსვლელობა…
_ ჯერჯერობით ცნობილი არ იქნება, თუ სად გაიმართება ღირსების მარში… ეს არ იქნება რუსთაველის გამზირი, თუმცა დავადასტურებ, რომ ღირსების მარში იქნება თბილისის ცენტრალურ გამზირზე. ამის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში არ გავავრცელებთ.

ცნობისთვის: 1969 წლის ივნისში ამერიკაში „სტოუნვოლის“ აჯანყება დაიწყო. ქუჩაში გამოსული გეების, ლესბოსელების, ტრანსგენდერებისა და ბისექსუალების სპონტანური მრისხანება „ლგბტ“ უფლებებისთვის ბრძოლის ფუნდამენტი გახდა მთელ მსოფლიოში. „სტოუნვოლის“ ჯანყიდან ერთი წლის აღსანიშნავად, 1970 წლის 28 ივნისს, მსოფლიოში პირველი პრაიდი გაიმართა. პრაიდის აღნიშვნა დროთა განმავლობაში ამერიკის თითქმის ყველა დიდ ქალაქში დაიწყო. 1999 წლის 11 ივნისს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, ივნისი პრაიდის თვედ ოფიციალურად გამოაცხადა. დღეს პრაიდი ყველა კონტინენტზე, ათობით ქვეყანაში აღინიშნება. იქ, სადაც ჰომოფობიური განწყობები ნაკლებია, პრაიდმა კარნავალური, გასართობი, კომერციული და ტურისტული დატვირთვა შეიძინა, რისთვისაც ორგანიზატორებს „პოლიტიკური ფესვების დავიწყებისთვის“ აკრიტიკებენ კიდეც, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში პრაიდი ადგილობრივ კონტექსტს მოერგო და ღონისძიების მთავარი სათქმელი კვლავ უფლებებისთვის ბრძოლაა. ათობით ქვეყანას წელს პირველად საქართველოც შეუერთდება.

ლევან ქემოკლიძე