სანდრო ბრეგაძე: „ქრისტიანულ სამყაროში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გეიაღლუმი არასდროს ჩატარდება“

საქართველო დღესასწაულების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, თუმცა მაისი განსაკუთრებით დატვირთული გვაქვს, _ არა მხოლოდ ორი 12 მაისი, არამედ ორი 17 მაისიც აღინიშნება. ერთი _ ჰომობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს 130 ქვეყანა 2004 წლიდან აღნიშნავს, მეორე _ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღე, რომელიც საქართველოში მეხუთედ აღინიშნება.
17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოში 2013 წლის 17 მაისიდან (ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი) ზუსტად ერთი წლის თავზე გამოცხადდა.

რა შედეგები მივიღეთ ორი 17 მაისის შედეგად? რატომ არის საზოგადოება ორად გახლეჩილი? რას ითხოვს „ქართული მარში“ და რატომ არის აგრესიულად განწყობილი ლგბტქ (ქვიარი _ განსხვავებული; ჰეტერონორმატიულ წესრიგს რადიკალურად დაპირისპირებული აქტივისტი, _ რედ.) თემის წარმომადგენლების მიმართ იგი?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთ ლიდერ სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა:

_ სანდრო, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება ხომ არ ზრდის დაპირისპირების ალბათობასა და აგრესიის გაღვივებას?
_ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გაცხადებული ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ 17 მაისი დაწესდეს ოჯახის სიწმინდის დღედ, ვფიქრობ, აბსოლუტურად ადეკვატური იყო. პირიქით, მგონია, რომ ამ დღეს, როდესაც არის მშვიდობიანი მსვლელობა, ლოცვა და გალობაა ტაძრებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, ამან, ერთგვარად, გაანელა ის დაძაბულობა, რომელიც ამ დღესთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა წლებში საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიქმნა 17 მაისის დღესთან დაკავშირებით, როდესაც, ფაქტობრივად, სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ეს დღე დააწესა, ბევრად უფრო მშვიდად ტარდება უექსცესოდ. რაც შეეხება ჰომობიასთან ბრძოლის დღეს, ბევრ ქვეყანაში ეს დღე აღინიშნება, ბევრ ქვეყანაში _ არა. საქართველოში უმრავლესობა არ არის მოწადინებული იმისთვის, რომ ეს დღე აღინიშნოს. საერთოდ, დემოკრატიის პრინციპი ასეთია, რომ ძირითადი საკითხები უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით წყდება. პარლამენტშიც უმრავლესობა წყვეტს საკითხს და არა უმცირესობა. ვფიქრობ, ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რელიგიური უმცირესობა იქნება თუ სხვა სახის, მაგრამ არ უნდა მოხდეს ქვეყანაში უმცირესობის დიქტატი, როდესაც ისინი დღის წესრიგს უდგენენ ხელისუფლებას, ხალხს და საერთოდ საზოგადოებაზე ცდილობენ ზემოქმედებას.
_ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში უმრავლესობა არ არის მოწადინებული, ჰომობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნოს?
_ ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, რა თქმა უნდა. NDI-ის და IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია ჩვენს ქვეყანაში არის საქართველოს ეკლესია. 17 მაისი ეკუთვნის არა რომელიმე პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ჯგუფს, არამედ საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას. შესაბამისად, ის ატარებს ღონისძიებებს. როდესაც ეკლესიის მიმართ ნდობა ყველაზე მაღალია, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს ისე, როგორც მას მოუწოდებს ეკლესია. ეკლესიისთვის სოდომისა და გომორის ცოდვა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ცოდვა. ეკლესია, რა თქმა უნდა, სერიოზულად ეწინააღმდეგება გეიაღლუმს და ასეთი ტიპის ღონისძიებებს. აქედან მომდინარეობს ჩემი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა წინააღმდეგია საქართველოში გეიაღლუმებისა თუ გეიმარშების.
_ არ უნდა დაგვავიწყდეს: იგივე ეკლესია გვეუბნება, რომ ყველა ადამიანი თანაბარია და აგრესია არც ერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული, მათ შორის, რაც თქვენ ახსენეთ, „სოდომური ცოდვის“ შემთხვევაშიც კი, ეკლესია შემწყნარებლობისკენ მოუწოდებს მრევლს…
_ აგრესია, როგორც ასეთი, არავის მიმართ არის მიზანშეწოლილი, მაგრამ არსებობს პროვოცირება. როდესაც პროვოცირებას უწევ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფებს, მაშინ, რა თქმა უნდა, თავად შობ აგრესიას. ხშირ შემთხვევაში ეს ხდება, ისევ და ისევ, ლგბტქ ადამიანების, მამათმავლების, ჰომოსექსუალების ნების საწინააღმდეგოდ იმ კუთხით, რომ გარკვეული ორგანიზაციები, გრანტების მოსაპოვებლად და ფულის საშოვნელად, არაფრად აგდებენ მათ მოსაზრებებს და თავად ატარებენ ამ ღონისძიებებს. მაგალითად, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განგიცხადოთ, რომ ე. წ. ლგბტქ პრაიდი, რომელიც დაგეგმილია 18 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, თავად უმცირესობის წარმომადგენლებში იწვევს წინააღმდეგობას. დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, უმცირესობის წარმომადგენლები ამ პრაიდის ორგანიზატორებს მიმართავენ, რომ არ ჩაატარონ იგი, რადგანაც პრაიდმა შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოშვას. თუმცა პრაიდის ორგანიზატორები ამას არ ითვალისწინებენ, რადგან გრანტებსა და თანხებს ელოდებიან. ამიტომ ვამბობ, რომ ხშირად გარკვეული ჯგუფები ასრულებენ პროვოკატორულ დავალებას, რაც შემდგომ წარმოშობს გარკვეულ არასასურველ პროცესებს. თუ არ იქნება პროვოცირება, რა თქმა უნდა, არ იქნება არც შეხლა-შემოხლა. მხოლოდ და მხოლოდ პროვოცირება წარმოშობს ამას, თუმცა მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ შემთხვევებში არანაირ პროვოკაციას არ აყვნენ. თუ ჩვენი მომხრე რაიმე ტიპის ძალადობას განახორციელებს, ეს პირდაპირ მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს და ჩვენთვის სასიკეთო არ იქნება. მხოლოდ სამართლებრივი ჩარჩოებით უნდა მოვახერხოთ ის, რომ საქართველოში გარყვნილების ზეიმი, ანუ გეიპრაიდი და გეიაღლუმი არ ჩატარდეს. მოსაზრება მაქვს, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს ერთადერთ აღლუმი და ეს არის საქართველოს შეიარაღებული ძალების აღლუმი, დანარჩენი აღლუმი ჩემთვის მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია გეიაღლუმი იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი წმინდა სალოცავებია, სადაც ქაშუეთის, სიონის ტაძარია, სადაც იმ ბიჭების საფლავებია, რომლებიც 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, იუნკრებს ვგულისხმობ; სადაც 9 აპრილს დაღუპული ადამიანების მემორიალია. ანუ ამ წმინდა ადგილებში, როდესაც ცდილობ, რომ ორი მამაკაცი გაატარო, რომლებიც ერთმანეთს შუა ქუჩაში ტუჩებში ჰკოცნის, რა თქმა უნდა, თავიდანვე უკვე პროვოკატორი ხარ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცი, საქართველო არის ევროპული, მაგრამ, ამავდროულად, კავკასიური ღირებულების მატარებელი ქვეყანა და ამ შემთხვევაში გარკვეულ აგრესიულ პასუხს მიიღებ. არ უნდა გააკეთო ეს იქ, სადაც მიუღებელია, თუმცა ესენი მიზანმიმართულად პროვოცირებენ. მათ ეს შეუძლიათ, აბსოლუტურად სხვა გარემოში და სხვანაირად გააკეთონ, მაგრამ არა! _ მათ გეიაღლუმის გამართვა უნდათ. საერთოდ, „ქართულმა მარშმა“ და არც ერთმა ორგანიზაციამ რომ არ იარსებობს, თვითონ ქართული საზოგადოება და ქართველი არ დაუშვებს ამას. ეს არის მთავარი, რომ არავინ დაუშვებს რუსთაველის გამზირზე ან თუნდაც ნებისმიერ სხვა ადგილას ქუჩაში მამაკაცებმა ერთმანეთს დაუწყონ ხვევნა-კოცნა და მტლაშა-მტლუში. ამას არავინ დაუშვებს და ეს მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ.
_ რა მნიშვნელობა აქვს, მამაკაცი მამაკაცს დაუწყებს ხვევნა-კოცნას თუ ქალი _ მამაკაცს? ნებისმიერ შემთხვევაში მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, გადაადგილდნენ, სადაც მოესურვებათ და როგორც მოესურვებათ, პრობლემას სად ხედავთ?
_ კონსტიტუციური უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, რომ დედიშობილა იაროს ქუჩაში. თქვენ კარგად გეჩვენებათ ის, რომ ზაფხულში სიცხეა და მთელმა საქართველომ გაიხადოს ტანსაცმელი და დედიშობილა იაროს? ქალებმაც და კაცებმა რომ იარონ ასე, კარგად გეჩვენებათ? ხომ არის რაღაც მორალურ-ზნეობრივი კრიტერიუმები, რომელსაც კონტიტუციის გარეშე არ გადავდივართ, არ ვაკეთებთ. მეტსაც გეტყვით: ჩემთვის ისიც მიუღებელია, გოგომ და ბიჭმა ქუჩაში ერთმანეთს ტუჩებში რომ აკოცონ, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევადარებ იმას, რომ მამაკაცებმა იგივე გააკეთონ. ეს ამ კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია. მაგალითად, კონსტიტუცია არ კრძალავს, რომ ადამიანები ქუჩაში სექსით დაკავდნენ, თუმცა არსებობს მორალურ-ზნეობრივი კრიტერიუმები, რომელსც კაცობრობა დღემდე იცავს და ამით განვსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ასეთ რაღაცებს არ ვაკეთებთ, თორემ ბევრი რამეა, რაც კანონში არ არის გაწერილი.
_ ამ ადამიანების მოთხოვნა არ არის რუსთაველის გამზირზე სექსით დაკავება. ისინი, როგორც თავად ამბობენ, საკუთარი ღირსებისთვის იბრძვიან…
_ მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ გაიარონ რუსთაველის გამზირზე და, ფაქტობრივად, რუსთაველის გამზირის ოკუპაცია მოახდინონ. მეც კარგად ვიცი და თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, სულ რომ არც ერთი ორგანიზაცია არ დარჩეს, მათ შორის, „ქართული მარშიც“. წლებია, მათ ოფისები აქვთ გახსნილი და მუშაობენ. არავინ შევარდნილა მათთან. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი საკმაოდ ბევრი ადამიანი არის საქართველოს მთავრობაში, პარლამენტში, ისინი, უბრალოდ, არ აღიარებენ, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არიან. თუ მათ ჰგონიათ, რომ ეს არ არის სასირცხვილო საქმე, მაშინ გამოვიდნენ მთავრობის, პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები და აღიარონ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ისევე როგორც ეს გააკეთეს გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. ჩვენს ქვეყანაში ამას არ აღიარებენ, საკმაოდ კომფორტულად და ლაღად ცხოვრობენ. მათ არავინ უვარდება კაბინეტებში და არავინ ძალადობს მათზე, მაგრამ ისინი აქეთ ახდენენ ძალადობას ქართულ საზოგადოებაზე. თუკი კომუნისტების ეპოქაში არსებობდა ვლადიმირ ლენინის მიერ დაწყებული ცნობილი წითელი ტერორი, დღეს ჩვენ ცისფერი ტერორის ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგალითად, კონსერვატორულად მოაზროვნე პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, დახშული გვაქვს აბსოლუტურად ყველა საინფორმაციო საშუალება. ჩვენ ვერ ვაწვდით ჩვენს აზრს საზოგადოებას. ეს ყველაფერი ხდება ლგბტქ ორგანიზაციებისა და ლგბტქ აქტივისტების პირდაპირი ბრძანებით. პატრიარქმა, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, გამოაცხადა კონცერტი. ეს უბრალოდ კონცერტია. ყველა ხვდებოდა, რომ არ იქნებოდა ლოზუნგები და რაიმე სახის მოწოდებები, თუმცა ლგბტქ აქტივისტები მომღერლებს დაემუქრნენ, რომ თუ ისინი ამ კონცერტზე წავიდოდნენ, მათ ისევე გაუფუჭებდნენ საქმეს, როგორ, თავის დროზე, თამარ ივერს გაუფუჭეს. არის თუ არა ეს ზეწოლა, შანტაჟი, ძალადობა, როდესაც ადამიანს, მომღერალს, უკრძალავ მივიდეს საპატრიარქოში, სამების საკათედრო ტაძარში და თავისი ხელოვნება აჩვენოს სიმღერით?! ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს გვაქვს ცისფერი ტერორი.
_ იმ კონცერტზე მისვლა და სიმღერა, გარკვეულწილად, ნიშნავს, რომ ლგბტქ თემის წარმომადგენლების მიმართ არ გამოხატავენ სოლიდარობას კონცერტში მონაწილეები. თამრიკო ჭოხონელიძემ ზუსტად ახსნა, რატომ არ მიიღო მონაწილეობა, რასაც საზოგადოების მხრიდან ძალიან პოზიტიური რეაქცია მოყვა. დასაწყისშიც ამას გეუბნებოდით, რომ საპატრიარქოს მხრიდან 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება ხომ არ იწვევს აგრესიის გაღვივებას-მეთქი? თუნდაც კონცერტთან დაკავშირებით დაპირისპირების ახალი ტალღა წამოვიდა..
_ აქ ლოგიკას ვერ ვხედავ. ე. ი. რა გამოდის, რომ 17 მაისს საპატრიარქომ რომ დაგეგმოს კონცერტი, მასში მონაწილეობა აგრესიას აღვივებს? თუ მონაწილეობა არ აღვივებს აგრესიას, მაშინ რატომ უკრძალავენ, რატომ ეუბნებიან ლგბტქ თემის წარმომადგენლები ხელოვანებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა? როდესაც გამოდიხარ ლგბტქ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პირდაპირ ამბობ, თუ ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებ, იგივეს დაგმართებ, რაც თამარ ივერს დაემართა, უცხოეთში ყველანაირ გზას ჩაგიკეტავო, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ხელოვან ადამიანს თავზე ახვევ საკუთარ მოსაზრებას და, ფაქტობრივად, უკრძალავ ღონისძიებაში მონაწილეობას. სწორედ ეს არის მთავარი, რომ ამ კონცერტის შემთხვევაშიც ლგბტქ ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან აგრესია მოდიოდა. ეს აგრესია კი მოედინება მთელ ფართო საზოგადოებაში. საერთოდ არ ამოეღოთ ხმა კონცერთთან დაკავშირებით, იქნებ, ვინმე თავისი სურვილით ამბობდა უარს ან, იქნებ, ვიღაც თანხმდებოდა ამ კონცერტზე, თუმცა კონცერტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მონაწილეებს პირდაპირ ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ვინც ამ კონცერტში მიიღებდა მონაწილეობას, მას „თამარ ივერს“ დამართებდნენ. კონცერტში მონაწილეები კი ხელოვანები არიან, ყველას მართლმადიდებლობასა და თავგანწირვას ვერ მოსთხოვ. ისინი შეშინდნენ და დაემორჩილნენ ლგბტქ-ს დიქტატურას. ისინი გახდნენ ლგბტქ-ს დიქტატურის მონები და მათ უარი განაცხადეს ამ კონცერტში მონაწილეობაზე. ეს, დაახლოებით, იმას ჰგავს, როდესაც წითელი ტერორის პერიოდში ხელოვნების მუშაკები უარს ამბობდნენ გარკვეული დისიდენტების გამოშვებაზე ხელის მოწერისგან, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ მათ საბჭოთა კავშირში ყველანაირი გზა ექნებოდათ დახშობილი. დღეს ეს მეორდება _ წითელი შეცვალა ცისფერმა, სხვა არანაირი განსხვავება არ არის.
_ ის, რომ თუნდაც მთავრობის წარმომადგენლებს ესირცხვილებათ საკუთარი განსხვავებული ორიენტაციის აღიარება, ამაში საზოგადოების პრობლემას ვერ ხედავთ? ეს ადამიანები, ვისზეც თქვენ ამბობთ, რომ პროვოკაციას აწყობენ, სწორედ იმისთვის იბრძვიან, რომ ადამიანებს საკუთარი განსხვავებულობის არ რცხვენოდეთ.
_ პირადად ჩემთვის მეძავობა და მამათმავლობა სამარცხვინოა. ის მამათმავლები, რომლებიც დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და მამათმავლობას მალავენ, ბევრად უზნეოები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ღიად აცხადებენ საკუთარი ორიენტაციის შესახებ. ვინც მალავს, ის ბევრად უფრო უზნეოა. ისინი შეიძლება ერთ დღეს ტრადიციულ სუფრაზე სადღეგრძელოებს სვამდნენ და პირიქით, მამათმავლობას ჰკიცხავდნენ, მეორე დღეს კი სოდომ-გომორის გზას ადგებოდნენ. ჩემთვის ფარისეველი ბევრად მიუღებელია, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც ღიად გამოხატავს თავის პოზიციას. ქართული საზოგადოებისთვის ბევრად უფრო საშიში არიან ის ფარისევლები, რომლებიც ხელისუფლებაში და მთავრობაში მოკალათებულან, გარყვნილების მორევში ჩაძირულან და ძალიან ცუდ საქმეს აკეთებენ ქვეყისთვის. თუ ისინი ამ ორიენტაციის არიან, გამოვიდნენ და ხმამაღლა თქვან და თუ ჰგონიათ, რომ ცუდ საქმეს აკეთებენ და რცხვენიათ, მაშინ რატომ აკეთებენ ცუდ საქმეს?! ბევრს არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მისი ბრალი არ არის, უბრალოდ, ასე მოხდა. მას უნდა იყოს ქალი და არის მამაკაცი, ან უნდა იყოს მამაკაცი და არის ქალი. ეს ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ამის გამო ფსიქოლოგიურად შინაგანად იტანჯებოდეს. ეს გასაგებია ჩემთვის, მაგრამ რატომ სურს მას ამის პროპაგანდირება და სხვაც ასეთივე ტანჯვაში ჩავარდეს და ამ გზას დაადგეს? ეს ადამიანები ადრეც არსებობდნენ, ბევრი ხელოვნების მუშაკი იყო, უბრალოდ, სახელსა და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ისინი სხვას არ ახვევდნენ თავს საკუთარი ცხოვრების წესს. ისინი მოღვაწეობდნენ, მსოფლიოში განთქმული ხელოვანები იყვნენ, მაგრამ არ შედიოიდნენ სკოლაში და არ აიძულებდნენ ბავშვებს, ბიჭი გეის, ხოლო გოგო ლესბოსელის გზაზე წასულიყო. როდესაც ადამიანი არატდრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელია, ამ დროს არჩევნებში მონაწილეობს და ამბობს, რომ ის არის ტრადიციების დამცველი, მორწმუნე და ქრისტიანი, ამით იღებს ხმებს, სწორედ ასეთი ადამიანია ფარისეველი. ღიად რომ თქვას, ჰომოსექსუალი ვარო, 2 ხმას ვერ მიიღებს არჩევნებში და ვერ გახდება ვერც პარლამენტარი და ვერც მინისტრი, ეს კარგად იცის მან, ამიტომ თვალთმაქცობს და თვალში ნაცარს გვაყრის.
_ თქვენ თქვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე ღიად განაცხადებს კანდიდატი, რომ ლგბტქ თემის წარმომადგენელია, ის 2 ხმასაც ვერ მიღებს. არ ფიქრობთ, რომ ეს საზოგადოების პრობლემაა, როცა კანდიდატს სექსუალური ორიენტაციის მიხედვით აფასებს და არა იმის მიხედვით, როგორი პოლიტიკოსია და რა შეიძლება გააკეთოს? ამ დამოკიდებულებით ხომ თავად საზოგადოება ზარალდება?
_ ვფიქრობ, რომ ქვეყანა უნდა მართოს ზნეობრივად მდგრადმა ადამიანებმა. ზნეობრივი მდგრადობა უნდა იყოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი მაშინ, როცა ადამიანები არჩევანს აკეთებენ. უნდა არსებობდეს რაღაც კრიტერიუმები, რომელსაც პოლიტიკოსი უნდა აკმაყოფილებდეს ზნეობრიობის კუთხით. არ შეიძლება, ადამიანი იყოს გარყვნილი და ის მორალზე გველაპარაკებოდეს. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენს ერს შეეფერება თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მაგრამ თავისუფლება არ ნიშნავს გარყვნილებასა და გარყვნილების პროპაგანდას. ზოგიერთ ქვეყანაში ინცესტს აკანონებენ. გაივლის, ალბათ, 4-5 წელი და გამოჩნდებიან სულიერად და ხორციელად ავადმყოფი ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშიც მოინდომებენ ინცესტის დაკანონებას. რა ვქნათ ჩვენ, რომ მათი თავისუფლების პრინციპები არ დავარღვიოთ და ეს ინცესტი დავაკანონოთ? ესენი ვერ მიაღწევენ ჩვენს ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებას, მაგრამ რომ მიაღწიონ, შემდეგი ნაბიჯი იქნება ინცესტის დაკანონება და საქართველოს ბოლომდე ჩაფვლა გარყვნილების მორევში. მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მთელ ქრისტიანულ სამყაროში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, ოაზისია, სადაც გეიაღლუმი არ ჩატარებულა და არც არასოდეს ჩატარდება. უზნეოები ქირქილებენ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობაზე, მაგრამ ჩემთვის ეს ქვეყანა არის ღვთისმშობლის წილხვედრი და სწორედ საქართველოდანაა შესაძლებელი დაიწყოს ზნეობრივი და მორალური შემობრუნება ევროპაში. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ევროპაში პოლიტიკა აბსოლუტურად შეიცვალა. ჩვენ ამას არ გვეუბნებიან, სიმართლეს გვიმალავენ. ევროპარლამენტის არჩევნებში ნაციონალისტური, ეროვნული ძალები იმარჯვებენ. ევროპაში ნაციონალიზმისა და ეროვნულობის ბუმია. ავსტრიაში ნაციონალისტი სებასტიან კურცია ხელისუფლების კანცლერი, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნაციონალისტური პარტიის ლიდერია, საფრანგეთის ევროპარლამენტის არჩევნებში მარი ლე პენის პარტია 5%-ით უსწრებს მაკრონის პარტიას. ჰოლანდიაშიც, ბელგიაშიც, აბსოლუტურად ყველგან, ეროვნულები მოდიან ხელისუფლებაში. ჩვენ გვაცხოვრობენ 90-იანი წლების ევროპაში, სადაც ლიბერალიზმი ყვაოდა. აღარ არის, დამთავრდა ლიბერალიზმის დრო. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ხელისუფლებაში მოვიდა ტრადიციული ღირებულებების მატარებელი ადამიანი პრეზიდენტად _ დონალდ ტრამპი. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი კი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ხანდახან „ქართული მარშის“ წევრი მგონია. ასევე პომპეოც გამოკვეთილი კონსერვატორია. ამ დროს თვალში ნაცარს გვაყრიან და ჰილარი კლინტონის დროში გვაცხოვრებენ, ევროპაში დამთავრდა ეს დრო.
_ თუ თქვენ ამბობთ, რომ თვალში ნაცარს გვაყრიან და 90-იან წლების ევროპაში გვაცხოვრებენ, ის, რაც ხდება, მხოლოდ პროპაგანდაა და ორგანიზაციები გრანტებისთვის იბრძვიან, ამას რას უპირისპირებთ, „ქართული მარშისთვის“ დამახასიათებელ აგრესიას?
_ მახსენდება დონალდ ტრამპის არჩევნები, როდესაც მას ჰომოფობიასა და ათას რამეს აბრალებდნენ, მაგრამ მან გაიმარჯვა და ყველამ დაინახა, რომ დონალდ ტრამპი არც აგრესიულია, არც ჰომოფობი და არც კაციჭამიაა. თუმცა დღემდე მიმდინარეობს მის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა და დღემდე ათასგვარ ჭორს უგორებენ. დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია ყველა ნაციონალისტი პოლიტიკოსი მთელ მსოფლიოში, მათ რაღაც ჭორებს უგორებენ. ერთი მაგალითი მაინც მანახონ, როდესაც „ქართული მარშის“ რომელიმე წევრი შეეხო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს ან შეურაცხყოფა მიაყენა, ასეთი მაგალითი ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ თუ ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ და დისკუსიაში შევდივართ, ეს არც ძალადობაა და არც აგრესია. ჩვენ ისევე ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს, როგორც სხვები, მაგრამ მათ სურთ, მოძალადეები გამოგვიყვანონ.
_ მეტსაც გეტყვით: თათია დოლიძე, რომელიც არ არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, სწორედ „ქართული მარშის“ წევრების მხრიდან იყო ფსიქოლოგიური და სიტყვიერი ზეწოლის მსხვერპლი. ამას რით ახსნით?
_ მარშს, დაახლოებით, 10 000 წევრი ჰყავს, ამ ადამიანებში თუ თათია დოლიძის მიერ ჩვენი მისამართით ნათქვამი უხამსი გამონათქვამები ვიღაცამ ვერ აიტანა და მას შეაგინა, ეს შეიძლება ჩემთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ ეს ძალადობა არ არის.
_ მხოლოდ შეგინება არ იყო, მას მარშის წევრები გაუპატიურებით ემუქრებოდნენ…
_ „ფეისბუქით“ გაუპატიურება სად გინახავთ? (იცინის) ეს იყო რაღაც ფანტაზია და გამობმული კუდები, თუმცა შეიძლება ქალბატონმა შეურაცხყოფა მოგაყენოს, მაგრამ მას არ ვუპასუხებდი და არც მიპასუხია.
ევროპაში არის ნაციონალისტური ჯგუფები იგივე ფეხბურთის გულშემატკივრები, ვხედავთ, რომ სასწაულები ხდება ხოლმე. „ქართული მარშის“ არც ერთი წარმომადგენელი თითითაც კი არ შეხებია უმცირესობის წარმომადგენელს და არც ვაპირებთ. ჩვენ ჩვენი ზნეობით, მორალით, პოლიტიკური შეხედულებით, ჩვენი მტკიცე სულით მოვიპოვებთ გამარჯვებას და არანიარად არ ვაპირებთ ვიღაცებზე ხელის გადაგრეხას.

ნენე ინჯგია