თინა ბოკუჩავა: „ივანიშვილმა თუ სპეცოპერაცია არ მოაწყო, ზუგდიდში სანდრას გამარჯვება გარდაუვალია“

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც საკანონმდებლო ორგანოში უქმედ გამოცხადებულ დღეს, მეორედ, სხვა მიზეზით, აცხადებენ უქმედ. იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ადამიანები შიმშილით იღუპებიან, დღესასწაულის აღსანიშნავად ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან მილიონამდე ლარს გამოყოფენ. ამ ისტორიას პარალელური სამყაროდან არ გიყვებით, ეს ყველაფერი საქართველოში ხდება…

ოფიციალური ვერსია კი ასეთია:
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „შრომის კოდექსში“ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძველი, ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილა.
საქართველოს მთავრობამ ღვთისმშობლის წილხვდომილობის სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან, ჯამურად, 893 940 ლარი გამოყო.

რით შეიძლება აიხსნას პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება? რა მიზნით გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის აუდიოჩანაწერი? რა შედეგებს ელოდება „ნაციონალური მოძრაობა“ შუალედურ არჩევნებზე? და რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ხელისუფლებას „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ მორიგი ბრძოლისთვის?
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას ესაუბრა:

_თინა , როგორ შეაფასებთ მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეს? რა მიზნით გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიოჩანაწერი, რომლითაც, როგორც სუსში აცხადებენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ორგანიზება დასტურდება?
_ აუდიოჩანაწერის ამ მომენტში ასეთი ფორმით გასაჯაროება ფაქტია, რომ ემსახურება მცდელობას, გადაფარონ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის არგამოძიება უკვე წელიწად-ნახევრის განმავლობაში. შინაგან საქმეთა მინისტრისგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან თუ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის მხრიდან მუდმივად გვესმის, რომ ამ საქმეს იძიებს პროკურატურა. ისევე როგორც სხვა გახმაურებულ საქმეებზე, მაგალითად: მუხთარლის გატაცებაზე, სარალიძის საქმეზე, მუდმივად ხდება ისრების გადატანა ერთი უწყებიდან მეორეზე, იმ მიზნით, რომ საქმე ჩაიფარცხოს. ასევე, ერთი მხრივ, იმგვარად და იმდენად ხანგრძლივად ცდილობენ საქმეების გაჭიანურებას, რომ შემდგომ საზოგადოებამ დაივიწყოს ის კითხვის ნიშნები, რაც არსებობდა ამა თუ იმ საქმის ირგვლივ. ზუსტად ეს ხდება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაში, რასაც ჩვენ არ ვუშვებთ იმიტომ, რომ მუდმივად მივმართავთ პარლამენტს, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია. მაშინ, როდესაც პროკურატურას საზოგადოებრივი ნდობა არ გააჩნია და ვერ სარგებლობს ნდობის მანდატით, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების კომპლექტაციით ისეთი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომ გარკვეული ნდობა მაინც არსებობდეს ამ კომისიის მიმართ და სწორედ მან შეძლოს იმ კითხვებზე პასუხების მოპოვება, რაც უკვე წელიწად-ნახევარია, ვერ მოიპოვა ვერც თემირლანის მამამ, მისმა ოჯახმა, პანკისის ხეობაში მცხოვრებმა მოსახლეობამ და, ზოგადად, საზოგადოებამ, რადგან ეს არ არის საქმე, რომელიც მხოლოდ ერთ ოჯახს ეხება. თუ უფლებამოსილების ასეთი გადამეტება მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემთხვევაში, ეს ჩვენ ყველას გვეხება, საზოგადოების თითოეულ წევრს. ამიტომ არის საჭირო პასუხები კითხვებზე. ახლა, როცა ამ თემის აქტუალიზაცია მოხდა და ხელისუფლება ვეღარ გაურბის იმ მოცემულობას, რომ ან უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში, ან უნდა თქვას, რომ არ აპირებენ ამ თემაზე არანაირი პასუხების გაცემას საზოგადოებისთვის, ასეთ მოცემულობაში კი მათ მოუწიათ, გადაფარვის მცდელობით, ასეთი ტიპის აუდიოჩანაწერის გასაჯაროება. სხვაგვარად, თუ მართლაც არსებობდა კითხვის ნიშნები მალხაზ მაჩალიკაშვილთან მიმართებით, რაც შეიძლება წარმოიშვას ამ აუდიოჩანაწერით, შესაძლებელი იყო დაწყებულიყო გამოძიება, მათ შორის, დაკითხულიყო თავად ბატონი მაჩალიკაშვილი, მაგრამ ეს აუდიოჩანაწერი არ გაესაჯაროებინათ. ფაქტია: ხელისუფლების მხრიდან აუდიოჩანაწერის გასაჯაროება მიმართული იყო სწორედ იმ მიზნით, რომ საზოგადოებრივი აზრი მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ფორმირებულიყო, რადგან შემდგომ მას გაუჭირდებოდა საზოგადოების თანაგრძნობის მოპოვება, ამა თუ იმ საზოგადოებრივი აქტივისტის მხრიდან აქტიურობა, რომ თემირლანის საქმე გამოიძიონ.
მაშინ საერთოდ არ უნდა გადაადგილდებოდეს ეს ადამიანი თავისუფლად რუსთაველის გამზირზე. ესეც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც ფრაგმენტული ჩანაწერები არსებობს, რომელიც, სავარაუდოდ, ხელისუფლებას სურს, რომ სწორედ იმ დროს გამოიყენოს მის წინაააღმდე, როდესაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდება მალხაზ მაჩალიკაშვილის კომპრომეტაციისთვის, საზოგადოებრივი აზრის მის წინააღმდეგ მობილიზებისთვის. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის ხელისუფლების მოქმედების გეგმა.
მაგრამ რა გარემოებებიც არ უნდა გამჟავნებულიყო აქამდე და ამის შემდგომ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება საპირწონე იმისა, რომ პროკურატურა არ იძიებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტს.
_ ოპოზიციას რა ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ? საგამოძიებო კომისიის შექმნა ახსენეთ და ამ მიმართულებით რას გეგმავთ?
_ ერთადერთი ბერკეტია ჩვენი მანდატის პირწმინდად და ღირსეულად შესრულება, _ რა ვალდებულებაც მაკისრია მე, როგორც პარლამენტარს, ერთი მხრივ, არის კანონშემოქმედება და მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი _ საზედამხედველო ფუნქცია, რომლის უმთავრესი მექანიზმი არის სწორედ საგამოძიებო კომისია. მისი შექმნა გაამარტივა ახლად ამოქმედებულმა რეგლამენტმა იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას დღესდღეობით სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის 50 წევრის თანხმობა, ანუ პარლამენტის 1/3 უფლებამოსილია, რომ საგამოძიებო კომისია შექმნას. პარლამენტარს გათავისებული უნდა ჰქონდეს თავისი ანგარიშვალდებულება ხალხთან, რომელმაც ის პარლამენტში დასვა და არა ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც სურს, ამ შემთხვევაში, ხელი დააფაროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელდასხმულ ვახტანგ გომელაურს, რომელიც მისი პირადი დაცვის წევრი იყო და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მასთან ძალიან დაახლოებული პირია. ასევე ძალიან სერიოზული ლოიალურობა აქვს ვახტანგ გომელაურს პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, უფრო მეტი ვიდრე სახელმწიფოსთან ან ხალხთან. პარლამენტის წევრი თავის ანგარიშვალდებულებას ხალხთან თუ გაითვალისწინებს, მაშინ უნდა აამოქმედოს საზედამხედველო ფუნქცია და შექმნას საგამოძიებო კომისია, მაშინ, როდესაც პროკურატურა ვერ პასუხობს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.
ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე უმრავლესობა ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ საგამოძიებო კომისია შექმნას, რომლის შექმნასაც ვითხოვთ და სამშაბათს პლენარულ სხდომაზე გამოვიტანთ.
_ შუალედური არჩევნების შედეგები იქნება თუ არა, გარკვეულწილად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგის მაჩვენებელი?
_ შუალედური არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან შუალედურ არჩევნებში დამარცხება მას გაიგივებული აქვს 2020 წლის მარცხთან, ამიტომ იბრძვის ყოველგვარი წესების გარეშე ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ განსაკუთრებით ზუგდიდში, რადგან იქ ხედავს მისთვის მთავარ საფრთხეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსია.
მრავალი დღის მანძილზე კარდაკარის კამპანიაზე დავდიოდი და ცალსახაა, რომ იქ გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია, თუ რაიმე მაინც ექნება საერთო სამართლიან არჩევნებთან იმ არჩევნებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩაატარებენ 19 მაისს. ივანიშვილმა თუ სპეცოპერაცია არ მოაწყო, თუ ხალხის ნების ასახვის შესაძლებლობა დაუშვა, ზუგდიდში გამარჯვება გარდაუვალია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწორედ ეს მოხდეს 19 მაისს, რომ საარჩევნო ყუთებთან ადამიანებმა შეძლონ თავიანთი ნების გამოხატვა და ეს არ იყოს სუსის სპეცოოპერაცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ არჩევნებს ეძახის, თორემ ამას არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს.
სხვადასხვა გაყალბების მეთოდი უკვე ამოქმედებულია, მაგალითად: ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ართმევენ პირადობებს იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ; ასევე მუდმივი ზეწოლა ხორციელდება ამომრჩეველზე; პოსტერებს ხევენ; ზემოდან სხვას გადააკრავენ; მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მობილიზებული არიან, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს კამპანიის საშუალება არ მისცენ. ეს მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ იმოქმედებს და ვერ დაეხმარება, რომ ოპოზიციის გამარჯვების გარდაუვალი შედეგი შეცვალოს. ვაპირებთ, ყველგან უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი გვყავდეს, განსაკუთრებით ზუგდიდში, რომ ხალხის ხმები დავიცვათ. ყველა ხვდება და კონსესუსია თემაზე, რომ ივანიშვილი არჩევნებს „იპარავს“. ამაზე არა მხოლოდ ქართველი ხალხი საუბრობს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი დასკვნებიც. ივანიშვილი არის ხმების ქურდი, რომელმაც ქურდობით დასვა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო სკამზე.
_ ზუგდიდში უკვე გამოჩნდა პლაკატები, სადაც მოსახლეობას ახსენებენ სააკაშვილის განცხადებებს გამსახურდიასთან დაკავშირებით და მოუწოდებენ, არ მისცენ ხმა სანდრა რულოვსს. როგორ და რამდენად იმოქმედებს „ქართული ოცნების“ ეს მეთოდი მათივე სასარგებლოდ?
_ ხალხი ძალიან დაიღალა ამდენი სიძულვილის ენით, ამ შავი პიარით, მოშე კლუგჰაფტის ხრიკებით, რომელიც პიარტექნოლოგია და ბიძინა ივანიშვილმა დაიქირავა, უამრავი ფული გადაუხადა. ის ევროპის ქვეყნებში იდევნება მიუღებელი პიარმეთოდების გამო. მათ შორის, ის ფირმა, რომლის საშუალებითაც ბატონი კლუგჰაფტი მუშაობს, მიუღებელია და ეჭვმიტანილი იყო ჟურნალისტებზე უკანონო თვალთვალში. ასეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის ხელწერაა, მაგრამ ხალხი ძალიან დაიღალა ამით. საქართველოს მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც ხალხის პრობლემებს აგვარებს. ყველა კვლევა ამას ადასტურებს და ყველა ადამიანი ამას გეტყვით, ვისაც შეხვდებით ქუჩაში… თუ „ქართული ოცნების“ წევრები საერთოდ გადიან ქუჩაში, რადგან ბიძინა ივანიშვილი არ გადის ქუჩაში, ის მხოლოდ, არჩევნების დროს, უკაცრავად გამოთქმისთვის, ხმებზე სამათხოვროდ გამოდის ქუჩაში. მაგალითად, ხიბულაში ჩავიდა და მოსახლეობას ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმის გაკეთებას დაჰპირდა მკვლელობის ადგილას. ესეც, თავისთავად, კითხვის ნიშნებს ბადებს. ფაქტია, ეს ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი, ყველანაირ დაპირებას გასცემს, ყველაფერს იტყვის, ოღონდ ხმები მოიპოვოს. აბსოლუტურად მესმის, რომ 2012 წელს ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მოლოდინი ჰქონდა მილიარდერის მიმართ. იმ მილიარდერის, რომელიც წარსულში გარკვეულ ფულს ხარჯავდა ვითომ ქვეყნის კეთილდღეობაზე, სინამდვილეში, როგორც აღმოჩნდა, ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებდა, რომ მოსახლეობის ნდობა მოეპოვებინა, შემდეგ ეს ნდობა ბოროტად გამოეყენებინა, მოსულიყო ხელისუფლებაში და ხელში ჩაეგდო ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს _ მედიით დაწყებული და სასამართლოთი, დასასვენებელი კურორტებით, ხეებით დამთავრებული. ასეთი მანკიერი მმართველობის ანალოგი, მართლაც, რთული მოსაძებნია.
რაზე იხარჯება მათი ხელფასები _ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ პლაკატების გაკვრაში თუ იმაზე უნდა დაიხარჯოს, რომ უამრავ სოციალურ დაუცველ, გაჭირვებულ ზუგდიდელს დაეხმარონ! კარდაკარ სიარულისას ვნახე, რა წარმოუდგენელ პირობებში უწევთ მათ ცხოვრება.
_ თქვენ განაცხადეთ, რომ თუ ივანიშვილმა „სპეცოპერაცია“ არ ჩაატარა, ზუგდიდში უეჭველი არჩევნებს სანდრა რულოვსი მოიგებსო. რა გაქვთ ივანიშვილის „სპეცოპერაციის“ საპირწონედ?
_ ზუგდიდის გარდა არჩევნებია მარნეულში, სადაც კანდიდატი გვყავს, ასევე არჩევნებია ზესტაფონში, ხულოში, სადაც ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის წევრიც არის, ანზორ ბოლქვაძე დაუპირისპირდა, სასტუმროდან გამოაგდო მხოლოდ იმიტომ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ანზორ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატია, მას იმდენი პოლიტიკური კულტურა და შეგნება არ გააჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო ადამიანს ასე არ უნდა მოექცეს. მისი ადგილი საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის. ეს ფაქტი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მმართველი გუნდი დღეს ძალიან უსუსურია და ასევე ძალიან უსუსურია პირადად ბიძინა ივანიშვილი. ის ხედავს, რომ მისი მმართველობა საფრთხეშია, ამიტომ ყოველგვარ ბინძურ ხერხს მიმართავს. ჩვენ მას დავუპირისპირებთ, ერთი მხრივ, ღირსეულ, ღია, ევროპული ტიპის, მშვიდ, საქმიან კამპანიას, სადაც ვსაუბრობთ იმაზე თუ რას ვთავაზობთ მოსახლეობას, მეორე მხრივ კი დავუპირისპირებთ უპრეცედენტო რაოდენობისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე დამკვირვებლებს.
_ როგორ შეაფასებთ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ დაწყებულ მორიგ და როგორც ამბობენ, გადამწყვეტ ბრძოლას? თქვენი აზრით, დგას თუ არა ნინო ნიჟარაძის უკან ხელისუფლების ინტერესი და რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ამისთვის ხელისუფლებას?
_ რა თქმა უნდა, ნიჟარაძის უკან ხელისუფლებაა და ძალიან მარტივი დასანახია ბიძინა ივანიშვილის ლანდი ნინო ნიჟარაძის მიღმა მარტივი მიზეზების გამო: ამ ადამიანს თავისი წილის შენარჩუნება შესაძლებელი გაუხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოქმედმა „რუსთავი 2-ის“ მენეჯმენტმა და მისმა ადვოკატებმა „რუსთავი 2-ის“ საქმე სტრასბურგში წაიღეს, სხვაგვარად ამ ადამიანს არც კი უდავია, მაშინ, როდესაც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშზე მიკუთვნების შესახებ. ნიჟარაძეს არ ჰქონია პრეტენზია არც თავის წილზე, არც იმ ზიანზე, რაც მან ჰიპოთეტურად ვითომ მიიღო „რუსთავი 2-ის“ ახლანდელი მენეჯმენტის მმართველობის პირობებში. ახლა კი მას უცებ გაახსენდა, რომ პრეტენზია აქვს არა მხოლოდ თავის წილზე, არამედ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განკარგავს „რუსთავი 2“ საკუთარ ბიუჯეტსა და ხარჯებს. ამ ქალბატონს ავიწყდება, რატომ წარმოეშვა „რუსთავი 2-ს“ ეს დავალიანება. ეს დავალიანება ტელეკომპანიას იმიტომ კი არ წარმოეშვა, რომ ახლანდელმა მენეჯმენტმა არასწორი მენეჯერული გადაწყვეტილებები მიიღო, არამედ იმიტომ წარმოიშვა, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2-ზე“ მიზანმიმართულ კამპანიას ახორციელებს უკვე მრავალი წლის მანძილზე, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ნუ გვავიწყდება, რომ სამოქალაქო დავაზე დროებითი შეჩერების მექანიზმი სტრასბურგს არასდროს გამოუყენებია, ეს არის სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება. წარმოიდგინეთ, რამხელა საფრთხე დაინახა „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, რომ ასეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე წავიდა სრული შემადგენლობით სტასბურგის მოსამართლეთა პალატა. რა თქმა უნდა, ეს არის ივანიშვილის მიერ მართული პროცესი, მან ერთი ხელით ვერ შეძლო „რუსთავი 2-ის“ გაგუდვა და ახლა მეორე ხელი აამოქმედა, ერთ ხელს ქიბარ ხალვაში ჰქვია, მეორეს _ ნინო ნიჟარაძე. მაგრამ ივანიშვილისთვის ეს მცდელობა ძალიან ცუდად დამთავრდება, რადგან ასეთი ტიპის თავდასხმა „რუსთავი 2-ზე“ ერთხელ ძალიან მაღალი ფასი დაუჯდა სტრასბურგის გადაწყვეტილების სახით, მათ შორის, იმ საზოგადოებრივი პროტესტის სახით, რომელიც „რუსთავი 2-ზე“ თავდასხმამ გამოიწვია. ჩვენ გვახსოვს, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები როგორ გაერთიანდნენ „რუსთავი 2-ის“ დასაცავად. ივანიშვილი ვერ შეძლებს „რუსთავი 2-ის“ გადაყლაპვას, მას „რუსთავი 2-ის“ სიმბოლო აუცილებლად გაეჩხირება ყელში. ამიტომ სჯობს დროზე შეეშვას და მისცეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების გაგრძელების საშუალება. ქვეყანა ნამდვილად ვერ გამდიდრდება და ადამიანებს ნამდვილად არ გაუჩნდებათ მაცივარში საჭმელი, თუკი „რუსთავი 2“ გაითიშება. შესაძლოა, სწორედ „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ ბრძოლა აღმოჩნდეს ივანიშვილისთვის საბედისწერო.
_ საქართველოს მთავრობამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში 694 600 ლარი დახარჯა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. როგორ შეაფასებთ, ზოგადად, ამ ფაქტს და უქმე დღის მეორედ უქმედ გამოცხადებას?
_ საქართველოს პარლამენტმა ისედაც უქმე დღე მეორედ უქმედ გამოაცხადა და ამისთვის საგანგებო სხდომა მოიწვია, მაშინ როდესაც ბევრი სხვა მოვლენა ან საკითხი ყოფილა, რომელიც სწრაფად გადაწყვეტას საჭიროებდა. მსგავსი შემთხვევებისას არ ჩაუთვლია პარლამენტს საჭიროდ, რომ საგანგებო სხდომა აუცილებელი იყო. მეორე მხრივ, მილიონამდე ლარი გამოიყო აღნიშნული ღონისძიებისთვის იმ პირობებში, როდესაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ამ ქვეყანაში ყოველწლიურად ასობით ბავშვი შიმშილით იხოცება.
ამ ეტაპზე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ სწორედ მოახლოებული შუალედური არჩევნების მოლოდინში გადადგა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი და ამით ეცადა, რომ საპატრიარქოსთვის გარკვეული ჟესტი გაეკეთებინა.

ნენე ინჯგია