კოტე ფორჩხიძე: „ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, თუ სინდისი აქვს, თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს!“

ოპოზიცია და ანალიტიკური წრეები გენშტაბის უფროს ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადადგომას ითხოვენ. ამასთან, საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ აუცილებლად გენშტაბის უფროსის პოლიტიკური ხელმძღვანელის, ე. ი., თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

საქმე ის არის, რომ 30 აპრილს თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც მინისტრი ლევან იზორია და ვლადიმერ ჩაჩიბაია მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავდენ. ვიდეოში ჩაჩიბაია ამბობდა, რომ ბოლო 28 წლის განმავლობაში საქართველომ სამი სამოქალაქო ომი და რუსეთთან ერთი ფართო აგრესია გადაიტანა.
„28 წლის განმავლობაში არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ გადაუტანია ისეთი მძიმე ხანა, როგორიც თავდაცვის ძალებმა თავის მხრებზე გადაიტანა _ 4 ომი, უფრო სწორად, სამი სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის ფედერალური სახელმწიფოს მხრიდან.
მიუხედავად ყველაფრისა, თავდაცვის ძალები ფეხზე დგას, მოტივირებულია და ასრულებს თავის ამოცანას და მომავალშიც, ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაშიც, მაღალ დონეზე შეასრულებს თავის ამოცანას“, _ აცხადებდა ჩაჩიბაია ზემოხსენებულ ვიდეოში.
მოგვიანებით, ანუ მას შემდეგ, რაც ჩაჩიბაიას წინააღმდეგ მწვავე კრიტიკული განცხადებები გაკეთდა, გენშტაბის უფროსს საკუთარი გამონათქვამის განმარტება მოუწია.
„რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს რუსეთთან 3 კონფლიქტი ჰქონდა; 1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტში რუსეთი იყო როგორც დამგეგმარებელი, ასევე ის მონაწილეობდა მისი კონვენციური და არაკონვენციური ძალებით. მე თავად გახლავართ მონაწილე რუსეთის მიერ ინსპირირებული და მხარდაჭერილი კონფლიქტებისა. ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ჩვენ ვიცავდით ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას.
რა თქმა უნდა, ყველა ამ კონფლიქტში რუსეთი იყო საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგე _ ეს არის ჩემი და ყველა პატრიოტის, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის პოზიცია, ამიტომ ყველას ვთხოვ, ნუ შეეცდებიან ჩემი გამოსვლის ტექსტში ერთი ამოგლეჯილი ფრაზით მანიპულაციას“, – ამბობდა სკანდალის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც, სხვათა შორის, ისიც განმარტა, რომ მედიამ მისი ნათქვამი დაამახინჯა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი გაავრცელა.
სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, ანალიტიკოსი კონსტანტინე ფორჩხიძე, დარწმუნებულია, რომ ჩაჩიბაიას განცხადება მედიას არ დაუმახინჯებია და არც კონტექსტიდან ამოგლეჯილი გაუვრცელებია. აქედან გამომდინარე, ბატონი ფორჩხიძე ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ გენშტაბის უფროსმა თანამდებობა უნდა დატოვოს და მასთან ერთად პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამაც გაიზიაროს!
ამას გარდა, სამხედრო კონტრდაზვერვის თადარიგის ოფიცერი „ქრონიკა+“-თან საუბრისას ცალკეული სამხედრო მაღალჩინოსნების რუსულ ბეგრაუნდზე სვამს მახვილებს და გარკვეულ ბრალდებებს სალომე ზურაბიშვილსაც უყენებს.
ვლადიმერ ჩაჩიბაიას მდიდარი სამხედრო ბიოგრაფია აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, არსებობს შანსი, რომ მან კარიერია არცთუ სახარბიელოდ დაასრულოს. რატომ?
ამას კონტანსტინე ფორჩხიძის წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ:

_ ბატონო კოტე, საუბარი გენშტაბის უფროსის განცხადების შეფასებით დავიწყოთ, რომლის თანახმადაც, საქართველომ სამი სამოქალაქო ომი გადაიტანა…
_ ეს განცხადება წმინდა რუსული ნარატივია!
_ შეგიძლიათ, ახსნათ და დაასაბუთოთ, წმინდა რუსული ნარატივი რატომ არის?
_ რა თქმა უნდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ცდილობს, საქართველოში დაამკვიდროს მოსაზრება, რომ ის, რაც 1991 წლის 22 დეკემბერს მოხდა, ანუ კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა, სამოქალაქო ომად მონათლოს!
_ 1991-92 წლების მოვლენებთან რუსეთი თავს რომ არ აიგივებს, გეთანხმებით, ახალი არ არის, მაგრამ ბატონმა ჩაჩიბაიამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებიც, სადაც ჩვენ კრემლი გვებრძოდა, სამოქალაქო ომებთან გააიგივა.
_ ჩაჩიბაიამ კი გააიგივა, მაგრამ იმას, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები სამოქალაქო ომთან გაიგივდეს, არც ერთი ვეტერანი დაუშვებს და არც _ სამხედრო, რადგან ყველამ, ვინც კი აღნიშნულ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, ძალიან კარგად იცის, რომ ყველაფერი ეს რუსეთ-საქართველოს ფართომასშტაბიანი ომის აქტიური ფაზები იყო.
აქტიურ ფაზას იმიტომ ვამბობ, რომ რუსეთ-საქართველოს ომი, სინამდვილეში, მას შემდეგ დაიწყო, რაც გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე და მისი დარღვევით საქართველოს დამოუკიდებლობა და ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა. მოკლედ, რუსეთ-საქართველოს ომი ორი საუკუნეა, მიმდინარეობს და ეს ორი საუკუნე აქტიურ და პასიურ ფაზებადაა დაყოფილი.
_ ამბობთ, ჩაჩიბაიას განცხადება წმინდა რუსული ნარატივიაო. ცალკეულმა პოლიტიკურმა სახეებმა გენშტაბის უფროსის გადადგომა ამიტომ მოითხოვეს?
_ დიახ, ეს აბოლუტურად სწორი მოთხოვნაა. ჩაჩიბაიას ამ განცხადებამ საექსპერტო წრეებშიც ძალიან სერიოზული აღშფოთება გამოიწვია.
როგორც მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში სამხედრო კონტრდაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომელი ვიყავი და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატს ვემსახურებოდი. ამიტომ ყველა ეს ადამიანი, რომელზედაც ახლა ვსაუბრობთ, ჩემთვის კარგად არის ნაცნობი.
სხვათა შორის, ყურადღება მიაქციეთ, ჩაჩიბაიამ ეს განცხადება როდის გაკეთა.
_ როდის?
_ ჩაჩიბაიამ ეს განცხადება შეიარაღებული ძალების საიუბილეო თარიღზე გააკეთა.
ყველაფერ ამას გაგრძელებაც ჰქონდა, რაშიც პრეზიდენტის ხელიც ურევია.
_ რას გულისხმობთ?
_ ამავე დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვიდი თუ რვა მაღალი რანგის ოფიცრისთვის გენერლის ტიტულის მინიჭების ბრძანებას მოაწერა ხელი.
ამ შვიდი თუ რვა მაღალი რანგის ოფიცრიდან ერთ-ერთი ჩაჩიბაია გახლდათ.
_ ანუ იმის თქმა გინდათ, რომ ჩაჩიბაიას სკანდალური განცხადება და მისთვის გენერლობის მინიჭება ერთმანეთს უკავშირდება?
_ დიახ, უკავშირდება.
გენერლობა ისეთ ადამიანებს მიანიჭეს, რომლებსაც რუსული ბეგრაუნდი აქვთ! მათ შორისაა ალეკო კიკნაძეც, რომელიც ავღანეთში სამხედრო მისიას ხელმძღვანელობდა და რომლის შესახებაც საჯაროდ არაერთხელ მისაუბრია.
ალეკო კიკნაძეს მოსკოვში იური ანდროპოვის სახელობის აკადემია აქვს დამთავრებული. ამასთან, მას უკავშირდება რუისის გზაზე მომხდარი ავარია, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
_ ეს ტრაგედია როდის მოხდა?
_ „ნაციონალების“ დროს, თუმცა ბაჩო ახალაიასთან სიახლოვის დროს კიკნაძემ მართლმსაჯულებას თავი აარიდა.
ამას გარდა, სხვა კიდევ ბევრი თემა არსებობს, მაგრამ ახლა შორს აღარ წავალ და ეს ფაქტიც საკმარისია, რომ პრეზიდენტმა იცოდეს, ბრიგადის გენერლის წოდება ვის მიანიჭოს და ვის _ არა.
სხვათა შორის, ბრიგადის გენერლის წოდება ჯანჯღავასაც მიანიჭეს. ეს ის ჯანჯღავაა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რეზერვისტების მთელი პროგრამა ჩააგდო.
ერთი სიტყვით, როცა პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, აზრი შესაბამის ორგანოებს უნდა ჰკითხოს, კონკრეტულ ადამიანებზე მაკომპრომეტირებელი მასალები არსებობს თუ არა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს 37-ათასიან არმიას ამდენი გენერალი ნამდვილად არ სჭირდება!
_ ბატონო კოტე, ჩაჩიბაიას, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთის ინტერესების გატარებაში სდებთ ბრალს. სწორად გავიგე, არა?
_ ბრალს მე კი არ ვდებ, ჩაჩიბაიას განცხადება რუსეთის იმ ნარატივში, რომელსაც წლების განმავლობაში ამკვიდრებს, ერთი-ერთში ზის _ როგორც აღვნიშნეთ, რუსეთი კანონიერი ხელისუფლების დამხობას სამოქალაქო ომად ნათლავს, მაგრამ, სინამდვილეში, ეს სამოქალაქო ომი კი არა, სამხედრო, ანუ პუტჩის გზით განხორციელებული წმინდა სახელმწიფო გადატრიალება იყო! აი, ესაა სიმართლე!
სხვათა შორის, ამ მოვლენებს სახელმწიფო გადატიალების შეფასება დევნილობაში მყოფმა უზენაესმა საბჭომ, ჯერ კიდევ, 1992 წლის 13 მარტს მისცა _ შესაბამისი დადგენილება გამოსცა, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოში სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება მოხდა, რომელშიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და მათივე სამხედრო ძალები მონაწილეობდნენ.
ეს დოკუმენტი უზენაესმა საბჭომ გროზნოში მიიღო და ყველა საელჩოს, ასევე საერთაშორისო მისიას გაუგზავნა.
ამას გარდა, ანალოგიური დადგენილება პარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის დროსაც მიიღო. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, არ მგონია, ყველაფერ ამის შესახებ არ სცოდნოდათ. მით უმეტეს, არ შეიძლება, არ სცოდნოდა იმ ადამიანს, რომელიც შეიარაღებული ძალების, პრაქტიკულად, ბრძოლისუნარიანობას განსაზღვრავს. ჩაჩიბიას ეს განცხადება მარტო პირად შემადგენლობაზე კი არა, ჯარის მსოფლმხედველობაზეც იმოქმედებს! ასევე თავის კვალს დატოვებს იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ჯარისკაცები მომავალში გახდებიან. პირდაპირ ვთქვათ, რომ ახალმა თაობამ არ იცის, თუ რა მოხდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში და შესაბამისად, ვერც იმას მიხვდებიან, ყველაფერ ამას გენერალური შტაბის ხელმძღვანელი სამოქალაქო ომად რატომ ნათლავს!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველოში არანაირი სამოქალაქო ომი არ ყოფილა და არც იქნება. ზოგადად, სამოქალაქო ომის დროს ერთმანეთს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უპირისპირდებიან ხოლმე. საქართველოში კი ასეთი ფაქტი არ ყოფილა!
_ ყველაფერ აქედან გამომდინარე, თქვენ, როგორც სამხედრო კონტრდაზვერვის თადარიგის ოფიცერი, გენშტაბის უფროსს რა პასუხისმგებლობას აკისრებთ!
_ ჩაჩიბაიამ, თუ სინდისი აქვს, თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს! თუ ასეთ გადაწყვეტილებას თავად არ მიიღებს, მაშინ ის თანამდებობიდან პრეზიდენტმა და პრემიერმა უნდა გადააყენონ! აი, ეს არის ვერდიქტი!
სხვათა შორის, თანამდებობა მხოლოდ ჩაჩიბაიამ კი არა, მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმაც უნდა დატოვოს!
_ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გულისხმობთ?
_ დიახ.
ისე, საზოგადოებას, რატომღაც, დაავიწყდა, რომ, თავის დროზე, იზორია ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო _ თუ არ მეშლება, 2004-2005 წლებში პოლიციის აკადემიას ხელმძღვანელობდა.
_ სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ სკანდალის აგორების შემდეგ ჩაჩიბაიამ განმარტა, ჩემი განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილი გავრცელდა და, სინამდვილეში, მე სხვა რამ ვთქვიო.
_ ეს განცხადება ტელევიზიებითაც ტრიალებდა და სოციალურ ქსელშიც, შესაბამისად, რა დამახინჯებაზეა საუბარი? როგორ შეიძლება, ვინმეს კონტექსტიდან ამოეგლიჯა განცხადება, საქართველოში ოთხი ომი იყო და აქედან სამი _ სამოქალაქოო?
_ სხვათა შორის, მოგვიანებით, თვდაცვის სამინისტროს საიტიდან ჩაჩიბაიას ეს განცხადება წაშალეს და მის ნაცვლად სხვა ატვირთეს.
_ თავიანთ შეცდომას მიხვდნენ და, ბუნებრივია, წაშლიდნენ. სამხედრო, რომელიც შინაგანი ჯარის წიაღშია აღზრდილი, ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. როგორც ჩანს, მასზე, როგორც სამხედროს ჩამოყალიბებაზე, შინაგანი ჯარის რიგებში ყოფნამ დიდი გავლენა მოახდინა.
ისე, მე კიდევ სხვა რამის ეჭვი მაქვს.
_ რისი ეჭვი?
_ ჩაჩიბაიას ამ განცხადებას სხვა სამხედროების მიერ გაკეთებული განცხადებები უსწრებდა.
_ კერძოდ?
_ დევი ჭანკოტაძემ და მამუკა ყურაშვილმა განაცხადეს, რომ საქართველოში ვიღაცები თითქოს მაღალი ჩინის ოფიცრის მკვლელობას აპირებდნენ. ეს განცხადებები პირადად ჩემთვის ამაზრზენი იყო.
_ რატომ?
_ ჩემთვის, როგორც სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლისთვის, ამ პერსონების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები მიუღებელია, რადგან ჯობია, მათ თავიანთი წარსული კარგად მოიკითხონ! თუ ჩემი არ სჯერათ, მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების არქივებში ჩაიხედონ, სადაც რუს მაღალჩინოსნებთან მათი პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირების შესახებ არაერთი ინფორმაცია არსებობს!
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ უმჯობესია, მედიამ რესპონდენტებად ისეთი ადამიანები შეარჩიოს ხოლმე, რომელთა წინააღმდეგაც მაკომპრომეტირებელი მასალები არ არსებობს. ყველაფერი ეს ამაზრზენია! თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში უსაფრთხოების ოფიცრები გადაშენდნენ, ძალიან ცდება! მართალია, ჩვენ არ ვმუშაობთ, მაგრამ ყველაზე ყველაფერი ვიცით!
გაბრაზებული ტონი მაპატიეთ, მაგრამ უკვე ყველას მხილების დრო დადგა! თუ ყველას არ ვამხელთ, მაშინ ავტორიტარიზმი კოლექტიური ავტორიტარიზმით შეიცვლება. დღეს, პრაქტიკულად, კოლექტიურ ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ!
_ ბატონო კოტე, თუ გაქვთ ინფორმაცია, ჩაჩიბაია თავდაცვის სამინისტროს უწყებაში როგორ მოხვდა?
_ შინაგანი ჯარებიდან.
_ ადასტურებთ ინფორმაციას, რომ სანამ ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდოდა, ჩაჩიბაია გენშტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა?
_ დიახ.
_ თქვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ჩაჩიბაია „ოცნების“ ხელისუფლებაში როგორ და ვისი მფარველობით დაწინაურდა?
_ ვინმეს მფარველობა რად უნდოდა? ეს ერთი და იგივე პოლიტიკური ძალაა! როგორ მოხვდნენ „ქართულ ოცნებაში“ ვანო ზარდიაშვილები და სხვა ვიღაცები? რატომ არ წამოვიდა იმ ადამიანების ტალღა, რომლებიც, პრაქტიკულად, ნეიტრალურები იყვნენ? „ნაცმოძრაობიდან“ ნელ-ნელა ჯერ „ევროპულ საქართველოში“ გადავიდნენ, მერე _ „ქართულ ოცნებაში“ და, საბოლოო ჯამში, ყველა „ოცნებაში“ აღმოჩნდა!
როტაცია ნელ-ნელა ხდება და, სხვათა შორის, ეს პროცესი, ჯერ კიდევ, „მოქკავშირის“ დროს გავიარეთ! მდინარაძეები, მურუსიძეები და სხვები ვინ არიან? არც პალიკო კუბლაშვილი დაგვავიწყეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენის ძირითადი მედიატორი იყო. დღეს მას „ქართულ ოცნებასთან“ საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს და, ჩემი ინფორმაციით, სწორედ პალიკო და კოტე კუბლაშვილის საშუალებით ახერხებს „ქართული ოცნება“ იმას, რომ სასამართლოზე მაქსიმალური ზეგავლენა ჰქონდეს!
საბოლოო ჯამში, ორივე პოლიტიკური ძალა _ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ _ ერთად უნდა შევკრათ და პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვათ. ეს ძალიან მალე მოხდება!
_ ბატონო კოტე, როგორ გგონიათ, დღეს ქართველი ვეტერანებისა და, ზოგადად, ჯარისკაცების მიზანმიმართული დამცირება ხომ არ ხდება?
_ რა თქმა უნდა! მეც, როგორც ვეტერანი, დამცირების ცოცხალი მაგალითი ვარ _ ვეტერანთა კორპუსი 22 ლარის ამარაა დარჩენილი!
სხვათა შორის, დიდი ზარზეიმით დააანონსეს, რომ მახათაზე ვეტერანებისთვის რაღაც სამხედრო ქალაქი უნდა აშენდეს, მაგრამ მესამე მასივში სამხედრო ქალაქი უკვე არის და ერთი, შეიხედონ და ნახონ, იქ რა ხდება და იმითაც დაინტერესდნენ, სამხედროებზე გაცემული ბინები ვის ხელშია!
_ ვის ხელშია?
_ იქაურობა პაკისტანელებით და ირანელებითაა გამოტენილი!
_ ეჭვობთ, რომ ახალი სამხედრო ქალაქის აშენებით ვიღაცები ფულს გააკეთებენ?
_ დიახ. სამხედრო ქალაქისთვის ბიუჯეტიდან ხარჯები გამოიყოფა და თავდაცვის სამინისტროს ვიღაც მაღალჩინოსნები ამ ფულს ჯიბეში ჩაიდებენ! ერთი მითხარით, ლევან იზორიამ საქართველოს მოსახლეობისა და სამხედროების ხარჯზე ფული რატომ უნდა გააკეთოს?
სწორედ ყევლაფერი ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს 90-იანი წლებიდან დატოვებულ საოკუპაციო რეჟიმთან, ანუ დღეს საქართველოს მხოლოდ 20% კი არა, მთელი ქვეყანაა ოკუპირებული!
ამ ოკუპაციას კი, ვიმეორებ, საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როცა კანონიერი ხელისუფლება დაამხეს!
ისე, გაიხსენეთ ბიძინა ივანიშვილის ფრაზა, შუა უნდა გაიკრიფოსო. დიახ, შუა გაკრიფეს, აღარ არის და მხოლოდ ორი პოლიტიკური პოლუსიღა არსებობს. ეს ორივე პოლიტიკური პოლუსი საოკუპაციო რეჟიმის გაგრძელება და სამართალმემკვიდრეა. ნელ-ნელა იკვეთება, ვინ ვინ არის და ეს ორივე პოლიტიკური ძალა რუსეთზეა მიბმული!
_ ქართულ ჯარზე ბოლო დროს ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება. საქართველოს შეარაღებულ ძალებში, რეალურად, რა ხდება?
_ არაფერი! ჯარში სრული სტაგნაციაა. ერთი პერიოდი გაწვევის გაუქმებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მერე გაწვევა ისევ დაიწყეს!
ამასთან, დღეს ქართულ ჯარში პროფესიონალები არ არიან. ამას გარდა, არც სამხედრო კონტრდაზვერვა მუშაობს. არადა, სამხედრო კონტრდაზვერვა ვალდებულია, ჯარში სამოხელეო დანაშაულებები გამოავლინოს.
სამხედრო პოლიციაც, პრაქტიკულად, არ მუშაობს. ჯარში არც სოციალური პრობლემებია მოგვარებული _ წეღან ვეტერანებზე ვსაუბრობდით და თუ შეიარაღებული ძალები ვეტერანებზე არ ზრუნავს, მაშინ ყოველგვარ მორალურ განწყობაზე საუბარი ზედმეტია _ მოქმედი ჯარისკაცები ხომ ხედავენ, ის ადამიანები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომებში ვმონაწილეობდით, დღეს რა მდგომარეობაში ვართ?
დღევანდელ ჩვენს მდგომარეობაში ისინი თავიანთ მომავალსაც ხედავენ და რა მორალური განწყობა უნდა ჰქონდეთ? ოფიცრები ოჯახებს ძლივს ინახავენ და გაძლებაზე არიან! ან როგორ შეიძლება, საოკუპაციო პირობებში რამე მორალზე ვისაუბროთ?
_ ჩვენთვის რომ ვთქვათ, გენშტაბის უფროსის იმ განცხადებას, რომლითაც საუბარი დავიწყეთ, ვეტერანების ფართომასშტაბიანი პროტესტი რატომ არ მოყვა?
_ ვეტერანებმა რა უნდა ქნან? ვეტერანთა პოლიტიკური პარტიებია ჩამოყალიბებული, მაგრამ მათგან ვეტერნათა მდგომარეოაბზე ერთი განცხადებაც არ გაკეთებულა! არადა, ვეტერანთა პარტიას, ელემენტარულად, ამ საკითხების დაყენება შეუძლია!
ისე, პირადად მე, სადაც შესაძლებლობა მაქვს, ვაპროტესტებ და არასოდეს გავჩუმდები!
ამასთან, ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, ხმა ამოიღოს!
ჩაჩიბაიას განცხადებაზე და, ზოგადად, ყველაფერზე, რაც თავდაცვის სამინისტრიოში ხდება, პოლიტიკურად პასუხისმგებელი არის ლევან იზორია!

გიორგი აბაშიძე