გრიგოლ გეგელია: „მთელ პოლიტიკურ კლასს უნდა განვუცხადოთ უარი _ სახალხო პოლიტიკის დროა“

შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება, მათ შორის, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ პარლამენტს წარმომადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების ჩატარება უწევს.
შუალედურ არჩევნებზე თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია იბრძვის.

როგორ აფასებს არსებულ პოლიტიკურ ველსა და შექმნილ მდგომარეობას? როგორია მისი საარჩევნო პროგრამა? რა არის გეგელიას მთავარი მესიჯი და რა უპირატესობა აქვს სხვა კანდიდატებთან შედარებით მას?

აღნიშულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატ გრიგოლ გეგელიას ესაუბრა:

_გრიგოლ, საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტიკური ველი განახლებას საჭიროებს, თუმცა ახალგაზრდებისთვის პოლიტიკა ნაკლებად პოპულარულია. ალბათ სტერეოტიპული დამოკიდებულებაა, როცა პოლიტიკას ბინძურ საქმეს უწოდებენ. თქვენს შემთხვევაში რით იყო განპირობებული პოლიტიკაში მოსვლა?
_ პირველ რიგში, გეთანხმებით შეფასებაში, პოლიტიკის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძალიან სტიგმატიზებულია. პოლიტიკა აღიქმება, როგორც ბინძური, არამორალური, არაფრისშემცვლელი საქმე. სამწუხაროდ, ზოგადად, პოლიტიკის მიმართ მთელ ქვეყანაში არის იმედგაცრუება. პირველ რიგში კი ეს იმედგაცრუება სწორედ ახალგაზრდებშია. მგონია, რომ ეს ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან ცუდია. თუ ბევრი კარგი, სწორი და პრინციპული ადამიანი არ წავა პოლიტიკაში, მაშინ ნამდვილად ახდება ის, რასაც ვამბობთ. პოლიტიკა დარჩება იმად, რასაც შიშობენ, რომ ის არის. თუკი პოლიტიკა მართლაც ბინძურია, მისი შეცვლის უებარი წამალია, სულ სხვანაირი ხალხი წავიდეს პოლიტიკაში. პრეტენზია მაქვს, რომ ძალიან სუფთა ვარ, ჩემი იდეალების გარდა არავის ინტერესებს არ ვემსახურები, ჩემი ოლქის ხალხის დაკვეთის გარდა არავის დაკვეთას ვასრულებ. ვარ აქტიური პოლიტიკოსი. მთელი სიხარულითა და სიამაყით ვამბობ: უკვე ერთი მაგალითი გამოვდივარ იმისა, რომ პოლიტიკოსი შეიძლება იყოს წესიერი. ზოგადად, არა მხოლოდ მე, არამედ სუფთა და წესიერ პოლიტიკას უნდა დავუჭიროთ მხარი.
_ აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს წესიერი და სუფთა, მაგრამ როდესაც საუბარია პოლიტიკურ თამაშებზე, თუ გინდა იყო წარმატებული პოლიტიკოსი, ბევრ კომპრომისზე გიწევს წასვლა. თქვენ რა ბერკეტი გაქვთ, რომ თქვენი სუფთა იდეებით და მხოლოდ და მხოლოდ ხალხის დაკვეთებით გახვალთ ფონს?
_ ლეგიტიმური შეკითხვაა. რა თქმა უნდა, ამ პროცესს სირთულეები ახლავს იმ გაგებით, რომ სისტემა მუდმივად კომპრომისზე წასვლას გთხოვს. სისტემა შენგან მოითხოვს იყო მათთნაირი, გადახვიდე მათ რელსებზე და დაემსგავსო მას. სისტემა ცდილობს, გაქციოს იმად, რაც თვითონ არის. ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ წარმატებისთვის არ არის აუცილებელი, ამ პოლიტიკურ კლასს დაემსგავსო. პოლიტიკაში წარმატება ეს არის, შენი იდეების დაცვით მიიღო ხმები. თუკი ქართველ ხალხს სურს, რომ მართლაც განახლდეს პოლიტიკა, აღარ იყოს პოლიტიკაში ის ხალხი, რომელიც 7 პარტიაშია ნამყოფი, 4-ჯერ იყო პარლამენტში, იყო ლიბერალი, ფაშისტი, ნეოკონსერვატორიც, ულტრალიბერალიც, ანუ ეს ხალხი ხშირ შემთხვევაში ყველაფერი ყოფილა, თუკი ჩვენს ერს მართლა აქვს პრეტენზია, რომ გვინდა სხვანაირი პოლიტიკა, მაშინ წავიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ იმ სხვა პოლიტიკას. შესაბამისად, არანაირი სირთულე არ იქნება წარმატების მოსაპოვებლად.
_ მაშინ ასე გკითხავთ: საზოგადოება რამდენად არის ამისთვის მზად?
_ ძალიან კარგი შეკითხვაა. ანუ ჩვენ იქამდე კი არ დავდივართ, რომ პოლიტიკაში წარმატება სხვანაირად შეუძლებელია, არამედ საზოგადოებრივ დაკვეთამდე დავდივართ. თუკი დღეს საზოგადოებრივი დაკვეთა არის მართლაც განახლება, თუნდაც ჩვენ აგერ ვართ და ვიბრძვით შემზარავად უთანასწორო ბრძოლაში. მასშტაბები რომ ავიღოთ, იქნება 1:200-თან, ან 1:300-თან (იცინის). მაგრამ მაინც ვიბრძვით, რადგან გვწამს იმის, რისთვისაც ვიბრძვით. აქ არ გავჩერდებით, ჩვენი ეს ბრძოლა წელს მთაწმინდის ოლქში მხოლოდ დასაწყისია. რა თქმა უნდა, ბევრად მეტს ვიწყებთ და ქართულ საზოგადოებას შანსს ვაძლევთ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება. ჩვენთან ხშირად ამბობენ და მეც ვამბობ ხოლმე, _ ქართული პოლიტიკის წყევლაა, რომ გადაწყვეტილება ნეგატიური პრინციპით მიიღება. არ გვინდა უარესი და ვირჩევთ ცუდს. წელს კი ჩვენს ამომრჩევლებს საშუალებას ვაძლევთ, არჩევანი არ გააკეთონ ცუდსა და უარესს შორის და აირჩიონ რაიმე კარგი, ანუ პოზიტიური დღის წესრიგი. ჩვენ მართლაც გვაქვს ეს პოზიტიური დღის წესრიგი: წამლების ფასთან დაკავშირებით; მშრომელთა უფლებებზე; ქალთა უფლებებზე; ვეტერანებზე; ეკოლოგიაზე; ყველაზე მწვავე საკითხებზე მკაფიო პოზიციები გვაქვს. ახლა არავის აღარ ეთქმის, რომ არჩევანის საშუალება არ არის. პირიქით _ არის! ჩვენ აქ ვართ, მხარდაჭერას ველით წელსაც და შემდეგ წლებშიც. ერთად მართლაც შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა, თუკი საზოგადოებას ეს განახლება სურს.
_ გასაგებია თქვენი შემართება, იდეები და ხედვები, მაგრამ არჩევნებზე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვვანია ფინანსური რესურსი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულწილად, გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამ კუთხით როგორია თქვენი სტრატეგია?
_ ამ მოცემულობაში საპირწონე არის ჩვენი წესიერება, პრინციპულობა და განახლების რეალური პოტენციალი. ანუ მათ მხარეს არის დიდი ფული, ჩვენს მხარეს არის სახალხო ინტერესი. ახლა მთავარია, ხალხმა ეს ჯეროვნად დაინახოს და მართლა უარი განუცხადოს მთელ პოლიტიკურ კლასს, რადგან ჩვენ არც ერთი დღით არ ვყოფილვართ ვინმეს პარტიაში, არ ვართ ვინმეს მიერ მართულები ან ლობირებულები, ჩვენ უკან არ დგას არც ბანკის და არც დიდი ფული ან ვიღაცის პოლიტიკური გავლენები. ჩვენ უკან ქართველი ხალხის ყველაზე მწვავე პოლიტიკური პრობლემები და ინტერესები დგას, რომელზედაც მკაფიო პოზიციები გვაქვს. მართლა ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც აპოლიტიკურია, ყველას შეუძლია ნახოს და შეადაროს ჩვენი და სხვების პროგრამა, თუკი სხვების პროგრამას მონახავს. მთელი პატივისცემით არაერთი კოლეგისადმი, ზოგ შემთხვევაში, არც კი იძებნება პროგრამა. ლაპარაკობენ ერთსა და იმავე თემებზე, ძალიან ხშირად პოპულისტურად საუბრობენ, მაგალითად, ავარიულ სახლებზე, რაზედაც ჩვენც გვაქვს მკაფიო პოზიცია, მაგრამ მათ არ გააჩნიათ მწყობრი, ეროვნული დღის წესრიგი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაქვს ამის შეცვლის პოტენციალი, ამ ქვეყანაში ალტერნატიული განვითარება გვინდა. ახლა ხშირად გვეკითხებიან, _ რატომ არ გავერთიანდით რომელიმე პარტიასთან? დიდი ბოდიში, მაგრამ როგორ შეიძლება გავერთიანდე რომელიმე პარტიასთან, როცა მე ჩემი დღის წესრიგის გასატარებლად ვარ პოლიტიკაში. პოლიტიკოსი პოლიტიკაში თავისი იდეალების გასატარებლად მიდის. თუმცა ჩვენთან პრინციპი ყოველთვის ის არის, რომ ვიღაც უნდა შეცვალონ, დაამხონ, გადააყენონ და ა. შ., ჩვენ ეს კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა სწორი შინაარსით შევცვალოთ არასწორი შინაარსი. ჩემი თვითმიზანი სწორედ ეს არის, რომ სწორი შინაარსი ჟღერდებოდეს ქართულ პოლიტიკაში და იმედია, წელსვე იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. სხვა ამბიცია არ გამაჩნია. ჩემი სანუკვარი ოცნება სწორედ ეს არის, რომ სწორი შინაარსი იყოს და ჩვენ ამას ნაწილობრივ უკვე ვაღწევთ _ უკვე გავააქტიურეთ პოლიტიკური დისკურსი. ფაქტობრივად, 2 თვის წინ ეს დისკურსი არ არსებობდა, უკვე არის და ახლაც გავაგძრელებთ მუშაობას მოსაგებად.
_ საარჩევნო პროგრამა ახსენეთ და თქვით, რომ ზოგ შემთხვევაში არც კი იძებნება პროგრამა. როგორ წესი, წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ ამაზე უნდა კეთდებოდეს აქცენტი, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ასე არ ხდება და, ძირითადად, ერთმანეთს ახსენებენ წარსულს. როგორ ფიქრობთ, რატომ არ აქცევენ შესაბამის ყურადღებას საარჩევნო პროგრამას? ამ შემთხვევაში ხალხის დაკვეთაა ასეთი?
_ ეს, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება. ეს არ არის კონსოლიდირებული და შემდგარი პოლიტიკური კულტურის მახასიათებელი. რეალური სურათი გახლავთ ის, რომ ჩვენ სანამ არ გადავალთ იდეურ მუშაობაზე, სანამ არ ავირჩევთ ცოდნას პოლიტიკაში, კონკრეტული ტიპის იდეოლოგიურ მოდელებს, მაგალითად: ჯანდაცვის, განათლებისა და ა. შ., მანამ ჩვენ ვერ შევცვლით ამ პოლიტიკურ ჭაობს. მწამს, რომ ქართველი ხალხი სრულიად გადაღლილია ამ მინიმალისტური დღის წესრიგით. მწამს, რომ ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა დააღალატა ქართველი ხალხი. რომ დავაკვირდეთ, მთელი რიგი თემები, როგორიცაა: შრომის უფლებები და ღირებულება, საარსებო მინიმუმი, დევნილთა და ეკოლოგიური საკითხები, ამ თემებზე ქართულ პოლიტიკურ კლასს პოზიცია არ გააჩნია, ის არ განიხილავს ამ თემებს. როდესაც განიხილება ასეთი საკითხები, პარლამენტი ცარიელია. ფაქტობრივად, დღეს არც ერთი სახალხო ხმოსანი არ არის პარლამენტში. არც ერთი ხმა არ არის, რომელიც ამ საკითხებს შემართებით, უკომპრომისოდ დაიცავს. დღეს ქართველი ერი არ ვითარდება, არ საუბრობენ, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი მშიერია. ჩვენი ჯგუფის გარდა არავინ საუბრობს, რომ ყოველ წელს 300 ბავშვი იღუპება არაადეკვატური კვების გამო. უკვე მრავალი წელია, არათემატურ ეთერშიც კი ვცდილობ, ეს ვახსენო. სულ ვცდილობდი, ეს თემა შემომეტანა. სანამ 2 კვირის წინ არ მოხდა შემზარავი ტრაგედია, მანამ ამ თემაზე არანაირი ჩოჩქოლი და გაშუქება არ ყოფილა. ე. ი. აფექტური ტიპის საზოგადოება ვართ, რომელსაც 2-3-დღიანი ემოციური აფეთქებები ახასიათებს და არა მდგრადი ცვლილება. ეროვნული განვითარების ახალი სტრატეგია გვჭირდება, მათ შორის, ინდუსტრიალიზაცია, რეგიონული განვითარება. ამაზე სახელმწიფოს ძალიან ნათელი პოზიცია უნდა ჰქონდეს. ქართველი ხალხი, რეალურად, გადაღლილია მინიმალისტური თემატიკით, მურუსიძე-ჩინჩალაძით და „ვენეციის კომისიაზე“ საუბრით. რა თქმა უნდა, ამაზე მეც მაქვს მკაფიო პოზიცია, მაგრამ ამის გარდა, დაახლოებით, 15 რიგ საკითხზე მაქვს მკაფიო პოზიცია. ჩვენ ამას აუცილებლად გავაპოლიტიკურებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ თემებით. NDI-ის კვლევა აჩვენებს, რომ ქართველი ხალხის 55%-ის აზრით, პარლამენტი ძიძგილაობის გარდა არაფერს აკეთებს, მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ საქართველოს ინტერესებს იცავენ პარტიები და პოლიტიკოსები; 29%-მა იცის მხოლოდ, რა ჰქვია თავის პარლამენტარს; 71%-მა არც იცის, რა ჰქვია თავის პარლამენტარს. ანუ ეს სტატისტიკა მიგვითითებს, რომ არანაირი ბმა ქართველ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის აღარ არსებობს. ამიტომ ვერ დავიჯერებ, რომ ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც დღეს ვითომ დომინირებს, იმავე დროს ემთხვევა ქართველი ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ინტერესებსა და სურვილებს. აბსოლუტურად ყველა სტატისტიკა მიგვითითებს, რომ ამომრჩევლი რაღაც ძალიან დიდსა და ახალს ელის.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის ბმა აღარ არსებობს, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? ეს განპირობებულია თუ არა იმით, რომ პარლამენტარები თავიანთი ინტერესებით არიან დაკავებული, თუნდაც ვიცით, რომ პარლამენტარების დიდი ნაწილი ბიზნესმენია და სწორედ საკუთარ ბიზნესინტერესებს იცავს.
_ პირველ რიგში, ესეც დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა ტიპის ქვეყნებისთვის, გარკვეუწლილად, თუმცა არა მხოლოდ. მაგალითად, ამერიკაშიც ოლიგარქია ხელისუფლებაში. ანუ დიდი ფული პოლიტიკაში ფართო პრობლემაა. სალომე ზურაბიშვილის შემთხვევა რომ განვიხილოთ, ვნახეთ, რომ ფულით ვეღარ იყიდეს არჩევნები. ისევ 9 წელიწადზე დაიწყეს საუბარი და იმაზე, რომ არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება. საბოლოო ჯამში, მაინც იმ კარტმა ითამაშა, რომ ქართველი ერის უმეტესობამ გადაწყვიტა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს არ გაემარჯვა. თორემ სალომე ზურაბიშვილს, ფაქტობრივად, არჩევნები წაგებული ჰქონდა, რადგან ვეღარ იყიდეს და იმედია, რომ ვერასდროს იყიდიან, ვერც „ქართული ოცნება“ და ვეღარც სხვა რომელიმე პარტია, ამის მცდელობა კი მუდმივად არის. ფაქტობრივად, დღეს პარლამენტარიზმის იდეა მომსპარია. პარლამენტს თავის ხალხთან არანაირი ბმა არ გააჩნია. ისინი იტყვიან, რომ ხალხის მიერ არიან არჩეულები, მაგრამ ამ ჭრილში უნდა გავიხსენოთ, რომ ქართულ პარლამენტს ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია აქვს. ძალიან ცოტა ადამიანი დადის არჩევნებზე, ანუ ისინი არიან არჩევნებზე მისული ძალიან ცოტა ამომრჩევლის კიდევ მცირე ნაწილის მიერ არჩეული. რეალურად, მათი ლეგიტიმაცია უდაბლესია. პარლამენტართა უმეტესობა საკუთარ ბიზნესზე, ინტერესებსა და გამდიდრებაზეა ორიენტირებული. მათ არაფრად ადარდებთ ეროვნული განვითარება, ყოველი მეხუთე მშიერი ბავშვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და არც საქართველოს განვითარების პარადიგმა. ჩვენ გვჭირდება ინდუსტიალიზაცია, საწარმოები, კონკრეტული კრიზისული გეგმა, როგორ ამოვიყვანოთ ქვეყანა სტრუქტურული უმუშევრობისა და სტრუქტურული სიღარიბის შემზარავი ჭაობიდან. არანაირი განვითარება არ მოხდება, თუ ჩვენ სტრუქტურულ საკითხებს, სტრუქტურულად არ შევხედეთ. კაფე-ბარების, სასტუმროების ინდუსტრია ჩვენ ვერ გადაგვარჩენს იმიტომ, რომ კაფე-ბარი ასაქმებს 5-10 ადამიანს. მივესალმები, რომ მომსახურების სფერო და ტურიზმი ძლიერი იყოს, მაგრამ თუ არ მივხედავთ სტრუქტურულ საკითხებს, სანამ ადგილზე წარმოება და დოვლათი არ შეიქმნება, მანამ ვერც ერთი დიდი პრობლემა ვერ მოგვარდება. ამიტომ გვჭირდება პარლამენტში სახალხო, მემარცხენე ხმა, რომელიც ამ თემებზე განუწყვეტლივ იმუშავებს თავის გუნდთან ერთად და იტყვის, რომ ბატონო/ქალბატონო კოლეგებო, მაჟორიტარებო, რომლებიც ფეოდალები ხართ თქვენს ოლქებში, რომლებსაც გაქვთ ბიზნესები და გავლენები, ერთი დღითაც კი არ გიზრუნიათ ამ სტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე, არავითარი მორალური უფლება არ გაგაჩნიათ, ვიღაცის სახელით საუბრობდეთ. ამის თქმა გვჭირდება, მთელ პოლიტიკურ კლასს უნდა განვუცხადოთ უარი და ვთქვათ, რომ სახალხო პოლიტიკის დროა. ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნდეს ძალაუფლება.
_ უშუალოდ შუალედურ არჩევნებს რომ დავუბრუნდეთ, ეს არჩევნები არის თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთგვარი რეპეტიცია?
_ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ბევრ რამეს გამოაჩენს. რაც შეეხება ჩვენს კამპანიას, ახალგაზრდები ვართ, ამავე დროს, საკმაოდ გამოუცდელი, ბევრი ვისწავლეთ და ვსწავლობთ კიდეც. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგ შედეგს მივაღწევთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ფუნდამენტური ის არის, რომ მთელი შემდეგი წელი ვიმუშავებთ, ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. ეს არ დავივიწყოთ, ისინი კი 20-30 წელია, ამ ამბავში არიან ჩართულები. მათ ყველა ხრიკი იციან, უზარმაზარი გამოცდილება აქვთ. როცა პატარა ბავშვები, 1 და 2 წლის ვიყავით, ისინი უკვე პარლამენტში ისხდნენ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ამ პოლიტიკოსების შექმნილია ეს მანკიერი სისტემა. ესენი 4-5-ჯერ იყვნენ პარლამენტში, ასევე იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე ყოველთვის იყვნენ გავლენის სფეროს ნაწილი. როდესაც მანკიერ სისტემას ვუპირისპირდებით, სწორედ ამ ადამიანების მიერ შექმნილ მანკიერ სისტემას ვეჯახებით. ეს ადამიანები დღეს კვლავაც კანდიდატები არიან. ამიტომ ესეც ნიშანდობლივი მგონია. ჩვენ კი ბრძოლას მრავალი წელი მთელი შემართებით გავაგრძელებთ. მგონია, რომ 2020 წელს იმაზე უფრო მაღალ შედეგს დავდებთ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ძალიან დიდი პრეტენზია გვაქვს, რომ ქართველი ხალხის ხმა დავაბრუნოთ რადიკალურად განახლებული პოლიტიკური შინაარსით, ხალხის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში, საკრებულოებში, მერიებში. ეს გაუმჭვირვალე, ბუნდოვანი, ანტისახალხო, ანსტისახელმწიფოებრივი ჭაობი აუცილებლად უნდა დასრულდეს. დასრულდება კიდევაც!
_ რეალური სურათი ასეთია: ერთი მხრივ, მმართველი გუნდი მხარს უჭერს ლადო კახაძეს, მის მთავარ ოპონენტად კი შალვა შავგულიძე აღიქმება, რომელიც „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებული ბლოკით არის წარმოდგენილი. ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის მათი პოლიტიკური წარსული და ახსოვს კიდეც. თქვენ სუფთა ფურცლიდან იწყებთ. რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯი ამომრჩევლისთვის? რას სთავაზობთ მთაწმინდის ამომრჩეველს ისეთს, რაც თუნდაც ახალგაზრდას იმის მოტივაციას მისცემს, რომ არჩევნებზე მივიდეს და თქვენ სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი?
_ პირველ რიგში, რადიკალურ შინაარსობრივ განახლებას ვთავაზობთ. ასევე ვთავაზობთ ნამდვილ მეგობარს პარლამენტში, ბლოკის ხმას პირდაპირი გაგებით, იმიტომ, რომ მე სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, არც პარტია მავალებს, რა გავაკეთო და არც _ ივანიშვილი ან სააკაშვილი ან თუნდაც ვინმე სხვა. მე მხოლოდ მთაწმინდელი ხალხი თუ დამავალებს, რა გავაკეთო და როგორ გავაკეთო, მე მათ ახალ დემოკრატიულ ხარისხსა და სტანდარტს ვთავაზობ. ჩემს პროგრამაშიც არის, რომ ყოველ კვირა ან ყოველ 10 დღეში მაინც პარლამენტარს უნდა შეხვდეს ყველა დაინტერესებული მოქალაქე და, რასაკვირველია, არა მხოლოდ მთაწმინდის მცხოვრები, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მთაწმინდელი, რადგან მე მათი ხმა ვიქნები პარლამენტში. მათ მე გავაცნობ, ზუსტად რა იდეები შემაქვს პარლამენტში, რა ფაზაშია განხილვა, რას საუბრობენ სხვა პარტიები ამ იდეებზე, ვინ უჭერს სახალხო პოლიტიკას მხარს, ასევე გავაცნობ მათ იმას, თუ რა ხდება პარლამენტში; მთელ ინფორმაციას, თუ როგორ მიდის დემოკრატიული პროცესი, რას განიხილავს პარლამენტი და რა ტენდენციები იკვეთება _ ამ ყველაფერს გავაცნობ მოსახლეობას. ეს არის სრულიად განსხვავებული საპარლამენტო სტანდარტი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში და ამის დანერგვა ჩვენი ერთ-ერთი მისიაა. მათ ვთავაზობ იმას, რომ ყოველთვის, როცა მათ დასჭირდებათ, მათ გვერდით ვიქნები. სხვა კანდიდატი, რასაც მე ვხედავ, ამ პათოსით არ არის გამსჭვალული. ყველამ ვიცით, რომ, როგორც წესი, დიდი პარტიების კანდიდატები არჩევნების შემდეგ ქრებიან. აირჩევ და შემდეგ თვალით ვეღარ ნახულობ. რამდენჯერ ნახეს სალომე ზურაბიშვილი ოლქში?! მთაწმინდელებს რომ ჰკითხოთ, 10-დან 9 მაინც გიპასუხებთ, რომ არც ერთხელ უნახავთ ზურაბიშვილი ოლქში. არათუ ოლქში, არამედ პარლამენტში არ გამოსულა სიტყვით, 1-2-ჯერ გამოვიდა, ისიც ბიძინა ივანიშვილს აქებდა იმიტომ, რომ ტრამპლინს ამზადებდა თავისი პრეზიდენტობისთვის, თავისი კარიერული წინსვლისთვის. რამდენჯერ გაუწია ლობირება ავარიული სახლების საკითხს, ეკოლოგიურ ან თუნდაც ქალთა უფლებების საკითხს?! დღეს გვიცხადებენ, რომ ქალი პრეზიდენტი გვყავს, ქალთა უფლებების თემაზე ზურაბიშვილი ერთი სიტყვით გამოსულა მაინც, ვინმეს ახსენდება?! სხვათა შორის, ამ საკითხზე კანონპროექტი მაქვს, კი ვარ კაცი პოლიტიკოსი, მაგრამ გადასარევად მაქვს ქალთა საკითხზე პოლიტიკური პოზიცია ჩამოყალიბებული: ქალთა და კაცთა შორის უნდა იყოს შემოსავლის თანასწორობა. დღეს 30%-ით მეტია განსხვავება კაცსა და ქალს შორის შემოსავალზე. ერთი და იგივე საქმის შესრულებისას ერთი და იგივე კვალიფიკაციის მქონე ქალი და კაცი იღებს სხვადასხვა შემოსავალს. ქალბატონ სალომეს და სხვა პარლამენტის წევრ ქალბატონებს ამ საკითხზე პოზიცია არ ჰქონიათ. ამიტომ ქალი პოლიტიკოსი, თურმე, არ ნიშნავს იმას, რომ ქალთა საკითხებს ლობირებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირიქით უფრო გამოვიდა. ხაზგასმით ვამბობ, მე მთაწმინდელებს ვპირდები ახალ შინაარსს, ახალი ტიპის პარლამენტარიზმს, მთელი გულით ვთავაზობ ადამიანს, რომელიც მათ გვერდით იქნება. არ ვამბობ, რომ მე და ჩემი გუნდი ყოვლისშემძლე ვართ. არათუ ჩვენ, არამედ დიდი პარტიებიც კი არ არიან ყოვლისშემძლეები. ყოვლად არაპოპულისტურად ვთავაზობ მათ, რომ მათთან ერთად ვიმუშავებ. მათ არ ვეუბნები, რომ სასწაულებს მოვახდენ, მაგრამ ვპირდები, რომ დღე და ღამე ვიმუშავებ. ეს სჯობს იმ ოქროს ზვინებისა და სასწაულების დაპირებას. ყველამ იცის, რომ ეს სასწაულები აუხდენელია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ ისეთ რამეს არ ვპირდები, რასაც ვერ გავაკეთებ.
_ როგორ აფასებთ თქვენს შანსებს შუალედურ არჩევნებზე?
_ ჯერ ძალიან რთულია შანსებზე საუბარი. ჩვენ ვართ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში, სადაც ერთ და ორ ადამიანს გვიწევს უფრო მეტი საქმის გაკეთება, ვიდრე ნებისმიერ სხვას, რაც დროს გვართმევს, მათ შორის, გვართმევს დროს, რომელშიც შეგვეძლო, სხვა რაღაცები გვეკეთებინა, კიდევ უფრო მეტი გვესაუბრა ჩვენს თანამოქალაქეებთან, მაგრამ ჩვენ გამოვუშვით გაზეთი, გვაქვს პლაკატები, სხვადასხვა ეთერში დისკუსიებში მონაწილეობა მივიღეთ და ყველას შეუძლია ნახოს ეს ჩვენს ფეიჯზე; ხალხს ვესაუბრებით, არის ძალიან კარგი მუხტი; შემდეგი დღეების განმავლობაში დღედაღამ გვექნება ეს საუბრები მთაწმინდელებთან. ასე რომ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვიბრძვით სწორი იდეებისა და პრინციპებისთვის, ვიბრძვით ძალიან წესიერად. არავინ თქვას, რომ წესიერება პოლიტიკაში სისუსტეა, სანამ ხალხი იფიქრებს, რომ წესიერება სისუსტეა, მანამ ვიქნებით ამ ყოფაში. თუ ყველანი ვამბობთ, რომ იყო წესიერი, არ იყო არც კანიბალი და სულგაყიდული ეს ყოფილა ცუდი, _ წარმოგიდგენიათ, როგორ მორალურ სურათს ვიღებთ?! ანუ ჩვენ თვითონვე ვიღებთ იმ რეალობას, რომლისაც გვეშინია. ჩავჭრათ ეს სააზროვნო ცდომილება და ვთქვათ, რომ სიახლე, განახლება, ახალგაზრდები და ყველა ასაკის ხალხი სწორი შინაარსით არის ის, რაც სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის. ჩვენ მაინც მოვდივართ და ვერავითარი უწესობა და პოლიტიკური გავლენები ვერ შეგვიშლის ხელს. ბევრად უფრო მეტი ენერგია გვაქვს, ვიდრე მთელ პოლიტიკურ კლასს ერთად.

ნენე ინჯგია