ლევან სანიკიძე: „ჩვენ უდაბნოს თაობა ვართ“

ლევან სანიკიძე ერთ-ერთია იმ წარმატებული ქართველი ახალგაზრდების არმიაში, რომელსაც ხვალინდელი საქართველოს მშენებლობა მოუწევს. რას ფიქრობენ ქართველი ახალგაზრდები სახელმწიფოს მომავალზე? როგორია მათი ხედვა პოლიტიკურ პროცესებსა და საგარეო ფაქტორების ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობებზე?

„ქრონიკა+“-ის ამ და სხვა კითხვებს პეკინის საგარეო საკითხთა უნივერსიტეტის სტუდენტი, ლევან სანიკიძე პასუხობს.

ცნობისთვის: ამ უნივერსიტეტის (BFSU) კურსდამთავრებულია ჩინეთის ყველაზე მეტი ელჩი, დიპლომატი და სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელე.

_ლევან, ბოლო პერიოდში ჩინეთი ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ერთ-ერთი მათგანი ხარ შენც. რატომ ჩინეთი და რა იზიდავს ქართველებს მსოფლიოს ამ ერთ-ერთ გამორჩეულ სახელმწიფოში?
_ სწავლის ჩინეთში გაგრძელების გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე დაყრდნობით და გაანალიზების შემდეგ მივიღე. პირველი, რითაც ვიხელმძღვანელე, გახლდათ ჩემი ინტერესი ჩინური კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რაც მთავარია _ ჩინური ენის მიმართ. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც 40-საუკუნოვანი უწყვეტი ისტორია და კულტურული განვითარება აქვს. ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია უძველესი ცივილიზაციებით, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ჩინეთი ნამდვილი სამოთხეა. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა და მისი დაჩქარებული ტემპით დაახლოება _ როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ ამ პროცესს მომზადებული უნდა შევხვდეთ. მიმაჩნია, ამ მხრივ, აუცილებელია აქტიური, მოტივირებული, განათლებული, თავისუფალი ქართველი ახალგაზრდობის ჩართულობა. დროთა განმავლობაში ჩინეთის როლი ჩვენს რეგიონსა და ზოგადად მთელ მსოფლიოში, მხოლოდ და მხოლოდ, გაიზრდება, ეს ყველაფერი უკვე შეუქცევადი პროცესია. მით უმეტეს, ჩვენ ძალიან პოზიტიური გამოცდილება და კულტურული კავშირი გვაქვს აბრეშუმის გზიდან გამომდინარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. დამერწმუნეთ, ეს ახალი კავშირების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში აგრეთვე იზიდავთ დასაქმების შესაძლებლობები. ბაზარი გიგანტურია და, შესაბამისად, სამოტივაციო ნაწილის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ვაჭრობის შესაძლებლობაც. შეუძლებელია ვისაუბროთ ჩინეთზე და ხაზი არ გავუსვათ ამ ქვეყნის უნიკალურ სამზარეულოს, სტუმართმოყვარეობასა და უსაფრთხო გარემოს _ ისეთ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა ტერორიზმი, ჩინური სახელმწიფო უბადლო პროფესიონალიზმს ავლენს.
აგრეთვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩინური უნივერსიტეტები ყოველწლიურად მსოფლიო რეიტინგში უფრო და უფრო მაღალ საფეხურს იკავებენ, აუმჯობესებენ სასწავლო პროგრამებს, იზიდავენ საუკეთესო ლექტორებსა და სტუდენტებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, ქმნიან იდეალურ პირობებს სწავლასთან დაკავშირებით, რომელიც მოიაზრებს როგორც სასწავლო ინფრასტრუქტურის უმაღლეს დონეზე აყვანას, აგრეთვე ფასების ადეკვატურობას სტუდენტების ბიუჯეტთან მიმართებით. ეს არასრული ჩამონათვალია იმ გარემოებებისა, რომლის წყალობითაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველი სტუდენტებისთვის.
_ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენ იშვიათად ვიმზირებით აღმოსავლეთისკენ, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკური თუ კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით. მიზეზებზე საუბარს არ დავიწყებ, მაგრამ ვიტყვი: სქართველოში _ მასაში, არსებობს ერთგვარი (ვერ ვიტყოდი, რომ პოზიტიური) წარმოდგენა ჩინეთზე, ჩინელებზე. რეალურად, როგორია ჩინეთი და როგორები არიან ჩინელები?
_ ნამდვილად, ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში ჩინეთის მიმართ გარკვეული „შიში“ არსებობს. უმეტესად ამ საკითხით მანიპულირებენ ე. წ. ნაციონალისტური ჯგუფები, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უშლიან ჩინურ სახელმწიფოს საქართველოში ეკონომიკური ინტერესების გატარებაში. საუბარი მინდა დავიწყო იმით, რომ ჩვენ აბრეშუმის გზის წყალობით მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი ურთიერთობა გვაკავშირებდა ჩინურ ცივილიზაციებთან. ჩვენი მესვეურები მუდმივად ცდილობდნენ, იდეალური პირობები შეექმნათ უცხოელი ვაჭრებისთვის, რათა მათ ხაზინაში მაქსიმალურად მეტი შემოსავალი მიეღოთ, შემოსული თანხა კი ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის გამოეყენებინათ. 1453 წელს, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, ეს კავშირი, სამწუხაროდ, გაწყდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩინეთი ჩვენი ძველი, ძალიან ძველი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენთან მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი შეეცდება ჩვენი, როგორც ეთნიკური ერთეულის „გადაყლაპვას“. მინდა გითხრათ, რომ ამ აზრის მატარებელ ადამიანებს არანაირი საბაბი, მით უმეტეს, მტკიცებულება არ გააჩნიათ ასეთი განცხადებების დასადასტურებლად.
_ რომ დააკონკრეტო…
_ პირველი: დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოში არ არსებობს მაგალითი, ჩინური სახელმწიფო ეკონომიკური ინტერესით რომელიმე ქვეყანაში შესულიყოს და მოსახლეობის რაციო მკვეთრად შეეცვალოს. ყველა ინიციატივა, რომელიც გაჟღერებულა ჩინური ხელისუფლების მიერ საქართველოსთან მიმართებით, არის წმინდა ეკონომიკური ხასიათის და მიმართულია ორმხრივი სარგებლის მოტანისთვის. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახალ აბრეშუმის გზასაც უწოდებენ, ჩვენი ეკონომიკა უდიდეს სტიმულს მიიღებს. ამიტომ ეს ლოგიკა ჩემთვის საპირისპიროდ მუშაობს: 1. საქართველო უდიდეს უპირატესობას იღებს ჩინეთთან 2017 წელს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით და აბრეშუმის გზის ახალი პროექტით; 2. საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა უფრო გაიზრდება ზემოხსნებული პროექტის წყალობით, რადგან ჩინეთს საქართველოსთან დააკავშირებს ჩვენი საზღვაო და სახმელეთო შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობა, რის გამოც ის მუდმივად იქნება დაინტერესებული რეგიონის სტაბილურობით; 3. სამომავლოდ შესაძლოა, ასეთი სანდო და გავლენიანი მოკავშირე და სავაჭრო პარტნიორი საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მატარებელი აღმოჩნდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების საკითხში.
_ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორები ჩამოთვალე. ბოლო _ განსაკუთრებით. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ ჩინეთის კეთილგანწყობას ეფექტიანად არ ვიყენებთ…
_ ყველას უნდა გვესმოდეს, რაც უფრო მდიდარი იქნება ქართული სახელმწიფო, რაც უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება ქართველი ახალგაზრდობისთვის, მით უფრო განვვითარდებით, გავიუმჯობესებთ დემოგრაფიულ მდგომარეობასა და პოლიტიკურ ავტორიტეტს. თუ ვინმეს არსებული სტატუს კვო მოსწონს, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის უკონტროლო გადინებას საზღვრებს გარეთ, მას, რა თქმა უნდა, არ მოეწონება ჩინური ინვესტიცია და აქტიური, კრეატიული, შრომისუნარიანი მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას, დეტალურად ავუხსნათ და გავაცნოთ ყველა მნიშვნელოვანი ჩინური პროექტი და ინვესტიცია. ამის შემდდეგ მათი მანიპულირება და მოტყუება თითქმის შეუძლებელი გახდება. ვინც ინფორმირებულია, ის შეიარაღებულია!
_ გეთანხმები. რა არის ის პოზიტიური ნიშანთვისებები, რომელსაც გამოყოფდი ჩინეთისა და ჩინელების დასახასიათებლად?
_ პირველ რიგში გამოვყოფ სტუმართმოყვარეობას. ჩამოსვლის პირველივე დღეს ვიგრძენი ჩინელი ხალხის კეთილგანწყობა მათი კულტურით, ისტორიით, ენით დაინტერესებული პირის მიმართ. მუდმივად იჩენენ სიმპათიას და გამოხატავენ დახმარების სურვილს. მეორე არის შრომისმოყვარეობა. ჩემთვის ჩინელები, ამ მხრივ, სამაგალითოდ იქცნენ. ეს არის დილის 6 საათზე გაღვიძებული მოსახლეობა, რომელიც ღამის 11-12 საათამდე მუხლჩაუხრელად მუშაობს. მრავალ ასეთ ადამიანთან მისაუბრია და ყველაზე მეტად რაც მათში აღმაფრთოვანებს, არის ის, რომ მათ სწამთ _ შრომით ისინი არა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობასა და კარიერას, არამედ სახელმწიფოს განვითარებასაც ემსახურებიან. ძალიან აფასებენ ზოგად ცოდნას, მუდმივად ცდილობენ განათლების სფეროს წახალისებას. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ჩინელებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ძალიან პრობლემურია.
_ რას გულისხმობ?
_ შესაბამისი რაოდენობის ადგილები უნივერსიტეტებში არ არის, რის ამოფხვრასაც სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს. ამის გამო ახალ თაობაში საოცარი კონკურენციაა განათლების სფეროში. აგრეთვე ქართული რეალობისგან ძალიან განხვავებულია მათი ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მიდრეკილება. ეს ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ რეგალიებისა, რომელიც ჩინეთის მკვიდრთ ახასიათებს.
_ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე და საქართველო _ რამდენად კეთილგანწყობილია ეს სახელმწიფო ჩვენ მიმართ და რამდენად გვჭირდება მასთან უფრო ახლო ურთიერთობები, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ჭრილში? ვიყენებთ კი იმ პოტენციალს, რომელიც ჩინეთის ეკონომიკურმა ბაზარმა შესაძლოა, საქართველოს მოუტანოს?
_ ჩინური სახელმწიფო საკმაოდ კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ. ზოგადად, პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთო ინტერესის არსებობას, რაც, საბედნიეროდ, ჩვენ შემთხვევაში სახეზეა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ჩინური სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პროექტია, სადაც სამხრეთ კავკასია და საქართველო განსაკუთრებული ფუნქციის მატარებელია. ისტორიულად საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, რეგიონში უპირატესობას ანიჭებდა მისი უნიკალური ტერიტორიული მდებარეობა _ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია. გაითვალისწინეთ, იმავე ტიპის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთს ჩვენ გარდა მხოლოდ ორ ევროპულ ქვეყანასთან აქვს დადებული: ისლანდიასთან და შვეიცარიასთან.
საქართველოს მიმზიდველს ხდის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, კარგი ურთიერთობა აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, თურქეთთან და მოლდოვასთან. ზემოხსნებული ქვეყნები აქტიურად იქნებიან ჩართული აბრეშუმის გზის ახალ პროექტში.
_ იქნებ, განმარტო ამ ყველაფრის სარგებელი…
_ ამით საქართველო მიიღებს დიდ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ბენეფიტებს. რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანა გაცილებით უფრო მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდება, ვიდრე აქამდე იყო.
ჩვენი მთავარი დასაყრდენი ჩვენი სარკინიგზო და საზღვაო რესურსები გახდება, უმნიშვნელოვანესი იქნება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტიც, რომელიც საბოლოოდ დაუკავშირდება ბოსფორის სრუტეს და ამით მუდმივი შესაძლებლობა გვექნება ევროპაში სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვებისთვის. ამას ემატება ფოთის, ბათუმისა და სამომავლოდ ანაკლიის პორტის ახალი ენერგიით და ფინანსური ნაკადებით დამუხტვა.
უმნიშვნელოვანესი იქნება ქართული ექსპორტის ზრდა ჩინეთში, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ბაზარია. პირადად დიდად არ გახლავართ ჩახედული ქართული ხელისუფლების საქმიანობაში ჩინეთთან მიმართებით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ყურადღებას გავამახვილებდი ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაასმაგებული ენერგიით უნდა გაგრძელდეს. აგრეთვე უნდა გამახვილდეს ყურადღება რკინიგზის გადაიარაღებაზე, აღჭურვასა და ანაკლიის პროექტის სისრულეში მოყვანაზე.
_ როცა ვსაუბრობთ ჩინეთსა და საქართველოზე, რა არის ის პირველი ასოციაცია, რომელიც გონებაში ამოგიტივტივდება?
_ რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, აბრეშუმის გზა.
_ შეკითხვას ფორმულირებას შევუცვლი: რა ან ვინ ახსენდებათ ჩინელებს საქართველოს ხსენებაზე? მგონი, ეს უფრო საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის…
_ ამ თემას მე და ჩემი მეგობრები ძალიან დიდ დროს და ყურადღებას ვუთმობთ. თუ დროებით პიროვნებებზე ასოციაციას გვერდზე გადავდებთ, ჩინელებს, პირველი რიგში _ 2008 წლის ომი _ რუსეთის აგრესია ახსენდებათ, ქართულ ღვინოსთან და საქართველოს დედაქალაქთან ერთად. თუმცა, საუბედუროდ, ყველაზე ცნობილი მაინც იოსებ ჯუღაშვილის გამო ვართ, ყველაზე ხშირად სწორედ ეს ასოციაცია უჩნდებათ საქართველოს ხსენებაზე. ჩემთვის საამაყო აღმოჩნდა დემნა გვასალიას პოპულარობა. მისი ტანსაცმლის ხაზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ჩინეთში, რის გამოც დემნას სახელი საკმაოდ ბევრი ახალგაზრდისგან გამიგია. აგრეთვე ჩინეთში, როგორც კალათბურთზე უზომოდ შეყვარებულ ქვეყანაში, იცნობენ ზაზა ფაჩულიას. პოლიტიკური ლიდერებიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელიც წამოსცდენიათ საქართველოს ხსენებაზე. ბევრი გვიცნობს, მაგრამ უფრო მეტს წარმოდგენაც არ აქვს, სად არის და რა ქვეყანაა საქართველო. ამის აღმოსაფხვრელად მუდმივი და კარგად გათვლილი მუშაობაა საჭირო.
_ იმის მიუხედავად, რომ შორს ხარ, აქტიურად ეხმიანები და რეაგირებ ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც საქართველოში ხდება. ერთი მხრივ, სულაც არ მიკვირს ეს აქტიურობა შენი ოჯახური ტრადიციის გათვალისწინებით. ქართულ პოლიტიკაში აქტიური ჩაბმისთვის ხომ არ ემზადები? და, ზოგადად, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ქართული პოლიტიკური ცხოვრება და ქართული პოლიტიკური დღის წესრიგი იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოშია?
_ პოლიტიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ასე გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვი, ჩავერთვები თუ არა, მაგრამ თუ საჭიროება დავინახე და ვიგრძენი, რომ ჩემი ცოდნა, გამოცდილება და კონტაქტები საჭირო გახდა ქართული სახელმწიფოსთვის, რა თქმა უნდა, მზად ვარ, პირნათლად ვემსახურო ქვეყანას. ცუდ ხელისუფლებებს ძალაუფლებას ანიჭებენ პატიოსანი, შრომისმოყვარე და პატრიოტი ადამიანები, რომლებიც გაურბიან პოლიტიკურ პროცესში ჩაბმას იმ მოტივით, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. საბოლოოდ, ვიღებთ იმ სურათს, რაც ამ წუთს საქართველოში დგას.
ქართული პოლიტიკური სპექტრი, კრიტიკული უმრავლესობა, დიდი ხანია, მოწყვეტილია გლობალურ გამოწვევებს. საარჩევნო პროგრამებს საერთოდ არ ექცევა ყურადღება, არც ქართული ჟურნალისტიკა გამოირჩევა მნიშვნელოვანი მსოფლიო მოვლენების გაშუქებით და ანალიზით, იშვიათი გამონაკლისების გარდა. რამდენიმე წელიწადში, თუ არსებული სურათი და პოლიტიკური კლასი შენარჩუნდა, თავისუფალ საქართველოში დაბადებულ და უკვე დაღვინებული თაობის წევრებს სხვა გზა არ დარჩებათ, გარდა პოლიტიკურ ბატალიებში ჩაბმისა და ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანისა.
_ საქართველოს საზოგადოების ერთ ნაწილში არსებობს განცდა, რომ ქართული პოლიტიკური გონი დაბერდა _ ამ აზრის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით. როგორია ამ საკითხზე შენი მოსაზრება, თუნდაც იმ კონტექსტში, თუ რამდენად ზომავს ქართული პოლიტიკური გონი შენი თაობის მოთხოვნილებებს და რეაგირებს მასზე?
_ შეუძლებელია უპასუხო ახალგაზრდა თაობის მოთხოვნებს, თუკი შენ არ გესმის მისი.
დავიწყოთ იმით, რომ ქართული ახალგაზრდობა საკმაოდ ინერტულია და პოლიტიკურად დემოტივირებული. მათ არ მოსწონთ არსებული პოლიტიკური სპექტრი და სახეები _ იშვიათი გამონაკლისების გარდა. ზოგადად, მსოფლიოში ახალგაზრდები საარჩევნო აბსენტეიზმს (თავის არიდება, _ რედ.) ავლენენ, მაგრამ ჩვენთან ამის პირველწყარო არა სიზარმაცე და ნულოვანი ინტერესი, არამედ პოლიტიკური სპექტრის მიერ ჩვენი სრული უგულებელყოფაა. მუდმივად მიდის მუშაობა, ვინ უფრო მაღალ პენსიას, ჯანდაცვის პაკეტსა და სოციალური დახმარების ვაუჩერს დაჰპირდება ამომრჩეველს. პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად სწორედ ეს გახლავთ საკმარისი. ამ კონტექსტში მინდა, მოვიყვანო შემდეგი მაგალითი: 2018 წლის ზაფხულში უსამართლობის წინააღმდეგ ახალგაზრდების აქციების ტალღა აგორდა _ ვგულისხმობ სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციებს, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად მეც აქტიურად ვმონაწილეობდი. ჩემთვის სანიშანსვეტო აღმოჩნდა ერთი ფაქტი _ როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა ბოლომდე აიღეს ხელში მართვის სადავეები, მეორე დღეს ახალგაზრდული პროტესტი შეწყდა. ამიტომ პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა მიხვდეს, რომ ისინი ჩვენთვის არ წარმოადგენენ პირველ რიგში მორალურ ავტორიტეტებს. დასკვნა: სადაც დგას პოლიტიკური პარტია, იქ არ ვდგავართ ჩვენ. ამაზე პასუხი პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა საკუთარ თავში ეძებონ, _ რატომ ითვლება მათი უმრავლესობა კეთროვნად ჩემს თაობაში? არადა, დამღუპველია, როდესაც საზოგადოების ყველაზე ენერეგიული ნაწილი მოწყვეტილია ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას.
_ რა არის ახალგაზრდების სოციალური და პოლიტიკური ინდიფერენტიზმის განმაპირობებელი ფაქტორი, მაშინ როდესაც ყველას კარგად უნდა ცხოვრება და არ უნდა ბრძოლა?
_ პოლიტიკაში ჩაბმა ჩემს თანატოლებში პირდაპირ ასოცირდება გაუმართლებლად დიდ თავის ტკივილთან. რთულია, არ დაეთანხმო მათ. არავის სურს იმ სივრცეში აღმოჩენა, სადაც ოპონენტები შენ წინააღმდეგ ათასგვარ მორალურ და ამორალურ ხერხს იყენებენ. არსებულ პოლიტიკურ პლატფორმებში მისვლა წამოუდგენლად მიაჩნია ახალგაზრდების კრიტიკულ უმრავლესობას. მათ არ სურთ ძველი პოლიტიკური ფიგურების პაიკობა, ყველა დროთა განმავლობაში ფიქრობს საკუთარი, ალტერნატიული პოლიტიკური პლატფორმების შექმნას. ჩემი ღრმა რწმენით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამის პირველი ნიშნები უკვე გამოკვეთილი იქნება და ძველი პოლიტიკური სპექტრი უმტკივნეულოდ დაიწყებს პოლიტიკური ველიდან სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებას. ამ მხრივ ნამდვილად პოზიტიურად ვარ განწყობილი.
_ რაც თქვი, იმის შემდეგი სახით გააზრებაც შეიძლება _ ეს პოლიტიკოსები, ვისზედაც ვსაუბრობთ, გნებავს, პოლიტიკური კლასი, ხომ მეტწილად მამების თაობაა? ე. ი., რეალურად, ეს ერთგვარი ბრძოლა და ომიცაა მამებსა და შვილებს შორის. და ერთი ფაქტორიც: ხომ არ არის ინდიფერენტიზმის ერთ-ერთი მიზეზი ის, რომ შვილებს, უბრალოდ, ეშინიათ მამების წინააღმდეგ წასვლა, რომელთა უმეტესობამ იცის, როგორ უნდა იცხოვრონ შვილებმა, მაგრამ ვერ იცხოვრეს ისე, როგორც მათ მშობლებს სურდათ და მეტიც, როგორც თავად სურდათ ეცხოვრათ?
_ რაც შეეხება მამებისა და შვილების დაპირისპირებას, ეს ბუნების კანონზომიერებაა. მით უმეტეს, სხვაობა ძალიან დიდია ამ ორი თაობის მოღვაწეობის არეალს შორის. ერთნი დაიბადნენ საბჭოთა კავშირში, მეორენი _ თავისუფალ საქართველოში. ჩვენ უდაბნოს თაობა ვართ, უკან დაბრუნებას არ კი არა ვერც ვინატრებთ, გავიზარდეთ ღია საზღვრებში, ასე თუ ისე, მშვიდ გარემოში. ვისაც სიმშვიდე არ ახსოვს, ამ იდილიის დარღვევაში რუსებთან ერთად მამების თაობის გამოუსწორებელმა შეცდომებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი. საერთოდ არ მიმაჩნია, რომ მამების თაობასთან შეწინააღმდეგება გვერიდება, უბრალოდ, ჯერ არ დამდგარა ჩვენი გამოსვლის დრო. წინა თაობას 1989 წლის 9 აპრილი ჰქონდა, ეროვნული მოძრაობისა და თავისუფლების მოპოვების მისია იყო შესასრულებელი, ჩვენი მისია ბევრად უფრო გრძელვადიანი და შრომატევადია: უნდა შევქმნათ წარმატებული, ერთიანი და თავისუფალი საქართველო.
_ საუბარს ვერ დავასრულებ შემდეგი კითხვის გარეშე: რამდენად ადვილი ან ძნელია, იყო ლევან სანიკიძე და ასევე რამდენად ძნელია, იყო გუბაზ სანიკიძის შვილი?
_ რა თქმა უნდა, უდიდესი პასუხისმგებლობაა ლევან სანიკიძის შვილიშვილობა და გუბაზ სანიკიძის შვილობა. სიმართლე გითხრათ, სულაც არ მამძიმებს ეს ამბავი, პირიქით, ჩემი მოტივაციისთვის არაჩვეულებრივი ფაქტორებია. ძალიან ბევრს ვსწავლობ მამისგან. სამწუხაროდ, ბაბუასთან ურთიერთობისთვის დიდი დრო არ მქონია _ მხოლოდ 2 წლის ვიყავი, როდესაც იგი გარდაიცვალა. ერთი კი ვიცი _ ნებისმიერ შემთხვევაში, სხვადასხვა პლატფორმიდან, ეს იქნება პოლიტიკოსობა, მწერლობა, ისტორიკოსობა, იურისტობა თუ სხვა, ჩვენს ოჯახში ჩვენი ოჯახის, კუთხისა და ქვეყნის სამსახური უპირველესია.
_ სულ ბოლო კითხვაც: რა იქნება შენს ცხოვრებაში ჩინეთის მერე?
_ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დავუბრუნდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტს. ჩინეთი მუდმივად იქნება დაკავშირებული უამრავ კარგ სტუდენტურ მოგონებასთან, დაუზარელ შრომასთან, დამოუკიდებლობასთან და რაც მთავარია, თავისუფლებასთან.
_ წარმატებებს გისურვებ…
_ გმადლობთ.

გეგა სილაგავა