შოთა შალელაშვილი ისრაელში გაასამართლეს?!

ფულის გათეთრების სკანდალი ერთადერთი არაა, რაშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი გაეხვია. მას შემდეგ, რაც მისი შვილი, გარი შალონი, ამერიკის შეერთებულ შტატებში უმსხვილესი ფინანსური აფერის ორგანიზატორობისთვის დააპატიმრეს, მისი მეგობრების ნაწილმა საქართველოში გადმოინაცვლა და რამდენიმე შვილობილი კომპანიაც დააარსა.
თუმცა, ამჯერად, უკვე ევროპელმა სამართალდამცველებმა შალელაშვილის მეგობრების კვალს მიაგნეს და გამოძიებაც დაიწყო.

ამ თემაზე „ქრონიკა+“-მა ვრცელი მასალა გამოაქვეყნა.
მასალების გამოქვეყნების შემდეგ შოთა შალელაშვილი იატაკქვეშეთში გადავიდა, არც პარლამენტში ჩნდება და არც _ კამერებთან.
არადა, შალელაშვილს დიდი გეგმები ჰქონდა, მას დიპლომატიური იმუნიტეტი სჭირდებოდა და საქართველოს პრეზიდენტის დახმარებით უკრაინაში ელჩად დანიშვნას ჩალიჩობდა. როგორც კულუარებში ამბობენ, იმასაც ცდილობდა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამხდარიყო.
პრეზიდენტთან დალაგებას შოთა შალელაშვილს მისი ძველი მეგობარი, ზვიად კვაჭანტირაძე ჰპირდებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ვერც კვაჭანტირაძემ, ვერც ეკა ბესელიამ სალომე ზურაბიშვილი შოთა შალელაშვილის საჭიროებაში ვერ დაარწმუნეს, თუმცა ბესელია მას პარტიის დაფინანსებას სთხოვდა და არწმუნებდა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ისინი სერიოზულ გავლენას მოიპოვებდნენ.
ერთხანს შოთა შალელაშვილი არც მალავდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას იმედები გაუცრუა, თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არც ბესელიას პარტიის დაფინანსებაზე გაუცია თანხმობა.
ფულის გათეთრების სკანდალი ერთადერთი არაა, რაშიც შოთა შალელაშვილი გაეხვია. მართალია, ის საგულდაგულოდ მალავს, რომ ყველა „სიკეთესთან“ ერთად ნასამართლევია, მაგრამ „ქრონიკა+“-მა დოკუმენტური მასალა მოიპოვა, რომელიც უტყუარად ადასტურებს იმას, რასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი მალავს.
შოთა შალელაშვილი, იგივე შაფათი ბენ მოშე შალონი, 2005 წელს ისრაელში დააპატიმრეს. იგი თელ-ავივი _ იაფოს რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 6 სექტემბერს გაასამართლა, მოსამართლე გორფინკელი ცვი გახლდათ. შალელაშვილისა და მისი თანამზრახველების საქმის ნომერია 040346/00.
რას ვკითხულობთ დოკუმენტებში, რომელიც ივრითზე გადასცეს „ქრონიკა+“-ს?

საქმეში: ისრაელის სახელმწიფო
ადვოკატი _ ხაზან და კორენის
წინააღმდეგ
1. პინხას ბენ მენაშე ტალ, მისი ადვოკატი _ ვინიცკი;
3. შაფათი ბენ მოშე შალონ, მისი ადვოკატი _ ლენდშტეინი;
5. იაკოვ ბენ ნაჯი მენა, მისი ადვოკატი _ Misgav-ი.
2005 წლის 5 ივლისს მოსამართლემ ოთხ მსჯავრდებულს განაჩენი გამოუტანა და სასამართლო პროცესი 2005 წლის 12 ივლისისთვის გადაიტანა. განმეორებით პროცესზე ბრალდებული შაბი კათაშვილი არ გამოცხადდა. სასამართლო ჩატარდა და დანარჩენ ბრალდებულებს ბრალი წაუყენეს.
სასამართლომ პროკურატურისგან ინფორმაცია მიიღო, რომ 10/07/05 შაბი კათაშვილმა დატოვა ქვეყანა და გადავიდა თურქეთში. პროცესის მიმდინარეობისას მისი საცხოვრებელი ადგილი ცნობილი არ იყო, რის გამოც მისი სასამართლო გადაიდო და მას განაჩენს გამოუტანენ, როდესაც დააკავებენ და მის არგუმენტებს მოისმენენ, _ ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მოსამართლე გორფინკელი ცვიმ გადაწყვეტილება მიღოო, კატაშვილის საქმე განაცალკევოს სხვა დამნაშავეების საქმეებისგან და დანარჩენ დამნაშავეებთან დაკავშირებით განაჩენს გამოიტანს 2005 წლის 12 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
სხვა ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს გამოძიების მიერ შეგროვებული მტკიცებულებების შედეგად და ბრალი წაუყენეს: ჯგუფური და ორგანიზებული კრიმინალური საქმიანობის მხრივ კონტრაბანდის შემოტანაში, კონტრაბანდული საქონლის რეალიზაციაში, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და საგადასახადო კანონის დარღვევაში. დანაშაულის ჩადენის შეთქმულება, გაყალბებული გარემოებების გათვალისწინებით, დოკუმენტების გაყალბება, თაღლითობა, ყალბი დოკუმენტის გამოყენება, ყალბი რეგისტრაციის ანკეტის (არასწორი), ყალბი დეკლარაციის წარდგენა, საბაჟო მოხელის შეცდომაში შეყვანა, რაც მიზნად ისახავდა სახელმწიფო გადასახადების თავიდან არიდებას. ყალბი ინფორმაციის დაფიქსირებით, თაღლითობის გამოყენებით (გზით) სახელმწიფოში კონტრაბანდის _ ჩინეთიდან ავეჯის კონტეინერებით ყალბი სიგარეტების შემოტანა!
იაკობ ბენ ნეჯი მენა ასევე იყო დადანაშაულებული ქრთამის აღებაში.
დამნაშავეებმა მოახერხეს ისრაელში კონტეინერებით ყალბი სიგარეტის კონტრაბანდის შემოტანა ავეჯის საფარქვეშ, საბაჟო სამსახურის სადაზღვევო სამმართველოში მომუშავე თანამშრომლების დახმარებით.
შაფათი ბენ მოშე შალონი (შოთა შალელაშვილი) იქნა დადანაშაულებული მის მიმართ მტკიცებულებებით მოძიებული მასალების საფუძველზე (2 ავრამ კოენის, ვაისმან-1-ისა და ზეგა-1-ის) კონტეინერების გადმოტანაში. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სხვა ბრალდებები მოსამართლემ არ გაიზიარა.
შაფათი ბენ მოშე შალონის (შოთა შალელაშვილი) მიმართ წაყენებული ბრალდების გარდა მისი ბრალეულობა ამ ორგანიზებულ დანაშაულში მიჩნეულ იქნა, როგორც ერთ-ერთ მძიმე დანაშაული, რადგან იგი წარმოადგენდა ამ დანაშაულებრივი დაჯგუფებისა და საქმიანობის ორგანიზატორსა და მთავარ სპონსორს.
სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტორი, რომ შაფათი ბენ მოშე შალონმა (შოთა შალელაშვილი) ითანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტისა, მას მიუსაჯეს 2 წელიწადით თავისუფლების აღკვეთა ან 1 მილიონი შეკელის ჯარიმის გადახდა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შაფათი ბენ მოშე შალონმა (შოთა შალელაშვილი) საკმაოდ დიდი ძალისხმევა და ფინანსები გამოიყენა იმისთვის, რომ ინტერნეტსივრციდან გაექრო ყველა ინფორმაცია, რომელიც ისრაელში მისი ნასამართლეობის ფაქტს ეხებოდა. ამის მიუხედავად, ჩვენმა წყარომ „ქრონიკა+“-ს მოაწოდა სტატია, რომელიც ადგილობრივ მედიაში შალელაშვილისა და მისი თანამზრახველების შესახებ დაიბეჭდა.

რას წერდა გაზეთი „გლობსი“ ამ დანაშაულის შესახებ?

სამ საბაჟო დამსაქმებელს ბრალი ედება ისრაელში 85 მილიონი შეკელის ღირებულების სიგარეტის უკანონოდ შემოტანაში.
თელ-ავივის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო საბაჟო და საგადასახადო სამმართველოს თანამშრომლები, ასევე მათი ნათესავები და ბავშვობის მეგობრები. ბრალდება წაყენებულია ჩინეთიდან კონტეინერებით ყალბი სიგარეტის კონტრაბანდის შემოტანაზე, რომლის ღირებულება 85 მილიონ შეკელს შეადგენდა. ავეჯის იმპორტისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფოსთვის დამალულ იქნა 37 მილიონი დღგ-ს ღირებულების გადასახადი.
ბრალდებულები არიან იაფოში მდებარე საბაჟო სამსახურის სადაზღვევო სამმართველოში მომუშავე პროვაიდერი შაბი კატაშვილი; იაკოვ მენა, ამავე საბაჟოზე უფროსი ბუღალტერი; ელიაჰუ ენიჯერი, აშდოთის საბაჟოს დამკვირვებელი; პინხას ტალ და ძმები შაფათი და პინხას შალონი, რომლებიც შაბი კატაშვილის ბიძაშვილები არიან; ავრაამ შამირი კი პინხას ტალის ბავშვობის მეგობარია.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კატაშვილს, იაკოვ მენას და ელიაჰუ ენიჯერს ჰქონდათ საბაჟო მონაცემთა ბაზაში და საბაჟო სადაზღვევო სამმართველოს საქმიანობაზე პირდაპირი წვდომა. 1998 წლის დეკემბრის ბოლოდან 1999 წლის სექტემბრამდე ბრალდებულები გაურიგდნენ იცხაკ სადაანს (მორიგი ეჭვმიტანილი, რომელმაც სახელმწიფო მოწმეთა სტატუსი მიიღო), მათ მოახერხეს ისრაელში კონტეინერებით ყალბი სიგარეტის კონტრაბანდის შემოტანა ავეჯის საფარქვეშ.
ბრალდებულები იყენებდნენ ავეჯის იმპორტზე მომუშავე კომპანიებს, რომელთაც ჰქონდათ საიმედო და პატიოსანი იმიჯი, რის გამოც მათ კონტეინერებს არ ამოწმებდნენ.
იმპორტის დაწყებამდე ელიაჰუ ენიჯერი კონტეინერებზე მიღებულ საბუთებს ვითომ ამოწმებდა და მას პროცედურა მიზანმიმართულად გადაჰყავდა იმ სტატუსში, რომლის მიხედვითაც საქონელი არ საჭიროებდა შემოწმებას.
იმის გამო, რომ კვალი არ დაეტოვებინათ, ბრალდებულები შეთანხმდნენ, რომ კონტეინერების იმპორტის დოკუმენტებზე იქნებოდა დაწერილი Tokman-ი, დაურეგისტრირებელი მობილურის ნომერი, რომელზედაც გადაზიდვის კომპანია უნდა დაკავშირებოდა იმპორტიორს კონტეინერის განთავისუფლების მიზნით.
თელ-ავივის საოლქო პროკურატურის ადვოკატ ზივა კანდელის მიერ წარდგენილ საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ იცხაკ სანდანმა 440,000 დოლარი გადაუხადა პინხას ტალს: ტალის, კატაშვილის, შამირისა და ენიჯერის წილისთვის კონტეინერების იმპორტში.
თავის დროზე, ეს ისრაელში საკმაოდ გახმაურებული სკანდალი იყო, რადგან ამ ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდა, რომლის საერთო ღირებულებამ 85 მილიონი შეკელი შეადგინა, ნარკოტიკების კონტრაბანდას უტოლდებოდა.
რაც შეეხება შოთა შალელაშვილს, როცა ის „ქართული ოცნების“ სიაში შეიყვანეს, არავის მოსვლია აზრად, მისი პერსონა გადაემოწმებინა და რომ არა გარი შალონის მიერ აშშ-ში ჩადენილი საუკუნის თაღლითობა, შოთა შალელაშვილი კიდევ დიდხანს იქნებოდა პარლამენტის რიგითი სტატისტი.

ელისო კილაძე