სოსო გოგაშვილის აგენტ-პროვოკატორები

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციას გეგმავს. ამ საქმეში აგენტ პროვოკატორების გარდა მას თავისი ოჯახის წევრებიც ჰყავს ჩართული.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გოგაშვილმა პირადი გვერდი გახსნა, ასევე ახლახან გამოჩნდა მისი მეუღლე თია მარტყოფლიშვილი და ქალიშვილი ნინი გოგაშვილი. მალხაზ მაჩალიკაშვილს გოგაშვილის ცოლი სატანას, შვილი კი ნაძირალას ეძახის.

ვინ არიან სოსო გოგაშვილის აგენტპროვოკატორები?

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი;
ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა;
„პეგასის“ დამფუძნებელი თამარ იარაჯული;
ვეტერანთა სამსახურის თანამშრომელი დავით ახრახაძე;
ყოფილი მხედრიონელი ვაჟა ნოზაძე;
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ირაკლი ლატარია;
ექიმი მადონა ჭეიშვილი (ყოფილი პროკურორის, დავით საყვარელიძის დედა);
აქტივისტი შაკო კუჭაშვილი;
ბათუმელი სტილისტი ჰაიდე კიკნაძე;
აგენტპროვოკატორთა ჯგუფის იდეოლოგი და ორგანიზატორია ცეკას ყოფილი მდივანი _ ნუგზარ ფოფხაძე!

რა სქემით მოქმედებენ პროვოკატორები?

შეთანხმებული მესიჯბოქსით ისინი სისტემატურად ცდილობენ რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივებას პანკისელ ქისტებთან; მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს მოიხსენიებენ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით; სისტემატურად ლანძღავენ პანკისელ ქისტებს, ტრადიციული ისლამის მიმდევრებსა და იმამის პრეს-სამსახურის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პანკისის ხეობის პრობლემაზე წლებია, მუშაობენ; ირაკლი ზაქარეიშვილი ავრცელებს ფეიკნიუსებს.
გოგაშვილის აგენტპროვოკატორების თავდასხმის ობიექტები მხოლოდ მაჩალიკაშვილები არ არიან _ პირადად ვართ მე და ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი. თავიანთი გავრცელებული სიბინძურეებით ცდილობენ, გამოიწვიონ და პროვოკაციაზე წამოაგონ „ქრონიკა+“-ის თანამშრომლებიც.
სოსო გოგაშვილის პროვოკატორთა ჯგუფის მთავარი ამოცანაა პანკისში სიტუაციის არევა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში გამოიწვევს ძალადობას, ანგარიშსწორებას, ძალოვან უწყებებს კი შესაბამისი რეაგირება ექნებათ. ვახა მაჩალიკაშვილის დაკავების შემთხვევაში პანკისის ხეობაში არეულობა დაიწყება.
ბოლო დროს, ირაკლი ზაქარეიშვილმა და ნინო ჯღარკავამ სრულიად ახალი ნარატივის გავრცელება დაიწყეს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსის უფროსის მოადგილე გოგაშვილი მაჩალიკაშვილების სახლში საერთოდ არ ყოფილა და სპეცოპერაცია ანტიტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა, მაჩალიკაშვილების ოჯახს კი ელისო კილაძე აქეზებსო.
ჯერ ერთი, ანტიტერორისტული ცენტრის კურატორი სწორედ სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი იყო, რომელიც ითანხმებდა ოპერაციის გეგმას და შესაბამისად გასცემდა ბრძანებას. ოპერაციის დაწყებიდან დასრულებამდე სწორედ გოგაშვილი იყო პასუხისმგებელი სპეცოპერაციის შედეგებზე.
მეორეც, ვახა მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილთან განცხადება გააკეთა, სპეცოპერაციის ღამეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მუქარას ჩემი ოჯახის წინააღმდეგ სოსო გოგაშვილი ახორციელებდაო, იგივე დაადასტურა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.
მას შემდეგ, რაც პანკისის სისხლიანი სპეცოპერაცია და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა, დღის წესრიგში დადგა გოგაშვილის დაკავების საკითხი. ამ შიშმა გოგაშვილს აშკარად წყობა დააკარგვინა და დაწერა კიდეც სოციალურ ქსელ ფეისბუქში, _ სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო!!!
გოგაშვილის ვიწრო კი, არც მეტი არც ნაკლები, სახელმწიფო საიდუმლოს გამხელა აღმოჩნდა. ირაკლი ზაქარეიშვილის მორიგ ცილისმწამებლურ სტატუსზე უცნობ ტროლ vera vera-ს მეშვეობით იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო საიდუმლო გასცა _ საჯაროდ დაასახელა იმ პირის ვინაობა, რომელიც, მისივე განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილეობდა. ეს პირი ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა ჯაჭვაძეა.
გარდა იმისა, რომ ქართული სპეცსამსახურის ისტორიაში ეს ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა, ეს კომენტარი შორს მიმავალ პროვოკაციასაც ემსახურება _ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ანგარიშსწორება დაიწყოს ჯაჭვაძის ან მისი ოჯახის წინააღმდეგ.
სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ პანდორას ყუთი უკვე გახსნა. მართალია, მან მალხაზ მაჩალიკაშვილის პროვოცირება ვერ შეძლო, მაგრამ ამ მესიჯით ყოფილი თანაგუნდელები ღიად დააშანტაჟა.
დამიჭერთ _ ვილაპარაკებ!
შეეშინდება თუ არა ბიძინა ივანიშვილს გოგაშვილის შანტაჟის, ეს, ალბათ, შუალედური არჩევნების მერე გამოჩნდება.

ელისო კილაძე