უკანონოდ ჩამორთმეული მილიონობით ლარის ღირებულების ქონება და თვითმკვლელობამდე მისული ბიზნესმენის ისტორია

„ქრონიკას+“-ს შპს „მშენებელი 5-ის“ დირექტორი _ ოთარ იმნაიშვილი ესაუბრა:

_ 2002 წლიდან უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებისთვის ვიბრძვი და სამართალი ვერსად ვიპოვე. 75 წლის ვხვდები და ბრძოლა დღემდე არ შემიწყვეტია. 1997 წელს, მეგობრებთან ერთად, მეხუთე სამმართველოს ბაზაზე შპს „მშენებელი 5“ დავაფუძნეთ. უსაქმურად არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ჩვენი უბედურება ჩვენივე შრომა აღმოჩნდა. იმჟამინდელი კანონმდებლობით, ყველა ოფიციალური კომპანია ვალდებული იყო, მასალებს, რომელსაც ასევე ოფიციალური კომპანიისგან შეიძენდა, დღგ-ც მისთვის გადაეცა. მომწოდებელი კომპანია კი ვალდებული იყო, დღგ სახელმწიფო ბიუჯეტში თავად შეეტანა. ერთხელაც, შემოსავლების სამსახურში მისულ ჩვენს ბუღალტერს უთხრეს, თითქოს, შპს „მშენებელი 5-ს“ სახელმწიფოსთვის დღგ არ ჰქონდა გადახდილი. ბუნებრივია, ჩვენ დღგ-ს მიმწოდებელს ვუხდიდით, რისი ოფიციალური დოკუმენტაციაც გვქონდა. სახელმწიფომ გვითხრა, რომ იმ ქაღალდებს ძალა დაეკარგა, რადგან კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, დღგ გადახდილად არ ჩაითვლება, თუ ბიუჯეტში არ დაფიქსირდებაო. აღმოჩნდა, რომ ჩვენს მომწოდებლებს ბიუჯეტში ჩვენი გადახდილი დღგ არ შეჰქონდათ, რის გამოც 99 000 ლარი თავიდან უნდა გადაგვეხადა. იმ დროს ჩვენს მდგომარეობაში ბევრი მცირე კომპანია აღმოჩნდა, მსხვილმა ბიზნესმენებმა კი, რომლებსაც ფული ჰქონდათ და იცოდნენ, რომ სასამართლოს გზით ვერაფერს გახდებოდნენ, თანხა მეორედ გადაიხადეს. ჩვენ კი რა უნდა გადაგვეხადა, რაც არ შეგვეძლო?! სასამართლოს მივმართეთ, გაგვიმართლა და გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ დადგენილება გამოიტანა, რომ არანაირი დღგ-ს გადახდა არ გვევალებოდა.
_ და თუ იმ დროს სასამართლომ თქვენ სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, შემდეგ რა მოხდა? რატომ გაიწელა ეს საქმე ამდენი წელი და რატომ ვერ იპოვეთ სამართალი?
_ შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესზე კანონი ისე წაიკითხეს, როგორც თავად აწყობდათ და დღგ-ს გადახდა კვლავ ჩვენ დაგვაკისრეს. უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრე, უზენაესმა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა: გადახდილი თანხის მეორედ გადახდასთან გვაქვს საქმე და სარჩელი ხელმეორედ განიხილეთო.
_ სააპელაციო სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო?
_ სააპელაციო სასამართლომ ჩვენი სარჩელი რამდენიმე წლით შემოდო თაროზე და 2006 წელს ისევ უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა. ისიც იმიტომ, რომ უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და როგორც უზენაესი სასამართლოს ერთმა-ერთმა წარმომადგენელმა პირად საუბარში მითხრა: სარჩელი კანონიერად თქვენ სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, მაგრამ არაფერი გამოგივათ, რადგან დავალებული გვაქვს, ყველა ეკონომიკური დავა სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდესო. დარიცხული ჯარიმა უკვე ნახევარ მილიონ ლარამდე იყო ასული, რასაც ფიზიკურად ვერ გადავიხდიდით; საწარმოს ტერიტორია კი აუქციონზე გაიტანეს. ამასობაში „ქართული ოცნებაც“ მოვიდა ხელისუფლებაში და უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერა გამოაცხადა. შვებით ამოვისუნთქეთ, თუმცა 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროდან ვიგებთ, რომ ჩვენი საწარმო, თავისი ტერიტორიით, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში იყო გადასული. საქმის გასარკვევად ირაკლი ღარიბაშვილთან და მაშინდელ ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მივედით.
_ რაზე შეთანხმდით?
_ ჩვენივე შენობა ორი წლით გადმოგვცეს იჯარით ტენდერის წესით და ასევე გვირჩიეს, შემოსავლების სამინისტროს დავების კომისიისთვის მიგვემართა. მივმართეთ კომისიას, რამდენიმე ფურცლიანი დასკვნა გამოგვიგზავნეს, სადაც ყველა ფურცელზე აღნიშნავდნენ, რომ ამ საქმეში მართლები ვიყავით, თუმცა სულ ბოლოში მიაწერეს: ეს საქმე თქვენ სასარგებლოდ ვერ გადაწყდება, რადგან დავების კომისიაში განაცხადის შემოტანა ერთი დღით დაიგვიანეთო.
_ დღეს რა მოთხოვნა გაქვთ და როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ დგინდება ჭეშმარტება ამ საქმეზე?
_ 2017 წელს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, _ გადაწყვეტილი მქონდა, თვითმკვლელობით დამესრულებინა ჩემი ცხოვრება. ამ დროს შეცვალეს ფინანსთა მინისტრი და მოვიდა ბახტაძე. ვიფიქრე, კიდევ ერთხელ ვსინჯავ და ბახტაძეს მივწერ წერილის-მეთქი. დავწერე მინისტრის სახელზე წერილი, ყველა ის უკანონობა აღვწერე, რაც ამდენი წლის მანძილზე გამოვიარე და შეხვედრა ვითხოვე. მინდოდა, ისეთ ადამიანთან გადავემისამართებინე, რომელიც პასუხს გამცემდა: რატომ დაგვაკისრეს სხვის გადაუხდელ დღგ-ზე კოლოსალური უკანონო ჯარიმები?! ასევე მივედი ჩემი რაიონის დეპუტატ ნინო გოგუაძესთან ოფისში, მიმიღო და მითხრა: რით დაგეხმაროო? ვუთხარი: წერილი მაქვს მიწერილი ბახტაძესთან და მინდა, რომ ხუთი წუთი დაველაპარაკო-მეთქი. _ კარგიო, _ მითხრა. თანაშემწეს წერილი დააწერინა და მინისტრის სახელზე გაგზავნა, რათა ჩვენი შეხვედრა შემდგარიყო. როგორც იქნა, ორი თვის შემდეგ ერთ-ერთი იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე შემხვდა და მითხრა: დავალება მაქვს უფროსებისგან, თქვენი დავის შესახებ პასუხები გაგცეთ. თქვენი საკითხი 2005 წელს გადაწყდაო. _ როგორ-მეთქი? მიპასუხა, _ ერთ-ერთი ფირმის სახელზე განიხილეს ეს საქმე, გადაწყვეტილებაც მიღებულია და კარგად წაიკითხე ბოლომდეო. გადაწყვეტილებაში წერია, რომ სასამართლოს იმდროინდელი კოდექსის მიხედვით არ ითვლებოდით დღგ-ს გადამხდელებად და გამყიდველ კომპანიას ევალებოდა დღგ-ს გადახდაც, ამიტომ საურავის თქვენზე დაკისრება უკანონო იყო და ეს გადაწყვეტილება დიდმა პალატამ მიიღოო. შედი უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე და ამ გადაწყვეტილებას ამოიღებო.
შევედი საიტზე, ყველაფერი ამოვიღე და დეტალებშიც გავერკვიე. ამის შემდეგ შემოსავლების სამსახურს მივწერე: გთხოვთ, განიხილოთ, რამდენად კანონიერი იყო ამ გადაწყვეტილების შემდეგ შემოსავლების სამსახურის ქმედება-მეთქი?! მომწერეს: ჩვენ ერთხელ უკვე განვიხილეთ და ექვსი წლის ვადა გაქვთ, თუ ახალი გარემოება გამოიკვეთება, სასამართლოს გზით გაასაჩივროთო. ავდექი და ეს ყველაფერი სასამართლოში წარვადგინე. საჩივარი შევიტანე, სადაც ვითხოვდი დარიცხული საურავების ჩამოწერას და წართმეული ქონების დაბრუნებას. ელექტრონული გადანაწილებით ეს საქმე მოსამართლე თამარ ხაჟომიასთან მოხვდა.
აღსრულების ბიურომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება სახელმწიფოს გადასცა, მაგრამ აღსრულების ბიუროსთვის არ მიჩივლია, ის, უბრალოდ, სასამართლოში მოვიწვიე, რათა ამ ყველაფერში გარკვეულიყო. მოსამართლე ხაჟომიამ, როგორც იქნა, 2 თვის შემდეგ, 2018 წლის 24 ოქტომბერს, სასამართლო დანიშნა. შემოსავლების სამსახურს 10 დღის განმავლობაში უნდა წარმოედგინა შესაგებებელი, რომელიც ორი თვის შემდეგ ჩამაბარეს სასამართლო პროცესზე და ეს მიზეზად დაუდეს, _ ახლა ჩაგბარდა და ამიტომ სასამართლო უნდა გადავდოთო. მოსამართლემ შემომთავაზა, _ აღსრულების ბიუროს საკითხი განვიხილოთო. ჩემი პასუხი იყო: მე აღსრულების ბიუროს მიმართ სარჩელი არ მაქვს აღძრული და თუ ჩემს სარჩელს შემოსავლების სამსახურის მიმართ განიხილავთ, გავმართლდები და მათ მიერ დარიცხული საურავები უკანონოდ ჩაითვლება-მეთქი. ბუნებრივია, თუ გავმართლდებოდი, ეს ყველაფერი ავტომატურად შეეხებოდა აღსრულების ბიუროს მიერ გამოცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ქონება ჩამომართვეს. სწორედ ამ მილიონობით ღირებულების ქონების ხარჯზე ჩამომაწერეს უკანონოდ დარიცხული საურავი. ქონება 3500 კვ.მ. მიწის ფართობია შენობა-ნაგებობით და შემოღობილია. მეორე სასამართლო პროცესი 2019 წლის იანვარში გაიმართა, მივედი და პროცესზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი არ გამოცხადდა. მოსამართლის მდივანმა დაურეკა, მობრძანდითო და დაგვიანებით მოიყვანეს. მოსამართლემ ჰკითხა, _ მზად თუ ხართო? შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა საქმის მასალების გასაცნობად დრო მოითხოვა და პროცესი ისევ გადაიდო.
ახლა რა ხდება! _ ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს საქმე გაიწელოს და ჭეშმარიტება არ დადგინდეს. მნიშნველოვანია, რომ სასამართლო პროცესზე შემოსავლების სამსახურს აღარ ჰქონდა არანაირი იურიდიული ვალდებულება და არც მოსამართლეს ჰქონდა უფლება, პროცესი გადაედო, რადგან შემოსავლების სამსახურმა 10 დღის ვადაში არ წარმოადგინა შესაგებებელი და ბუნებრივია, მოსამართლეს უნდა განეხილა ჩემი საჩივარი, გამოერკვია, იყო თუ არა კანონიერი ის დარიცხული საურავები?! ახლა კიდევ ერთი უკანონობა: ცოტა ხნის წინ ქონების მმართვის სააგენტოს დირექტორი შეცვალეს და უცებ აღნიშნულმა სააგენტომ ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძრა _ ტერიტორია უკანონოდ გიკავია, სამეწარმეო საქმიანობას ეწევი და საურავები უნდა გადაიხადოო. მე დღესაც იქ ვარ, ვერ გამომაგდეს და ისევ 40 000 ლარი დამაკისრეს. მთელი ისტორიაა… აღნიშნულ საკითხზე სასამართლო 2019 წლის 28 იანვარს ჩატარდა, 21 თებერვალს მოისმინეს და 6 მარტს სასამართლომ ქონების მართვის სააგენტოს საჩივარზე გადაწყვეტილება გამოიტანა. ეს ყველაფერი ხომ სასაციცლოა? 10 თვეა, სარჩელი შეტანილი მაქვს და კიდევ ვერ განიხილეს და ამათმა როგორ მოახერხეს 2 თვეში ამ ყველაფერზე გადაწყვეტილების გამოტანა?! უკვე აღარ ვიცი, რისი იმედი უნდა მქოდეს…

ლევან ქემოკლიძე