არჩევნები კვლავ პარადოქსების სფეროა

რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოში მოქალაქეები თავად წყვეტენ, ვინ უნდა იყოს მათი ქვეყნის სათავეში, ანუ ვინ უნდა მოიყვანონ ხელისუფლებაში და ვინ _ გაუშვან.

პრინციპში, მთლად ასეც არ არის ყველგან და ყოველთვის. მე აქ დემოკრატიულ სახელმწიფოებზე ვსაუბრობ ან მინიმუმ დემოკრატიისკენ მიდრეკილზე _ რასაც ჩვენთან განვითარებად დემოკრატიას უწოდებენ. ისე, ეს „განვითარებადი“ დემოკრატიასთან მიმართებით საშინლად ჟღერს, რადგან დემოკრატია ან არსებობს, ან _ არა. და „განვითარებადი“, ამ შემთხვევაში, იმისთვის არის საჭირო, რომ ვიღაცამ, პირველ რიგში, საკუთარი თავი მოიტყუოს. არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ „საერთაშორისო საზოგადოებამ“ და რა თქმა უნდა, კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქემ _ მოქალაქეებმა.
დემოკრატიას ორი უმთავრესი მსაზღვრელი აქვს _ თავისუფალი სასამართლო და სამართლიანი არჩევნები. თავისუფალ სასამართლოში სულაც არ იგულისხმება რომელიმე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებები. ეს შედეგი თითქმის ყოველთვის დგება _ ანუ ვიღაცისთვის მისაღები და ვიღაცისთვის მიუღებელი. ვიღაც ყოველთვის პოულობს სიმართლეს (ნახევარსიმართლესაც, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს), ვიღაც ყოველთვის იჩაგრება _ ჩვენთან ხომ ყველა მართალი და უდანაშაულოა. მაგრამ სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში იმთავითვე უნდა გამორიცხავდეს სუბიექტურ ფაქტორს _ ავტორიტეტს, გავლენას, იერარქიას, სოციალურ მდგომარეობას და განაჩენი მუდამ უნდა დგებოდეს, მხოლოდ და მხოლოდ, კანონის კარნახით და კანონზე დაყრდნობით.
დემოკარტიის მეორე მდგენელი თავისუფალი არჩევნებია. რატომ მეორე? იმიტომ, რომ თუ რამე კანონდარღვევა ხდება არჩევნების დროს, სწორედ რომ სასამართლომ უნდა განსაჯოს და გამოიტანოს საბოლოო ვერდიქტი.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მსოფლიოში არის სახელმწიფოები, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა არ იციან, რას ნიშნავს არჩევნების გაყალბება და საარჩევნო მანიპულაციები, ხოლო მოსახლეობა ფიქრადაც ვერ დაუშვებს, რომ შესაძლოა, მათი ხმა ვინმემ გააყალბოს. არჩევნების შედეგების გაყალბება, ძირითადად, საბჭოთა „პროდუქტია“, მით უფრო, იმ ფორმით, როგორადაც ეს თუნდაც საქართველოში ხდება _ არჩევნებიდან არჩევნებამდე.
გახსოვთ, საპრეზიდენტო და ყოველი წინა არჩევნების შემდეგ ოპოზიციის „გუგუნი“ _ გააყალბეს, იძალადეს, ითავხედეს, არაკვალიფიციურები, არაპროფესიონალები… და რა? არც არაფერი. ეს თემა მუდამ ავიწყდებათ მორიგ არჩევნებამდე. საარჩევნო ადმინისტრაცია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის ინსტრუმენტი, რომელიც მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება. ოპოზიცია კი მუდამ ცდილობს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და მისგან მინიმალური სარგებელი გამოწველოს. თავად საარჩევნო ადმინისტრაცია იმდენად კომფორმისტულ ორგანოდ იქცა _ მასში დასაქმებულთა პირადი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფ ადგილად _ უკვე აბსურდს ემსგავსება ამ ადამიანების უმრავლესობის მორალზე შეგდება, „დაემორჩილეთ მხოლოდ კანონს“.
მერწმუნეთ, ხვალ რომ მოვიდეს დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში, ისინიც არაფერს შეცვლიან ამ მიმართულებით, რადგან მათაც დასჭირდებათ ანგარებიანი საარჩევნო ადმინისტრაცია და მაქსიმალურად ჩახლართული საარჩევნო კანონი. გარკვეული რეფორმები ამ მხრივ მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩატარდა და ადმინისტრაცია მართლაც ჩამოყალიბდა სახიერების მქონე ინსტიტუტად, თუმცა „ქვედა დინებებს“ ცესკოში პარტია აკონტროლებდა. იგივე ხდება ახლაც _ როდესაც ცესკო და მისი ვერტიკალი, რეალურად, „ქართული ოცნების“ პარტიული ბოსების დავალებების შემსრულებელი და ნების აღმსრულებელია.
ძალიან მალე, მინიმუმ, 20 მაისს, ჩვენ არაერთ საყვედურს მოვისმენთ ცესკოს მისამართით. გვეტყვიან რომ არ ვარგა საარჩევნო კოდექსი, არჩევნები გაყალბდა. მერე ისევ დაიწყება დროებითი წუწუნი საარჩევნო მოხელეების არაპროფესიონალიზმზე. შესაძლოა, უფრო მეტიც ითქვას და მოხდეს. მაგრამ უმთავრესს არავინ გააჟღერებს _ გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საარჩევნო დარღვევებზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანს _ დასჯადობა საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის, არჩევნების გაყალბებისა და საარჩევნო მანიპულაციებისთვის მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის პრეროგატივად იქცეს.
აქვე გვერდს ვერ ავუვლი ერთ გარემოებას _ საარჩევნო კანონმდებლობაში გაურკვეველი მოქალაქეები და გნებავთ, საერთაშორისო დამკვირვებლები ხშირად იბნევიან და ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ კანონით განსაზღვრულ და უკანონო ქმედებებს. ნებისმიერ საარჩევნო სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რომ „ზარი ახლობელთან“, ანუ სატელეფონო ზარი კანდიდატის საარჩევნო ოლქში მცხოვრებ ამომრჩეველთან სრულებითაც არ გახლავთ ზეწოლა, არამედ საარჩევნო ტექნოლოგიის ნაწილია. გინდა, მომხრეს დაურეკე, გინდა, _ მოწინააღმდეგეს და გინდა იმას, ვინც საერთოდ არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. ეს ამომრჩევლის კეთილგანწყობისა და ყურადღების მოპოვების საშუალებაა. რეკომენდაცია სულაც არ ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენთან ამომრჩევლები მუდამ „ნერვებზე“ არიან და მოწინააღმდეგე მათთვის მტერია.
ასევე საარჩევნო ტექნოლოგიის ნაწილია კოორდინატორების: „ქსენია“, „ოლია“, „ბაბუცა“ ბიცოლებისა და „ჯუმბერი“, „კოლია“, „ჟორა“ ბიძიების მიერ უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა და „ჯერ ვერ მოსულების“ უბნებზე ორგანიზებული მოყვანა (ფულის, შაქრის, ფქვილის, ხახვისა და კარტოფილის დარიგებაზე არ ვსაუბრობ, _ ეს მოსყიდვაა ერთმნიშვნელოვნად).
თუმცა ამ პირობებში უმთავრესია იმის გამიჯვნა, რამდენად არის გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი. აქაც ხშირად ხდება არევა-გამოყენება _ იძულებასა და აქტივისტობა-ნებაყოფილობას შორის. ამ მხრივ ნებისმიერი ხელისუფლება მუდამ იქნება ცუდ მდგომარეობაში, რადგან მისი აქტივისტების უმეტესობა სულ დასაქმებულია საჯარო სამსახურის სხვადასხვა სექტორში და „ადამიანი არსაიდან“ ვერანაირად ვერ გახდება ვერც კოორდინატორი და ვერც აქტივისტი. ანუ თავისუფალი საარჩევნო რესურსი ბლის ან ვაშლის ხეზე არ ასხია _ საქმე ადამიანებთან გვაქვს. მით უფრო, რომ აქტიური ადამიანები სადღაც ყოველთვის მუშაობენ. შესაბამისად, ოპოზიციას მუდამ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში დაადანაშაულოს. მით უფრო, რომ გუშინ ხელისუფლებაში მყოფი დღევანდელი ოპოზიციისთვის საკუთარი გამოცდილებითაც არის ბევრი რამ ცნობილი. უმნიშვნელოვანესია თავად ხელისუფლებების ქმედებები ამ მიმართებით, როდესაც, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ არიან საჯარო მოხელეები, რომელთაც ოპოზიციური განწყობები აქვთ. ისინი მუდამ რისკავენ სამუშაო ადგილების დაკარგვით, ოჯახის წევრებზე ზემოქმედებით _ ეს ფაქტორიც, მე თუ მკითხავთ, ასევე უნდა გახდეს დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით. პრინციპში, ეს ისედაც გახლავთ იძულება, მაგრამ გონივრული იქნებოდა, სწორედ რომ საარჩევნო იძულების დეფინიცია უფრო გამოკვეთილი გახდეს კანონში.
რაც შეეხება ოპოზიციას, რეალობა ის გახლავთ, რომ იგი მუდამ ფრთხილობს _ გუშინ მის მიერ მანიპულირებად და მართვად საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელთანაც თავადაც მუდამ აწარმოებს კულუარულ მოლაპარაკებებს, ზედმეტად არ დაარტყას. მაგრამ ამოცანაა _ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ყოველთვის წითელ ხაზთან ახლოს უნდა იყოს. თავად თუ გაიმარჯვებს, გმირი გამოვა, თუ დამარცხდება _ არჩევნები გაყალბდა.
დიახ, ყოველი ერი თავად წყვეტს, ვინ უნდა მოიყვანოს ხელისუფლებაში და ვინ გაუშვას. არჩევნები მართლაც გახლავთ ქვეყნის დემოკრატიულობის საზომი ერთეული. აგერ უკრაინის არჩევნების პირველი ტური და თურქეთის ადგილობრივი არჩევნებიც გამოდგება ამის მაგალითად.
საქართველოში კი 19 მაისს გასამართი არჩევნები კვლავ პარადოქსების სფეროს განეკუთვნება _ უვარგისი კანონმდებლობა, დისკრედიტებული საარჩევნო ადმინისტრაცია, ნდობადაკარგული სასამართლო, წარსულში ჩარჩენილი პოლიტიკოსები. ამ ფონზე ნეტავ რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ არავის აინტერესებს საარჩევნო სუბიექტების პროგრამები და მთავარი მხოლოდ ხელების გადაგრეხა და ერთმანეთისთვის ლაფის შესხმა იქნება. ამომრჩევლის გრძნობებზე თამაში კი ტექნიკის საქმეა.

კოკა წერეთელი