გიგი უგულავა: „ივანიშვილი ხალხმა დროზე თუ არ გაკოჭა, ამ ქვეყანას გადაჩეხავს“

პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, მათი საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძეა. აღსანიშნავია, რომ შალვა შავგულიძე სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი იყო მაშინ, როცა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. სწორედ ამ ფაქტმა გააჩინა გარკვეული კითხვის ნიშნები.

რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს „ევროპულ საქართველოს“ ამ კონკრეტული ნაბიჯით? როგორ იმოქმედებს ეს ნეიტრალურ ამომრჩეველზე? რა პროცესები მიმდინარეობს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და რა არის ამ ეტაპზე ოპოზიციის მთავარი ამოცანა?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას ესაუბრა:

_ გასაგებია, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ მსგავსი ღირებულებები გაქვთ, მაგრამ შალვა შავგულიძის ფაქტორმა, რადგან იგი გირგვლიანის საქმის ადვოკატი იყო, კითხვის ნიშნები გააჩინა. რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოგიწიათ ამ ფაქტორიდან გამომდინარე?
_ ვფიქრობ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტურ ჩიხში და ჭაობში შეიყვანა ქვეყანა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი გაერთიანების შექმნა, რომელიც ეფუძნება წარსულის შეცდომების, მიღწევების ანალიზსა და მომავლის საერთო ხედვას. ამ თვალსაზრისით გავერთიანდით „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“. მოგეხსენებათ, ამ ორ პარტიას საერთო პოლიტიკური წარსული არ გვაერთიანებს, პირიქით, ჩვენ აბსოლუტურად დაპირისპირებულ ბანაკში ვიყავით და ეს გზა გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ წარსულ ყოფასა და გამოცდილებაზე იმიტომ, რომ სხვადასხვა ნაპირიდან მოვდივართ. საბოლოო ჯამში კი საერთო შეთანხმების წერტილები ვიპოვეთ, რომელიც ღირებულებებსა და ქვეყნის განვითარების მომავლის გეგმას ეფუძნება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებულ, აბსოლუტურად უსინდისო, უტიფარ და არაფრის მომცემ პროპაგანდას შალვა შავგულიძის წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ სწორი გზა ავირჩიეთ. ივანიშვილი და კალაძე, როდესაც ხელოვნური აღშფოთებით საუბრობენ შალვა შავგულიძეზე, ჩვეულებრივი ფარისევლები და მატყუარები არიან. კარგად მახსოვს, გირგვლიანის ტრაგედიის შემდეგ, ბატონი ივანიშვილი როგორ ასხამდა ხოტბას მაშინდელ ხელიუფლებას. მეც და საზოგადოებასაც გვახსოვს, ღია წყაროებში შეგვიძლია ვნახოთ მასალა, როგორ ასხამდა ხოტბას ბატონი კალაძე მაშინდელ ხელისუფლებას ამ ტრაგედიიდან 1 წლის შემდეგ. ამიტომ ეს ადამიანები მედროვეები არიან და ეს ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის სჭირდებათ. ისინი გვამებით მოვაჭრე ადამიანები არიან და მათ არ აქვთ სინდისი. შალვა შავგულიძე მებრძოლი ადამიანია, ის იბრძოდა აფხაზეთში მოხალისედ, როცა სახელმწფოს დასჭირდა, ის ასევე იბრძოდა ადამიანის უფლებებისთვის, როდესაც 90-იან წლებში ადამიანის უფლებებს ყველა ფეხქვეშ თელავდა. ეს ადამიანი იბრძოდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ჩვენ წინააღმდეგ იმიტომ, რომ ამ კუთხით ჩვენ ძალიან ტრაგიკული შეცდომები დავუშვით. ეს ადამიანი იბრძვის ახლაც, როდესაც ივანიშვილი მურუსიძე-ჩინჩალაძეს აბარებს სასამართლოს. შალვა შავგულიძეს თავისი პოზიციები არ შეუცვლია, _ ის როგორი პრინციპულიც იყო, ისეთივე პრინციპულია ახლაც. ამ შემთხვევაში საუბარია „ქართულ ოცნებასა“ და მის მესვეურებზე, რომლებიც ჩვეულებრივი მედროვეები იყვნენ და მზად არიან, ყველა ადამიანური ტრაგედია გამოიყენონ, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის. უბრალოდ, ამას ვერ მიაღწევენ, სიზიფეს შრომაც არ არის, ეს _ აბსურდის თეატრია, როდესაც ივანიშვილი ცდილობს, გირგვლიანის საქმეზე გააშავოს შალვა შავგულიძე და გაათეთროს ლევან მურუსიძე. არის რაღაც, რასაც ვერასდროს მიაღწევ, და ეს არის ის, რაც ბატონმა ივანიშვილმა მიზნად დაისახა. მიუხედავად იმისა, რომ „გირგვლიანის საქმესთან“ პირდაპირ შეხება არ მქონია, არასდროს გავურბოდი ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ამისთვის ჩვენ პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ. ჩემთვის შალვა შავგულიძის გვერდით ყოფნა იმ დიდი ვაკუუმის შევსებაა, რომელიც გვაკლდა _ ეს არის აქცენტი ადამიანის უფლებებზე. ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის შალვა შავგულიძის გვერდით ყოფნა ნიშნავს, რომ იგივე ხრამში აღარ გადავიჩეხებით.
_ გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ ის ფაქტი, რომ შალვა შავგულიძე იყო „გირგვლიანის საქმის“ ადვოკატი და ახლა ის თქვენთან, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გაერთიანდა, ეს უარყოფითად არ აისახება ნეიტრალურ ამომრჩეველზე?
_ ვფიქრობ, რომ პირიქით. გერბზე წერია: „ძალა ერთობაშია“. ადამიანების სვლა ერთმანეთისკენ არის ფუნდამენტური და სწორი მოვლენა, რომელიც ამ ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. 2012 წელს ხალხი „ქართული ოცნების“, ფულისა და ერთი მატყუარა კაცის გარშემო გაერთიანდა. ეს ხალხი გააერთიანა იმ პრობლემებმა, რომელიც ჩვენ წარმოვქმენით. მარტივად გეტყვით: ამ საზიზღრობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. სანამ ჩვენი საზოგადოება დაყოფს, _ ის შენი მკვდარია და ის ჩემი მკვდარია, სანამ „ქართული ოცნება“ გულცივად ჩაუვლის სარალიძეს და მაჩალიკაშვილს, თავისუფლების მოედნამდე მივა, გვერდზეც არ გაიხედავს და გირგვლიანის პლაკატები ეჭირება, მანამ ჩვენ საზოგადოებად ვერ შევდგებით. იმიტომ, რომ უდიდესი ტრაგედია იყო გირგვლიანიც და ტრაგედია არის ახლაც. სრულიად ამაზრზენია, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, კაპიტალიზაცია მოახდინოს იმ ტრაგედიაზე და აბსოლუტურად არაფრად აგდებს ამ ადამიანების ტრაგედიას. ჩემთვის ორივე ტრაგედიაა, მე ის მტკივა, რადგან ჩემი მმართველობის დროს მოხდა, მე ეს ტრაგედიაც მტკივა, ამას პოლიტიკური გამორჩენით არ ვუყურებ. ეს განსხვავებაა შალვა შავგულიძე, „ევროპულ საქართველოსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. ისინი გამორჩენით უყურებენ, 13 წლის წინანდელ ტრაგედიაზე მათგან საუბარი ფარისევლობაა. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ მურუსიძის კორონაციას აკეთებენ, მეორე მხრივ, ერთი წლის წინ გარდაცვლილი ადამიანების ტრაგედიას არაფრად აგდებენ და სამართალს უკვე ერი წელია, ეს ადამიანები კარავში ეძებენ. სანამ ასე ვიქნებით, წინ ვერ წავალთ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, სწორედ ამომრჩევლის დაკვეთაა, რომ საერთო ღირებულებების მქონე ადამიანებმა სხვადასხვა ნაპირიდან ერთმანეთი შეავსონ და გააძლიერონ, რომ შალვა შავგულიძემ აღარ დაუშვას ის შეცდომა, რაც დაუშვა, რადგან ვხედავთ, ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგომა დღეს საშინელებაა. მას ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყავს. უნდა დავინახო, რომ თუ შალვა შავგულიძის მსგავსი გვერდით არ მყავს, მეც გადავიჩეხები, როგორც მაშინ გადავიჩეხეთ. სახელმწიფო, პირველ როგში, ადამიანებისგან შედგება, ამიტომ არის ეს გაერთიანება მნიშვნელოვანი _ ჩვენ ერთმანეთი შევავსეთ. რაც გვაკლდა მოიტანა შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“. ის, რაც ამ პარტიას აკლდა, ინსტიტუციური და ქვეყნის მართვის გამოცდილება, საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკის წარმართვის გამოცდილება, „ევროპულ საქართველოშია“ თავმოყრილი. მათ ვისაც, არ მოსწონს „ევროპული საქართველო“, ისინიც აღიარებენ, რომ ამ პარტიაში აკუმულირებულია ქვეყნის მართვის ყველა პოლიტიკური ცოდნა, რაც დაგროვილია ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე. ამ ორი საწყისის გაერთიანება მოხდა. დარწმუნებული ვარ, რომ ნეიტრალური ამომრჩევლისთვის, ვისთვისაც აღარ არის მისაღები „ქართული ოცნება“, ვინც ჩამოუყალიბებელია და ოპოზიციურ ლანდშაფტზე არ მოსწონს აქამდე არსებული კონფიგურაცია, ჩვენი გაერთიანება ზუსტად ის პოზიტიური სიგნალია, რომელიც ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს. ამ თვალსაზრისით მთაწმინდაზე ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატია შალვა შავგულიძე და აბსოლუტურად მოუმზადებელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი და ხმა წარსულიდან არის მისი კონკურენტი ხელისუფლების მხრიდან.
_ შუალედური არჩევების შედეგი იქნება თუ არა გარკვეული მანიშნებელი იმისა, თუ რა შედეგი დაიდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
_ შუალედური არჩევნები მთაწმინდის გარდა სხვადასხვა რეგიონშიც ტარდება. ეს ოლქები საქართველოს ყველა რეგიონშია განფენილი: სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, გურია, კახეთი, ქვემო ქართლი, არ არის მხოლოდ შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. ანუ, პრაქტიკულად, საქართველოს, მეტ-ნაკლებად, ყველა პოლიტიკურად აქტიური რეგიონია მოცული. შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგები მანიშნებელი იქნება იმისა, თუ საით მიდის საზოგადოების განწყობა. ჩვენ კარგად ვხედავთ, საზოგადოების განწყობა სულ უფრო მწიფდება იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა. „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა და პირიქით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისთვის სავალალო შედეგი დადგეს. ამის მიღმა კი არის პოლიტიკური არსებობის კანონზომიერება, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ცხოვრობს. რომ გადავხედოთ ჩვენი დამოუკიდებლობის პატარა ისტორიას, ორი ვადა არის მაქსიმუმი იმისა, რასაც საზოგადოება აძლევს ამა თუ იმ პარტიას ან ლიდერს. ეს ვადა ივანიშვილს ეწურება, შემდეგ შეგვეძლება მისი მმართველობის შეფასება. მისი მმართველობა კი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უაზრო, სამარცხვინო და მამუხრუჭებელი, _ ეს, რა თქმა უნდა, ჩემი შეფასებაა და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უმრავლესობის ვერდიქტიც ასეთი იქნება. ფაქტს უნდა გავუსწოროთ თვალი. ფაქტია _ ცვლილებების ჟამი დადგა. ახლა მთავარია, ოპოზიციამ სწორი კოორდინაცია მოახდინოს. ეს არ ნიშნავს მექანიკურ გაერთიანებას ერთ ქვაბში, ეს არ არის ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა, რადგან მექანიკური გაერთიანება ღირებულებებზე უარის თქმას ნიშნავს. ჩვენი საზოგადოება არ გვიბიძგებს ღირებულებებზე უარის თქმისკენ, იმ ღირებულებებზე, რომლითაც ნებისმიერი საზოგადოება შედგება. ჩვენი ამომრჩეველი კოორდინაციისკენ გვიბიძგებს, რომ ვიყოთ მაქსიმალურ კოორდინაციაში, ისევე როგორც 19 მაისს ვართ ჩვენ და სხვა ოპოზიციური პარტიები იმისთვის, რომ შედეგი და ეფექტი მაქსიმალურად მიიღწეს. ეს შედეგი კი „ქართული ოცნების“ დამარცხებაა. ერთი მხრივ, ოპოზიციურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის სწორი კოორდინაცია და მეორე მხრივ, გამსხვილება და ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანებების შექმნა, (ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ შევქმენით) ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კარი კვლავ ღიაა სხვა ჯგუფებისა და პარტიებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გაერთიანება შემადგენლობით უფრო მრავალფეროვანი გახდება და დაფუძნებული იქნება თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებზე. მიმაჩნია, რომ ჩვენი გაერთიანება საქართველოში, მომავალი 5-10 წლის განმავლობაში, იქნება დემოკრატიის მთავარი დამცველი, პოპულიზმის წინააღმდეგი. ერთადერთი, რისი გარანტიაც შეგვიძლია მივცეთ ჩვენს ხალხს, არის ის, რომ არ გადავეშვებით პოპულიზმის მორევში, არ მოვატყუებთ ამომრჩეველს და დემოკრატიის დამცველები ვიქნებით. ვინც ასე ფიქრობს და ბევრი ფიქრობს ასე, დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის კოალიცია საქართველოში შეიქმნება, რადგან გამოწვევაა რუსეთი და რუსეთიდან მართული შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე პოპულიზმიც, რომელსაც ჩაჯირყვნით და დამალვით ვერ ებრძვი, ის უნდა გამოიწვიო ორთაბრძოლაში, დისკუსიაში და ამ მეთოდით უნდა დაამარცხო. ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო საკმაოდ მსხვილი ჯგუფები შეიკრიბა, ასე რომ, კოორდინაცია აუცილებელია, მაგრამ ერთმანეთში ღირებულებების აზელა ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არ არის.
_ მხოლოდ სწორი კოორდინაცია არ განაპირობებს სასურველ შედეგს, რა ბერკეტები გაქვთ ოპოზიციას? 2020 წლამდე ცოტა დრო რჩება, მით უმეტეს, თუ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ დათმო?
_ ყველა ოპოზიციური პარტიის მთავარი ამოცანა ახლა არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამისთვის მილიონ ხელმოწერას ვაგროვებთ, უკვე 800 000-მდე ხელმოწერა შეგროვდა, რაც საპარლამენტო პროცედურების დასაწყებად საკმარისია. ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება. შევეცადეთ და მივაღწიეთ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში, საქართველოს საკითხში, ეს თემა ერთ-ერთ პრიორიტეტად ყოფილიყო. ყველა საერთაშორისო უმაღლესი დონის შეხვედრაზე ხელისუფლებას „საჩუქრად“ ხვდება ეს თემა _ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება. საერთაშორისო ზეწოლა მეტ სიმძლავრეს შეიძენს, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების მხრიდან ზეწოლა. ხელისუფლებას ამის გათვალისწინება მოუწევს. თუ ის არ გაითვალისწინებს და 2020 წელს შერეული სისტემით ჩატარდება არჩევნები, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია მოგვიწევს მაჟორიტარების ნაწილში იმისთვის, რომ მაჟორიტარი კანდიდატები კონკურენტულები იყვნენ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. ვფიქრობ, ეს შესაძლებელი იქნება სწორედ იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც 19 მაისისთვის მივაღწიეთ. ზოგადად, მოლაპარაკებები არასდროსაა ადვილი, საქართველოში ისტორიულად ამ სახის მოლაპარაკებები რთულია, რადგან სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა ინტერესი აქვს. თვითონ პარტიებში სხვადასხვა დინება არსებობს. ეს ჩვეულებრივი პროცესია და ამის გარეშე პარტიული ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთო მიზანი _ ივანიშვილის „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება _ იმის სტიმულს გვაძლევს, რომ ვიწრო პარტიული ინტერესი გვერდით გადავდოთ და საერთო პლატფორმები შევქმნათ. ამ თვალსაზრისით მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, _ სწორი კოორდინაციის შემთხვევაში, ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებსა და გაერთიანებებს, 2020 წლის საპარალემენტო არჩევნებისთვის, მინიმუმ, 10-15%-იანი უპირატესობა ექნება „ქართულ ოცნებაზე“, ეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ.
_ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აქტიურად განიხილებოდა ვადამდელი საპარლამენტოს საკითხიც. მაშინ თითქოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განცდა დარჩა, რომ ოპოზიციამ სათანადოდ ვერ იმოქმედა. ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა?
_ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი პარტია ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდა. პირველ პრიორიტეტად არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მიგვაჩნია და არა რიგგარეშე არჩევნები. არჩევნების ამ სისტემით რიგგარეშედ ჩატარება მხოლოდ ივანიშვილს აწყობს. თუ ამ სისტემით რიგგარეშე იქნება, ამის პროვოცირება შეიძლება თვითონ ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინოს და არა პოლიტიკური სიტუაციის საჭიროებამ, რაც არ არის გამორიცხული. თუ რამე არის დღეს „ქართული ოცნების“ თავის მოჭრა და სირცხვილი, ეს მისი საპარლამენტო უმრავლესობაა და ის, რაც პარლამენტში ხდება. დაწყებული იმით, რომ უკვე მეოთხედ ვეღარ არჩევენ წითელ და მწვანე ღილაკს! უკვე ქვა აღმართში ეწევათ, „ქართული ოცნების“ ისეთ მარაზმს ვუყურებთ. ისეთ კანონებსაც კი „აგდებენ“, რომელსაც თვითონაც კი უჭერენ მხარს. შეუძლებელი ცვედნობა ხდება „ქართული ოცნების“ თავს. მეორე მხრივ, ივანიშვილის აღვირახსნილ ჟინს ვხედავთ, მურუსიძე და მისი კლანი გააბატონოს, ის ამისთვის არ ერიდება იმას, რომ საკუთარი უმრავლესობა დაანგრიოს. ეს ფაქტია. ამიტომ გამორიცხული არ არის, ივანიშვილმა ამ უმრავლესობას აარჩევინოს ეს ოდიოზური ჯალათი მოსამართლეები და შემდეგ უმრავლესობა დაშალოს, რიგგარეშე არჩევნებზე წავიდეს. საზოგადოების მხრიდან ამ უმრავლესობის მიმართ დამოკიდებულება კიდევ უფრო მძიმე გახდება, ივანიშვილს, როგორც კლასიკური ადამიანი, რომელიც წირავს ყველას და ყველაფერს, არავინ არაფრად უღირს, მათ შორის, შესაძლოა, თავისი უმრავლესობაც გაწიროს და იგივე სისტემით ჩაატაროს. ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა ყოველთვის იყო და არის პროპორციული სისტემის შემოღება. შეგახსენებთ, რომ 19 მაისის არჩევნები შუალედურია და არ ტარდება მთელ საქართველოში, მაგრამ მისი შედეგი შეიძლება იყოს გაცილებით შორს მიმავალი, ვიდრე 2017 წლის საერთო ადგილობრივი არჩევნებია. ზუგდიდში, ჭიათურაში, მარნეულსა და მთაწმინდაზე ხელისუფლების მარცხი დაახლოებით იგივეს ტოლფასია, რაც თურქეთში ერდოღანს მოუვიდა, როდესაც ქალაქებში წააგო. იზმირი ამ გაგებით ძალიან ჰგავს ზუგდიდს, ხოლო მთაწმინდა _ სტამბოლსა და ანკარას. აქედან გამომდინარე, აქ წაგება არის ის პოლიტიკური ფასი, ის პირველი მერცხალი, რაც აუცილებლობით მოასწავებს ივანიშვილის დაისს. ისევე როგორც, პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ იგივე თურქეთში მმართველი პარტიის დაისი ამ არჩევნებით დაიწყება, რადგან როცა 20 წელი მართავ სრულად, თუნდაც ერთ ადგილას წაგება, ყოვლისმომცველობის გამო, იმხელა ბზარს აჩენს, რომელიც შემდეგ მთელ ორგანიზმს ანგრევს. არ ვერევი თურქეთის შიდა პოლიტიკაში, უბრალოდ, ანალიზს ვაკეთებ და პარალელებს ვავლებ. ქვეყნების გარკვეული საზოგადოებრივი პროცესები, მით უმეტეს, საერთო რეგიონია და ჰგავს ხოლმე. ამიტომ შეიძლება, ზუგდიდში ან მთაწმინდაზე არჩევნები წერტილოვანი იყოს, მაგრამ მისი შედეგები გაცილებით ფართოა, ვიდრე ის კონკრეტული რეგიონი ან ოლქი.
„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის თავმჯდომარიანად „გაკოტრებულია“. შეიძლება ივანიშვილმა გააკეთოს ის, რაც ყველაზე დიდი საზიზღრობა იქნება ქვეყნისთვის. ორი ალტერნატივა არსებობს: ან პოლიტიკური ორგანიზაცია მისთვის მსგავსი ღირებულებების ორგანიზაციებთან აკეთებს კოალიციას და ამით აგროვებს უმრავლესობას, ან პოლიტიკური ორგანიზაცია გარიგებას დებს მინი ოლიგარქებთან (მაჟორიტარები სხვა არაფერია, თუ არა რაიონების მიხედვით დაყოფილი მინი ოლიგარქები) და აკეთებს სრულიად ოლიგარქიულ სისტემას, სადაც ერთი დიდი ოლიგარქია, დანარჩენი _ მომცრო ფეოდალ-ოლიგარქები. დღეს რაც ჩანს, ივანიშვილი მეორე ალტერნატივისკენ იხრება და არა ჯანსაღი ევროპული კოალიციებისკენ, სადაც იგივე „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ჰყავდეს კოლიციაში სხვა პარტიები. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ამ გზას არ ირჩევს, ამიტომ სურს მას რეგიონული ელიტებისა და ოლიგარქების, მთლიანად ოლიგარქიული სისტემის შექმნა, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ახლა მთავარი გამოწვევაა, ჩვენ განვვითარედებით თავისუფალი დემოკრატიის გზით თუ _ ოლიგარქიის გზით? ამ 8 წელიწადში ივანიშვილმა დაინახა, რომ მას სჭირდება ახალი, დამატებითი ოლიგარქები, ვისაც შეიძლება, რაღაც დონეზე გაუნაწილოს ძალაუფლება, მაგრამ თავისი ოქროს პაკეტი თავად დაიტოვოს, რადგან თვითონ არის 5-მილიარდიანი. რეალურად, ჩვენ შეიძლება ივანიშვილის ხელში მივიღოთ სახელმწიფო, სადაც მხოლოდ ფული წყვეტს ყველაფერს. ფული მნიშვნელოვანია ნებისმიერ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ არა ერთადერთი და გადამწყვეტი ფაქტორი. ოლიგარქიაში მივიღებთ ისეთ მოცემულობას, სადაც ბიზნესი, პოლიტიკა, ოჯახი და ყველა სხვა ცხოვრების ინგრედიენტი ერთ ქვაბშია თავმოყრილი და იმართება მხოლოდ ოლიგარქიული ინტერესით და არა კანონებით. ეს არჩევანი დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, _ ან წავალთ თავისუფალი, დემოკრატიული განვითარებით, სადაც ხალხსა და ადამიანს ექნება ხმა, ან წავალთ ოლიგარქიული გზით, სადაც იბარტყებს კიდევ ბევრი ოლიგარქი, სადაც ივანიშვილი შეეცდება, ოლიგარქიული ელიტით ხალხი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გადააქციოს, რისი ნიშნებიც უკვე არის.
_ ისედაც, ამ წლების განმავლობაში, ივანიშვილი მსგავსი პრინციპით ხელმძღვანელობდა, ამაში ახალ რისკებს ხედავთ?!
_ მას სურს, 2024-მდე ამის ინსტიტუციონალიზაცია მოახდინოს. ის მართავს ქვეყანას არა როგორც თავისუფალი ადამიანების კრებულს, არამედ როგორც შპს-ს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), სადაც ჰყავს მეწილეები. ახლა სულ უფრო მეტად მიდის შპს-დან სააქციო საზოგადოებისკენ. ჯერ იყო ინდმეწარმე, შემდეგ შპს და 2024-მდე სააქციო საზოგადოებად გადაქცევა სურს, სადაც აქციები ექნებათ რეგიონულ ოლიგარქებს, მას ექნება გადამწყვეტი ხმა და ხალხი იქნება თამაშგარე. ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ.
_ უკვე არაერთხელ აღნიშნეთ, რომ შუალედური არჩევნების შედეგი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, როგორ შეაფასებთ თქვენი პარტიის შანსებს ამ არჩევნებზე?
_ შანსები ძალიან მაღალია. ჩემი ვარაუდია, მაღალი ალბათობით მთაწმინდაზე, შესაძლოა, მეორე ტური იყოს იმიტომ, რომ არიან კანდიდატები, რომლებმაც შეიძლება გარკვეული რაოდენობის ხმები ორივე ფლანგიდან გაყონ. შესაბამისად, შესაძლოა, 50% ვერ ავიღოთ და მეორე ტური იყოს. მეორე ტურში კი აუცილებლად იქნება შალვა შავგულიძე, თუ მეორე ტური დაინიშნა, შალვა შავგულიძის გამარჯვების შანსები ძალიან დიდია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნორმალური, ცივილიზებული, აზრიანი, გამოცდილი და გულანთებული ადამიანი შევიდეს პარლამენტში, მორიგი სტატისტიკოსის ნაცვლად, რომელიც იქ სადღეგრძელოებს იტყვის, არამედ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვანახოთ საზოგადოებას, პოლიტიკაში ის ჩიხი აღარ არის, რა ჩიხსაც სთავაზობს დღეს „ქართული ოცნება“. აქეთ ქმნის მტრის ხატს და ყველას ერთ ქვაბში ყრის. მათ შორის, ამით ამოისუნთქებს მთლიანად პოლიტიკური სპექტრი და დაიმსხვრევა ის მითი. „ქართული ოცნება“ ხელოვნურად ქმნის აზრს, რომ ყველა წინა ხელისუფლებასთან არის შეკრული. ბესელიას რომ დააბრალებ, „ნაციონალური მოძრაობის“ მართულიაო _ ეს ხომ უკვე პარანოია და სიგიჟეა! შალვა შავგულიძეს რომ დააბრალებ, იმ დროიდან იყავი შეკრული „ნაციონალურ მოძრაობასთანო“, ე. ი. ავად ხარ, გასაკოჭი ხარ. ივანიშვილი ხალხმა თუ დროზე არ გაკოჭა, ამ ქვეყანას გადაჩეხავს.

ნენე ინჯგია