ლაშა ფარულავა: „სასურსათო კატასტროფა გვიახლოვდება!“

გასულ კვირას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-მა თებერვლის აგრომიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წელს პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი.
„აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) პროგნოზით, 2019 წელს მსოფლიოში ხორბლის წარმოება 734.75 მლნ. ტონა იქნება, რაც 4%-ით ჩამოუვარდება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს (763.18 მლნ. ტონა).
მაშინ, როცა ხორბლის მთლიანი მოხმარების პროგნოზი 747.23 მლნ. ტონა, ანუ უფრო მაღალია, ვიდრე წარმოებული რაოდენობის პროგნოზი. ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის ბოლოს მარაგები უფრო დაბალი იქნება, ვიდრე წინა წელს.

2019 წლის თებერვალში პურისა და პურპროდუქტების ფასები 10.2%-ით გაიზარდა 2018 წლის თებერვალთან შედარებით. ამავე პერიოდში ხორბლის პურის ფასი 15%-ით გაიზარდა, რაც ხორბლის ფქვილის ფასების ზრდით იყო განპირობებული (წლიური 8%-იანი ზრდა).
ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის თებერვალში საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტმა 1650.70 ტონა შეადგინა, რაც 4%-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს (1588.31 ტონა)“, _ ნათქვამია კვლევაში.
მოკლედ, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ამ საქმის სპეციალისტები ელოდებიან, რომ პური კიდევ გაძვირდება, გაძვირებული პური კი ავტომატურად სხვა პროდუქტების გაძვირებასაც გამოიწვევს, რაც ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის ცხოვრებას კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდის.
ამ ფონზე საინტერესოა ორგანიზაცია „ჰაბ-ჯორჯიას“ კვლევა, რომლის დამფუძნებელი ლაშა ფარულავაც „ქრონიკა+“-ს საგანგაშო ინფრომაციას აწვდის და ამბობს, რომ საქართველოს სასურსათო კატასტროფა უახლოვდება.
„ეს უტრირებული ნათქვამი არ არის, ყველა ფაქტი, რომლის შესახებაც გესაუბრებით, გამოკვლეული და დადასტურებულია“, _ აცხადებს ლაშა ფარულავა და კითხვაზე, თუ რატომ ძვირდება საქართველოში პური და პურპროდუქტები, პირდაპირ ოკუპანტი რუსეთისკენ იშვერს ხელს.
ახლა, შესაძლოა, ვინმემ თქვას, რუსეთი რა შუაშია, როცა ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა არც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიაო, მაგრამ სქემა, რომელიც ლაშა ფარულავამ „ქრონიკა+“-ს გააცნო, მართლაც, დამაფიქრებელია, ანუ სავსებით რეალურია სცენარი, რომ კრემლმა სტალინის ტრიუკს მიმართოს და, როგორც გენერალი-სიმუსმა, თავის დროზე, უკრაინას ჰოლოდომორი მოუწყო, პუტინმა „ახალი ჰოლოდომორი“ საქართველოში მოაწყოს!
მოკლედ, მათ, ვისაც ხელეწიფებათ, წინამდებარე ინტერვიუ შეუძლიათ, ერთგვარ გაფრთხილებად მიიჩნიონ. ამასთან, კარგი იქნება, თუ ამ საკითხით პოლიტიკური ოპოზიციაც დაინტერესდება და ხელისუფლებას, თუნდაც, პრევენციის მიზნით, განმარტებებს მოსთხოვს!

ლაშა ფარულავა _ „ჰაბ-ჯორჯიას“ დამფუძნებელი:
_ გასული წლის 10 დეკემბრიდან პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა. მაშინ, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება, არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებულიო.
კერძოდ, მამუკა ბახტაძემ სიტყვასიტყვით თქვა:
„მინდა, გამოვეხმაურო დღევანდელ ინფორმაციას, რომ პურის ფასის მკვეთრი ზრდა მოხდება. ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არაჯანსაღ კონკურენციასთან და მივმართავ კონკურენციის სააგენტოს, მოამზადოს ანგარიში, თუ რა ხდება.
მინდა, შესაბამის ორგანოებს მივმართო, რომ უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და ასევე მოამზადონ ანგარიში, თუ რა ხდება.
საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ“.
ზემოაღნიშნული საკითხი, კონკრეტულად, საქართველოში ხორბლის იმპორტი და სომხეთში ტრანზიტი შევისწავლეთ.
_ ამ თემით რატომ დაინტერესდით?
_ ორგანიზაცია „ჰაბ-ჯორჯია“ დიდი ხანია, სატრანსპორტო სისტემაში არსებულ პრობლემებზე მუშაობს.
_ ეს გასაგებია, მაგრამ პური სატრანსპორტო სფერო არ არის. შესაბამისად, დამიკონკრეტეთ, ხორბლის მონოპოლიის შესწავლა რატომ გადაწყვიტეთ?
_ ხორბალი, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სტრატეგიული პროდუქტია. შესაბამისად, გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხების კვლევა ჩვენთვის პრიორიტეტია.
2018 წლის 10 დეკემბერსვე პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებას კონკურენციის სააგენტო გამოეხმაურა და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ აღნიშნული საკითხის შეისწავლიდა და მონიტორინგსაც გაუწევდა, რაც მომავალში ხორბალსა და პურპროდუქტებზე ფასის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა.
სხვათა შორის, 10 დეკემბერს პურის გაძვირებაზე ჟურნალისტებმა კითხვა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასაც დაუსვეს, რაზედაც მან ასე უპასუხა:
„ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესებს, პურის ფასი არ რეგულირდება. სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური. საბჭოთა კავშირი აღარ არის, დაინგრა.
აქამდე არასამართლიანი კონკურენციის პირობებს ვერ ვხედავდით, დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა, ამიტომ ამან გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით.
ამას გამოვიძიებთ და შევისწავლით, თუ იქნება პრობლემა, ამაზე რეაგირებას მოვახდენთ.
არის თუ არა გარე ფაქტორები, რომელსაც შეეძლო გამოეწვია პურის ფასის მომატება? ინფორმაციას გადავხედეთ საერთაშორისო ბაზრებზე, თუ რა ხდება _ კი, ასეთი სიტუაცია არის, რომელსაც ნაწილობრივ შეეძლო გამოეწვია პურის ფასის მომატება. მაგალითად, მსოფლიო ბაზრებზე არის ხორბლის ფასების აწევა. ჩვენ ვერ ვერევით, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ არაკონკურენტული გარემოს გამო მოხდა ფასის მატება, რეაგირებას მოვახდენთ კონკურენციის სააგენტოს ფარგლებში. ამაზეა ლაპარაკი“.
_ „ჰაბ-ჯორჯიას“ კვლევით რა დადგინდა: საქართველოში პური, მართლაც, ხელოვნურად, არაჯანსაღი კონკურენციის გამო ძვირდება?
_ კონკურენციის შესახებ კანონის 25-ე მუხლი ადგენს კონკურენციის სააგენტოს საქმის მოკვლევის წესს. ამ მუხლის პირველ პუნქტში ვკითხულობთ, რომ საქმის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს არაუგვიანეს 3 თვისა.
დავინტერესდით, სამი თვის გასვლის შემდეგ თუ ჰქონდა სააგენტოს რაიმე გადაწყვეტილება მიღებული. მიმდინარე წლის მარტის ბოლოს სააგენტოს წერილი მივწერეთ, საიდანაც პასუხი პირველ აპრილს მივიღეთ.
_ რაო, ხადურის უწყებამ რა გიპასუხათ?
_ სააგენტოს პასუხში ვკითხულობთ, რომ უწყება მოცულობით ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებაშია „გართული“.
_ ეს რას ნიშნავს?
_ მოკლედ რომ ვთქვათ, სამი თვის განმავლობაში არანაირი გადაწყვეტილება ან შედეგი არ დამდგარა. პრემიერის განცხადება კი, უბრალოდ, ფარსი აღმოჩნდა!
_ ანუ ხელისუფლებამ პურის გაძვირების რეალური მიზეზები არ დაადგინა?
_ ასე გამოდის.
_ თქვენი მონაცემებით, ხორბალი და, შესაბამისად, პური რატომ ძვირდება და, საერთოდ, ამ კუთხით რა გველოდება?
_ ზოგადად, ხორბლის ფასს რამდენიმე ინდიკატორი განსაზღვრავს.
_ ეს რა ინდიკატორებია?
_ დაგეგმილი მოსავალი და ხორბლის მსოფლიო ფასი; ლოჯისტიკა, პროდუქტის ტრანსპორტირება და ადგილზე მარაგები.
_ ჩვენი ხელისუფლება პურის გაძვირებაზე საუბრისას, საწვავისა არ იყოს, მსოფლიო ბაზრით აპელირებს…
_ მსოფლიო ფასს, ცხადია, ყველა იმპორტიორი ექვემდებარება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში სერიოზულ პრობლემას ხორბლის იმპორტის დროს გადაზიდვა და ადგილზე შექმნილი მარაგები წარმოადგენს.
_ ლაშა, მოდით, ეს თემა უფრო გაშალეთ.
_ კი ბატონო.
2012 წლამდე საქართველოში ხორბლის იმპორტი რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან ხორციელდებოდა და პროდუქტი დივერსიფიცირებული იყო. საქართველოს ტერიტორიის რამდენიმე ლოკაციაზე კი ხორბლის სამი თვის მარაგი იყო გადანაწილებული.
სწორედ ამის გამო, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს და შემდეგაც, პურპროდუქტებზე ფასის მატების ტენდენცია არ ყოფილა, ანუ ფასის შენარჩუნება მარაგებმა და დივერსიფიცირებულმა იმპორტმა უზრუნველყო.
ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენენ მსხვილი იმპორტიორები, რომლებიც ქვეყანაში მარაგებს ქმნიან. ისინი ფასის რეგულირებას შემდეგი სქემით ახდენენ: ადგილზე ხორბალი, გზაში ხორბალი და კონტრაქტი მწარმოებელთან.
_ წეღან თქვით, რომ ხორბლის ფასს ლოჯისტიკაც განსაზღვრავს. ლოჯისტიკა რაღა შუაშია?
_ 2014 წლამდე საქართველოში ხორბლის იმპორტი და სომხეთში ტრანზიტი საზღვაო და სარკინიგზო გზით მიმდინარეობდა, თუმცა იმავე წელს ხორბლის საავტომობილო ნაკადებით, კერძოდ, ყაზბეგი-ლარსის გავლით შემოტანა დაიწყო, რამაც ადგილობრივ ბაზარს იაფი და ხარისხობრივად გაუგებარი ხორბალი შესთავაზა.
თავიდან ლიცენზირებულმა კომბინატებმა ზემოხსენებული რუსული ხორბალი არ მიიღეს. ამის გამო საქართველოში მცირე სიმძლავრის „ლევი“ კომბინატები გაჩნდა. საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე ასევე გაჩნდა იაფი ფქვილიც.
2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ხორბლის იმპორტის 30% რკინიგზით განხორციელდა, 70% კი _ საავტომობილო ტრანსპორტით.
2018 წლის შემოდგომას ქართული ბაზარი მთლიანად რუსულ ხორბალზე გახდა დამოკიდებული, რამაც ის გამოიწვია, რომ დღეს ქვეყანაში მარაგები აღარ არის. მსოფლიო ფასის ნებისმიერი ცვლილება კი ქართულ პურზე პირდაპირპროპორციულად აისახება.
ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დღეს რუსეთის #1 საექსპორტო პროდუქტი ხორბალია, რომელმაც ისეთ პროდუქტებსაც კი გადაუსწრო, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობპროდუქტები და იარაღი.
_ ე. ი. ჩვენ რუსულ პურს ვჭამთ და თუ კრემლი მოინდომებს, ხორბლით საქართველოზე ნებისმიერი სახის მანიპულაციას განახორციელებს?
_ დიახ, ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება მთლიანად ოკუპანტი სახელმწიფოს ხელშია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია, ხორბლის მოწოდება შეგვიწყვიტოს და საქართველო პურის გარეშე დატოვოს. ეს თანამედროვე ჰოლოდომორი იქნება!
_ ასეთ მძაფრ შეფასებას რატომ აკეთებთ?
_ მოგეხსენებათ, ჰოლოდომორი სტალინმა უკრაინას მოუწყო.
_ დიახ, ეს ცნობილია.
_ ჩვენი ხელისუფლება, თავისივე უნიათობით, ვლადიმირ პუტინს შანსს აძლევს, რომ ქართველებს „ჰოლოდომორი“ მოგვიწყოს.
_ არ მგონია, ასე მოხდეს, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს საკუთარი ხორბალიც აქვს. მაგალითად, შირაქს „პურის ბეღელსაც“ უწოდებენ.
_ დიახ, მაგრამ საქართველოში მოყვანილი ხორბალი სასურსათო პურპროდუქტების მოხმარების მხოლოდ 5-10%-ს იკავებს, საფურაჟე ხორბლის მოხმარების _ 30%-ს.
თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება და, მარაგებთან ერთად, ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაციას არ მოახდენს, რუსეთისგან კიდევ ერთ „გაკვეთილს“ მივიღებთ, რომელიც ჩვენს მოსახლეობას შიმშილის ფასად დაუჯდება.
_ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. შესაბამისად, კრემლის ზრახვებს, რაზედაც ყურადღებას ამახვილებთ, ეს ვერ შეაკავებს?
_ ვერა.
_ რატომ?
_ ის, რომ რუსეთის ფედერაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია, მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რუსეთი ხელშეკრულებით ნაკისრ არც ერთ ვალდებულებას არ ასრულებს. ზოგადად, მისი მიზანი იმპერიული პოლიტიკის გატარებაა.
ამიტომ სიტუაცია მეტად საგანგაშოა! ხელისუფლების უნიათობა კონკურენციის სააგენტოს ნაცარქექიობით დასტურდება, მოქმედი პრემიერის განცხადებებს კი ჩალის ფასი აქვს.
იმედია, ეს საკითხი პოლიტიკური ძალების ინტერესის საგანი გახდება.
მოკლედ, სასურსათო კატასტროფა გვიახლოვდება და საჭიროა, შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო დონეზე მიიღონ!

P. S. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში პური 5-10 თეთრით გასული წლის დეკემბერში, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაძვირდა. მაშინ ექსპერტები ამას სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ.
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობდა, რომ პურის გაძვირება ინფლაციური პროცესების შედეგი იყო _ მოგეხსენებათ, 2018 წელს, ინფლაცია 3% უნდა ყოფილიყო, თუმცა „საქსტატის“ მონაცემებით, ინფლაცია, გასული წლის ნოემბრის ჩათვლით, 1.9% იყო.
„სწორედ აქ ჩნდება კითხვის ნიშნები: არჩევნებამდე ხომ არ მოხდა ხელოვნურად ფასების შენარჩუნება გარკვეულ დონეზე? თუკი 2018 წელს 3%-იან ინფლაციას ველოდებოდით, ეს ნიშნავს იმას, რომ დეკემბერში მთავრობა ისედაც ელოდებოდა და გვპირდებოდა ფასების შემდგომ ზრდას, უბრალოდ, პურმა გახსნა სეზონი. შესაძლოა, ტენდენცია სხვა პროდუქტებსაც გადაედოს, _ ამბობდა მაშინ ხორგუაშვილი და პურის გაძვირების მეორე მიზეზად მთავრობის მიერ შემოღებულ ეკონომიკურ რეგულაციებს ასახელებდა, რაც სატრანსპორტო შეზღუდვებს გულისხმობდა, _ როდესაც ფქვილისა და სიმინდის შემოტანა აიკრძალა, გარდა პორტისა და მატარებლისა, ამან გაზარდა ფასი და მიწოდება შეამცირა.
ზოგადად, ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა, რაც, რა თქმა უნდა, ფასების ზრდას იწვევს, მაგრამ ფასების ზრდა და ინფლაცია მაინც ყოველთვის უკავშირდება ფულის მასის ზრდას, რაც ეროვნული ბანკის ფუნქციაა, რომ ყურადღება მიაქციოს და იზრუნოს ფასების ზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
სხვა თანაბარ პირობებში, რა თქმა უნდა, როდესაც ფულის მასებს ზრდის ეროვნული ბანკი, ფასებიც მაშინ იზრდება“.

ეკონომისტი აკაკი ცომაია გასული წლის მიწურულს პურის გაძვირების კიდევ ერთ მიზეზზე ამახვილებდა ყურადღებას:
„ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, სავარაუდოდ, სატრანსპორტო დანახარჯების ზრდა, თავად ხორბლის ფასის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე და სავალუტო კურსის მერყეობა.
ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ხორბლის ბაზარზე ერთგვარი არასრულყოფილი კონკურენციის ნიშნები ვიხილოთ. ბაზარზე ხორბლის ბევრი შემომტანი არ არის, ერთგვარი ოლიგოპოლიის ნიშნები გვაქვს და, შედეგად, მწარმოებლებს ფასზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
რეალურად, სხვა ფაქტორი არ გაგვაჩნია. ეს არის იმ მიზეზების ერთობლიობა, რის გამოც შეიძლებოდა, რომ ხორბალი გაძვირებულიყო“.

მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე კი ამბობდა:
„ფქვილის ფასი კრიტიკულ ზღვარზეა და თუ მისი ღირებულება არ შემცირდა, ენერგომატარებლების გაძვირებას ავტომატურად პურზე ფასის მატება მოყვება…
ლარის გაუფასურების გამო ყველაფერი გაძვირდა _ ყველა ინგრედიენტზე, რასაც წარმოებაში ვიყენებთ, ფასი მომატებულია. გაძვირებულია ფქვილიც და უკვე კრიტიკულ ნიშნულზეა“.

სხვათა შორის, როგორც „ქრონიკა+“-მა საკუთარი არხებით მოიძია, 2018 წლის ბოლოდან დღემდე თბილისში მოქმედი არაერთი მცირე ზომის საცხობი დაიხურა. დახურული მცირე საცხობების მფლობელები პირად საუბარში ამბობენ, რომ საცხობის დახურვის გადაწყვეტილება ფქვილის გაძვირების გამო მიიღეს, ანუ ისინი დილემის წინაშე იდგნენ _ ან პური უნდა გაეძვირებინათ, რაც ბიზნესისთვის სერიოზული დარტყმა იქნებოდა, ან წარმოება დაეხურათ.
ზოგადად, ბოლო დროს საქართველოში მხოლოდ პურსა და პურპროდუქტებზე კი არ მოიმატა ფასებმა, არამედ პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებიც გაძვირდა და ამას „საქსტატის“ მონაცემებიც მოწმობს:
„თებერვალში სამომხმარებლო ბაზარზე ფასები გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი 2,9%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება ფასების მატებას ცალკეულ პროდუქტებზე, მაგალითად, თევზეული გაძვირდა 12.5%-ით, პური და პურპროდუქტები _ 10.2%-ით, ბოსტნეული _ 7.6%-ით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 4,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა,
გაძვირებულია ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 2.5%-ით.
რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს, ფასები 6.7%-ითაა გაზრდილი.
ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით კი 3,4%-იანი ზრდაა ფასების კუთხით.
2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3% შეადგინა“, _ ეს არის „საქსტატის“ ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში გასაჯაროვდა.
ისე, როცა პროდუქტები ძვირდება, მოსახლეობა ცდილობს, გარკვეული მარაგი დააგროვოს, თუმცა ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს არცთუ კარგი გამოსავალია, რადგან მარაგების დაგროვება სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.
„მარაგების შექმნა კიდევ უფრო გააუარესებს ვითარებას და უარყოფით
პროცესებს გამოიწვევს. საკმარისია, მოსახლეობამ დაიწყოს იმაზე მეტი
პროდუქტის შეძენა, ვიდრე სჭირდება, რომ ეს გაზრდის მოთხოვნას ბაზარზე და
პროდუქტები კიდევ უფრო გაძვირდება. ამიტომ მაგარების შექმნისკენ ლტოლვა უფრო სწრაფად გაგვიძვირებს პროდუქტებს და შესაძლოა, ფასები დაბლა აღარც ჩამოვიდეს.
მარაგების შექმნისას მოგებული დარჩება პირველი ორი-სამი მყიდველი, ვინც ამას ყველაზე სწრაფად გააკეთებს, მაგრამ თუ ეს პროცესი დაიწყება, უნდა გვახსოვდეს, რომ პირველები დიდი, ალბათობით, ვერ ვიქნებით, მეოთხე-მეხუთეს კი უკვე უფრო გაძვირებული პროდუქტის ყიდვა მოუწევს.
ამიტომ ჯობს, თავი შევიკავოთ მარაგების შექმნისგან _ ნებისმიერი ასეთი მცდელობა ბაზარზე უარყოფით რეაქციას გამოიწვევს“, _ ამბობენ ეკონომისტები.
კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც საქართველოში პროდუქტები გააძვირა, ის გახლავთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან თამბაქოს აქციზური გადასახადი გაიზარდა. შესაბამისად, გაძვირდა ყველა სახის სიგარეტი, რასაც ავტომატურად მოყვა უმნიშვნელოდ, მაგრამ სხვა სახის პროდუქტის გაძვირებაც.
ცნობისთვის: საქართველოს ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 2017 წელს 1450 მილიარდ ლარს შეადგენდა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი იგივე დარჩა. ამის მიუხედავად, მთავრობას იმედი აქვს, რომ აქციზის გადასახადის გაზრდით, აქციზით მიღებული შემოსავალი წელს 1505 მილიარდ ლარს შეადგენს, თუმცა ეკონომისტები ასე არ ფიქრობენ და ამბობენ, რომ აქციზის გაზრდას ლოგიკურად ბიზნესის დანახარჯებისა და ტვირთის გაზრდა მოყვა, რაც წამგებიანი მხოლოდ ბიზნესისთვის კი არა, სახელმწიფოსთვისაც არის.
ამავე კონტექსტში ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აქციზური გადასახადის გაზრდამ ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდის რისკებიც გაზარდა.
„მთავარი პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ მთავრობა ზრდის გადასახადებს, არამედ, მეორე კიდევ უფრო მთავარი პრობლემაა, რომ ყველა გადაწყვეტილებას მთავრობა ერთპიროვნულად იღებს და მის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტებს არასოდეს ახლავს რეგულაციური ანალიზი, ასევე არ ახლავს გრძელვადიანი დაგეგმვა და იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება, ამა თუ იმ ნაბიჯმა გამოიწვიოს.
ახლაც სწორედ ეს ხდება _ არ გაუთვალისწინებიათ ის რისკები, რომელიც დაკავშირებულია კონტრაბანდის ზრდასთან“, _ აცხადებენ ეკონომისტები.
ერთი სიტყვით, ხელისუფლება რაციონალურ აზროვნებას თუ არ დაიწყებს, ქვეყანას ან კონტრაბანდა და კორუფცია დაღუპავს, ან როგორც „ჰაბ-ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლაშა ფარულავა ამბობს, სასურსათო კატასტროფას ვერ გადავურჩებით!
ასე რომ, ვითარება იმაზე მძიმე და საგანგაშოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს!

გიორგი აბაშიძე