ვასილ პაპავა: „საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ ირანელი რეპერის გამაღიზიანებელი საქციელი არ ყოფილა“

ირანელ რეპერ ამირ თაათალუს 24 მარტს თბილისში გამართულ კონცერტს დიდი გამოხმაურება მოყვა. ვნებათაღელვის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული კონცერტის ჩანაწერი გახდა, სადაც ირანელი რეპერი თითქოს ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს. ამის შემდეგ ირანის საელჩოსთან აქცია გაიმართა, სადაც მოთხოვნა გაისმა სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც გაირკვა, ირანელი რეპერის სიტყვები არასწორად ითარგმნა.
რას უკავშირდება აღნიშნული ფაქტი? დაამახინჯეს თუ არა ტექსტი მიზანმიმართულად და რა გამოწვევები დგას საქართველოსა და ირანის ურთიერთობებში?

მეორე თემა, რომელსაც ინტერვიუში შევეხებით, თურქეთს ეხება. 31 მარტს თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 5 დიდ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქში, არჩევნები ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა მოიგეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიამ 44,34% მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა პარტია „თურქეთის სახალხო რესპუბლიკამ“ _ 30,12%.
რამ განაპირობა არჩევნების ასეთი შედეგები და როგორ აისახება ეს რეგიონზე, მათ შორის, საქართველოზე?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ექსპერტს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ვასილ პაპავას ესაუბრა:

_ ბ-ნო ვასილ ,რა მოხდა, რეალურად, ირანელ რეპერთან დაკავშირებით? თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
_ ირანელი რეპერის გამოსვლის გავრცელებული ვიდეოს, რაზედაც დართული იყო ტექსტი, თავისთავად გახდა არა მხოლოდ ინტერნეტ მომხმარებლების უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი, არამედ საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა. ირანის საელჩოსთანაც გაიმართა საპროტესტო აქცია. ამის შემდეგ მეც დავინტერესდი, თუ რას ამბობდა რეპერი. ჩემს მეგობრებს დავუკავშირდი, რომლებიც სპარსულს უმაღლეს დონეზე ფლობენ. ყველა ენას აქვს ისეთი სიტყვები, რომლის თქმაც ხუმრობითაც კი შესაძლოა, უზრდელობად მივიჩნიოთ, ინტონაციას მნიშვნელობა აქვს. ოთხმა მეგობარმა უშუალოდ დამიდასტურა, რომ ის სიტყვები, რაც ვიდეოზე იყო დართული, რეპერს არ უთქვამს _ არც პირდაპირ და არც ქვეტექსტად. უბრალოდ, თვითონ რეპერი გამომწვევად ნამდვილად იქცეოდა. ზოგადად, რეპერები მსგავსი ჟესტიკულაციით გამოირჩევიან. ამის მერე ვიდეოჩართვაც იყო, სადაც ფერეიდნელი ქართველები უშუალოდ ადასტურებდნენ, რომ ვიდეოზე დართული ტექსტის თარგმანი შეესაბამებოდა რეპერის ნათქვამს _ ამან ძალიან გამაკვირვა, რადგან, ერთი მხრივ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ფერეიდნელმა მოიტყუოს (ან რატომ უნდა მოიტყუოს?) და, ამავე დროს, ეჭვის ქვეშ ვერ დავაყენებ ჩემი მეგობრების პროფესიონალიზმს, რომლებმაც რეპერის გამოსვლა თარგმნეს.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გასაკვირი იყო აქცია ირანის საელჩოსთან, რადგან ამ კონცერტის ორგანიზატორი ირანის საელჩო არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ საელჩო, თავისთავად, აკვირდება დიასპორის აქტივობას, ეს ნებისმიერი საელჩოს პრეროგატივაშია, მით უმეტეს, როცა საუბარია ირანზე, რომელიც თეოკრატიული და მკაცრი რეჟიმის ქვეყანაა, ჩვენი რეგიონისგან განსხვავებით, სადაც პროდასავლურობა და თავისუფლება უფრო ჩანს, რაც ირანში შეზღუდულია. თავად ეს რეპერი კი ირანში რამდენიმე წლის წინ მონაწილეობდა პატრიოტულ კლიპში სამხედრო თემატიკაზე. ირანში მსგავსი რეკლამების გადაღება, თავისთავად, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე წყდება. ირანულ კლიპში მაშინ ამ რეპერს ტატუირება სახეზე ნამდვილად არ ჰქონია.
_ ვის ინტერესში შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ რეპერის ტექსტი დამახინჯებით გავრცელებულიყო?
_ ალბათ დააკვირდით: საელჩოსთან აქცია რომ გაიმართა, რა ტექსტები გააჟღერეს ორგანიზატორებმა. ისინი ირანის საელჩოს იმ კონცერტის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, რომლის ორგანიზატორიც საელჩო არ ყოფილა. ვერსად ვიპოვე, ვინ იყო ამ კონცერტის ორგანიზატორი. ვიღაცამ ხომ დაუთმო დარბაზი, კონცერტიდან შემოსული თანხის ნაწილი ხომ აიღო? დამკვეთს ვერსად მივაგენი. მაგალითად, ვინმეს ლექციის ჩასატარებლად რომ იწვევ, წინასწარ იცი პროფესორია, დამწყებია თუ რას წარმოადგენს. ანუ, მინიმუმ, ინფორმაციას მაინც ფლობ. ისეთი რეპერის მოწვევა, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ ირანში ძებნილი იყო და თურქეთიდანაც გამოადეპორტეს, პასუხისმგებლობას აკისრებს თვითონ იმ ორგანიზატორს, რომელმაც რეპერს დარბაზი დაუთმო. საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია არა მხოლოდ ირანელების მისამართით არის, არამედ ზოგადი უკმაყოფილებაა მიგრანტების მიმართ.
_ თქვენ განაცხადეთ, რომ საზოგადოებაში, ზოგადად, მიგრანტების თემა იწვევს უკმაყოფილებას, თუმცა ირანელებთან მიმართებით ეს უფრო გამძაფრებულია და ორ ფაქტორს დავასახელებ: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი დერეფანია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საფრთხედ ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებასაც ასახელებს, ამასთანავე, ირანული ბარები, რესტორნები, ბორდელები, სადაც სრული ქაოსია და რომელიც განლაგებულია ქალაქის ცენტრში, იწვევს მოსახლეობის გაღიზიანებას. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი?
_ სწორედ ამას ვგულისხმობდი, რომ საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ ირანელი რეპერის გამაღიზიანებელი საქციელი არ ყოფილა, ეს, უბრალოდ, საბაბი იყო. ამ კონკრეტულ ფაქტს ემატება სხვა ფაქტები, რომელიც წლების განმავლობაში ილექებოდა. მაგალითად, შარშან რამდენიმე ირანელი დააკავეს. ისინი ნარკოტიკების გავრცელების საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი. ასევე გვახსოვს, მთაწმინდაზე ინდოელმა პირდაპირი ტექსტით აგინა ქართველებს, ამის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა ინტერნეტში, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით აქცია არ გაუმართავთ.
სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან არ ხდება სათანადო რეაგირება. ცხადია, ირანთან სავიზო რეჟიმი არ უნდა შემოვიღოთ, მაგრამ გარკვეული რეგულაციები უნდა დაწესდეს. მაგალითად, ირანში ისეთ კანონდარღვევებს ვერ ჩაიდენ, რაც ირანელების მხრიდან დაფიქსირდა საქართველოში. ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო შესაძლოა, ირანში ადამიანს სიკვდილით დასჯაც კი დაემუქროს. წლებია, უკვე საუბარი მიდის იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი მთავარი ნარკოსატრანზიტო დერეფანია დასავლეთისკენ. როგორც ჩანს, ამ ნარკოტრაფიკის ნაწილი ადგილზეც ილექება, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ საქართველოში 300 000 ნარკოდამოკიდებულია. ეს მიუთითებს სახელმწიფო სტრუქტურების არაჯეროვან მოქმედებაზე. როგორ შეიძლება, ქვეყანაში წლების განმავლობაში ვრცელდებოდეს ნარკოტიკული საშუალებები და ამას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვებოდეს?! ის, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის ზღვაში წვეთი. გამოძიება რომ ჩატარდეს და საროსკიპოები, ბარები თუ სხვა გასართობი დაწესებულებები შემოწმდეს, დარწმუნებული ვარ, ისეთი ფაქტები დაფიქსირდება, რაც მოსახლეობას კიდევ უფრო რადიკალურად განაწყობს არა მხოლოდ ირანელების, არამედ, ზოგადად, მიგრანტების მიმართ.
_ რა ბერკეტები აქვს სახელმწიფოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? რამდენად გამართლებული იქნება კვლავ სავიზო რეჟიმის შემოღება?
_ თურქეთთან სავიზო მიმოსვლა არ გვაქვს, მაგრამ ნარკოვაჭრობის მსგავსი ფაქტები რომ დაფიქსირდეს ჩვენი მოქალაქეების მხრიდან თურქეთში, მათი ძალოვანი სტრუქტურები ამაზე სწრაფ რეაგირებას მოახდენენ. შესაძლოა, სავიზო რეჟიმი არ შემოიღოს, მაგრამ გარკვეული კვოტები ან რეგულაციები დაწესდება, ურთიერთობა განახლდება საქართველოს სამართალდამცველ სტრუქტურებთან, ინფორმაცია გაიცვლება. სხვათა შორის, ირანის ელჩმაც აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არ არსებობს თანამშრომლობა სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის, ასეთი თანამშრომლობა კი შეიძლება დადებითად აისახოს ისეთი ფაქტების განეიტრალების კუთხით, როგორც ირანელი რეპერის შემთხვევაში დაფიქსირდა. დღესაც რომ დააკავონ ირანელი ნარკომოვაჭრე, აქციების გამართვა ირანის საელჩოსთან მიზანშეუწონელია. მაგალითად, ესპანეთში _ ბარსელონაში, ბინის ძარცვის ფაქტზე 60-მდე ქართველი დააკავეს, მაშინ საქართველოს საელჩოსთან ესპანელებმა აქცია უნდა გამართონ?! პირველ რიგში, მსგავსი პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს პრეროგატივაა. როცა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირებები არ ხდება, შემდეგ უკვე იმართება აქციები, რომელიც ორგანიზებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. სახელმწიფო სტრუქტურებმა უფრო ეფექტიანად უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით და გაითვალისწინონ, თუნდაც ირანის ელჩის განცხადება სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ირანელი ნარკომოვაჭრეები მოდიან ირანიდან და არა ჩინეთიდან. თავისთავად, ეს საკითხი უნდა იქნას დაყენებული ირანის ელჩთან. თუ ირანს სურს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი კვლავ არ შემოიღონ და მოსახლეობაში არ გაიზარდოს ანტიირანული განწყობები. მათ სათანადო რეაგირება უნდა ჰქონდეთ. სავიზო რეჟიმის შემოღებით გადაწყდება პრობლემები?! მაშინ თურქეთთან შემოვიღოთ. რამდენი ფაქტი დაფიქსირდა თურქებთან დაკავშირებით ბათუმში, მაგას რა ჩამოთვლის.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ არ რეაგირებს სახელმწიფო და არ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს? სათანადოდ ვერ იაზრებს შექმნილ ვითარებას?
_ უბრალოდ, არ ესმით პრობლემის არსი. როგორც ვატყობ, ასეა. როცა ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან, სადღეგრძელოების დონეზე ხდება განცხადებების გაკეთება, თითქოს ყველაფერი კარგადაა. როგორ არის ყველაფერი კარგად, მსგავს პრეცედენტებს, შესაძლოა, სხვა მიმართულება მისცენ საქართველოსადმი არაკეთილმოსურნედ განწყობილმა ზესახელმწიფოებმა, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ რეგიონში. თვითონ ირანის საელჩოსთან გამართულ აქციაზე ისეთი მოთხოვნები გახმოვანდა, რომელიც არ უკავშირდებოდა უშუალოდ რეპერის საქციელს. როდესაც მოსახლეობა მკაცრად აფასებს, შესაბამისად, ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა შესთავაზოს კონკრეტული ქმედებები და ღონისძიებები, რაც სამომავლოდ მსგავს ფაქტებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. თავისთავად, 100%-ით აღმოფხვრა ვერ მოხერხდება, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია.
_ თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების თემა რომ განვიხილოთ, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ერდოღანის პარტიის მარცხი თურქეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში?
_ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თურქეთში ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება, შარშანდელი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები კი ეს იყო ერთგვარი ნდობის მანდატი მოსახლეობის მხრიდან პრეზიდენტ ერდოღანისადმი. საკონსტიტუციო ცვლილებებით, რაც ერდოღანის პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა, პრეზიდენტის ძალაუფლება გაიზარდა. როცა ერდოღანი პრემიერი იყო, ხოლო პრეზიდენტი _ აბდულა გიული, მაშინ პრეზიდენტი იგივე ფუნქციების მქონე გახლდათ, რაც დღეს სალომე ზურაბიშვილს აქვს. ეს ვითარება თურქეთში უკვე შეცვლილია და ქვეყანა მმართველობის საპრეზიდენტო მოდელზეა გადასული. თურქეთის პოლიტიკურ სივრცეში ერდოღანი, თავისთავად, უპირობო, ქარიზმატულ ლიდერად ჩანს. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ეს იყო ტესტი ხელისუფლებისთვის, რამდენად ენდობა მოსახლეობა თურქეთის მმართველი პარტიის 17-წლიან მმართველობას. ისეთი შედეგები დაფიქსირდა, რომელიც, ჯერ კიდევ, სადავოა. როგორც ჩანს, მთავარ ქალაქებში სტამბოლში, დედაქალაქ ანკარაში, იზმირსა და ანტალიაში ოპოზიციურმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, მაგრამ 24 000 ხმა სტამბოლში, ჯერ კიდევ, სადავოა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და შემდეგ უკვე წერტილი დაესმება არჩევნების შედეგებს.
ფაქტი სახეზეა, რომ მსხვილი ქალაქები მმართველმა პარტიამ წააგო. რაც შეეხება, მმართველი გუნდის მარცხის განმაპირობებელ მიზეზებს, მაინც შიდა ფაქტორებს გამოვყოფ: შარშან დაფიქსირდა ინფლაცია, რომელიც 20%-მდე ავიდა, ეს ფაქტორი ჩვენზეც აისახა, რადგან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში მუშაობენ, ლირაში იღებენ ხელფასს და ხელფასის ნაკლებობის პირობებში ისინი თავისთავად გაცილებით ნაკლებ თანხას აგზავნიდნენ საქართველოში, რამაც ჩვენთან ლარის კურსის მერყეობაზეც იმოქმედა.
ასევე ერთ-ერთი ფაქტორი იყო უმუშევრობა ახალგაზრდებში, ეკონომიკური ჩავარდნები. როგორც ჩანს, უფრო განვითარებული ქალაქები და ვესტერნიზაციის ცენტრები, პერიფერიებისგან განსხვავებით, მაინც რჩებიან სეკულარიზმის მთავარ ბასტიონად.
ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები ვერ აისახა თურქი მოსახლეობის ფართო მასების კეთილდღეობაზე, რაც გამოიხატა არჩევნების შედეგებზე. ერდოღანმა განაცხადა, რომ ქალაქებში წავაგეთ, სამაგიეროდ პერიფერიებში გავიმარჯვეთო, ანუ მან ამითაც მიანიშნა, რომ დიდ ქალაქებში მმართველმა პარტიამ დათმო ის პოზიციები, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ჰქონდა. პერიფერიებში მაინც კონსერვატიული საზოგადოებაა, ქალაქებისგან განსხვავებით. ეს არჩევნები თავისთავად ერთგვარი ტესტიც არის და გამოცდაც თურქეთის ხელისუფლებისთვის, ასევე მინიშნებაც იმაზე, რომ 2023 წლის არჩევნებამდე მმართველ გუნდს აქვს ვადა, რომ ძირითადი შეცდომები გამოასწოროს.
_ თქვენ, ძირითადად, შიდა ფაქტორებსა და პრობლემებზე ისაუბრეთ. საინტერესოა, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით მოსახლეობის დამოკიდებულება როგორია, აქვს თუ არა ერდოღანთან ამ მიმართებით პრეტენზიები?
_ თურქეთის საზოგადოება, იქნება ეს სეკულარული ან თუნდაც პროისლამისტური ნაწილი, ემხრობა იმ იდეას, რომ თურქეთი უნდა იყოს დომინანტური ძალა რეგიონში. აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის პოზიციები ემთხვევა მთავარ საკითხში _ ეს არის ბრძოლა ქურთ მეამბოხეებთან (ქურთისტანის მუშათა პარტია), რომელიც უკვე 40 წელზე მეტია, გრძელდება. გამომდინარე იქიდან, რომ ბრძოლა ქურთ მეამბოხეებთან დაიწყო, ჯერ კიდევ, ქემალისტების დროს, დღეს, პროისლამისტური ხელისუფლების პირობებში, ამ საკითხის ირგვლივ შეინიშნება მისი და ოპოზიციის ერთიანობა. ოპოზიციაც, შესაბამისად, ხელისუფლებას, ძირითადად, ეკონომიკურ სფეროში დაშვებული შეცდომების გამო აკრიტიკებდა.
_ არჩევნების მონაცემების მიხედვით, რომელიც უკვე დაზუსტებით ვიცით, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ერდოღანის მმართველობა დასასრულისკენ მიდის?
_ ერდოღანი სრულად აკონტროლებს სიტუაციას ქვეყნის მასშტაბით. თურქეთის საგარეო პოლიტიკა მოქნილი და აქტიურია. შეგვიძლია გავიხსენოთ ერთი მაგალითი: როდესაც ირანს შარშან ნოემბერში აშშ-ს სანქციების მეორე პაკეტი დაუწესდა, თურქეთმა თეირანს დაუჭირა მხარი, მუხედავად იმისა, რომ სირიაში დაუძინებელი მტრები არიან, _ თურქეთი მხარს უჭერს ბაშარ ასადის ოპოზიციას, ირანი კი ბაშარ ასადს. ერთი მხრივ, ეს საგარეო გარჩევებია, მაგრამ არის ძირითადი საკვანძო საკითხები, რომელშიც „იმპერიები“ თანხმდებიან და ერთმანეთს ეხმარებიან. ერთი სახელმწიფოს ჩაძირვა არ ნიშნავს იმას, რომ მეორე გადარჩება, შესაძლოა, მეორეც ჩაჰყვეს მას. ამრიგად, ისინი რიგ საკითხებში თანამშრომლობენ.
რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით, თურქეთი ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია, ამის გათვალისწინებით, ერდოღანი იქნება თუ ოპოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თურქეთის პროდასავლურობა. ერდოღანის პერიოდში ვექტორები ცოტა შეიცვალა, მაგრამ თურქეთი მაინც მოიაზრება დასავლეთის პარტნიორად ახლო აღმოსავლეთში, ბოლოს და ბოლოს, ნატოს წევრი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და სასურველია, რომ თურქეთი პროდასავლურ ღერძზე დარჩეს და არ გახდეს ანტიდასავლური ბასტიონი ახლო აღმოსავლეთში.

ნენე ინჯგია