1920 წლის მაისი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8-10.

1920 წლის მაისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანმოკლე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული, საგანგაშო და, ამავე დროს, დასამახსოვრებელი პერიოდი აღმოჩნდა. 1920 წლის მაისში საქართველო დამოუკიდებლობის მეორე წელს აღნიშნავდა. თვის დასაწყისში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა მუშების სოლიდარობის საერთაშორისო დღესთან _ პირველ მაისთან დაკავშირებით. რუსეთთან გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა. ბოლშევიკებმა შეიარაღებული თავდასხმა მოაწყვეს თბილისში განლაგებულ სამხედრო სასწავლებელზე. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ ვითარება დაიძაბა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც სამხედრო მოქმედებები დაიწყო. გაზეთები აჭრელებული იყო ფრონტიდან მოსული ცნობებით. მოსახლეობაში გამოცხადდა მობილიზაცია. თუმცა ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

თავდასხმა თბილისის სამხედრო სასწავლებელზე

1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის დამორჩილების შემდეგ, ბოლშევიკებმა საქართველოს მყისიერი გასაბჭოებაც სცადეს. გეგმის მიხედვით, კომუნისტებს ხელში უნდა ჩაეგდოთ თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი და იქ არსებული იარაღის საწყობი, გადმოებირებინათ კურსანტები და შეიარაღებული ამბოხი მოეწყოთ ხელისუფლების წინააღმდეგ. ამის შემდეგ თბილისში აჯანყებულებს სამხედრო დახმარებას აზერბაიჯანში დისლოცირებული მეთერთმეტე წითელი არმიის ნაწილები გაუწევდნენ და აზერბაიჯანის მსგავსად, ბოლშევიკური ხელისუფლება საქართველოშიც უმტკივნეულოდ და სწრაფად დამყარდებოდა.
ბოლშევიკური გეგმის სისრულეში მოყვანა 2 მაისს დაიწყო. გაზეთი „ერთობა“ ამ თავდასხმაზე 4 მაისის ნომერში მოგვითხრობს: „2 მაისს, შუაღამის 12 საათზე სამხედრო სკოლას თავს დაესხა დაახლოვებით ოცდა ხუთამდე პირისგან შემდგარი შეიარაღებული ბრბო. მათი განზრახვა იყო ჯარისკაცებში ამბოხის გამოწვევა. მორიგ ოფიცრის დაპატიმრების შემდეგ ბრბო შეიჭრა მძინარე ჯარისკაცებთან. დაიჭირა იარაღის საწყობი ოთახი, გამოუცხადა მათ, რომ ახალი ბალშევიკური მთავრობა შესდგა, ძველი უკვე დაატყვევეს, მთელი ხალხი და დანარჩენი ჯარები ახალ მთავრობას მიემხრო და თქვენც გამოდითო. ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ ისინი თავის ვალს შეასრულებენ, წამოცვივდენ საწოლებიდან და თავდამსხმელებს შეუტიეს ვინ ცარიელი ხელით და ზოგმა კი იარაღით. შეტაკების დროს თავდამსხმელთაგან ორი მოჰკლეს, ერთი დასჭრეს და დანარჩენი დააპატიმრეს. ეს უკანასკნელნი უკვე გადასცეს სამხედრო სასამართლოს. დაჭრილია ორი ჯარისკაცი. აფიცრებმა იუნკერებმა და ჯარისკაცებმა მტკიცე ერთსულოვნება და ერთგულობა გამოიჩინეს“. ამავე სტატიაში ჩამოთვლილია დაპატიმრებული თავდამსხმელების გვარები, საიდანაც ირკვევა, რომ მათი უმეტესობა ეროვნებით სომეხი იყო.
5 მაისს კი გაზეთი „ერთობა“ იუწყება, რომ სამხედრო სასწავლებელზე თავდასხმის დროს ტყვედ აყვანილ კომუნისტებს სამხედრო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ისინი იმავე დღეს დახვრიტეს. 8 მაისს იგივე გაზეთი უკვე საქართველოს მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ბრძანებას აქვეყნებს, რომელიც რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისადმი არის მიმართული. ამ ბრძანებაში გენერალი მოკლედ მიმოიხილავს 2 მაისის მოვლენებს და ჯარისკაცებს, კურსანტებსა და იუნკრებს ერთგულებისთვისა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობას უხდის.
ამავე ნომერში მოცემულია ცნობა, თავდასხმის დროს დაღუპული იუნკრის, მიხეილ მაყაშვილის უკანასკნელ გზაზე გაცილების შესახებ: „სამხედრო სასწავლებელზე თავდასხმის დროს მოკლული მ. მაყაშვილის ცხედარი გუშინ წაასვენეს კახეთში. გასვენების წინ გადახდილ იქნა პანაშვიდი სამხედრო ტაძარში. პანაშვიდს დაესწრნენ: დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი, სამხედრო, შინაგან და საგარეო მინისტრები, მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე და სხვა. დღის პირველ საათზე ცხედარი წაასვენეს სადგურზე. სამხედრო პატივისცემის ნიშნად მიცვალებულისადმი გამოწვეული იყო თფილისის გარნიზონის სხვადასხვა ნაწილები, სამხედრო სკოლის მოსწავლენი და სხვა“.

პირველი მაისის დღესასწაული

1920 წლის პირველი მაისს საქართველომ მუშათა სოლიდარობის საერთაშორისო დღე აღნიშნა. როგორც გაზეთი „ერთობა“ იუწყება, ამ დღისთვის მზადება დედაქალაქსა და რეგიონებში კარგა ხნით ადრე დაიწყო. 30 აპრილს თბილისს უკვე ეტყობოდა, რომ მეორე დღეს გრანდიოზული ღონისძიება გაიმართებოდა. სამთავრობო ავტომობილები შეამკეს ფერადი ყვავილებით, ალამაზებდნენ აგრეთვე რიუსთაველის გამზირს, მუშათა სასახლეს, დამფუძნებელი კრების შენობას, ქალაქის თვითმმართველობას. განსაკუთრებული გამოცოცხლება ეტყობოდა ქალაქის მუშათა რაიონს და მათ შორის ნაძალადევს, სადაც 1920 წლის პირველ მაისს დაგეგმილი იყო ახალი მუშათა კლუბის გახსნა, რომელსაც პლეხანოვის სახელი მიენიჭებოდა.
პირველ მაისს, წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით, დილის 7 საათზე თბილისის მთავარი სახელოსნოს საყვირმა ქალაქს დღესასწაულის დაწყება ამცნო. სახელოსნოს საყვირს ქალაქის სხვა ქარხნების საყვირებიც შეუერთდა. როგორც გაზეთი გვაუწყებს, მართალია, პირველი მაისი ღრუბლიანი გათენდა და ოდნავ წვიმდა კიდევ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხალხი მაინც ქუჩებში გამოვიდა და საზეიმო კოლონებით დაწყობილი გაემართა რუსთაველის გამზირისკენ და მუშათა სასახლისკენ. მოკლე ხანში რუსთაველის გამზირი ხალხით გაიჭედა. „ერთობის“ ინფორმაციით, ამ ზეიმზე, დაახლოებით, 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
პირველი მაისის დღესასწაულს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. რუსთაველის გამზირზე საკუთარი სატვირთო ავტომობილებით ბოლშევიკური პარტიის წევრები გამოცხადდნენ და პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ. მათ გაშალეს ტრანსფარანტები, სადაც ეწერა: „გაუმარჯოს საბჭოთა რუსეთს“, „გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს“ და თან შესაბამის ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. ბოლშევიკების ამ გამოსვლამ ხალხის უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. გაზეთი „ერთობა“ ბოლშევიკებთან ხალხის დაპირისპირებას ამგვარად გადმოგვცემს: „მათი ავტომობილი დაიძრა. ყველას ეგონა წავიდნენო, მაგრამ გაჩერდნენ „დიდების ტაძრის“ წინ და კვლავ განაგრძეს ღრიალი, რამაც ყველანი აღაშფოთა. აქ მოძალადეებს დაუპირდაპირდნენ მუშები და დაიწყო მუქარა, მუშტების ქნევა და სხვა…
უნდა აღინიშნოს ჩვენი მილიციის სასახელოთ, რომ ის ამ დროს ხალხში იდგა და აშოშმინებდა, მაგრამ მოთმინებიდან გამოსული მუშები აუხტენ ავტომობილებზედ ერთ თვალის დახამხამებაში სულ ყველანი ჩამოყარეს იქიდან და თითონ ჩასხდენ შიგ. ჩამოგდებულებს ხალხი დაეხვია და შეიქმნა ცემა ტყეპა და მხოლოდ მილიციის ჩარევამ იხსნა ბალშევიკები ხალხის რისხვისგან. პირველად ავტომობილზე ავიდნენ ა. ხელაძე და ა. აბდუშელიშვილი. ხალხმაც ერთხმად დასძახა: „გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს თავდაცვას, ძირს ბოლშევიზმი, ძირს რუსულ-ოსმალური იმპერიალიზმიო“.
ბოლშევიკებთან მომხდარმა ინციდენტმა საზეიმო მსვლელობას ხელი ვერ შეუშალა და ხალხის უზარმაზარი პროცესია ძმათა სასაფლაოსკენ გაეშურა. როგორც გაზეთი „ერთობა“ გადმოგვცემს, პროცესიის თავი, რომ მიხეილის გამზირზე მდებარე გერმანულ ეკლესიასთან იმყოფებოდა, მისი ბოლო ამ დროს ჯერ კიდევ ალექსანდროვის სახელობის ბაღთან იდგა. მადათოვის კუნძული ხალხით იყო გაჭედილი. რუსთაველის გამზირზე ჩამოიარა სამთავრობო ეტლმა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორიც იმყოფებოდა. ხალხმა ისინი ტაშითა და ოვაციებით გააცილა.
ძმათა სასაფლაოზე გაიმართა მიტინგი, სადაც ორატორები მიტინგზე შეკრებილებს პირველი მაისის მნიშვნელობაზე, საქართველოს მუშათა კლასის სახელოვან ისტორიასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში მუშათა უდიდეს თავდადებაზე ლაპარაკობდნენ. მარტო ნოე რამიშვილი სიტყვით სამჯერ გამოვიდა. მიტინგის შემდეგ იქვე მინდორზე სახალხო გვარდიელების მონაწილეობით გაიმართა ცხენოსნების ჯირითი, მოეწყო კონცერტი. სახალხო ზეიმმა დღის ოთხ საათამდე გასტანა. პირველი მაისის აღნიშვნამ საღამოს ქუჩიდან თეატრებში და მუშათა კლუბებში გადაინაცვლა: „საღამოთი თეატრებში და განსაკუთრებით მუშათა კლუბებში გაიმართა საზეიმო საღამოები. გაიხსნა ნაძალადევის მუშათა სახლი გ.ვ. პლეხანოვის სახელობაზე, სადაც ამხ. ნ. ჟორდანიამ ზეიმის შესაფერი მისალმება _ სიტყვა მიუძღვნა მუშათა ხალხს.
სახელმწიფო თეატრში ამ დღეს დასრულდა საოპერო სეზონი. დადგმულ იქნა ოპერა მუშებისათვის _ „ქეთო და კოტე“. თეატრის დარბაზი, როგორც ყოველთვის, მუშებისათვის ოპერის დადგმის დროს, _ პირველ მაისსაც გაჭედილი იყო. აქ თფილისის პროლეტარიატმა თავისი მადლობა მიუძღვნა სახელმწიფო თეატრის საოპერო მსახიობებს და სახელმწიფო თეატრის გამგეობას. მუშათა წარმომადგენელმა განაცხადა: „ვფიქრობ, რომ გამოვხატავ თფილისის პროლეტარიატის აზრს, თუ მისი სახელით მადლობას მივუძღვნი ამხანაგ მსახიობებს მათი შრომისათვის. საზოგადოებამ ნიშნათ სრული თანხმობისა დაუსრულებელის ტაშით დააჯილდოვა ეს სიტყვები“.

შეიარაღებული კონფლიქტი ბოლშევიკებთან

აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ ვითარება დაიძაბა საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარზე, სადაც შეიარაღებულმა ინციდენტებმა თითქმის ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ცხადი გახდა, რომ მე-11 წითელი არმიის ხელმძღვანელობა საქართველოში შემოჭრისთვის ემზადებოდა. თუ იმ დროის პერიოდულ გამოცემებს გადავავლებთ თვალს, ნათლად გამოჩნდება, რომ მაისის დასაწყისიდან ვითარება ყოველდღე სულ უფრო რთულდებოდა. ამას გაზეთში დაბეჭდილი საქართველოს გენერალური შტაბის ოპერატიული ცნობებიც მოწმობს.
გაზეთი „ერთობა“, 5 მაისი: „რესპუბლიკის აღმოსავლეთ საზღვრებზე ჩვენმა ჯარმა დაიკავა ფოილის ხიდი მდ. მტკვარზე და წითელი ხიდი მდ. ხრამზე. პირველ მაისს უკანასკნელი დაიკავეს შეიარაღებულმა თათრებმა, რომელთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო ჩვენს მოსაზღვრე დარაჯებთან შედარებით. ჩვენი მხრით მიღებულია ზომები ხიდის მტკიცეთ დასაჭერათ“.
6 მაისი: „წითელი ხიდის მიდამოებში ადერბაიჯანის რეგულიარულ ჯარებთან ბრძოლა სწარმოებს. პოილოს მიმართულება: 4 მაისს, დაღამებისას მტრის ძალა, რიცხვით ერთი გუნდისა, პოილოს ხიდის ყურში ჩვენ მოდარაჯეებს გარს შემოეხვია. ჩვენი დარაჯები ადგილიდან არ დაიძრნენ. 5 მაისს, დილით ხიდს მოადგა მტრის ჯავშნიანი მატარებელი. მან ჩვენს მოდარაჯე გუნდს ზარბაზნებიდან და ტყვიის მფქვეველებიდან სროლა დაუწყო. ჩვენმა წინა მოდარაჯეებმა თანახმად ბრძანებისა, ხიდის ქვეშ გამართული ბოგირით უკან დაიხიეს. ჩვენებმა მეორე მხრიდან ტყვიის მფქვეველებით, არტილერიით და თოფებით დაუშინეს. ამასთანავე იძულებული შევიქენით ხიდი აგვეფეთქებია“.
7 მაისი: „ხრამის ხიდთან ბრძოლა გრძელდება, როგორც სჩანს მტერს მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა მოუვიდა“.
9 მაისი: „ხრამის რაიონში მდგომარეობა უცვლელია. ფოილოს რაიონში 8 მაისს ღამით მტერი თოფებით და ტყვიის მფქვეველებით ესროდა ჩვენს პოზიციებს“.
12 მაისი: „გუშინ 10 მაისს, წითელ ხიდის რაიონში ჩვენ ბრძოლით მტერი 4-5 ვერსით უკან დავხიეთ. ჯარების უფროსები ერთხმად ადასტურებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას. იმავე დღეს ჩვენი ჰაეროპლანები მტრის ზურგს ესროდა ყუმბარებს…“
13 მაისის გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველმა ჯარისკაცებმა წარმატებული კონტრიერიში განახორციელეს, რის შემდეგაც მოწინააღმდეგეს დაკავებული პოზიციებიდან უკან დახევა მოუწია. ქართულმა ნაწილებმა სოფელი შახლი აიღეს და მტრის დევნის ოპერაცია განაგრძეს.
ფრონტიდან მოსული ცნობების პარალელურად, გაზეთი „ერთობა“ კონფლიქტთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციასაც აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში მობილიზაცია გამოცხადდა და შემოიღეს სამხედრო ცენზურა. შემოწმების გარეშე გაზეთებში იკრძალებოდა ნებისმიერი სახის სამხედრო ინფორმაციისა და ფრონტიდან მოსული ცნობების დაბეჭდვა.
5 მაისი ნომერში გამოქვეყნებულია საქართველოს სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძის მიმართვა რესპუბლიკის ჯარების მიმართ. ამონარიდი ამ მიმართვიდან: „…საქართველოს მხედარნო! თქვენ მიერ შექმნილი თქვენი საყვარელი სამშობლო დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრი შეიქმნა. აქ სწყდება დიდი ისტორიული კითხვა, შესძლებს თუ არა ცივილიზაციისა და პროგრესის ორი შავი ძალა გადალახოს საქართველო და შეკრას კავშირი თუ არა. საქართველოს ისტორიამ დიდი მსოფლიო საქმე დააკისრა. ჩვენი სახელმწიფოს ბედი და იღბალიც აი ეხლა უნდა საბოლოოთ გაიჭედოს.
მთელი მოწინავე კაცობრიობის, მთელი ევროპის დემოკრატიის თანაგრძნობა და დახმარება ჩვენს მხარეზეა. მთელი ქართველი ერი მტკიცედ სდგას თქვენ ზურგს უკან. მაშ გააათკეცეთ თქვენი ენერგია და მუშაობა. მოღალატე იუდა თუ შემოგეპაროთ თქვენს წრეში არ დაინდოთ. მჭიდროდ შეკარით თქვენი რაზმები. გასწით სამშობლოს საზღვრებზე; გალესილი ხმალი ქარქაშში ეგოს, მხოლოდ ფარი მოიმარჯვეთ, ვინაიდან თქვენ არავის ესხმით თავს და თუ მუხანათმა მტერმა მახვილით შემოგიტიოს, მაშინ მახვილითვე განგმირე იგი და გასწი წინ, თვითონ ეკვეთე, ვიდრე მტერმა არ დაიჩოქოს და ზავი არ გთხოვოს“.
8 მაისის ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაცია იუწყება, რომ იუსტიციის მინისტრმა არსენიძემ სპეციალური ცირკულარით აცნობა სასამართლოს უწყების ყველა დაწესებულებას, რომ შექმნილი საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არავითარი შუამდგომლობა სამხედრო სამსახურის გადადების თაობაზე დაკმაყოფილებული არ იქნებოდა. ყველა მოხელე, ვინც ჯარში გაწვევას ექვემდებარებოდა, ვალდებული იყო, დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო სამობილიზაციო პუნქტებში.
11 მაისს გამოქვეყნდა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს დადგენილება სამხედრო წესების შესახებ. ამ წესების მიხედვით, ის პირები, რომლებიც მობილიზაციის დროს ცხენებს გადამალავდნენ, პასუხისგებაში მიეცემოდნენ და გარდა სასჯელისა სრულიად დაკარგავდნენ ცხენებსაც. ამავე დადგენილებით მობილიზაციას ექვემდებარებოდა 35 წლამდე ასაკის ყველა ექიმი.
მობილიზაციიდან განთავისუფლებულნი იყვნენ მხოლოდ სამაზრო ერობათა თავმჯდომარეები და ქალაქის მოურავები. აგრეთვე თვითმმართველობის გამგეობათა ის პირები, რომლებიც განაგებდნენ სამხედრო და სასურსათო საქმეებს. განთავისუფლებულნი იყვნენ სამხედრო ბეგარისგან სტამბის ასოთ-ამწყობები, მილიციელები, ტყიბულის მაღაროს მუშები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ბენზინისა და ავტომობილების აღრიცხვა.
1920 წლის 8 მაისს დამტკიცდა თავდაცვის საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოში, რესპუბლიკის რკინიგზასა და ფოთის ნავსადგურში სამხედრო წესები ამოქმედდა.
მთელი ქვეყანა საომარ ყაიდაზე ეწყობოდა და ყველა ფრონტისთვის ზრუნავდა. ხალხი ფულად შემოწირულობას რიცხავდა თავდაცვის ფონდისთვის. ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისთვის მოსახლეობაში გროვდებოდა თუთუნი, სიგარეტი, ასანთი, საცვლები, წინდები, მედიკამენტები. ქუჩაში დაიდგა ყუთები, სადაც მოსახლეობას ფრონტზე გასაგზავნი გაზეთები მოჰქონდა.
15 მაისს ფრონტიდან მოსული ცნობების მიხედვით, ქართულმა ქვედანაყოფებმა წითელ ნაწილებზე წარმატებული შეტევა განახორციელეს და ხელთ იგდეს ტყვეები, მტრის 3 ტყვიამფრქვევი, საარტილერიო საწყობი, საველე სამზარეულო, აღალი და ნახირი. დააზიანეს მტრის ორი ჯავშანმანქანა.
19 მაისს კი გაზეთი „ერთობა“ სასიხარულო ამბავს ბეჭდავს, საიდანაც ჩანს, რომ ქართულმა არმიამ მტერი დაამარცხა და საბრძოლო ოპერაციამ უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. 17 მაისს ჩვენი ნაწილები ყაზახის მიმართულებით წინ მიიწევდნენ.
მოწინააღმდეგის კოლონა, რომელიც ყაზახის მხრიდან აქსტაფის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ქართულმა არტილერიამ გაფანტა და მტერმა პანიკით უკან დაიხია. წითელმა არმიამ ბრძოლის ველზე დაჭრილ-დახოცილები და მთელი აღალი დატოვა. ქართველების მხარეს გადმოვიდა მტრის რამდენიმე ჯარისკაცი, რომელიც აცხადებდნა, რომ მათ ჩვენთან ბრძოლა არ სურდათ.
გაზეთი „ერთობა“ 23 მაისს გენშტაბის კიდევ ერთ ინფორმაციას ავრცელებს. ამ ცნობის მიხედვით, წითელმა აზერბაიჯანმა საქართველოსთან დროებითი ზავი და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა ითხოვა: „21 მაისს აქსტაფის გზა-ტკეცილზე ჩვენი პარლამენტიორები შეხვდნენ ადერბაიჯანის პარლამენტიორებს. ადერბაიჯანის პარლამენტიორებმა დროებითი ზავის პირობათ დაუყენეს ჩვენს პარლამენტიორებს, ჩვენი ჯარის წითელი ხიდის აქეთ გადმოყვანა. ამ პირობის ასრულება ნიშნავს ჩვენი ჯარის უკან დახევას და მტრის ჯარებისთვის ხელსაყრელი ფაქტიური პოზიციების დათმობას. ამას გარდა, ისტორიას არ ახსოვს იმის მაგალითი, რომ დროებითი ზავის დროს, რომელიმე მხარეს თავისი ჯარები უკან წაეყვანოს. ამიტომ ადერბაიჯანის მოთხოვნა კატეგორიულად იქნა უარყოფილი“.
თვის ბოლოს კი გაზეთებში გამოჩნდა ცნობა დროებითი ზავის დადების შესახებ. ამ ზავის მიხედვით, 1920 წლის 28 მაისიდან წითელ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ყველა ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები ერთი კვირის ვადით წყდებოდა. ამ პერიოდში დაპირისპირებულ მხარეთა დელეგაციები უკვე მუდმივი ზავის დადების შესახებ დაიწყებდნენ მოლაპარაკებას.
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება
მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის საზღვრებზე წითელ არმიასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, ლენინის მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.
1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და ბოლშევიკებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ძალითაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა. ლენინის მთავრობა უარს ამბობდა იმ სუვერენულ უფლებაზე, რომელიც რუსულ იმპერიას საქართველოს მიმართ ჰქონდა. მოსკოვი საქართველოს შემადგენლობაში ცნობდა აჭარას, ზაქათალის ოლქს, აფხაზეთსა და ვალდებულებას იღებდა, არ ჩარეულიყო ქვეყნის საშინაო საქმეებში. სამაგიეროდ, რუსეთმა შეთანხმების საიდუმლო მუხლებით საქართველოში კომპარტიის ლეგალიზაციას მიაღწია. გარდა ამისა, რუსეთის მოთხოვნით, საქართველო ვალდებულებას იღებდა, არ დაეშვა მესამე ქვეყნის ჯარები თავის ტერიტორიაზე და აღეკვეთა საბჭოთა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ორგანიზაციების მოქმედება.
ეს გადაწყვეტილება ბოლშევიკებისთვის არასახარბიელო საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარებით იყო გამოწვეული. 1920 წლის მაისის დასაწყისში პოლონურმა არმიამ კიევი აიღო. კომუნისტების წინააღმდეგ კვლავ გააქტიურდა თეთრი მოძრაობა. დამარცხებული ანტონ დენიკინი ბარონმა პეტრე ვრანგელმა შეცვალა, რომელმაც დაქსაქსული თეთრი არმიის ხელახლა შეკვრა დაიწყო. დენიკინისგან განსხვავებით, ვრანგელი დასავლეთის წამყვანი ქვეყნების მხარდაჭერას თითქმის მოკლებული იყო, მაგრამ მან მაინც მოახერეხა ბოლშევიკთა შეტევის მოგერიება და ყირიმის ნახევარკუნძულის შენარჩუნება. გარდა ამისა, 1920 წლის მაისში ბათუმი ჯერ კიდევ ბრიტანელ სამხედროებს ეკავათ, ხოლო თავად ბოლშევიკები საერთაშორისო იზოლაციის გარღვევას სწორედ ბრიტანეთთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებით ცდილობდნენ.
ერთი სიტყვით, ბოლშევიკებს საქართველოსთვის ჯერ არ ეცალათ. ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი სერგო ორჯონიკიძე ბაქოს შემდეგ საქართველოს მყისიერ გასაბჭოებას კი შეეცადა, მაგრამ ნაჩქარევად დაწყებული ოპერაცია კრახით დასრულდა და წითელი არმიის ნაწილები საქართველოსთან სასაზღვრო ბრძოლაში დამარცხდნენ. ამიტომ კრემლმა უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას საქართველოში, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით შეხვდნენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ მოსკოვში საქართველოს წარმომადგენელ გრიგოლ უროტაძეს მისალოცი დეპაეშა გაუგზავნა. გაზეთი „ერთობა“ 1920 წლის 11 მაისი: „მოგილოცავთ საზავო ხელშეკრულების დადებას. გადაეცით „სოვნარკომს“, რომ ზავის ამბავს ხალხი ღრმა კმაყოფილების და აღტაცების გრძნობით შეხვდა. იმედი მაქვს, რომ დღეიდან გაჰქრება ყოველივე გაუგებრობა რუსეთსა და საქართველოს შორის და ორივე მოძმე ხალხი მშვიდობიანათ და თანხმობით იმუშავებს ცხოვრების სოციალისტურ საფუძვლებზე გარდასაქმნელად. სალამი მეგობრებს, ამხანაგებს და ნაცნობებს“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

1920 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების მეორე წლისთავს აღნიშნავდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ თადარიგი წინასწარ დაიჭირა. მთელი ქალაქი საზეიმოდ იყო მორთული. რუსთაველის გამზირზე მოეწყო სადღესასწაულო მსვლელობა. გაიმართა სამხედრო აღლუმი. დღის მეორე ნახევარში, ქალაქის გარეუბანში, ვაკის სტადიონზე მაყურებელმა იხილა სპეციალური სადღესასწაულო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ წევრები, სპორტსმენები, მოცეკვავეები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დელეგაციები.
დამოუკიდებლობის დღესასწაულის სრულ რეპორტაჟს გაზეთი „ერთობა“ 1920 წლის 28 მაისის ნომერში ბეჭდავს. რეპორტაჟი თითქმის მთელ საგაზეთო გვერდს იკავებს, ამიტომ ჩვენ ამ სტატიიდან მხოლოდ რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ: „საქართველოს დამოუკიდებლობის მეორე წლისთავი თფილისში ჩინებულად ჩატარდა, რასაც ხელს უწყობდა სხვათაშორის კარგი ამინდიც. დილის 7 საათზე საგანგებო მებუკეებმა ქალაქი დაიარეს და საყვირის ხმით ამცნეს დღესასწაული. ქალაქის ქუჩები და სახლები ბევრ ალაგას წინა დღითვე იყო მორთული-მოკაზმული და დროშები გამოფენილი, ხოლო 26 მაისს კი ქალაქმა ადრე დილითვე მიიღო უკვე სავსებით სადღესასწაულო სახე.
8 საათიდან ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან გამოჩნდნენ დღესასწაულში მონაწილე პროცესიები. ვარდ-ყვავილებით მორთული ავტომობილები, ეტლები და სხ. ამშვენებდნენ ქუჩებს.
10 საათზე სასახლეში დაიწყო მილოცვების მიღება. მილოცვებს იღებდნენ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი თავის დარბაზში და მთავრობა ყვითელ დარბაზში. დღესასწაულს მოულოცეს თფილისში მყოფ ყველა უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა. მათ შორის: ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, საბერძნეთის, პოლონეთის, უკრაინის, ლიტვის, სომხეთს და სხ. შემდეგ სტუმრები მიწვეულ იქნენ ჯარის აღლუმზე სამხედრო ტაძრის ეზოში. არსენალიდან 7-ჯერ გაისროლეს ზარბაზანი. ტაძრის გალავანში გარეშემო ჩამწკრივებული იყო თფილისის გარნიზონის სამხედრო ნაწილები. დამფუძნებელ კრების პრეზიდიუმმა, მთავრობამ, ქალაქის მოურავმა და სტუმრებმა ჯარისკაცთა რიგები ჩამოიარეს, რის შემდეგაც ეზოს შუაგულიდან მთავრობის თავმჯდომარემ მოკლე სიტყვით მიულოცა ჯარს საქართველოს დამოუკიდებლობის მეორე წლისთავი.
ვაკის სტადიონისკენ ხალხმა დილიდანვე დაიწყო სვლა. სტადიონის კალთები და გარემო ხალხითაა გაჭედილი. მთავრობა, დამფუძნებელი კრება და სტუმრები იჭერენ ადგილებს მაღლობზე. ჰაერში გამოჩნდა 3 ჰაეროპლანი, საიდანაც ფერად ქაღალდებს ყრიან. ხალხში დიდ აღტაცებას იწვევს მათი ჰაერში ნავარდი და ტაშს უკრავენ. სტადიონის ახლო-მახლო ადგილები დაფარული იყო სოფლიდან ჩარდახიან ურმით ჩამოსულ გლეხების და ქალაქელთა მიერ და ქეიფობდნენ საღამომდე. სტადიონზე გამოჩნდენ „შევარდნები“, რომელთა რიცხვი 3000-მდეა. კ. ფოცხვერიშვილის ლოტბარობით ხორომ და ორკესტრმა სამჯერ შეასრულა ეროვნული ჰიმნი.
საღამოთი დიდძალი ხალხი გამოეფინა ქუჩებში და შუაღამემდე ქუჩები სავსე იყო. ქალაქში და განაპირა უბნებში სხვადასხვა ადგილას მრავალი შუშხუნა აუშვეს, ხოლო არსენალის გორაზე და მამადავითზე ვეებერთელა კოცონი იყო გაჩაღებული“.

მიხეილ ბასილაძე