ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი _ საფრთხე თუ სარგებელი იმერეთის მოსახლეობისთვის?

26 მილიონი ევრო იხარჯება პროექტისთვის, რომლის ფარგლებშიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყება. პროექტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით და გერმანიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ახალი ნაგავსაყრელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფილი სამხედრო პოლიგონის სასროლეთ „კოხის“ ტერიტორიაზე აშენდება. მას „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ააგებს. პროექტის მიხედვით, მშენებლობა, მაქსიმუმ, 2020 წლის ზაფხულზე უნდა დასრულდეს. ნაგავსაყრელი ექსპლუატაცაში 20 წლის მანძილზე იქნება; მისი საშუალო ტევადობა კი 2.2 ტონას შეადგენს.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში სულ 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელია. 2013 წლამდე თითქმის ყველა ნაგავსაყრელი არაორგანიზებულად, გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუთვალისწინებლად ფუნქციონირებდა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მუნიციპალური ნაგავსაყრელები რეგიონული ნაგავსაყრელებით უნდა ჩანაცვლდეს. ქვეყანაში სულ 8 რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა განთავსდეს. მათ შორის, პირველი განთავსდება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თერჯოლის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოგნარში. ნარჩენების მართვის ახალი ინტეგრირებული სისტემის ბენეფიციარი 16 მუნიციპალიტეტის 700 000 მოქალაქე იქნება. აქამდე ქუთაისში, წყალტუბოში, ბაღდათსა და მათ შემოგარენში შეგროვილი ნარჩენები ქალაქის მახლობლად, ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელზე თავსდებოდა. პოლიგონი ექსპლუატაციაში 1956 წელს შევიდა. კვლევისას აღმოჩნდა, რომ იგი არანაირ სანიტარიულ და ეკოლოგიურ ნორმას არ აკმაყოფილებდა, უარყოფითად ზემოქმედებდა როგორც გარემოზე, ასევე ადამიანების ჯანმრთელობაზე. ლოკალური, ეკოლოგიური საფრთხის შემცველი ნაგავსაყრელები არსებობდა იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. პროექტი „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემა“, რომელსაც „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს, ახალი ნაგავსაყრელის აგებისთანავე ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას ითვალისწინებს.
რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობას უკვე წლებია, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ სოფელ ჭოგნართან შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა ბოლო წლებში ჭოგნარშიც და ქუთაისშიც, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან არაერთხელ გააპროტესტეს. პროტესტის მთავარი მიზეზი ნაგავსაყრელის გარემოზე ზემოქმედების შიშია. მომავალი რეგიონული ნაგავსაყრელის ტერიტორიის მახლობლად მცხოვრები მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან, რომ მათი შიში გარემოს დაბინძურების გამო მთავრობამ არ გაითვალისწინა.
„ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერსა და წყალს, მეტს არაფერს. გარემოს დაცვის დასკვნა არასწორადაა შედგენილი. დასკვნაში წერია, რომ ადგილობრივ წყლებში თევზები არ ბინადრობენ. სინამდვილეში, იმ ტერიტორიაზე გამავალ წყალში, სადაც ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს, თევზები ქვირითობენ“, _ განაცხადა „ქრონიკა+“-თან საუბრისას თერჯოლის მკვიდრმა, გიორგი ჩიხლაძემ.
მოსახლეობასთან ერთად ნაგავსაყრელის მშენებლობა რამდენჯერმე ქუთაისელმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამაც გააპროტესტა.
მოსახლეობის აზრით, ნაგავსაყრელიდან ნაჟური წყლები სასმელ წყალს შეერევა, რაც ადგილობრივების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ჭოგნარელები აცხადებენ, რომ ადგილზე ბევრი კარსტული წყაროა. წყაროებს მოსახლეობა სასმელი წყლის მოსაპოვებლად იყენებს. სწორედ ამ წყლების დაბინძურების ეშინიათ ადგილობრივებს. გარდა ამისა, მათი აზრით, ადგილიდან ნარჩენებს ქარი გადაიტანს და სოფლები დაბინძურდება.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი _ ადგილს, სადაც ნაგავსაყრელი უნდა მოეწყოს, მოსახლეობა ამჟამად საძოვრებისთვის იყენებს. მათი აზრით, საქონელს ნაგავსაყრელის მოწყობის შემდეგ საძოვარი ტერიტორია შეუმცირდება. გარდა ამისა, თუკი შინაური ცხოველები ამ ადგილთან ახლოს იბალახებენ, საკმაოდ დიდი იქნება რისკი სხვადასხვა დაავადების გავრცელებისა.
„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ინფორმაციით, მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა. ჯერ ერთი: არსებობს გარემოზე ზემოქმედების დასკვნა. მეორე: თუკი ნასგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაჩნდება თუნდაც მცირე რისკი იმისა, რომ ტერიტორია ზიანს მიაყენებს ბუნებას ან ადამიანებს, ობიექტი დაიხურება. იმერეთის მუნიციპალიტეტებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, 5 ნაგავსაყრელი დაიხურა. თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ მოწყობილ კიდევ 7 ნაგავსაყრელს ექსპლოატაციის ვადა უკვე გაუვიდა და ამ პოლიგონებზე ნარჩენის განთავსება ძველი მეთოდით ხდება. ახალი, რეგიონული ნაგავსაყრელის გახსნიდან, დაახლოებით, ერთ წელიწადში ძველი ნაგავსაყრელები დაიხურება და ტერიტორიები გამწვანდება.
თერჯოლის გამგეობაში „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ რამდენჯერმე მოაწყო პროექტის საჯარო განხილვა. 2017 წელს მოეწყო ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში. განხილვას ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა. ადგილობრივებს ხვდებოდნენ და ამ თემაზე ესაუბრებოდნენ „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ თანამშრომლები, კომპანიის ხელმძღვანელი, მინისტრები, ეკოლოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია _ მათ სურთ, რომ თერჯოლაში რეგიონული ნაგავსაყრელი არ მოეწყოს.

შეიცავს თუ არა საფრთხეებს ახალი ნაგავსაყრელი და რას უნდა ველოდოთ მისი მოწყობის შემდეგ?

პროექტის მიხედვით, ახალ რეგიონულ ნაგავსაყრელზე ნაჟური და ზედაპირული წყლების შეგროვების აუზები განთავსდება, სადაც დაბინძურებული წყლები გაიწმინდება. შესაბამისად, ნაგავსაყრელიდან გაჟონილი წყლები მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურებას ვერ გამოიწვევს. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას _ ნარჩენები სპეციალური წესით დამუშავდება, რის შედეგადაც მაქსიმალურად დაბალი იქნება დაბინძურების დონე. ნარჩენები დაიპრესება, დაიფარება ნიადაგით, ნაგავსაყრელი კი სპეციალური ქარსაწინააღმდეგო ბადით შემოიზღუდება. მიწისქვეშა (და ჩამდინარე) წყლების დასაცავად ნაგავსაყრელის ფსკერზე დატანილი იქნება თიხის ფენა და სქელი, სპეციალური პლასტმასი, რომელიც წყალს შეაკავებს. წყალი დაგროვდება დრენაჟის მეშვეობით და შემდეგ გაიწმინდება. ქარის მიერ მონაქროლი ნარჩენებისა და ცუდი სუნისგან დასაცავად, ნაგავსაყრელზე ნარჩენები განთავსდება „შევსების სქემის“ მიხედვით, რაც ნარჩენების მიწით რეგულარულ გადაფარვას ითვლისწინებს. ეს ასევე ხელს შეუწყობს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე პარაზიტი მწერების შემცირებას.
როგორც შესავალში გითხარით, ნაგავსაყრელი ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე შენდება. წლების წინათ აღნიშნულ ადგილზე საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა, რის შედეგადაც ირგვლივ აუფეთქებელი საბრძოლო მასალა მიმოიფანტა. ამას გარდა, თავის დროზე, ტერიტორია ნაღმების ზოლით იყო დაცული. ნაგავსაყრელის მშენებლობის დასაწყისში ორგანიზაცია Halo Trust-მა ადგილი საბრძოლო მასალისაგან სრულად გაწმინდა.
გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მიხედვით, ნაგავსაყრელის მშენებლობისას მცენარეთა მცირე რაოდენობის განადგურება უმნიშვნელოდ იმოქმედებს ადგილობრივ ეკოლოგიაზე, ასევე კვლევის თანახმად, საძოვრებისთვის არსებული ადგილების დაკარგვა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს დიდად არ შეამცირებს. ტერიტორიაზე საძოვრების მოსაწყობად უამრავი ალტერნატიული ადგილია. ნაგავსაყრელის მშენებლობის დროს და ამუშავების შემდეგ გაჩნდება ბევრი სამუშაო ადგილი, რაც დაასაქმებს როგორც თერჯოლის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობას. უკვე არსებული ნაგავსაყრელების, მათ შორის, ნიკეას შემგროვებელი პუნქტის დახურვის შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები შემცირდება. გარემოს ზემოქმედების შესწავლის დოკუმენტში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ ნაგავსაყრელისთვის საჭირო ტერიტორია საბრძოლო მასალისგან სრულად გაიწმინდა. ადგილზე ძველი ნაღმების არსებობის გამო ხშირი იყო შინაური ცხოველებისა და ადამიანების დაშავების ფაქტები. ახლა ეს საფრთხე თერჯოლის მოსახლეობას აღარ ემუქრება.
მიუხედავად არსებული დასკვნებისა, ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია უცვლელია _ მას არ სჯერა დოკუმენტების ობიექტურობის და სურს, რომ ხელისუფლებამ ნაგავსაყრელის მოსაწყობად ტერიტორია სხვა მუნიციპალიტეტში გამოძებნოს.

შორენა ლაღაძე