თორნიკე შარაშენიძე: „ოცნებაში“ სამოსნები და ოროსნები არიან, მათ ვერაფერს მიაღწიეს“

„ქართული ოცნება“ უფრო და უფრო სუსტდება, ახლა უკვე გუნდის მოქმედი და ყოფილი წევრები უპირისპირდებიან ერთმანეთს. საკანონმდებლო ორგანო გარჩევების მთავარ ლოკაციად აქციეს. ამ პროცესების პარალელურად ოპოზიცია გაძლიერებას ცდილობს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს. ქვეყანა კი კვლავ ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის იხლიჩება.

როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესები? რამდენად ლოგიკურად მოქმედებს ოპოზიციური სპექტრი? რა განსხვავებაა ორ მთავარ პოლიტიკურ ლიდერს შორის? გაგრძელდება თუ „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა:

_ მას შემდეგ, რაც მმართველ გუნდში დაპირისპირება გამწვავდა, გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი იყოს, რომ ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკუთარ ოპოზიციას ქმნის. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და როგორ აფასებთ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს?
_ არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას! ბიძინა ივანიშვილი ყოვლისშემძლე არ არის და არც ყველაფერია მართული. მათ შორის, „ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესებიც არ არის მართული. მმართველ გუნდში, ძირითადად, ჩვეულებრივი რღვევაა სხვადასხვა მიზეზით. ხალხი გარბის, ზოგი იმიტომ, რომ სინდისი აღმოაჩნდა და წითელი ხაზები ვერ გადაკვეთა, ზოგი კი განაწყენებულია. ამ შემთხვევაში ძირითად ნაწილს ვგულისხმობ, თუმცა ერთი-ორი ისეთი არის, რომელიც რეალურად არსად წასულა. მათ იმედი აქვთ, რომ გაისად საპარლამენტო არჩევნებზე ცალკე გავლენ და შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“, ბიძინასთან შეკრავენ კოალიციას.
_ მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების პარალელურად, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია _ ეს აზრი აქტიურად ისმის საზოგადოების დიდ ნაწილში. თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად დგას ოპოზიციური სპექტრი მოწოდების სიმაღლეზე?
_ ოპოზიციას რამდენიმე პრობლემა აქვს, _ პირველი: ეს არის ფულის ნაკლებობა. საქართველოში ბიზნესი მკაცრად კონტროლდება და, შესაბამისად, იგი ვერ ბედავს ოპოზიციის დაფინანსებას. ეს არის ჩვეულებრივი რუსული მოდელი, აქ რეალურად განსაკუთრებული არაფერია. ეს მოდელი, სწორედაც, რუსეთიდანაა გადმოღებული; მეორე: ოპოზიციის მთავარი ძალა „ნაციონალური მოძრაობაა“ და მისი ლიდერები ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია, შესაბამისად, კარგად ვერ ფუნქციონირებს, რაც ფაქტია. იმ სიტუაციაში, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა, კიდევ კარგ ფორმაშია. არ შეიძლება ოპოზიციისა და მთავრობის შედარება, რადგან მთავრობას ყველაფერი აქვს, ოპოზიციას _ არაფერი. ოპოზიცია ვერ იქნება ჯეროვნად. მაგალითად, დავით კირკიტაძე, რომელიც რეგიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ორგანიზატორი იყო, ციხეში ჩასვეს. ის ადამიანები, რომლებიც, თავის დროზე, 24-საათიან რეჟიმში „ნაციონალური მოძრაობის“ აპარატს მართავდნენ ან ციხეში არიან, ან _ ქვეყნიდან გაქცეულები. ამ პირობებში კი როგორ უნდა იმუშაონ ეფექტიანად?! ახალი კადრები რომ მოიზიდონ, ამაშიც ორი რამ უშლის ხელს: ერთი ჩაკეტილობა, რაც დღემდე მოსდგამთ და მეორე უფრო მნიშვნელოვანი _ უფულობა.
_ რამდენად ლოგიკური გგონიათ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯი, რომ მათ პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს? რამდენად დადებითად ან უარყოფითად იმოქმედებს ეს ფაქტორი ამ პოლიტიკურ პარტიაზე?
_ ეს პოლიტიკური ნაბიჯი სწორი იყო იმ მხრივ, რომ გრიგოლ ვაშაძე, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგია, რადგან არ არის დაკავშირებული იმ ნეგატივთან, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. მეორე მხრივ, ნეიტრალურ ამომრჩეველს, რომლის მოზიდვაც სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, უფრო ვაშაძე მოსწონს და არა _ მიხეილ სააკაშვილი. აქედან გამომდინარე, ამ მხრივ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა მოხდება ამის შემდეგ, რამდენად გაძლიერდება „ნაციონალური მოძრაობის“ აპარატი, ანუ როგორც ორგანიზაცია რამდენად შეძლებს გაძლიერებას. რეალურად, ამ პარტიას ძლიერი მენეჯერები სჭირდება. სწორედ ამ მხრივ უფრო აქვთ პრობლემა.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძლიერი მენეჯერები სჭირდება. გრიგოლ ვაშაძეს მოიაზრებთ ისეთ მენეჯერად, რომელსაც პარტიის გაძლიერების უნარი აქვს?
_ გრიგოლ ვაშაძე ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მაგრამ მისი ძლიერი მხარე უფრო საგარეო მიმართულებებით და ხალხთან მუშაობისას გამოიხატება, ყოველდღიურ მენეჯმენტში კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიღაც სხვა სჭირდება. ამ მიმართულებით მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის რესურსები არ იქნება საკმარისი. რეალურად, ამ პოლიტიკურ პარტიას ძლიერი ფიგურები სჭირდება, ამ მხრივ პრობლემები აქვთ. მერაბიშვილი, კირკიტაძე ციხეში არიან, გაქცეულია ადეიშვილი, ეს ყველაფერი კი პრობლემას ქმნის პარტიის ყოველდღიურ მუშაობაში.
_ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილის აქტიურობასთან დაკავშირებით გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ფაქტორი ხელს უშლიდა გაერთიანებულ ოპოზიციას ნეიტრალური ამომრჩევლის მოზიდვაში. ის ფაქტი, რომ პარტიის თავმჯდომარედ ვაშაძე აირჩიეს, ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ მაშინდელი ეს ფაქტორი გაითვალისწინეს? რამდენად აუცილებელია, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან დისტანცირდეს სწორედ იმიტომ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნეიტრალური ამომრჩეველი მიიზიდოს?
_ მგონია, რომ თავად სააკაშვილი მიხვდა ამას და კარგად გაიაზრა. შარშან საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მან, პრინციპში, თავისი აქტიურობით უფრო დააზარალა გრიგოლ ვაშაძე იმიტომ, რომ მეორე ტურის წინ ნეიტრალური ამომრჩეველი ამის გამო, გარკვეულწილად, შემოეცალა გაერთიანებულ ოპოზიციას. რაც შეეხება ვაშაძის თავმჯდომარედ არჩევას, ფაქტია, რომ ეს სააკაშვილის გარეშე არ მოხდებოდა.
_ ოპოზიციაზე საუბრისას „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანების საკითხიც განვიხილოთ. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდ ნაწილში გაურკვევლობა მოყვა, რადგან, თავის დროზე, შალვა შავგულიძე სანდრო გირგვლიანის ადვოკატი იყო, ეს მაშინ, როცა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ხელისუფლებაში იყვნენ. რამდენად გამართლებული და მომგებიანი გგონიათ ამ ორი პარტიის გაერთიანება და რა შანსები აქვთ მათ ერთად?
_ მგონია, რომ შუალედურ არჩევნებზე მათ მთაწმინდაზე მოგება ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ რაც შეეხება გაერთიანებას, ეს ლოგიკური გადაწყვეტილება იყო იქიდან გამომდინარე, რომ ორივე პარტია „შუაშისტების“ ხმებზე მუშაობს. რაც შეეხება გირგვლიანის თემას, ამ თემის გამო „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანების ეჭვქვეშ დაყენება არ იქნება მთლად სწორი. ეს ამ შემთხვევაში არ არის არსებითად მნიშვნელოვანი საკითხი, ვის უნდა დაადონ „ევროპულ საქართველოში“ ხელი, ვინ იყო უშუალოდ ჩართული?! _ რა თქმა უნდა, უშუალოდ ჩართული არავინ ყოფილა. ვინც წინა მთავრობაში მუშაობდა, რაღაც დონეზე ყველას მიუძღვის „წვლილი“ ამ საქმეში, მაგრამ სწორედ იმ მთავრობაში, ბოლოს და ბოლოს, ალასანიაც კი მუშაობდა ელჩად. აქედან გამომდინარე, ასე არ შეიძლება მივუდგეთ ამ საკითხს.
_ ოპოზიციური სპექტრის სამზადისის პარალელურად კი სულ უფრო და უფრო მართლდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ მესამე ძალა მითია. როგორ გგონიათ, გამოჩნდება თუ არა ისეთი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მთავარი სიმძიმის ცენტრი იქნება და გადამწყვეტ როლს შეასრულებს?
_ ასე მალე ვერანაირი მესამე ძალა ვერ გამოჩნდება. დრო საკმარისია არჩევნებამდე, მაგრამ ამას სჭირდება, როგორც იდეური გაერთიანება, ასევე საკმაო ფული. ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ მეორე ფაქტორში ვხედავ. ნებისმიერ ძალას სჭირდება ფული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დავინახეთ, რომ ფული გადამწყვეტია. დღევანდელი გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, ასეა, _ ახლაც რომ ჩატარდეს არჩევნები, მგონია, გადამწყვეტ როლს ისევ ფულის ფაქტორი შეასრულებს. თან ოპოზიცია დასუსტებულია, სხვა თუ არაფერი, დაჭერებით დასუსტდა. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფული გაცილებით უკეთესად მუშაობს, როცა ამომრჩეველი დაღლილი და იმედგაცრუებულია. ასეთ დროს ამომრჩევლებს ეკარგებათ რწმენა, რომ არჩევნებით შესაძლებელია, რამე შეცვალონ. შარშან რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა, სწორედ ეს იყო, რომ ამომრჩეველმა რაც არ უნდა იაქტიუროს, მთავრობა მაინც თავისას გაიტანს, ბიძინა მაინც იყიდის არჩევნებს. ეს განწყობა, მმართველმა გუნდმა შექმნა. სანამ მსგავსი განწყობა არ გაქრება, მანამდე, პრინციპში, „ქართული ოცნება“ უკონკურენტოა. ხალხმა უნდა ირწმუნოს, რომ არჩევნებით შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლა. თუ ნიჰილიზმის განცდა არ გაქრა, ხელისუფლება ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნება, რადგან მმართველი გუნდი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებას მარტივად შეძლებს, ასევე დააშინებს ოპოზიციის ამომრჩეველს _ ამას როგორ მშვენივრადაც აკეთებენ, უკვე დაგვანახეს. ამასთანავე არ დავივიწყოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც პროტესტი აქვს არსებული მდგომარეობის მიმართ, ქვეყნის გარეთაა, შესაბამისად, საპროტესტო მუხტი ამ მიზეზითაც შემცირებულია.
_ მაშინ ასე გკითხავთ, _ რა უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ მმართველი გუნდის ფულადი რესურსი არჩევნებზე გადამწყვეტი არ აღმოჩნდეს?
_ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი: პირველ რიგში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რებრენდინგი უნდა გააგრძელოს, მათ უნდა აღიარონ წარსულის შეცდომები და ამით უფრო მოიპოვებენ ნეიტრალური ამომრჩევლის მხარდაჭერას. ასევე უნდა გაგრძელდეს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და შეიქმნას ერთიანი ფრონტი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს არ უნდა შეეშინდეს. რეალურად, ამომრჩევლის მთავარი პრობლემა შიშია. მეოთხე ფაქტორი, რაც თავისთავად მოხდება, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ გაისად უფრო დასუსტდება. „ოცნების“ მართვა ახლა ისეთ გამოუცდელ და ოდიოზურ ფიგურებს აქვთ ჩაბარებული, რომ შეუძლებელია, მისი რეიტინგის დაცემა არ გაგრძელდეს.
_ იმისთვის, რომ „ოცნებამ“ ფულადი რესურსით ვერ მოიპოვს უპირატესობა, ერთ-ერთ ფაქტორად დაასახელეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან შეცდომების აღიარება, რასაც უკვე წლებია, ისედაც ვისმენთ. მიუხედავად ამისა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, გარკვეულწილად, იმუშავა მესიჯმა „არა ნაცებს, არა ბოროტებას“. აქედან გამომდინარე, 2020-შიც შესაძლოა, ამან იმუშაოს და „ნაციონალებს“ შეცდომების აღიარებამ ვერ უშველოს?
_ ეს მესიჯი, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა იკლებს და თავის ძალას კარგავს, მაგრამ, მეორე მხრივ, რიცხრობრივად, რამდენიც არ უნდა მოიპოვონ მენტალური ამომრჩევლის ხმა, უფრო აქტიურად უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ წარსულის შეცდომებს აღარ დაუშვებენ. ამ მესიჯით გაუჭირდება „ოცნებას“ ანტინაცების ხმების შეკრება, თუმცა, მეორე მხრივ, „ნაციონალებს“ ხომ უნდა ამომრჩევლის გაზრდა, მათ ნეიტრალური ხმები სჭირდებათ, ამიტომაც ხშირად უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ შეცდომები გაიაზრეს.
_ დღეს რომ პოლიტიკა ორპოლუსიანია, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, ამავდროულად, ორი მთავარი, უპირობო ლიდერი ჩანს პოლიტიკურ არენაზე, _ ივანიშვილი და სააკაშვილი. დღესდღეობით რა მთავარი განსხვავებაა მათ შორის?
_ 2012 წელს ხალხი გაერთიანდა არა ივანიშვილის გარშემო, არამედ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. საქართველოში პოლიტიკურ ფაქტორი იყო და კვლავ რჩება მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ, რომ, რეალურად, ის გაძლიერებულია, მას არ აქვს ბევრი ფული, თუმცა მაინც რჩება პოლიტიკურ ფაქტორად. ივანიშვილს ფული რომ არ ჰქონდეს, რეალურად, არანაირი ფაქტორი არ იქნება პოლიტიკაში. მთავარი პოლიტიკური ფიგურა, ხაზს ვუსვამ, პოლიტიკოსი, მაინც არის სააკაშვილი. დღესდღეობით ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანება ბევრს უნდა, თუმცა ფაქტორად რჩება სააკაშვილი. ახლა, როცა საუბარი მიდის იმაზე, რომ ბიძინა აუცილებლად უნდა გაუშვან პოლიტიკიდან, „მაგრამის“ შემდეგ ყოველთვის ჩნდება კითხვა: „მიშა უნდა დაბრუნდეს?“ _ ანუ მიშა რჩება, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ფაქტორად, სწორედ ამას ვგულისხმობ.
_ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას აღნიშნეთ, იგი რომ საკადრო განახლებას საჭიროებს. ამასობაში „ოცნებამ“ დაასწრო „ნაციონალებს“ და ახალი სახეების ძებნა დაიწყო. როგორ ფიქრობთ, გაიაზრეს, რომ განახლება საჭიროა თუ ივანიშვილის აზრების მორიგ გამჟღერებლებს ეძებენ?
_ უფრო მეორე მგონია იმიტომ, რომ როგორც ვხედავთ, თავისუფლად მოაზროვნე, დამოუკიდებელ ფიგურებს „ქართულ ოცნებაში“ მუშაობა უჭირთ. მით უმეტეს, ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია, რომ „ოცნებაში“ დამოუკიდებელი, წარმატებული ადამიანი მივიდეს.
_ „ქართული ოცნება“ 2012 წელს და 2019 წელს, _ პარალელი რომ გავავლოთ, როგორ შეიცვალა ამ პოლიტიკური პარტიის მდგომარეობა?
_ არასდროს მქონია „ქართულ ოცნებაზე“ ილუზიები, რადგან ვინც მაშინ ხელისუფლებაში მოვიდა, მათ შორის, ძალიან ბევრს ვიცნობდი და შესაბამისად ვიცოდი, რომ ისინი, ძირითადად, სამოსნები და ოროსნები იყვნენ. მათ რისთვის უნდა მიეღწიათ?! ვერც ვერაფერს მიაღწიეს და ეს გასაგებიც არის. ახლა, რასაც ვუყურებ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ძირითადად, სულ სამოსნები და ოროსნები არიან. ერთი-ორი ოთხოსანი ჰყავთ.
_ ვის გულისხმობთ ოთხოსნებში?
_ მაგალითად, დავით სერგეენკოზე შეიძლება ვთქვათ, რომ ოთხოსანია.

ნენე ინჯგია