მთავარი ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილი: „ხელისუფლებამ ყველაფერი დაკარგა და „ტრუსიკის“ ამარა მარტო დგას!“

ლევან ხაბეიშვილი: „ხელისუფლებამ ყველაფერი დაკარგა და „ტრუსიკის“ ამარა მარტო დგას!“

498
0
გაზიარება

გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავი ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია გახლდათ _ ტაქსისტებმა ის რეგულაციები გააპროტესტეს, რომელსაც თბილისის მერია ამ სფეროში ამკვიდრებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თავს სწორედ ამ საქმიანობით ირჩენს, არ არის გამორიცხული, რომ „ოცნებამ“ „ტაქსისტების რევოლუცია“ მიიღოს. სხვათა შორის, ასეთი შინაარსის, ასე ვთქვათ, მოწოდება ზემოხსენებულ აქციაზეც გაისმა.

ვინაიდან თემა აქტუალურია, „ქრონიკა+“-მა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრთან, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან საუბარი აღნიშნული საკითხით დაიწყო:

_ლევან , ბოლო დროს მოვლენები ისე ელვისებურად ვითარდება, რომ არც ვიცი, საუბარი საიდან დავიწყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ თბილისში ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა. ამიტომ, ლევან, როგორ ფიქრობთ, ე. წ. ტაქსისტების რევოლუციას ხომ არ უნდა ველოდოთ?
_ ამ სიტყვაზე ხელისუფლებას აკანკალებს ხოლმე და იმედია, ჩემს თავს არ დააჭერინებთ. ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით გეუბნებით.
რაც შეეხება იმ რეფორმას, რომელსაც ტაქსებთან დაკავშირებით ატარებენ, ფაქტია: ეს მავნებლობაა.
_ მავნებლობა რატომ არის?
_ ჯერ ერთი, ადამიანებს რაღაც ფარატინა ფურცელში ასი ლარი გადაახდევინეს, ეს უსაფრთხოების ინდექსს ეხება, რათა ტაქსი უფრო სუფთა გახდესო, მაგრამ ჯერ არავის არაფერი შეუმოწმებია. ერთადერთი, რაც გააკეთეს, ის არის, რომ ტაქსისტებს დამატებითი გადასახადი დაუწესეს.
მეორეც, ტაქსებისთვის რაღაც უაზრო ფერი შემოიღეს. თბილისის მერმა სანაგვეები ხომ მილანიდან შემოიტანა, განათებაც მილანიდან ჩამოიტანა და ახლა ტაქსის ფერიც მილანიდან შემოაქვს.
საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ თეთრი ტაქსები მილანშია. ჰოდა, კალაძემაც თქვა, თბილისშიც თეთრმა ტაქსებმა უნდა იაროსო. აი, ხელმწიფე რომ რაღაცას გადაწყვეტს, ისე გადაწყვიტა. არადა, მწვანე ან ლურჯი ბინძურია თუ რა ხდება? ყველა ტაქსი, მაინცდამაინც, თეთრი რატომ უნდა იყოს?
ჩვენ ისეთი პირობები არ გვაქვს, რომ მთავარი პრობლემა ტაქსის ფერი იყოს. ამ ქვეყანაში უფრო მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემებია.
_ ამდენი პრობლემის ფონზე ტაქსების ფერზე ჩაციკვლა, თქვენ აზრით, რა მიზანს ემსახურება?
_ ხელისუფლებას მარტივი მიზანი აქვს _ ფული.
_ ანუ?
_ თუ მძღოლი ავტომანქანას თეთრად არ შეღებავს, მარტო გამოძახებაზე იმუშავებს, ანუ ტრაფარეტს ვერ გამოიყენებს და ქუჩაში გამვლელს ვერ აიყვანს.
აქ ორი ამბავია: თეთრი ფერის ტაქსებით სათავისო ბიზნესს მოიწყობენ. ამასთან, თბილისში რამდენიმე კომპანია იქნება, მაგალითად, რუსული „იანდექსი“, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ნაწილად არ აღიარებს. მოკლედ, საბოლოო ჯამში, უცებ მონოპოლია „გაიჩითება“. მთავარი ამოცანაც ეს არის, თორემ იმ მძღოლებს, რომლებიც მანქანებს თეთრად არ გადაღებავენ, კი არ ეუბნებიან, მგზავრი არ აიყვანოთო.
_ ე. ი., ხელისუფლების კონკრეტული ჯგუფი ტაქსების ბიზნესით ფულის შოვნას აპირებს?
_ რა თქმა უნდა. აბა, თქვენ, რა, გგონიათ, რომ კალაძის მთავარი პრობლემა ტაქსების ფერია?
სხვათა შორის, რამდენი ადამიანი ვიცით, რომელიც 300-400 ლარზე მუშაობს, ვთქვათ, დაცვაში და საღამოს რამდენიმე საათით ტაქსაობს. ეს ადამიანები ავტომობილებს როგორ გადაღებავენ? _ ხვალ მანქანის გაყიდვა რომ მოუნდეთ, რა ქნან ან სამსახურში როგორ იარონ?
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ლევან, მოდით, შევთანხმდეთ, რომ ტაქსების ე. წ. ბიზნესი მოსაწესრიგებელია.
_ დიახ, მოსაწესრიგებელია, მაგრამ იმ მიმართულებით კი არა, რომ რაღაც გადასახადები დააწესონ.
ამას გარდა, მთავრობამ ეკონომიკა მოაწესრიგა და მარტო ტაქსებიღა დარჩა მოუწესრიგებელი? მთავრობამ ჯერ ის გააკეთოს, რაც მისი ფუნქციაა და მოქალაქეებს რაღაცები მერე მოსთხოვოს!
ხალხს „ტეხასმოტრებს“ რომ სთხოვს, რა, ავტობუსები არ ბოლავს და ხრჩოლავს? იმ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკაშიც 15%-იანი ზრდაა, ადამიანებს შეიძლება, მოსთხოვო, ასე ნუ დადიხარ და სხვანაირად იარეო?! მაგრამ როცა ხელისუფლება თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ადამიანები უკიდურეს მდგომარეობაში არიან, ამ დროს დამატებითი გადასახადების შემოღება ნორმალურია?
ტაქსებს რომ დასდევენ, რა, მეტროთი უსაფრთხოდ დავდივართ? _ აგერ, ვნახეთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ ხიდი ლამის ჩანგრეულია, მაგრამ კაციშვილი არ აკითხავს.
ბოლოს და ბოლოს, მეტროში თავზე ჭერი დაგვეცა, თან ეს ჭერი მერიის გაკეთებული იყო და ხალხი ძლივს გადარჩა…
ამ შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მარტო ერთი რამე გაიგო: იგი საგადასახადო ინსპექციაა და ხალხისგან გადასახადები უნდა ამოიღოსო.
თქვენ, როგორც ჟურნალისტმა, აბა, მითხარით, ამ შვიდი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ რა დოვლათი შექმნა?
_ ერთი წუთით მაცალეთ, დავფიქრდები და გეტყვით.
_ ვერ მეტყვით, რადგან დოვლათი არ შეუქმნია. სამაგიეროდ, გეტყვით, რამდენი გადასახადი გაზარდა, მათ შორის, აქციზის გადასახადი, რის გამოც სიგარეტის ფასმა მოიმატა. ასევე გაძვირდა საწვავი, გაიზარდა კომუნალურებიც. აგერ, საპენსიო რეფორმა დაარქვეს და ამით ახალი გადასახადი მოიგონეს, ანუ ხელისუფლება იმაზე არ ფიქრობს, რომ დოვლათი შექმნას.
თუ ქვეყანაში დოვლათი იქმნება, ეკონომიკა წინ მიდის და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ხელფასი 100%-ით მეზრდება, შეიძლება, გადასახადებმაც მოიმატოს, მაგრამ გადასახადები 100%-ით იზრდებდეს, შემოსავალი კი იგივე რჩებოდეს, ეს ნორმალური არ არის!
_ ხელისუფლება ყველაფერ ამაზე რატომ მიდის? ნუთუ ვერ ხვდება, რომ ხალხის ნდობას კარგავს?
_ ხელისუფლება ამაზე ერთადერთი რამის გამო მიდის _ სახელმწიფოებრივი არაფერი გააჩნია და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ მეტი ფული გააკეთოს.
_ ანუ „ოცნება“ მოსწრებაზეა?
_ რატომაც არა?! მას მერე, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, მოსწრებაზეა!
ეს ხალხი მხოლოდ ფულის გამოა მოსული, თორემ ხვალ მათი ნახევარის სახელსა და გვარს დედამიწის ზურგზე ვერავინ გაიხსენებს! ამდენი პრემიერი და მინისტრი გამოვიცვალეთ, მაგრამ უმეტესობა არც გვახსოვს იმიტომ, რომ არაფერი შეუქმნია, გარდა იმისა, რომ პირადი კეთილდღეობა მოიწყო და ბიუჯეტი ასობით მილიონით გაძარცვა!
ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ, უკავშირდება ფულს და ადამიანების მეტად გაძარცვას! ამის არაერთი შემთხვევა ვიცით, მათ შორის, კორუფციული გარიგებების, თუმცა ახლა დეტალებში აღარ წავალ _ ხალხმა ისედაც ყველაფერი იცის.
ამათ ფული აინტერსებთ და შვიდი წელი ხელისუფლებაში ამიტომ არიან! რა, სიკეთე მოიტანეს და ქალაქი ააშენეს თუ რამე ისეთი ინოვაციური რეფორმები გაატარეს, რომელიც მოქალაქეებზე კარგად აისახა? _ რა თქმა უნდა, არა!
თუ ვინმეზე რამე კარგად აისახა, ისევ ხელისუფლებაზე _ თვითონ ცხოვრობენ ბედნიერად!
_ ასეა თუ ისე, საზოგადოება ყველაფერ ამას ეგუება. კი ბატონო, იგივე საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება, მოსყიდვაც იყო და დაშინებაც, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომლებმაც „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს უანგაროდ და გულწრფელად მისცეს ხმა.
_ უკაცრავად, მაგრამ მილიონამდე ხმა ოპოზიციას აქამდე არასოდეს აუღია. ისიც ვნახეთ, ადამიანების ნაწილმა „ოცნებას“ ხმა როგორ მისცა: ზოგს კარტოფილი უყიდეს, ზოგს ფული დაურიგეს და ზოგიც დააშინეს.
აი, სადამდე მივდივართ: რომ იპარავენ და ქვეყანას ძარცვავენ, ხალხი გაჭირვებულია, გაჭირვებული ადამიანის ყიდვა კი უფრო იაფი ღირს! როცა ადამიანს შია, ერთი ნაჭერი პური რომ მიაწოდო, მადლობას გეტყვის _ იმ ერთ ნაჭერ პურს შეჭამს და დაკმაყოფილდება, მაგრამ თუ ადამიანს პურიც აქვს და წყალიც, მერე უკვე სხვა რამეს მოგთხოვს, ანუ რაც უფრო შემოსავლიანია, იმ ადამიანის ყიდვა უფრო რთულია. შესაბამისად, ამათი ამოცანაა, რომ მეტად გაღარიბდნენ მოქალაქეები, რადგან უფრო იოლად იყიდონ და შეაშინონ, თორემ ეკონომიკურად მოძლიერებული, ნასვამი და ნაჭამი, ევროპასა და მსოფლიოში გასული ადამიანის მოსყიდვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია!
_ ამ ფონზე ოპოზიციას რისი იმედი აქვს? მართალია, პირადად თქვენ ძალიან აქტიურობთ და ეს სააკაშვილმაც აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო ყრილობაზე, მაგრამ გულწრფელები ვიყოთ და ვთქვათ, რომ „ანტიოცნებური“ ფლანგი, მაინცდამაინც, ძლიერი არ არის.
_ ჩვენი ხალხის ნდობა ნამდვილად გვაქვს და ეს ხალხი თავის სათქმელს ერთხელ აუცილებლად იტყვის! თვალს ხომ ვადევნებთ და იგივე 2013-დან 2018 წლის ჩათვლით ოპოზიციის, ანუ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერა, პრაქტიკულად, ორჯერ გაიზარდა.
დარწმუნებული ვარ, მოქალაქეების ღირსეული ნაწილი მომავალშიც ძალიან ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ის კი არ არის მთავარი, ხელისუფლებაში რომელი პარტია ან რომელი გაერთიანება მოვა.
_ აბა, მთავარი რა არის?
_ ჩვენ ხვალინდელი დღისთვის და ქვეყნისთვის პერსპექტივის დაბრუნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თორემ ამ ქვეყანაში საიმედო არაფერი ხდება.
ერთადერთი, ვინც მდიდრდება, ივანიშვილი და მისი ხელდასხმული მთავრობაა, რომელსაც როცა და როგორც უნდა, ნარდის ქვებივით კლავს ხოლმე!
_ ლევან, ამბობთ, ხელისუფლებაში რომელიმე პარტიის მოსასვლელად კი არა, ხვალინდელი დღისთვის უნდა ვიბრძოლოთო, თუმცა ეს „ხვალინდელი დღე“ 2020 წლამდე არ დადგება.
_ პოლიტიკური პროცესი ცოცხალია. უკრაინის მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრს ბევრი რამე არ ეგონა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად დამთავრდა.
თუ ეს პოლიტიკური პროცესი 2020-მდე გაგრძელდება, მაშინ გადაწყვეტილება 2020 წელს უნდა მივიღოთ, მაგრამ თუ მანამდე სამთავრობო კრიზისი ან ადამიანების პროტესტი იქნება, მაშინ შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად იყოს.
ზოგადად, ხელისუფლების წყარო მოქალაქეა და ამას უნდა შევეგუოთ. თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ 2020 წლამდე დაცდას არ აპირებს, ვერც ვერავინ დააძლებს _ ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება, რომ დაიცადოს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ხელისუფლების წყარო ხალხია. მოკლედ, ამ პოლიტიკურ პროცესს შევხედავთ. ისე, პირადად მე, მგონია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ყველა წამი დაკარგული და უკან გადადგმული ნაბიჯია. მეტიც, უბრალოდ დანაშაულია, რომ ესენი ქვეყნის ხელისუფლებაში არიან!
ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა, მაგრამ თუ ხალხის უმრავლესობაც ასე იფიქრებს, მაშინ შეიძლება, სხვა გადაწყვეტილება მიიღოს! ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის, ოპოზიციაც ხალხის გადაწყვეტილებას დაემორჩილება, თორემ ხელისუფლება დიდი ხანია, ხალხის აზრს აღარ ითვალისწინებს!
_ ხალხის იმ ნაწილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, იმედი ხომ არ უცრუვდება თუნდაც იმის გამო, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი, პერიოდულად საქართველოში დაბრუნებას აანონსებს, თუმცა გადაწყვეტილებას მოულოდნელად ცვლის ხოლმე…
_ სააკაშვილის ფაქტორი მარტო საქართველოში კი არა, რეგიონშია! ამას უკრაინასა და საქართველოში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს, თუმცა საქართველოს მოქალაქეები მარტო სააკაშვილზე, გრიგოლ ვაშაძესა და ლევან ხაბეიშვილზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი.
ეს ქვეყანა ექსკლუზიურად არც მიშა სააკაშვილისაა, არც _ ხაბეიშვილის და არც _ გრიგოლ ვაშაძის! ეს ქვეყანა ყველასია და შესაბამისად, იმის მოლოდინი, აი, ვიღაც გვიშველისო, სწორი არ არის. ეს ყველას ქვეყანაა და მასზე ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ!
რაც შეეხება სააკაშვილს, როგორც გითხარით, ის ფაქტორია და სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დამარცხება შეუძლებელია! დანარჩენზე, სააკაშვილი როდის და როგორ ჩამოვა ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი საქმეა და თავად გადაწყვეტს!
_ თუ სააკაშვილი ფაქტორია, მაშინ გვერდზე რატომ გაიწია და პარტიის თავმჯდომარეობა გრიგოლ ვაშაძეს რატომ დაუთმო?
_ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარე არ იყო იმის გამო, რომ ივანიშვილმა მოქალაქეობა ჩამოართვა! პარტიის თავმჯდომარის ფუნქციას ნიკა მელია ასრულებდა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეც მელია იყო და აღმასრულებელი მდივანიც, ანუ ყველაფერი ერთი კაცი იყო, მიხეილ სააკაშვილი კი საპატიო თავმჯდომარე გახლდათ.
შესაბამისად, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ადგილზე მარტივი გადაჯგუფება მოხდა, რადგან ჩვენ დიდ კოალიციაში ვართ და ადგილზე სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებები გვჭირდება. ამიტომაც პარტიის თავმჯდომარედ ის ადამიანი ავირჩიეთ, რომელმაც პარტიის კი არა, მოქალაქეების მხარდაჭერა მიიღო _ გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და ახლა პარტიის თავმჯდომარე გახდა, ანუ პარტიის თავმჯდომარედ მოქალაქეების მიერ არჩეული ადამიანი დავნიშნეთ და ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში ლეგიტიმური გადაწყვეტილებები მან უნდა მიიღოს. აღმასრულებელ მდივნად კობა ნაყოფია ავირჩიეთ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი ნიკა მელია დარჩა. მიშა სააკაშვილი ისევ საპატიო თავმჯდომარეა, ანუ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
_ ლევან, რაკი მელია ახსენეთ, ამ თემასაც შევეხოთ: თავდაპირველად არსებობდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას დაასახელებდა, თუმცა ბოლო წუთს, როგორც გაირკვა, გადაწყვეტილება შეიცვალა და ზუგდიდის მერობისთვის სანდრა რულოვსი იბრძოლებს. რა მოხდა, გადაწყვეტილება რატომ შეცვალეთ?
_ ესეც ძალიან ცოცხალი პროცესია და პოლიტიკაში ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე.
საერთოდ, ჩვენს პარტიაში და ასევე გაერთიანებულ ოპოზიციაში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში შესაძლოა, კანდიდატად განვიხილოთ.
მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, კადრების პრობლემა არასოდეს ჰქონია.
_ შეიძლება, მაგრამ კონკრეტული კითხვა დაგისვით და კონკრეტული პასუხი გამეცით.
_ კი ბატონო, მსჯელობა მელიაზეც იყო _ ლოგიკურია, რომ ზუგდიდში მელიაზე ვიმსჯელებდით, მაგრამ გადაწყვეტილება გუნდურად მივიღეთ და საბოლოოდ მივიჩნიეთ, მათ შორის, ნიკა მელიასთან ერთად, რომ სანდრა რულოვსის კანდიდატურა უკეთესი იქნებოდა.
_ უკეთესი რატომ იქნებოდა? 2016 წელს სანდრა რულოვსმა, რომელიც ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, მეორე ტურზე უარი თქვა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ აქტივისტს არ ესიამოვნა.
_ უკაცრავად, სანდრა რულოვსს არჩევნები წაართვეს _ ყველამ ვნახეთ, რაც ჯიხაშკარში მოხდა და პირველ ტურში გამარჯვება ხელისუფლებამ გამოსტაცა! ეს ქალბატონი პროპორციული სიით პარლამენტში მაინც შევიდა, თუმცა მანდატი რომ არაფრად უღირდა, დაამტკიცა _ მანდატი დახია, გადააგდო და პარლამენტში არ შევიდა. ასეთი რამ არასოდეს არავის გაუკეთებია. თავის დროზე, ოპოზიცია ამბობდა, პარლამენტში არ შევდივარო, მაგრამ აბა, გაიხსენეთ, ყველა ხელფასს იღებდა, ანუ ვითომ მანდატებზე უარი თქვეს, სინამდვილეში, პარლამენტარები ერქვათ და ხელფასსაც იღებდნენ!
სანდრა რულოვსმა პარლამენტის მანდატზე უარი რეალურად თქვა და მეორე ტურში იმის გამო არ ჩაერთო, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო _ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მეორე ტური ყველა ოლქში წააგეს და წაგებულ ომში არ შევიდა. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და, მგონი, პატივისცემას იმსახურებს.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: სანდრა რულოვსისთვის მანდატი და თანამდებობა არაფერს ნიშნავს და ეს მაშინ დაამტკიცა, როცა პროპორციული სიით გავიდა, მაგრამ პარლამენტში ერთი დღეც არ შესულა!
_ ისე, ხმა გავრცელდა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს და სანდრას კანდიდატურა ისევ მელიათი ჩაანაცვლოსო.
_ ჭორებს რა დალევს!
_ საქართველოს ყოფილ პირველ ლედის რა შანსი აქვს, რომ ხელისუფლება ზუგდიდში არჩევნებს დღეს აღარ მოპარავს?
_ ჩვენ, ყველამ არ უნდა დავუშვათ, რომ ის გაკვეთილი განმეორდეს, რაც მიღებული გვაქვს, თან ამ ლოგიკით: რა, არჩევნებზე უარი უნდა ვთქვათ? აბა, რისი პოლიტიკური გაერთიანება ვართ, თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ?
ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლება დემოკრატიული გზით და სამართლიანად შეიცვალოს. არჩევნებში ამიტომაც ვმონაწილეობთ. შესაბამისად, იგივე ზუგდიდში გამარჯვებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ!
ისე, ის, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები მოიპარა, ივანიშვილს პოლიტიკური ფასი დაუჯდა _ ეუთოდან დაწყებული, აშშ-ს ადმინისტრაციით დამთავრებული, ყველა წერს, რომ არჩევნები მოიპარეს. შესაბამისად, არც საქართველოში და არც საქართველოს ფარგლებს გარეთ მას არჩევნების გაყალბებას აღარ აპატიებენ!
_ „არპატიება“ რაში გამოიხატება?
_ ხომ არ იცით, ბიძინა ივანიშვილს ანგარიშები სად აქვს?
_ მე არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ აშშ-ში.
_ ჩემი აზრით, ამ ფულის გამო შესაძლოა, გარკვეული დისკომფორტი შეექმნას. ეს კაცი ქვეყნის დანგრევას დაუშვებს, მაგრამ თავისი პირადი ფინანსებისთვის პრობლემების შექმნას _ არა! დამერწმუნეთ, მას მეორე შანსი ნამდვილად აღარ აქვს!
_ ე. ი., ოღონდ მის ფინანსებს საფრთხე არ შეექმნას და ივანიშვილი მზად არის, რომ პოლიტიკიდან გავიდეს?
_ თუ ქართველი ხალხი არ გაიყვანს, ამისთვის მზად არ არის! მითი, რომ ვინმეს ხელისუფლებას გადააბარებს, ტყუილია! ამას ბრძოლა სჭირდება, ოღონდ არა _ ერთი პოლიტიკური პარტიის ან გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის!
ფაქტია, რომ ქვეყანა იღუპება და ამ ქვეყნისთვის ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ! ყოველ შემთხვევაში, პირადად მე სწორად ასე მიმაჩნია.
_ ამ ბროლისთვის უფრო დიდი გაერთიანების შექმნა ხომ არ არის საჭირო, ანუ ხომ არ ფიქრობთ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას, მაგალითად, „ევროპული საქართველოც“ უნდა შეუერთდეს?
_ ყველაზე, მათ შორის, „ევროპულ საქართველოზეც“, შეიძლება, ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მქონდეს _ არცთუ კარგი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სუბიექტურ დამოკიდებულებამდე კი არ უნდა დავიდეთ, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენს ქვეყანას რა სჭირდება. ამიტომ, ჩემი სუბიექტური შეხედულებების მიუხედავად, ნებისმიერმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ საერთო მტრის წინააღმდეგ ნებისმიერთან უნდა ითანამშრომლოს, რადგან ბიძინა ივანიშვილის დამთავრებასთან ერთად, საქართველოში ერთმმართველობაც უნდა დამთავრდეს!
უნდა იყოს კოალიციური მთავრობა, რომელშიც ყველა პოლიტიკური გემოვნების პროდასავლურმა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა!
_ ამ კოალიციურ მთავრობაში, როგორ ფიქრობთ, „ოცნებაც“ იქნება?
_ ამას ხალხი გადაწყვეტს. არჩევნებამდე ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი უნდა დასახელდეს და ადამიანებმა წინასწარ იცოდნენ, ვის რა მიმართულება ექნება ჩაბარებული და ვინ იქნებიან არა მარტო პარლამენტში, არამედ, _ მთავრობაშიც. ამას კი მისი აღმატებულება ქართველი ხალხი გადაწყვეტს და არა _ რომელიმე პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება!
_ ლევან, წეღან საერთაშორისო დასკვნები ახსენეთ, თუმცა „ოცნება“ ამ დასკვნებსაც ზერელედ უყურებს და იმის თქმასაც არ ერიდება, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ხშირად შეცდომებს უშვებს…
_ ეს ხალხი მომსახურების ზონიდან გასულია და თავზე ხელი აქვს აღებული! შესაბამისად, გასაგებია, „ოცნება“ რა დღეშიცაა!
_ ოპოზიციურ ფლანგზე დავით მაღრაძის გამოჩენაზეც უნდა გკითხოთ: იზიარებთ მოსაზრებას, რომ ის ივანიშვილის შექმნილია, ანუ ოლიგარქი „ოცნების“ ოპოზიციას „ოცნებაშივე“ ქმნის?
_ მაღრაძეს, ჩემი აზრით, პირადი ამბიციები აქვს და ჰგონია, რომ ხალხმა უნდა დაუჯეროს, მაგრამ ამ ადამიანს არაფერი შეუქმნია. აბა, მითხარით, მაღრაძემ და იმ ადამიანებმა, რომლებიც მას გვერდით დაუდგებიან, ქვეყანაში რა გააკეთეს?
_ მაღრაძემ საქართველოს ჰიმნი დაწერა და, სხვათა შორის, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს!
_ გადასარევი და დიდი მადლობა! ჰიმნი და ლექსი რომ დაწერა, ამიტომ უნდა ავირჩიოთ? ამ ხალხს _ მსახიობებს, პოეტებსა და ა. შ. საზოგადოებამ ერთხელ უკვე დაუჯერა და ბიძინა ივანიშვილი დიდი ტაშით მოიყვანა, მაგრამ ყველაფერი ეს იმით დამთავრდა, რომ ახლა გამოდის და თვითონ ლანძღავს მათ! არ მგონია, რომ მაღრაძე მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს.
_ დიდი ფიგურა შეიძლება, არაა, მაგრამ მისგან ოპოზიციას ივანიშვილი ხომ არ ქმნის?
_ დიახ, ივანიშვილი შეეცდება, რომ ოპოზიციური ველი რაც შეიძლება, დაქსაქსული იყოს და ადვილად მართოს, მაგრამ ამიტომაც არსებობს „ძალა ერთობაშია“. შესაბამისად, თუ ვინმეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და საქართველოსთვის ბრძოლა უნდა, „ძალა ერთობაშიას“ წევრი უნდა გახდეს, თორემ ის, რომ მაღრაძე და „გრეჩიხა“ ივანიშვილს მოერევიან, ჩვეულებრივი ანეკდოტია!..
აქამდე ხელისუფლებას საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი დაკარგა და დღეს, პრაქტიკულად, „ტრუსიკის“ ამარა მარტო დგას, ხალხი ამ „ტრუსიკსაც“ მალე ჩახდის და მთელ ქვეყანას დაანახვებს, ვინ არიან! დიახ, ძალიან მალე ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს!

გიორგი აბაშიძე

 

დატოვეთ კომენტარი