ლადო კახაძე: „ყველაფერი ისე დაწერეთ, როგორც გეტყვით!“

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი სახეების ძებნა დააანონსა, თუმცა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე მმართველი გუნდი, როგორც იტყვიან, ძველი სახის ამარა დარჩა _ ლადო კახაძეს საზოგადოებაც კარგად იცნობს და პოლიტიკური ბეგრაუნდიც აქვს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თბილისის პირველი საკრებულოს პირველი თავმჯდომარე გახლდათ. 2016 წლამდე პოლიტიკაში აღარ გამოჩენილა, სამი წლის წინ კი პაატა ბურჭულაძის პარტიიდან იგივე მთაწმინდაზე იყარა კენჭი, თუმცა ვერ გაიმარჯვა. ცნობილია, თუ როგორ ანტაგონისტურად იყო განწყობილი „ოცნება“ ბურჭულაძის მიმართ. ამიტომ ბევრს გაუკვირდა, რომ წელს მმართველმა გუნდმა საარჩევნო ფსონი ლადო კახაძეზე დადო.

ვინ შესთავაზა „ოცნებიდან“ მაჟორიტარად კენჭისყრა და გახდება თუ არა პარტია „ქართული ოცნების“ წევრი? _ ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“ ლადო კახაძეს ესაუბრა:

_ ბატონო ლადო, მახსოვს, რამდენიმე თვის წინ თქვით, პოლიტიკაში დაბრუნება აღარ მინდაო, თუმცა იმ მდინარეში, უფრო სწორად, მორევში, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ისევ შედიხართ. მითხარით, რატომ გადაწყვიტეთ, რომ მთაწმინდის მაჟორიტარად იყაროთ კენჭი?
_ აბა, როგორ გითხრათ?!
_ პირდაპირ მითხარით.
_ ზოგჯერ რაღაცების გადახედვა ხდება ხოლმე.
_ თქვენ რას გადახედეთ? ახლა, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას იმიტომ არ მიიღებდით, „ბაბუ“ რომ დაგიძახოთ.
_ არის რაღაცები, რითაც შეიძლება, ჩემი იქ ყოფნა გავამართლო.
_ და ეს რაღაცები რა არის? ისე, მოწყენილი მეჩვენებით. ხომ არაფერი მოხდა?
_ (იცინის) დაღლილი ვარ… დღეს ძალიან დავიღალე.
_ მესმის, მაგრამ არ მოგეშვებით, სანამ არ მეტყვით, „ოცნებასთან“ თქვენს მისვლას რით ამართლებთ?
_ ის, რაც 2002 წელს დავამთავრე და მერე სტაგნაციაში იყო, ამათ ქალაქთან მიმართებით რაღაც-რაღაცები გააცოცხლეს და მინდა, იქ ვიყო.
_ „ოცნება“ 2016 წელსაც ხელისუფლებაში იყო, მაგრამ მაშინ ასე არ ფიქრობდით და მთაწმინდის მაჟორიტარად პაატა ბურჭულაძისგან იყარეთ კენჭი.
_ 2016-ში „საქართველოს განვითარების ფონდში“ ვიყავი.
_ ამ ფონდს ის ადამიანი ედგა სათავეში, რომელიც „ოცნებას“ ებრძოდა და ებრძვის.
_ იქ რომ ვიყავი, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აზრი არასოდეს დამიფიქსირებია, არც შიგნით ლაპარაკის დროს. „ნაცებთან“ იყო, თურმე, ურთიერთობა და ალიანსი, რომელშიც არ ჩამახედეს. პრაქტიკულად, მომატყუეს და ეს ჩემთვის მიუღებელი გახლდათ.
_ მაჟორიტარობის კანდიდატობა მაშინ რომ შემოეთავაზებინა, „ოცნებასთან“ წახვიდოდით?
_ „ოცნებას“ 2016-ში რომ შემოეთავაზებინა? აბა, დავფიქრდეთ… „საქართველოს განვითარების ფონდში“ ვიყავი, კარგი წინადადებები იყო და… იმ პროექტებით და შეფასებებით… რატომაც არა!
_ ანუ „ოცნებასთან“ წახვიდოდით. სხვათა შორის, მმართველ გუნდს იმ დროს უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. რამდენიმე დღის წინ „ოცნების“ მისამართით ასეთი ეპიტეთი გამოიყენეთ: „დიდებული და გამართული ძალა“.
_ როგორ ვთქვი?
_ „დიდებული და გამართული ძალა“…
_ დიდებულს არ ვიტყოდი, პოლიტიკურ ავანსცენაზე მე ასეთ სიტყვებს არ ვიყენებ ხოლმე.
_ ეს ფრაზა, როგორც ვიცი, ბრიფინგზე თქვით…
_ სიტყვა „დიდებული“ არ მახსოვს, მაგრამ რაც შეეხება გამართულს, ყველა პოლიტიკურ ნიუანსში ჩახედულია _ პლუსები, მინუსები, საგარეო ურთიერთობა, შიგნით წინააღმდეგობა, დაგროვილი გამოცდილება… შეიძლება, რაღაც წინააღმდეგობები არსებობს, მაგრამ გამართული ნამდვილად არის!
_ „ოცნების“ ყოფილი წევრი და დამფუძნებელი ეკა ბესელია ამ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს ტერორისტებს ადარებს და ეს არის გამართულობა?
_ მუდმივად ცვალებად გარემოშია ჭიდილი, აზრებისა და შეხედულებების ცვლილება… მითხარით, ჩემგან რა გინდათ და იმას პირდაპირ გეტყვით.
_ მე არაფერი მინდა. უბრალოდ, იმ კითხვებს გისვამთ, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ბატონო ლადო, თქვენ, როგორც ექიმს, ძალიან დიდი ავტორიტეტი გაქვთ.
_ თქვენ ასე ფიქრობთ?
_ თქვენ არ ფიქრობთ, რომ ავტორიტეტი გაქვთ?
_ ავტორიტეტს ვერ ვიტყვი, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობა და სითბო მართლა მაქვს.
_ კი ბატონო, სითბო შეიძლება, ავტორიტეტის სინონიმად ჩავთვალოთ. მგონია, „ოცნებამ“ სწორედ იმიტომ დაგიძახათ, რომ ადამიანები პატივს გცემენ.
_ ამაში ცუდი არაფერია.
_ არ ვამბობ, ცუდია-მეთქი, მაგრამ ამ ნაბიჯით ხალხის პატივისცემას სასწორზე არ დებთ? თქვენ პოლიტიკაში ხომ ძალიან ცუდ დროს ბრუნდებით?
_ გაჭირვების დროს შევდივარ? აბა, დალხინების დროს შეიძლება, არ შეხვიდე.
_ ბატონო ლადო, ამ გადაწყვეტილების საპირწონედ თქვენს სახელსა და ავტორიტეტს დებთ…
_ ჩემმა შვილებმაც ეს მითხრეს და მეგობრებიც მეუბნებიან… აქედან ამას ლაპარაკობენ, იქიდან _ იმას. ადამიანებს უფლება აქვთ, ილაპარაკონ. რამდენიც უნდა ვეცადო, მათ აზრს ვერ შევაცვლევინებ. როგორ უნდა ვუთხრა, კარგი ვარ, ჩემი ნაბიჯი გაამართლეთ და მიმიღეთ-მეთქი? ამას არც ვცდილობ. სხვათა შორის, თქვენს გადარწმუნებსაც არასოდეს შევეცდები, როგორსაც გიცნობთ, პატივს ისეთს გცემთ, მიყვარხართ და თქვენთან ურთიერთობას არასოდეს გავწყვეტ. არც იმას გეტყვით, ეს რატომ დაწერეთ, იქ რატომ წახვედით, წვერი რატომ მოუშვით ან გაიპარსეთ-მეთქი. რახან ფიქრობთ, რომ თქვენთვის ასეა საჭირო, ამას პატივს ვცემ.
მე სხვანაირად არ შემიძლია. აბა, ახლა, ადამიანს ვუთხრა, ის დაიჯერე, რასაც მე ვფიქრობ და ჩემს ჭკუაზე გადმოდი-მეთქი, არ გამოვა. ყველას ცხოვრება დაანახებს, სწორი ვიყავი თუ _ არა. ზოგჯერ სწორი ვიყავი, ზოგჯერ შეცდომა დავუშვი…
იქ რომ მივედი, ზოგს ეგონა, აი, გავახსენებთ, „ლეიბორისტებში“ რომ იყო, ბურჭულაძესთან რომ იყოო, მაგრამ იციან, რომ ვიყავი, ჩემ შესახებ ყველაფერი იციან და ისეთი ვუნდივარ, როგორიც ვარ!
_ მეუბნებით, რომ ჩემ მიმართ განწყობას არასოდეს შეიცვლით და ეს კარგია, მაგრამ ჩვენ შორის ერთი განსხვავებაა _ მე არც პოლიტიკაში მივდივარ და არც პოლიტიკოსი ვარ!
_ პოლიტიკაში თუ ხართ, თქვენ ხართ!
_ როგორ?
_ ჟურნალისტიკაში ისეთი ავტორიტეტი ხართ, რომ პოლიტიკოსებს სწორად აშიშვლებთ! ადამიანებთან ურთიერთობის ფორმას არ იცვლით და ძალიან სარგებლის მომტანი ხართ! მაგალითად, ჩემთვის თქვენ მიერ შეფასებული და თქვენი თვალით დანახული ადამიანებითა და სამყაროთი ძალიან ბევრ სარგებელს ვნახულობ. ეს პოლიტიკაა, აბა, მეტი რა გითხრათ?! საერთოდ, ყველაფერი პოლიტიკაა! ასეთი ურთიერთობებიდან იწყება გარემოსთან ურთიერთობა. კანონის აღსრულება თუ სასამართლო ხელისუფლება _ ყველაფერი ეს, ჩემო კარგო, პოლიტიკაა!
_ გეთანხმებით და კომპლიმენტისთვის მადლობას გიხდით, თუმცა, მგონი, თავადაც ყოყმანობდით, მთაწმინდაზე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გამხდარიყავით თუ არა. ყოველ შემთხვევაში, სანამ მმართველი პარტია ოფიციალურად წარგადგენდათ, ორი-სამი დღით ადრე, სოციალურ ქსელში ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარეთ და „ფრენდებს“ ჰკითხეთ, _ აბა, რას მირჩევთ, მაჟორიტარად კენჭი ვიყარო თუ არაო?
_ კარგია, ეს რომ შემახსენეთ!
მართალია, ასაკში ვარ შესული, მაგრამ ჩემს ორგანიზმში რაღაც ახალგაზრდული ჭინკები მაინც არის. სოციალური ქსელი იგივე ჩემი ლექსების შეფასებაში ძალიან მეხმარება. ამიტომ ყველაფერს ვასაჯაროებ და ყველა კომენტარს ვკითხულობ. სხვათა შორის, იმ კომენტარს უფრო ვაკვირდები, რომელიც ჩემი საწინააღმდეგოა.
გუშინ იყო ასეთი შემთხვევა: ახალგაზრდა ჟურნალისტმა დამირეკა და ხმაზე შევატყვე, რომ გადაწყვეტილებას არ მიწონებდა. მერე მითხრა, შევხვდეთ და ყველაფერი ეს ცოცხლად ჩავწეროთო. მოვიდა, ვისაუბრეთ და თქვენი ახალგაზრდობა გამახსენდა.
_ ჩემი ახალგაზრდობა რატომ გაგახსენდათ?
_ დაველაპარაკე, დამელაპარაკა და მითხრა, თქვენ გარეშე გადაწყვეტილებას არასოდეს მივიღებო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა იმიტომ, რომ ჩემს გულწრფელობას, რომელსაც ვიცი, არც თქვენ მიწუნებთ, მიხვდა. ახალი თაობა მოდის, უფრო მიზანსწრაფული და ჩემი განვლილი ცხოვრება ვაჩვენე _ ვუთხარი, რაზე ვიყავი ნაწყენი ჩემი შეცოდების გამო. თვითმმართველობაში დროის უკმარისობაც იყო, იმედგაცრუებაც… მათ, ვინც მას მერე მოვიდნენ, მთლიანად წყალში ჩაყარეს ის, რის გაკეთებასაც ვაპირებდით.
_ მაინც, რის გაკეთებას აპირებდით?
_ თვითმმართველობა მიწასთან გასწორდა!
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ახლა თვითმმართველობაში მისვლას არ აპირებთ, ბატონო ლადო. ამიტომ, პატივისცემის მიუხედავად, კითხვები უნდა დაგისვათ…
_ თვითმმართველობაში როგორ არ მივდივარ, აბა, სად მივდივარ, რუსეთის მართულ ქვეყანაში?
_ რუსული ნარატივებიც არაა უცხო, თუმცა თქვენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აპირებთ შესვლას.
_ ეს უმაღლესი საკანონმდებლო საქართველოს თვითმმართველი ორგანოა.
_ ამ გაგებით, კი ბატონო, თორემ კლასიკური თვითმმართველობა სხვა რამეა.
_ მე ის ასაკი დავაგროვე, რომ უკვე ქვეყანაზე უნდა ვიფიქრო. მარტო ახალგაზრდებმა ხომ არ უნდა იფიქრონ? _ ჩვენც ცოტა უნდა შევეხიდოთ.
_ ქვეყანაზე ფიქრი, რა თქმა უნდა, კარგია…
_ მაინც, იმას მეუბნებით, რომ ცუდ საქმეში შევდივარ, ხომ სწორი ვარ?
_ დიახ, ამის თქმა მინდა.
_ თქვენ გინდათ, რომ ჩემი რეპუტაცია სუფთა იყოს, თეთრი საყელოთი ვიარო და პარლამენტში ის ადამიანები იხილოთ, ვისაც ადვილად გააკრიტიკებთ, არა?
_ თქვენც გაგაკრიტიკებთ, გპირდებით!
_ მეც უნდა გამაკრიტიკოთ, მაგრამ თუ დავიმსახურებ, იმ შემთხვევაში, თორემ ტყუილად ხომ არ გამაკრიტიკებთ?
_ ცხადია, ტყუილად არ გაგაკრიტიკებთ, მაგრამ ბატონო ლადო, ნახეთ, რისი თქმა მინდა: თქვენს არჩევანს პატივს ვცემ, თუმცა მიკვირს, პოლიტიკაში დაბრუნება რატომ მოინდომეთ _ სახელი გაქვთ, ავტორიტეტი, კარგი სპეციალისტი ხართ. ქართულ პოლიტიკას ლადო კახაძე რას მისცემს?
_ გახსოვთ, თავის დროზე, იგივე მკითხეთ, _ თვითმმართველობაში რისთვის წახვედით, საზოგადოებას თვითმმართველობაში რას მისცემთო?
_ დიახ, გკითხეთ და თქვენი პასუხიც მახსოვს, სახე სჭირდებოდათ და, უბრალოდ, საკრებულოში ვიქნებოდიო.
_ მოკლედ, 20 წლის წინათაც იგივე კითხვა დამისვით და, ე. ი., გინდათ, რომ პოლიტიკაში ჩემნაირი ადამიანები არ იყვნენ. ხომ სწორი ვარ?
_ დიახ, არ მინდა, რადგან, ჯერ ერთი, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მეორეც, როგორც ამბობენ, პოლიტიკა ბინძურია.
_ ჰოდა, თქვენ, როგორც ჩემი სულიერების ერთ-ერთ უახლოეს თანამდევს, მაშინაც გკითხეთ და ახლაც იგივეს გიმეორებთ: იმ პერიოდმა ან ამ პერიოდმა, „ლეიბორისტებმა“ ან ბურჭულაძემ ჩემთან თქვენს ურთიერთობაში რამე შეცვალა, ჩემზე შეხედულება შეგეცვალათ?
_ ბატონო ლადო, შეხედულება, შეიძლება, იმიტომ არ შემეცვალა, რომ გიცნობთ, მაგრამ ყველა ხომ არ გიცნობთ?
_ როცა თუნდაც ამ დიალოგით, ჩემი საქმიანობით, პარლამენტში სიტყვის თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჩემი კომენტარით ან ჩემი ინიციატივის ხმამაღლა გაჟღერებით ხომ გამიცნობენ?
_ ალბათ, გაგიცნობენ.
_ ამის არ მეშინია. ადამიანებს თავს ცუდად არ გავაცნობ იმიტომ, რომ ბევრი მხარდამჭერი მყავს, მათ შორის, თქვენც ჩემი მხარდამჭერი ხართ, თორემ ისე ჩემი ბედი არ შეგაწუხებდათ და ინტერვიუზე არ დამირეკავდით!
_ მთაწმინდის მკვიდრი არ ვარ, ამიტომ ჩემი მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ. ისე, მთაწმინდაზე რომ ვცხოვრობდე და კენჭს ისე იყრიდეთ, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ხმას მოგცემდით, მაგრამ როგორც „ოცნების“ წარმომადგენელს _ არა!
_ თქვენ გენაცვალეთ ამ სიტყვებში, ეს გულწრფელობაა! ე. ი., სადაც უნდა ვიყო, მაინც ჩემი მხარდამჭერი ხართ! იმ პარლამენტში რომ შევალ, თქვენ როგორ გიღალატოთ? აი, მაგალითად, გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი უნდა დავუჭირო ან ზედმეტად კრიტიკული აზრი გამოვთქვა, ანუ სამზარეულოში, როცა კანონპროექტი მზადდება, თქვენ და თქვენისთანები ხომ მემახსოვრებით? ვერ გიღალატებთ! ამიტომ ამ რისკების არ მეშინია! აწი ვეღარ დავიმატებ, მაგრამ მთავარია, არ დავკარგო ის ნდობა, რაც აქამდე მქონდა! იმედი მაქვს, რომ ამ ნდობას არ დავკარგავ!
_ იმედი იმედად, მაგრამ თუ დეპუტატი გახდით, როგორც „ოცნებისგან“ მხარდაჭერილი, იძულებული იქნებით, რომ პარტიულ კონიუნქტურას დაემორჩილოთ და შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ მწვანე და წითელი ღილაკებიც აგერიოთ.
_ (იცინის) ამას იმიტომ მეუბნებით, რომ სუსტი მხედველობა მაქვს და ნაკლზე მიმითითებთ?
_ რას ბრძანებთ! დავიჯერო, ე. წ. ღილაკების სკანდალი არ გახსოვთ, კვაჭანტირაძის გადაყენება რომ უნდოდათ და „ოცნების“ წევრებს ღილაკები აერიათ?
_ მეგონა, მხედველობაზე მიმითითეთ. არა, ღილაკები არ შემეშლება. რამაზ საყვარელიძე ჩემი მეგობარია, ვერ დავურეკე და მადლობა ვერ ვუთხარი.
_ მადლობა რის გამო უნდა გეთქვათ?
_ საყვარელიძეს კარგად დაუწერია, ლადო კახაძე მესიჯებით სამართავი კაცი არ არის, უფრო გაწირავს ყველაფერს, ვიდრე ქალაქს უღალატებსო. რამაზი ჩემი თაობის კაცია, ცხოვრება ერთად გვაქვს გამოვლილი და მისი სიტყვები ჩემდამი რწმენით განწყობილი აბსოლუტური უმრავლესობის საერთო აზრია.
_ ე. ი., საქმე საქმეზე რომ მიდგეს, „ოცნებას“ გაწირავთ და ხალხის გვერდით დადგებით?
_ „ოცნებამ“ ეს იცის. მარიხუანის საკითხი და ჩემი გამოსვლები გახსოვთ? ეს „ოცნებამ“ იცის და ასეთი აზრის კაცი იქ მიიწვია. მათ იციან, ლადო კახაძე ვინ არის. იციან, რომ ყველაფერი გამოიარა. მარტო კარგი კი არა, ჩემი სიჯიუტეც იციან და ეს მაგათი პლუსია.
ბურჭულაძის პარტიაში რომ ვიყავი, არ ვიცი, იქ რა მანქანები მუშაობდა, მაგრამ ტელევიზიით არასოდეს გამოვსულვარ _ იცოდნენ, რომ „ოცნების“ უპირატესობას დავაფიქსირებდი და ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. ტელევიზიით მხოლოდ ერთხელ გამოვედი და ვთქვი, _ თუ ფიქრობთ, რომ ლადო კახაძე „ნაცებთან“ ასოცირებულია, მაშინ არც მე მომცეთ ხმა და არც _ ბურჭულაძეს-მეთქი. ასე აგიხდათ ყველაფერი.
ვინც მატყუებს, ეს ყველას ძალიან ძვირად დაუჯდება! შე დალოცვილიშვილო, თუ ჩემს რეპუტაციას უფრთხილდებოდი, რატომ არ მითხარი, რომ „ნაცებთან“ იყავი ასოცირებული?
_ ამის შესახებ ქალაქში ხმა დადიოდა და თქვენ რატომ არ დასვით კითხვა, ასეა თუ არაო?
_ ვიკითხე და მომატყუეს, არაო. აბა, ჰკითხეთ საბჭოს წევრებს, რას ვლაპარაკობდი იმ მდგომარეობაზე, როცა ეს სიტუაცია გაღრმავდა. უკან არ დავიხევ და როცა რამეს ვამბობ, იმაზე პასუხისმგებელიც ვარ! მაგათ ეს ჩემთვის რომ გაემჟღავნებინათ, იქ არ ვიქნებოდი, მაგრამ თავიდან სხვა ხიბლი იყო _ „საქართველოს განვითარების ფონდი“, სადაც მართლაც კარგი პროექტები იწერებოდა. ამ პროექტებს ახლაც სიამოვნებით გავაცოცხლებ იმიტომ, რომ ამ პროექტებში ლაპარაკი საქართველოს განვითარებაზეა. ამ საკითხებს ლობირებას ყველგან გავუწევ და არ შემრცხვება.
_ სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად დაგასახელათ, სოციალურ ქსელში ბევრმა დაწერა, პოლიტიკაში თამადების დრო აღარ არისო. ამასთან, ბევრს თქვენი სიტყვებიც გაახსენდა, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ შეხვედრაზე რომ თქვით, _ დედის საშოგამოვლილო ნაყოფნოო.
_ დამახინჯებულია, ასე არ მითქვამს. როცა პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილე იყო, მივულოცე და სტუმრებს მივმართე. საერთოდ, აუდიტორიას ყოველთვის შევახსენებ, ყველამ, მათ შორის, თქვენც, დედის სხეული დატოვეთ, მაგრამ იმდენად უმადურად იქცევით, რომ დედას ბოდიშს არ უხდით იმ ტკივილისთვის, რომელიც დაბადების დროს მიაყენეთ-მეთქი. უნდა გახსოვდეთ, რომ სიყვარულის ნაყოფნი ხართ, დედამ სივერაგისთვის არ დაგბადათ. საშო არასოდეს მიხსენებია, მაგრამ ლიბერალების უბედურებაა, რომ საშოს ისეთ ადგილას ხმარობენ, სადაც არ უნდა იხმარონ!
აი, როცა ტრიბუნაზე ვილაპარაკებ, შევაგონებ, ის და ეს რა არის, სადღეგრძელოსაც ვიტყვი, თუმცა მათ, ვინც ამბობს, სადღეგრძელოს მთქმელიაო, ყურადღებას არ ვაქცევ და იცით, რატომ?
_ რატომ?
_ ჩემი სიტყვები გახსოვთ?
_ რომელი სიტყვები?
_ „დაემორჩილე, ჩემო მუზავ, უფლის ბრძანებას, ნუ უფრთხი წყენას, ჯილდოდ გვირგვინს ნუ ელოდები, ერთგვარად შევხვდი როგორც ქებას, ისე _ ძაგებას და კაცსა უგნურს ნურასოდეს ეკამათები!“
უგუნურზე დროს ვერ დავხარჯავ. ასეთს აზრს ვერ შევაცვლევინებ. ზოგი შეკვეთილია, ზოგი „ტროლია“ და ეუბნებიან, უკბინე და წყობიდან გამოიყვანეო, მაგრამ ის ადამიანი, ვისაც ჩემი წყობიდან გამოყვანა უნდა, სულ რომ ნაკერზე გაიხეს, წყობიდან ვერ გამომიყვანს, ვერა! მას ყოველთვის ხუმრობით შევხედავ.
_ იუმორი ადამიანს ბევრ რამეში ეხმარება, მაგრამ პარლამენტში თუ შეხვედით, მაინც, რას გააკეთებთ?
_ მთაწმინდა უნდა დავანგრიო და ახალი სახლები ავაშენო!
_ ეს თქვენი, როგორც დეპუტატის, მოვალეობა არ იქნება!
_ ვხუმრობ, რა, თქვენც დაიჯერეთ, რომ ამის გაკეთება შეიძლება.
_ არახუმრობით მითხარით, თუ არჩევნებს მოიგებთ, როგორც მაჟორიტარი, რას გააკეთებთ?
_ ეს ხალხმა გადაწყვიტოს, გავიმარჯვებ თუ არა. აქტიური მხოლოდ იმ ფორმით ვიქნები, როგორიც მაჟორიტარს ეკადრება, თუმცა თუ მომისმენთ, გეტყვით, რის გაკეთებასაც ვაპირებ.
_ კი ბატონო, გისმენთ, ოღონდ პრიორიტეტები მოკლედ მითხარით.
_ როცა საქმე სერიოზულადაა, მოკლედ გითხრათ? როცა ნამდვილ საქმეზე უნდა გესაუბროთ, ეს არ გაინტერესებთ.
_ მაინტერესებს და გისმენთ.
_ ისე დაწერეთ, როგორც გეტყვით.
_ ბუნებრივია, რასაც იტყვით, სიტყვა-სიტყვით დავწერ!
_ მთაწმინდაზე, როგორც ამ ტიპის ძველ უბნებში, შენობა-ნაგებობების ძალიან დიდი ცვეთაა. სხვათა შორის, თბილისში სახლების პასპორტიზაცია არ ჩატარებულა. ეს იდეა საკრებულოში მქონდა დაწყებული, ანუ როგორც ადამიანზე არის ჯანმრთელობის ანკეტირება, ამ შენობა-ნაგებობების ანკეტირებაც აუცილებელია, რომელიც ნორმატიული აქტით უნდა მოხდეს.
მთაწმინდაზე ისეთი სახლებიცაა, რომელთაც ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი აქვთ, მაგრამ ბევრ სახლს ეს სტატუსი ხელოვნურად აქვს მინიჭებული იმიტომ, რომ ამ სტატუსის მოხსნა ინვესტორის მიზიდვის ძალიან კარგი საშუალება იყო. ეს საკითხიც ნორმატიული აქტით უნდა დარეგულირდეს.
_ ანუ პარლამენტს ნორმატიულ აქტს მიაღებინებთ?
_ არა, ინიციატივით გამოვალ და იმ დეპუტაციის, რომელიც მოქმედი ხელისუფლებაა, მხარდაჭერა მექნება. ასევე მხარდაჭერა მექნება არამოქმედისაც, რადგან ეს მისი ტკივილიცაა.
თავის დროზე, სანიაღვრე სისტემაც შესწავლილი მაქვს და, საერთოდ, საკრებულოდან ბევრი საქმე მომაქვს. ამიტომ პერსონიფიცირების საკითხის წამოწევასაც ვეცდები.
მოკლედ, ეს საკანონმდებლო ინიციატივებია, რომელიც პარლამენტში დამტკიცებისა და ნორმატიულ აქტად ქცევის შემდეგ სახელმძღვანელო გახდება. ასეთი საკითხებიდან ერთი წლის განმავლობაში ორის თუ არა, ერთის მხარდაჭერაც რომ მოვასწრო, მადლობელი დავრჩები.
ბევრი სხვა საკითხია, რომელიც მთაწმინდელებს აწუხებთ. მაგალითად, უკანონო მშნებლობები. სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა, რომ თბილისის მერიამ და მერმა პროექტი „კ2“ აამოქმედა. ეს ჩემი ხელმოწერილი დოკუმენტი იყო, მაგრამ მიშამ ბათილად აქცია.
ჩემი, როგორც ძველი თვითმმართველობის კაცის პრინციპები დეცენტრალიზაცია, დელეგირება და დეკონცენტრაციაა. პარლამენტში მონაწილეობას ამ კუთხითაც მივიღებ… ჩემი გამოცდილების კაცი გაფუჭებით არაფერს გააფუჭებს და, მგონი, ცუდი არ იქნება, თუ ვინმეს რამეში დავეხმარები. მოკლედ, არ შეგარცხვენთ!
_ ბატონო ლადო, „ოცნებიდან“ ვინ შემოგთავაზათ, რომ მაჟორიტარად გეყარათ კენჭი?
_ ამაზე პასუხს არ ვიძლევი.
_ რატომ?
_ შემოთავაზება ოჯახიდან, ანუ იმ გუნდიდან მივიღე, სადაც უფროსები, უმცროსები და საშუალო ასაკის ადამიანები _ ყველა ერთ აზრზე იყო. ამიტომ ასე ცალკე ვერავის გამოვყოფ, ე. ი., მე რომ შემხვდნენ, ეს უკვე გადაწყვეტილი იყო. ალბათ ითათბირეს და ნახეს, ეს კაცი უფროსებისთვისაც მისაღებია, საშუალო ასაკისთვისაც და არც ახალგაზრდები ეწინააღმდეგებიანო. თქვენ გგონიათ, ისინი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, არ მიცნობენ და მათთან ურთიერთობა არ მაქვს? ურთიერთობა ყველასთან მაქვს. ჩემი იქ ყოფნა არავის დააზარალებს, მე იქ „ჩორტის“ ჩასაგდებად კი არ მივდივარ!
კანონს ადამიანი წერს, თუმცა ადამიანი მორალთან ცოტა მწყრალადაა. ბევრჯერ კანონს ანგარებით წერენ _ სავსეა მაგალითები, რომ კანონშემოქმედება აღმასრულებელს ხელ-ფეხს რაღაც ცოდვის ჩასადენად უხსნის…
_ ვიდრე დაგემშვიდობებით, ერთ კითხვას კიდევ დაგისვამთ, ბატონო ლადო: „ოცნების“ წევრი გახდებით?
_ არა, უპარტიო ვარ! ესეც იციან და არც უთქვამთ, პარტიის წევრი უნდა გახდეო. ეს ჩემი პატივისცემაა და ეს პატივისცემა როგორ არ დავუბრუნო? სხვათა შორის, კომუნისტური პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, როცა შეიძლებოდა, ზენიტში ასულიყავი, მაგრამ იციან, რომ პარტიის წევრი არასოდეს გავხდები!
_ გამარჯვების იმედი გაქვთ?
_ ამ ინტერვიუთი ჩემს გამარჯვებაში წვლილი შეგაქვთ, რადგან ჩემს გულწრფელობას კიდევ ბევრი ადამიანი გაიგებს.

გიორგი აბაშიძე