„საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული სექსის თემა ტაბუირებული იყო“

ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ სკოლებში სქესობრივი განათლების შესახებ ინფორმაცია მოზარდებს აუცილებლად უნდა მიაწოდონ… თუმცა რა ფორმით და ვის მიერ? რა შედის სექსუალურ განათლებაში? როგორ მუშაობს ქართული განათლების სისტემა ამ მიმართულებით? როგორია საქართველოს რეგიონებში ჩატარებული კვლევის შედეგები?

ამ და სხვა საინტერესო დეტალებაზე „ქრონიკა+“-ის კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ფსიქოლოგი, მაია ჯიბუტი პასუხობს:
_ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“ 2000 წლიდან რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ფუნქციონირებს. ორგანიზაციის ძირითად შტატს წარმოადგენენ ფსიქოლოგები, ექიმები და სოციალური მუშაკები. „თანადგომის“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების დანერგვა. ეს საკითხებია: გარდატეხის ასაკში მიმდინარე ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები, ადრეულ ასაკში სქესობრივი ურთიერთობები, ამ ურთიერთობებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები და რისკები, ნარკომანიის საკითხები. დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ ადრეული ქორწინების პრობლემურ შედეგებსა და ა. შ. ევროპული გამოცდილება გვეუბნება, რომ არ არის აუცილებელი, საგანს სექსუალური განათლება დავარქვათ. ჩვენთან ეს საკითხი ჯერ ასე არ განიხილება და, საერთოდ, უმჯობესია, ეს საკითხები მოიაზრებოდეს და ისწავლებოდეს გამჭოლად სხვადასხვა საგნობრივ კომპეტენციაში.
_ რატომ არ შეიძლება, რომ საგანს დავარქვათ სექსუალური განათლება, ანუ პრობლემა სახელია?
_ თვითონ სექსუალური ჯანმრთელობა საკმაოდ ფართო ცნებაა და მოიცავს ადამიანის ემოციურ, მენტალურ, ჯანმრთელობის სფეროთა ერთობლიობას. ეს ეხება ადამიანური ცხოვრების ერთ-ერთ ძირითად და მნიშვნელოვან სფეროს. სექსუალობაზე როცა ვსაუბრობთ, მხოლოდ სქესობრივი ურთიერთობა და სექსი არ იგულისხმება. ეს არის, უპირველ ყოვლისა, თუ როგორ აღვიქვამ მე საკუთარ თავს, როგორია ჩემი თვითიდენტიფიკაცია, რამდენად მომწონს ჩემი თავი როგორც გოგოს ან ბიჭს, როგორია ჩემი თვითშეფასება, როგორია ჩემი სხეული, როგორ ვიღებ მე მას. განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში, როდესაც ხდება სქესობრივი მომწიფება და სხეულის ფორმები იცვლება, ჩვენ ვიცით, რომ ხშირად თვითშეფასება ეცემა, საკუთარი თავის აღქმა და მიღებაც თითქოს უფასურდება. ზუსტად ამ ასაკში საჭიროებენ ჩვენი მოზარდები ძალიან დიდ დახმარებას უფროსებისგან. საქართველოში ბევრი ოპონენტი გამოჩნდა, თუმცა მგონია, რომ ისინი ფსევდო ოპონენტები არიან და არა რეალური ადამიანები, რომლებიც უბრალოდ თემას აგდებენ, რომ ხალხი კიდევ უფრო დაიძაბოს. ჩვენ არაერთხელ გვქონია მშობლებთან, პედაგოგებთან, მოზარდებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები, „თანადგომამ“ ასევე საკმაოდ დიდი კვლევა ჩაატარა 2010 წელს. ეს არის ხარისხობრივი კვლევა 5 რეგიონში, რესპონდენტები იყვნენ მშობლები, პედაგოგები, მოზარდები. კვლევის ძირითადი კითხვა შემდეგი გახლდათ: „საჭიროა თუ არა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები დაინერგოს სასკოლო სისტემაში?“ ეს არის: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, აბორტი, ოჯახის დაგეგმვის მეთოდები, და ა. შ.
_ და რა დაასკვენით?
_ დასკვნები და რეკომენდაციები საკმაოდ საინტერესოა. შეიძლება გამოკვეთილად ვთქვათ: სამივე სამიზნე ჯგუფი აღიარებს, რომ ინტერესი მოზარდების მხრიდან ამ თემების მიმართ ძალიან დიდია და, შესაბამისად, ამ თემებს სკოლებში კომპეტენტური ადამიანები უნდა ასწავლიდნენ.
_ უნდა ისწავლებოდეს თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც გარკვეული საფრთხეები ავიცილოთ თავიდან?
_ ნამდვილად. ამ საკითხების სწავლების მიზანი ინფორმაციის მიწოდებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას. მოზარდობის ასაკი ისედაც გამორჩეულია სარისკო ქცევებით, ვინაიდან ამ ასაკში ცნობისმოყვარეოობა ყველაფრის მიმართ იზრდება და თუ ოჯახში მშობლებსა და მოზარდებს შორის პოზიტიური ურთიერთობა არ არის, შესაძლებელია, ასეთი მოზარდები სახლიდან წავიდნენ და დროის უდიდესი ნაწილი სხვადასხვა დაჯგუფებაში გაატარონ. ხშირად ინფორმაცია გვაქვს, რომ ბავშვები გარკვეულ კრიმინალურ წრეებში ერთვებიან, ნარკოტიკებს მოიხმარენ, აქტიურ სქესობრივ ურთიერთობებში შედიან და, ძირითადად, ეს არის დაუცველი, რა დროსაც მოზარდი ისეთი ჯანმრთელობის რისკების წინაშე დგება, როგორიცაა: არასასურველი ორსულობა, ადრეულ ასაკში აბორტები, ასევე აბორტებით გამოწვეული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ზიანი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ნარკოდამოკიდებულება და სხვ.
ვფიქრობ რომ, როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ორგანიზმის სხვა სისტემები ისწავლება ბიოლოგიაში, ასევე აქტიურად უნდა ისწავლებოდეს რეპროდუქციული სისტემა და სასქესო ანატომიაც. ჩემს დროსაც იყო, ისწავლებოდა სასქესო ანატომია, გამრავლება, მაგრამ კარგად გვახსოვს, რომ პედაგოგების უმრავლესობა ამ გაკვეთილებს ახტებოდა.
_ პედაგოგების უმრავლესობას ამ საკითხებზე საუბარი სირცხვილად მიაჩნდა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ დიახ. ვეხებოდით სხვადასხვა საკითხს, მაგრამ არა ამ სისტემას. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული სექსის თემა ტაბუირებული იყო, თითქოს არ არსებობდა და, გარკვეულწილად, ეს სირცხვილთან ასოცირდებოდა. ამას კიდევ თავისი ისტორიული საფუძვლები და ტაბუები აქვს. შესაბამისად, პედაგოგების უმრავლესობას დღემდე საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური გავლენა მაინც მოჰყვება. ეს რეალობაა. მეტ-ნაკლებად, ყველანი გარკვეული სტერეოტიპების ქვეშ ვცხოვრობთ. თუმცა ეს არ ეხება ყველა პედაგოგს, რადგან ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ბიოლოგიის პედაგოგია, რომელიც ამ თემებზე თამამად საუბრობს. მათ კარგად იციან მოზარდობის ხანის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ცვლილებები და ესმით, რომ მოზარდების ინტერესების დაკმაყოფილება ინფორმაციის მიწოდების გზით მეტად მნიშვნელოვანია. ექსპერტებისა და მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით მოსწავლეების ინფორმირებულობითა და მათთვის ცოდნის მიწოდებით ისინი მეტად დაცულები იქნებიან და მათი სქესობრივად აქტიური ცხოვრება მოგვიანებით გადავადდება. 15-16 წლის ადამიანმა იცის, რომ თუ დაუცველი სქესობრივი ურთიერთობა ექნება, ამას შეიძლება გარკვეული ტიპის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები მოყვეს, ასევე არასასურველი ორსულობა, ადრეულ ასაკში მშობიარობამ და ბავშვის დაბადებამ შეიძლება სხვა უამრავი პრობლემა გამოიწვიოს როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ასევე ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეზე. ინფორმირებულობის შედეგად კი მოზარდი ფიქრობს, რომ ახლა მე კარგად გავერკვევი ჯანმრთელობის საკითხებში, მეტ ცოდნას დავაგროვებ და შესაბამისად, ცოტა გვიან გადავწევ სქესობრივად აქტიური ცხოვრების დაწყებას. მათთვის პრიორიტეტი იქნება სხვა ღირებულებითი საკითხები, მაგალითად, კარგი განათლების, პროფესიის მიღება.
რა დააშავეს ჩვენმა მოზარდებმა და რატომ არ უნდა ისწავლებოდეს ფორმალურ, დაცულ გარემოში შესაბამისი საკითხები? პედაგოგები რატომ არ უნდა აწვდიდნენ სწორ, სანდო ინფორმაციას მათ? ოჯახი და სკოლა უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ სწორი, სათანადო, სამედიცინო ინფორმაცია მიაწოდონ მოზარდებს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ მივაწვდით ამ ინფორმაციას მომავალ თაობას, რომ მათი ფსიქიკა არ დაზიანდეს და, ამავდროულად, ყველა კითხვას გაეცეს სათანადო პასუხი.
_ რა ხდება ამ დროს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში? რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მხრივ?
_ ორ საგნობრივ კომპეტენციაში, საგნობრივ სტანდარტებში, როგორიც არის ბიოლოგია და სამოქალაქო განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის, რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის გარკვეული საკითხები შევიდა, რაც უკვე დამტკიცებულია. ჩვენი სასკოლო სისტემა შედგება სამი საფეხურისგან: დაწყებითი საფეხური _ I-VI კლასები, საბაზო _ VII-IX და საშუალო, დამამთავრებელი _ X-XII კლასები. ვიცით, რომ ყოველ ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება საგნობრივი რევიზია, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი ატარებს განათლების სამინისტროში და ის სახელმძღვანელოები, რომლითაც ბავშვები სწავლობენ, გარკვეული დროის მერე ექვემდებარება რევიზიას, რადგან ბევრი ინფორმაცია განახლებადია, უამრავი ცვლილება ხდება და ვიზუალურადაც სახელმძღვანელოები ახალ გაფორმებას საჭიროებს, თუმცა მთავარი მაინც შინაარსია. ახალი სასწავლო გეგმის ფარგლებში დაინერგა ახალი საგანი „მე და საზოგადოება“, რომელსაც იმ დროისთვის საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურებაც მოყვა. თუმცა დღეს ეს საგანი სასკოლო სივრცეში მე-3, მე-4 კლასებში დაინერგა. ახალ საგანში ისწავლება სხვადასხვა უნარი სოციალიზაციის კუთხით, უფლებები, გავდივართ პასუხისმგებლობით და ღირებულებით საკითხებზე. ეს ძალიან საინტერესო საგანია. „თანადგომამ“ სტანდარტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო და, ძირითადად, ჯანსაღი ცხოვრების საკითხებზე ვმუშაობდით, რომელშიც შედის ჯანსაღი კვება, სპორტული აქტივობა, ჰიგიენა და ეს საკითხები შესულია საგანში „მე და საზოგადოება“. განათლების სამინისტრო მართლა ღია იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და ძალიან კარგად ვიმუშავეთ.
2015 წელს, ამ საგანთან დაკავშირებით, სამინისტროსთან ერთად გავაკეთეთ პილოტური გაკვეთილები. 12 სკოლაში სამ-სამი პილოტური გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც ეხებოდა ოჯახს, სკოლასა და გრემოს, სადაც ვცხოვრობთ. მეთოდოლოგია განსხვავდებოდა, ეს არ იყო დაყენებული გაკვეთილი, სადაც მხოლოდ პედაგოგი საუბრობს. აქ იყო მოსწავლეების დიდი ჩართულობა. ზუსტად ასეთი სცენარები გავაკეთეთ ექსპერტებთან ერთად, ინტერაქტიული მეთოდებით გაჯერებული. დღესაც იხსენებენ ბავშვები ამ გაკვეთილებს. სურვილი და ინტერესიც კი ჰქონდათ, როდის ჩატარდებოდა მსგავსი გაკვეთილები. მასწავლებლებმა ტრენინგები გაიარეს და შემდეგ გაკვეთილები წარმატებით ჩაატარეს. პედაგოგებმა დაინახეს, რომ ასეთი ტიპის გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია და საინტერესოც არის.
რაც შეეხება საბაზო საფეხურს, მეშვიდე-მეცხრე კლასებს, აქ საკმაოდ მოცულობით შევიდა ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული საკითხები, მაგალითად, ფიზიოლოგიური კუთხით, რა სარგებლობა ან პირიქით, ზიანი შეიძლება, რომ მოიტანოს ფიზიკურმა აქტივობამ. სამოქალაქო განათლებაში, ვსაუბრობთ, ძირითადად, სოციალიზაციის კუთხით. მეშვიდე კლასში ბიოლოგიაში ისეთი თემა შევიდა, როგორიც არის გარდატეხის ასაკი, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები. საქართველოში არასოდეს ისწავლებოდა ეს საკითხი. სასქესო ანატომია ხომ ყოველთვის ისწავლებოდა, მაგრამ ეს საკითხი _ არასოდეს. მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოები იქმნება, სულ ცოტა ხანში გრიფირებას გაივლის და 2019 წლის შემოდგომაზე სასკოლო სივრცეში სახელმძღვანელოები ჩაეშვება.
_ აუცილებელია თუ არა, რომ სკოლის მოსწავლეებმა დეტალურად ისწავლონ ადამიანის სხეულის აგებულება და მასწავლებელი უხსნიდეს, თუ რას ნიშნავს სექსი?
_ მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ თავისი სხეულის აგებულება. მით უფრო, რომ გარდატეხის ასაკში ცდილობენ შეიცნონ საკუთარი თავი, სხეული, შეგრძნებები. ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოები ისეთივე ორგანოებია, როგორც გული, კუჭი და სხვ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება ცალკე საგნად სწავლებას _ სექსუალური განათლება, უახლოესი 5 წლის განმავლობაში, არ განიხილება და შესაბამისად, ვერც შევა საგანმანათლებლო სისტემაში. ამ ეტაპზე, ამ საკითხზე არც არის საუბარი. მთავარია, ეს საკითხები, გარკვეულწილად, ბიოლოგიის სახელმძღვანელოში შევიდა და ნაწილი შესულია სამოქალაქო განათლებში. მინდა განვაცხადო, რომ სქესობრივ ურთიერთობებსა და სექსზე არავინ ელაპარაკება მოსწავლეს. პედაგოგს არ აქვს ამის არც ლეგიტიმაცია და არც სწავლების კომპეტენცია. მაშ, ვის აქვს ამის კომპეტენცია? მხოლოდ პროფესიონალ ექიმ-სექსოლოგს, ისიც _ ექიმის კაბინეტში. ეს არის ძალიან პირადი და ინტიმური საკითხი. ჩვენ გვაინტერესებს, რომ დღეს, ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეში, მოზარდი თაობა სათანადოდ ინფორმირებული იყოს ჯანმრთელობის საკითხებსა და სარისკო ქცევებთან დაკავშირებით, ჰქონდეს პასუხისმგებლობითი დამოკიდებულებები, რათა იცხოვროს ჰარმონიულად როგორც საკუთარ თავთან, ასევე ქვეყნის სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ.

გიორგი საკარული