ღარიბაშვილი, ჭიკაიძე, მღებრიშვილი –შს მინისტრების საავტომობილო ტენდერები

2019 წლის 21 მარტს გამოქვეყნდა აუდიტის (შესაბამისობის) დასკვნა, რომელშიც გაანალიზებული იყო სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული შესყიდვები, რამაც საკითხის მიმართ ინტერესის გაღვივება განაპირობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ სააგენტოს შესყიდვები კონკრეტული მინისტრების მოღვაწეობის პერიოდებთან მიმართებით.

ხელისუფლების შეცვლისა და „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში პირველი ხელშეკრულება სააგენტომ დადო შპს „იბერია ავტო ცენტრთან“. იმის მიუხედავად, რომ 2012 წელსაც კი საკმაოდ დიდი რაოდენობით ავტომობილი იყო შეძენილი, ავტოპარკის საფუძვლიანი განახლება მოხდა და 11,988,000 ლარის 360 ჰეჩბეკზე გამოცხადდა ტენდერი. მკაფიოდ იყო მითითებული, რომ 30 ვერცხლისფერი უნდა ყოფილიყო, ხოლო 330 _ თეთრი.
შპს „იბერია ავტო ცენტრი“, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს ეკუთვნის, მანამდეც ხშირად იგებდა ტენდერებს მარტო მონაწილეობით. მაგალითად, 2011 წელს გამოცხადებული ტენდერის პირობის შესაბამისად, რომლის ღირებულება 13,126,133 ლარი იყო, სააგენტომ ასევე 360 ავტომობილი შეიძინა.
2013 წლის აპრილში შპს „ტოიოტა ცენტრ ავტოსთან“ ოთხი ხელშეკრულება იდება. პირველის თანახმად, იგეგმება ერთი ავტომობილის შეძენა, რომლის ღირებულება 121 700 ლარია;
მეორის თანახმად, სააგენტო ყიდულობს 131,100 ლარის ღირებულების 3 პიკაპს; მესამის თანახმად _ 2 „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს“ (2013 წლის გამოშვება). თითოს ფასი 93 000 ლარია (საერთო ჯამში 186 000 ლარი);
მეოთხე შესყიდვის მოთხოვნა კი 3 „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოა“ (2013 წლის გამოშვება).
თითოს ფასი 63 000 ლარია (საერთო ჯამში 189 000 ლარი).
ერთი კვირის შემდეგ კიდევ ცხადდება საავტომობილო შესყიდვაზე ტენდერი და ამჯერად 9 „ტოიოტა ჰაილენდერისთვის“ 630 000 ლარია გამოყოფილი (თითო 70000).
კიდევ ერთი კვირის შემდეგ 7 „ტოიოტა რავ 4“-ისთვის სააგენტო გამოყოფს 351000 ლარს (თითო _ 50142 ლარი).
ყველა შესყიდვა ერთი მონაწილით ტარდება და, რა თქმა უნდა, არავითარი ფასის კლება არ ხდება.
ხეჩიკაშვილის „იბერია ავტო ცენტრი“ პარალელურად მონაწილეობს ტენდერებში, თუმცა ისიც კონკურენტისა და ფასის კლების გარეშე.
2013 წლის აპრილში მას ხელშეკრულება უფორმდება 9 „შკოდა ოქტავიას“ ჩამოყვანისთვის, რომელთა საერთო ღირებულება 370 800 ლარია (თითო _ 41 200 ლარი);
5 დღეში _ 451 220 ლარად ყიდულობენ 11 „შკოდა ოქტავიას“ (თითო _ 41 020 ლარი);
28 „შკოდა ოქტავიას“ 637 940 ლარად;
ამავე წლის ოქტომბერში 24 „შკოდა ოქტავიას“ 645 600 ლარად;
2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრამდე შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეა.
ამ დროს ავტომობილების ტენდერებში სხვა კომპანიები ჩნდება.
პირველი ხელშეკრულება იდება „სტრადა მოტორსთან“, რომელსაც სამედიცინო მიკროავტობუსი შემოჰყავს („ფიატ დუკატო“) 61 600 ლარად.
კომპანია მარტო მონაწილეობს, მაგრამ ფასის კლება ფიქსირდება.
შეთავაზებული 61 880 ლარის ნაცვლად, კომპანიას ხელშეკრულება უფორმდება 61 600 ლარზე.
2014 წლის თებერვალში სააგენტო ყიდულობს 10 სამგზავრო მიკროავტობუსს („ჰიუნდაი“), საერთო ღირებულებით _ 448 100 ლარი. ფასი აქაც დაკლებულია 518 000 ლარიდან.
ამავე წელს 160 სპეციალური დანიშნულების მანქანა („ფორდი“), საერთო ღირებულებით _ 9 238 355 ლარი. ამჯერად კონტრაქტორია შპს „ჯი-თი-მოტორსი“.
საინტერესოა, რომ კომპანიამ ტენდერი მოიგო თანხით 9,032,320 ლარი, მაგრამ შემდეგ თითქმის 200 000 ლარით შეიცვალა.
4 ერთეული „ჰიუნდაი ელანტრა“ 123 172 „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შემოჰყავს. ფასის ცვლილება აქაც ფიქსირდება საწყისი 123,879 ლარიდან.
ასევე საყურადღებოა რამდენიმე სხვა შესყიდვა:
9 ერთეული „ფორდ ფოკუს ტრენდი“ _ 219 996 ლარი, სატენდერო 254,837 ლარიდან (შპს „ჯი-თი მოტორსი“).
6 ერთეული „ჰიუნდაი აქცენტი“ _ 129 493 ლარი, სატენდერო 178,214 ლარიდან („ჰიუნდაი ავტო საქართველო“).
200 „შკოდა ოქტავია“ _ 9,844,283 ლარი, სატენდერო 8,225,280 ლარიდან (შპს „იბერიასერვისი“).
2014 წლის ნოემბერში შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ იგებს ტენდერს, რომლის პირობისამებრ, 4 „ტოიოტა კამრი“, 18 „ტოიოტა კოროლა“, 10 „ტორიოტა ჰაილუქსი“ უნდა მიაწოდოს სააგენტოს. ავტომობილების საერთო ღირებულებაა 1 111 789 ლარი.
კომპანიას ჩაერიცხა 668,144 ლარი (60%), თუმცა შესყიდვის სტატუსის თანახმად, ეს პირობა ბოლომდე არ შესრულდა და 32 ავტომობილის ნაცვლად 27 ერთეულის შემოყვანა დაფიქსირდა. შესაძლოა, ეს განპირობებული იყო ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით ან სხვა რაიმე გარემოებით. ერთი თვის შემდეგ შპს „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ 39,830 ლარად უფორმდება ხელშეკრულება ერთი „ტოიოტა ჰაილუქსის“ შესაძენად.
ხელშეკრულებებში ტექნიკური პარამეტრების სპეციფიკური დეტალები განსაკუთრებით იჩენს თავს და ამაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ „ტოიოტას“ ორი დილერი კომპანია („ტოიოტა ცენტრი თბილისი“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“) ერთად მონაწილეობს ტენდერებში. 1 241 286 ღირებულების ხელშეკრულება უფორმდება „ტოიოტა ცენტრ თბილისს“. ეს ხელშეკრულება იდება უკვე ვახტანგ გომელაურის მინისტრობის დროს (2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე).
„ჰიუნდაი“ მარტო მონაწილეობს ტენდერში, რომლის ღირებულება 128 000 ლარია, ხოლო პირობის თანახმად, სააგენტომ ორი სამგზავრო მიკროავტობუსი უნდა შეიძინოს.
შპს „ჯი-თი მოტორსს“ 2015 წლის ივნისში 50 „ფორდ რენჯერ დუბლი“ შემოჰყავს, საერთო ღირებულებით, 2 424 000 ლარი. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობს, ხოლო აგვისტოში იმავე „ჯი-თი მოტორსს“, ამჯერად მარტო მონაწილეობით, 2,497,741 ლარის ღირებულების 34 „ფორდ ინტეცეპტორი“ შემოჰყავს. ხელშეკრულების პირობები იცვლება და თანხა განისაზღვრება 2,213,596 ლარით.
2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილია. მის დროს განხორციელებულ საავტომობილო შესყიდვებში კიდევ ერთი კომპანია ჩნდება _ შპს „ქარს მოტორსი“.
შესყიდვის საგანია „ა“ და „ბ“ ტიპის მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები (4 ერთეული), საერთო ღირებულებით 366 950 ლარი. მოგვიანებით, კიდევ 2 კვადროციკლი, რომლის ფასი 64 900 ლარია.
2016 წლის აპრილში შპს „იბერია ავტო ცენტრი“ ერთი მონაწილით იგებს ტენდერს 8,046,334 ლარით, რომლის თანახმად კომპანიამ უნდა შემოიყვანოს 172 ავტომანქანა.
კვლავ შპს „იბერია ავტო ცენტრი“ და ისევ მარტო მონაწილეობით _ 8,642,860 ლარად იძენს 176 „შკოდა ოქტავიას“.
ხელშეკრულებაში 4 ცვლილების საფუძველზე თანხა შეადგენს 9 158 849 ლარს, რაც თითქმის 500 000 ლარით აღემატება საწყის ფასს.
ფასის მატება აღინიშნება ამავე კომპანიის კიდევ ერთ შესყიდვაში: 86 ერთეული „შკოდა ოქტავიასთვის“, რომელთა შესაძენად გათვალისწინებული იყო 3 061 960 ლარი, საბოლოოდ საგენტომ 3 309 798 ლარი გადაიხადა.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბოლო ორი ტენდერი გიორგი გახარიას პერიოდს უკავშირდება:
„ქარს მოტორსი“ ტენდერს იგებს 923 000 ლარით, რომლის პირობისამებრ ყიდულობს 7 სამგზავრო მიკროავტობუსს.
ბოლო შესყიდვაში კვლავ ფიგურირებს შპს „იბერია ავტო ცენტრი“. ხელშეკრულების ღირებულება 1,417,950 ლარია, ხოლო პირობა უკავშირდება 37 საგამოცდო ავტომობილის შეძენას. შეცვლილი თანხა შეადგენს 1,354,110 ლარს.
სააგენტოს ამ შესყიდვებში კარგად ჩანს რამდენიმე გარემოება: ყველაზე დიდი რაოდენობისა და ერთეული ძვირადღირებული ავტომანქანები შეძენელია ღარიბაშვილის დროს. მის დროსვე არ ხდებოდა ფასის კლება. შესანიშნავად ჩანს, რომ მარტო მონაწილე კომპანიების უმრავლესობა, როგორც წესი, ფასს აკლებს, რადგან არ იცის, რამდენად შეინარჩუნებს საწყის მდგომარეობას და კონკურენტის გამოჩენის ალბათობაც არსებობს. როდესაც მარტო მონაწილეობასთან ერთად ფასის კლებაც არ ხდება, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ტენდერის ბედი განსაზღვრულია. ეს პრეცედენტებიც ასევე დაფიქსირდა ღარიბაშვილის პერიოდში ჩატარებულ შესყიდვებში.
დავუბრუნდეთ აუდიტის დასკვნას, რომელიც გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდს ეხება.
ტექსტში აღნიშნულია, რომ 2017 წელს სააგენტოს მიერ ტენდერის გზით განხორციელდა SKODA-ს მოდელის საპატრულო მანქანების შესყიდვა (ღირებულებით _ 8,7 მლნ ლარი). წინა პერიოდში (2014-2015 წლებში) შესყიდული იყო FORD-ის მარკის საპატრულო მანქანები. FORD-ის ავტომანქანების შესყიდვა, თავის მხრივ, არაეკონომიური აღმოჩნდა და ამიტომ გადაწყდა მისი SKODA-ს მარკით ჩანაცვლება. სამინისტროში არ არსებობს დადგენილი და დამტკიცებული კრიტერიუმები, რომელსაც საპატრულო ავტომანქანები (საქართველოს გზებისა და სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით) უნდა აკმაყოფილებდეს. სხვადასხვა წელს ჩატარებულ ტენდერებში ტექნიკური მახასიათებლები განსხვავებულია და შესაბამისობაშია ავტომანქანის კონკრეტულ მარკასა და მოდელთან, რაც ვერ უზრუნველყოფს მინიმალურ კონკურენციას. აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლით გამოვლინდა, რომ SKODA-ს მარკის ავტომანქანები, რომლებიც შეისყიდეს 2017 წელს, საპოლიციო საქმიანობისთვის მისაღები ხარისხის მარკაა, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაში გამოიყენება, თუმცა გვხვდება განსხვავებული პრაქტიკაც. უნდა არსებობდეს საპატრულო ავტომანქანის დადგენილი პარამეტრები, რომელიც სპეციფიკის გათვალისწინებით უზრუნველყოფს გარკვეულ კონკურენციას, ხოლო განსხვავებულ შემთხვევაში (ფიქსირებული პარამეტრებისა და მოთხოვნის საჭიროებისას) უნდა არსებობდეს მყარი არგუმენტაცია.
საყურადღებოა ასევე ავტომანქანების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
საპატრულო პოლიციისა და საგამოცდოდ შესყიდული ავტომანქანებიდან 10 ავტომანქანა განაწილდა სააგენტოს თანამშრომლებზე (როგორც აღინიშნა _ დანიშნულებისამებრ გამოყენებამდე), რაც არ უკავშირდება ავტომანქანების შესყიდვის მიზნებს.
პრეტენდენტების შეზღუდული რაოდენობა საავტომობილო შესყიდვების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო დიდი ხნის განმავლობაში და ამას არაერთი ექსპერტი აღნიშნავს.
დასკვნაში მოყვანილია მაგალითი, რომელიც ცხადყოფს, რომ მარტო მონაწილეობის პირობებში ფასის ცვლილება, საუკეთესო შემთხვევაში, 4,6%-ით განისაზღვრება, ხოლო ორ და მეტკონკურენტიან შესყიდვაში _ 22,9%-ით.
თავს იჩენს ერთი გარემოებაც: სამინისტროში არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი მიდგომა, თუ რომელ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის გამოსაყენებელი (საპატრულო) ავტომობილები, ამიტომ სისტემატურად ყიდულობენ ისეთ ავტომობილებს, რომელთა პარამეტრები და ექსპლუატაციის ხარჯები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან და, ამავდროულად, შეესაბამება ავტომანქანის კონკრეტულ მოდელს.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, როდესაც განხორციელდა FORD-ის მარკის (POLICE INTERCEPTOR მოდელის) ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა, სამინისტრო ყოველგვარი გაანგარიშების გარეშე აღნიშნავდა რომ ამ ტიპის ავტომანქანები საუკეთესო იყო სახაზო-საპატრულო დანიშნულებისთვის და სატენდერო მახასიათებლები განისაზღვრა აღნიშნული მოდელის მიხედვით, თუმცა დეპარტამენტისთვის არახარჯთეფექტიანი აღმოჩნდა 2014 წელს განხორციელებული შესყიდვა და 2017 წელს FORD-ის მარკის ავტომანქანების ჩანაცვლება გადაწყდა SKODA-ს ფირმის ავტომანქანებით.
ფორდის ერთეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულება 70 000 ლარია, შკოდასი _ 46 886 ლარი; „ფორდი“ 100 კმ.-ზე 16.89 ლიტრ საწვავს ხარჯავს, „შკოდა“ _ 10.77 ლიტრს.
მაგრამ აუდიტორის აზრით, კარგი იქნებოდა, თუ მსგავს ანალიზს გააკეთებდნენ სხვა მარკის ავტომილებთან მიმართებითაც.
ზოგადად, 2017 წლის მონაცემებით, 2017 წელს სააგენტოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულისთვის რამდენიმე მასშტაბური შესყიდვა განხორციელდა:
პატრულის მანქანები _ 9,158,849 ლარი;
საავტომობილო ვიდეოკამერა _ 28,899 ლარი;
საჯარიმო პრინტერი _ 92,144 ლარი;
საავტომობილო ბორტ-კომპიუტერი სადგამი დაფით _ 597,640 ლარი;
საავტომობილო ციმციმა (ხმამაღლა მოლაპარაკით, მონტაჟით) _ 329,80 ლარი.
P. S. ზემოთ მოყვანილი შესყიდვების ფაქტები არასრული ჩამონათვალია.
აქ არ არის დაფიქსირებული არც გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებები და არც დონორების ფულით შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე არც შსს-ს სხვა სსიპ-ების შესყიდვები. ასეთ შემთხვევაში, სურათიც ბევრად უფრო მასშტაბური იქნებოდა და შეკითხვებიც _ მეტი.

ქეთევან ენუქიძე