ანზორ ოდიშარია: „სალომე ზურაბიშვილს პარლამენტი დაითხოვს“

ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია ამბობს, რომ ადამიანს მარტივად ჩატარებული რიტუალებით შეუძლია, ცხოვრება ისე შეცვალოს, წარმატებულიც იყოს, სიყვარულშიც უმართლებდეს და _ პროფესიაშიც.

ეზოთერიკა, პირველსაწყისად იმ საიდუმლო ცოდნას აღნიშნავდა, რომელიც მხოლოდ მცირე რაოდენობის რჩეულისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჭეშმარიტ ეზოთერიკასთან მუდამ იყო დაკავშირებული რაღაც დაფარული, იდუმალი, რომლის განდობაც მხოლოდ მცირედთათვის და ისიც რჩეულთათთვის ხდებოდა.
სიტყვა ეზოთერიკა ბევრისთვის გაუგებარია, ზოგში კი გარკვეულ შიშს იწვევს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამ სფეროთი. სწორედ ასეთი ინტერესის შედეგია ის, რომ თბილისში უკვე ექვსი წელია, რაც სპეციალური ეზოთერიკის შემსწავლელი სკოლა არსებობს, რომელსაც ანზორ ოდიშარია ხელმძღვანელობს.

„ქრონიკა+“-ის კითხვებს ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია პასუხობს:
_ ანზორ, როდის და რა ასაკიდან დაინტერესდით ეზოთერიკით?
_ ეზოთერიკა ჩემი ერთ-ერთი პროფესიაა, _ სხვა პროფესიებსაც ვფლობ. საკამოდ პატარა ასაკში, დაახლოებით, 7-12 წლის ვიყავი, როდესაც ჩემში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ეს შესაძლებლობა პრაქტიკაში განვახორციელე.
_ შესაძლებლობაში რას გულისხმობთ, რას აკეთებდით?
_ მაგალითად, ვცნობდი ადამიანებს, მათ გარკვეული სახის ინფორმაციებს ვეუბნებოდი. წინასწარ ვიცოდი, თუ ვინ და როდის მოვიდოდა სახლში, პირველი ვინ შემოვიდოდა _ დედაჩემი თუ მამაჩემი.
_ ანუ ექსტრასენსული ნიჭიც გაქვთ?
_ რა თქმა უნდა. ამ ყველაფერს ექსტრასენსორიკა თან ახლავს. სანამ გავერკვევით სულიერების კუთხით, აუცილებელია, ჩვენი შეგრძნებები აღვიქვათ. ამ მეცნიერებაში თანდათან შევედი, ოჯახის დახმარებით. ბებიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავისი ცოდნით, განათლებითა და ინფორმაციული ეზოთერიკით. მართლმადიდებლური გამოცდილება და სულიერი კონტაქტი ღმერთთან ურთიერთობაში გამომადგა, რომ ჩემში გარკვეული შესაძლებლობები განმეხორციელებინა.
_ ბებიაც ეზოთერიკით იყო დაკავებული?
_ დიახ, თუმცა არა ფართო მასებისთვის. 12 წლის ვიყავი, როცა საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა, ახლობლებთან ვურთიერთობდი. ვცდილობდი, მათი ფინანსური პრობლემები და სტრესული მდგომარეობა აღმომეფხვრა, მომავალი განმესაზღვრა.
_ რას ნიშნავს საკუთარ თავზე მუშაობა?
_ ადამიანი იბადება ბუნებრივად ბნელში. როცა ის იზრდება და ვითარდება, ტვინი ეხმარება, მისი კონტაქტები, ეს იქნება ახლობლებთან, მეგობრებთან თუ საკუთარ თავთან, სრულყოფილი გახდეს, მოვიდეს სამყაროსთან ჰარმონიაში, სულიერებასთან, ირგვლივ მყოფებთან და დამკვიდრდეს, შემდეგ შედგეს და საკუთარი თავი იპოვოს. როცა მივხვდი, თუ რა იყო ეს, პირდაპირი პრაქტიკით დავკავდი. ეს ცოდნა დღესაც ვითარდება და იხვეწება ადამიანებთან მუშაობის შედეგად. კონკრეტულ ადამიანებზე, სხვადასხვა სივრცეზე და სფეროზე ვაკეთებ კვლევებს, თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციებიდან გამოსვლა, დახმარება, საკუთარი თავის პოვნა.
_ თქვენ იპოვეთ საკუთარი თავი?
_ რა თქმა უნდა. 12 წლის ვიყავი, როცა ამ შესაძლებლობების აქტიურად გამოყენება, გადაცემა დავიწყე და უფრო ღრმად დავინტერესდი. აქ ჩართული იყო ლიტერატურაც, ადამიანებიც, სასულიერო პირებიც… ცოდნის წყურვილი მქონდა, ვინტერესდებოდი, სხვადასხვა ენა ვისწავლე, ასევე ძველი ქართული დამწერლობა, ეგვიპტური „მკვდართა ენა“ და ყველაზე ძვირფასი ლიტერატურა _ ბიბლია. საბოლოო ჯამში, სტრუქტურიზაციის ცოდნამ შემაძლებინა, რომ ინფორმაცია სხვებისთვის გადამეცა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ეზოთერიკის სკოლა უკვე 6 წელია, არსებობს.
_ დაინტერესება დიდია?
_ დაინტერესება ძალიან დიდია, თუმცა შესაძლებლობები ყველას არ გააჩნია და რომც ჰქონდეს, ფსიქიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
_ რას გულისხმობთ?
_ ადამიანი, რომელიც ეზოთერიკით ინტერესდება და ინფორმაციას იღებს, ამავდროულად, შესაძლებელია ჰქონდეს ექსტრასენსული ინტუიციის გარკვეული ფორმა, მაგრამ როცა უკვე ამას პრაქტიკულად სწავლობენ და იყენებენ, აქ საჭიროა ძლიერი ფორმა, ძლიერი ინტუიცია, ნერვები, ნების ძალა, არ უნდა იყო ზარმაცი, ამ ყველაფერს უნდა გაუძლო. არა იმიტომ, რომ რამე საშიშია, პირიქით. ინფორმაციულად ბევრის შემცველია, ამდენს ფიზიკურად ვერ იტევ. ეზოთერიკა გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ საკუთარი თავი არ უნდა იცოდე, არამედ აუცილებელია იცოდე მასში შემავალი სამყარო და მთელი პროცესები: როგორ ვითარდება, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა და ა. შ.
_ როდესაც საკუთარ თავში ეს ნიჭი აღმოაჩინეთ, უცებ გაუცხოება ან შიშის ფაქტორი არ გქონდათ?
_ ეს იმდენად სისხლხორცეული იყო, რომ ბოლომდე არც მახსოვს, როდის გავაცნობიერე ყველაფერი. სხვადასხვა სახის შიში მქონდა. მაგალითად, იმ მოვლენების, რაც კონკრეტულ მომენტში ხდებოდა. აქ საუბარი მაქვს ისეთ ამბებზე, რომელიც მანამდე არ მქონია, თუმცა შიში მარტივად გადავლახე.
_ როდის გადალახეთ?
_ როცა ეს ყველაფერი შევისწავლე და გავაცნობიერე. ადამიანსაც ხომ მაშინ ეუფლება შიში, როდესაც რაღაც არ იცის.
_ როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი რამდენად ეწინააღმდეგება ან პირიქით, თანხვედრაში მოდის ბიბლიურ სწავლებებთან?
_ არსებობს სამედიცინო მიმართულება, რომელიც ადამიანს განკურნებაში ეხმარება, თუმცა სამედიცინო სფეროშიც არიან ექიმები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან რელიგიასთან, თუნდაც აბორტის შემთხვევაში, ანუ სიკეთე და ბოროტება ერთდროულად არის ამ სფეროში. მაგრამ არიან ექიმები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობასა და მათ სიცოცხლეზე ზრუნავენ. ეზოთერიკა თავისი არსით არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას. ეზოთერიკა არის მეცნიერება, რომელიც არ გულისხმობს რწმენას. ჩვენ ხშირად რწმენა და ცოდნა ერთმანეთში გვერევა. პირობითად რომ ავიღოთ: ჯადოქრები, ალქაჯები და თუნდაც, მკითხავები, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგებიან რელიგიას, თუმცა განსხვავება აქაც ძალიან მცირეოდენშია. მაგალითად, მივდივართ ადამიანთან ჩვენი ბედის განსასაზღვრად, ვიცით რომ მას აქვს შესაძლებლობები, დაინახოს შენი მომავალი. პირველ რიგში, განვსაზღვრავთ იმას, თუ როგორია მისი ფსიქოლოგიური დონე და როგორი განვითარება აქვს, რას ფლობს. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა ნეგატიურია, არ არის შემდგარი ადამიანი, წარუმატებელია და აქვს სხვადასხვა პრობლემა, გვიჩნდება აზრი, რომ იქ რაღაც ნეგატიურია. გარდა ამისა, როცა ვეძებთ კარგ ექიმს, აუცილებლად წინასწარ გავიკითხავთ მასზე და ამის შემდეგ ვიწყებთ მკურნალობას. ეზოთერიკოსი, გარკვეულწილად, სულიერი ექიმია და არამარტო, რადგან ამ სფეროში ბევრი სხვა ჩანართიც არის.
_ რას გვეტყვით ჯადოზე? ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და აშინებს. რა არის, ზოგადად, ჯადო?
_ ჯადო არის ენერგო ინფორმაციული დაბინძურება, ნეგატიური და მაგიური ზემოქმედება. ჯადო არსებობს! როდესაც რაღაც დაავადება გვჭირს, ექიმთან მივდივართ, მაგრამ არ ვიცით, რა გვჭირს. ეს ყველაფერი მაშინ ირკვევა, როდესაც გამოკვლევებს ვიტარებთ. ასეა ჯადოც: ბედის ხაზების არეულობა, კარმული პერიოდი, ნეგატიური, ემოციური მდგომარეობა და საკუთარი თავის დაბინძურება. როგორც ჩვენ ზოგადად ჯანმრთელობის პრობლემას ვერ ვუშველით გარკვეული წამლით, ისე ვერ ვუშველით ადამიანს მხოლოდ ჯადოს მოხსნით, თუ არ ვიცით, რა დაავადება აქვს კონკრეტულად, ანუ რა პრობლემის წინაშე დგას ადამიანი. ჩვენთან ენერგო სტრუქტურის დარღვევით ძალიან ბევრი მოდის, მაგრამ რა ზემოქმედებასთან გვაქვს საქმე, კონსულტაციების დროს ვარკვევთ, _ საკუთარი თავი დაიბინძურა, თუ სხვამ დააბინძურა. როდესაც ამ ყველაფერს ვიგებთ, იმის მიხედვით ვეხმარებით.
_ მდგომარეობიდან გამოდიან?
_ რა თქმა უნდა.
_ აქვს თუ არა ადამიანს იმის უნარი, რომ სხვისი ბედი განკარგოს ან აკონტროლოს?
_ ადამიანებს ერთმანეთზე ზემოქმედების უნარი შესწევთ. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და სოციალური ფონი უკვე ქმნის ადამიანთა ერთობას. თუ სამსახურში უფროსი ნეგატიური ადამიანია, მისი თანამშრომლებიც სტრესის ქვეშ იმყოფებიან. ისევე როგორც მე ვახდენ ზემოქმედებას სხვებზე, ოღონდ დადებითად, რადგან როდესაც ადამიანი პრობლემით მოდის, ჩვენ ვეუბნებით, თუ როგორ და რანაირად უნდა გამოასწოროს კონკრეტული პრობლემა.
_ სოციალური ფონი ახსენეთ და საინტერესოა, როგორია პოლიტიკური ფონი საქართველოში?
_ დღეს საქართველოს ძალიან უჭირს და დიდ ქაოსშია, მაგრამ ეს არის სასარგებლო. წინ ბევრი დაპირისპირება გველოდება. დიდი ამბების გადატანა მოგვიწევს რელიგიური თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, პოლიტიკური კუთხითაც. 2019, 2020 და 2021 წლები გარდატეხის პერიოდია. დღეს ყველაფერი კულუარებში ხდება.
_ რას გულისხმობთ, რა მხრივ იქნება რთულად გადასატანი პერიოდი ან ვისთვის? რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?
_ მოდის ახალი პოლიტიკური ძალა, არჩევანის გაკეთება შეგვეძლება, თუმცა ეს იქნება ის გამრავლებული ძალა, ვისაც ვიცნობთ, ანუ ორი შვილობილი კომპანია. ეს ყველაფერი კი ძალიან იმოქმედებს ხალხზე და დიდ აგრესიას გამოიწვევს. პირდაპირი და აგრესიული ჩარევა იქნება ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს პოლიტიკური თამაშები ასე მარტივად არ დამთავრდება.
_ ამ ორ პოლიტიკურ ძალაში ვის გულისხმობთ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“?
_ ძირითადად ეს ორი პარტიაა.
_ დამეთანხმებით, რომ მმართველი გუნდიც ჩამოშლის პირასაა.
_ სამწუხაროდ.
_ სამწუხაროდ რატომ?
_ იმიტომ, რომ მის დამაარსებელს, პოლიტიკური ძალის შემქმნელ ბიძინა ივანიშვილს, საკმაოდ ძლიერი ბერკეტები აქვს, რომ სახელმწიფო წინ წაიყვანოს და სწორად განავითაროს, თუმცა მასთან მისული დეზინფორმაციები მთლიანად ანგრევს პროცესებს.
_ ეს იქიდან ხომ არაა გამოწვეული, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცის პოლიტიკა და სახელმწიფოს მართვა?
_ ზუსტად ეგ არის მთავარი პრობლემა. ეს იგივეა, რომ ჩვენ ვთქვათ ის დანაშაული, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა კრავის სახით, ვერ გააკონტროლა და ვითომ უაზრო დაპირისპირება „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის სასაცილო გახადა. ამ ყველაფერს უკვე ვეღარ მოერია და ვეღარც ერევა, რადგან „ოცნება“ შიგნიდან გატყდა და ეს, ჯერ კიდევ, არ ჩანს ბოლომდე. შეიქმნება „ოცნების“ ქვეშ მდგომი ახალი პარტიები, ისინი პოლიტიკაში მოვლენ, თუმცა ქვედა რგოლები ხელს უშლიან და ეწინააღმდეგებიან ამას. „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არიან ადამიანები, რომლებიც სიკეთის მომტანები იქნებიან საქართველოსთვის, მაგრამ გარკვეულ ჯგუფს არ აწყობს წესრიგი. როგორ უნდა ვუშველოთ სახელმწიფოს და როგორ უნდა გადავარჩინოთ, რომ არ მოხდეს დაპირისპირება და როგორ უნდა გავიაროთ ეს პერიოდი ჰარმონიულად? მთელი საქართველო ერთად დადგება და შეიკრიბება იმ დიდი მოვლენისთვის, რომელიც ძალიან მალე მოხდება და ყველასთვის სამწუხარო იქნება, მაგრამ სწორედ ამ სამწუხარო მოვლენას მოსდევს ახალი ეტაპი.
_ რისგან ან ვისგან იქნება ეს სამწუხარო ეტაპი გამოწვეული?
_ აუცილებლად გეტყვით, მაგრამ, ჯერ კიდევ, პროგნოზირებისა და შესწავლის პერიოდში ვარ. მე არ გახლავართ ნათელმხილველი და არ ვმკითხაობ. ყველაფერს გამოთვლებით ვაკეთებ და ეს გათვლები ჯერ არ დამიმთავრებია. ველოდები გარკვეულ დეტალებს, რომელიც დაახლოებით ექვს-შვიდ თვეში მექნება მზად. პირობას გაძლევთ, რომ ექსკლუზივს თქვენ მოგცემთ.
_ ანზორ, შესაძლებელია, რომ ისევ ივანიშვილი იყოს ქვეყნის არაფორმალური მმართველი?
_ ჩემთვის ეს სასიკეთო იქნება და გეტყვით, რატომ: ჩვენ ივანიშვილის პერსონას განვიხილავთ და არა მის გუნდს. „ქართული ოცნება“ რომ გეთქვათ, მაშინ სხვა რამეს გეტყოდით.
_ რას მეტყოდით?
_ „ქართული ოცნება“ იქნება.
_ უმრავლესობით?
_ არა. რადიკალურად სხვა მოვლენები განვითარდება, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ ვამბობ. პატარ-პატარა ნაწილებად დაიყოფიან და ვინ სად იქნება, ცოტა რთული სათქმელია. ამიტომ გითხარით, რომ დრო მჭირდება. საპრეზიდენტო მიმართულებას რაც შეეხება, ამ პოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დაიკავებს.
_ ეს როგორ?
_ ისინი შეეწინააღმდეგებიან სალომე ზურაბიშვილს და მის გადაყენებას ეცდებიან, რასაც მოახერხებენ კიდეც.
_ გინდათ თქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება?
_ აღარ.
_ რანაირად?
_ მოვლენები ისე განვითარდება, რომ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტი გადააყენებს, დაითხოვს.
_ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გახდება პრეზიდენტი?
_ დიახ. ისიც შემიძლია გითხრათ, ვინ, მაგრამ, ამ ეტპზე თავს, შევიკავებ. ყველა იცნობს. სალომე ზურაბიშვილი რომ გაიმარჯვებდა, ეს მე ყველაფერი მეექვსე თვეს ვთქვი, მაშინ სანამ ზურაბიშვილს გამოაცხადებდნენ, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს. ეს მასალები ძალიან ბევრ ჟურნალ-გაზეთში არსებობს.
_ თქვენთან პოლიტიკოსები დადიან?
_ რა თქმა უნდა, თან საკმაოდ ბევრი.
_ როგორც ჩანს, არ გიჯერებენ?
_ მიჯერებენ.
_ მაშინ რატომ მიდის ბევრის საქმე უკან, ვგულისხმობ იმ ნდობას, რომელიც საზოგადოებას უკვე აღარ აქვს მათ მიმართ?
_ იმიტომ, რომ ისინი საკუთარ თავზე და არა სახელმწიფოზე ზრუნავენ. არ მახსოვს, პოლიტიკოსი მოსულიყო ჩემთან და ეკითხა, როგორ გამოვადგე სახელმწიფოს. შიდა დაპირისპირება იმდენად ძლიერია, რომ ისინი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ.
_ ქართულ პოლიტიკურ მოედანზე მესამე ძალას უნდა ველოდოთ?
_ მესამე ძალა უკვე გამოჩნდა, თუმცა ამის შესახებ არ ვიცით. ვიცი, როგორც მოვლენ. ეს ძალა, ამ ეტაპზე, ყველაზე კარგია. ვნახოთ, თუ არ გაფუჭდნენ, როგორც მათი წინამორბედები. მესამე ძალა, დაახლოებით, ორ-სამ თვეში დაიწყებს აქტიურად გამოჩენას.
_ დაბოლოს, გაგრძელდება თუ არა ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში?
_ მე მინდა, რომ თვითონ პერსონა ივანიშვილი დარჩეს მართველ პოზიციაზე, მაგრამ გუნდის გარეშე.
_ გუნდის გარეშე როგორ?
_ რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. წარმოდგენაც არ გვაქვს, თუ რამდენად დიდი წნეხის ქვეშ გადის ეს ადამიანი და როგორ შიშის ქვეშ ცხოვრობს ისევ იმ ადამიანების გამო, ვინც დღეს გვერდით ჰყავს. ისინი ძალიან ბევრ რამეში ხელს უშლიან. პარტიაში ისეთი ადამიანები ჰყავს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობენ. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და გუნდს შორის დიდი დაპირისპირება იქნება, ის დიდი წნეხის ქვეშ მოექცევა, თუმცა როგორ გაუძლებს ან გაუძლებს თუ არა ამ ყველაფერს, სხვა საკითხია. დიდი ალბათობით, ის ძალიან მალე აღარ იქნება აღნიშნულ თანამდებობაზე.

გიორგი საკარული