ლევან ახვლედიანი: „ანაკლიის პროექტიდან ჩვენ ჩამოსაშორებლად ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ“

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდმა 20 მარტს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა, პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრა და აქტუალურ კითხვებს უპასუხა.

ინტერვიუმდე კი ქრონოლოგიურად გთავაზობთ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ ფაქტებს 2013 წლიდან დღემდე:
2013 წელს საპარტნიო ფონდმა დააფინანსა კვლევა იმის გამოსავლენად, თუ სად იქნებოდა ყველაზე ხელსაყრელი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით სწორედ ანაკლია გახლდათ ყველაზე ხელსაყრელი ადგილი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად;
2014 წლის ივლისში გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი, სადაც 12 საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა;
2015 წლის მაისში აქტიურ ტენდერში ორი კომპანია დარჩა, თუმცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ერთადერთი იყო, ვინც საბოლოო განაცხადი წარადგინა;
2016 წლის თებერვალში გამარჯვებულ კომპანიად დასახელდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“.
დაიწყო მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის საინვესტიციო ხელშეკრულებაზე 8-თვიანი მოლაპარაკების პროცესი. პარალელურად, კონსორციუმი ავითარებდა ყველა საჭირო საპროექტო და გენერალურ გეგმარებით დოკუმენტაციას;
2016 წლის ზაფხულში ჰოლანდიურმა კომპანია Van Oord-მა ანაკლიის პორტის ტერიტორია სრულად შეისწავლა, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მიმართულებით. კვლევებზე დაყრდნობით მთავრობას წარედგინა პირველადი პორტის პროექტი როგორც დიზაინის ნაწილში, ისე კომერციული კუთხით.
2016 წლისთვის, პროექტის ტენდერის წინადადებასა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცესებისთვის, კონსორციუმმა განახორციელა 6.000.000 აშშ დოლარის ინვესტიცია;
2016 წლის ოქტომბერში საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა;
2017 წლის აგვისტოში მთავრობას წარედგინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა, რომელიც მოამზადა წამყვანმა ჰოლანდიურმა კომპანია MTBS;
2017 წლის აგვისტოში SSA Marine ხდება ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი, ასევე პროექტის ინვესტორი და მასში პროექტის კაპიტალში განახორციელებს 20 000 აშშ დოლარის ინვესტიციას;
2017 წლის დეკემბერში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რაც მოიცავდა 110 ჰექტარი ტერიტორიის სრულ გაწმენდას, ჰუმუსოვანი ფენის მოხსნას, 1.5 კმ.-იანი წყლის არხის მშენებლობას, ზღვის ფსკერიდან 600-მდე ტეტრაპოდის ამოღებას. აღნიშნული სამუშაოები განახორციელა ქართულმა კომპანია „ბლექ სი გრუპმა“;
2018 წლის აგვისტოში ჰოლანდიურ კომპანია Van Oord-ს შემოჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დამაღრმავებელი გემი Athena, რომელმაც ზღვის ფსკერიდან 5.0 მილიონი კუბმეტრი ქვიშა ამოტუმბა და პორტის ტერიტორიაზე 100 ჰა.-ის ფართობზე განათავსა.
Van Oord-მა ტერიტორიაზე ასევე დაამონტაჟა 3.500 კმ. სიგრძის წყლის დრენაჟები, რათა ნიადაგი წყლისგან გამოთავისუფლებულიყო.
პარალელურ რეჟიმში ამერიკულმა კომპანია Berger ABAM-მა მოამზადა პროექტის დეტალური დიზიანის 60%, რომელზედაც მუშაობას კონსორციუმის გენერალური კონტრაქტორი დაასრულებს.
ყველა ამ სამუშაოს წინ უძღოდა უამრავი კვლევა, როგორც ტექნიკურ, ისე გარემოზე ზემოქმედების ნაწილში. დღეის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას უკვე ჩაბარდა 19 სხვადასხვა ტიპის კვლევა, რომელიც სახელმწიფომ წარმატებით დაადასტურა.
პროექტში უკვე განხორციელებულია 70, 000, 000 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია, რომლის ძირითადი ნაწილი სამშენებლო სამუშაოებზე დაიხარჯა, ხოლო ჯამურად პროექტზე დაიხარჯება 620, 000, 000 მილიონ აშშ დოლარი ოპერატორის, კერძო აქციონერებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მონაწილეობით.

„ქრონიკა+“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანს ესაუბრება:
_ აქტიურად აპელირებენ იმაზე, რომ ფინანსების მოძიება ვერ მოახერხეთ. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

_ დღეს მთავრობა მესიჯებს ავრცელებს, რომ თურმე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მუშაობით უკმაყოფილოა. ფინანსების მოძიება 2-ჯერ კი გადავადდა, თუმცა, დამერწმუნეთ, ეს ძალიან რთული პროცესი იყო. ჩვენ კომერციულად და იურიდიულად უნდა შევკრათ, ერთ ტალღაზე უნდა მოვიყვანოთ 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, საპარტნიორო ფონდი, ჩვენი ოპერატორი, დანარჩენი ინვესტორები, _ ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ყველა კმაყოფილი იყოს, რაც წარმოუდგენლად რთული პროცესია. ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია კერძო და საჯარო პარტნიორობის შედეგად, _ მარტო კერძო სექტორს არ შეუძლია. სახელმწიფოს მხრიდან კეთილგანწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ჩემთვის გაუგებარია ის 11 წლის წინანდელი ბრალდებები, რაც დღეს ისმის. ასევე ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება და რეალობას არ შეესაბამება. მაგალითად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაჟღერდა, რომ თითქოს ამერიკელებს ამ პროექტის მიმართ ინტერესი არ გააჩნიათ _ ეს ასე არ არის. ჩვენ გვყავს ამერიკული მსხვილი კომპანია, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ანაკლიის პროექტში ჩართულობაზე, „სსა მარინსა“ და ამერიკული კომპანიების ინტერესზე დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ისაუბრა კონსორციუმსა და „სსა მარინს“ შორის ხელმოწერის დღეს.
_ ვის მოიაზრებენ მთავარ კონკურენტად და ვისი ინტერესები იკვეთება ანაკლიის პორტის ირგვლივ?
_ რა თქმა უნდა, ჩვენი კონკურენტების ინტერესებში ამ პროექტის განხორციელება არ შედის და ამისთვის ისინი აბსოლუტურად ყველა რესურსს იყენებენ, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ რესურსებსაც. დღეს ანაკლია შექმნილი ვითარების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია. არავინ დაიჯეროს, რომ პროექტს ვეფარებით და პოლიტიკური მიზნების გამო ამ სიტყვებს აქეთ-იქით ვისვრით. ჩვენ ვართ ბიზნესმენები და ფული ჩავდეთ კომერციულად გამართლებულ პროექტში. თუმცა ისიც აუნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ისეთი მომგებიანი, როგორიც სხვა პოტენციური ბიზნესები შეიძლება იყოს, მაგრამ მოგებაში თუ იმ განვითარების ზეგავლენას გავითვალისწინებთ, რაც ამ პროექტმა შეიძლება ჩვენს ქვეყანას მოუტანოს, განსაკუთრებით კი კონფლიქტურ ზონასთან მდებარეობიდან გამომდინარე, _ მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოგება უდიდესია. ჩვენთვისაც მთავარი პრიორიტეტი სწორედ ეს გახლავთ.
_ როგორ ფიქრობთ, რა სახის ინტერესები იკვეთება: ის, რომ პორტი არ აშენდეს თუ სხვა ჩაუდგეს სათავეში პორტის აშენებას?
_ ძალიან რთული შეკითხვაა, ზუსტად ვერ გეტყვით, რა არის მთავრობის მთავარი მოტივაცია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, მაისში მანდატებზე ხელის მოწერის შემდეგ, პროექტის დეტალურად შესწავლაში, 8 თვე გაატარეს, 20 დეკემბერს კი მთავრობას 8 ძირითადი პუნქტი წარუდგინეს იმის შესახებ, რა იყო შესაცვლელი ამ საინვესტიციო ხელშეკრულებაში. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას, ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. შესაძლოა, მიზანი მშენებლობის გაჩერება იყოს ან, უკეთეს ვარიანტში, სხვა ინვესტორი თუ მოიაზრება ვინმე, იგი ცოტა ხანში აუცილებლად გამოჩნდება. ძალიან მეეჭვება, დღეს რაც ხდება და როგორც იქცევა ჩვენი ხელისუფლება, ამ პირობებში, გარედან ვინმე გონივრულად მოაზროვე ინსვესტორი მოვიდეს და ამ პროექტში ინვესტიცია განახორციელოს. მთავრობას ასეთ ვითარებაში, მინიმუმ, ახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს, შემდეგ ახსნა-განმარტება, თუ რატომ ვერ შეთანხმდა ამ დონორებთან 8 პუნქტთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ამ პროექტის დამფინანსებლად სხვა ნორმალური დონორი ვერ წარმომიდგენია, ვინ შეიძლება იყოს.
_ ამ ეტაპზე პროცესები როგორ მიმდინარეობს?
_ 8 პუნქტთან და ძირითადი ცვლილებების მოთხოვნასთან დაკავშირებით საკითხი დეკემბერში დადგა, შემდეგ 8 თებერვალს მთავრობასთან შეხვედრა დაინიშნა, სადაც მთავრობის, კონსორციუმის, ბანკების მხირდან ჩართული იყვნენ მოწინავე იურისტები და თითოეული პუნქტი ძალიან დეტალურად განვიხილეთ. დეკემბერში მთავრობისთვის ჩაბარებული სია კომერციულად გაიწერა, მთავრობამ ბანკებს კონკრეტიკაზე გადასვლა და იურიდიულად ზუსტად მოთხოვნილი ცვლილებების გაწერა დაავალა, რაზედაც, დაახლოებით, 1 თვის მანძილზე იმუშავეს და გასული კვირის პარასკევს მთავრობას განახლებული 8-პუნქტიანი, უფრო დეტალურად ჩაშლილი სია ჩავაბარეთ. ახლა შეხვედრის დანიშვნაზე ვმუშაობთ. დაახლოებით, აპრილის პირველ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა დაინიშნება, სადაც უფრო დეტალურად განვიხილავთ საკითხებს.
_ ამ ეტაპზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსი ინფორმირებულია თუ არა?
_ დიპლომატიური კორპუსი _ აბსოლუტურად ყველა _ საქმის კურშია. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთებულა, მათ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის, ბრიტანეთის ელჩების მიერ. მათი განცხადებებიდან გამომდინარე მხარდაჭერა ცალსახაა.
_ თქვენი ინტერესების დაცვას როგორ აპირებთ?
_ აბსოლუტურად ყველა გზით ვეცდებით ჩვენი ინტერესების დაცვას, ამ პროექტს არ შევეშვებით, არ დავთმობთ _ ეს გამორიცხულია! ჩვენი ჯგუფის წვლილს ამ პროექტის დღემდე მოყვანაში ვერავინ დაგვიკარგავს, ამის გარანტიას გაძლევთ! ჩვენ სრულად დავიცავთ საკუთარ თავს, ჩვენს ინტერესებს, ჩვენი ინვესტიციის ინტერესებს, ისევე როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში იცავენ ბიზნესმენები საკუთარ ინტერესებს! ჩვენ ამ პროექტს უზარმაზარი დრო, ენერგია და ფული შევალიეთ, არც მომავალში დავიშურებთ. რეალური არგუმენტები არ არსებობს. ამ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფაქტების დამახინჯება, ცრუ ინფორმაციების გავრცელება იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც კონსორციუმი, ამ პროექტს ჩამოვშორდეთ. მერწმუნეთ, ეს ვერ მოხდება, ბევრი ბერკეტი გვაქვს, რითაც საკუთარ თავსაც და ამ პროექტსაც დავიცავთ!

ნენე ინჯგია