პრემიერ-მინისტრი ვანო ჩხარტიშვილთან და ძმებ ბეჟუაშვილებთან ერთად თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან და ძმებ ბეჟუაშვილებთან ერთად სკანდალში გაეხვია. საქმე ეხება ბიზნესმენ გოჩა გიუნაშვილის ქონებას, ჰიდროელექტროსადგურს, რომელიც გორის რაიონის სოფელ ქვეშში მდებარეობს.
აღნიშნული ქონების მისაკუთრებას თაღლითური სქემით ვანო ჩხარტიშვილი და ძმები ბეჟუაშვილები ცდილობდნენ. სწორედ იმ პერიოდში, 2011 წელს, პრემიერი მამუკა ბახტაძე „საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი იყო. უშუალოდ მისი ხელმოწერაა დაფიქსირებული დოკუმენტებზე, რომელიც თაღლითურ სქემაშია გამოყენებული.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ბიზნესმენ გოჩა გიუნაშვილს ესაუბრა, რომელიც უკვე წლებია, სამართლიანობის აღსადგენად იბრძვის:
_ საუბარი თავიდან დავიწყოთ, როგორ მოხდა თაღლითობა და ვის უკავშირდება კონკრეტულად ეს საქმე?
_ თაღლითობა მოხდა 1998 წელს: დედაჩემის კუთვნილებაში გორის რაიონის სოფელ ქვეშში არსებული „ტიროფინი ჰესის“ მიტაცების მიზნით საბუთები გააყალბეს. კონკრეტულად კი გორის ტექნიკურმა ბიურომ არასწორი ინფორმაცია გასცა ცნობა-დახასიათების ფორმით. ამით ისარგებლეს მაშინდელი „გაერთიანებული ბანკის დამფუძნებელმა“ ვანო ჩხარტიშვილმა და მისმა მეგობარმა ილია ქუტიძემ. მათ ნასყიდობის ხელშეკრულება დადეს, რომლის საფუძველზეც შემდგომში იპოთეკის ხელშეკრულებაც გააფორმეს. მათ ბანკიდან ნაღდი ფული აიღეს. მოგეხსენებათ, 1999 წელს არც ერთი ბანკი საჯარო რეესტრის ამონაწერის გარეშე თანხას არ იძლეოდა. ეს ფაქტი ჩვენთვის 2000 წელს გახდა ცნობილი და მამაჩემმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასამართლომ ზემოთ აღნიშული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო, მამაჩემს მემკვიდრეობის ვადები დაუდგინა და საჯარო რეესტრს ქონების რეგისტრაცია დაავალა. გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მამაჩემის, გივი გიუნაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, რომლითაც გივი გიუნაშვილი ჩაითავლა ზინა ეცადაშვილი-გიუნაშვილის კანონიერ მემკვიდრედ: აღდგენილ იქნეს გივი გიუნაშვილისთვის თავისი მეუღლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღების ვადა. ბათილად იქნა ცნობილი მინი ჰიდროელექტროსადგურ „ტირიფონ ჰესის“, მდებარე გორის რაიონის სფელ ქვეშში, 1998 წლის 31 აგვისტოს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რეესტრის #1-373, დამოწმებული თბილისში, კოსტავას ქ. 37-ში მდებარე ნოტარიუსის მიერ, ერთი მხრივ _ გოჩა გიუნაშვილსა და მეორე მხრივ _ ილია ქუტიძესა და ალექსანდრე ჯაფარიძეს შორის. გივი გიუნაშვილს საკუთრებაში გადაეცა მისი მეუღლის _ ზინა ეცადაშვილი-გიუნაშვილის დანაშთი ქონება, მათ შორის: ბენზინგასამართი სადგური, მდებარე გორის რაიონის სოფელ ტყვიავში და მინი ჰიდროელექტროსადგურ „ტირიფონ ჰესის“ შენობა-ნაგებობები, მდებარე გორის რაიონის სოფ. ქვეშში. საჯარო რეესტრს დაევალა აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში გივი გიუნაშვილის სახელზე აღრიცხვა.
ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მამაჩემზე აღირიცხა „ტირიფონი ჰესის“ შენობა-ნაგებობები. 2004 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ, როდესაც ბიზნესის მიტაცებები დაიწყო, მამაჩემს საგადასახადო სამსახური შემოუგზავნეს. მამაჩემზე ზეწოლა იყო, რომ მას ეს ქონება გადაეფორმებინა. მამამ ზეწოლას ვერ გაუძლო და 2004 წლის 17 თებერვალს დაიღუპა. თუმცა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი ბერკეტები გამოიყენეს და 2004 წლის 7 აპრილს მამაჩემს შემოწმების აქტი შეუდგინეს და 289 ათასი ლარი დააკისრეს. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტი გორის სასამართლოში გავასაჩივრე, რომელმაც იგი ბათილად ცნო. შემოსავლების სამსახურმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ კი გორის სასამართლოს გადაწყვეტილებაც და შემოწმების აქტიც გააუქმა, ხოლო საგადასახადოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაავალა. საგადასახადო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება ამჯერად უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად, შემოწმების აქტი აღარ არსებობდა, რადგან ბათილად იყო ცნობილი. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურმა თავისი ადმინისტრაციული აქტი არ გააუქმა და 2017 წლამდე ისევ გვერიცხებოდა ჯარიმა და საურავები, როგორც მამაჩემის მემკვიდრეებს. 2005 წელს გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ვანო ჩხარტიშვილის „გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა“, რომ ამ ქონებაზე იპოთეკა ჰქონდა და სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოსთხოვა. ის საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა. გორის სასამართლომ ეს განცხადება გაითვალისწინა, ბათილად ცნო 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იყო ცნობილი და საქმის წარმოება განაახლა. საქმის წარმოების განახლების შემდეგ ვანო ჩხარტიშვილის ბანკმა, მამაჩემის სარჩელის წინააღმდეგ, შეგებებული სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა, მამაჩემის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ. ამასთანავე, „გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა“ სასამართლოს სთხოვა, საჯარო რეესტრისთვის დაევალებინა მასსა და სააქციო საზოგადოებას შორის საჯარო რეესტრში 1999 წლის 16 მარტით დათარიღებული იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაცია. თუმცა 2006 წლამდე ამის არანაირი რეგისტრაცია არ არსებობდა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილებაც დააკმაყოფილა _ საჯარო რეესტრს იპოთეკის დარეგისტრირება დაავალა და მამაჩემს სარჩელზე უარი უთხრა, _ იგი განუხილველი დატოვა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გავასაჩივრეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ჩემი სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა _ ბათილად ცნო გორის რაიონული სასამართლოს განჩინება და 2006 წლის პირველი მარტის გადაწყვეილება, ხოლო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ შეგებებული სარჩელი განუხილველი დატოვა. ამ გადაწყვეტილებაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და, მათ შორის, ბანკიც. მათ ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. შეგნებულად თუ შეუგნებლად აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შეჰყავდათ, საბოლოოდ კი კანონიერ ძალაში 2016 წლის 4 ივლისს შევიდა.
_ თქვენ თქვით, რომ შეგნებულად არ შედიოდა სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში. კონკრეტულად რომ გვითხრათ, ჩხარტიშვილის გარდა ვის ინტერესებში შედიოდა ეს საქმე?
_ დიახ, სხვების ინტერესებიც იკვეთება. ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ჩაერთო „რუსმეტალიც“, რომელიც საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან ერთად მოქმედებდა, მისი ხელმძღვანელი კი დავით ბეჟუაშვილი იყო. ძმები ბეჟუაშვილები იმ პერიოდში, ყველას მოგეხსენებათ, დიდი გავლენით სარგებლობდნენ და, ფაქტობრივად, მათი უფლებები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა იდგა. ბეჟუაშვილებმა აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის ყიდვა მოინდომეს და მოსალაპარაკებლად პირები გამოგზავნეს, თუმცა მათ ვუთხარი, რომ ეს ქონება სადავო იყო, რის შემდეგაც ჩვენი დისკრიმინაცია ჩხარტიშვილის ბანკთან ერთად დაიწყეს. „რუსმეტალიც“ მონაწილეობდა ამ დისკრიმინაციაში. მათ 100 000 ლარი დამარიცხეს, ქონება დამიყადაღეს. ჩხარტიშვილი და ძმები ბეჟუაშვილები სასამართლოში დიდი გავლენით სარგებლობდნენ, სწორედ მათი გავლენებით სასამართლომ ხანდაზმული გადაწყვეტილება გააცოცხლა, რომელზედაც უკვე ვისაუბრე. მათ შენობა-ნაგებობების მისაკუთრებაც მოახერხეს და სათავე ნაგებობა დარჩა.
_ რა გზით მოახერხეს თქვენი კუთვნილი შენობა-ნაგებობების მისაკუთრება?
_ ჩხარტიშვილმა და ძმებმა ბეჟუაშვილებმა მიისაკუთრეს სახელოსნო შენობა, ადმინისტრაციული შენობა და ავტოფარეხი. სახელმწიფომ ჩვენი საკუთრება თავის სახელზე მიიწერა, მათ შორის, 2800 კვ.მ მიწა, თუმცა ამ მიწის საკადასტრო კოდი არ ემთხვევა. ასე მიისაკუთრეს ბეჟუაშვილებმა ჩვენი ქონება. სწორედ ამ პერიოდში იყო ახლანდელი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მათი „საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი. სანამ ქონების გამოსყიდვაზე მიმართავდა სასამართლოს, მან საჯარო რეესტრს მიმართა და ამ ქონების დარეგისტრირება მოსთხოვა, სადაც დოკუმენტზე ჩვენი საბუთები ჰქონდა წარდგენილი. საჯარო რეესტრმა ამაზე უარი უთხრა. ეს მოხდა 2011 წლის სექტემბერში, 2012 წლის მარტში კი თავიანთ სახელზე დაირეგისტრირეს. შესაძლოა, იმ პერიოდში თავად მამუკა ბახტაძეს ისეთივე გავლენები არ ჰქონდა, როგორიც ახლა, მაგრამ, ფაქტობრივად, ბეჟუაშვილების გავლენა უზენაესი იყო, ბახტაძე კი მათი ქვეშევრდომი გახლდათ და ცხადია, მათ მოთხოვნებს ასრულებდა. კონკრეტულად გეტყვით, როგორი თალღლითური სქემით იმოქმედეს: მაგალითად, მე რომ სხვის კუთვნილებაში არსებული სახლი დავირეგისტრირო და შემდეგ მიზერულ თანხად გავყიდო. დაახლოებით, ასე მოხდა. სახელმწიფომ დაირეგისტრირა და შემდეგ გაყიდა. არა მხოლოდ ქონება წამართვეს თაღლითურად, შეიძლება ითქვას, ყველა მხრივ მებრძოდნენ. 2010 წელს, სანამ ქონებას მიისაკუთრებდნენ, საგადასახადო სამსახური შემოუშვეს და 259 ათასი ლარი ჯარიმა დამარიცხეს. საბუთები პროკურატურაში მიმატანინეს, მე და ჩემს ოჯახის წევრებს მუდმივად გვემუქრებოდნენ. ზუსტად იგივე წლებზე ჯარიმა 207 ათასი კიდევ დამარიცხეს. ამასთანავე „რუსმეტალს“ ჩემი ქონება დააყადაღებინეს და დამატებით 200 ათასს მთხოვდნენ. „რუსმეტალთან“ რომ ბეჟუაშვილები კავშირში არიან და იმ პერიოდში მათი დამფუძნებლები ბეჟუაშვილების სასარგებლოდ რომ მოქმედებდნენ, ეს ყველასთვის ცნობილია. ფაქტობრივად, ერთობლივად მებრძოდნენ და არანაირ საშუალებას არ მაძლევდნენ, ჩემი უფლებების დასაცავად მემოქმედა.
_ თქვენ თქვით, რომ ერთობლივად გებრძოდნენ. ჩხარტიშვილი რა ფორმით იყო ჩართული და როგორ მოქმედებდა?
_ ამ დაპირისპირებისა და სასამართლო დავის ფონზე, 2011 წელს, ჩხარტიშვილის ბანკმა, რომელსაც უკვე სახელი ჰქონდა შეცვლილი და „ვითიბი“ ბანკი გახდა, ჩემს ანგარიშზე 120 ათასი ლარი ჩარიცხა, ვითომ მათ საგადასახადო დავალიანება დამიფარეს, რის შემდეგაც სასამართლოში განცხადება შეიტანეს და თავიანთ თანხას ითხოვდნენ. სასამართლომ ეს თანხა დამაკისრა. მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე იყო, რომელიც ცნობილია, როგორც ჩხარტიშვილის ინტერესების გამტარებელი. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ჩემი ანგარიშები დღემდე დაყადაღებულია.
_ როგორც ჩანს, იმ პერიოდში თქვენ ყველანაირად, როგორც თქვით, დაგბლოკეს და ერობლივად გებრძოდნენ. შეიცვალა თუ არა რამე 2012 წლის შემდეგ, როცა უკვე „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში?
_ არათუ უკეთესობისკენ შეიცვალა ჩემი მდგომარეობა, არამედ გაუარესდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სასამართლოში თითქოს რაღაცნაირად მაინც ვახერხებდით ბრძოლას, მიუხედავად ბეჟუაშვილებისა და ჩხარტიშვილის გავლენისა. დღეს ოფიციალური დოკუმენტი მივიტანეთ, _ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მხოლოდ ბეჭედია დასარტყმელი და ამას არ აკეთებენ. თან აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა განაცხადი, გადაწყვეტილება დღემდე მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეს ეწერება. ასევე არ რეაგირებს იუსტიციის სამინისტროც. ელემენტარულად, ამ საქმეში მოპასუხე საჯარო რეესტრია, გადაწყვეტილება 2016 წელს შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც მანამდე არსებული გადაწყვეტილება ბათილად ცნეს, რატომ არ რეაგირებს საჯარო რეესტრი?! ყველამ აღიდგინა თავისი უფლებები, ჩემი კი დღემდე ირღვევა. „ნაციონალების“ დროს თუ ბეჟუაშვილები სარგებლობდნენ გავლენებით, დღეს მათი „გამოზრდილი“ ბახტაძეა. სანამ მას პრემიერად დანიშნავდნენ, პირადად მივმართე ბიძინა ივანიშვილს, წერილობით მოვახსენე ჩემი სათქმელი, რომ ბახტაძეს გადაფორმებებსა და თაღლითურ სქემებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამას აზრი არ ჰქონია, რადგან დღემდე ბეჟუაშვილები ჩხარტიშვილის პარტნიორები ყოფილან. მას შემდეგ, რაც ბახტაძე პრემიერი გახდა, პირადად მას მივმართე, რომ ამ საქმეზე რეაგირება მოეხდინა.
_ ახლა რა ეტაპზეა ეს საქმე და რას გეგმავთ, როგორ აპირებთ სამართლიანობის აღდგენას?
_ სასამართლოს მივმართეთ, რომ 2016 წლის გადაწყვეტილება აღასრულოს და ბეჭედი დაარტყას, რათა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდეს. კანონით ჰიდროელექტროსადგური უნდა დაგვიბრუნდეს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ახლაც, ამ ეტაპზეც, ეს საქმე მოსამართლე ნატალია ნაზღაიძეს აქვს. მის გარდა ზუსტად ის მოსამართლეები არიან, რომლებმაც „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მიიღეს გადაწყვეტილება. მოსამართლეები ნაზღაიძის გარდა გუჯაბიძე და ტყემალაძე არიან. ამ ეტაპზე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ! ყველანაირად ვცდილობ, ჩემი უფლებები აღვადგინო, თუმცა ხედავთ, რა ვითარებაცაა _ გავლენიანი პირების წინაშე სრულიად უძლური ვარ.

ნენე ინჯგია